დაეხვა, დაეხვა თინას თავბრუ და... რომ არ წაქცეულიყო, ფეხი განზე გადგა. აქეთ-იქით გაწეული ხელებით თითქოს ჰაერს ეყრდნობოდა. წავიდა ასე, ტაატ-ტაატით, ღიმილით, ერთი დიდი ვაზის ძირში მიჯდა, მიიყუნჭა, თავი ფოთლიან რქებს მიაყრდნო, თვალები მილულა. ფეხის ძარღვები უფეთქავდა და თავბრუ ისევ ესხმოდა. „აქ რომ მოვკვდე!“ სანდრო მოუნდა, მარჯვენა მხარეს თავდახრილი, ჩაღიმებული, კუნთებგაბრწყინებული.
თვალები გაახილა. უკიდეგანო ვენახში იჯდა. ცაც უკიდეგანო და კრიალა იყო. სულ ახლოს ფუტკრები თუ კრაზანები ირეოდნენ და ბზუოდნენ. ისევ დაეხუჭა თვალები. ისევ მოუნდა სანდრო. „შენცა ხარ, რა!“ - თქვა ჩუმად, უნუგეშოდ. ჩრდილის იქით დარჩენილ შიშველ კანჭებზე მზე ჰკბენდა. წამოიღო ფეხები, ჩრდილში შემოტანას შეეცადა, ვერ მოახერხა, საყვედურით გახედა მზეს. ჩუსტები წაიძრო, გამტვრიანებული მოკლე თითები აამოძრავა. გახურებულ ფეხისგულებზე შეუმჩნეველმა ნიავმა დაუბერა და ოდნავი შვება იგრძნო.
- თინა! - დაუძახა მანანამ. თინამ ხმა არ გასცა.
- თინა! არ გესმის, გოგო! - თინამ ისევ არ გასცა ხმა.
მანანამ ჭილის ქუდი დაიწია, წამოვიდა, იხრებოდა და ვაზის ძირებისკენ იყურებოდა. მზით გაშუქებულ ფოთლებსა და შავ ძირებს შორის თინას თეთრადდაწინწკლული ლურჯი კაბა გამოჩნდა. მანანა გამოიქცა, სახვევს აკეცილ წინსაფარში იტენიდა.
- რა იყო, გოგო, ცუდად ხომ არა ხარ? - რქები გასწია და ვაზის რიგს ზემოდან გადმოეყუდა.
- არა. - მოწყენილი თვალებით ახედა თინამ.
- აბა!
- ისე, დავჯექი, ცოტა ხნითა.
მანანა მავთულებს შორის გამოძვრა და წინ დაუცუცქდა. ჯერ გახურებულ მსხვილ კანჭებზე დაადო ხელი, მერე მაჯა გამოართვა, პულსი გაუსინჯა.
- ცუდადა ხარ? მე რას მიმალავ.
თინას თავბრუ აღარ ესხმოდა, მაგრამ ისეთ გუნებაზე იყო, ცუდად ყოფნა ერჩია. უფრო მეტად მირბილდა, უფრო მეტად დაუნაღვლიანდა თვალები, საკინძეზე ხელი მოიკიდა, გულისპირით დაინიავა.
მანანა შეწუხებული უყურებდა.
- პულსი ცუდი არა გაქვს. წყალი მოგიტანო?
- არა. მოდი, თუ და ხარ, ეს ოხრობა გამიხსენი, - თინა წამოიხარა და ხელები უკან წაიღო.
მანანა წამოდგა, ხელი ოდნავ ნესტიან ზურგში ჩაუყო და ლიფი გაუხსნა.
- ვიჰ, გაგახარა ღმერთმა! - თქვა თინამ და ლიფი სულ ჩაიწია ჩამძიმებული ძუძუებიდან.
- წყალსაც მოგიტან, რისა გერიდება!
- რა ვიცი, რა ჭირი შემიდგა, თავბრუ დამეხვა და თითქოს სულ წამერთვა ხელ-ფეხი, - ნიათწართმეულ ხელს კაბის ქვეშ გულთან იტკაპუნებდა თინა.
- ეხლავე მოგიტან წყალს.მანანა კორჩხლებზე ბარგანით გაიქცა. ცალი ხელით სახვევიანი წინსაფარი ეკავა, ცალს განზე მიიქნევდა.
თინა უყურებდა, ეუხერხულებოდა თავისი ცუდად ყოფნის გაჭირდიდება, მაგრამ თან იქვე გულს იკეთებდა: „რატომაც არა! ვის ვაჭმევინებ ნეტავ ჩემ ჯანსა!“ ვაზის ძირს მიხედა, მსხვილი, ღონიერი ძირი იყო, - ნაკლებ გამოკუზული მხრიდან მიაწვა, მოსახვევი ჯერ კეფასთან გადაიწია, მერე სულ მოიხსნა. შავი დატკეპნილი თმის ბოლოები კეფისკენ აიჩეჩა.
მანანამ ტოლჩით წყალი მოაციმციმა.
- დალიე ცოტ-ცოტა.
თინამ ტოლჩა ჩამოართვა, ცოტა მოსვა, რაც დარჩა, მუჭაში ისხამდა და ხან გავარვარებულ კანჭებზე ისვამდა, ხან სახეზე, ხანაც ძუძუებზე. კაბის გულისპირს ლურჯი ლაქები დააჩნდა.
მანანა მუხლებზე იდგა.
- ხომ მოგეცა შვება?
- ღმერთმა გაგახაროს. წნევა მაქვს, რა არი, არ ვიცი.
- უნდა გააზომინო.
- გავაზომინე ნინას მაისში და, მინიმალური გაქვს აწეულიო. სახვევი მომეცი ცოტა.
- იჯექი, ქალო, ამის პატრონიც ჩახმა, რა გესახვევება!
- იი, მე რომ ჩემ ლეშს ავყვე!..
- იჯექი ცოტა ხანს მაინც. ხომ არ გადაირიე, - ძალით დასვა წამოწეული თინა მანანამ.
- თინა! თინათინო! - დაიძახა ბრიგადირმა.
- ხმის ჩაწყვეტა! - თითქმის ერთად თქვეს თინამ და მანანამ.
- თინა! მანან! - ისევ იძახდა ბრიგადირი.
- კუბოში ჩადება! მიწის დაყრა!
- მანან, ყრუო! მანან! - ხმაში ბრაზი ემატებოდა ბრიგადირს.
- აქა ვართ, აქა! - წამოდგა მანანა.
ბრიგადირი ორმოციოდე მეტრის იქით გამოძვრა რიგიდან - დიდი, წინწამოხრილი, თვალებდაჭყეტილი. სიცხისგან გალექებული მოაფხაკუნებდა კორჩხლებზე ჩექმებს.
- რასა მამაძაღლობთ მანდა?
- მამაძაღლიცა ხარ და მამააყროლებულიც, - თქვა ჩუმად მანანამ. ხმამაღლა კი ეს დაიძახა:
- თინა გახდა ცუდად.
- ცუდზე ხომ არაფერზე დაჯდა, ჰა! - გაიღრიჭა და ლაშჩამოვარდნილი ყბა გვერდზე მოექცა ბრიგადირს.
- შენი ცოლი დაჯდეს შანთზე და მოუნელებელზე.
თინა წამოიწია და ხელი კაბის გულისპირზე მიიფარა. ბრიგადირი მოვიდა, ისევ იღრიჭებოდა.
- რა იყო, გოგო! - თვალი აატარა თინას კანჭებს ზემოთ.
- წადი, მოშორდი აქედან, - გაუთამამდა ბრიგადირს მანანა.
ბრიგადირმა უკან დაიხია, თვალს არ აშორებდა თინას.
- შენი ფერ-ხორცის პატრონი და ცუდადა?!
- წადი, კაცო, დაგვანებე თავი!
ბრიგადირი ცოტაზე წავიდა და ისევ ღიმილით მობრუნდა.
- თუ ისეთი დაგჭირდეთ რამე, ნურაფრისა ნუ მოგერიდებათ.
ქალებმა ერთმანეთს შეხედეს გამტკნარებულებმა და არაფერი უთხრეს. კიდევ ცოტაზე რომ წავიდა ბრიგადირი, თინამ მაშინ თქვა:
- შენ გამჭვარტლულ ცოლს მოახმარე ეგ ღორის დინგი.
ბრიგადირმა ერთხელაც დაიძახა:
- გოგო, მანან! თუ გინდათ, დაიცადეთ მანქანის მოსვლამდე მანდა, თუ გინდათ, წაიყვანე ეგ ავადმყოფი და წადით შინა. თქვენგან მაინც არაფერი სახეირო არ გამოდნება.
- წავიდეთ? - ჰკითხა მანანამ თინას. თინამ პასუხად სულ სხვა რამ თქვა:
- მაშ ერთხელ და სამუდამოდ არ უნდა ამოვუქოლოთ მაგას ეგ მყრალი პირი?!
- თქვა ლაცაბიძის ცოლმა კრებაზე! თქვენ ხომ სულ ვარდყვავილები ამოგდითო, - თავმჯდომარემ, და ამით დამთავრდა ყველაფერი.
- მაგათი ამოწყვეტა იყოს, ყველასი ერთად, აჰა! - თინამ იქით გაიხედა, საითაც ბრიგადირი წავიდა. ბრიგადირი აღარ ჩანდა.
- მოდი, შენს გახარებას, ისევ შემიკარი ესა, - თინამ ლიფი ძუძუებზე მოირგო.
მანანა ფეხზე იდგა.
- ორმოცზე მეტისა ხომ ხარ, არა?
- ორმოცდაერთისა. რა იყო?
- რა ვიცი, მე რამ ჩამიწყალა ეს მკერდი.
- იი, ნეტავი, შენა! - შინაგანი კმაყოფილებით თქვა თინამ. - მუხლი და მკლავი მიჭრიდეს, თორემ რაღა თავში ვიხლი ძუძუებს. შენ ჩემზე პატარა არა ხარ?
- რაღა პატარა, ორმოცისა მეც უნდა გავხდე სექტემბერში. მეც წამოგყვები, წავიდეთ.
- არა, რას ამბობ. ხვალ არ უნდა გამოვიდე სამუშაოდ, კიტრი მაქვს წასაღები ქალაქში, ისედაც დამიბერდა და მაგ მიწაში ჩასარჩევის სალაპარაკო არ მინდა გავხდე. - დაკრეფილი გაქვს?
- საღამოზე დავკრეფავ.
- მაშინ მეც წამოვალ. მეცა მაქვს კიტრიცა და ცოტა ატამიცა.
- წამოდი.
- სეირანას მანქანას გავყვეთ?
- ხო, მანდ ჩამოვა, წყაროსთან, ათი საათისთვის და ოთხ საათზე წავალთ. მომეცი სახვევი, ცოტაც წავიცოდვილოთ.
მანანამ საყვედურით თუ მუდარით შეხედა.
- რას ამბობ! იჯექი შენა.
- მოიტა, მოიტა, აღარაფერი მიშავს.
მანანამ წინსაფრიდან სახვევი ამოიღო და მისცა. თინა წავიდა, ასახვევ ვაზთან ჩაკუნტდა, ზედიზედ, ღონივრად გამოგლიჯა ზედმეტი ამონაყარი. ადგა, შეაცალა ნამხრევიც, მავთულებზე მიაკრა განზე წასული რქები.
მანანა მომდევნო რიგთან იყო წახრილი. თინას შეებრალა ეს კეთილი გულის ძალიან გამხდარი გოგო, წვრილად რომ ჩამოშვებოდა ნაოჭასხმული კაბა თეძოებზე. მანანას უხეირო ქმარი ჰყავდა, ხელთუპყარი, ლოთი.
სადღაც შორიდან მოისმა ჯერ მანქანის ხმა, მერე ბრიგადირის ძახილი.
- სად მოხვალ, სადა, ე, ბრმავ, ტვინშებრუნებულო! - მაღლა, კალისფერი ციდან გამოვიდნენ კრუტუნა კვირიონები. ტრიალებდნენ ვენახების თავზე, იწევდნენ დაბლა, იჭერდნენ რაღაც მწერებს და ფრთების გაჩქარებული ქნევით ცდილობდნენ გუნდიდან განაპირებას.
თინა და მანანა თვალებზე ხელმოჩრდილებულები აჰყურებდნენ იმ კვირიონებს.
- რამდენ ფუტკარს ჩასანსლავენ ეს გასატიალებლები!
მანანამ ორი ქვა მოძებნა და კაკუნი ატეხა, კვირიონებს აფრთხობდა. ქვების კაკუნი ისმოდა აქეთ-იქიდანაც.
თინას ეღიმებოდა.
კვირიონებმა იტრიალეს, იტრიალეს და თვითონ წავიდნენ სოფლისკენ.
თინამ და მანანამ ერთ საათს კიდევ იმუშავეს, თინამ ნელ-ნელა, მოწყენილმა; მანანამ - ყოჩაღად, რაღაც ჯიბრიანად. ხანდახან თუ გამოსძახებდა თინას:
- როგორა ხარ?
- კარგად! კარგად! - მიუგებდა თინა, მაგრამ თან ხმაში ისეთ კილოს ურევდა, მანანას არ უნდა ეფიქრა - მართლა მთლად კარგად არისო.
- დაჯექი, დაისვენე ხოლმე, - ურჩევდა მანანა.
- აკი ვისვენებ. ნელ-ნელა მოგდევ!
მზე კიდევ ციდაზე იყო, მანქანა რომ მოვიდა. გამოდგა ლაფანა გოგია საფეხურზე და დაიძახა განგებ გაწვრილებული დედაბრული ხმით:
- ქალებო, ქვეყნის ჭრელო თვალებო! აბა, შინისკენ, შვილებსა სჭირდებით, ქმრებსა სჭირდებით.
ჩამოხტა საფეხურიდან, არხთან გავიდა და ტალახიანი კიტრი წყალში გაალაღლაღა.
თინამ და მანანამ დარჩენილი სახვევი, სადაც იყვნენ, იქვე მიყარეს, წინსაფრები მოიხსნეს, დაბერტყეს და მათი კეცვა-კეცვით მანქანისკენ გამოჩქარდნენ. მანქანაში შვიდი ქალი სხვა იჯდა. თინა ერთხანს გვერდით მიჰყვებოდა მანანას, მერე გაახსენდა, რომ ცუდად იყო, და ჩამორჩა. ფეხი შეანელა მანანამაც.
- ჩქარათ, ქა, რა ახალამდგარი პატარძლებივით მოსეირნობთ.
- ცუდად არის ქალი, რა იყოთ! - ასძახა მანანამ. მანანას სიტყვებზე თინამ ნაბიჯს უმატა. მანქანაზე მსხდარი ქალები ახლა მდუმარედ იყურებოდნენ. ლალიაშვილი ქეთუა წამოდგა, ძარის ბოლოში გამოვიდა, თინას ხელი ჩამოაშველა და ყოჩაღად აიყვანა.
- რა მოგივიდა, ქალო!
- რა ვიცი, ჭირი და ჯანდაბა ჩემი თავისთვის, წნევა მაქვს, რა მაქვს, არ ვიცი.
მანანასთვისაც მიბრუნდა ქეთუა, მაგრამ მანანას მიხმარება არ დასჭირვებია, თვითონ ამოვიდა.
- სხვა არავინ არ არის აქა? - იკითხა კიტრით პირგამოტენილმა ლაფანა გოგიამ.
- თელასთან არიან, თელასთან იქნებიან.
- ეგ ხომ ვიცი.
გოგია კაბინაში შევიდა და მანქანა დაძრა.
თინა და მანანა გვერდიგვერდ ისხდნენ. თინას ახლა სხვები ეკითხებოდნენ, რა დაგემართა, როგორ გახდი ცუდადო.
- არაფერი, - იიოლებდა თინა, - თავბრუ დამესხა და ხელ-ფეხი წამერთვა ცოტა ხნით.
- წნევა გექნება, წნევა, - უყვიროდნენ ქალები მანქანის ჯაყჯაყში, - მზეს უნდა ერიდო. რამდენი წლისა ხარ, გოგო!
- ორმოცდაერთისა.
- დროა, უკვე დროა, წნევა გექნება.
- იი, მაგის... - ისევ იიოლებდა თინა.
ექვსი ქალიც თელასთან ამოვიდა. უკან გამობრუნდნენ. სამნი, თინა და მანანა რომ მუშაობდნენ, იმის ცოტა იქით დახვდნენ. შორიდანვე დაიწყეს ყაყანი:
- გვტოვებდი, ე, მაიმუნო, ლაზღანდარ?! - ხელებს უქნევდნენ მძღოლს.
- რატომ ხმა არ ამოიღეთ, რომ ვყვიროდი! რას იყავით ჩანაბულები, რა საქმით იყავით გართულები?!
- აი, ჩახმი! - ქოქოლა მიაყარეს ქალებმა, - ამასთან ლაპარაკი შეიძლება?!
ის სამიც ამოიყვანეს. დიდ გზასთან ბრიგადირი იდგა.
თინა რომ მანქანაზე დაინახა, გაიკვირვა.
- არ წახვედი შენა? არ წახვედით თქვენ? ხო გითხარით, წადით-მეთქი, მანან!- იი, ნეტავი ერთი შენცა.
- რა ვიცი, კაცო, ცოდო არ დავიდო-მეთქი მაგისი ქმრისა.
თინას გვერდულად ჩაეღიმა.
- ეხლა წაგვიყვანე დროით, შინაც საქმეები გვაქვს! - უთხრა მანანამ.
- ეხლავე, გენა, ეხლავე.
ბრიგადირი გაჩქარებული ჩაჯდა კაბინაში და მანქანამ მტვერი აიყოლა ხრეშმოყრილ გზაზე.
თინას უკვე სხვები ეკითხებოდნენ, როგორ იყო, როგორ გახდი ცუდად, ისევ ისე ხარ, თუ გადაგიარაო. თან თინას უგდებდნენ ყურს, თან თავიანთ გასაჭირსაც ამბობდნენ, - მაყვალაც გამხდარიყო ცუდად. მაყვალაც, ანგელინაც და ნაზიკოც. სწყევლიდნენ მზეს.
- აღარ კი ჩაცხრა და ჩაგრილდა ოხრად დასარჩენი და... - სწყევლიდნენ ქალის ბედს და გაჩენის საათსაც.
- ქალი რა გასაჩენი იყო. ქალი და შავი ქვა ერთად არიან ძრული დედის მუცელში.
თინას გაეცინა.
- კარგით, ქა, მე ძალიან მშვენივრადა ვარ. აი, კიტრის დაკრეფაც უნდა მოვასწრო დაბინდებამდე, ამაღამ კიდევ ქალაქშიც უნდა წავიღო. - წელში გაიმართა, ღრმად ჩაისუნთქა და სახეგაბრწყინებულმა მიმოიხედა. ახლა მართლა კარგად იყო. კარგადაც იყო, ლამაზიც იყო - თვალებში ხავერდოვნებაშენარჩუნებული, ტუჩებმკვრივი.
- კარგად გამყოფოს ღმერთმა, - თქვა ერთმა სევდიანად მიშტერებულმა ქალმა.
- სულელი ხომ არა ხარ შენა! - გაუწყრა მეორე.
- იი, თქვენცა!..
სოფელში შესული მანქანა რამდენჯერმე გაჩერდა. ჩადიოდნენ ქალები - ორ-ორი, თითო-თითო, სამი-ოთხი ერთად. ჩამოვიდნენ თინა და მანანაც.
- დავკრიფო მეცა, მაშა? - კიდევ ერთხელ იკითხა მანანამ.
- დაკრიფე, ხო. წყაროსთან შევხვდეთ. ათ საათზე იქ ვიქნები. შენც იმ დროისთვის გადმოდი, რომ მერე ცოტა წაძინებაც მოვასწროთ.
მანანა გაიქცა. თინაც შინისკენ გამოჩქარდა.
შინ მარტო გოგო დახვდა, პირქვე დაწოლილიყო დერეფნის ტახტზე, მთელ სიგრძეზე გამოეშალა ძლიერი შიშველი ფეხები და წიგნს კითხულობდა.
თინამ კაბაზე ხელი მოჰკიდა და ჩამოუწია. გოგომ შემკრთალმა მოხედა.
- ბიჭი სად არის?
- მე რა ვიცი, - უკვე აღარ ამოუხედავს გოგოს.
- ადექი, კიტრის დაკრეფა მიშველე, მოვასწროთ, თორემ დაღამდება სადაცაა.
- მე კიტრისა რა ვიცი, ქალო!
- რა არ იცი?
- კიტრის დაკრეფა.
- არა გაცოდნიათ რა მამაზეციერმა. თუ ხელი არ ახლეთ რამეს, არაფერი გეცოდინებათ თქვენს სიცოცხლეში. ეყარენით ეგრე და იყავით.
აი, დღესაც ცუდად გავხდი მინდორში. გოგო ახლა კი წამოჯდა.
- რა დაგემართა!
- ჭირი ჩემი თავისთვისა.
თინამ ორი ტომარა მოძებნა, წინსაფარი ისევ შემოიკრა და ვენახისკენ გაჩქარდა.
- მოიცა, წამოვალ მეცა.
თინამ არაფერი უთხრა.
- მე რა წამოვიღო?
- წინსაფარი რამე წამოიღე შენი.
გოგომ წინსაფარს დაუწყო ძებნა. როდის-როდის იპოვა. ძველი ფეხსაცმელები აითრია, კიბეზე ჩამობაკუნდა და ვენახის ბილიკზე გავიდა.
თავის ასაკთან შედარებით (თხუთმეტისა ხდებოდა) დიდი იყო, დედის კვალობაზე წასული - ფერხორციანი, თანაც უფრო მაღალი. მიდიოდა და დაუდევრად მიჰქონდა ის ძლიერი, ვარვარა ფეხები.
მზე ჩავიდა. ვენახებში გრილი სიმშვიდე ჩამოდგა. თინა გაფაციცებული ეწეოდა კიტრის ფოთლებს აქეთ-იქით, კრეფდა, ბრაზობდა:
- დაბერდა და გაოხრდა. გაოხრდეს და გატიალდეს მაგათი სახლ-კარი.
გოგოც გადავიდა კიტრში, იმანაც ფრთხილად გადასწ-გადმოსწია ფოთლები.
- ცოტა რომა აქვს შეპარული სიყვითლე, ისეთებიც დავკრიფო? შეყვითლებულები და დაბრეცილები.
- დაკრიფე, ყველანაირი დაკრიფე.
გოგომ დიდი, თავზე სიყვითლეჩამოყოლებული კიტრი მოწყვიტა და დედას დაანახვა.
- აი, ესეთები.
- ჰო, იყოს ეგეთებიც. მხოლოდ ცოტა მარდად, ჩამობნელდება სადაცაა.
გოგოც გაფაციცდა.
აივსებდნენ აკალთავებულ წინსაფრებს, გადავიდოდნენ ბილიკზე, იქ ტომრებში ჩასცლიდნენ და ისევ კიტრში ბრუნდებოდნენ. გოგო შეწუხებული ისვამდა დასუსხულ კანჭებზე ხელს, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. დაბნელდა და მორჩნენ კიდეც. ორივე ტომარა თითქმის პირამდე გაივსო. თინამ გოგო შინ გაგზავნა, წადი, ნახე, ვალიკო თუ ჩამოსულია, გამოვიდეს, გატანაში მოგვეხმაროსო. თვითონ ისევ კიტრში გადავიდა და ერთხელ კიდევ აუარ-ჩაუარა რიგებს. გოგომ ცოტა დაიგვიანა, - წყაროსთანაც კი გადავედი და ვალიკო ვერსად ვნახეო.
- მოდი, ამიწი მაშინ მე! - თქვა თინამ.
- გადავყოთ, ქალო, და ნაწილ-ნაწილ გადავიტანოთ.
- მაგისი დროა ეხლა?
მართლაც კარგად იყო ჩამობნელებული.
- მაშინ მე ამიწიე, მე გავიტან.
- შე არა, ისა, ჩემი ხომ ძალიან მადლობელი ვარ, ახლა შენ აიკიდე მეშოკები.
თინამ ტომარას პირი მოუხვია, გოგო მივიდა, ჩაიხარა.
- თან ცუდად ყოფილხარ დღესა.
- ამიწი, ნუღა მაგვიანებ.
თინამ ღონივრად შეაქანა ტომარა, გოგომ ძირიდან აუწია, თინამ მუხლი ჩახარა და ტომარა ზურგზე მოიგდო. ერთი შექანება შექანდა, მერე ნაბიჯი გამართა და ჩქარ-ჩქარა წავიდა ბილიკზე. თითქოს გაგანიერებული იყო, გაბრტყელებული. გოგო უყურებდა და ეღიმებოდა. მერე დაღონდა. მივიდა მეორე ტომარასთან, მოუგრიხა პირი იმანაც ღონივრად, მიათრია ბილიკის ნაპირთან, თვითონ დაბალში ჩადგა, ჩაიღუნა, ტომარა გადმოაქნია და ყოჩაღად წამოიკიდა, ყოჩაღად ავიდა მაღლა. სულ სირბილით მიჰქონდა. სახლს რომ მიუახლოვდა, თინა შეეფეთა.
- კარგით რა! კარგით! - დაიძახა თინამ. გამოიქცა, უკან ამოუდგა და ტომარა აუქნია. გოგომ იუარა, - დამანებე თავი, რა შენი აწევა მინდაო, მაგრამ თინამ ხელი არ გაუშვა, ასე ორმა მიიტანა ტომარა დერეფნამდე და იქ კედელთან მიდგეს. დერეფანში სინათლე ენთო. თინა ირგვლივ უვლიდა აწითლებულ გოგოს და ეუბნებოდა:
- აქედანვე თუ წაუწექი მეშოკებსა და გოდრებს, მთელ შენ სიცოცხლეში ვეღარ მოიცილებ. ეგ მაგას ეხერხებაო და, შინაური იქნება, თუ გარეული, ყველა შენ აგკიდებს.
- რა არის, ქალო, ეს ჩემთვის, - ტომარას ხელი წამოჰკრა გოგომ, - მე ეხლა გაქშუებულ კამეჩს დავიჭერ რქებით. მისწვდა დედას, წელზე შემოხვია ხელები, მაღლა ასწია.
- დამსვი, შე არგასაშვებო!
თინა ძლივს გაუსხლტა. იცინოდა და ტკბილად უყურებდა გოგოს.
- დაიჭერ შენ გულის გაგანიერებას და ათას ოხრობას.
გოგო მოჭიდავესავით გამომწვევად უყურებდა, იღუნებოდა.
- კარგი, არა მცალია ღლაბუცისათვის.
თინამ ტომარა იატაკზე წამოამხო, ჩაკუნტდა. გოგო დაიხარა და ყურისძირში აკოცა.
- ფუჰ! - მოიშორა თინამ, - ჭუჭყიანი ვარ, შე არ გასაქრობო!
მოვიდა გოგოც, ჩაიმუხლა - გაბრწყინებული თვალებით ამოხედავდა ხოლმე დედას, ქვედა ტუჩს კბილებით აწვალებდა - „გასათხოვარია ეს მაიმუნი“. თინას რაღაც უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
- ცუდად ხომ არ გახდი? - ჰკითხა შეფიქრიანებულმა გოგომ.
- არა.
სულ სათითაოდ გადაარჩიეს ორივე ტომარა - დაბრეცილი, ანუ ნახუნაგი კიტრი და ცოტა გაყვითლებულები - ცალკე, სამწნილედ, შინ მოსახმარად, - კარგი კიდევ - ცალკე, გასაყიდად. გასაყიდმა კიტრმა ერთი ტომარა გაავსო და მეორე ნახევრობაზე მოყარა. გაათანაბრეს.
- ჭამა არ გინდა, ქალო? - ჰკითხა თინას გოგომ.
- თუ რამე გაქვს, გამოიტანე, მანამ მე ხელებს დავიბან.
თინამ ტომრებს კანაფით მოუკრა პირი. მიდგა პირსაბანთან. საპნით დაიბანა ხელები, სახეზედაც მოისვა წყალი. გოგოს კამიანი ახალი კარტოფილი გაეკეთებინა. თინა მაგიდასთან დაჯდა, კერძი გადმოიღო, პური მოიტეხა.
- შენა? შე არა ჭამ?
- მე ეხლახან ვჭამე.
- იცი, რას გეტყვი შენა?
- რასა.
- მაგ სისულელეებს თავი დაანებე.
- რა სისულელეებს, ქალო!
- აი, მაგ გახდომებსა და რაღაცა ეშმაკობებს.
- ვჭამე, შენ თავს გეფიცები.
თინამ გამომცდელად შეხედა. გოგოს თვალი არ დაუხამხამებია.
- დაგისუსტდება ფილტვები და ნახავ მერე შენ.
გოგომ თეფში გამოიტანა.
- ვჭამე, მაგრამ შენი ხათრით კიდევ შევჭამ ცოტას.
ქვაბს სახურავი ახადა, სამი კარტოფილი ამოიღო და დედის პირდაპირ დაჯდა. თინა ჩქარა ჭამდა, ის - ნელ-ნელა, თან სულ დედას უყურებდა.
- როგორ გახდი ცუდად?
- რა ვიცი, თავბრუ დამეხვა და ხელ-ფეხი დამიდუნდა.
- მერე, ხვალ ახლა ბაზარში უნდა იდგე მთელ დღეს?!
- მა რა ვქნა, გავაფუჭო? ორი ათასი მანეთი მარტო შენი მომზადებისთვის რომ გვჭირდება?
- ჩამოვიდოდა მამაჩემი და ის წაიღებდა.- როდის ჩამოვა, რა იცი! ეგ კიდევ ნახევარზე მეტი დამსხვილებულია, რაღა ფასი უნდა ჰქონდეს მაგას! შე ისა ქენი - ბიჭი მონახე, რომ წყარომდე მაინც იმან გადმომიტანოს ეგ მეშოკები.
- გადმოვიდეს თვითონ ის მანქანა, რა მოხდება?!
- არ გადმოვა. ისეა გაყვიზინებული ეგ ფეხებდაბრეცილი სეირანა, არ გადმოვა. დგას რაიკომის მდივანივით და ბარგი რომ გსრესავდეს, ხელს ზურგიდან არ გამოიღებს.
- არ მოხმარდეს მაგოდენა ფული, რასაც ეგ იღებს, - გოგო წამოდგა.
- წავალ აბა მე, ზევითაც ვიკითხავ.
- წადი, მხოლოდ დროით ჩამოდი, შენც არ დაიკარგო.
გოგომ საყვედურით მიხედა.
თინამაც დაამთავრა ჭამა - გაზი აანთო, ქეთლით წყალი დადგა, სუფრა აალაგა, გადარჩეული ნახუნაგი კიტრი კალათაში ჩაყარა და მარანში შეიტანა. მარანში მოესმა ძახილი:
- ნარგიზ! ნარგიზ!
მეზობლის გოგომ რძე მოიტანა. თინამ გამოართვა და მადლობა გადაუხადა. საკიდრიდან მომინანქრებული ქვაბი ჩამოიღო, რძე იმ ქვაბში ჩაასხა და ასადუღებლად დადგა. სანამ რძე ადუღდებოდა, შიგნით ოთახში შევიდა, სინათლე ჩართო და გარდერობის სარკესთან მიდგა, ახლოს მიიწია. გაშავებული იყო, სახის წვრილნაოჭებჩამუქებული. „ამოწყდნენ და ამოიბუგნენ!“ - დასწყევლა ვიღაცანი. გამოვიდა. გაზიდან ქეთლი გადმოდგა, რძემაც ამოიწია. ტახტის ქვეშიდან ალუმინის ტაშტი გამოაცურა. ტაშტში ბიჭის ორი პერანგი იყო ჩამბალი, ცხელი წყალი ჩაუმატა და ჭეჭყვა დაუწყო.
მობრუნდა გოგოც.
- ვალიკო და ბიჭები თევზზე წასულან მაშხალებით. ვინ იცის, როდის მოვლენ.
- მოუსავლეთში წავიდეს, სულ სუფთა-სუფთა პერანგები კი უნდა.
- მოიცა, მე გავრეცხავ, - წამოსწვდა გოგო.
- აქ არ იყო, თუ გამრეცხავი იყავი?!
- გამოდი, მე გავრეცხავ, მაგას რა უნდა.
- მიდი, შენ თეფშები დარეცხე.
- ეგეთი ჯიბრიანი რომ ხარ, იმიტომა ხარ ეგრე.
- როგორა?
- ცუდად რომ ხდები ხოლმე, - თინამ ათვალწუნებით გამოხედა.
- მანქანა ხომ არ იყო მოსული წყაროსთან?
- არა.
თინამ პერანგები გარეცხა და ბოძებშორის გაბმულ მავთულზე გაფინა.
ათს უკვე გადაცდენილი იყო. წავიდა, წყაროსთან გადავიდა. სეირანა მოსული იყო. ზოგნი დაბარგებულიყვნენ კიდეც. იმათ შვებით ეღიმებოდათ. წამოვიდა ჩქარი ნაბიჯით შინ. ერთი ტომარა თვითონ აიკიდა, მეორეს გოგომ წამოუსვა ხელი. გადაიტანეს მანქანასთან.
კაცები ქვებზე ისხდნენ და სიგარეტებით ანათებდნენ. არც თინას უთხოვია ხელი წამაშველეთო, არც ისინი გარჯილან. მაღლა თინა ავიდა, გოგომ ქვემოდან ასწია და ისე აიტანეს მანქანაზე ტომრები. თინამ პირველი ტომარა სხვა ბარგთან მიდგა, მეორე ზედ დაადო. შეამოწმა, ხომ არ ტოკავდა. ორივე ტომარა მაგრად იდგა. ჩამოვიდა მანქანიდან და სეირანას ჰკითხა:
- რომელზე გახვალ, სეირან?
- როგორც არი, რა! ოთხი რომ გახდება, დავიძვრები! სულ ეგა გაქ?
- ეგ არი სულა.
- ნიშანი ხომ გიდევ მეშოკებზე?
- სახელები მიწერია.
- შენა თინა გქვიან, არა?
- ხო, თინა.
- წადი ეხლა, თინა, დაიძინე ტკბილად და ოთხის ნახევარზე აქ იყავი.
წამოვიდა დედა-შვილი.
- მოდი, წყალს გადავივლებ.
- მე დაგისხამ.
- თუ მაგ სიკეთეს იზამ?!
დიდი ქვაბით შედგეს გაზქურაზე წყალი. სანამ ის წყალი გათბებოდა, თინამ მაღვიძარა საათი დაქოქა, სამზე დააყენა, სუფთა თეთრეული მოიმზადა. მერე, წყალი რომ გათბა, მარანში, დედაბოძის იქით, სპილენძის დიდი ტაშტი დადგა. წყალი გაანელა.
- მოდი, აბა! - დაუძახა გოგოს. ქვაბი მარანში შეიტანეს.
გოგომ ტოლჩა აიღო.
თინამ კარი მიხურა, გადარაზა. ტანთ გაიხადა. ტაშტში გადავიდა, ყელს ქვემოთა და მუხლებს ზემოთ თეთრი იყო. თეთრი. კანიც ახალგაზრდულად გადასტკეცოდა. მხოლოდ მუცელი ჰქონდა ცოტათი წამოზრდილი და სავსე ძუძუების კერტები დაგრძელებული, გამკვრივებული.
- თავსაც დაიბან? - ჰკითხა გოგომ.
- დავიბან. რაკი ხარჯია, ხარჯი იყოს.
- არ გასცივდე.
- დამასხი. სად არის სიცივე.
თინა ჩაკუნტდა, თმა წინ წამოიშალა. გოგომ წყალი დაასხა.
- ვუი! - დაიძახა წყლის პირველ დასხმაზე თინამ და წელი შეზნიქა. მერე და მერე შვება იგრძნო.
- გაგახარა ღმერთმა!
თინამ საპონი აიღო და თავზე მიისვ-მოისვა. ბეჭები და წელი ნარგიზამ გაუხეხა. წყალი რომ თავდებოდა, თეძოზე ხელი დაუტყაპუნა და უთხრა:
- დათვი მჭლე და შენ მსუქანი! დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
- მე კიდევ სიმსუქნე მჭირდება, გოგო?!
- რას ამბობ, კუკლასავითა ხარ. დიდ, პრიალა კუკლასავით.
- იი! - აშკარად ესიამოვნა თინას. მაინც შემოიწყო ბარძაყზე ხელები, - აი, ამ ჩიჩიას უყურე!
- არაფერიც. აბა, როგორ გინდა!
კმაყოფილი მშრალდებოდა თინა დიდი, ხაოიანი პირსახოცით. გოგო წყლებს ღვრიდა. თინამ ერთხელაც დალოცა.
- შენ გაიხარე და გამრავლდი!
ნეილონის საცვალი და პერანგი ჩაიცვა. ახლა თავს მართლა ისე გრძნობდა, თითქოს სულ ახალგაზრდა ყოფილიყოს. ჭრელ ხალათში გახვეული გამოვიდა მარნიდან. თავზე წითელი მოსახვევი ჰქონდა წაკრული. გოგოს წიგნი აეღო.
- მაშინ მე დავწვები, შვილო, იქნება ცოტა წავატყუო თვალი.
- დაწექი, აბა რა!
წავიდა თინა, საწოლს ცისფერი გადასაფარებელი გადახადა, საბანი ასწია და შეწვა.
- უი, ღმერთო!
ლოგინი სასიამოვნოდ გრილი იყო. საბანში ყელამდე გაეხვია. მაშინვე თვალები დაეხუჭა. ერთხანს იმაზე ფიქრობდა, თავისი ცუდად ყოფნა რომ გააზვიადა. მერე სანდრო მოუნდა, მისი მაგარი ხელი წელზე. მაგრამ სანდრო „ჯანდაბაში“ იყო დაკარგული. ბალიში ამოსწია, ლოყაზე მიიხუტა და ასე ჩაეძინა.
ვალიკო რომ დაბრუნდა, გაეღვიძა.
- ნელა, დედასა სძინავს, არ გააღვიძო, - ჩუმად ეუბნებოდა ნარგიზა, - ქალაქში მიდის ამაღამ.
- ქალაქში რა უნდა? - იკითხა ვალიკომ.
- კიტრი მიაქვს გასაყიდად.
- იი!
- რა ი! აბა, ეგრე გაფუჭდეს?! - ქვაბის სახურავმა გამოსცა ხმა. თინას ისევ ჩაეძინა.
სამს, ალბათ, ათიოდე წუთი უკლდა, რომ თავისით გაეღვიძა. ცოტა ხანს იწვა და სიჩუმეს უგდებდა ყურს. რაღაცნაირად ცარიელი იყო უსანდროოდ სახლი. წამოდგა. საათმა სწორედ მაშინ დარეკა. წასწვდა, ღილაკს თითი დააჭირა. სიბნელეში ჩაიცვა. ჟაკეტიც შემოიცვა კაბაზე. თმას ხელი შეუყარა. იძულებული იყო, სინათლე აენთო. აანთო. სარკესთან მივიდა, დაივარცხნა, მქრქალი, მქრქალი პომადაც გადაისვა ტუჩებზე, სხვა მოსახვევი აიღო, იმით წაიკრა თმა უკან. ჩანთა და ბადურა მონახა, დაკეცა, გაზეთში გაახვია. „აბა, კარგად იყავით, გენეცვალეთო“, - თქვა თავისთვის და გარეთ გავიდა.
ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, მაგრამ ბნელოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა და მიწას აკვირდებოდა, ფრთხილად მიდიოდა.
მაინც გაიგო ღაღანიძეების ძაღლმა, ორიოდეჯერ ამოიყეფა, დაიყივლა მამალმაც.
წყაროსთან მისულს, ხალხი უკვე იქ დახვდა. „გამარჯობა“ თქვა. მიდიოდა ახლოს, სახეში უყურებდა, აინტერესებდა, ვინ იყვნენ.
- მანანა არ მოსულა?
- აქა ვარ, აქა, ამოდი! - დაიძახა მანქანიდან მანანამ.
თინა მანქანასთან მივიდა, მანანამ ხელი ჩამოაშველა და ისე ავიდა.
- მოდი, აი, აქ დავსხდეთ.
მანანამ ხელგაუშვებლად მიიყვანა გრძელ სკამთან. დასხდნენ. წინ წაიწიეს. ეტყობოდა, მანანასაც ებანავა, ვარდის წყლის სუნი ჰქონდა.
- თინა ხარ, გოგო? - იკითხა ვიღაცა ქალმა მანქანის სიღრმიდან.
- ჰო, თინა ვარ, საშიკო.
- შენ რაღა მოგაქვს, გოგო?
- იი, ცოტაოდენი კიტრი.
- გივარგათ, გოგო?
- რა გვივარგა, მეორე დაკრეფაა ეს და მესამედ დაიკრიფება თუ არა, აღარ ვიცი, ისე აქვს ფოთოლი დანაცრული და დახრუკული.
- ჩვენსასაც, გენა, ჩვენსაც.
- ამოდენა რაკეტების ბახაბუხს არ შეუძლია?!
- ჰო, ჰო. მაგისი ბრალია ნამდვილად, მაგისი მომგონი დაჯდეს ცარიელი, როგორც ჩვენა გვსხამს ცარიელს.
მანანა მხრით მიეკრა თინას.
- ცივა, არა, ცოტა?
- ხო. ღამღამობით ჯერ ისევ გრილა.
თინას აღარ ეძინებოდა, მაგრამ მაინც თვალები დახუჭა. ამოვიდა ტაკვია დათა. ხელების ცეცებით იკითხა:
- აქ ვინა სხედხართ?
- მე ვარ, - მიუგო თინამ.
- თინა ხარ?
- ჰო.
- შეიძლება, შენ გვერდით დავჯდე?თინას არ უნდოდა, მის გვერდით დამჯდარიყო ტაკვია დათა, მაგრამ უარს ხომ ვერ ეტყოდა!
- დაჯექი.
ტაკვია დათა ჯერ მოცილებით იჯდა. მერე სხვებიც რომ ამოვიდნენ, მოიწია და თინას მოეკრა.
თინას უგემურად გააჟრჟოლა, მაგრამ რა უნდა ექნა! ისევ მანანას მიეჭუჭკა და ისევ თვალები დახუჭა. ხალხი მანქანის დაძვრამდე ყაყანებდა, მანქანა დაიძრა და თანდათან ყველა გაჩუმდა. თინა ნახევრად მთვლემარე თუ ფხიზელი იჯდა მთელ გზაზე. ჩასახლელებში მომეტებულად ეხლებოდა დათა. „ფუჰ შენი!“ ამბობდა თინა გუნებაში და თან, რატომღაც, სანდროზე ბრაზობდა.
ქალაქში რომ შევიდნენ, კარგად ინათა. თინამ მანქანის გაჩერებას აღარ დაუცადა, ადგა, თვალის გადაკვრითაც კი არ გაუხედავს ტაკვია დათასკენ, თავის ტომრებთან მიბარგანდა, ნაკრაული გაასწორა და იქვე დარჩა, ტომარაზე ხელებმოკიდებული. მანქანამ დიდი გზიდან მარცხნივ ჩაუხვია, რკინიგზის ხიდქვეშ გაძვრა, ტრამვაის ხაზზე გავიდა და ათიოდე წუთს ქვებზე ჯაყჯაყის შემდეგ ნავთლუღის ბაზართან გაჩერდა.
- აბა, დალოი! - დაიძახა ქვემოდან სეირანამ. უმეტესობა უკვე ფეხზე იდგა, ჩაეჭიდნენ თავ-თავის ბარგს. მოდგნენ ბაზრის მტვირთავებიც.
ტაკვია დათა უყვიროდა იმ მტვირთავებს:
- მე რას შემომყურებთ, აგე, დედაკაცებსა ჰკითხეთ.
- არ გინდათ შველა, დედაკაცებო?
- მოშორდით აქედან, აქ რაღა შველა გვინდა, ამოგვიტანია, ჩატანას ვეღარ მოვახერხებთ?!
მართლაც, ყოჩაღად ირჯებოდნენ ქალები, ეჯაჯგურებოდნენ, მოათრევდნენ ყუთებსა და ტომრებს, ერთნი ძირს იდგნენ, მეორენი მაღლიდან აწვდიდნენ. საშიკო გაუბრაზდა მტვირთავებს:
- წადით, თქვე გასაწყვეტლებო, რას შემოგვყურებთ პირდაღებულები!
- რა იყო, რას იწყევლები! - თქვა ერთმა მუშამ და ყველანი გვერდზე გადგნენ.
თინამ და მანანამაც ერთმანეთს უშველეს. ბარგი ჩამოზიდეს, ერთ გროვად დააწყვეს და სეირანასთან ანგარიშის გასასწორებლად მივიდნენ.
სეირანამ ნაკრაულებიც ტომრებად ჩათვალა და იმაშიც თითო მანეთი მოითხოვა. ნაკრაულებშიც მანეთი, ორ ვედროშიც მანეთი.
- რას ამბობ, სეირან, პირველად ხომ არა ვართ ამ გზაზე.
- მე პირველადა ვარ რო?!
- ნაკრაულზე ათი შაური არ იყო?
- მანეთი! - მტკიცედ თქვა სეირანამ. თინამ და მანანამ ერთმანეთს შეხედეს.
- უნდა მივაშავოთ, რა ვქნათ! - ჩუმად უთხრა თინამ მანანას.
- სამ მანეთზე მეტი არა მაქვს, ქა, მაგას რომ სამი მანეთი მივცე, ჩეკისა და სასწორის ფული აღარ დამრჩება.
- მე მაქვს, ნუ გეშინია.
თინამ უბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გახსნა და სეირანას სამმანეთიანი მისცა - ორი მანეთი ტომრებისა, მანეთიც თავისი, თავისი მგზავრობისა.
მისცა სამმანეთიანი მანანამაც. თან მაინც თავის ბარგს დაჰყურებდა - ერთ ნაკრაულს და ორ ვედროს.
- ემაში, ქა, ემაში ორი მანეთი!
- კარგი, ნუღარა ბრაზობ. დღეს შაბათია, ატამს კარგ ფასად გაჰყიდი. - ამშვიდებდა თინა.
სეირანამ ყველასგან აკრიფა ფული. დათვალა, ჯიბეში ჩაიდო, - აბა, კარგად იყავით საღამომდე, - ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. დარჩნენ ჩამოსულები თავი-თავის ბარგთან, ქუჩაში. სხვებიც ბევრნი იყვნენ, სხვასოფლელები, ზოგი ბარგზე მიწოლილიყო და თვლემდა, ზოგი იჯდა, ზოგი მიმოდიოდა. ბაზარი შვიდ საათზე გაიღებოდა. მანამდე არც ჩეკი იყიდებოდა, არც შიგნით უშვებდნენ არავის. თინა და მანანა ფეხზე იდგნენ. ყუთიც არაფერი ჰქონდათ, რომ იმაზე ჩამომსხდარიყვნენ. საშიკომ მიიპატიჟა, - მოდით, გოგო, ჩამოსხედითო, მაგრამ იუარეს.
ზურგს უქცევდნენ ნიავს და თავისთვის ლაპარაკობდნენ. მ ანანა მეველეს სწყევლიდა.
- მაგას ამოუწყდეს კომლობა, მაგის მეტი ვინა, ქალო! რომელი ქურდი მივიდა და სუ კარგები არჩია აქა-იქ. თვალები რომ დაუბნელო ადამიანს, თითქოს თვალები დაჰბნელებიაო, ისე იდგა მთელი ატამი.
თინა ეთანხმებოდა.
- კი, კი, მაგის მეტი ქურდი აღარ აწუხებს ჩვენს ვენახებს.
- თავმჯდომარეს უნდა დაეყაროს მიწა, რომ ეგ გაუშვა წლეულაცა.
- იმასაც ასარგებლებს და იმიტომა.
- აბა, რის ინტერესი აქვს მაშა!
მოვიდნენ მეეზოვეები. მოჰყვნენ ქუჩას ზემოდან, ეგრევე, მოურწყავს დაუწყეს დიდი ცოცხებით გვა. ნიავი იმათი მხრიდან მოდიოდა და მტვერს პირდაპირ ბაზართან შეგროვილ ხალხს და ბარგს აყრიდა.
- მორწყეთ, თქვე ჯანდამწვრებო! - უყვიროდნენ ქალები.
- ლაილაი! ლაილაი! - გამოაჯავრეს მეეზოვეებმა. ზოგი მართლა ჩაეჭიდა თავის ბარგს და კედლისკენ წაათრია.
თინა მაგრად იდგა.
- ხომ არ გადაირიეთ თქვენა! იქნება რა გინახიათ!
- რა გვინახია! თქვენ - თქვენი საქმე, ჩვენ - ჩვენი!
- მერე ადამიანები აღარა ხართ!
- თქვენ არა ხართ ადამიანები? ჩვენს საქმეს გაკეთება არ უნდა? თქვენ დაგავთ აქაურობას?
- აბა, აქ რა არის დასაგველი!
ერთი სხვაგნებური დიდი კაცი იყო მიწოლილი თავის ბარგზე, იმან დაუძახა იქიდანვე.
- არ გადმომიყვანოთ მანდა!
მეეზოვეებმა გახედეს და ვითომ ქალებს დაუთმეს.
- აი, თქვენი ხათრითა! - წავიდნენ და დაუყვნენ ქვემოთ-ქვემოთ ქუჩას.გაიღო სალაროები. ყველას რიგი ჰქონდა დაკავებული, მაგრამ ყველა ერთად მიაწყდა. თითო ჩეკის მეტი არ გაიცემოდა, და ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, თითქოს ეშინოდათ, მთლად უჩეკოდ არ დავრჩეთო. ერთმანეთის თავს ზემოდან აწვდიდნენ ფულსა და კოლმეურნის წიგნაკს. თინამ მანანას მანეთიანი მისცა და ისინიც იმ ჭეჭყაში მოექცნენ, თან თვალი ბარგისკენ ჰქონდათ.
- რა იყო, ხალხო, - იძახდა ხან ვინა და ხან ვინ, - ხალხი არა ხართ? დაიწით ცოტა უკან.
მაგრამ უკან არავინ იწევდა. მოსახვევგადამძვრალი, თმაგაწეწილი გამოვიდა თინა რიგიდან.
- გაიჟუჟენით, კარგი ადამიანობა თქვენა გაქვთ!
გაიღო ბაზრის კარიც. გამოვიდნენ ახლა სხვა მუშები რკინის ურიკებით. იმათაც თითო გზობაზე თითო მანეთი უნდოდათ. უმეტესობა უარს ეუბნებოდა დახმარების თავაზზე.
- შენ აქ იყავი, - უთხრა მანანას თინამ, - მე წავიღებ პირველად, მე დავიჭერ ადგილს, შენ ეს მეშოკი ამიწიე!
აიკიდა თინამ ტომარა და წაიღო ჩქარ-ჩქარი ნაბიჯით. მალევე მობრუნდა. - კარგი ადგილი დავიკავეო. წაიღო ახლა მეორე. მერე მანანას ბარგი წაიღეს - ვედროები თინამ, ნაკრაული მანანამ. მანანა კმაყოფილი დარჩა ადგილით.
- სასწორზე მე წავალ, - თქვა მანანამ.
- კარგი, წადი, მხოლოდ ორი წინსაფარი გამოართვი. - სასწორის და წინსაფრების ფულიც თინამ მისცა. სანამ მანანა დაბრუნდებოდა, თინამ კიტრი დახლზე ამოაწყო, წვრილსა და ქორფებს ცალკე ალაგებდა, მსხვილებს - ცალკე.
ჩამოიარეს მყიდველებმა თუ მაზანდის გამგეებმა, დააფასებინეს.
- ეს მანეთ-ნახევარი, ეს მანეთი.
არავინ შევაჭრებია, ჩაიარეს იმათ და წავიდნენ. მოიტანა მანანამ სასწორი, აიფარეს წინსაფრები. ეხლა უკვე გულდაარხეინებულები იყვნენ.
ორივე ერთმანეთს შეჰღიმოდა.
- როგორ გიხდება, ქა, ეგ მოსახვევი და ეგ წინსაფარიც! - ეუბნებოდა მანანა თინას.
- შენც გიხდება, კომკავშირელ გამყიდველს ჰგავხარ, - მანანამ ცხვირი შეიჭმუხნა.
გაივსო ბაზარი გამყიდველებითაც და მყიდველებითაც. დააცხუნა მზემაც.
- ივრის წმინდა წყლით მორწყული! ინებეთ ივრის კამკამა წყლით მორწყული კიტრი!
ეს სიტყვები იზიდავდა თუ თინას შესახედაობა, ბევრნი ჩერდებოდნენ, კიტრში ხელებს ურევდნენ, აფასებინებდნენ, არჩევდნენ - ყველას არჩევა უნდოდა. ზოგი შეჰღიმოდა თინას, - ნაკლებად არ იქნება, ჩემო დაო? ზოგს უკვირდა, - რა ამბავია მანეთ-ნახევარი, უქმდება ფული თუ რა არისო! უმეტესობა თავის ფასს სთავაზობდა, - მანეთს, მანეთსა და ერთ აბაზსს, მანეთსა და ორმოც კაპიკსაც კი. მაგრამ თინა მაგრად იდგა, - ეს მანეთ-ნახევარი, მანეთად კიდევ, აი, ესაო.
მოვიდა ერთი გაოხრებულიც, ნაკლულ ტიკჭორასავით დაფუკული, ტუჩებგადმობრუნებული, ვითომაც ერთი თავჩაღუნული, სამჯერ იკითხა:
- მსხვილი სჯობია თუ წვრილი, ჰა, ქალო. მსხვილი სჯობია, თუ წვრილი. რატომ არაფერს ამბობ?
თინა ისე დაიბნა, მართლა ვერაფერი უთხრა. მაშინ მანანა გადმოეშველა?
- შენა, აემ გირს ხომ ხედავ!
- გიჟები ხართ, ვინა ხართ! - ვითომ ძალიან გაიკვირვა იმ გაოხრებულმა.
- მოწყდი აქედან, თორემ გაჩვენებთ, რა გიჟებიცა ვართ!
- უუხ! - მუქარით გადაიქნია თავი გაოხრებულმა და წავიდა.
- თფუ! - ეხლაღა მიადევნა თინამ.
მოდიოდნენ ყველაფერზე გაღიზიანებულებიც, ძალიან ეძვირებოდათ კიტრიც, ატამიც. უწოდებდნენ თინას და მანანას სპეკულანტებს, ჩარჩებს, საწყალი ხალხის მყვლეფავებს.
- ხუთი მანეთი დააფასე, უფრო მალე გამდიდრდები! თინა ამათ ადვილად უმკლავდებოდა.
- მდიდარსაც მეხი დავაყარე და ღარიბსაც.
- ღარიბებს რაღათა, ღარიბებმა რა დააშავეს!
- ღარიბს იმიტომ, რომ ხელის გაძვრა ეზარება. ხელის გამტოკებელი ადამიანი ეხლა ღარიბი რაღათ უნდა იყოს!
- ეე! - უქნევდნენ შუბლთან ხელს, - შენ რომ რამე გესმოდეს!
- ჩემი წილი ყველაფერი მესმის.
ცხრა საათი იქნებოდა, რომ მუშტარი როგორღაც შეცოტავდა. თინამ თქვა, შიმშილით ხომ არ უნდა დავიხოცოთ, წავალ, ძეხვსა და პურს ვიყიდი, ცოტა წავიხემსოთო. მანანამ თავისი წილი ფულის მიცემა დააპირა, მანეთიანისა.
- მოიცა, რას სულელობ!
წავიდა თინა, ორასი გრამი ძეხვი და ერთი ოცდაათკაპიკიანი პური იყიდა, ძეხვიც დააჭრევინა, პურიც. მოიტანა, გაშალეს ქაღალდი დახლზე და დაიწყეს ჭამა. თან ჭამდნენ, თან ვაჭრობდნენ.
მოვიდა ერთი ჯგუფი ქალებისა. წინ ხანშიშესული ქალი მოუძღოდათ - მოკლედ თმაშეჭრილი, ყბებგანიერი, შავი, კაცივით ბოხი ხმით მოლაპარაკე.
- თქვენი დოკუმენტებიო! - მოსთხოვა თინას და მანანას.
- რა დოკუმენტები? - ჰკითხა თინამ.
- ვინა ხართ, გაქვთ თუ არა უფლება საკოლმეურნეო ბაზარში ვაჭრობისა.
- თქვენ თვითონ ვინა ხართ, - ყოჩაღად დაუდგა თინა, - ყველას კი არა აქვს უფლება, ეგეთი რამეების მოთხოვნისა.
იმ ქალმა რაღაც მოწმობა ამოიღო და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
თინა აშკარად ნერვიულობდა. უბიდან კოლმეურნის წიგნაკი ამოიღო და აჩვენა.
- შენა? - მიუბრუნდა ქალი მანანას.
- მე სასწორზე მაქვს დატოვებული.
- ერთადა ხართ? - ანიშნა თინაზე.
- ერთად.ქალმა თინას წიგნაკი გადაშალა და თქვა:
- ორმოცი კაც-დღეც არა გაქვს გამომუშავებული. იმიტომა გაქვს დამრგვალებული ეგ მკლავები.
წიგნაკი თითქმის მიუგდო თინას და ისიც და სხვა ქალებიც დახლებს ქვემოთ დაუყვნენ.
თინას ცრემლები მოსდგომოდა. კარგა ხნის დუმილის შემდეგ ძლივსღა თქვა:
- შენ იკვნესე და იჭლექე! რაკი კოლმეურნე ვარ, ჭლექიანი უნდა ვიყო აუცილებლად?
საჭმლისთვის ხელი აღარ უხლია, ვინც კი კიტრს აფასებინებდა, ყველას წყრომით მიუგებდა:
- ეს მანეთ-ნახევარი, ეს მანეთი.
ახლა უკვე აღარავის არჩევინებდა, ორივე ხელს დაადებდა გროვას და თავის გაქნევით ამბობდა:
- რაც არის, ეგ არის. ეგრე რომ არჩიოთ ყველამ, სად წავა!
- სად წავა, ვალში ჩავარდები?
- წამოდით, თქვენ წაიღუნეთ იმ მზეში და ნახავთ.
- ეე, ძალიან არ გეტყობა?!
თინა პირველად ხომ არ იყო ბაზარში და უკვირდა.
- რა თვალი დამადგეს ამ ამოსაძირავებმა!
რაც კარგი კიტრი ჰქონდა, ის შუადღემდე გაყიდა, მაგრამ შეყვითლებულ-შებერებულებს აღარავინ ეკარებოდა. დაუკლო ფასი, სამოც კაპიკზე ჩამოვიდა, მაინც დიდხანს დასჭირდა დგომა.
ბოლოს ვიღაცა მოვიდა, ათ შაურობაზე მიიწონა სულ, მანანამაც ათშაურობაზე მისცა. მანანამ ვედროები ერთმანეთში ჩადგა, - ატამი სულ კარგ ფასად გაყიდა, სამ მანეთად და ორდაათშაურად, ჩაცუცქდნენ დახლის უკან, ფული დაითვალეს, კარგად გამოკრეს ცხვირსახოცებში, ისევ უბეში ჩაიდეს, სასწორი ჩააბარეს, ტომრები და ვედროები საშიკოს მიაბარეს და ქალაქში გავიდნენ. თინა ამბობდა, იქნება თითო წყვილი ჩულქი მაინც ვიყიდოთო.
ჯერ ოთხი საათი ხდებოდა. ხან ერთ მაღაზიაში შევიდნენ, ხან მეორეში. ჩულქები იყო, მაგრამ არც საზღვარგარეთული, არც - ოცდასამი ზომა. ჩასხდნენ ტრამვაიში და ავლაბრის უნივერმაღში გავიდნენ. არც იქა ჰქონდათ. ერთმა ქალმა უთხრა, ახალ უნივერმაღშიაო, ჩავიდნენ მეტროში, სიცილ-სიცილით, ერთმანეთის ქეზებით, ამოვიდნენ რუსთაველზე.
ახალ უნივერმაღში მართლა ჰქონდათ „დედერონის“ ჩულქები. თინამ ორი წყვილი აიღო, მანანამ - ერთი. იყიდეს კიდევ თითო მინის გრაფინი, თავისი თითო ჭიქით, იაფად, ორ-ორ მანეთად და ოც კაპიკად. იყიდეს სარეცხი ფხვნილი „აინაც“, თითო „ნედეც“. ბადურები გატენეს და ბაზარში დაბრუნდნენ. საშიკოს იმდენი პანტა ჰქონდა დარჩენილი, ეტყობოდა, დღეს ვერ მორჩებოდა გაყიდვას. ისევ გავიდნენ მაღაზიებში, პური იყიდეს, თინამ ოთხი პური. მანანამ - ხუთი, იმას მეტი ჰყავდა მჭამლები. პურის მაღაზიიდან რომ გამოდიოდნენ, ერთ გლეხ ქალს ყველი მოჰქონდა. სად აიღეო, ჰკითხეს. აგე, აქვე, რომ გაუხვევთ და მაღაზიაა, ახლა დაიწყეს გაყიდვა, დიდი რიგი არ არისო.
გაიქცნენ თინა და მანანა, კარგა მოზრდილი რიგი დახვდათ, მაგრამ მაინც დადგნენ. ნახევარ საათზე მეტხანს იდგნენ და ორ-ორი კილო ყველი აიღეს. მეტს არ იძლეოდნენ: ამითაც დიდად კმაყოფილები დარჩნენ. დაბრუნდნენ საშიკოსთან და იქაც გაიხარეს. საშიკო პანტას მორჩენილიყო, ერთიანად მიეწონა ვიღაცისთვის „თითქმის მუქთად“. საშიკომ რომ ყველი დაინახა, ერთი ამბავი დააწია, მაშ თქვენ ხალხი ხართ, მაშ ჩემთვის არ უნდა შეგეტყობინებინათ, რომ არიგებდნენო!
- როგორ, ქალო, იმოდენა პანტა გქონდა გასაყიდი!
- ჩავაბარებდი ვინმეს და მეც დავდგებოდი. დღეს რა, თქვენი ბარგის ყარაული არა ვარ სულა?!
- წადი, ეხლა დადექი, განა არ მოგიწევს, ბარგთან ჩვენ ვიქნებით, - უთხრა თინამ.
წავიდა ფაციფუცით საშიკო. თინა და მანანა კი იმის ცარიელ ყუთებზე დასხდნენ. იტეხდნენ პურს და ნელ-ნელა ჭამდნენ, ყველისთვის ხელი არ უხლიათ. დაიწყეს სასტვენების სტვენა „ბაზარნიკებმა“, - აბა, მორჩით, ბაზარი იკეტებაო. ელოდნენ ცოტა ხანსაც თინა და მანანა საშიკოს, რაკი არა და არ გამოჩნდა, აიჩონჩხლეს იმის ყუთებიც, თავისი ვედროები და ტომრებიც და გარეთ გავიდნენ, იქ დაიწყეს ცდა.
ბოლოს, როგორ იყო, საშიკოც გამოჩნდა, იმას ერთ კილოზე მეტი ვერ აეღო.
- მიწა დავაყარე ამათ! თავდება და თითო კილოზე მეტი არ მისცეთო! მაშ თავიდანვე არ უნდა შეგეტყობინებინათ, თქვენ წილს ხო მე არ წამოვიღებდი! - კიდევ ერთხელ უსაყვედურა თინას და მანანას.
თინასაც სწყინდა, მანანასაც, მაგრამ ჩუმად იყვნენ. აიღო სამივემ თავ-თავისი ბარგი, წავიდნენ სადგურისკენ, სადაც სეირანა მოდიოდა ხოლმე, და იქ დაბარგდნენ, დასხდნენ. სხვებიც იქ იყვნენ - ზოგი კმაყოფილი, ზოგი უკმაყოფილო, ზოგი ნაყიდებით, ზოგი თავისი ცარიელი ყუთების ამარა. ვინ რას ამბობდა, ვინ რას.
მოვიდა სეირანაც, როგორც ყოველთვის, ახლაც მხიარულ გუნებაზე იყო.
- ჰა, როგორა მყავხართ, ხომ არ იზარალეთ რომელიმემა!
გადმოხსნა მანქანას უკანა ბორტი, წაესივნენ ქალები; ქალებიც, კაცებიც. აყარეს ყუთები, ვედროები. ავიდნენ თვითონაც, დასხდნენ.
„საზიზღარი“ ტაკვია დათა არა ჩანდა.
„მიწამ უყოს პირი“. - გაიფიქრა თინამ.
დილას უფრო ცოტანი იყვნენ, ახლა ზემოუბნელებიც დამატებოდნენ. დაიძრნენ და წამოვიდნენ. ლომაშვილების რძალი, დიდი, როხროხა, ხუმარა ქალი, ყველას გასაგონად ყვებოდა:
- მოვიდა ერთი გაოხრებული, ფინთი, და რას მეკითხება, იცით, ქალო, აი, მსხვილი კარგია თუ წვრილი, მსხვილი სჯობია, თუ წვრილიო, ვითომ კიტრზე.
თინამ არა, მაგრამ მანანამ წამოიძახა:
- ჩვენთანაც იყო ის გაფუჭებული!
- მერე თქვენ რომელი უთხარით, თქვენ როგორები გირჩევნიათ?
იფხრიწებოდნენ სიცილით ქალებიც და კაცებიც. ბინდდებოდა, სოფელში რომ შევიდნენ. ზოგი სად „ჩამოყარა“ სეირანამ, ზოგი სად. ბოლოს თინა და მანანაც ჩამოვიდნენ.
- კარგად იყავი, ქალო!
- კარგად, კარგად! - და ერთი იქით წავიდა, მეორე აქეთ წამოვიდა. მოდიოდა ჩაბნელებულ ქუჩაში თინა, ზურგზე ტომარა ეკიდა - ახლა იმაში ეწყო „აინებიც“, პურებიც, ყველიც - ნაღვლიანი ჩაჰყურებდა მიწას და ფიქრობდა, - „ნეტა მოვიდა სანდრო თუ არა, ნეტა მოვა, თუ არა, ხვალ ხომ კვირაა!“ თავისი ეზო რომ გამოჩნდა, ნაბიჯი შეანელა, მაღლაც შუქი ენთო და დაბლაც, დააკვირდა და ხის ტოტებში დაინახა: დერეფნის წინ სანდრო და ვალიკო იდგნენ. სანდრო წელს ზემოთ გაშიშვლებულიყო, ვალიკო სურით წყალს უსხამდა და პრიალა მხარ-მკლავს აბანინებდა. თინა რაღაცნაირად უცებ მოდუნდა. წავიდა თითქმის ბარბაცით, ჭიშკარი შეაღო და გაჩერდა. სანდრომ გამოხედა და დაიძახა:
- ოო, ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!
- მშვიდობა შენს გამოჩენას! - საბრალობლად გაეღიმა თინასაც. ტომარა ჩამოიღო და იქვე, ბალახებში ჩადგა. მოსახვევი უკან გადაიწია.
სანდრომ მოაჯირიდან პირსახოცი აიღო, სახეზე ჩამოისვა და თავისებურად გვერდზე გადახრილმა, გვერდზე ჩაღიმებულმა დაიძახა:
- მოდი, ქალო, ან მაკოცე, ან გაკოცო!
თინა წამოვიდა, ჯერ ბიჭს შეხედა, ვალიკოს, რომელიც გაღრეჭილი იდგა, მერე თითისწვერებზე აიწია და სველ ლოყაზე აკოცა, ტუჩების ბოლოს.
სანდრომაც ბიჭს მიხედა.
- მიდექ ცოტა, შე მამაძაღლო, რას შემოგვყურებ პირდაღებული!
ვალიკო ფხუკუნით მიტრიალდა.
სანდრომ თინას ბეჭებზე შემოაწყო ხელები, მიიზიდა და ჯერ შუბლზე აკოცა, მერე ქვემოთ - ყელისა და ყბის თბილ შესაყარში.
კიბის თავზე გაღიმებული ნარგიზაც გადმოდგა.
გვიან, შუაღამისას, ერთად რომ იწვნენ, თინა გულაჩუყებული ეუბნებოდა სანდროს:
- რაღაცა ჭირი მიდგება. სულ მეჩვენება, რომ მარტოდმარტო ვარ, ბიჭიც სხვაგან არი, გოგოც. შენ ხომ სულ სხვაგან ხარ.
- სიბერე მოდის, თინა, სიბერე!
- აღარ გაგიშვებ იმ სავერანეში. არც ფული მინდა, არც არაფერი.
სანდრომ თინას პატარა თავი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია.
- სტირი, ქალო? ერიჰა!
თინას სლუკუნი აუვარდა.
- ვაიმე, რა ვქნა! ვაიმე, რა ვუშველო ჩემს დაჩაგრულ თინიკოსა!