მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 596 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რვეული I

 

გვ 3.

ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხედება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები...


გვ 4.

როგორც მუსლიმანი შედის მეჩეთში - ფეხგანბანილი, განწმენდილი, - ისე მე შევდივარ ფერებისა და სახეების სამყაროში, რომლებიც სადღაც მაღლიდან უნდა ჩამოვკრიფო და წინ დავუწყო სხვებს. ვგრძნობ ეს ყველაფერი ძველია, თანამედროვეობას ჩამორჩენილი, მაგრამ იმედი მაქვს ხელოვნებაც აიტანს ერთ ცრუმორწმუნეს, და უდრტვინველად განვაგრძობ გზას.


გვ 26.

ლიტერატურამ მკითხველი არ უნდა მოსწყვიტოს თავის თავს. პირიქით, მან უნდა ასწავლოს ვინ არის ის, რა ადგილი უკავია მას ამ დედამიწაზე და რა მისია აქვს შესასრულებელი. ნუ გვგონია, ბევრმა იცოდეს ეს.

როდესაც “განათლებულ ადამიანთა” ერთი ჯგუფი მიმტკიებს, თითქოს საჭირო არ იყოს ჩვენი, საკუთარი პატარა ლიტერატურის ქონა მსოფლიოს დიდი ლიტერატურების გვერდით, თითქოს თარგმნილი წიგნები უკეთესად გააკეთებდეს ჩვენი ლიტერატურის გასაკეთებელ საქმეს, მე მათ ერთ-ერთ კითხვად ყოველთვის ამას ვაძლევ: ხომ არ მოსწყვეტს თარგმნილი ლიტერატურა ჩვენს მკითხველებს თავის ადგილს ხომ არ დააბნევს; რადგან მე ასე ვიცი: რამდენი მთაც არსებობს - იმდენნაირი ხასიათი აქვს ამ მთებს, იმდენნაირი კონკრეტული ხერხებია საჭირო ამ მთის ძირის საცხოვრებლად; ძნელად, რომ ამერიკის პრერიების მცხოვრებთა სულისკვეთება მოარგოთ ჩვენი ფიცხი მთების შვილთა ხასიათს.


გვ 28.

ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას. ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა დაავადებათა შორის.


გვ 46.

ადამიანის ცხოვრება ყველაზე მეტად ცეცხლის ალს წააგავს. ის ხომ გამუდმებულ სწრაფვაშია. თანაც მიისწრაფვის მხოლოდ და მხოლოდ მაღლა, მიისწრაფვის და... თავდება არარაობაში, როგორც თვით ალი, ისევე მისი კვამლიც.


გვ 47.

ჩემს წიგნის კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული. მე კი ხელები ზურგს უკან მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ.


გვ 64.

ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა.


გვ 71.

ღმერთო, რა ლამაზები ვიყავით, მშივრები რომ ვიდექით წიგნის მაღაზიაში და აღტაცებულნი შევყურებდით კუინჯის “არყნარს”.

 

რვეული II

 

 

გვ. 13.

სისადავე! სისადავე! სისადავე! ოი, რა ძნელია მიღწევა.


გვ. 22.

თანდათან უფრო მიჭირს “მხატვრული ნაწარმოებების” წერა. მე მეჩვენება, მამაკაცისთვის უკადრისი საქმეა, დაჯდე, დაიდო წინ სუფთა ქაღალდი, მოიმარჯვო კალამი და დაიწყო შეთხზვა რაღაც - რაღაცეებისა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობდე საერთოდ წერაზე. არა როგორც ამ წიგნიდანაც ჩანს, მე ვწერ, ვწერ დიდი სიყვარულითაც - მხოლოდ... არა ტრადიციულ მოთხრობებსა და ასეთებს.


გვ. 29.

სინათლე, სინათლე ფრაზაში, სინათლე კომპოზოციაში, სინათლე დედააზრში! აი, ჩემი მთავარი დევიზი წერის დროს.


გვ. 76. 

ღამის ორ საათზე ვიღაცა უკრავს შოპენს, იგი მაღლაა, მესამე სართულზე, მე დაბლა, ჩაბნელებულ უკაცრიელ ქუჩაში, და მეჩვენება, რომ თავზე მაყრის ძველებური, ბროლივით გამჭვირვალე და წკრიალა პოეტური სულის ნამსხვრევებს.


გვ. 89.

თქვენ ატყობთ ჩემი მწერლობით მე “მდგომარეობას” არ ვიკეთებ. არც მდგომარეობით არ ვიკეთებ მწერლობას. მე ვწერ, ჩემს სულს რომ ლოცვა დასჭირდება. რატომღა ვბეჭდავ და ფულს რატომღა ვიღებ? იმიტომ, რომ ჩემს ფიზიკურ არსებობას უამრავი გადასახადი აქვს შეწერილი ამ ქვეყანაზე.


გვ. 168.

მხატვრული სახე - ადამიანი, ცხოველი, მცენარე, ნისლი ან წვიმა - ისე ამყვება, ვერაფრით ვეღარ ვახერხებ ხოლმე მის ჩამოცილებას, თუ არ ავდექი და ერთ დღეს ქაღალდზე არ გადავიტანე. მაგალითად: კუკრუჭანებმა ათ წელიწადზე მეტ ხანს მდიეს. სულ სამი გვერდის დაწერა კი დამჭირდა და მორჩა, გამათავისუფლეს.


გვ. 169.

რამდენი ხანია მე ვყაყანებ ამას: ჩვენი მოზარდი თაობის სულს მართავს ამერიკანიზმი. ამერიკული ჯინსი, ამერიკული ბრტყელი ქამარი, პერანგი, ვარცხნილობა სმიტ - ვენსონი, სიარული, ერთმანეთთან ურთიერთობა, აი, საოცნებო სამყარო, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. ჩვენ კი თევზის ქონივით ძალით ვასმევთ ჩვენს შეხედულებებს - ჩვენს პუშკინს, ჩეხოვს, ვაჟას, ალ. ყაზბეგს და სხვა ასეთებს.


გვ. 183.

ერთი წუთითაც კი რომ წარმოვიდგინო, მე ვმწერლობ ვიღაცეების გასართობად, მაშინ სამუდამოდ ავიღებდი ყოველგვარ წერაზე ხელს.


გვ. 184.

ჩემო საბრალოებო, ჩემო საცოდავებო, მე ხომ ყოველთვის სიცოცხლეს ვათავებ, როცა მდგომარეობას წარმოვიდგენ სამყაროში: მე ხომ ყველას გულისათვის ვკვდები! მხოლოდ ჩემი თავი არ მიმაჩნია ამის ღირსად.


გვ. 196.

მე ვეღარ ვახერხებ ფიქრისა და წერისათვის გამოვგლიჯო მსახვრალ ცხოვრებას დრო, და ეს დამღუპავს.

არადა რა საინტერესო რაღაცეებს ვხედავ ჩემს შიგნით, მხოლოდ ღრმად, როგორც მდინარის ფსკერზე.

 

რვეული IV

 

გვ. 154.

როგორ მიკვირს, - რა ვარ და ვინ ვარ? ესოდენ მძაფრად რომ მიწურავს გულს ყოველი ცუდი ფეხსაცმელი ქალისა, ყოველი გახეხილი პალტო, ყოველი უგემურად შეკერილი კაბა. არანაკლებად განვიცდი ხოლმე გამხდარი, ფერმკრთალი ბიჭების ულაზათო, უქონოლობით იოლად გასასვლელ ჩასაცმელ - დასახურს. თანაც ეს შარვლის სიგანე უსიამოვნოდ მეჩხირება თვალში.


გვ. 170.

ნუთუ ჩემი ერთგულება “მცირე ფორმისადმი” არ მეტყველებს იმაზე, რომ არავის ვეჯიბრები არც მწერლურ სახელში, არც ქონების მოხვეჭაში. მე ხომ გრძლადაც შემიძლია წერა, (თანაც ძალიან სწრაფად) რაზედაც მეტყველებს ჩემი კინოსცენარები.


გვ. 174

არავითარი გამონაგონი! რაღა დროს გამონაგონებია. ყველაზე საშინელი ყოველდღიურობა, აი, ამოცანა თანამედროვე ხელოვნებისა. წავიკითხე ჩემი "დაბრუნება" და ცოტა დამიმიმშვიდდა სული.


გვ. 203

საზიზღრად ადვილად იწერება "უიღბლო გიგოს" ფრაზები. იმდენად ადვილად, რომ არავითარი სურვილი არა მაქვს წერისა. სულ სხვა იყო "ძველებური ელეგია" და "დედულეთის გზაზე", იქ ყოველი ფრაზა ქვის თლას ჰგავდა. მე ასეთი ქვის თლა მიტაცებს.


გვ. 222.

ჩანაწერები "სამაგიდო რვეულიდან", რომლებიც გამოქვეყნებულია "ცისკრის" პირველ ნომერში: ნუთუ ვერ ხედავთ, რამდენმა რამემ მოიყარა ერთი ფორმის ფარგლებში? რამდენი ხასიათია, რამდენი სიუჟეტი, რამდენი ფერი. გადაიღეთ თანმიმდევრობითი კინოფილმი და ნახავთ, რომ იგი იქნება უმდიდრესი მოზაიკა. ეროვნული მოზაიკა. სცადეთ და სხვა საშუალებებით ჩატიეთ ამდენი რამ ოციოდე გვერდში! რამდენი გრძელი მოთხრობა და თანამედროვე რომანი დაგჭირდებათ საამისოდ.


გვ. 236.

ვკითხულობ ჩემს "შორი თეთრი მწვერვალს" (წიგნს).

მეჩვენება თუ მართლა ასეა? ვაჟას, ეკატერინე გაბაშვილის და იროდიონ ევდოშვილის სოფლებს მიემატა ჩემი სოფელიც. 30-40-იანი წლების ჩემი სოფელი. ამ წლების შემდეგ უკვე სხვები იქნებიან, ან უკვე არიან კიდეც, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საბავშვო ლიტერატურაში.

 

რვეული V

 

გვ. 48.

ზედაზენზე და უძოზე ისევ დგანან ჩემი ბავშვობის ზამთრისპირის ღრუბლები.


გვ. 51.

ძალიან ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან, მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე ის დაგიამებს სულის ტკივილს.


გვ. 58.

"კეთილო" - მოთხრობა ბავშვებისათვის ძროხაზე. კეთილო მარტო ძროხაა? ის მკვებავი მიწაა. მე მზარავს ამ მიწის გაუფასურების შიში. დედამიწაზე არსებული ყველა მანქანა ვერ შეედრება ძროხის სასიკეთო ქმედებას. ასევე ვფიქრობ მოთხრობებზე: "ჩიტუნიას ლოცვა", "ლამაზი ხე-თელა" და სხვა.


გვ. 59.

მე პოეტი ვარ, მხოლოდ იმით ვარ გამორჩეული, რომ პროზაიკოსის გასამრჯელოს მიხდიან ან: მე პროზის ტარიფით მომუშავე პოეტი ვარ.


გვ. 80.

დადგება დრო და ვიღაც უთუოდ მიხვდება, რომ ჩემი მოთხრობების დიდი ნაწილი პასტელით კი არა, ნემსის წვერით არის ნაწერი ფოლადზე.

 

რვეული VI

 

გვ. 5.

მგონია ვეღარასოდეს დავუბრუნდები მოთხრობებს, თუ ქალაქიდან არ გავიქეცი.


გვ. 6.

მეღვიძება ხოლმე შუაღამის სამის ნახევარზე - სამზე უმშვენიერეს საკითხავს მივაგენი. ესაა ჩვენი, ქართული ენციკლოპედია. დიდი სიამაყით მევსება გული, მასალათა უდიდესი ნაწილი ხომ ჩვენი სპეციალისტების მიერ არის დაწერილი, წიგნიც ჩვენებმა გააკეთეს, სტამბის მუშებმა.


გვ. 7.

მე მხოლოდ იმის იმედიღა მაქვს, ზემოდან თუ მოვა რამე შვება.


გვ. 29.

ჩემს ნამდვილ მოთხრობებს არასოდეს მკარნახობს სინამდვილე, უფრო ზუსტად - ისინი არ მოდიან წინიდან ჩემსკენ, ვიღაცეები თუ რაღაცეები მასხედან მხრებზე და მეჩურჩულებიან ყურისძირებში. როცა ისინი მტოვებენ, ვყრუვდები. რასაც მაშინ დავწერ, თვითონ არ მესმის.


გვ. 80.

გუშინ აქ, უჯარმაში, ჩემთან იყვნენ თემურ მაღლაფერიძე და გურამ გეგეშიძე. დიდად გავიხარეთ. თითქმის სხვაგვარად გამოიყურებოდნენ მთებიც და ცაც.


გვ. 167.

წუთით მოგვევლინა - ჩუფჩიკა (თენგიზ მირზაშვილი, მხატვარი) რა სასიამოვნო ზეიმი იყო ეს წუთი ჩემი ოჯახისათვის!...


გვ. 102.

აფთიაქში ჩემი თანაკურსელი ცისანა გენძებაძე შემხვდა. შვილი მძიმეზე მძიმე ავადმყოფი ჰყავს, ქმარი შარშან გარდაეცვალა. გამხდარა, დაპატარავებულა, უმძიმესი სევდა უდგას ოდესღაც გიზგიზა თვალებში. ღმერთო, რა შემიძლია, რით ვცე ნუგეში?!


გვ. 113.

მე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არც ვცდილობ, რაიმეთი გამოვერჩიო სხვათაგან. ისე ვიცმევ, როგორც ყველა, ისე ვიკრეჭ თმას, როგორც ყველა, სიარულიც ისეთი ვიცი, როგორც ყველა დადის. მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობ, რა საშინელი ტვირთი მკიდია სხვებთან შედარებით. მე გამუდმებით უნდა ვწერო, თან ვწერო ახალი და ახალი გამონაგონნი. ამ გამოგონებებისთვის იძულებული ვარ გადავიდე, გადავსახლდე სხვაგან და სხვაგან, ჩავდგე სხვათა და სხვათა შორის. ვუყურო და ველაპარაკო სხვებსა და სხვებს. ეს საშინელი შრომაა, ძალიან მღლის. გარეგნულად ვერაფერს შემატყობთ, მაგრამ შინაგანად ქანცი მაქვს გაწყვეტილი.


გვ. 120.

რატომ დავდივარ მხრებდახრილი? წამით არ მტოვებს ხოლმე ფიქრი, რომ ხალხი პურს მაჭმევს ჩემი ნაწერების გამო, ის კი არ ვიცი, რამდენად ნამდვილი სიკეთე მოაქვთ ამ ნაწერებს.


გვ. 125.

რა უნდა ჩემს სულს? რას ელის, რისი იმედი აქვს... ხანდახან აიწევს ასაფრენად აზიდული არწივივით, ვერ აფრინდება და ისევ მძიმედ დაუშვებს ფრთებს. მაშინ დავდივარ უმიზნოდ და უმისამართოდ. ამას მარტოობა ჰქვია.


გვ. 148.

ლოგინში რომ ვწვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.

დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.


გვ. 167.

პოეზია ადრე ჩემს გარეთ იყო. ახლა ჩემშია, შიგნით, ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი.

წინათ სხეულთავისუფალი, დროებით შევდიოდი მასში, მობანავესავით ვეძლეოდი განცხრომას და მერე ვტოვებდი, როგორც ზღვას. ახლა ვეღარ ვახერხებ ამას. მძინარესაც კი ყოველი უჯრედი გათანგული მაქვს შეგრძნებებით- ეს საოცარია-: საოცარია ფოთოლი, კვირტი, ხე, ფრინველი, წყალი, მთა, ყველაზე მეტად -ადამიანი. საოცარია და საამოდ მათრობელი.


გვ. 241.

ხანდახან ვფიქრობ - დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი. მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს, - სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი! - მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი!-და ისევ განვაგრძობ ჩემსას. მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი.


გვ. 260.

შემიძლია განვმარტოვდე, ვიყო ახალ ბინაში, საბურთალოს ქუჩაზე, უჯარმაშიც, მაგრამ აშკარად ვხედავ, პატარების გარეშე ვეღარ ვძლებ. ისინი ახშობენ თავიანთი ხმაურით ჩემში ჩამოწოლილ მარტოობის გრძნობას. რომ ვეღარ მუშაობო? მე მეღიმება. დიდია ღმერთის ძალა. თუ ღმერთი ღირსად მცნობს, მამუშავებს, წისქვილის ქვაზეც რომ ვიჯდე. სასწრაფო გადაუდებელი სათქმელი კი არაფერი მაქვს. რაც სასწრაფო და გადაუდებელია, იმას მთელი ქვეყნიერება ღრიალებს - გონს მოდით, ადამიანებო, სიცოცხლის მოსპობას ნუ აპირებთ დედამიწაზე! ყველა კი ყრუა თითქოს.


გვ. 303.

ჩემი წარმოდგენით, მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ და აწყნარებდეს.


გვ. 324.

შემიპყრობს ხოლმე ეჭვი, სინათლე, რომლისკენაც მე ესოდენ დაუოკებლად მივისწრაფი, ხომ არ არის პრიმიტიზმი, რომელიც მძულს. მივდივარ გოგენთან, ვან-გოგთან, მოდლიანთან, მარკესთან და ვმშვიდდები. აი, ახლაც წინ მიდევს მოდლიანის "პეიზაჟი" - სულ რამდენიმე ხაზით მოთავებული ფოთოლი, ხე, სახლის სამკუთხა სახურავი, ერთი შავი სარკმელი, იქით, სიღრმეში, ზღვა და მერე ბაცი ცა... დამთრგუნავი სილამაზე, რაღაც მარტოობისა და განწირულობის გრძნობა... პრიმიტივისტები ვერასოდეს ახერხებენ განწყობილების ამ რანგში ატანას.


გვ. 371.

დგება დღე, ხან როდის, ხან როდის, - ყველაფერი არარაობად მეჩვენება, რაც კი მე დამიწერია ოდესმე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ