(სცენა)
შუათანა შეძლების კაცის სასტუმრო. მდივანი, სავარძელი, ტახტი მუთაქა-ბალიშებით. ერთს კუთხეში დიდი საწერი მაგიდა, რომელზედაც ალაგია წიგნები, გაზეთები, ნაწერი ქაღალდები, რამდენიმე სურათი ლამაზს ჩარჩოებში. მაგიდის თავით ქართველ მწერალთა სურათები ჰკიდია. ახალგაზრდა ქალი ქეთო თეთრის გაფარფაშებულის კაბით თმებჩამოშლილი აღებს ფანჯარას, საიდამაც მზის შუქი შემოდგება.
ქეთო (მარტო) რა მშვენიერება ხარ, გაზაფხულო, რა ტკბილი და მყუდრო, ფაქიზი, ნარნარი! არამც თუ კაცის თვალს და გულს, თვით ფრინველთაც კი სიხარულით ავსებ და სიყვარულით აჭიკჭიკებ (ჩაფიქრებულია).
მელანია (შემოდის) ქალბატონო, სამოვარი შემოვიტანე, შაქარი კი არ გახლავს.
ქეთო (არ ესმის მელანიას სიტყვები) ნეტა ადამიანები ერთნაირად რატომ არ გრძნობენ და არ ხარობენ?
მელანია (ხელს შეახებს) შაქარი არ გახლავთ-მეთქი!
ქეთო (შეკრთა) ოჰ, მელანია! რა საშინელი წინდაუხედავი ხარ, შემაშინე.
მელანია ბატონი ჯავრობს: სამოვარი მოვიტანე და შაქარი კი არ გახლავთ.
ქეთო (გაჯავრებული) რატო თვითონ ბატონი არ მოგატანინებს?
მელანია (ბუზღუნით) მე თქვენი არა მესმის რა, ის თქვენთან მგზავნის, თქვენ იმასთან... (გადის).
ქეთო (სავარძელში ჩაჯდება და გაზეთს კითხულობს) ხვალ ბეჟან ნარიმანიშვილი წაიკითხავს ლექციას... ქალთა პოლიტიკურ... (შემოდის ქეთოს ქმარი ნიკო).
ნიკო (გაჯავრებულია) რა დროს კითხვაა? აგერ ათი საათია. სამსახურში მიგვიანდება, ჩაი თავის დროზედ არ არის, ყელსახვევი ვერ მიპოვნია, არც ჯოხი სჩანს!
ქეთო (ღიმილით) ჯერაც არ გამიგონია შენი ჯოხის და ყელსახვევის დაკარგვა! (კითხულობს).
ნიკო (ხმას აიმაღლებს) არ გესმის, სამსახურში მიგვიანდებამეთქი? მომინახე ჩქარა!
ქეთო დედაკაცს უთხარი, ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობ. აი გაიგონე: „ქალთა განათლება და გათანასწორება პოლიტიკურს ასპარეზზედ...“
ნიკო (გააწყვეტინებს) რას როტავ, რასა? რა დროს პოლიტიკური ასპარეზებია! გეუბნები, ათი საათია-მეთქი, მიგვიანდება... ადექი!
ქეთო (გაანჩხლებული) რას ჩამაცივდი, ქა! ჩემი რა საქმეა შენი ყელსახვევის ძებნა? განა გაძებნინებ ხოლმე ჩემს საჭირო ნივთებს?!
ნიკო (ყვირის) როგორ თუ მაძებნინებ! მე და შენ ერთი ვართ? მაშ სამსახურში რომ დავდივარ, ხუთ-ექვსს საათს ორად მოკაკული ვზივარ და ვწერ, ოცში რომ შრიალ-შრიალით ახალ-ახალს ასიგნაციებს ჩაგითვლი ხოლმე, ამას პატივისცემა არ უნდა? მუშას ხელის შეწყობა არ უნდა?
ქეთო (გადააგდებს გაზეთს) ღმერთმა კი შეარცხვინოს ამისთანა ცხოვრება! აქაო და ოცში ჯამაგირს ვიღებო, მთელი ოცდაცხრა დღე ცხვირში საყვედურის ძმარი უნდა მადინო? ამიტომ მონად უნდა მაქციო? დღე და ღამ შენ უნდა გილალაო, თავისუფლად ამოსუნთქვის დრო არ უნდა მქონდეს? მეც რომ მქონდეს ჯამაგირი, მაშინ ხომ მაგაებს აღარ იტყოდი?
ნიკო აი, გააბა ბაასი: მთელს ქალთა კითხვას აღძრავს ახლა... გეუბნები, ჩქარა ყელსახვევი-მეთქი, ჯოხი, თორემ აქაურობას დავამტვრევ. (მაგიდას, სკამს ხელს წამოჰკრავს და ბრახაბრუხს ააყენებს).
ქეთო (ზიზღით) საწყალი, გადაირია, მოუარეს ეშმაკებმა.
ნიკო (მუშტმოღერებული) წყეული იყვეს, ვინც განათლებული ქალი ცოლად შეირთოს! (ქეთოს) როგორ ვერ გაიგე, როგორ ვერ შეიგნე, მე რომ სამუშაოდ მივდივარ, შენ მაშინ ნება არა გაქვს განცხრომას მიეცე, ოცნების მორევში იცურო! (ძლიერ ახლო მივა ცოლთან და თვალებში ჩაჰყურებს) ყველა მაგეებს დაგავიწყებ!
ქეთო შენი დაპირება, შენი აღთქმა სადღაა? ვეცდები ავაყვავო შენი ნიჭიო, ყოველ დაბრკოლებას გადავეღობო, ხელი შეგიწყოო...
ნიკო მაშინ შენ ვარდი იყავ და მე ბულბული. მე ვჭიკჭიკობდი... ეხლა ცოლი ხარ, ცოლი, რით ვერ გაიგე?
მელანია (შემოდის. ცალ ხელში ყელსახვევი უჭირავს, მეორეში ჯოხი, ხელებგაშლილი და სულელურის სიცილით) აი ეს თქვენი საყელური და ეს თქვენი ჯოხი! ტახტს უკან ეყარა.
ნიკო (დარცხვენილი გამოგლეჯავს ხელიდგან და სარკესთან დაიწყებს კეთებას) დასწყევლოს ღმერთმა, რამდენჯერ გადვიხედე იმ ოხერი ტახტის უკან ! (დახედავს საათს) უჰ, უჰ! რა რიგ დამაგვიანდა! (წაართმევს ჯოხს დედაკაცს და გარბის).
ქეთო (ამოიოხრებს) რა უგუნურად არის მოწყობილი ადამიანთა ცხოვრება, რისთვის ვწევთ ამოდენა ვაი-ვაგლახს, რად ვუმწარებთ ცხოვრებას ერთმანეთს! (ნელ-ნელა მივა მაგიდასთან და ნაწერ ქაღალდებს უწყებს ფურცვლას, უცებ შეჰყვირებს) ეს რა ამბავია? სად არის ამ ნაწერების ფურცლები? ხელი ვინ ახლო ამ რვეულს?
მელანია დაწერილი თაბახები? აქა-იქ წაშლილი რომ იყო? ზედიზედ რომ იყო მიწერილი და წაშლილები?
ქეთო ჰო! ჰო! რა იქნა, სად მიაჩეჩე!
მელანია (დარცხვენილი) მე „შავები“ მეგონა და...
ქეთო და რა? რა? თქვი რაღა!
მელანია წუხელის ბუხარს ვეღარაფრით მოვუკიდე, ნედლი შეშა იყო და ქაღალდი შევუკეთე...
ქეთო ბუხარს შეუკეთე? ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ! განა ქვეყანაზედ ამისთანა სირეგვენე მოხდება სადმე? სამი კვირის ნაწვავ-ნადაგი, გულის შიგნიდან გადმომსკდარი ნადუღი და ცეცხლის ასანთებად შეკეთება! (მელანიას) ოხ, შე ველურო, ჩერჩეტო! რა მიყავ ესა! რა მიყავი? მე მზად ვარ ყელში წაგიჭირო და დაგახრჩო! რამდენჯერ მითქვამს შენთვის, ჩემს ნაწერებს ხელი არ ახლო-მეთქი, რამდენჯერ?... (სტირის).
მელანია (მობუზული სდგას) რა ვიცოდი, რა ვიცოდი მე უბედურმა. (ტირის) ბატონი „შავებს“ ყოველთვის გადმომიყრის ხოლმე.
ქეთო (აღშფოთებული) სულ ასეა ჩემი საქმე: ჩხუბი, ბოროტება, უგუნურება!! რა ვქნა? როგორ მოვიქცე, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდგან? (დადის ჩაფიქრებული. უცებ საათს შეხედავს, მელანიას) მაშ იცოდე, რომ ერთი ხელისოდენა ნაწერი ქაღალდი რა არის ხელისოდენა, ისიც კი არ დახიო დაუკითხავად! გესმის?! დახიო კი არა, ალაგიდგანაც არ დასძრა! ეხლა ეს ოთახი დაალაგე, მტვერი გადასწმინდე, იატაკი გაასუფთავე, სტუმარი უნდა მოვიდეს. მერე ყავა მოხარშე. ეხლა მე ბავშვთან გავალ.
მელანია (ოთახს ალაგებს) ბატონმა მიბძანა, სადილი სწორედ ორ საათზედ მზად იყოსო. მანამ ოთახს ავალაგებ, მანამ ყავას მოვხარშამ და მოგართმევ, პირველიც გადავა, მაშ სადილი როდისღა მოვამზადო? დავაგვიანო და ვაი ჩემი ბრალი! და, და, და! რა რიგ განრისხდა! რა რიგ გაასპიტდა! ამოდენა ადამიანი კინაღამ მთლად არ გადამყლაპა! ქაღალდები რად დამიწვიო?! დიდი რამეა მაგის ნაბღაჯნები თუ დავწვი. ბატონი ტყუილად კი არ აყვედრის: სულ სწერ და სწერო, კითხულობო, სწერ და კითხულობო! (პაუზა). ქალი უნდა ტახტზედ იჯდეს და მთელი დღე ქმარშვილს საკერავს უკერავდეს, სახლ-კარს უვლიდეს, შვილებს დასტრიალებდეს! ეგ კი სულ დუ, დუ, დუ! (აჯავრებს კითხვას. ზარის ხმა ისმის. მელანია კარებს აღებს. შემოდის რედაქტორი).
რედაქტორი ქალბატონი ქეთევანი შინ ბრძანდება?
მელანია (თავისთვის: თვალიც გაგხეთქიათ!) შინ გახლავთ. (გადის).
რედაქტორი (მარტო, საწერ მაგიდას ათვალიერებს) აი რაღაც მოთხრობაა დაწერილი! იქნებ ეს არის, მე რომ აღმიქვა? (კითხულობს) „მშვენიერი, ტკბილი, მყუდრო გაზაფხულის საღამო იყო, პატარა ნაკადული ღუღუნ-ჩუხჩუხით მოკუნტრუშობდა ხავერდოვანს ველზედ და ტკბილს ბანს აძლევდა თინათინის გულის ჰანგებს“...
ქეთო (შემოდის) გამარჯვება, ბატონო როსტომ!
რედაქტორი მაპატიეთ ჩემი ცნობისმოყვარეობა! მაგიდაზე დაწერილი ფურცლები დავინახე, სულმა წამძლია და კითხვა დავიწყე. დასაწყისი მშვენიერია, პოეზიით სავსეა... წარმოიდგინეთ, ნომერი ჟურნალისა თითქმის მზადა მაქვს და მხოლოდ მოთხრობაღა მაკლია. ქალის დაწერილი მოთხრობა კი საზოგადოებას დიდად ესიამოვნება...
ქეთო (მორცხვად) ბოდიშს ვიხდი, ბატონო, რომ ჩემს სიტყვას ვერ ვასრულებ...
რედაქტორი (წამოხტება) რას ბძანებთ? რატომ? რა მიზეზია?
ქეთო მოთხრობა თითქმის მზად მქონდა, მაგრამ ამ უგუნურმა დედაკაცმა საშინელი საქმე მოახდინა: რამდენიმე დაწერილი თაბახი ცეცხლის მოსაკიდებლად თურმე შეუკეთა ბუხარს!
რედაქტორი (გაოცებით) ნუთუ ეგ შესაძლებელია? ეს ხომ ნამდვილი ველურობაა... კაცის კვლა... მაგ გვარს მოსამსახურეს როგორ ინახავთ? ან საზოგადოდ როგორ შეუძლია ვისმე ხელი ახლოს თქვენს ნაწერებს, თქვენს სამუშაო მაგიდას?!
ქეთო (მწარის ღიმილით) როგორ შეუძლია ხელი ახლოს ვინმემ თქვენს ნაწერებსო! თქვენს მაგიდასო! ხა, ხა, ხა! ჩემს მაგიდას, ჩემს ნაწერებს! სად არის ჩემი მაგიდა, ვინ დაეძებს ჩემს ნაწერებს, ვინ სცემს პატივს ქალის ნაბღაჯნებს! პირიქით, დამცინიან, მაყვედრიან, წუთისოფელს მიშხამებენ, რომ ვბედავ და მაგ გვარს შრომაზედ დროს ვკარგავ (აღელვებულია).
რედაქტორი (გაივლის და გამოივლის, მერე თითქო ნუგეშისსაცემლად ხელს ჩამოართმევს) დამშვიდდით, ბატონო, გემუდარებით, დამშვიდდით და კვლავ შეავსეთ, შეასწორეთ მოთხრობა. განა შავი არ გაქვთ, ან არ შეიძლება ისე აღადგინოთ როგორმე დამწვარი ფურცლები?
ქეთო არა ღირს! რა უნდა იყოს საჩქაროდ დაწერილი, შეუმუშავებელი... მე კი ყოველთვის ვჩქარობ, გადაკითხვის დროც არ მაქვს. წერის დროსაც ათასჯერ მეფანტება აზრები, რადგან ყოველ წამს აგლეჯენ ფრთებს ჩემს აღმაფრენას (ამ დროს შემოდის დარიკო, კეკლუცად მორთული ყმაწვილი ქალის).
დარიკო ამ მშვენიერს დღეს სახლში ზიხარ, ქეთოჯან?
ქეთო (დარიკოს და რედაქტორს) გთხოვთ, იცნობდეთ ერთმანეთს.
დარიკო შენ, როგორც გეტყობა, არა გცალიან? მე კი მეგონა ერთად წავიდოდით ბულვარზედ სასეირნოდ. (რედაქტორს) წარმოიდგინეთ, ბატონო, რა საშინლები არიან ჩვენი ქმრები, ჩვენს მარტოდმარტო სიარულს ეჭვის თვალით უყურებენ. მეც იძულებული ვარ ქეთო შევაწუხო ხოლმე.
რედაქტორი მაპატიეთ, რომ მე ვბედავ და თქვენს საქმეში ვერევი: ქალბატონი ქეთევანი, როგორც მწერალი ქალი, არ უნდა მოაცდინოთ ხოლმე მუშაობას.
დარიკო (გაჯავრებით) მწერლებს მაშ ჰაერზედ გასვლა, ხალხის დანახვა აკრძალული აქვთ?
ქეთო არა, დარეჯან, მე როცა დრო მაქვს დიდის სიამოვნებით მოვდივარ ხოლმე შენთან...
დარო ეხლა, როგორც გეტყობა, მე ხელი შეგიშალეთ... (დაცინვით) თქვენ უთუოდ მწერლობაზედ ბაასობდით, ბ-ნო რედაქტორო და მწერალო ქ-ნო, ბოდიშს ვიხდი! (საჩქაროდ წამოხტება, ცერემონიით თავს უკრავს და გადის).
ქეთო აი, ბატონო, ჩემი ცხოვრების სარკე! ყველანი ამ თვალით უყურებენ ჩემს მწერლობის სურვილს.
რედაქტორი დიდად სამწუხაროა, დიდად! მაგრამ მაპატიეთ, ისევ თქვენს მოთხრობას დავუბრუნდეთ: გთხოვთ, გემუდარებით... მე ვგრძნობ, რომ ტანჯვით ნაშობი შვილი უფრო საყვარელია, უფრო გრძნობით სავსეა... იმედს მაძლევთ? (ხელზედ ჰკოცნის. ამ დროს მელანია შემოდის სინით, ყავა მოაქვს და რომ დაინახავს კოცნას, შეჰკივლებს და სინი ხელიდგან გაუვარდება).
მელანია დამიდგეს თვალები! (პირზედ ხელებს აიფარებს და გარბის, კარებში ბარბარეს შეეფეთება, რომელიც სასტუმრო ოთახში იჭყიტებოდა).
რედაქტორი (შემკრთალი) ოხ! სწორედ რომ შესაბრალისი ხართ! დიდი გმირობაა თქვენგნით არა თუ წერა - სუნთქვა, სიცოცხლე! (დადის და თავისთვის ლაპარაკობს) დედაკაცი მართლა რომ მონაა, მონა ხელ-ფეხშეკრული! უგზო, უკვალო, უმწეო... (მიუახლოვდება ქეთოს) მაგრამ მით უფრო გმართებთ ბრძოლა, ბრძოლა საშინელი, მედგარი, თავისუფლების მოსაპოვებლად. თქვენ მოვალე ხართ, როგორც შეგნებული და ნიჭიერი არსება, თავი დაანებოთ ოჯახს რუტინას და მთლად ემსახუროთ საზოგადოებას!
ქეთო მეც ბევრჯელ მომსვლია ეგ ფიქრი თავში, მაგრამ ძალა სად არის? ძალა და რა ძალა? ძალა ისეთი, რომელმაც უნდა დაანგრიოს რჯულად ქცეული წყობილება, შეჰქმნას ახალი გზა, გადიტანოს ყველაზედ უდიდესი, თითქმის გარდუვალი საფეხური ამ შემთხვევაში შვილებია, იმათს მომავალზედ ხელის აღება... მე კი მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანნი რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლაც და საზოგადო საქმეც შეეერთებინა დედაკაცს; აქ მხოლოდ საჭირო იქნებოდა ცოტაოდენი დათმობა, პატივისცემა იმ საქმისა, რომელიც... (ამ დროს მოისმის ბავშვის წივილი, ქეთო წამოვარდება და თვალებდაჭყეტილი, უნძრევლად კარებისაკენ იყურება. კარებიდგან შემოვარდება ბარბარე, ხელში აყვანილი ჰყავს მტირალი ბავშვი).
ბარბარე (მკაცრად) კიბეში ჩავარდა და კინაღამ ცხვირ-პირი ჩაიმტვრია. მაშ რა იქნება, დედავ და თვალო, დედა რომ მწერლობას მიჰყოფს ხელსა, გაზეთებს და წიგნებს ვერ მოაშორებს თვალსა, რასაკვირველია, შვილები ყოველთვის დაფერხვილები და დამტვრეულები ეყოლება. (ქეთო ბავშვს უალერსებს, რედაქტორი შეძრწუნებული უკან არის ჩამომდგარი) ვის გაუგონია, გეთაყვანეთ, გათხოვილი ქალი და გაზეთები, წერილები...
რედაქტორი (წინ წამოდგება. ბარბარეს) უკაცრავად, ბატონო! (მიუახლოვდება ქეთოს და მოწიწებით): მე იმედს არ ვკარგავ, ბატონო, რომ ამ ორ-სამს დღეში გადმომცემთ შევსებულს და შესწორებულს მოთხრობას და დიდად დამავალებთ მეც და საზოგადოებასაც... ნუ დაემორჩილებით (ხელზედ კოცნის) გარემოებას. თქვენ თვითონ დაიმორჩილეთ იგი...
ბარბარე (წინ გადაურბენს) როგორ არა გრცხვენიათ, ამოდენა დედაკაცი აქ ვარ და თქვენ ჩემს რძალს რაღაცეებს ჩასტუტუნებთ და თან ხელზედ კოცნით!
რედაქტორი (შეწუხებული) რას ბძანებთ, რას ბძანებთ! როგორ თუ ჩავტუტუნებ? მე ქ-ნ ქეთევანს ვთხოვ დაპირებული მოთხრობა დაამთავროს და მომცეს...
ბარბარე კარგად ვიცი, კარგად ვიცი, რა მოთხრობასაც სთხოვთ! მე რომ თვალები არ მეჭყიტოს, სახლი ათასის ვიგინდარათი აივსებოდა...
ქეთო (ბავშვს დასვამს და აღშფოთებული წამოხტება) დედა, დედა! რაებს ამბობს! როგორ ჰბედავთ მაგის თქმას! რად შეურაცყოფთ მაგ ბატონს! და მეც?
ბარბარე ტა, ტა, ტა! ძალიან გაიოცე, გიცნობთ ახლანდელს ქალვაჟთ, რაც შვილები ბძანდებით!
რედაქტორი (ქეთოს) ეხლა კი ვხედავ თქვენს უმწეო მდგომარეობას და გადაწყვეტით მოგახსენებთ, თქვენი ამ სახლში დარჩენა არა თუ შეუძლებელია, უზნეობაც და მომაკვდინებელი ცოდოც არის!... (დაავლებს ქუდს და გავარდება).
ბარბარე გესმით, გესმით, რეებს აგონებს ამ უბედურს! მარზედაც ხელი აიღეო, ამ ოჯახში ყოფნა თქვენთვის მომაკვდინებელი ცოდვა არისო! (წუწუნებს) საწყალი ჩემი შვილი! უბედური! აი რა არის მწერალი ცოლის ყოლა!...
ნიკო (შემოდის ქუდით, კალოშებით, ჯოხით ხელში) რა ამბავია? რა გაყვირებს, დედაჩემო? (მერე ქეთოს) შენ რაღა დაგმართნია, ადამიანო?
ქეთო ოხ, ოხ! ღმერთო ჩემო! რაღადა ვარ ქვეყანაზედ ცოცხალი? მართლა რო დედამიწასთან გამასწორეთ... ლაფი დამასხით (ტირის).
ნიკო ვა, ეს რა აყალმაყალია, რა მოხდა, რა იყო? დედაჩემო, შენ რად მოსულხარ? ხომ იცი, რომ შენ და ქეთო ერთად ვერ თავსდებით?
ბარბარე (განრისხებული დიდხანს უყურებს შვილსა, მერე ხელებს გაიქნევს და წუწუნით): ეჰი და ჰაა! იმისთვის არ გაგზარდე, იმისთვის არ დაგავაჟკაცე და დაგასახლე, რომ სიბერის დროს სახლშიც აღარ შემომიშვა, შენს არამზადა ცოლს მანაცვალო?! ეგ შენ და ეგ შენი მშვენიერი ცოლი დეე, წინიდგან დასათხრელი თვალები უკნიდან დაგთხაროს (გადის).
ნიკო (ქეთოს) რა ამბავია, ქალო, რას ამბობს დედაჩემი? ვინ იყო აქ, რას აკეთებდით?
ქეთო დედაშენის ყურება აღარ შემიძლია! ან მე უნდა ვიყვე ამ სახლში, ანდა ის! ოჰ, რო იცოდე, რა საშინელი შეურაცყოფა მომაყენა! დედამიწა რომ გამხეთქოდა და შიგ ჩავვარდნილიყავ ის მერჩინა (ტირის).
ნიკო რა იყო, ქალო, ვეღარ სთქვი?
ქეთო „განთიადის“ რედაქტორი იყო ჩემთან, მოთხრობას მთხოვდა თავისი ჟურნალისთვის. უცებ დედაშენი შემოვარდა, ყვირილი და ლანძღვა დაუწყო... შენ, შენ ჩემს რძალს საარშიყო რამეებს ელაპარაკებიო.
ნიკო ჰმ! (გაივლის და გამოივლის ჩაფიქრებით) ჰმ! დედაჩემი განა გიჟია, რომ აგრე უსაბუთოდ მივარდეს უცხო კაცს და გამოლანძღოს? უეჭველია ხელის მოსაჭიდებელი დაინახა რამე? ის ბატონი რედაქტორი ისეთი არამზადაა, ისეთი ურცხვი, ქალების კალთის მლოკავი, რომ...
ქეთო (გააწყვეტინებს და აღშფოთებით) კარგი, კარგი! გაჩუმდი! ახლა შენ მოჰყვები! მე მეტი აღარ შემიძლია. გადავვარდები სადმე (ისტერიულად ტირის).
ნიკო (დაცინვით) ეგ არის თქვენი ფარ-ხმალი! მაგაშია თქვენი გამარჯვება! მაგითი გინდათ თავი იმართლოთ, ყოველი თქვენი სიბინძურე ცრემლებით გამოისყიდოთ...
ქეთო (ფეხებს აბრახუნებს, კბილებს აღრაჭუნებს) გაჩუმდი, გაჩუმდი, თორემ დაგარტყამ რასმეს! (შანდალს წამოავლებს ხელს) ნუ ჰბედავ სიცრუეს, ნუ მიფატრავ გულს, სულში ხელს ნუ მიპოტინებ, დესპოტო, სისხლის მსმელო!..
ნიკო ხა, ხა, ხა! გადირია თქვენმა მზემ, მთლად გადირია! (დაცინვით) უთუოდ შენის ახალის მოთხრობისათვის მაგ გვარი სიუჟეტია საჭირო? ტრაგიზმი ახლა მოდაშია, შენს მშვენიერს რედაქტორს მოეწონება! მადლობით ხელებს დაგიკოცნის!
ქეთო ოჰ, ოჰ! მეტი აღარ შემიძლია... აღარ შემიძლია... (სასოწარკვეთილებით) მიშველეთ... (შემოდის მელანია)
მელანია სადილი მზად არის.
ნიკო სადილი თქვენა და ღვთის რისხვა! წყალი, წყალი მოიტანე!
მელანია ქალბატონი კვდება, მიშველეთ, მიშველეთ. (სცენაზე დარბის).
ნიკო (მელანიას) გაჩუმდი! ნუ ღრიალებ! ქვეყანა თავს დაგვესხმის!