წრეულს ზაფხულში ერთს საღამოზე მე და ერთი ჩემი კარგი მეგობარი ქალი ჩვენს სოფელში დავდიოდით. შუა სოფელში რომ შევედით, რაღაც ხმამაღლივ ლაპარაკი შემოგვესმა; მივუახლოვდით და ვნახეთ, რომ დერეფანში ისხდნენ რამდენიმე ხნიანი მამა და დედაკაცები. იმათი სიტყვებიდან ჩვენ მივხვდით, რომ ისინი სასოფლო სკოლებზე ლაპარაკობდნენ.
ჩვენ მოვინდომეთ გაგება ხალხის აზრისა ამ საგანზე და ამისათვის იქვე შევდექით და ბეჯითად ყური დავუგდეთ იმათ ლაპარაკს.
პირველი დედაკაცი. შენ არ მომიკვდე, რომ მე იქ ჩემი ლექსუა არ მივცე. გენაცვალეთ, ასე ამბობენ იქ, რომ ცოტა ბააბუას ისწავლიანო, მერე ჩვენთვის გამოსადეგნი აღარ იქნებიანო...
მეორე დედაკაცი. უიმე, რას ამბობ, გენაცვალე? თუ ეგრეა, მე ხვალვე კლდისწყაროს გავგზავნი ჩემ ბიჭს...
მესამე დედაკაცი. ხედავთ ამ ტრიშინას რა საქმეს გვიშვრება? თვითონ ხუთი ბიჭი ჰყავს და არც ერთს არ აძლევს სასწავლებელში და მე კი ორის პატრონს იმას მართმევს, რომლისაგანაც მოველი დღეის უკან ცხოვრებას. ძლივს მოვესწარი იმის მეხრეობას: წრეულს ხუთი ალო აიღო, რად მინდა იმის სწავლა, რას მომიტანს? გიო არ გვეყოფა მწერლად? რა ბევრს ის გვართმევს - ერთი თამასუქის დაწერამი ერთ ქათამს გვჯერდება.
გლეხი, ღმერთმანი, დღეს რომ მღვდელი მოვიდა ბავშვების სახელის ჩასაწერად, ისეთი ჟღივილ-ხივილი შეუდგათ სახლში, რომ კინაღამ ტირილი დავიწყე. ჩემი ტატუა დასამალად ტყეში გაიქცა.
ამ დროს ჩემმა თანამოგზაურმა ხელი მომკიდა და შემიყვანა დერეფანში. უნდა ვთქვა, რომ იმ კრებაში სხვათა შორის იყო ერთი გამოცდილი გლეხი, ნინიკა; იმას მონაწილეობა არ მიუღია ჩვენს გაგონილ ლაპარაკში, მაგრამ ეტყობოდა-კი, რომ ჩვენს მისვლამდე იმასაც ელაპარაკა სკოლის მესახებ საქმეზე. აი ამ გლეხს მიმართა ჩემმა მეგობარმა.
- ნინიკა, რაზე გაქვთ აგრე ცხარე ლაპარაკი?
- სისულელე ამათი, სთქვა ნინიკამ; მის მაგიერ, რომ ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ღონისძიება მოგვცა ჩვენი შვილების გამოზრდისა, ესენი ინაზებიან კიდეც და არ უნდათ თავიანთი შვილები სკოლაში მისცენ სასწავლებლად. ეხლა, თუ მოგეხსენებათ, კეთდება სკოლები - რამდენიმე სოფელზე თითო. ჩვენმა შვილებმა უნდა შეიძინონ ამ სკოლებში წერა-კითხვის და კიდევ სხვა და სხვა ნაირი სწავლა. თქვენმა მზემ, რომ წაიყვანდნენ, ჩემ ოთხთავე შეილებს მიეცემ, არამც თუ ერთს. მე რომ ვერ მირჩენია ჩემი ცოლ-შვილი მარტო ხვნითა და თესვით, იმათაც ეს საქმე არ მოუვათ?
პირველი დედაკაცი. ოჰ, ოჰ! ვინ იცის რაები გამოვიდნენ შენი შვილები! შენ ხომ ბვერი დაგიჭერია შენი ბააბუითა და შენი შვილები იქნება ღვამპალაშვილივით გამდიდრდნენ.
- ეგ არის თქვენი დანახვა! უთხრა ნინიკამ, იასაული რომ მოგივიდეთ ბრძანებით, შიშით გონება გეკარგებათ, სანამ მე საქმეს არ მომაცდენთ და არ წამაკითხებთ. აბა თუ მე ჩემი ცოტაოდენი ცოდნითა გარგებთ, ისინი უფრო სწავლულნი არ იქნებიან და გამოსადეგიც?
- სწორს ამბობს ნინიკა, მიუბრუნდა ყველას ჩემი მეგობარი, თქვენ თქვენთვის ზრუნავთ - ჩვენმა შვილებმა უნდა გვაცხოვრონო და იმას კი აღარ ფიქრობთ, რომ თქვენი თავისათვის შვილებს აცდენთ სწავლას, რომელიც მთელმა ქვეყანამ დაინახა საჭიროდ და სწორედ საჭიროც არის. თქვენ შვილებს რო სწავლა ექნებათ, წიგნებს წაიკითხავენ და იქიდან გაიგებენ, რომ არიან სხვადასხვა სახელმწიფოები, რომლებშიაც ჩვენზე უკეთესად ხნავენ და თესავენ, ბაღეულობაც ჩვენზე კარგად მოჰყავთ. წიგნებიდანვე გაიგებენ ჯიშიანი საქონლის გაჩენას, საზოგადოდ საქონლის მოვლას და იმათი სნეულობის წამლობას; ზოგიერთ შემთხვევაში თავიანთი თავის ექიმობასაც და მრავალ სხვას.
ეხლა ფჩხილი რო წამოგტკივდეთ, მაშინვე მკითხავთან გარბიხართ და ტყუილ-უბრალოდ ხარჯს ეწევით. გარდა ამისა, უპირველესი ის არის, რომ საღმრთო წერილს შეისწავლიან, გაიგებენ რა ვალდებულება ადევს ქრისტიან კაცს და უფრო დაბეჯითდებიან, რომ დედ-მამას სიყვარული და პატივისცემა უნდა.
- რასა ბრძანებ, უთხრა პირველმა დედაკაცმა, წიგნი რომ არ წაუკითხია ჩემ კაცს, იმიტომ თავისი ლომა ხარებით შინდივით პური ვერ მოჰყავს! შვილს როგორ არ ვეყვარები, იმისი მშობელი ვარ და თუ გამაჯავრებს რამეს, რა ვქნა, შვილია, ერთი გვერდი რო შემიჭამოს, მეორე უნდა მივუშვირო.
- შენმა მზემა, უთხრა ნინიკამ, შინდივით პური! იქნები წელიწადში სამოც კოდს ჰყიდდეთ! წლიდან წლამდე კბილები ჭადითა გაქვთ გადალესილი. გახსოვთ, დიდი ბატონი, რო გვეუბნებოდა ხოლმე, როგორ უნდაო მამულის მოვლა; იმან სულ წიგნებიდან არ იცოდა? ისეც ჩვენი შვილები, ისწავლიან მამულის მოვლას და ისევე გამდიდრდებიან, როგორც ეს ჩვენი ბატონის შეილები. აბა ესენი იმდენ ფულს რად ხარჯავენ სწავლაში, თუ სწავლა კარგი არ იყოს?
- ქა, ბატონებსაც ედრები? ბატონები იმიტომ არიან, რომ ღმერთს მაგათთვის ყველაფერი მზად გაუჩენია; მაგათ რო თავიანთ სიცოცხლეში სულ ისწავლონ, რა უშავთ, მაგრამ ჩვენ სადა გვცალია სწავლისათვის - ჯერ პური გვშია, სთქვა პირველმა დედაკაცმა.
- მაგას რას ამბობ, ნინო, უთხრა ჩემმა მეგობარმა, განა ვერა ხედავთ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლული ხალხნი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, სმით და ჩაცმით? აქედან სჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დღიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს თავის დღეში კარგი ცხოვრება ვერ უპოვია და ვერც თქვენ იპოვით, იმიტომ რომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა;
მეორეც ესა, რომ არიან კიდევ ბევრი სხვა გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა; და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლია. შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდან გამოდიან.
ასე, ჩემო ნინო; სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლებში; სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლია გამოიყვანოს ჩვენი ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდან, რომელშიაც აქამდინ ყელამდის არის დაფლული.
* * * * * * *
ამ ლაპარაკში მღვდელი მოვიდა და წაუკითხა სახელები ყმაწვილებისა, რომლებსაც სწავლა უნდა დაეწყოთ ახლად გახსნილ სკოლაში.
მე შევნიშნე, რომ ჩემი მეგობრის ლაპარაკმა იქონია გავლენა დერეფანში მსხდომებზე: იმათ სრულიად აღარ განუცხადებიათ უარი მღვდლის მიწვევაზე და თითქო მოწადინეობით დაჰპირდნენ თავის დროზე შვილების სკოლაში გაგზავნას.
















