სადილზედ საშინელი სიჩუმე იყო. სახლის პატრონი სცდილობდა სიმხიარულე ჩამოეგდო, ლაპარაკის მადაზედ მოვეყვანეთ, მაგრამ უთუოდ ჭამის მადა უფრო ძლიერი იყო ჩვენში, რომ ბეჯითად შევექცეოდით ლამაზ-ლამაზ საჭმელებს და თან ყელს ვისველებდით ლამაზისავე წითელის ღვინით.
მიხასაც მიულოცეს ტოლუმბაშობა, მაგრამ მრავლობამ ყური არ ათხოვა იმის ბრძანებას და სადილი აიკრიფა საშინელივე სიჩუმით. შეყრილნი ვიყავით სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა აზრის ქალი და კაცი და ეს იყო მიზეზი რომ შორიშორს ვისხედით და ვათვალიერებდით ერთმანეთს.
შემაერთებელი საგანი მალე გვიპოვა მასპინძელმა. ყავის შემდეგ მოგვიტანეს ნარდი და ბანქო; საზოგადოება ორ ნაწილად გავიყვენით. ერთი უფრო, ყმაწვილობა, შემოუსხდა მრგვალ სტოლს „დურაჩკის“ საცუღლუტოდ და მეორე ძველებურს მოზაიკით მოჭედილს და სპარსულის წარწერილებით აჭრელებულს მშვენიერ ნარდის ფიცარს.
- თქვენ გსურთ მეთამაშოდ? თავმომწონებით გაიღრიჭა დაბალ-დაბალმა ჩინოვნიკმა და დარწმუნებულმა რომ თავის მოწინააღმდეგეს მოუგებს მოტვლეპილ შუბლზე ხელი გადისვა - ძრიელ კარგი, ძრიელ კარგი, კნიაზო, და კმაყოფილების ღიმილით ნარდის ფიცარს მოუჯდა. თითო მანათი და ორი. პირობაზე ხომ თანახმა ხართ? ბევრი ხომ არ არის?
- დიახ, დარბაისლურად მიუგო მისმა მოპირდაპირემ, თანახმა ვარ, აბა დავიწყოთ.
ორს დიდად განსხვავებულ ტიპს ეკუთვნოდნენ ეს ორი ნარდის მოყვარულნი. ერთი იყო უშნო, თავცარიელი, გულით ფლიდი და ჯიბით დიდი რაქელა და მეორე გმირი შეხედულობით და გონებით და გულით სავსე წმინდის ზნეობით, მაგრამ გახვრეტილის ჯიბით. პირველს ნარდი უყვარდა, როგორც მოგების დავთარი და მეორეს, როგორც ბრძოლის ველი.
რასაკვირველია, მაყურებლების სიმპატია მეორესკენ იყო მიქცეული.
ჩინოვნიკმა გაიმარჯვა. მოიგო ერთხელ, მოიგო ორჯერ, მოიგო სამჯერ. არაქელას სიამაყე მოემატა. ტრაბახი ამრავლა, კმაყოფილების ნიშნად ხელების ფშვნეტა იწყო. „დავ, დავბასე, დავბაჩა, დავბაფან...“ გაისმოდა ყოველ წამს.
მაყურებლები უფრო ახლო მიუსხდნენ დამარცხებულს და თვისის სიახლოვით თითქო ძალას აძლევდნენ საბრძოლველად, ის კი წყნარად, დარბაისლურად გადადიოდა კამათელს და შუბლსაც არ ინძრევდა იმ საგრძნობელ წაგებაზედ, რომელიც ჩვენ ძლიერ გვაწუხებდა.
„დუშაში კამათელო, აბა შენებურად, ჩემო კამათელო“ დასჭყავლა არაქელამ და ოქროს მოყვარულობით კბილები ააკრაჭუნა, სიტკბოების ნერწყვებს ჰყლაპდა.
მეორე კი იღიმებოდა და კამათელს წყნარად აგორებდა.
აბა კნიაზ, ჩემთან თამაშს რად ნებულებდი, „კლუბში“ ერთი ვერვინ გაბედავს ჩემს გაჯიბრებას. თუ გინდა, კნიაზჯან, გავათაოთ, მე არ მინდა გაგაკოტრო.
კნიაზი წელში გასწორდა. სახეზედ ოდნავ სიწითლემ გადაჰკრა, თვალებში უკმაყოფილების ალმა გაუელვა.
უცებ ბედის ჩარხი დატრიალდა. მოგებამ მხარი იცვალა. არაქელა დაწყნარდა. პირს შხამი გადაედინა. თვალებმა სიშურით უწყო ცქერა.
მოგება მეორეს მხრიდან გაგრძელდა და გაუთავებელი შეიქმნა. ტრაბახა მონარდე ორად მოიკუნტა, თავი ჩაღუნა, შუბლზედ ცივი ოფლი წამოადგა. ტრაბახა ენა მთლად ჩაუვარდა. საცოდავი იყო იმის მთლად დამარცხებული, მოკუნტული არაქელა.
მეორე კი ისევ ტკბილად იღიმებოდა და კამათელს წყნარად აგორებდა. მაყურებლები უფრო მივუახლოვდით ჩვენ „სიმპატიეს“ და სრულის თანაგრძნობით ვუყურებდით მის გამარჯვებას.
- ვა, ეს რა მამდის? რა მემართება? ვინ დამლახვრა, გულის წუხილით აქეთ-იქით იხედებოდა საბრალო არაქელა და ჭრელი აბრაშუმის ხელსახოცით ცივ ოფლს იწმენდდა.
„ოციდახუთი, სამი თუმანი, სამ-ნახევარი, ოთხი-ოთხს. ნახევარი, ხუთი...“ გაისმოდა მაყურებლებისაგან არჩილის მოგების თვლა.
არაქელა თრთოდა და კნიაზი იღიმებდა.
„ექვსი თუმანი....“
- კმარა... დავისვენოთ... ალაგი ვიცვალო, თითქმის ტირილით სთქვა საცოდავმა მონარდემ და საჩქაროდ კარზედ გავარდა.
ჩვენ სიცილი წაგვსკდა. ბატონო, ვეუბნებოდით არჩილს, თუ აგრე ადვილად შეგეძლო მაგის გაქცევა, რად იწუხებდით თავს იმის ლაყბობით?
- უნდა მოგახსენოთ, მოგვიგო იმან, რომ მე ნარდი მიყვარს სულელურის სიყვარულით. თუ მარჯვე მოპირდაპირე შემეყრება - სიამოვნებით ვთამაშობ კიდეც. ზოგჯერ გატაცებითაც, თუ რასაკვირველია, როგორც მოგახსენეთ, მარჯვე მოპირდაპირე შემხვდა. მე როგორც გამიგონია და როგორც თითონაც იკვეხდა ეგ აქ პირველ მონარდედ ითვლება. მაგრამ პირველ კამთლისვე გაგორებაში შევატყვე, რომ ჩვენში თანასწორი თამაშობა არ იქნება და საბელი მივუშვი. მაგრამ რაკი კვეხა ტრაბახზე შეცვალა და ტრაბახი დაცინვის კილომდინ აიყვანა, მე მხოლოდ დავწიე. მე რა მაფიქრებინებდა, რომ აგრე მალე შეკრთებოდა.
- აბა, კნიაზ, ახლა თქვენ აქეთ მხარეს დაბძანდით. „წითლებს“ ახლა მე ავიყვან, „შავებმა“ ხო არ დამძაბნეს.
- თქვენი ნებაა, საიდაც გნებავთ იქით დაბრძანდით, წყნარად მიუგო არჩილმა და გააგორა კამათელი.
ნარდის თამაში სულ შეიცვალა. წინათ იყო ბრძოლა და მისი შედეგი, დამარცხება. ეხლა მხოლოდ წყნარი, განზრახ უკან დაბრუნება (ანუ ჩუქება) მონაგებისა. არჩილმა თამაშს თავი მიანება და უგულოდ ნარდის კაცებს გადას-გადმოსმიდა. არაქელა კარგად გრძნობდა არჩილის გულუხვობას და მოწიწებით სარგებლობდა ხელში მიცემულს მოგებით და თანაც არ ირცხვენდა და ზედ უმატეაბდა და, დავბასე, დავბაჩა და სხვა.
- დიახ, დიახ ღიმილით უპასუხებდა ჩინოვნიკს თავადი და აგებდა. მაყურებლებიც მოვიშალენით, თამაშის ყურების აზრი აღარ ჰქონდა და ავიშალენით.
- მოიცადეთ, მოიცადეთ, კანკალით, გვეხვეწებოდა არაქელა. ჯერ კიდევ ბევრსა ვარ წაგებას.
- ნუ სწუხართ ბატონო, წანაგებზედ. აი დანარჩენი ოცდახუთიც, ბაღლო თქვენთან, და კამათლები გადაუწყო არაქელას.
















