მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 175 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე თვითონ არ ვიცი, რა მემართება.

თითქოს მიწის და ცის შუა თავდაღმა ვიყო დაკიდული. ნიადაგი გამომეცალა.

რაღაცნაირი მდგომარეობაა, ჩემთვის სრულიად გაუგებარი.

სივრცისა და დროის გარეშე დავრჩენილვარ თითქოს.

არაფრის გაგების უნარი არა მაქვს.

მხოლოდ ესენინის სიტყვები მიელავენ: „ჩემს ჩანგს არავის დაუთმობ“. და ვამბობ სასოწარკვეთილი:


- ეხ, ვის რათ უნდა ჩემი ლექსები,

ჩემი მკითხველი არავინ არი...


დღევანდელი მომენტი უარყოფს ლირიკას, უარყოფს სიყვარულს.

მე კი როცა ნაკლებად ვგრძნობ სიყვარულს, უფრო ნაკლებად ვგრძნობ ჩემში შემოქმედებითი ძალას.

იქ სადაც სიყვარული ისპობა, იქ მე ადგილი არა მაქვს.

ერთხელ სპარსეთის მეფე ბერხებ-ჰგური თავის საყვარლის ფეხთით იჯდა, ლამაზ დელი არამის ფეხთით.

მეფე თავის სიყვარულზე ელაპარაკებოდა. ორთავეს გული უცემდათ და წარმოიშვა ახალი სიტყვები. ქალის გულში გამოძახილი ჰპოვეს. ასე შეიქმნა სპარსეთში პოეზია, რიტმი და რითმა.

ეს სპარსული ლეგენდაა - პოეზიის წარმოშობის შესახებ.

ამისთანა ლეგენდებს ყოველი ჩვენთაგანი განიცდის.

მე ცოცხლად ვიმარხები.

ეხლა სხვა მოთხოვნილებაა. ახალი მიდგომა. ახალი გაგება.

ჩვენ აღარა ვართ საჭირო.

რატომ არ შეიძლება, რომ ამ სისხლის და რკინის დრომ ჩვენც შეგვიყვაროს; ჩვენ, უკანასკნელი ოქრომჭედლები სიყვარულისა?


- ჩემს საუკუნეს მაჩანჩალად მე არ გავყვები

თუნდაც პატარა უმნიშვნელო ვიყო ატომი.


ჩემი გულის ნანნგრევებზე სხვა თუ ააშენებს სასახლეს, თორემ მე არ ძალმიძს არაფრის გაკეთება. ჩემი სული ისევე დამახინჯებულია, როგორც ჩინელი ქალის ფეხები.

თანაც ვფიქრობ: მეორედ ხომ არ დავიბადები?

ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ეს სიცოცხლე არ მეყოფოდა. მეგონა ჩემთვის სამი სიცოცხლე იყო საჭირო, რომ ყოველივე ჩემი გულის წადილი შემესრულებინა. დღეში 24 საათი კი არა - 48 საათი უნდა ყოფილიყო, რომ ყოველივე მომესწრო.

ვამბობდი დაჟინებით:

- ერთხელ სიცოცხლე საკმარისი არ არის ჩემთვის, მე უსათოოდ რამდენჯერმე უნდა ვიცოცხლო!

დღეს კი შემოდგომის ფოთოლივით პირველ ქარს გავყვები, რომ ერთხელ კიდევ ავცილდე მიწას და ხის მწვერვალის სიახლოვე ვიგრძნო. შემოდგომის, დიახ, შემოდგომის ფოთოლს დავემსგავსე. უმიზნოდ დამაქროლებს ქარი და ერთ-და-იმავე დროს ვბანაობ როგორც მტვერში, აგრეთვე განელებულ მზის სხივებში.

მტვერი და მზე ერთად.

სულ სხვაა ხასხასა ფოთოლი ლამაზ ხეზე.

ის მხოლოდ მზეს ჰხედავს.

მტვერი მას არ ეხება.

ჩემი სულის ანარეკლს ახმატოვას ლექსებში ვპოულობ. მისი ლექსები არ არის შემკული თვალწარმტაც სათაურებით. ყველა მისი ლექსი კვნესა და ლხენაა მისი გულის და ერთი მეორის გაგრძელება.

ყველაზე უფრო მისი ერთი კრებული მომწონს: „კრიალოსანი“. მისი განცდები სწორედ კრიალოსნის მარცვლებადაა აკინძული:

რომელი ლექსიც არ უნდა წაიკითხო, ყველა მის განცდებთან განათესავებენ და მისი გულის ცემას გაგრძნობინებენ.

მე მიყვარს ახმატოვა.

საინტერესო წიგნი ის არის, რომელიც საკუთარ თავზე იწერება. საუკეთესო ლექსი უსათუოდ ლირიულია.

კარგი ლექსი განცდით იწერება.

სილამაზე უნდა იგრძნო, რომ დააფასო.

ჩვენში ნაკლებ განიცდიან ნამდვილ სილამაზეს: სილამაზეს - ჟესტის, ცხოვრების, განცდის, გაქანების.

ეს ყოველივე წიგნებშია მხოლოდ, ამაზე მხოლოდ სწერენ. ჩვენი ხელოვანი უბრალო მომაკვდავზე მდარეა და უნიათო.

ჩვენ გვიყვარს მხოლოდ მყვირალა სათაურები. ერთ დროს სათაურებით ამოიწურებოდნენ ლექსები.

თემების ძიებით უფრო ვიყავით გატაცებულნი, ვიდრე თემების დამუშავებით.

მშვენიერი სათაურები. ლამაზი წარწერები. თვალჭრელი შემოქმედება.

მაგრამ არის ხოლმე ლექსი, რომელსაც სათაური არ უდგება. სათაური ვერ გამოგინახავს.

ზოგი ლექსი პირდაპირ სათაურისთვის და რითმებისთვის იწერება.

ეს ყოველივე პოეტის და მწერლის საიდუმლოებას შეადგენს.

ჩვენი პოეტები იმდენად დაუნდობელნი არიან, რომ ერთმანეთს არამც თუ დაუბეჭდავ ლექსებს, ახალ რითმასაც არ გაანდობენ, ზოგიერთისათვის ახალი რითმა ისეთივე განძია, როგორც უმშვენიერესი მარგალიტის პოვნა, და ვაი იმისი ბრალი, თუ შემთხვევით ეს სიტყვა, სხვა ლექსში აღმოჩნდა. ის უსათუოდ ქურდის ან პლაგიატორის სახელით ინათლება.

ვინც მკვდარს სცარცვავს - მარადიორია.

ცოცხალს - შანტაჟისტი.

შარა გზაზე მონავარდე - ყაჩაღია.

გემების მძარცველი - მეკობრე.

მაგრამ ჩვენ შეგვიძლიან ვისარგებლოთ სხვისი აზრით თუ სიტყვით ისევე, როგორც ვსარგებლობთ ავტომობილით, გემით, ჰაეროპლანით.

ყოველი აღმოჩენა და დასტამბული სიტყვა შორდება პატრონს და ყველას ეკუთვნის.

იაპონიაში პლაგიატი, როგორც დანაშაულობა არ არის შეტანილი ხალხის მორალურ კოდექსში. იაპონიაში ეს ერუდიციად არის მიღებული.

ჩვენში კი ამ ნიადაგზე, ორ პოეტს ერთმანეთის სისხლის დალევაც კი შეუძლიათ.

რატომ არ შეიძლება, რომ ორ პოეტს ერთი-და-იგივე აზრი დაებადოს?

ბავშვობაში დედა მასწავლიდა: „ღამე, როცა იძინებ მოიგონე შენი ყოველი საქციელი: რა გააკეთე, რა ილაპარაკე, ხომ არავის არ აწყენინე, და თუ რამე ცუდი ჩაიდინე, ერიდე რომ მეორე დღეს არ გაიმეოროო“.

და მართლაც, ამხანაგებისათვის თუ ტოლებისთვის იშვიათად მიმიყენებია ვნება.

ყოველ ჩემს სიტყვას ანგარიშს ვუწევდი.

ჩემში ბავშვობიდანვე პასუხისმგებლობა იყო.

ღმერთო ჩემო, რა კეთილი ვიყავი.

ახლა კი გავბოროტდი.

ვფიქრობ: ნუთუ დედამიწის ზურგზე არ არის ისეთი ადამიანი, რომელმაც ჩემი სულის შიმშილი სავსებით გაიგოს?...

მე არ მინდა ჩემს გრძნობებს დავემონო.

სიყვარული, რომელიც ერთს აფერადებს და მეორეს - სჩაგრავს, დასაგმობია.

ასეთი სიყვარული მე არა მწამს.

მე სიძულვილი მენატრება! სიძულვილი, ყოველივე ჩემი უჯრედით, ყოველივე ჩემი ნერვის ძაფებით, ყოველივე ჩემი სისხლის წვეთით.

ჩემი სიტყვა შხამით უნდა იყოს გაჟღენთილი, რომ სწამლავდეს ატმოსფეროს.

ჩემი ბოროტი სუნთქვა უნდა ახმობდეს ყვავილებს, ჩემი მწარე ღიმილი უნდა სერავდეს მიწას...

ოხ, ისე უნდა გაივსოს ჩემი გული სიბოროტით, რომ ვეღარ დაეტიოს გულის ფოსოში, გასკდეს, ბალღამად გადმოიღვაროს და მთლად წამლეკოს...

ჩემი სუსტი ხმა თავშემზარავ ჭექა-ქუხილად უნდა გადაიქცეს.

ჩემი მსუბუქი სიარული, ისე უნდა დამძიმდეს, რომ საუკუნოებით დამარხულ ძვლებმაც იგრძნონ ტკივილი და შეიშმუშნონ.

ახ! ჩემ სურვილებს ვერ დაჰფარავს თვით ოკეანე.

მე წარსულს მივაფურთხე.

მე აწმყო უარვყავი.

მომავალს ვწვავ ანთებულ თვალებით და მინდა ყველა პლანეტები შევაჯახო, რომ ახალი მსოფლიო შევქმნა:

ჩემი საკუთარი კანონებით.

აღარ იყოს ნასახი ადამიანის, ანდაზასავით გაცვეთილ ადამიანის, რომელსაც დაჰკარგვია დიდი ხანია სახე და ზღვის დონედან მოგლეჯილ ღრუბელივით ისრუტავს ყოველივე სიბილწეს.

უპატიოსნო ადამიანს არც სხვისი პატიოსნება სწამს.

მაგრამ ვარსკვლავები რომ აშუქებენ, ალბად ესეც ვისმესთვის საჭიროა.

ბუნების წიაღში ადამიანი კეთილშობილდება.

ბუნება ურცხვია და ადამიანში ატავისტურ გრძნობებს იწვევს.

ბუნება ხსნის ადამიანის სახიდან ფარისევლობის პირბადეს. ამიტომ არის რომ აგარაკზე უფრო ადვილად ეჩვევა ხალხი ერთმანეთს. აგარაკზე ადამიანი უფრო გულწრფელი და გულახდილია.

ბულბული ხეზედ უფრო ლაღად მღერის.

ყოველი ლამაზი განცდა ზაფხულის განძია. აყვავებული ბუნება, ეს ის საუკეთესო თაიგულია, რომელიც აამოძრავებს ხოლმე ჩვენს ემოციებს.

რასაც ადამიანი ზამთარში ვერ გაბედავს, გაზაფხული და ზაფხული შეასრულებინებს.

დიდი ხნით ნატარები სურვილი უფერულია და უგემური.

ბუნების წიაღში მრავალი ახალი აზრი თავისთავად იბადება.

ბისმარკმა იცოდა თქმა: „მე უნდა გაგიზიაროთ აზრი, რომელიც მწვანე მაგიდასთან კი არ მეწვია, არამედ მწვანე ყანებს შორის“.

ბუნება ხშირად წიგნზე მეტყველია.

ბუნების კარნახი ჩვენი ცხოვრების კოდექსებზე ძლიერია. მთის ხალხი უფრო ინტენსიურია, თამამი, გონიერი და ფხიზელი - ვიდრე დაბლობის.

ჭაობის მცხოვრებლებს მუდამ დაღვრემილი სახე აქვთ. მათი გონება ჩლუნგია, გული - დახშული.

როცა მთის მწვერვალზე ადიხარ, თავს თითქოს ზეკაცად გრძნობ.

ადამიანი თავის თავს უფრო სრულყოფილ ცნებად აღიარებს, ვიდრე ბუნებას.

ადამიანმა თითქოს დაიმორჩილა ხმელეთი, ზღვა და ჰაერი.

აღარაფერი აღარ დარჩა გაუგებარი და მიუწვდომელი.

მაგრამ საკმარისია, მიწამ ერთი ღრმათ ამოისუნთქოს და... დაინგრევა ქალაქები, სოფლები, ქვეყნები.

საკმარისია დაიწიოს ზღვის დონემ და... გაქრებიან კუნძულები,

იღუპება ქონება, ხალხი, კულტურა.

მე მიყვარს სტიქია!

უდაბნოს ხორშაკი მთელ ქარავნებს ასამარებს.

ზღვა გიგანტიურ გემებს ჰყლაპავს. ზღვას მსხვერპლი უყვარს.

ბუნებას საკუთარი კანონები აქვს: უფრო რთული და ძლიერი.

ის თითქოს დასცინის ადამიანს: „მომაკვდავო, მე შენსავით არ მეჩქარება“.

ჯერჯერობით გამარჯვება ისევ ბუნების ძალას ეკუთვნის.

შემთხვევა, უბრალო შემთხვევა, ხშირად სპობს ყოველივეს.

ერთმა ცნობილმა მეცნიერმა და არქეოლოგმა ეგვიპტეში უძველესი აკლდამა აღმოაჩინა. მისი დიდიხნის ცდები გამარჯვებით დაგვირგვინდნენ.

კმაყოფილი და ბედნიერია მეცნიერი. მაგრამ მიწიდან მოულოდნელად გველი გამოძვრება და სასიკვდილოდ დაჰკბენს მეცნიერს.

იწამლება გველის შხამით. შველა შეუძლებელი ხდება. მეცნიერება უძლურია.

გველის შხამიანი შეხება დიდტანიან წიგნებს ამარცხებს. კვდება დიდი ადამიანი.

ადამიანი ყველაფერს ვერ უმკლავდება.

ხშირათ უბრალო ბაცილა უფრო გამძლეა, ვიდრე სრულყოფილი ქმნილება - ადამიანი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ