ამ აგვისტოს ბოლოს კახეთიდან ვბრუნდებოდი, აეგრე მოკლეებზე გადმოვედი და ლელიან ველს რასმე წავადექი. ვხედავ - ჭყანტობია, იმ ჭყანტობს იქით მუხა დგას, მზე ჩადის, სხივები ტოტებქვეშ გამოშვერილა შუბებივით და იმ სხივებში - გუნდებად შეკრული ქინქლა ავარდება მაღლა და დაიწევს ისევ... გამიკვირდა, რა არის-მეთქი, გადავტოპე ჭყანტობი, გავარღვიე ლელი და საკვირველ სურათს წავაწყდი!
მუხის ქვეშ ერთი ვეებერთელა ხევსური გაშხლართულა გულაღმა, ცაამოძენძილი გალიბანდი შუბლზე ადევს, დევივით ფშვინავს, და ფუო - რომ ამოისუნთქავს, ის გუნდად შეკრული ქინქლა შადრევანივით ავარდება მაღლა, ჩაისუნთქავს და დაესევიან ჭარხალივით გაწითლებულ ცხვირ-პირზე.
შემებრალა, შევანჯღრიე, გავაღვიძე და ვუთხარი:
- ადე, ძმაო, აქ სად დაწოლილხარ, ქინქლა და კოღო გჭამს-მეთქი.
- არაფერია, არამ სისხლ მიაქვთო.
გადაბრუნდა და ისევ ძილს მისცა თავი.
შენ კიდევა...
საათის ხმა არ მაძინებსო?!
ვაი, მოგიკვდეს ჩემი თავი, ძმისავ!
















