თებროს სოფელი თიანეთს ზემოთ არის, არტანს ზემოთაც, ისიც მდინარე იორს გადაჰყურებს. სანამ დედა ცოცხალი ჰყავდა, - მესამე კლასში იყო რომ მოუკვდა, - თებროც ბედნიერი იყო. შემოჯდებოდა ხოლმე ხის კენწეროზე და მღეროდა. დედის სიკვდილის შემდეგ ხვალინდელ დღეზე ფიქრი აჰყვა, - სულ ეშინოდა, რა იქნებოდა ხვალ და ხვალის იქით. მამამისმა, ხეგეჩა კაცმა, ბარის და ცულის მუშამ, წლისთავი გადაუხადა თუ არა ცოლს, მეორე ცოლი მოიყვანა - მხრებწვრილი, იდაყვმწყვეტი და თვალჭრელი ქალი.
დედინაცვალი ცუდად არ ექცეოდა თებროს, ზღაპრებში რომ თქმულა, იმის მიმსგავსებულიც კი არაფერი უგრძნობინებია გერისთვის, მაგრამ თებროს მაინც მალ-მალე მიჰქონდა ხელი გულთან. ეჩვენებოდა, რომ ხან უპატარავდებოდა ისედაც პატარა გული, უწვრილდებოდა გულის საკიდარი ძაფი, ხან კი, პირიქით, ისე უსივდებოდა, საგულეში აღარ ეტეოდა და სულ ცოტა ხანში სასუნთქსაც კი გადაუკეტავდა. ძალიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ თებრო მაინც იტყვის ხოლმე სევდიანი ღიმილით: არც ცემა მახსოვს ჩემი დედინაცვლისაგან, არც ფინთი წყევლა, მაგრამ დედინაცვალი რომ სხვა არის და დედა სხვა, ამას თუნდაც იმითა ვგრძნობდი - როცა დედინაცვალი მაბანებდა, წყალს ისე მაქივლებდა, სულს ვეღარ ვითქვამდი და ვოსდებოდიო.
თებროს სოფელი დღესაც პატარაა და ბავშვები დღესაც მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, თებრომაც იმ მეზობელ სოფელში დაამთავრა რვა კლასი. ისეთი კოხტა გოგო დადგა - ტანმორჩილი, მაგრამ კოხტა, წელში გამოყვანილი, ტუჩკბილგაწყობილი, - მამამისს მაშინვე მიუვიდნენ თებროს მთხოვნელები. მამამისიც, ეს ხეგეჩა კაცი, კმაყოფილი დარჩა. ღიმილით ისვამდა ულვაშებზე ხელს და თავგადაგდებით ამბობდა, - ცოტა დაგვაცადეთ, ხალხოო. ეს ცოტა - შემოდგომამდე დაცდა იყო. ბედად თუ საუბედუროდ, ჩამოვიდა ქალაქში გათხოვილი თებროს დეიდა, - რა დროს ამის გათხოვებაზე ლაპარაკია, დაბნელებულებოო, - ჩაჰკიდა თებროს ხელი, წაიყვანა თავისთან, თბილისში, სამკერვალო სასწავლებელში მოაწყო და ბინაშიაც ჩაიწერა დროებით.
დეიდას ერთი პატარა ოთახი და პატარა შუშაბანდი ჰქონდა ლოტკინის გორაზე, იმ გორის ფერდობში. თებრო იმასთან ვერ იცხოვრებდა, ისედაც ვიწროდ იყვნენ, - ორი შვილით, მსმელი ქმრით, - და სანამ სამკერვალო სასწავლებელში სწავლობდა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სოფელს თითქმის მთლიანად მოსწყდა. სტიპენდია ჰქონდა და თავის თავს თვითონ ირჩენდა. თვეში ერთხელ თუ წავიდოდა, ისიც იმიტომ, რომ იქაური წყალჭალა და თავისი ნახევარი და-ძმა მოენატრებოდა. იქნებოდა ერთ დღეს, დიდი-დიდი ორ დღეს, და მერე ისევ წამოვიდოდა.
გამოატანდნენ პატარა ხელჩანთით ცოტა ხილსა და ერთ ქილა მაწონს. ისიც ძალიან ემძიმებოდა. ჩანთა სულ ფეხზე ეხლებოდა, ხშირად გადაჰქონდა ერთი ხელიდან მეორეში, და თუ და- ფიქრდებოდა, ძირსაც კი სდგამდა. დეიდასთანაც იშვიათად დადიოდა, - დეიდას თავის მსმელ ქმართან უსიამოვნება ჰქონდა და იქ მისვლა წუხილის მეტს არაფერსა ჰგვრიდა.
სასწავლებელი რომ დაამთავრა თებრომ, ერთმა კეთილმა მასწავლებელმა ქალმა სამსახურიც უშოვა და ბინაც. არის დღემდე იქ - სამსახურშიც, ბინაშიც. დილის ცხრა საათისთვის მიდის სამკერვალო საამქროში, მთელ დღეს ბავშვების ტანსაცმელს კერავს, საღამოს ექვსი საათისათვის თავისუფლდება და მაშინვე შინ მიდის. რატომღაც აქამდე ვერ მიეჩვია ქალაქის ჩოჩქოლს, სულ სიწყნარე უნდა, სულ სადღაც მიყუნჭვა, საამქროშიც კუთხეშია მიყუნჭული თავისი საკერავი მანქანით - ეს „შინა“ აიქ არის, აი, ვეძისის მთის ძირას. ჯერ ტროლეიბუსით მგზავრობს ვიღაც დიდების ზურგებსა და მხრებს შორის ჩაკარგული. მერე ტროლეიბუსის გზიდან კიდევ კარგა მანძილის გავლა უხდება ფეხით.
მარტო თებროს სად შეეძლო კერძო ბინაში ქირის გადახდა. კეთილმა მასწავლებელმა ქალმა ერთი სხვა გოგოც შეუამხანაგა, მარეხი, ისიც ქარხნის მუშა, ის მთლად ობოლი. მარეხის სოფელიც მთაშია, არაგვის პირას. თებროც ოცდახუთ მანეთს იხდის თვეში, მარეხიც. ერთიც ჩაუწერავია ამ ბინაში, მეორეც. თან როგორი ბინაა - ნახევარსარდაფს რომ იტყვიან, სულ რვა კვადრატული მეტრი, ფანჯრის თითქმის ნახევარიც რომ მიწის ქვემოთ მოდის. იმ ფანჯარაზეც ერთთავად ფარდა უნდა ჰქონდეთ ჩამოფარებული. საკმარისია, გასწიონ გვერდზე მზის და სინათლის შემოსაშვებად, მაშინვე ვინმე დაიხატება მათ პირდაპირ.
ზოგი უტიფარი რკინის ცხაურსაც კი მოადგება და დაიწყებს მურდალ ღრეჭვას. ბიჭებს კიდევ არა უშავთ რა, ხანდიხან შეჭარმაგებული კაცებიც კი კადრულობენ ამისთანა რამეებს. ისინი ვითომ შემთხვევით ყოვნდებიან გოგოების ფანჯრის პირდაპირ, მალული მინიშნებებით ეუბნებიან: ან შინ შემოგვიშვით, ან გარეთ გამოდითო, ფულსაც კი აჩვენებენ. თებრო და მარეხი გაბრაზებულები გასწევენ ფარდას. დასხდებიან, - ერთი თავის საწოლზე, მეორე თავისზე, - უყურებენ ერთმანეთს და სიმწრით იცინიან: რამდენნაირი გარეწარით არის სავსე ეს ქვეყანაო!
მარეხი ყოჩაღია, თებრო უშნო. მარეხს ბიჭური გინებაც კი შეუძლია. კინოში რომ წავლენ და ვიღაცა მაიმუნები აეკიდებიან, მარეხი იმ მაიმუნებსაც აგინებს - თავისთვის, მხოლოდ თებროს გასაგონად, მაგრამ დაგემოვნებით. თებრო წითლდება მის გინებაზე: გაწყვიტე ხმა, გოგოო, მარეხი კი იცინის, იცინის, თებროს ხომ კარგი კბილები აქვს, მარეხს უკეთესი. ათასში ერთხელ ან მუსკომედიის თეატრში დადიან, ან ფილარმონიაში. დანარჩენ დროს სხედან და არიან შინ. ეზოში მალ-მალე გასვლისაც კი ერიდებათ. ონკანი და საპირფარეშო, - აი, მათი გზა.
იქაც ისე მიდიან, ერიდებათ, რცხვენიათ. ეს იმიტომ, რომ ერთთავად უგვიანდებათ ქირის გადახდა. ზამთარში და ავდარში უფრო კარგად გრძნობენ თავს, არც გარეთ ეძახით არაფერი, არც გარედან შიგნით აწუხებთ არაფერი, თუ დიდი წვიმა არ არის და შხეფები არ სწვდება ფანჯარას. წვანან თავ-თავიანთ საწოლებზე და კითხულობენ წიგნებს. რაც საეშმაკო, ანდა გულის გამკინწლავი რამე წერია წიგნში, ხმამაღლა უკითხავენ ერთმანეთს. ზამთრობით ელექტროქურა უნთიათ გამუდმებით, ზედ აგური უდევთ. ზოგჯერ შემოსდგამენ ტაფასაც, დაახლიან მზესუმზირას, ზის ერთი იმ ქურის აქეთ, მეორე - იქით, აკნაწუნებენ სურნელოვან მზესუმზირას და ჰყვებიან თავიანთი სოფლების ამბებს, მიწადასაყრელი ბიჭების ამბებს.
ერთის სოფელიც ძალიან კარგია, მეორისაც. ერთშიც დიდ-დიდი კაკლები დგას, მეორეშიც. ერთგანაც, კაკლების ქვეშ, გვიან შემოდგომამდე იცის მწვანე ბალახი, მეორეგანაც. წამოგორდი და იყავი ცას მიჩერებული! ერთსაც კარგი ბიჭი ჰყვარებია, მეორესაც, მაგრამ იმ ბიჭებს თვალები ბრმა ჰქონიათ, სხვები დაუსვამთ ცოლებად - ფინთები, წარუკები. მარეხს შეყვარებული ახლაც ჰყავს. უფრო სწორად, მარეხი ერთ ბიჭს უყვარს, მარეხს კიდევ - ისე რა! თანაც ის ბიჭი ცოტა მსმელია, ცოტა დებილი. ამიტომ მარეხი სულ დაკარგულ სიყვარულს მიჰგლოვის.
ოჰოო, ხომ ასეა, მე კიდევ არ ვკარგავ იმედსაო. მარეხის ახლანდელი შეყვარებულიც იმ ქარხნის მუშაა, სადაც თვითონ მუშაობს. აიო, მოვაგროვებ ცოტაოდენ ფულს, მოვაწეროთ ხელი და ერთი-ორი კვირით სადმე წავიდეთო. სულ ამ სადმე წასვლაზე ოცნებობს. მარეხი ტუჩებს პრუწავს. ორ-სამჯერ ის ბიჭი გოგოების ბინაშიც მოვიდა, მოუტანა შოკოლადიანი ტორტი და მოვიდა. თებროს ბიჭი მოდებილოდ არ მოეჩვენა. საწყალი გულისა ჩანდა, დიდი ხელებისა და საწყალი გულისა. ცოტა ნასვამი კი იყო. სულ თმაზე ისვამდა ზემოდან ქვემოთ მარჯვენა ღონიერ ხელს. თებროც აცინა და მარეხიც.
ბიჭიც სოფლიდან იყო ჩამოსული და თავისი სოფლის სასაცილო ხალხის ამბებს ჰყვებოდა. მარტო სხვებისას კი არა, - მამაჩემს ჰოპლა ჰქვიაო, დედაჩემი კოლექტივის მანქანიდან გადაუვარდა და ჰოპლა მიაძახაო. გაიგო ქოფაკმა სახლის პატრონმა, ის ბიჭი რომ ორ-სამჯერ იყო, შევიდა გოგოებთან და მკაცრად უთხრა: თქვენ თუ აქ ბოზხანის გახსნას მიპირებთ, დღესვე აიბარგეთ აქედანო. მას მერე ის ბიჭიც აღარ მოსულა.
მარეხი თებროსაც უმალავს, მაგრამ თებრო მაინც გუმანით გრძნობს, რომ მარეხი და ის ბიჭი კოცნაობენ, თან ისე კოცნაობენ, მეორე დღეს მარეხი ჩუმ-ჩუმად ისინჯავს უბეს. დაინახავს ამას თებრო და მთლად განმარტოება მოუნდება, დაწვება თავის საწოლზე, წაიხურავს პალტოს, გადაბრუნდება კედლისკენ და მოიკუნტება, მოიბღუნძება.
მარეხს არაფრის ეშინია, თავაღებულმა იცის სიარული. არც თებროს ეშინია მაინცდამაინც ბევრი რამის, მაგრამ მაინც თავდახრილმა იცის სიარული. შემოდგომაზე, ერთ ღრუბლიან დღეს, - იმ დილით გამოტანა სახლის პატრონმა იატაკის საწმენდი ჯოხი, დაუშინა ყვითელფოთლებიან ჭერამს: თუ ჩამოყრაა, ერთბაშად ჩამოყარე ფოთლები, სადა მაქვს ყოველდღე მაგათი გვის თავიო, და თებროს ძალიან დასწყდა გული, - შემოდგომის იმ დღეს საამქროში კრება ჰქონდათ, ის კრება გვიან დამთავრდა, მერე ტროლეიბუსიც არ მუშაობდა, ქუჩაშიც ბნელოდა, გაგარინის მოედნიდან ერთი ბიჭი აჰყვა, ჯერ რაღაც სისაძაგლეებს ეუბნებოდა, მერე უცბად სწვდა, მიიტაცა, დააცხრა სასმელით აყროლებული პირით. თებრომ ისეთი გაულაწუნა სახეში, ბიჭი წაბარბაცდა. მაგრამ თებროს ხელი მაინც არ გაუშვა და ისევე, დაბარბაცებულმა, მოუქნია მუშტი. თებროს ხმელი მუშტი მარცხენა წარბში მოხვდა. წარბი გაუსკდა. თებრომ იკივლა. ვიღაცეებმაც იკივლეს, ბიჭი გაიქცა, თებრომ იმ ღამეს ძლივძლივობით შეიწყვიტა სისხლი.
სამუშაოზე თქვა: სიბნელეში წავიქეცი და რაღაცას დავკარი წარბიო. სწყევლიდა, სწყევლიდა, სულ წყვილ-წყვილად აწყობდა მიწაში ქუჩების ჩამბნელებლებს, მაგრამ გრძნობდა, რომ მაინცდამაინც მტკიცედ არავინ უჯერებდა. ისედაც თავდახრილი მთლად თავდახრილი გახდა. ქუჩაში მომავალი ტუჩებსაც კი მალავს.
ეს ზამთარიც გაიბა, გაიბორჯღა. სულ ცივა, სულ ჭყაპია. სოფელშიც ვეღარცერთხელ მოახერხა წასვლა. თან უამინდობის, თანაც იმის გამო, რომ მოსამსახურე ქალია, ხელცარიელი ხომ არ ჩაუვა თავის ნახევარ და-ძმას. მარეხიც, რომ იტყვიან, ცალი ფეხითღაა მასთან, - ორიოდე თვე, დიდი-დიდი სამიოდე თვე, და წაიყვანს შეყვარებული ბიჭი. თებრო ეუბნება მარეხს: შენ რომ წაგიყვანს შენი ქმარი, მეც წამიყვანეთ თქვენთან, მოახლედ დაგიდგებითო. მარეხი იცინის, იცინის. მერე იტყვის: ცოტა მოიცა, გოგო, და შენთვისაც გამოვარდება ერთი კლდის ნატეხიო.
თებრო გაპობილ წარბზე მიიდებს ხელს: აქამდე არ გამოვარდა არავინ და ახლა რიღას იმედი უნდა მქონდესო. - რას ამბობო, - ანუგეშებს მარეხი, ეგ გიხდება კიდეცაო. თებრო მაინც საშინლად თვალნათლივ ხედავს საკუთარ სიმარტოვეს, მარტოობის ჰაერსაც კი თავის ირგვლივ, და ციებისმაგვარი ჟრჟოლვა იპყრობს. კეთილი მასწავლებელი ქალიც აღარ არის აქ, ბათუმში გადასახლდა. სამშობლო სოფელიც აღარ ეძახის თავისთან. ეტყობა, სამუდამოდ გაუუკუღმართდა გული. სასთუმალთან უდგას პატარა ფლაკონებით კორდიამინი და კატაბალახას წვეთები. ახლა საამქროს ახალი უფროსი, ბინძური კაცი, მოსვლისთანავე რომ წასძახა: - შენაო, რა ვქნაო, თბილისში რატომ არა ხარ ჩაწერილიო, - ეღლაბუცება, ეძალება. როგორც კი პატარა საშუალება მიეცემა, აუცილებლად ხელს შეავლებს, სიმკვრივეს უსინჯავს. თებრო ემუქრება: რაიკომში გიჩივლებო.
- ოჰ, ოჰ, ნუო, ნუო, - ვითომაც შიშით კანკალებს საამქროს უფროსი. კიდევ უარესი - უბნის ინსპექტორის ყურამდეც მიაღწია, ჩაუწერავები რომ ცხოვრობენ ეს სოფლელი გოგოები, და კვირა არ გავა, არ მოუკაკუნოს ფანჯარაზე და არ იკითხოს ღრეჭით: აბა, გაგასახლოთ, თუ... - მეტს არაფერს ამბობს, მაგრამ გოგოები აიბუზებიან - ცოტაც, ცოტაც დაგვაცადეთო, - ეუბნება ყოჩაღი მარეხი. თებროს ურჩევნია მიწა გაუსკდეს და თან ჩაიტანოს. ერთხელ ინსპექტორმა ხელი მიუახლოვა წარბთან და უთხრა: შენა ამით კაი ამბავში არა ხარ დაჯილდოებულიო.
გადასაწყვეტს თებრო: მოდი, ჩავიცვამ რკინის ქალამნებს, დავიჭერ ხელში რკინის ჯოხს, როგორმე მივაღწევ მთლად უფროსებამდე და სულ წვრილად ვეტყვი ჩემს ამბავს, ვეტყვი, რომ არც ოჯახი მეწევა ჩემი სოფლისაკენ, არც ხელობა. ვეტყვი, რომ დილიდან საღამომდე ვზივარ, პატარა საყვარელ ბავშვებს ვუკერავ ლამაზ-ლამაზ ტანსაცმელს და ამ ადამიანს ნუთუ ერთი თაგვის სამყოფი კუთხე არ მეკუთვნის ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, თუ ესაც დედინაცვალი არ არის ჩემთვისო. სხვებსაც ეუბნება ამას თებრო. ეს სხვები ყურს უგდებენ და ეღიმებათ, ისე ეღიმებათ, უკანასკნელ წვეთამდე უწურავენ იმედის წყალს. ამიტომაც არის, რომ მისის გადაწყვეტილება დღემდე მხოლოდ გადაწყვეტილებად რჩება.
ერთი ცუდი კიდევ ეს არის: ალბათ მუდმივი ჯდომის გამო - სუქდება. თან ტანდაბალი გოგოა, თან სუქდება. ბოლო ხანებში კიდევ, სამუშაოზეც და შინაც, ხშირად მთლად უმიზეზოდ ცრემლით ევსება თვალები. ეს ერთი მხრივ კარგია, უფრო ულამაზდება ისედაც ლამაზი თვალები, მაგრამ ვინ იხრება და ვინ უყურებს ქვემოდან ამ სილამაზეს? არავინ.
აცვია (მარტო ახლა დაიწყო და ალბათ კიდევ ერთ თვეს ივლის ქუჩაში ასე) ჩვენი ნაქსოვი მოლურჯო ფერის ტვიდის პალტო, რომლის კალთები სიარულის დროს ეხსნება და ხელი წინ ხშირად მიაქვს მათ შესაერთებლად. ფეხთ - რუხი, ყავისფერი ტყავით გაწყობილი სქელძირიანი ფეხსაცმელი, უკვე პეწდაკარგული, მოძულებულიც კი თებროს მიერ. ახურავს ღაზლის შინ ნაქსოვი ქუდი, ისიც მორუხო და ყავისფერზოლებჩამოყოლებული. სახის ყველაზე გამორჩეული ნიშანი უკვე იცით, - როგორც არ უნდა შეინიღბოს, მაინც ეტყობა, რომ მარცხენა წარბი ორად აქვს გაპობილი. ოდნავ შემუქებულ საულვაშეზე მარჯვენა მხარეს მოუჩანს პატარა ხალიც. ძალიან იშვიათად ეღიმება, მაგრამ, როცა იღიმება, მაშინაც ქვედა ტუჩს კბილებს აჭერს და ღრმად ღუნავს თავს.
ტანსრულობა უკვე პალტოშიც ეტყობა, გამორჩევით - მკერდის სისრულე. ამას თვითონაც გრძნობს და, ქუჩაში რომ მიდის, სულ ცდილობს, როგორმე შიგნით შეიზიდოს ის წინწამოზიდული მკერდი.
დაჰღიმებს ტროტუარის პირას ამობზინებულ ბალახებს, მაგრამ იმ წამსვე თითქოს რაღაც სამწუხარო ამბავი გაახსენდება და ადრინდებულად მიენაცრება სახე.
















