ჩემო საყვარელო მკითხველო, იცნობ ამ კოპწია, უკანასკნელ პარიჟელ მოდაზედ გამოკანკლულ, ნაზს, სისხლნაკლებ, ძარღვებმოშლილ, თითქოს ანგელოზის სიმშვიდით შეიარაღებულ ქალს? - არა? - როგორ დავიჯერო! დააკვირდი, თვალი ადევნე, ყური დაუგდე იმის ენას, იმის მიმართულებას, იმის სურვილს?
- კარგა ხანია, ბატონო, ვუყურებ, ყურს ვუგდებ, ვაკვირდები, მიპასუხებს მკითხველი, მაგრამ-კი ვერ მიცვნიაო.
ვერ მიცვნიაო! მჯერა, მჯერა, რომ ვერ გიცვნია. ან როგორ იცნობ, ეგ ხომ სხვა ქვეყნიდან მოტანილი ხის შტოა და მხოლოდ ჩვენს ფესვზე, ჩვენს ნიადაგზეა ნამყნობი და ნაშენები. გასინჯე: აი ქართული წერწეტი ტანი, ისარივით გადახრილი ხშირი წარბები, ზღვასავით მღელვარე შავი თვალები, სურათი ცხვირი, ნაზი მიხვრა-მოხვრა, ბუნებრივი სიკეკლუცე... მაგრამ ამაზე შორს-კი აღარ მიდის მსგავსება.
ფოთოლი და ნაყოფი, როგორც ნამყენს შეეფერება, სულ გადასხვაფერებულია: აპრუჭნულ-დაპრუჭნული ფურფურებიანი კაბა, ძალზედ წაჭერილი კორსეტი, თავზე ხელის ოდენა „შლიაპა“, ხელზე ადლ-ნახევარი ყვითელი ხელთათმანები, რასაკვირველია, არ გეცნობება ყურთმაჯ-გადაშლილ, სარტყელ-გაფრიალებულ და ლეჩაქ-გადაგდებულ ქართველ მანდილოსანთან.
არ გეცნობება და ვერც იმას გაიგებ, ვერც იმის სიტყვა-პასუხს, აზრს, მისწრაფებას, იმიტომ რომ ნამყნევი შტო სულ სხვა ჯიშისაა და სხვა ენაზე ლაპარაკობს, სხვა აზრებს მისდევს და შენთან, ქართველთან, არავითარი კავშირი (გარდა ფესვებისა) აღარა აქვს-რა. აბა მიდი, დაელაპარაკე, შენის გულის პასუხი უთხარი, აზრი გაუზიარე; ის თვალებს მოპრუწავს, გაკვირვებით შემოგხედავს, სახეზე ზიზღს გამოიხატავს და ამ სიტყვებს მოგახლის უეცრად: მე ბედნიერება არა მაქვს თქვენის ცნობისაო!"
შენი წარსული და მომავალი, შენი ოჯახი, შენი ბინა, შენი ლუკმის მჭმეველი სოფელია და ეს კოპწია კი მთელი თავის არსებით ქალაქს ეკუთვნის; უქალაქოდ მისი ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია; იმისი ნაზი ფოთლები და გადაგვარებული ნაყოფი სოფლის საღს, „ცივილიზაცია“-ს მოკლებულ ჰაერს ვერ გაუძლებს, დაჭკნება. ეს, დაბადებით სოფლის შვილი და აღზრდით ქალაქისთვის გაწრთვნილი და გაწაფული, ქალაქს მიჰკედლებია, ქალაქს გახდომია ბარგად და ყოველ ღონისძიებასა ხმარობს, რომ სამუდამო ბინა ქალაქში მოიპოვოს.
ამისათვის დაძრწის იგი დიდ-კაცობაში, სტკეპნის ბულვარს, დადის თეატრში, ბალებში, შეჯლისებში, ირთვება ყოველის ძალითა და ღონით, სოფლის მამულიდან გამონაწურის შემწეობით, აბლატუნებს თვალებს, რომ იმისთანაზედ შეაჩეროს, რომელიც ყოველ ზემოხსენებულ სანავარდოებს არ დაულევს.
თვალს შეაჩერებს, გულს გადაუშლის და თავის ნაზს, კეკლუც ბუნებას მონად გაუხდის დაჩანდრაკებულ, წელში მოხრილ, ზნე-დამხობილს, ოღონდ-კი ჰქონდეს ჯიბეში ქისა და უნარი ფულის მოგებისა. ფული ხომ ერთად-ერთი საშუალებაა ამ ზიზილ-პიპილეების შესაძენად, ამ შეუწყვეტელი ნავარდობისათვის. ფულის სიუხვითა ჰზომავს ეს კოპწია ტიკინი კაცის ბედნიერების სიღრმე-სიგანეს.
რასაკვირველია, ამისთანა ადამიანს ვერ იცნობ, გზას აუქცევ, განზედ გაუდგები, როგორც გამოუსადეგარს და ფშუტა-ყვავილს; განზე გაუდგები და ეძებ იმ წყნარს, საღს, სადას, ლმობიერს, ოჯახის ბურჯს, ზნეობის ლამპარს შენის კერისას; იმ ლამპარს იმ ადამიანის სახით, რომელიც ყოველი მამაკაცის გულში იდეალად არის გამოხატული და რომელიც მრავლად ჰყოლია ჩვენს ერს წარსულში და ეხლა, სამწუხაროდ, ათასში ერთი-ღა შეგვრჩენია.
მაგრამ სად იპოვნი ამ გვარ მარგალიტს, როდესაც ის ბაღები, სადაც ზემოხსენებულისთანა მცენარეს ამყნობენ, მხოლოდ ამგვარი კოპწიებით არის სავსე?..
ვიცი, ყურებს ჩამოყრი, სასოწარკვეთილებას მიეცემი, ბედს დასწყევლი, (ქართველი კაცის ყოველი უბედურება ხომ ვითომ ბედისაგან არის მიგდებული), მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, ნუ დაჰკარგავ! მოდი, ხელი მივცეთ ყველამ ერთმანეთს, მთელი ჩვენი ღონისძიება მოვახმაროთ და ვეცადოთ, ისეთი ბაღი გავაშენოთ, ისეთი წალკოტი ავაგოთ, სადაც ჩვენს ფესვებზე, ჩვენს ნიადაგზე, ჩვენს საუკეთესო, რჩეულ ხეხილის შტოებს დავამყნობთ და ჩვენი ხელითვე ჩვენს მომავალს ბედს მოვიმზადებთ.
გარწმუნებ, ჩემო ძვირფასო, აქ შეუძლებელი არა არის-რა. საჭიროა მხოლოდ ნათლად წარმოიდგინო, რა იქნება ჩვენი მომავალი, თუ კიდევ დიდხანს გასტანს ზემოხსენებული მყნობა და გადაშენება? ხოლო თუ ამას ნათლად წარმოიდგენ, რაც ძლიერ ადვილი და თვალსაჩინოა, განა კიდევ ვიყოყმანებთ, ყოველი ღონე იმ საქმეს მოვახმაროთ, რომ ქართველ ქალს თავისი საკუთარი თვისება, თავისი ენა და თავის ზნეობის ძალა სამუდამოდ არ დავუკარგოთ?
ნუ-კი გეგონებათ, რომ ამით ის მინდა ვთქვა, ვითომ ქართველებს ვაჟები უკეთეს მდგომარეობაში გვყავს, უკეთეს გზაზე დაგვიყენებია; არა, მაგრამ, ჩემის აზრით, ქალს ერის გამობრუნებაში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და ისევ სჯობს საქმე სათავიდან დავიწყოთ. და ქალი ხომ ოჯახის კეთილ-განწყობილების ნიადაგია და, მაშასადამე, მხოლოდ იგივე ქალია მომავალი შთამომავლობის დამბადებელი, აღმზრდელი და სულის ჩამდგმელი.
ქალი გრძნობა-გამახვილებული არსებაა, მალე შეიგნებს, რაშის იმისი დანიშნულება, იმისი მოწოდება და, თუ საერთო ღონით ეს მოვახერხეთ როგორმე, ჩვენს დაქცეულ ოჯახს, ჩვენს დარღვეულ ერთობას, ჩვენი ბუნებით ჩინებული და საჭირო სწავლით მომზადებული ქალი ნამდვილ დედა-ბოძად შეედგმის და ჩაქრობილ კერას კვლავ აგვიბოლებს, აგვინთებს და, იქნებ ღმერთმა ბრძანოს, ნათელი ჭემმარიტიც მოეფინოს ჩვენს დღევანდელს გონებით ბნელ და გულით ცივს ოჯახს.
















