მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 432 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბაღდასარა დანდურიშვილი ყოველი მხრით შესანიშნავი კაცი იყო, წარმოსადეგი, სასიამოვნო შეხედულობისა თვალად, თუ ტანად. ამასთან ჭკვიანი, დამზნილი, დარბაისელი და ტკბილად მოუბარი, წმინდა ქართულის ენით. ჩამომავლობით სომეხი და გრიგორიანის სარწმუნოების მოწიწებით აღმასრულებელი.

ტანთ ეცვა გრძელი ყურთმაჯებიანი შავი მაუდის კაბა, გულჩამოსხნილი ლურჯი შალის ახალუხი და მუქი მწვანე აბრეშუმის გულისპირი მაღალყელიანი, წვეტიანი, უქუსლო წაღები, რომელშიაც ჩაკეცილი ჰქონდა განიერი შარვლის ტოტები ლამაზი ნაქსოვი ჩასაკრავებით მოჭერილი.

ბაღდასარას ტანისამოსი სწორეთ იმისთანავე იყო, როგორსაც იცვამდნენ მაშინდელნი დარბაისელნი თავადნი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბაღდასარას კაბის ყურთმაჯები ყოველთვის დაშვებული ჰქონდა და ქამარხანჯლის მაგივრად წელზედ, რამდენსამე პირად შემორტყმული ქირმან-შალის სარტყელი ჰქონდა. თავზედაც მაღალი კალმუხის ქუდი ეხურა, მაგრამ არა თავადურად კოხტად, გვერდზედ მოდებული, არამედ ყურებამდე, ჩამოფხატული,

ამ მორთულობას ბაღდასარი ძლიერ უფრთხილდებოდა და აფასებდა, იცვამდა მხოლოდ კვირა-უქმობით, როდესაც წირვა-ლოცვაზედ დაირებოდა, ან მაშინ, როდესაც თავადებს ეწვეოდა ნისიების დავთრებით ხელში. უიმისოთ კი, მუშაობის დროს, ვაჭრობაში, მარტო ახალუხს ატარებდა, ყელამდინ ყაითნის ღილკილოთი, შეკრულ, შავი დიბეტის ახალუხს და წელზედ განიერ ტყავის ქამარს, მაგრა მოჭერილს, წელის სიმაგრის დასაჭერად.

ხელში ბაღდასარას, თუ რკინის არშინი, ან სპილენძის ჩანახი არ ეჭირა, ყოველთვის ქარვის კრიალოსანს, გრძელფოჩებიან კრიალოსანს, ათამაშებდა და პირში კიდევ კევი ედო და განუყრელად ატლაშუნებდა.

- ბაღდასარ, რა არის რომ პირიდგან კევს ვერ გამოიღებ? ლაპარაკს გიშლის, დედაკაცს ჰგევხარ, უსიამოვნოდ ატლაშუნებ ეტყოდა ხოლმე კნ. სალომე, მებატონე სოფელი ილევისა, რომელშიაც ბაღდასარა აღებ-მიცემას აწარმოებდა და პატრონი წისქვილის და დუქნისა სოფ. ალისუბანში, სადაც ბაღდასარას სამუდამო სავაჭრო საფუძველი ჰქონდა დადებული.

- კნეინაჯან, „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ ხომ გაგიგონია? მეცა ბავშვობიდანვე ასე ვარ დაჩვეული. ცხონებული ბებია ჩემი, რიფსიმე ასე მეტყოდა ხოლმე „აჰა, კევი ღეჭე, შე ჰარამზადავ, ლუკმა ნაკლებად მოგინდებაო“. რვა სული ობლები დავრჩით დედ-მამას დიდ ხოლვერობის შემდეგ და რიფსიმე გვაცხოვრებდა, გვზრდიდა, ლუკმას ვაი ილაჯით შოულობდა. აბა ყველას პირი დაგვეღო და გვეყლაპნა? კევით, კი სასას ვისველებდით და ჩუმად ვეყარენით.

- მაშინ სხვა იყო, ჩემო ბაღდასარ! ეხლა ქეთხულა კაცი ხარ, დიდი სარჩოს პატრონი, სულ მუდამ ცხვარივით ცოხნა აღარ შეგფერის.

- იჰ, ქალბატონო! მოგიცლია და მაგეებზედ ლაპარაკობ! საქმეზედ მითხარი რამე, საქმეზედა! აბა შენი „დარდუბალის კიდობანი" როგორ არის? შიგ ფულები ბლომად ჩხრიალებენ? ჩემი სარგებელი მზად არის? ხომ იცი გუშინდელს აქეთ ვადა გადასულია, თამამად მიუგებდა ბაღდასარა ყელამდე ვალებით სავსე სალომეს.

- შენ და შენი ფულების ჩხრიალი! რით ვერ მოგწყინდა სულ ოქროებზედ ლაპარაკი! ერთხელ სხვა რამე სთქვი, სასიამოვნო რამ გვიამბე ახლად ქალაქიდან მოსული ხარ, შეუტევდა ხოლმე სიამოვნების მოტრფიალე კნეინა.

- სასიამოვნო?! ამაზე სასიამოვნო და სანატრელი რა არის, ქალბატონო, რომ უშველებელი მამულის პატრონი ხარ, რომ უშველებელ სოფელს განაგებ, ღვთის მოწყალებით ოჯახი სავსე გაქვს! დაჯექ, ჭამე და ისიამოვნე! შენ კი მშიერი კაცივით სულ ხელი გაგიშვერია, წისქვილის, დუქნის იჯარას წინდაწინ მართმევ და ბევრად წინად ნასესხები ფულის სარგებლის თხოვნისთვის კი მიჯავრდები!

- კარგი, კარგი! ბევრს ნუ ყბედობ, შენ თავს მაგდენ ნებას ნუ აძლევ, თორემ სოფელშიაც აღარ შემოვაშვებინებ შენ თავს. ახლა კი ნამდვილად განრისხებით შეუტევდა ხოლმე კნეინა და ბაღდასარაც კუდამოძუებული სასახლიდან სოფლისაკენ ჩაივლიდა; სოფლისაკენ, სადაც ბაღდასარას ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული და რომლის დაკარგვა ამისთვის სიკვდილი იქნებოდა, სალომეს რომ მუქარა აესრულოს,

- სულელი „გიჟვრაცუე სოფელში აღარ შემოგიშვეფო“ ვითომ არ იცის რამდენი ნისია მაქვს ამ ილევში ჩაბნეული! მაგის გარდა ერთი სახლი არ არის აქ, რომ ჩემი ფართალი არა ჰქონდეს წაღებული! და ეხლა, როდესაც ჭირნახული კარზეა მოტანილი, „არ შემოგიშვეფო"... მაგრამ, მაგან ეგრე იცის! არ გამიწყრება, ჩემი კეთილი კნეინა არის.

ბაღდასარას სავაჭროდ მისვლა ილევში ნამდვილი დღესასწაული იყო მთელი სოფლისთვის. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა სიხარულით აღფრთოვანდებოდა, როდესაც იმისი იორღა ლურჯი ფაშატი დიდროვანის ბოღჩებით დატვირთული და ზედ ყეენივით მჯდომი ბაღდასარი შემოგოგმანდებოდა სოფელში.

გაშლიდა ბაღდასარა კვირა დღით თავის ბოხჩებს სარდანაანთ ფართო დერეფანში, გვერდით მოიდგამდა სპილენძის 25 გირვანქიან ჩანახს და მხიარულად, სიცილ-ხარხარით, ათასის ლექსებით და შაირებით, შეუდგებოდა ვაჭრობას.

სოფლის ქალი და რძალი ხომ ცას ეწეოდნენ ამის დანახვაზედ. რა გინდა სულო და გულო, რომ არ იყო ბაღდასარას ბოხჩებში ქალების გასახარებელი; დაბასმული ლეჩაქი, აბრეშუმის ბაღდადები, ოქრომკედით ნაკერი სარტყელი გულისპირი, ფერუმარილი, წითელი ჩითის თავშალები, ყინვარი შაქარი, კამფეტი, ილი, დარიჩინი, პიტნის კაპლი და მრავალი სხვა რამ ცხოვრებისთვის საჭირო და თვალის გასახარი!

ყველა ერთგვარის სიყვარულით და ნდობით ხვდებოდა ბაღდასარას. სოფლის პატარძლები, ეს ყველასაგან დაჩაგრულნი, დიდის და პატარის ბრძანებლობაში მყოფნი მონებიც კი თამამად ებაასებოდნენ ოხუნჯს და ტკბილის სიტყვით გამამხნევებელ ვაჭარს,

- აი, მშვენიერო პატარძალო, ეს ერთი დაღეჭვა კევი შენი ფეშქაში იყვეს! ისეთია, ისეთი ტკბილი როგორც დედიშენის რძე! ხომ კარგათ გახსოვს დედის რძის გემო? ჩემო ბალღო? ღმეჭით და ალერსით ეტყოდა ბაღდასარა დედმამას უდროოდ მოშორებულ მართლაც, ჯერ ისევ ბალღ პატარძალს და ამათში სიცილ-ტირილს იწვევდა.

- ბაღდასარ! გულს მეჭიდება შენი ღვთისგულისათვის, ერთი კაპლი ჩამაყლაპე, ღრეჯით მიმართავდა ბებერი დედამთილი ვაჭარს და თან ჯიბიდან ახლად დადებულ კვერცხებს ამოალაგებდა.

ასე კევის ღეჭით და მასხარაობით გრძელდებოდა მთელი კვირა ბაღდასარას ვაჭრობა და იმის გვერდით სარდანაანთ დერეფანი მარჯვნივ და მარცხნივ ქერის და პურის ხვავებით ჭერამდე ივსებოდა. შაბათს კი ბაღდასარი აჰკეცდა ბოხჩებს და ყელამდე ავსილი ჭირნახულით, კვერცხებით, ქათმით, კარაქით, თაფლით, ლობიო-მუხუდოთი და სხვა მრავალი სანოვაგით, სარდანისავე ურმით და სოფლის ლოცვა კურთხევით და „ღვთის ნაბოძებით“ გაუდგებოდა ალისუბნის გზას, სადაც დანდურაშვილს დუქანი ჰქონდა და დუქანთან დიდრონი ხის ამბრები, ბეღლები, ძარები.

ნავაჭრი ჭირნახულის შესანახავად ალისუბნის დუქანი და მეტადრე წისქვილი მშვენიერ ალაგას მდგომარეობდნენ, ნამდვილი, პოეტური კუნჭული იყო. წისქვილის რუ მთლად მაღალის იფნის და ცაცხვის ხეების ჩრდილებით იყო დაფარული და მაყვლის და ჟოლის ტოტები გადაბმულ ბუჩქებით შეკრულ-შებოჭილი და ეს თითქმის გაუვალი მწვანის ზღვა, თავდებოდა პატარა, ყავრით დახურულ ხის წისქვილის სათავესთან, და იქიდან ორი ხის ღარით საშინელის სისწრაფით, ვარდებოდა წისქვილქვეშ ბორბლებზე, რომელთა სწრაფი ტრიალის ხმაურობა, წყალვარდნილის შხრიალი, სარეკელის მწყობრი რაკარუკი და წისქვილის ქვების რიხინ-რიხინი, მთელს გარმონიით შეხმატკბილებული კაცის ყურს ატკბობდნენ და იმის გული, რაღაც საოცნებო, საიდუმლოებით სავსე ფიქრთა დენას გამოიწვევდნენ.

მუდამ წისქვილის კარებში მჯდომი, ნახევრედ ბრმა და ფქვილის ფიფქით თავით ფეხამდე თეთრად შებურვილი ბერუაც, თითქო ამ ფიქრებით იყო შეპყრობილი. ის მთელი საათობით იჯდა ჩუმად, გაუნძრევლად, გაყუჩებული, მუხლებზედ ხელებ დაწყობილი, ათასში ერთხელ თუ დაარღვევდნენ ბერუას მყუდროობას დასაფქვავად მოტანილი ხორბლით სავსე ურმები.

რაც შეეხება დანდურაშვილის დუქანს, არც ის იყო საიდუმლოებით სავისე შეხედულობას მოკლებული: მიწაში ჩამჯდარი, განიერი დერეფნით წამოხურული, რომელზედაც დიდი თავის ზვინი იყო წამომდგარი და დუქანს ისე აბანელებდა, რომ კაცი პირველ შესვლაზედ ვერაფერს გაარჩევდა და მხოლოდ, როცა თვალი სიბნელეს შეეჩვევოდა, ბევრს რასმე დაინახავდა და შეამჩნევდა.

ჯერ ერთი იმას დუქნის სამ მიწურ კედელში, სამი პატარა, მინაში გამოთხრილი კარი შედიოდა და ამ კარებებით მხოლოდ ბაღდასარა შედიოდ-გადიოდა, უცხო, გარეშე თავისდღეში აქ ვერ შეიხედავდა და ამიტომ ამ მიმალულ კუნჭულებზედ სახლში ხმა იყო გავრცელებული, რომ დანდურიშვილს აქ ამოთხრილ ორმოებში ოქრო-ვერცხლი ჰქონდა დამარხული.

ნამდვილად კი ეს ბაღდასარას საკუჭნაო იყო, სავსე ყოველის სანოვაგით: უცეცხლო თაფლის ქილებიდან დაწყობილი, ხალასი ერბოთი და ოსური ყველით ავსებული. იქნებ, ქილებ და ქილებ შუა, ოქროს პარკებიც იყო მიკუნჭული, მაგრამ ეს ნამდვილად არავინ იცოდა და ამისათვის მხოლოდ ზღაპრად იყო დარჩენილი.

შიგ დუქანში იპოვნიდით ყოველ საჭირო სავაჭროს გლეხის-კაცის ცხოვრებისთვის გამოსადეგს. შალის ჩოხა, ლეინის ახალუხი, ხარის ტყავის საქალამნე ჩანაჭრები, ღორის ჯაგრის დაგრეხილი აპეურები, ნამგლები, ცელები, საყევრების ჯაჭვები, გუთნის სახნის-საკვეთი გროვა გროვად იყვნენ დაყენებულები.

რასაკვირველია, ღვინო არაყიც მოეძებნებოდა ბაღდასარას თავის სალაროში და კვირა-უქმეებით ამისათვის ყოველთვის ხალხით სავსე იყო, ეს შესანიშნავი სავაჭრო სახლი.

ვაჭრობის გარდა, დანდურიშვილის დერეფანი სალაყბოთაც გადაიქცეოდა ხოლმე მაშინ, როდესაც საერთო სასოფლო ჭირ-ვარამზედ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი. აქ შეიყრებოდნენ ხოლმე არამც თუ ილევისუბნელი დარბაისელნი, სხვა ამ სოფელზედ მიწერილნი სოფლის მოხელენიც და ბაასობდნენ, ბჭობდნენ, თავისებურად სწყვეტდნენ სასოფლო კითხვებს და ბოლოს საერთო ხარჯით კიდეც საუზმობდნენ და ბაღდასარის დუქნის დერეფანში „სუფრულის“ ხმა, შეუერთდებოდა ხოლმე, წისქვილის ვაიუშველებელს და ერთმანეთს ეცილებოდნენ ტკბილხმოვანების სიძლიერეს.

ბაღდასარა ყოველთვის უხვი მასპინძელი იყო, იმას ამ შემთხვევისთვის, ყოველთვის მზად ჰქონდა ცხვრის ხორცის, ხახვ-პილპილით შეზავებული ბასტურმა, კომბოსტოს და ჭარხლის წნილი წიწაკით შეზავებული და პანტის არაყი და ნამდვილის სტუმართ მოყვარეობით უმასპინძლდებოდა მთელი დღით ყაყანით დაღალულ და დამშეულ გლეხებს.

ნასადილევს ბაღდასარა თავის დღეში არ წარუდგენდა ანგარიშებს თავის სტუმრებს „მერე როდისმე“, როდესაც ჭირნახული მომწიფდებოდა და ბაღდასარა თავის ჩანახ-ტომრებით კალოებზედ გაისეირნებდა ნისიების ასაკრეფად, მაშინ ყოველი ოჯახი თავის მოვალეობად სთვლიდა, თითო ჩანახი "დეეყარათ" ტომრის ასავსებად და დუქანში ნაქეიფარის აღსადგენად.

- ღმერთმა ბარაქა მოქცეთ! გულწრფელად ეტყოდა მამის ბაღდუა და თან კმაყოფილებით, იმ მოსაზრებით, რომ ამ დანაყარით, ერთი ათად აინაზღაურებდა იმ სადილებზედ დანახარჯს; კომბოსტო, ბასტურმა, პანტის არაყზე საფასურს, ასე ერთმანეთის კმაყოფილნი და ბედნიერნი, თავისებურად, მიაჩანჩალებდენ დროს ალისუბნელები და მის მეზობლად მდებარე სოფლები, თავის ვაჭარ-ნეთლი-მამა ბაღდასარასთან ერთად.

წელიწადში ერთხელ, შემოდგომის დასაწყისში, როდესაც სოფელი აივსებოდა ყოველის დოვლათით, დანდურიშვილს ეწვევოდა ხოლმე მეუღლე - ბაღდოს ნისიების აკრეფაში დასახმარებლად.

ქაქალა, დიდი გიჟბერაანთ ქალი, როგორც ის თავგამოდებით უწოდებდა ხოლმე თავისთავს, ნამდვილი მეუღლე იყო თავისი თანამემცხედრესი: მხნე, დაუღალავი, მომხვეჭი ყოველის მოსახვეჭელისა. ის ცოტა ფიზიკურად არ შეეფერებოდა ბაღდოს საროსტანს, თავისის ბაჯაჯღანა ტანადობით. ძლიერ დაბალი და სქელი იყო, მუცელ მკერდი გადმოვარდნილი მოკლე ხელფეხით და მეტად გრძელცხვირა, რომელიც ალისუბნელების თქმით, ოროტოტოს მიემგზავსებოდა და მისავით შეუყენებლივ ხმაურობდა-უსტვენდა.

ცოტა არ იყოს, ქაქალას ენაც მეტად პრტყელი ჰქონდა, ბუდეში არ ეტეოდა და ლაპარაკის დროს ბლუთ და ნახევრად დაგლეჯილ სიტყვებს ასვრეინებდა საუბედუროდ, ძლიერ სწრაფად მოლაპარაკე ქაქალას.

- დე..და. და.. თვალო კო..ნი..ა, რა უყავი ჩემი კაპაქი.. პაქი! დორბლების ყრით უსაყვედურებდა ნათლიდედა კონიას, თუ დაპირებულს ახალშედღვებილ კარაქს საჩქაროთ არ მოუტანდა.

- მო...ი..ტა, მო..ი..ტა... აღა დედალი, ხო ხედა...მ, შუა..დღე მოტ..ლებულია. სადილი როდისღა გაუკეთო ბაყას... ხელების ქნევით და თვალების ბრიალით დაუტატანებდა ნათლიანთ ნინუას, თუ დაბევებულ ძველ დედალს ერთის წამით დააგვიანებდა.

ქაქალა მოსვლისავე გაიხდიდა ქიშმირის კაბას, ატლასის ქათიბს, ჩიხტიკოპს-ლეჩაქ-ბაღდადს მაღლა სადმე, შეჰკიდებდა, ჩაიცვავდა ჩითის „ბლუზას“, რომელიც ქაქალას ფართე ტანს წისქვილის მოტრიალე ბორბლის შეხედულებას მისცემდა ხოლმე და ბორბლისავე საჩქაროდ დატრიალდებოდა დუქანში.

მიალაგ-მოალაგებდა, დაგვიდა, დასწმენდდა იქაურებას, აბლაბუდებს ჩამოსწმენდდა.

- უი, ქა! კაცის ბინა უდედაკაცოთ სწორეთ საჰღოჰეა უწმინდური, ერთმანეთშია არეული, ავი და კარგი ერთმანეთში აღარ გაირჩევა, ტიტინებდა ენის მძიმე მძიმედ, მაგრამ შეუყენებლივ ტრიალით და ტრიალებდა თითონაც შეუყენებლივ. რომელიმე ბაღდუას ნათლული სოფლელი გოგო წყალს უზიდავდა, შეშას უმზადებდა, გასახერხს უხერხავდა, გასაწმენდს უწმინდავდა.

- ჰერე, ჰერე! გაჰკთე! ჩარა, ჩალა! აჩქარებდა ქაქალა გოგოს და ისიც ციბრუტივით ტრიალებდა და საღამოზედ ყველაფერი მზად იყო. ფანჯრებიდან მოზრდილი, ტახტი გამართული ქეჩა-ხალიჩებით გაწყობილი და ტახტის ბოლოს ლურჯ გაშლილ სუზანზედ სამოვარი, თავისის ჩაის იარაღით გამართული... და რა არ იდგა სამოვრის წინ: მურაბა, ნათლიდედასგან მოტანილი ქადა-ნაზუქი, ჯამით ნაღები, კოჭბით თაფლი და ქაქალა ხილაბანდით თავწაკრული, ხელებ-პირ დაბანილი იქვე საძოვრის გვერდით, ყეენივით გამოჭიმული.

- ოჰ! ღმერთიც გიშველის, ჩემო! მე და ჩემმა ღმერთმა! პური ძრიელ მშიან! იტყოდა ბაღდასარ კალოებიდან დაბრუნებული და მოუჯდებოდა ცოლს გვერდით. ასოცი კოდი ავრწყე დღეს. ასოცი! გესმის! წელში გავწყდი ჩანახის გადაგდებ-გადმოგდებით ხვავიდან ტომარაში... ხელები მიკანკალებს, მხრები მტეხავს...

- რა ვქნათ, ბაჰოჯან! შემოდგომა წელიწადში ერთხელ მოდის, უნდა დავეჩქარდეთ. მეც დავიღალე, მთელი შენი ბინა გავწმინდე „გავჩისტე". ხედავ, ბოსელი ადამიანის სადგურს დავამსგავსე და თან რა დასტალუღი მოგიმზადე?! აბა შეექეცი და დაისვენე... გენცვალე!

- აი, გოგო, ნუშიკო, ე ჩაი დალიე! „კრიპუსტით“ ხომ იცი?! აი ე ნაზუქიც შეატანე და მერე შინ წადი. მადლობელი ვარ. ხვალ, ნათლულო, ისეთი მძივი მოგცე, ისეთი, რომ სულ ჩირაღდანივით ანათებდეს!

ნუშიკომ საშინელი ხითხითი მორთო და თან მორცხვათ პირზედ ხელი აიფარა, ვგონებ ხითხითი უფრო ქაქალას ლიფლიფით იყო გამოწვეული, ვიდრე „ჩირაღდან“ მძივის ალერსით და კარებისაკენ გაექანა, რომ იქ თავის ამხანაგებისთვის გადაეცა ქაქალას „ჩაიიდან, აათებს“ დიალეკტი, მაგრამ ქაქალამ კიდევ გააჩერა და შემდეგი დააბარა.

- გოგოებს, პატარძლებს უთხარი, რომ იმდენი რამ, იმდენი რამ მოვიტანე, რომ კაცს თვალს მოსტაცებს! ქორწილებისთვის სამკაული: ოქრო-მკედი გვირგინები, ფოთლებით მორთულ მოკაზული, ბეჭდები ფირუზისა, ლალის ქინძისთავები, შუბლისა, თაღლითის ასხმულები, მარჯნის კრიალოსნები, ჩულქები, ფელჩატკები, ოქროში დაფერილი ნათლობის ჯვრები და ყველას ამას ისეთის დამახინჯებით და გამოთქმით ამბობდა, ოო, ნუშიკოს სიცილს ბოლო არა ჰქონდა.

- ისიც უთხარი, რომ მე სავაჭრო ნაღდ ოქრო ვერცხლზე მაქვს აღებული. ჭინახულ მინახული, კვერცხი, ერბო-კარაქი არ ვიცი. ვისაც ყიდვა უნდა რისამე - „ნაღდი“ უნდა ჩამაბარონ და გაიმართებოდა მეორე დღეს ბაღდუას დუქან-დერეფანში ქალთა სამფლობელო: თამაში და გამოფენა.

მიდიოდა - მოდიოდა ქალთა გროვა და ქაქალას „ზანდუკი“ თილისმის ყუთად იქცეოდა, საიდგანაც უხვათ ამოდიოდა ზიზილ-პიპილები და „სადაც შაბაშად, პირისანახავად“ მირთმეული პატარძლებისთვის ოქრო-ვერცხლის მანათები ცვიოდა სამაგიეროდ.

მთელი ოცდა ხუთი წელიწადი ვაჭრობდნენ ცოლი და ქმარი ამ მხარეზედ და ამ დიდი ხნის განმამავლობაში თითქმის მაგალითი არ ყოფილა, რომ ბაღდასარას ეჩივლოს ვისთვისმე, ან ვისთანშე ჩხუბი და აურზაური მოსვლოდეს.

ათასში ერთხელ, თუ ცოტაოდენი უთანხმოება მოუხდებოდათ ვაჭარს და მყიდველს ანგარიშის იანღლისში, ისევ ბაღდასარა დაუთმობდა ხოლმე, ხუმრობაში გაუტარბდა:

- კარგი, კარგი, მამაცხონებულო! ეტყოდა შეფხუკიანებულ ნათლიმამას, ერთ ჩანახ ქერს შენი ჭირიც წაუღია! განა მაგისათვის ნათელ მირონობა უნდა გავაუპატიუროთ! დეე, ისევ ჩემი წამოვიდეს შენზედ, ღმერთმა შეგარგოს, წვრილშვილი კაცი ხარ!

- რათა, ნათლი, რათა! მაშინვე მოლბებოდა გლეხი თუ სამართლიანად გერგება, მიირთვი, რად მინდა შენი ნაცოდვარი შევირჩინო... და ბაღდასარაც კმაყოფილის ღიმილით მიიღებდა ამ დათმობას და ეტყოდა:

- აგაშენოს ჩემო ნათლიმამა, აგაშენოს და აი ეს ყინვარი შაქარის ლულაც, ჩემ ნათლულ ლექსუას წაუღე.

მანათის საფასურზე ხელის აღება ერთის მხრით, და კაპეიკის ფეშქაში მეორისას, სრულ კმაყოფილების იწვევდა ურთიერთ და ისე თანხმობით და პატივისცემით მიიდიოდა დრო და ჟამი.

ბაღდასარა დანდურიშვილი მდიდრდებოდა, ამის გადაჭიმულ ბეღლებს კვლავ ახალი მუხის ჭდეული ბეღელი ემატებოდა და არც თუ გლეხკაცობა იყო ღვთის და თავის ვაჭრის მომდურავი.

სულ სხვა ხასიათის და მიმართულებისა დადგა ბაღდასარას მემკვიდრე, იმისი ყრთად ერთი შვილი, გეორქა ბაღდუიჩი, „გიქოთ“ წოდებული, რომელიც მამის სიცოცხლეში ალისუბანს ძრიელ იშვიათად ეწვევოდა ხოლმე. ის გორში ვიღაც ტერტერასთან იყო ჯერ მგალობლად და მერმე დიაკვნობასაც ასრულებდა. კოხტა-პრუწა ვაჟი იყო, გავაქსულ ჩექმებ „კრახმალ საყელოიანი და სოფელს არა კადრულობდა, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ კი სოფელს ჩინაკათ გაუხდა.

გიქო მამას სრულიად არაფერში არ ემგზავსებოდა: ჯერ ერთი, რომ დანდურაშვილის მაგივრად დანდურიანის გვარად, ან ქართული ტანისამოსის მაგივრად, მოკლე პიდჟაკს ატარებდა, მართალია, პიდჟაკის ქვეშ, იმასაც ახალუხი ეცვა და წელზედ დასევადებული ქამარი ეკრა, მაგრამ პიდჟაკი და „კარტუზიანი“ რუსული ქუდი სულ სხვა იერს და შეხედულობას აძლევდა. ოქროს ძეწკვი, ვერცხლის საათი, ვიწრო შალვარი „პოლსაპოჟკი“ უფრო ვინმე დიდ კაცს ამგვანებდა და გიქოც, მართლაც, „დიდ ვინმესავით“ გაბერილი დადიოდა ცხვირი დაშვერილი, გაბღენძილი, პირმოკუმული, ჟანგიანი! სად იყო ბაღდასარას ტკბილი, მამაშვილური ბაასი ყველასთან, ავის და კარგის მოთმინებით მოსმენა?! გიქუა ყველას ზემოდგან ქვემოდ უყურებდა, რიგიან პასუხს არავის აღირსებდა.

- კარგი ერთი „ტუტუც ვრაცი“, ნუ მამიყვები ლათაიებს! მე ნისია, მისია, არ ვიცი! სავაჭრო გინდა! ფული მოიტანე, ფული არა გაქვს, პური იყვეს, ქერი, სიმინდი... უკან სადევნელი რათ მინდა რომ გამიხდეს! ცხონებული მამაჩემი ქალაჩუნა იყო, დედაკაცებში ჯდომა უყვარდა, ლაქლაქი გაუთავებელი. მე თქვენთან საერთო არა მაქვს რა! მოიტა და წაიღე. არა? შენ შენთვის, მე ჩემთვის, "მერესი: არა მინდა რა!

მამის გაცემულების შეკრებას მოსვლის უმალ შეუდგა და ვინც მაშინვე არ მისცა, „ზაფხულამდე დამაცადეს" სასამართლოს კარი აპოვნინა და სულ „სუდებნი პრისტავებით“ გადაახდევინა. ბატონსაც და გლეხსაც სასამართლოს კარისაკენ გზა დაათელინა და „ადუკანტების“ სახელი აწყევლინა.

პირველში ამ გვარი საქციელი ყველამ დიდად გაიოცა და ყველამ პირი უბრუნა გიქუას, მაგრამ სოფელი ისე მჭიდროთ არის დაკავშირებული თავის მედუქნესთან, რომ იმის იქით გზა არა აქვს ისევ და ისევ იმას უნდა მიმართოს და ჭირში, თუ ლხინში ხელი იმით გაიმართოს და ალისუბნელებმაც ნელა ნელა გიქუას მძიმე უღელი დაიდგეს.

კნეინა სალომეს ვალი, უბრალო ქაღალდზედ დაწერილი ბაღდასარას ხელით და კნეინას ხელმოწერილი, ღერბიან ქაღალდით შეიცვალა, ვექსილზედ „ნასლედნიკების“ ხელმოწერაც საჭირო გახდა და „ნეუსტოიკას“ ქაღალდიც დეეწერათ. წლის თავზედ თამასუქი და „ნეუსტოიკა“ „ზაკლადნოით“ შეიცვალა და მესამე წელს ალისუბნის წისქვილი და დუქან-დერეფან-კარმიდამო, უკვე გიქუას საკუთრებათ გამოცხადდა.

იმას მოჰყვა კნ. სალომეს დიდი ზვარი, სამოცი კაკლის ხით ჩარახტული თვით კნ. სალომეს სადგური-ციხე-დარბაზი ალევში თავის საოცნებო გადასა-ხედ-გადმოსახედით მტკვრის ჭალებზედ და „ცხრა-წყაროთი“ გიქუას „ზაკლადნოით“ დაისალტა, გალავანს კედლები შემოენგრა... შესავალი მზად იყო.

საზოგადოდ, გიქომ ალისუბნის ბუდეს ძლიერ შორს გაუწია სამზღვრები ათ თხუთმეტ სოფელს შეუკრა კამარა. აქ ქერები დაიკვეთა, იქ სიმინდი არყის „ზავოდისათვის“, იქ ბზე, თივა ჯარებისთვის და სოფლის მედუქნის გარდა, ფოდრადჩიკიც შეიქნა.

რკინის გზისთვის ტყეების ჩეხასაც მიჰყო ხელი და გარშემო სოფლები სულ „ტრავერსების“ საზიდ ბეებით აავსო და სულ ათ წელიწადს არ გაუვლია, რომ ჩვენი „გიქო ბაღდუიჩი" დანდურიანი, პირველ გილდის ვაჭრად გადაიქცა. ღიპი ჩამოეკიდა, ღაბაბი გულამდინ ჩამოეფინა, ცხვირი და ლოყები მწიფე დამასხისფერი გაუხდა, ბარძაყები დაუწვრილდა, ნაბიჯი დაუმძიმდა და თავის საზიდად ლურჯი იორღა გაიჩინა, რომელზედ შეჯდომას ყოველთვის ორი კაცი შველოდა.

სად არ იყო გიქოს ხელი, სად არ დაგოგმანობდა გიქოს იორღა, სად არ ისმოდა გიქოს კიჟინა-მუქარა, მათრახის შლაპუნი, თავზარდამცემი ლანძღვა, გინება.

- აბა ხვალვე ოცდაათი ტრავერსი სტანციაზედ არ იყვეს და მე შენ გიჩვენებ სეირს, შე ბრუციანო, ცინგლიანო, გუდამშიერო! თვალების ტრიალით და მათრახის ქნევით, ეუბნებოდა, მარჯვე, ჯანით და ღონით სავსე ვაჟკაცს სესიაშვილს, რომელიც თავჩაღუნულ-დარცხვენილი იდგა იმის წინ.

- გესმის! ხვალ დილაზედ ას ოცი ურემი სხვა მოვა და თუ შენც არ მოხველ, სათვალავში დამაკლდება, შტრაფს მომაწერენ და მერე იმ შტრაფს ერთი ათად შენი კისრიდან ამოვიღებ.

უშვებდა კალოდან სესიაშვილი ხარებს, „ტრავერსები" მიჰქონდა, მიჰქონდა, იმიტომ, რომ იცოდა გიქუა თავის მუქარას აასრულებდა. "სუდი“, „ნაჩალნიკი“, „პოლკის კამანდირი“, სულ გიქუას დოსტები იყვნენ, და ყველა იმის ბრძანებას ემორჩილებოდა.

მეტი რა გზაა! უნდა წავიდე, თორემ ჩაფრები ძალით გამაგდებენ და საქონელსაც მათრახებით დამიხოცენ, და მიდიოდა, გაშლილ კალოს ღორების საწეწად სტოვებდა.

მამისეული მიწები, დუქანი, საკუჭნაოებით და ველური მიდამოებით შემკული, პატარა ხის წისქვილი, გიქუამ დიდი ხანია რაც დააქცია და ერთის მაგივრად ცხრა-თვალიანი, ორ სართულიანი მაღაზიები გამართა. ხის ბეღლების მაგივრად დიდრონ-დიდრონი ქვითკირის „სარაები“ ააგო და შიგ უთვალავი ჭირნახულის ზიდვა დაიწყო. „ფოდრიაჩიკობა“ უფრო გააფართოვა და მთელი მაზრის აღებ-მიცემა ხელში ჩაიგდო.

რაც შეეხება ზნეს, ჩვეულებას, მამის ნაანდერძევს ტკბილ განწყობილეაბას იმ ხალხთან, რომელთანაც აღებ მიცემობა ჰქონდა, გიქუამ იმ თავითვე გადაუხვია და თან უფრო და უფრო გაამაყდა, მიუკარებელი შეიქნა.

მარტო აქა იქ, სხვა და სხვა სოფელში, თითო ოროლა ოჯახს შეეჩვია, ბინა დაიდო და ჭირნახულის აკრეფის დროს, ან სხვა რამ საქმის გამოისობით რომ მივიდოდა, იქ ჩამოხტებოდა და თან მისატანიც მიჰქონდა: დოში, ზურგიელი, ცოტა რამ ზინათიც ნათლი დედისათვის, არა შურდა. ნათლი მამები კი ნოქრებად გაიხადა, აღებ-მიცემობას შეაჩვია, ზედამხედველად დანიშნა.

ლამაზ ნათლი დედებს ჩირქი მოსცხო, საყვარლებად გაიხადა და მანამდე მაღალზნეობით სახელ განთქმული ის მხარე, წაბილწა, რამდენიმე ოჯახი „გახრწნა" და თუმცა გაამდიდრა და სარჩოთი აავსო, ზნეობრივად უდროვოდ დააქცია და მოსწამლა.

- ცეცხლი მოედოს იმ დროს, როდესაც ეგ ჩვენ სოფელში გაჩნდა! იტყოდნენ ხოლმე ხნიერი დედაკაცები.

- ნამუსის ლეჩაქი აგვეხადა. ოჯახის სიწმინდეზედ ნაცარტუტა დაგვეყარა! ღმერთმა აცხონოს მაგისი მამა ბაღდასარა, გლეხის ოჯახი იმისათვის წმინდა ეკლესია იყო. ყველა დედაკაცი იმისი დაი და შვილი. ეგ, ეგ არამზადა კი, ფულით ყველას თვალებს უხვევს, ფულის საშუალებით ყველა თავის პრჭყალებში უჭირავს: საითაც უნდა იქით მიჰყავს, რასაც უნდა იმას აქნევინებს.

- აი საწყალი პეტრე კაპანაძე, ბეჩავი კაცი, ღვთის შვილი, ვითომ ამხანაგად გაიხადა, აქეთ იქით გზავნიდა საქმეებზედ, „ფოდრადის" ჩაბარებას ავალებდა, ქალაქიდან სავაჭროს აზიდვინებდა და ამასობაში თვალები კი დაუყენა, ლამაზი და სათნო ცოლი დარეჯანი ხელიდგან გამოაცალა, წაბილწა და ცუდი სენი შეჰყარა. სენი მერე პეტრესაც გადაედო და ცეცხლი მოედო მთელ ოჯახს, დაიწვა და დაიდაგა, ცოცხლად დასამარხი გახდა, სოფელმა კარი გამოუხურა, მეზობლობა შეუკრა და თითქმის შეაჩვენა.

გიქუა კი, ყველაფრის მომქმედი და ყველაფერში დამნაშავე, არხეინად დადიოდა, ჩვეულებრივ აღებ-მიცემობას ეწეოდა...

მაგრამ სოფლის ბოღმა თანდათან ივსებოდა. დედაკაცების წყევლა-კრულვა, საერთო ყიჟინად გადაიქცა. ყველას გული სავსე იყო სიმძულვარით, საერთო შურისძიებისთვის ჰაერი იჟღინთებოდა.

დადგა 1905 წელი. სოფელში სამართლის მძებნელთა ხმა გაისმა. სოფელი შეინძრა, იმის ჩვეულებრივი, გარინდებული ცხოვრება ადუღდა. თითოულმა თავის ტკივილზედ ხმა ამოიღო და საერთო ტკივილებზედ ერთ მანეთს ხმა მისცეს. ალისუბანიც გამოფხიზლდა და პირველად სოფლის სხეულის მწუწვნელი გიქუა დაინახა მთელის თავისის ძრიელებით: მჭრელის კლანჭებით, ობობისებურის გაბმულის ქსელებით და იმის მყრალის ოშხივარით მოწამლული მსხვერპლებით და იმას პირველსა ჰკრა დიდი ხნიდგან გესლით ავსებული ისარი.

ჯარებისთვის გამზადებულ თვალ გადუწვდენელ თივის ზვინებს და ბზით გატენილ საბძლებს, ერთ მშვენიერ ღამეს ცეცხლი მოეკიდა და ჯოჯოხეთურმა ალმა გაანიავა დიდ მანძილზე გაშლილი გიქუას სამფლობელო.

თივებიდან ცეცხლი გადაედო ბეღლებს, დუქნებს და მრავალი სხვა შენობებს.

გიქუა მაშინვე, ახლო მდგომ ჯარის უფროსთან გაფრინდა თავის „პროლეტკით“ და თავის უბედურობის ბრალი, რასაკვირველია, სოფელს დააბრალა. საჩქაროზედ ყაზახები გაჩნდნენ და დაიწყო ალიუბნის „ზეკუცია“ და თუ რა არის „ეგზეკუცია“ სოფლისა, ის ღმერთმა ჩემ მტერსაც ნუ აჩვენოს! მათრახების შლაპა-შლუპი, რბევა, ნგრევა, აფორიაქება.

სოფლის კივილ-წივილი ზეცის კიდეებამდე ადიოდა. მთელი იმის საზრდო-საბადებელი კაზაკებმა და მათმა ცხენებმა შთანთქეს. სოფლის აოხრებამ გიქოს მხოლოდ გული მოუფონა, თორემ დაკარგულ ქონებას რაღას უშველიდა და ერთ საღამოს ბინდბუნდზედ, გიქო ჩუმად გავიდა ალისუბნიდან მახლობელ სადგურზედ წასასვლელად.

შავფიქრებით სავსე, თავჩაღუნული, ძლივძლიობით მოჩანჩალებდა მტვრით გატენილ ორღობეზედ. უცბათ გზაზედ პეტრეს შეეყარა, თვალი მოარიდა, გზა უნდა აექცია როგორმე, მაგრამ პეტრე მუდამ ჟამს უაზრო და ბეჩავი, დღეს როგორღაც სხვა გუნებაზედ იყო და გიქუა გააჩერა.

- რო მიხვალ, სად მიბრძანდები? თვალების ბრიალით შეეკითხა ის თავის ოჯახის დამქცეველს.

- რა შენი საქმეა, ოხერო! შეუტია გიქომ და უნდოდა გაეგრძელებინა გზა, მაგრამ პეტრემ მაგრად ჩაბოჭა. იმისი მარჯვენა და თავისი ხანჯალი ამოიძრო.

- ტყუილად ირჯებით, ნათლია გიქო, ტყუილად! შენ აქ უნდა დასტოვო შენ ცხოვრებასთან ერთად, შენი ბილწი სულიც... და ხანჯალი მოუქნია...

მაგრამ, პეტრეს დასნეულებული ჯანი სუსტი აღმოჩნდა გიქუას ბუღა კისრის წასაჭრელად, იმან მხოლოდ ოდნავ ჩამოათალა წითლად და ჯორჯილი დიდი ცხვირი და ქონით ჩასხმულ-წინწამოდგმული ნიკაპი.

- ვაგლახ მე, სთქვა საცოდავმა კვნესით: ხანჯლის მოქნევის უნარიც კი წამართვი, შე მყრალო, ჩემი ოჯახის დამქცევო ვირეშმაკავ, მაგრამ წადი და ეგ სამარცხვინო დამღაც თან წაიღე შენი ვაჟკაცობის სადიდებლად და სასახელოდ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ