I
დღეს მშვენიერი დღეა. გათენებისას წვიმა იყო. კნეინა მარიამ დიდებაძის კარის ბაღჩა საპატარძლოდ მორთულ უმანკო ქალსა ჰგავს. ბილიკები ამ ბაღჩის წითელი მიწით არის მოდებული; მრავალი სხვადა სხვა ფეროვანი ყვავილები ამკობენ ამ პატარა მოკაზმულ ბაღჩას. სხვადასხვა გაზსფხულის სტუმრები დასჭიკჭიკებენ აქ მდგომ დაბალი ტოტებშეკვეცილ ხეხილის ხეებს.
ბაღი ლამაზია და თითქო იმისთვის არის მოკაზმული, რომ იმის სიმშვენიერით დასტკბეს ვინმე. მაგრამ კნეინა მარიამ ისეა აღშფოთებული, რომ ბაღითა და მაისის მშვენიერი დღით დატკბობისთვის არა სცალია. გუშინ მიშელმა უთხრა, რომ საზღვარგარეთ მიდის ზაფხულობით და რადგანაც მარიამს ამ ჟამად უმიშელოდ ცხოვრება არ შეუძლია, ესეც ეძიებს საშუალებას მოახერხოს იქითკენ წასვლა, საითაც მის ახლანდელი საყვარელი მიდის.
კნეინა თორმეტ საათამდე არ აბრძანდება ხოლმე, მაგრამ დღეს ისეთი მწუხარებით არის სავსე ამის გული. რომ რვა საათზე ფეხზე იყო და ძვირფასი არშიით მორთულ პენუარით სიჩქარით დადის ოთახში და ჰფიქრობს:
- მე ვიცი, რომ ჩემი პატიოსანი მეუღლე უარს მეტყვის. ის თავის ჩვეულებისამებრ მომაგონებს, რომ ჩვენ ბევრი ვალი გვმართებს და სამზღვარგარეთ წასასვლელად ფულს ვერ იშოვნის. როგორ თუ ვერ იშოვნის? მე რას დავდევ. საიდანაც უნდა იშოვნოს. მე საფრანგეთში წასვლა მინდა ოთხი თვით; ჯანი გაიგდებინოს და ისე მიშოვნოს. მარტო წავიდუ თუ ქმარიც წავიყვანო?.. უნდა წავიყვანო, მეტი ღონე არ არის რაკი ბედმა მაგ გადაყრუებულ ტუტუცს გადამკიდა. ყოველთვის ჩემს და საზოგადოებას შუა შირმად უნდა იყოს. მაგას ჩავსვამ რომელსამე გენერალთან ბეზიკში და მე მშვენიერ მთვარიან ღამეებში ტბებზე ვიცურებ ჩემს ძვირფას მშვენიერ მიშელთან. ფული რომ არ მიშოვნოს ჩემმა პატიოსანმა? მერე? ხომ შეიძლება გაჯიუტდეს და არ მიშოვნოს? არ მიშოვნოს? ისეთ დღეს დავაყენებ, რომ მგონი თავის ხელით ქოჩორი ვაგლეჯინო. ან ეს ზაფხული მიშელთან უნდა გავატარო, და ან ჩემ ბაბაიას უნდა საუკუნოდ გავშორდე.
კნეინა მარიამმა ისეთის სისწრაფით ჩამოჰკრა ხელი კედელზე ჩამოკიდებულ აბრეშუმის აჭრელებულს ზარის ზონარს, რომ ორ-ორი გოგო ერთად შემოცვივდა.
- ბატონი ზეზეა?
- დიაღ, ბალკონზე ჩიბუხს ეწევა.
- მოახსენეთ, ამ წამსვე აქ შემობრძანდეს.
სულ ხუთ წამს არ გაუვლია მარიამის სასტიკ ბრძანების შემდეგ: ოთახში შემოვიდა კნ. ნიკოლოზ დიდებაძე. ეს გახლავთ ორმოცდაათი წლის კაცი, ჭარბად ჭაღარა მორეული. ტანზე აცვია ფეხებამდის მწვანე ხავერდის ხალათი, ფეხებზე ოქრომკედით ნაკერი ჩუსტები, თავზედ "ვოენის" ქუდი და ხელში უჭირავს ორი ადლი ჩიბუხი ვერცხლით შეჭედილი ტარით. ის ნელა და დარბაისლურად შემობრძანდა ცოლის ოთახში, შუაზედ შესდგა და ამაყად უთხრა კნეინას:
- რას მიბძანებთ ახალს, ჩემო სიცოცხლის მთავრინავ?
- დაბძანდით, მე თქვენთან მოსალაპარაკებელი საქმე მაქვს. მე უნდა გკითხოთ თქვენ: სად მივდივართ "დაჩად"?
- სად მივდივართ? განა თქვენ არ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბორჯომში გვაქვს მშვენიერი დაჩა? მე მოვამზადებინე კიდეც. მშვენიერი ბაღი გვაქვს წრეულ: ყვავილების თესლი პარიჟიდან დაუბარებია ჩვენს ფრანცუზს - მებაღეს.
- როგორ თუ ბორჯომს? - გველის ნაკბენივით წამოხტა კნეინა. - წრეულს ბორჯომს წასვლა რა საფიქრებელია. ბორჯომი სრულიად ცარიელი იქნება. არა, თქვენ ხომ არა გნებავთ, რომ უდაბნოში გამისტუმროთ? ეხლა ბორჯომში უბრალო ხალხის მეტი ვიცი მიდის? მიიხედ-მოიხედე და ისე ილაპარაკე: მთელი დიდკაცობა, ჩვენი "პარტია" სულ საზღკარგარეთ მიდის და ჩვენ ვიზედ რა უკანასკნელი ვართ!
- რას ამბობ, ქალო, როგორ თუ საზღვარგარეთ? კაცს ყოველ დღე მზარეულის ფულის მიცემა მიჭირს და ხუთას-ექვსასი თუმანი საიდან მოგიტანო! ან არა-და რა გინდა სხვა ქვეყანაში? განა ჩვენი სოფელი ურიგოა, ან ბორჯომი საფრანგეთის წყლებზე ნაკლებია. შარშან-წინ არ იყო, რომ სამი თვე ვაი-ვაგლახით გავატარეთ. მარტოკაობით კინაღამ გავგიჟდი, მე იმათი არა მესმოდა-რა და ჩვენებური კი არავინ იყო.
- მე ბევრი ლაპარაკი არ ვიცი; ან ერთი უნდა შეასრულო, ან მეორე: ან უნდა სამგზავრო ფული მიშოვნო და ან ჩემზედ ხელი აიღო .
- ხომ არ გაგიჟდი, ქალო. ათის წლის ცოლ-ქმარი უნდა გავიყაროთ? ქვეყანა რას იტყვის? გინდა სკანდალი მოახდინო? კაცი გენერალ-ლეიტენანტი ვარ და ცოლს გავეყარო. ეგ შეუძლებელია, მთელი სახელმწიფო თითით საჩვენებელს გამხდის.
- მაშ ფული იშოვნე.
- ეგეც შეუძლებელია. რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რომ გაჭირვებაში ვართ. ჯამაგირი სამ თვესაც არა გვყოფნის. დანარჩენ ცხრა თვეს ვალებით ვცხოვრობთ, ნდობაც აღარა გვაქვს. რაც მამული გვაბადია, სულ დაგირავებულია; დაგირავებულია განა ერთთან: თითო მამული სამთან, ოთხთან. სხვა არა იყოს-რა, ოთხ-ოთხი ბავშვი ვისთან უნდა დავტოვოთ უპატრონოდ.
- მე ეგეები არ ვიცი, მე მხოლოდ მინდა საზღვარგარეთ წასვლა, და ფულების შოვნა თქვენი საქმეა. ბავშვები? ბავშვებს გუვერნანტკა, ბონა ჰყავთ. იმათი პატრონობა მე რას შემეხება. ბორჯომს ისინი გაგზავნე.
- რა საშინელი ახირებული ქალი ხარ. გზა მიჩვენე საიდან ვიშოვნო და ბატონი ხარ. არ გეყო მაგდენი ფულების ფლანგვა. შესდექ, თორემ ჩვენი საქმე ცუდად არის. შვილები ულუკმაპუროდ დაგვრჩება.
- როგორ თუ შვილები, როგორ თუ შვილები! ოცდაათი წლის არც კი ვარ და შვილებისთვის თავი მოვიკლა. მაგისთვის შემირთეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ შვილებს ლალად გავუხდე, შემცდარი ხართ. კიდევ გეუბნებით: ან ფული მიშოვნეთ, ან არა-და ხცალ მამასთან მივდივარ. ახლა გთხოვთ გაბრძანდეთ ჩემი ოთახიდან. თავი მტკივა, მინდა პატარა ხანს მოვისვენო.
წელმოწყვეტილი და თავჩაღუნული გამოვიდა ოთახიდან კნ. კოსტანტინე. მთელი ორი დღე იმის ფიქრში იყო, თუ როგორ გადაეწყვიტა: გაეძრო სრულიად ტყავი და ცოლი საზღვარგარეთ გაესტუმრებინა, თუ სამშობლოში გაეგზავნა და სამუდამოდ მოეშორებინა ეს წრეს-გადასული, გაუმაძღარი სვავი.
მთელი ორი დღე ხმა არ ამოუღია კოსტანტინეს, თავის განუშორებელი მეგობარი ჩიბუხიც კი არ აუღია ხელში. დილით საღამომდის შეკეტილი იყო თავის კაბინეტში და ბოლთას სცემდა ძირს გაშლილ ხალიჩაზე. ბოლოს ძვლებთან და სისხლთან შეზელილმა "რას იტყვიანმა" დასძლია, თავის შერცხვენას თავის დამცირება არჩია და წავიდა თავის ფეხით ერთ თავის ნაცნობ სომეხთან ექვსასი თუმნის სასესხებლად. თუმცა ეს მისთვის სიკვდილზე უარესი იყო, მაგრამ იცოდა, რომ ამის ბარათებს ფასი აღარა ჰქონდა და მუნდირს კი, ჯერ-ჯერობით ფასი თუ არა, რიდი მაინც ედო.
კნეინაც ამ ორ დღეში დატუსაღებული იყო. ის თავის ოთახიდან არ გამოსულა და არც არავინ მიუღია მიშელის მეტი. კარებშეკეტილში იჯდა კნ. მარიამი თავის სატრფოსთან და დასცინოდა თავის ბებრუცანა მეუღლეს. ეს დარწმუნებული იყ, რომ ფულს მიიღებდა და მიჯნურები პლანებს აწყობდნენ, როგორ გამოეყენებინათ კოსტანტინეს უგუნურობა.
- ჩვენ ნიცაში წავიდეთ და ერთმანეთს ისე გაკვირვებული შევხვდეთ, ვითომ პირველად გაგვეგოს, რომ ორივენი საფრანგეთში ვართ. შემდეგ სამ-ოთხ დღეს ჩვენსა ნუღარ გაივლი და ჩემი პატიოსანი, თავის ენაზე მოსაუბრეს რომ ვერავის იშოვნის, თითონვე მოგძებნის.
- ოხ, ჩემო პირველო და უკანასკნელო საყვარელო! - (კნეინა დარწმუნებული იყო იმ წამში, რომ ეს პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო) ეუბნებოდა მარიამი მიშელს - რა ტკბილს და საუკუნოდ დაუვიწყარ დროებას გავატარებთ საფრანგეთის ცის-ქვეშ. შენ ბოლოს, მარტოკაობის გამო, იქნება ისეთი საჭირო გახდე ჩემის ქმრისთვის, რომ გადმოგიწვიოს ჩვენს სადგომში და მაშინ, მაშინ...
კარებზე დააკაკუნეს. კნეინა მარდად ჩავარდა კრესლოში და დაღვრემილი შეხედულობა მიიღო. მიშელი სკამზე დაჯდა შორი-ახლო და დაუდევრად ფალანგის კარიკატურებზე ოხუნჯობდა.
- Entrez! - დაწყნარებით ბრძანა მარიამმა
შემოვიდა კოსტანტინე. ორი დღის განმავლობაში ისე გამოცვლილიყო, რომ მიშელმაც კი შენიშნა ეს და ძვირფას "დიადინკას" კარგად-მყოფობა იკითხა.
- გმადლობ, გმადლობ, ჩემო შარლატანო! ღმერთმა ქნას და აგაცილოს ის ავადმყოფობა, შვილო, რომელიც მე უდროოდ მაბერებს. მერე ცოლს მიუბრუნდა და უთხრა: - მაშა, უკანასკნელი ღონისძიება ვიხმარე შენის სურვილის ასასრულებლად. იცოდე, გამეორება აღარ შეიძლება, იფიქრე შვილებისთვისაც, თუ შენში ცოტაოდენი დედა-კაცური კიდევ მოიპოვება რამე.
- Merei, mon cher! მარიამმა მოწყალებით თავზე აკოცა თავის ქმარს და გულში გაიფიქრა: წრეულს ხომ გაგაბი და შემდეგისათვის ღმერთი მოწყალეაო.
II
თიბათვე დადგა. რიგიანი სიცხეა. კნ. ლუარსაბ კუდაბზიკაძეს ჩასუქებულ ლოჟებზე და კისრის ნაკეცებზე მთელი დღე ოფლის ნაკადული ჩამოსდის. ქალაქში ცხოვრება ამისთვის გაძნელდა. თუმცა ქალებსაც სცხელათ, მაგრამ ძლიერ უარზედ არიან სოფელში წასვლისას.
კნეინა თინათინი ჩუმად ჩასჩურჩულებს თავის მეუღლეს: შე დალოცვილო, რისთვის ჩამოვედით მთელი ზამთრით ქალაქში, თუ კი რაც აზრი გვქონდა, ვერ ავასრულებთ. სამ-სამი გასათხოვარი ქალი ისევ უკან უნდა წავიყვანოთ! დაიცა, ეხლა გაიხსნა საზაფხულო "კრუჟოკი" და "საბრანია." ქალები საზაფხულო ტანისამოსით, მოდის შლიაპებში უფრო შვენიან, ყმაწვილკაცები ზაფხულში უფრო ხშირად ირთავენ ცოლებს. მშვენიერი, მიყუდროებული ბაღის ადგილები კაცს როგორღაც სიყვარულს აღუძვრენ გულში. მართალია, ბევრი ვალი დაგვედო წრეულ ზაფხულში: სამი ქალის საზოგადოებაში გაყვანა ადვილი არ არის, მაგრამ ცოტა კიდევ მოვიცადოთ, იქნება ღმერთმა ჩვენი განზრახვა აგვისრულოს.
- სულ შენი დაღუპული ვარ, დედაკაცო, მე და ჩემმა ღმერთმა, სულ შენი. რით ვერ გაიგე, შე კაი ადამიანო, რომ "მოდნია" ქალები აგრე ადვილად ვეღარ თხოვდებიან. ან კი რად უნდა გათხოვდენ, ვაჟო? განა კაცები ბრმები არიან? განა ისინი არა ხედავენ თქვენს უსაქმობას. დაილოცა ის დრო, როცა ჩვენი დედა-კაცები ოჯახს პატრონობდნენ. აბა ახლა რა არის ჩვენი მდგომარეობა. ვალი, ვალი და ვალი! სახლი სულ ერთიანად ავაოხრეთ ამ ოხერ ქალაქში დგომით. კაცმა რომ ჩვენს სახლს შეხედოს სოფელში, ატირდება. ფანჯრები ჩამტვრეული, სურათები ჩამოყრილი, შეღებილ ბალკონზე მთელი სოფლის ქათამი და ინდაური დასეირნობს. მამა-ჩემი არ წამიწყდეს, ლეკი რომ დაეცემოდა ხოლმე კახეთს, ისე არ აოხრებდა სახლებს, როგორც ეხლანდელი ქალები ქალაქში სირბილით აოხრებენ.
შე კაი ადამიანო, განა არ იცი რომ მყიდველი თვითონ მივა სავაჭროსთან და არა სავაჭრო მყიდველთან! დამიჯერეთ. კარგნი იყავით და იარმუკაზე არ მოგინდებათ გამოტანა. ერთი სიტყვით მითქვამს და გამითავებია: მე ქალაქში დგომა აღარ შემიძლია. ხვალვე შინ მივალ. კვირას ტარანტასს ჩამოგიგზავნით სტანციაში, თუ გნებავთ, მობძანდით; თუ არა და მე ბრალი ამიყრია თქვენს ავ-კარგიანობაზე.
ბევრი იწუწუნეს კნეინამ კნეიჟნებით, ბევრი ტუჩები იკვნიტეს უკანასკნელად "კრუჟოკის" საზაფხულო ბაღში ყოფნის დროს, მაგრამ განა არ მოგეხსენებათ: ძალა აღმართსა ხნავსო. ამათ კარგად იცოდნენ, რომ ლუარსაბს ხუმრობა არ უყვარდა და დამორჩილდნენ თავიანთ იღბალს.
ესენი ქალაქური მებელით მალე მოეწყვნენ სოფელშიც. შუშები ჩასვეს, ჩამონგრეული ბალკონი გაამაგრეს, ერთის სიტყვით მიაკერ-მოაკერეს უპატრონოდ დაგდებული სახლი. ერთ-ორ კვირას ცხვირ-დაშვებულნი ისხდნენ კნეიჟნები თავიანთ ოთახში და ოცნებობდნენ ქალაქელ კავალრებზე, მაგრამ როგორც ყოველ გვარს ამ სოფლიურს ბოლო აქვს, ამათ ოცნებებსაც მოეღო ბოლო.
ერთ მშვენიერ საღამოზე ამათ მოუვიდათ მოპატიჟე: "დღეს ვეჩერი გვაქვს, - სწერდა ამათ კნეინა სალომე, მათი სახლის კაცის ცოლი - გთხოვთ ვახშმად ჩვენსა მობძანდეთო." კნეიჟნები კნეინითურთ გამოიჭიმნენ ქალაქურ "მოდნის" კაბებში და თავიანთ ქალაქურ მიხვრა-მოხვრით, მხრების ჭიმვით და თვალების კრუტვით გააოცეს სოფლელი ხამი და სადა ქალები.
უნდა მოგასსენოთ, რომ კუდაბზიკაანთ კარი ძლიერ დიდი სოფელია. აქ ორმოცამდის თავად-აზნაურობის სახლობა სცხოვრობს და ორასამდე გლეხკაცობა. აქაურ თავადების პურადობა და მშვენიერი სოფლის მდებარეობა კარგ მდინარეზე, დიდრონი კაკლის ხეები თავისი ჩრდილებით იზიდავენ ქალაქის სიცხისაგან გამოქცეულ სტუმრებსაც.
ცოტ-ცოტათი შეიკრიბნენ მებატონეებიც და "დაჩნიკებიც". გაიმართა ჩვეულებრივი მხიარულობა. ვინ ვისზე უფრო მდიდრულ "ვეჩერს" გააკეთებს, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს კუდაბზიკაანთ კარელები. ვინც სტუმრებს ვახშამზე გაათენებინებს, ის არის დიდი ვაჟკაცობა და ყველა ცდილობს ამ გმირობაში სხვებს არ ჩამორჩეს.
მშვენიერ სურათს წარმოადგენს მთელი სოფელი ზაფხულში. დღისით მებატონის კარებები მოკეტილია და ღამენათევი ქალ-კაცნი განსვენებაში არიან, რომ საღამოზე ისევ შეუდგნენ ქეიფს და გლეხ-კაცობა კი თავ-გადაგლეჯილი, გულის-პირ ჩამოიფხრეწილი ჯაფაში წელს იწყვეტს. მაღლა ღიღინსაც ვერა ჰბედავს, რომ ბატონებს მოსვენება არ შეურყიოს, ძილი არ დაუფრთხოს. და საღამოზე კი, როდესაც ბატონები გაიღვიძებენ და გლეხ-კაცი მოსვენებას ეძლევა, დაირა, "ბუზიკა" და ბევრჯერ დანჯღრეული ორღანიც უშფოთებს ამას რამდენიმე საათის ძვირფასს, ღონის შესაკრებ ძილს.
კნ. ლუარსაბის სასახლე შიგ შუა სოფელში სდგას. შუაღამეა. გარშემო. გლეხ-კაცის ქოხები შავი წერტილებივით გამოიყურებიან სიბნელეში. ბალკონზე ტანცაობაა. ოთახებში კაცები ქაღალდს თამაშობენ და ქალები ლოტოს. სამთავე ასპარეზზე ეს კნეინები, კნეიჟნები და კნიაზები ოფლში იწურებიან. მარაოების ხმარება გახშირებულია. ბალკონის ერთს კუნჭულში ტახტზე მოკეცილი ზის კნ. ლუარსაბი და ფიქრობს:
დღევანდელი ვახშამი ოცი თუმანი მიზის. კენჭიანზე ვენახი გავყიდე. რისთვის, ნეტა მაინც ვიცოდე, რისთვის? განა განათლება და გაღატაკება ერთია? მე ქალები ინსტიტუტში დავზარდე, იმედი მქონდა, ღმერთი ხელს მომიმართავს, განათლდებიან და მალე დამითხოვდებიან, უმზითვოდ მომტაცებენ მეთქი და აი განათლება თურმე რა ყოფილა? ზამთარში ქალაქი, ზაფხულში თამაში, ერთი დაუცხრომელი და დაუსვენებელი ალიაქოთი. დაუსვენებლობას კიდევ ჯანი გავარდეს, მაგრამ საქმე ფულია, ფული. მე თუ ასე ვაგირავე და ვყიდე მამულები, შენი მტერი, რომ ეს ერთად-ერთი ბიჭი მე მშიერი დამრჩება. ოჰ, დედა-კაცებო, დედა-კაცებო! ჩემი მტერიც ჩავარდნილა თქვენს ხელში. თქვენ თუ ეგრე მიჰყეთ ხელი, ვი შენს ლუარსაბს! მალე დაეცემა იმის დღემდის უვალო ოჯასი!
- რაზედ დაღონებულხარ, მამა ჯან? - მსიარულად უთხრა ლუარსაბს უფროსმა ქალმა - იმდენი ვიტანცავე, იმდენი, მამას მზემ, ფეხზე დგომა არ შემიძლია. ადექ, გენაცვა, წამოდი ზალაში, სტუმრები ვახშამზე სხდებიან, გაგვიმხიარულდი. გუშინ დავითთან ექვსს საათზე დავიშალენით და შენ თუ ეგრე შეიჭმუხნე, სტუმრები ორ საათზე დაგვეფანტებიან. მერე? ვინ რას იტყვის? პურა-ძვირობაში ჩამოგვართმევენ.
- ელენე, შვილო, ოცდახუთი წლის ქალი ხარ, ბავშვი ხომ აღარა ხარ, რით ვერ მოგწყინდა ტლინკვა; შენ მაინც უგდე სახლს ყური, თუ დედა-შენი გადაირია. ნუ აჰყევით ამ მოდას. ცოტათი ხელი მოუჭირეთ, თორემ მერწმუნეთ, გაუთხოვარი დაბერდებით.
- ოჰ, მამავ, რა არის მაგდენი საყვედური, შენ სრულიად სწამლავ ჩვენს სიცოცხლეს. ამისთანა სიცოცხლე ღმერთმა შეარცხვინოს - და ელენემ მწარედ ტირილი დაიწყო.
- უ! უჰ! - ამოხვრითა სთქვა ლუარსაბმა და ზეზე წამოდგა - კარგი, შვილო, თვალები დაგიწითლდება, ნუ სტირი. წავიდეთ, სტუმრებს გავუმხიარულდეთ, ქუდი ჭერსა ვკრათ. ქართულ მასპინძლობას ნუ მოვიშლით და საბოლოოდ, თუ ჩვენს პურადობას შიმშილი მოყვება... რა ვუყოთ! ღმერთი მოწყალეა, ის თავის გაჩენილ კაცს უმოწყალებოდ არ დააგდებს.
III
ალექსი შრომაძე მასწავლებელია ერთ ქალაქის სკოლაში. ის პატიოსნად ასრულებს თავის თანამდებობას. ჰყავს დიდი სახლობა და მის საცხოვრებლად ალექსი დღეში ათს საათს მუშაობს. ღარიბ ოჯახში აღზდილი, სემინარიაში ცუდად გამოკვებილი და საშინელი ჯაფით გატეხილი, ოცდათხუთმეტი წლის ალექსი მოხუცებულსა ჰგავს. მისდა საუბედუროდ ერთხელ დირექტორი დაესწრო ამის გაკვეთილზე, ვერაფრად იჭაშნიკა შეგირდების გაწრთვნა და ლაზათიანად დატუქსა ჩვენი პედაგოგი.
შიშით გულშემოყრილმა ალექსიმ, ვაითუ ალაგი დავკარგოო, უაზროდ აშფოთებულმა დაიწეო სიჩქარით ქუჩებში სიარული. ეშინოდა, ამ სახით დანახვოდა თავის ფართო სახლობას და ვერა გრძნობდა, რომ მარტის სუსხიანი ქარი ათრთოლებდა მის სუსტ აგებულებას. საღამოზე მოვიდა შინ მშიერი კანკალით. ცოლს გული გაუსკდა, მაშინვე ლოგინში ჩააწვინა. ამ დღიდან ალექსი ორი თვე იწვა ანთებით ავადმყოფი. მორჩენის შემდეგ ექიმმა ურჩია წყლებზე წასვლა. ბევრი აიღეს, დაიღეს შრომაძის სახლობამ თუ რომელ წყალზე წასულიყვნენ, სად უფრო იაფად დაუჯდებოდათ ცხოვრება. ბოლოს, რადგან უფრო ახლო იყო. ბ-ი. არჩიეს, ჩაილაგეს ბარგი-ბარხანა და გაემგზავრნენ.
მშვენიერი შთაბეჭდილება იქონია ბ-ის მაღალმა ტყეებმა და მშვენიერმა მტკვრის ხეობამ ჩვენს თბილისელ მგზავრებზე. ესენი გაოცებით შეჰყურებდეს ბუნების მშვენიერებას და ხარბად სტკბებოდენ ამ იშვიათი ბედნიერებით. მოვიდნენ წყლებზე. დაიჭირეს ორი საცოდავი ოთახი, რომელთა ზემო სახურავიდან მწვანე ხის ტოტი ჩამოიჭყიტებოდა და ქვემოდგან ბაყაყის მწვანე თვალები მოჩანდა.
რის ვაი-ვაგლახით შეიკუჭნენ ამ ოთახებში მისუსტებული ალექსი და მისი სახლობა. ეს სახლი მოშორებული იყო წყლებზედაც და ექიმის ბინაზედაც, და ამიტომ ძლიერ იღლებოდა ჩვენი ალექსი. დილით ცხრა საათიდან მისული, ბევრჯერ ორამდის ძლივს ეღირსებოდა თავის "ჯერსა" და როდესაც მოისმენდა ესკულაპის დარიგებას, სიცხე პაპანაქებაში, თითქმის ერთს ვერსზე, ზლაზვნით ბრუნდებოდა შინ. ამ გვარადვე ელოდა აბანოს მიღებასაც. აქაური მოსამსახურეები მოწიწებით ეკიდებოდნენ მარტო გენერლებს და მათს სახლობას და რადგანაც ბ-ის წყალი საგენერლო წყალია, ჩვენს უბედურ "ტიტულიარნი სოვეტნიკს" ყოველთვის უკანა რიგში აყენენებდნენ.
აბანოების გალერეიებში ქარი ყოველთვის ორსავე მხრივ დასეირნობს და ამიტომ დიდის ხნის ლოდინის გამო, ჩვენი ალექსი შინ ხველით ბრუნდებოდა ხოლმე. შრომაძის ცოლს საშინლად უნდოდა პარკში გასვლა თავის ბავშვებით, მაგრამ პარკი ისე იყო დაგვილი და გასუფთავებული, იქ მსხდომი დედები ისე მოპრანჭულნი და გაჭიმულნი კორსეტებში, შვილები მორთულნი თეთრი თათმანებით ისე ნაზად და დარბაისლურად დასეირნობდნენ თავიანთ გუვერნანტკებით, რომ ეს თავის შვილებით, როგორღაც ხამივით დახეტიალობდა ამ დახვეწილ ხალხში და ეს მეტად უმძიმებოდა.
მრავალი არისტოკრატკას "ლორნეტი" დააშტერდა ამის სადად შეკერილ კაბას. ბავშვებმა ხომ სრულიად შეარცხვინეს ჩვენი ნატალია. ისინი მასცვივდნენ ყვავილებს. ხეხილებს, დაიწეს სირბილი. ორიოდე მუჯლუგუნი წაჰკრეს გამოჭიმულ ბარიშნებს, ერთის სატყვით სრული რევოლუცია მოახდინეს ამ დაწყნარებულ პარკში. დედები, გუვერნანტები და ბაღის მცველნი ერთბაშად მივარდნენ დაუხედნავ ყმაწვილებს. ნატალიას მოუვიდა გული და საჩქაროდ გამოსწია სახლისკენ.
ამის შემდეგ შრომაძეები დასეირნობდნენ მიყრუებულ ალაგებში, დაბურულ ტყეში, მაგრამ აქაც არ ასცდათ ამ საცოდავებს უსიამოვნობა. ერთხელ სადილის მოსამზადებლად ცეცხლი დაანთეს ტყეში. ტყის მცველი დიდად განრისხა. დაუქრო ცეცხლი და ხამები დაუძახა. მეორედ ბავშვები ხეებზე ავიდნენ და ამასთვისაც "ვიგოვორი" მიიღეს ტყის მცველისგან კი აღარ, არამედ თვითონ ტყის მცველების უფროსისაგან. ახლა ამას ისიც დაუმატეთ, რომ ერთი თვის წამლობის შემდეგ, როდესაც ალექსის ხველებამ უფრო მოუხშირა, ექიმმა გული გაუსინჯა და უთხრა: ბ-ის წყალი თქვენთვის საჭირო არა ყოფილაო.
- მაშ რად მაწვალეთ მთელი ერთი თვე, თქვე დალოცვილო? - ეუბნებოდა გამშრალი შრომაძე.
- თქვენ თვითონა ხართ დამნაშავე, თქვენ თითონ. - გულნაწყენი ეუბნებოდა ბ-ის წყლების მოიჯარადრე ექიმი - აქ რად მოდიოდით, თუ იცოდით, რომ თქვენთვის სხვა წყლები იყო საჭირო. მე სწორე მოგახსენოთ იმდენი დრო და მოცალება არა მაქვს, რომ ყველა ავადმყოფს დაწვრილებით გამოვკითხო, რა ემიზეზება.
- აკი გითხარ, დედა-კაცო, რომ წყლებზე წასვლა ჩვენი საქმე არ არის მეთქი! - თითქო დაცინვით ეუბნებოდა ალექსი თავის ნატალიას - წყლებზე ისინი უნდა წავიდნენ, ვინც განცხრომაში არის, ვისაც პირველი ალაგი უჭირავს ცხოვრებაში და ვისთვისაც გაუჩენია ღმერთს ყოველი სიამოვნება. ჩვენ მშრომელი ხალხი ყოველთვის უკან უნდა ვიდგეთ და არ ჩავერივნეთ ბრწყინვალე ჩინიან ხალსში!
- მართალს ამბობ, ჩემო კარგო, მართალს. ოღონდ შენ კარგადა მყავდე და გეფიცები, თუ ისინი მე არ მომნახავენ, მე იმათ თავის დღეში არ მოვნახავ.
IV
შუადღეა. მკათათვის ცხარე მზე ალმურს ადენს თბილისს. გარშემო კლდეები, ჟესტის სახურავები და ქუჩაში დაგებული ქვა სიცხით პრიალებს. არავითარი სიო არ ანძრევს მძიმე, საძაგელ სუნით გატენილ ჰაერს. ქუჩებში თითქმის ყოველი მოძრაობა შეჩერებულა. აქა-იქ ზლაზვნით და ოფლის წმენდით თუ გაივლის ივან მიკირტიჩი და წელ-მოწყვეტილი ცხენი ჩანჩალით მიათრევს მტვერში ამოვლებულ წელ-მოტეხილსავე დროშკას.
ვისაც ბედმა გაუღიმა ცხოვრებაში, ყველა გავიდა ქალაქ-გარეთ სულის მოსაბრუნებლად. ქალაქში მარტო იმისთანა ხალხი დარჩა, რომელიც ბედის უკანონო შვილია, რომელიც იბრძვის მუდამ დღიური ლუკმის საშოვნელად და რომელსაც იშვიათად შეხვდება სიოში გვერდის გაგრილება.
მკათათვის სიცხე უმეტესად საგრძნობელია შუა-ბაზარში, სადაც ვიწროობის გამო ზამთარშიაც კი ჰაერი შეხუთულია. აი აქ, ამ ვიწრო და აგზნებულ ქუჩაში სამ-ეტაჟიანი სახლი შენდება: მრავალი მუშა და კალატოზი მუშაობს. ყველანი მძიმედ და ჩუმად მოძრაობენ, თითქო არაქათი აქვთ მოწყვეტილი. სად არის კალატოზების ჩვეულებრივი ღიღინი. პირველი საათი შესრულდა, სიცხემ უფრო და უფრო გაახურა თავ-შიშველა და გულ-გაღეღილი მუშები. ყველამ მუშაობას თავი დაანება და ჩავიდა ძირს, ჩრდილში შესასვენებლად და პურის საჭმელად. კედლის ხარაჩოებზე დარჩა მარტო ერთად-ერთი ყმაწვილი კალატოზი თავის პატარა ძმა-მუშით.
- ბიჭო! - უთხრა პატარამ უფროსს - ძლიერ ცხელა. გული მიწუხდება. ჩვენც ჩავიდეთ, დავისვენოთ, პურიცა მშიან.
- ჰაი შე ლაჩარო, შენა! რამ მოგწყვიტა წელი! წადი, ორი-სამი თაბახი კარი დამიგროვე მაგ კედელზე და მერე დაიძახე. ჩოხა წაიხურე, არ შეგცივდეს. მე ესე ხელად შევჭამ პურს. მინდა ეს კედელი საღამომდის გავათავო, "ფოდრათითა" მაქვს აღებული.
პატარა მუშამ საჩქაროდ მოუზიდა კარი და ქვემო ეტაჟის ერთს კუნჭულში, კარგა დიდის პურის ყუით ხელში, გაგორდა. გემრიელად გადაყლაპა ცუდად მოშუშული შავის პურის ნაჭერი და გემრიელადაც მიიძინა ნოტიო კედლის კუნჭულში.
უფროსი ძმა კი შეუსვენებლივ მუშაობს და მუშაობს. ეს ისეთს ტკბილ ფიქრებშია, რომ ვერა გრძნობს პაპანაქება სიცხეს და თავის გაცხარებულს მუშაობას. ამას თვალწინ უდგია თავისი ლიზა. ლიზა მის ოსტატის ქალია, ამის დანიშნულია. შემოდგომაზე ჯვარი უნდა დაიწეროს.
საქორწილოდ, ახალი სახლის მოსაწყობად, ბევრი ფულია საჭირო. ერთი ოცი თუმანი კი აქვს შაქრო კალატოზს განჯინის კუნჭულში დამალული, მაგრამ ეს ძლიერ ცოტაა. სამი თვე დარჩენილა ქორწილამდის. ქორწილი დიდის ამბით უნდა გადიხადოს. ზურნა, შარმანკა, მომღერალი რომ აგონდება შაქროს, პირზე ღიმილი მოსდის. "შავი ბუზმენტიანი ჩოხა უნდა შევიკერო, ორი თითის სიბრტყე ბუზმენტით. შარშან გიორგა დურგალმა რომ სამეფოდ იყიდა, სწორედ იმისთანა. ლიზას ხავერდის შუბკა უნდა მივუტანო, ოქროს საათი ძეწკვით. ზოგი მღვდელს, ზოგი ოსტატს. სულ ფული უნდა, ფული! ლიზა, ჩემი სული ხარ. ბინდამდის მაინც გავათავო, რომ იმათ კარებზე ჩავიარო, ალაყაფის კარებში იჯდება. იცის, რომ გული არ მომითმენს, არ დავინახო."
ამ მშვენიერ ფიქრში გართული შაქრუა ყურს არ უგდებდა იმის გარეშემო რა ამბავი იყო. მოკლედ გაკრეჭილი თავი საშინლად გაუხურდა. თვალები სისხლით აევსო. კისრის ძარღვები დაეტენა და თავმა რატრატი დაუწყო. "ვა! ეს რა მომდის!" უცებ წამოიძასა შაქრომ, ფეხებმა უმტყუნა, წაბორძიკდა და რახარუხით, აქა-იქა ხარაჩოებზე წამოდებით, დაეცა ქუჩის გახურებულ ქვებზე. კარგა ხანი ეგდო შაქრუა, გულშემოყრილი. მუშაობისაგან დაქანცული ამის ამხანაგები ისე ხვრინავდნენ, რომ ამის ჩამოვარდნა იმათ ძილს ვერ შეურყევდა.
ამის პატარა ძმის უცებ გამოეღვიძა, მოაგონდა თავის მომუშავე ძმა და ფიცხლავ ფეხზე წამოხტა. გამოვიდა გარეთ ხარაჩოზე ასასვლელად და ერთი საშინლად შეკივლა. ამ ხმაზე ყველა მუშები წამოხტნენ. დაუწუეს შაქროს წყლის სხმა, ლავიწების გლეჯა, ყურში ძახილი. შაქრო გონზედ ვერ მოიყვანეს. საიდანღაც გაჩნდა ექიმი: "В больницу его!"
- როგორ თუ ბოლნიცუ! - დაიწივლა პატარა ბიჭმა - ბოლნიცაში არ იქნება, არა. თავს მოვიკლავ და ბოლნიცაში არ გაგატანთ. ოსტატთან წავიყვან, სოლოლაკზე. ჩამომეცალეთ. ფაეტონ! სწორედ გაშმაგებულ ვეფხვს მიაგავდა თოთხმეტის წლის ბიჭი, კალატოზის ძმა.
შაქრო ფაეტონით მიყენეს იმ ალაყაფის კარებს. სადაც ამ უბედურს საღამოზე უნდა დაენახა თავის საცოლო ლიზა. შაქრომ დაინახა ლიზა, მაგრამ ვეღარ კი იცნო. თუმცა გულშემოყრამ გადუარა. მაგრამ გონებაზე ვეღარ მოვიდა. ტვინის ანთება დაემართა დიდ ხანს მზეზე დგომით.
ორი კვირა იყო სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა საწყალი სამეფო. დიდის გულმოდგინებით უვლიდნენ მას თავის სამოყვროები, დილით საღამომდის თავით უჯდა ლიზა და თვალებცრემლიანი ჩასცქეროდა იმის უგონო გაჭყეტილ თვალებს.
ორის კვირის შემდეგ ცოტას ხნით გონზე მოვიდა შაქრო და ეს ორიოდ სიტყვა ამოილუღლუღა: "ჩემი ძმა ვანო, ჩემ მაგიერად... ჩვენს განჯინაში ოცი თუმანი და აღასთან ათი თუმანი. ის ლიზას მზითვად." შემდეგ თავზე ხელი გადაისვა და თვალთაგან ორი მსხვილი მარგალიტივით ცრემლი გადმოსცვივდა.
ლიზა... ერთი მაკოცე, პირველად და უკანასკნელად. ლიზა დაეკონა იმის ლომივით განიერ მკერდს და გაყუჩდა. ოთახში არავინ იყო და არავინ შეარყევდა საყვარელთა უკანასკნელ გამოსალმების საიდუმლოებას.