ბოლოს ღა ბოლოს, ძლივს მარტო დავრჩი! ქუჩიდან რამდენიმე დაგვიანებული, ქანცმილეული ეკიპაჟის ხმაურიღა მოისმის. სიმშვიდეში თუ არა, მდუმარებაში მაინც გავატარებ რამდენიმე საათს. ძლივს მეღირსა მარტო დარჩენა. ადამიანთა სახეების ტირანია დამთავრდა, ასე რომ, ახლა მარტოოდენ საკუთარი თავიღა დამტანჯავს.!
აჰა, მარტო ვარ! ახლა კი ძალმიძს განვიბანო ღამეულ სიბნელეში. უწინარეს ყოვლისა, ორგზის გადავატრიალოთ კარში გასაღები. აგრე მეჩვენება, თითქოს გასაღების ეს გადაბრუნება აძლიერებს ჩემს სიმარტოვეს და განამტკიცებს იმ ბარიკადებს, რომელნიც ამჟამად აღმართულან ჩემსა და მთელს სამყაროს შორის.
საზარელი ყოფა! სახარელი ქალაქი! გავიხსენოთ გასული დღე: შევხვდი რამდენიმე ლიტერატორს, რომელთაგან ერთმა მკითხა, ნეტავ სახმელეთო გზა თუ მიდისო რუსეთში (როგორც ჩანს, რუსეთი მას კუნძული ჰგონია). დიდსულოვნად ვეპაექრე ერთი ჟურნალის რედაქტორს, რომელიც ჩემს ყოველ მოსაზრებას ასე პასუხობდა: „ჩვენი ჟურნალი პატიოსანი ხალხის ხელშია“, - ამით, ცხადია, იმას გულისხმობდა, რომ სხვა ჟურნალების რედაქტორები ჯიბგირები არიან; ოციოდე კაცს მივესალმე, რომელთაგან თხუთმეტს არც კი ვიცნობდი; ამდენსავე კაცს ჩამოვართვი ხელი, თუმც წინდახედულად წინასწარ ვერ მოვიმზადე ხელთათმანი.
სანამ კოკისპირულად წვიმდა, დროის მოსაკლავად, ერთ მოცეკვავე ქალთან შევიარე, რომელმაც შემომთავახა კოსტიუმ „ვენეტრას“ დახატვა; ვევაჭრე თეატრის დირექტორს, რომელმაც ასეთი სიტყვებით გამომისტუმრა: „თქვენ კარგს იზამთ, თუ, ზ..ს მიმართავთ, ჩემს ავტორებს შორის ეს კაცი ყველაზე მეტად ტანსრულია, ყველაზე მეტად ბრიყვი და თან ყველაზე სახელგანთქმული; მასთან უთუოდ მიაღწევთ რამეს. ინახულეთ იგი და მერმე ვისაუბროთ“. ვიტრაბახე (არ ვიცი, რად) ზოგი უკუღმართი საქციელით, რომელიც არასოდეს ჩამიდენია რამდენიმე ჩემივე ქველმოქმედება ერთ დროს სიხარულით ჩადენილი, სულმოკლედ უარვყავი ფანფარონობით და ადამიანის ღირსებისადმი უპატივცემულობით; მეგობარს უარი ვუთხარი წვრილმან სამსახურზე და პირწავარდნილ გაიძვერას მივეცი წერილობითი რეკომენდაცია; უჰ! და განა ეს არის ყველაფერი?
ყველაფრით უკმაყოფილოს, საკუთარი თავით უკმაყოფილოს, რარიგ მსურს გამოვისყიდო ყოველივე და მცირეოდენი ხალისი მაინც ვპოვო ღამეულ სიჩუმეში და სიმარტოვეში! სულნო, ვინც მიყვარდით, სულნო, ვისაც გიმღერდით, განმაძლიერეთ, განმამტკიცეთ, განმარიდეთ სიცრუე და ხრწნადი ოხშივარი ამა სოფლისა, ხოლო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ჰყავ წყალობა და შემეწიე რამდენიმე მშვენიერი ლექსის შექმნაში, რითაც მე დავუმტკიცებ ჩემს თავს, რომ არა ვარ კაცთა შორის უკანასკნელი და არც მათზე მდაბალი, ვინცა მძულს!
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია
პოეზიის გვერდი • • • • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა |