მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2511 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აქ სიბნელე იყო, მაგრამ აბელი მაინც კარგად არჩევდა: ჭიშკარს მიყრდნობილი ევა ღრმად სუნთქავდა. მერე მუხლებზე დაფარულ ჩანთას ცალი ხელი შეუშვა, ფრთხილად დადო წინწამოწეულ ბერეტზე და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა:

- ერთი რამ უნდა გკითხო!

- ორი მკითხე.

ევამ თავი დახარა, ქვემოდან ამოხედა.

- არა, ახლა არა.

- აბა, როდის?

ევამ ცოტა ხანს კიდევ უყურა ასე.

- ხვალ. ნახვამდის, - მიბრუნდა და გაიქცა.

მეორე საღამოს აბელი ბებერ ნეკერჩხალთან უცდიდა. ევა ცხრის ნახევარზე უნდა გამოსულიყო სასწავლებლიდან, სადაც აბელის წარმოდგენით, სულ სოფლელი გოგოები სწავლობდნენ, შესასვლელშიც ბებერი თუში იჯდა, შავი, ანაფორასავით გრძელი პალტო ეცვა, ხაკის მაღალრკალიანი ქუდი ეხურა ორმოციანი წლების კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით. ცხრის ოცდახუთ წუთზე ყავისფრად გადაპრიალებული ტაბურეტიდან ადგებოდა, გვერდზე თავგადახრილი შეაჩერდებოდა საათს და მენავთეების თითბრის ზარს აიღებდა. ასე იქნებოდა ის ხუთი წუთი, თითქოს რაღაც ლოცვას ამბობსო გულში, გახდებოდა ზუსტად ცხრის ნახევარი, ზარის თავს მაღლა ასწევდა და იქ, თავს მაღლა, დარეკავდა.

აბელს ათი-თორმეტი წუთიღა უნდა ეცადა, მაგრამ ესეც დიდ დროდ ეჩვენებოდა. ნელ-ნელა უშვებდა პაპიროსის ბოლს და ამვლელ-ჩამვლელთ უთვალთვალებდა. ზამთრისპირის ქუჩა სიბნელით და თხელი ბურუსით იყო სავსე. ნათურები ბჟუტავდნენ და იმ მბჟუტავ, მოწითალო შუქში მიკრობებივით ირეოდნენ თქორის წვეთები. კუთხიდან მთვრალი კაცი გამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი თითქოს მონდომებით გამოიფლატუნა, მერე შედგა, ქუდი მოიხადა, მკერდზე მიიდო და სიმღერა დაიწყო: вернись, тебя любовь зовет, вернись! (დაბრუნდი, სიყვარული გიხმობს, დაბრუნდი (რუს.)

იმ მთვრალ კაცს მეორე მთვრალი კაცი გამოჰყვა. რომ დაინახა, პირველი მღეროდა, მიეპარა, რამდენჯერმე გადაქანდ-გადმოქანდა, ფეხი მოიქნია და მთელი ძალით ამოსცხო. პირველმა მთვრალმა საჯდომზე ქუდი მიიფარა და გაიქცა, თან სულ უკან-უკან იყურებოდა. მეორე მთვრალი იცინოდა და ისე მილაყუნობდა. აბელს რომ დაუპირდაპირდა, ყვირილი მორთო:

- იიუ! ტენორ! პერვი ლიუბოვნიკ! მერე ისიც გაიქცა.

იმათი წასვლა იყო, და ახლა შავი წყვილი მოახლოვდა. თავწვრილი, მხრებგანიერი ბიჭი პატარა გოგონასკენ დახრილიყო და მუქარით ეუბნებოდა:

- მე, ხომ იცი, გიჟი ვარ, ტოროლებს ავაფრენ და მამაშენის სამსახურში ჩავსხამ. მერე ივიშვიშეთ შენცა და დედაშენმაც.

გოგონამ შეპარვით გამოხედა აბელს და ღიმილით თქვა:

- სულელი ხარ.

მერე ქუჩა გადაჭრა ჭრელმა კატამ, მერე აიარა მარცხენა ხელზე ხერხჩამოკიდებულმა კაცმა.

და ზარიც დაირეკა.

აბელმა დაინახა, როგორ ამოძრავდნენ სასწავლებლის ყვითელ ფანჯრებში შავი ლანდები. მერე უკვე გაშუქებულ კიბეზეც ჩამოიფინნენ - თითქოს მოულოდნელად დაპატარავებულნი სიცივის შეხვედრის მოლოდინში მარტოსულები, რომლებიც სადღაც შორს მიიჩქაროდნენ, სადაც უნდა დამალულიყვნენ თავიანთი მარტოობით, უნდა განთავისუფლებულიყვნენ ამ მარტოობისაგან. ბოლოს ევაც გამოჩნდა, რუხი ბერეტი ისევ ისე ეხურა - ოდნავ გვერდზე დახრილი და წინწამოწეული, შავი, მოკლე პალტო უკანასკნელ ღილამდე ჰქონდა შეკრული.

აბელს ეჩვენებოდა, რომ ოცდაათიან წლებში ეს პალტო დედამისის უნდა ყოფილიყო, მერე უფროს დას ეცვა თავისებურად გადაკეთებული, მერე, სამემკვიდრეო უფლებით, ევას გადმოეცა. ხოშორად ნაქსოვი სქელი შალი, ალბათ რეცხვის გამო, სასიამოვნოდ დარბილებულიყო და ბზინავდა. პეწი მაინც არ დაჰკარგოდა. საყელოდან ოდნავ ამოსწეოდა გაზის წითელი შარფი. მარცხენა, თათმანიან ხელში, ჩანთა ეკავა, მარჯვენა, შიშველი ხელი, ოდნავ განზე ჰქონდა გაწეული და თითქოს ჰაერს ებჯინებაო, ისე ჩამოდიოდა - რაღაც კმაყოფილებით სავსე, თავაწეული.

აბელს ამ სოფლელი გოგონასი სამი რამ მოსწონდა გამორჩევით. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჯანსაღი, მკვრივი ტანი, მეორე - ბიბლიური სახელი ევა (თვითონაც ხომ ბიბლიური სახელი ერქვა - აბელ) და მესამე - თვალები, მრგვალი, მთვარესავით ბაკმმოვლებული, დამჭკნარი ბალახისფერი, პირველყოფილი სიწმინდით გამოშუქებული. ხშირად შეუნიშნავს, როგორ გაოცებას იწვევდა ეს თვალები ქუჩაში. ზოგი უტიფრადაც კი ბრუნდებოდა, ახლა ზურგიდან ამოწმებდა ამ თვალების პატრონს და თუმცა ამ მხრიდან განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდნენ, მაინც სიამოვნების ღიმილი არ შორდებოდათ სახიდან.

დაე, ყოფილიყო ასე! აბელმა, ჯერ ისევ ახალგაზრდა, მაგრამ ბევრგან ნავალმა და ბევრის მნახველმა კაცმა, უკვე კარგად იცოდა, რა შიშიც დასტრიალებდა ყოველგვარ ზედმეტად თვალსაჩინოს ვეებერთელა სკებში, რომლებსაც „თანამედროვე ქალაქი“ ჰქვია. მას ტვირთად ევას თვალებიც საკმაოდ მძიმედ ეჩვენებოდა, ხოლო საგზლად... ის უკვე მის სიჯანსაღეს და სიმკვრივესაც იმყოფინებდა!

„ნეტავ მაინც რა აქვს საკითხავი?“ - ათასი რაღაც იფიქრა და ათასივემ, როგორც პატარა ბავშვის კითხვამ, ღიმილი მოჰგვარა...

ევა ისე მოდიოდა, შორიდან მაყურებელი ვერაფერს შეამჩნევდა, აბელს იცნობდა თუ არა. ახლოს მოსულმა სულ ცოტა კიდევ გამოსწია მარჯვენა ხელი, აბელმა თავისი ხელი შეაგება და ასე, ხელიხელჩაკიდებულნი წავიდნენ ქვემოთ. სახეში თქორის წვრილი, უჩინარი წვეთები ეფრქვეოდათ. აბელი ეფერებოდა ევას ცივ, პატარა, ოდნავ დაშაშრულ ხელს და ცდილობდა არ გამოჰპარვოდა მისი სახის მთლად უმნიშვნელო ცვლილებაც კი.

ევა, როგორც წეღან, კიბეზე, ახლაც თავაწეული მიდიოდა, მაგრამ აბელმა მაინც შეატყო, რომ წეღანდელ კმაყოფილებას რაღაც ჩრდილი დაადგა.

ჩავიდნენ მოედანზე, მთავარი ქუჩისკენ გაუხვიეს. იქ, ტროტუარის კუთხეში, დიდი თუთა იდგა, ცალი მსხვილი ტოტი მოხერხილი ჰქონდა, მაინც მშვენიერი ხე იყო, ევას ძალიან უყვარდა. ერთხელ, ზაფხულში, მთელი ნახევარი საათი უყურებდა, როგორ ძიძგნიდნენ მის ჭროღა ნაყოფს მაწანწალა, ჭუჭყიანი ბეღურები. ერთხელაც „მთვარე იყო გახლართული“ (ეს ევას სიტყვებია) ცაზე ბადესავით გაფენილ მის ტოტებში... ახლა არც ბეღურები ისხდნენ, არც მთვარე ჩანდა, მაგრამ ევამ მაინც ასწია, მისალმების ნიშნად, ჩანთიანი ხელი. მერე აბელი ახლოს მიიყვანა, თვითონ ზროს მიეყუდა, თითქოს დაღლილია და სულს ითქვამსო, სახე მოაბრუნა და ღიმილით თქვა:

- როცა ძალიან, ძალიან მომენატრება ჩემი სოფელი, ამ თუთასთან მოვდივარ. მივადებ აი, ასე, ლოყას და მგონი, იქა ვარ, იქაური სუნი მომდის, ჩვენი ბაღისა. ერთხელ ერთი ქალი მოვიდა და მკითხა: ცუდად ხომ არა ხართ, ქალიშვილო? ერთხელ კი არა, სხვა დროსაც უკითხავთ ყოველთვის, როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარა ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ, და ყველა გეკითხება: ცუდად ხომ არა ხარ? ცუდად ხომ არა ხართ, ქალიშვილო? მითხარით, ნუ დაგერიდებათ, მე დედათქვენის ხნის ვარ, მე მამათქვენის ხნის...

თუთას მოსცილდა და აბელი წინ გასწია. აბელი ჩუმად იყო. თვალმოუშორებლად შეჰყურებდა სახეში და ეღიმებოდა. ევა კი, აშკარა იყო, კვლავ ნერვიულობდა.

- შენც არ მკითხო, ახლა, ცუდად ხომ არა ხარო, თორემ გავგიჟდები.

- არა, მე არაფერს გკითხავ, - მიუგო აბელმა, - მე შენს კითხვას ველი.

- ხოო? მაშ წამოდი.

ევამ აბელი ჩქარი ნაბიჯით წაიყვანა და პატარა სკვერში შეუძღვა. სკვერი მთლად ცარიელი იყო. ბალახებში ხმელი ფოთლები ეყარა და იმ ფოთლებზე თქორის წვეთები ბრწყინავდა.

აბელს არც აქ ამოუღია ხმა. მაშინ ევამ რკინის ბოძთან მიიყვანა - ყველაზე ნათელ, ნათელ ადგილას, - შემობრუნდა, ჩანთა ორივე ხელით დაიჭირა წინ, მუხლებთან, და თქვა:

- მე მინდოდა, სინათლეში, დიდ სინათლეში მეკითხა და შენც ამ სინათლეში გეპასუხა (პაუზა), სხვისთვისაც თუ გიკოცნია ასე (კვლავ პაუზა), როგორც მე...

აბელმა შეატყო, ევას მეტი ძალა აღარ ჰქონდა, მისი უთუოდ დიდხანს ნამზადები სცენა დამთავრდა. ახლა ის მხოლოდ ცხრამეტი წლის ლამაზი სოფლელი გოგონაღა იყო, რომელსაც წვიმის წვეთების სუნი ასდიოდა ლოყებზე.

აბელს რომ სიმართლე ეთქვა... მას უამრავი ვინმესგან ჰქონდა გაგონილი, რომ ასეთი სიმართლე არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრა ქალს, უნდა იცრუო, რაც შეიძლება უნაკლოდ უნდა იცრუო, თვითონ იმ ქალის სასიკეთოდ... და მან თვალი თვალში გაუყარა ევას და იცრუა:

- არა. არასდროს.

- მეფიცები?

- გეფიცები.

ევასთვის იმასაც კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ეფიცებოდა აბელი.

მაშინ მას თვალები ცრემლით აევსო და ტუჩების თრთოლვით თქვა (ცდილობდა თავი არ დაეხარა):

- მე სამჯერ მაკოცეს, სამჯერვე მთლად უცნობმა ბიჭებმა ქუჩაში. თუ გინდა, მაპატიე, თუ გინდა, არა...

აბელს ჟრუანტელმა გაუარა ფეხებში, საოცარი სიცხადით იგრძნო, რა გემოც ჰქონდა ევას ტუჩებს, და დაჯდა, პირდაპირ კვლის კიდეზე დაჯდა.

იჯდა ასე და რაღაც გაურკვეველი გამომეტყველებით შეჰყურებდა ქვემოდან ევას, რომელიც კვლავ ცდილობდა, თავი არ დაეხარა ძირს. მერე აბელს ნელ-ნელა გაეღიმა, თვალზე ხელი მოაფათურა, გორახი იპოვა, გაიქნია და ტუიის ბუჩქში ჩააგდო.

ბუჩქის რამდენიმე ტოტი შეშფოთებით შეირხა და ისევ მალე გაჩერდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ