(ამბავი)
მაკრინე ჯანაძისა ჯერ თვრამეტი წლისა არ იყო, როდესაც ერთ მშვენიერ კათათვის დღეს რამდენიმე თვის ჯვარ-დაწერილი საყვარელი ქმარი ხანჯლით აჩეხილი მოუტანეს; სახლიკაცებს საზღვრებზედ ჩხუბი მოსვლოდათ, ჩხუბს ხანჯლის ტრიალი მოჰყოლოდა და საბრალო, სიცო- ცხლით სავსე ნიკო ჯანაძე, ძმის ხანჯლით გაგმირული, მაკრინეს წინ იდო.
მაკრინე არა ტიროდა, ის გამშრალი იჯდა და მთელი დღე და ღამე მკვდარს დაჰყურებდა. დასაფლავების შემდეგ მაკრინეს „ისტერიკა“ დაემართა, ძარღვები მთლად მოეშალა, დასუსტდა, დაუძლურდა; ნათესაობამ იმედი გადიწყვიტა იმის გამობრუნებაზე, მაგრამ, დრომ გაიარა, პატარა მიტომ, რომელიც მამის სიკვდილის დროს მხოლოდ ექვსი კვირისა იყო, ტყიპ-ტყიპი დაიწყო და მაკრინეს მუდამ მოღრუბლულ და სევდიან სახეზე შვილის ღიმილი, როგორც სარკეზე, ისე აღიბეჭდა.
ქრმის დამკარგავმა, შვილით ინუგეშა და სასიცოცლხოდ მოიხედა, თუმცა გულის ფრიალი და ძარღვების სისუსტე სამუდამოდ შერჩა. ყმაწვილმა, კეკლუცმა, მუდამ რაღაც მწუხარებით მოცულმა ქვრივმა მრავალ ყმაწვილ კაცის გულში აღძრა ტრფიალება, ბევრმა იმათგანმა გამოუცხადა იმას მხურვალე სიყვარული, მაგრამ ყმაწვილი დედა მხოლოდ მიტოს სიყვარულით იყო გამსჭვალული, იმის გარეშე მაკრინე ვერც არავის ხედავდა და არც არავისი ესმოდა-რა; მიტო იყო იმის სათაყვანებელი კერპი, იმის აწმყოც და მამავალიც. მაკრინემ მიტოს შესწირა თავის სიყმაწვილეც და თავისი პირადი ბედნიერებაც.
მაკრინე გაფაციცებით ადევნებს თვალს მიტოს სწავლას, მიტოს ზნეობის ზრდას და გულით ხარობს, რომ ის ნამდვილი თავადიშვილია ქველობით, სათნოებით და დიდსულოვნობით. მაგრამ მაკრინეს ისიც არ გამოჰპარვია, რომ თავადიშვილურ ღირსებასთან მიტოს თავადიშვილური ნაკლებულებაც არ აკლია: ის არის თავმოყვარე, ამაყი, ანჩხლი და ამასთან იმას ხშირად გაიტაცებს ხოლმე მხიარულება, ნადიმი, ნავარდობა და ეს სწავლაში ძლიერ ხელს უშლის. მეტადრე მეოთხე კლასამდინ მაკრინე მუდამ ტანჯვაში და ვაივაგლახში იყო, მუდამ ის აზრი აწუხებდა, გადავიდოდა მიტო შემდეგ კლასში თუ არა.
მეოთხიდან კი ღმერთმა ხელი მოუმართა, მიტო გონებაში ჩავარდა, მი- ხვდა, რომ სწავლის დასასრულებლად საჭირო იყო შრომა და დიდი შრომაც, და ხელი მიჰყო მუშაობას და აგერ დღეს მეექვსე კლასშია და ურიგო მოსწავლეთაც არ ითვლება. მაკრინე მოუთმენლად მოელის იმ დღეს, რომ მიტო უმაღლეს სასწავლებელში წავა, იქ აუცილებლად ექიმობას შეისწავლის და თავის დედის მუდამ მოშლილს ძარღვებს უპატრონებს და გულის ჩარხებს წაღმა დაუტრიალებს.
გარედ საშინლად ცივა, ქარი ნამქერს ატრიალებს და ფანჯრებს ჰბურავს, მაკრინეს ოთახში-კი თბილა და სრული მყუდროება სუფევს; მხოლოდ საკერავ მანქანას გაუდის რიკინი, რომელზედაც მაკრინე საჩქაროდ ჰკერავს და ტკბილად დააღიღინებს. უცებ კარი შემოიღო და მოახლემ ტელეგრამა შემოიტანა.
დეპეშა! საშინლად შეჰკივლა მაკრინემ და აკანკალებულის ხელით გაგლიჯა ქაღალდი: „შენი ჩამოსვლა ქალაქს აუცილებლად საჭიროა, მე სრულებით კარგადა ვარ, შენი მიტო“. აუცილებლად საჭიროა, კარგადა ვარ! რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნუთუ შეემთხვა რამე, ჩხუბს გადაეკიდა, ან იქნება მატყუებენ და ჩემს თავს უბედურება არის რამე? რა ვქნა, როგორ გავათენო, რა ვინუგეშო, გამწარებული ბუტბუტებდა მაკრინე და თან წასასვლელად ემზადებოდა, ბარგს ალაგებდა, ერთს და იგივე საგანს ათჯერ ჩასდებდა და ამოიღებდა ჩამადანში, ათასჯერ შევიდოდა და გავიდოდა სხვადასხვა ოთახში და ანგარიშს-კი არ აძლეევდა თავის თავს, თუ რას სჩადიოდა.
სრულმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა მთელი მისი არსება. დღეს, ამ საღამოს „პოეზდით“, მიტო უნდა მოსვლოდა სადღესასწაულოდ და იმის მაგივრად ეს ტელეგრამა! გონება ერყეოდა, თმები მაღლა მისდიოდა საცოდავ დედას, მთელი ერთი თვე, მაკრინე იმის სამზადისშია, თუ როგორ დაუხვდეს თავის ძვირფასს, ერთადერთ ლამპარს სიცოცხლისა; უკერავს საცვლებს, უმზადებს ოთახს, თავს დასტრიალებს, უალერსებს მიტოს „ლამაზა“ მეძებარს, იცის რომ მიტო მოსვლის უმალ „საკურდღლაოდ წავა და დახე, როგორ აირივნენ ამისი ფიქრები, რანაირად შეიცვალა ლხინი ჭირზედ.
მთელი ღამე მაკრინემ საშინელ ბურანში გაატარა; ხან წარმოუდგებოდა თავის საყვარელი ქმარი მხიარული, მოალერსე, მისი სიყვარულით შეჭურვილი და გაშმაგებული, ხან მისი მთლად სისხლში ამოსვრილი ლერწამი ტანი, თავგაჩეხილი უსულო გვაში; ხან თითქო ნიკოს მაგივრად მის წინ შემუსვრილი მიტოს გვამი იდო, მიტოს მშვენიერ თვალებს სიკვდილის ბინდი გადაჰკროდა, ხან მისი ტკბილი, სიყვარულით სავსე ხმა ესმოდა; ამ გალუცინაციებით აღელვებული გული საშინლად სტკიოდა, სული უგუბდებოდა მაკრინეს, ყელის ძარღვები ეტენებოდა სისხლით და ახრჩობდა; ის მალმალ აღვიძებდა გოგოს, სთხოვდა შვილს, წყალს სულის მოსაბრუნებლად და სასოწარკვეთილებით ლოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს, რომ ყოველი ეს წარმოდგენა მარტო სიზმარი ყოფილიყო და მერე მისუსტებული ისევ ბურანს ეძლეოდა.
მიტო ჯანაძე მაგარი, ღონიერი, წარმოსადეგი ყმაწვილი კაცი იყო. თვრამეტი წლის შეღერებულ ჭაბუკს შავი წვერ-ულვაში ნაზად უმშვენებდა ცოტაოდენად ფერმკთალ, შავგვრემან პირი სახეს; მის შავ თვალებში აღგზნებული ზღვა ცეცხლისა ელვარებდა და დიდრონ ვაჟკაცურ მსხვილ ტუჩებზე გრძნობის ღიმილი ციმციმებდა.
მიტომ, როგორც პირველმა შვილმა, პირველ სიყვარულის წამებში გაჩენილმა, მემკვიდრეობით დაბადებიდანვე სიყვარული დაიყოლია და მისმა თვალ-ტანადობამ ხელი შეუწყო ამ სიყვარულის გაძლიერებას, ბუნების პირველ მოთხოვნილებად გადაქცევას. მაკრინეს გატაცებულმა სიყვარულმა, იმისმა მუდმივმა ზრუნვამ, რომ მიტოს ცხოვრება სრული და ფუფუნებით გარშემორტყმული ყოფილიყო, ის გაათამამა, გაალაღა, ყოველ თავის მოთხოვნილებაში შეუკავებელი გახადა, თუმცა გადაჭარბებისაგან ყოველთვის რაღაც სათნოების ძალა შეიმაგრებდა ხოლმე.
მაგრამ ბედნიერი და თავისუფალი ყოველ მხრით ცხოვრება მიტოსი შეიცვალა: მაკრინეს ქალაქის მოუსვენარმა ცხოვრებამ ავადმყოფობა გაუძნელა, გულის ფრიალი, გულის ავადმყოფობად გადაექცა, ძარღვების სისუსტე - ჩვეულებრივ მოვლენად. ექიმებმა ურჩიეს მას სოფლად გადასახლება და, თავის სამწუხაროდ, მიტო პანსიონში უნდა მიეცა.
პანსიონის შეკეტილი ცხოვრება, ერთგვარი და უფერული ვარჯიშობა სწავლაში, გამუდმებული მეთვალყურე ყოველ მოძრაობაში, - სულს უხუთავდა თავისუფლებაში აღზრდილ მიტოს, იმის მგრძნობიარე ბუნება იტანჯებოდა, თხოულობდა სხვა საზრდოს, სხვაგან მიილტვოდა იმისი გული და გონება, მაგრამ თავდაჭერით ემორჩილებოდა ყოველ წესიერებას, პანსიონში დაწესებულს. მიტოს ყოველთვის ყურთ ედგა თავის საყვარელი დედის სიტყვები: „უნდა ისწავლო, შვილო, ისწავლო, რომ შენი სწავლით თავიც დაიმშვენო და საწყალ დედი შენის დაზიანებულ სიცოცხლესაც ხელი შეუწყო.“
„ვისწავლი, ვისწავლი" ამბობდა მიტო და მართლაც სწავლობდა, მაგრამ ხანდისხან კი უძალო იყო თავი შეემაგრებინა, თავის ბუნებას არ დამორჩილებოდა, თავის უფერული ცხოვრება არ შეეცვალა, დაცობილ ჭურჭლისთვის ხანდისხან თავსახური არ აეხადა და ნაძალადევად დამწყვდეულ თვისებისთვის გზა არ მიეცა: ეს დღესასწაულებში ხარბად დაეწაფებოდა ხოლმე სიცოცხლის მშვენიერებას და გატაცებით მიეცემოდა ხოლმე ცხოვრების ტალღებს. თეატრი, თამაში, სიმღერა, ჯირითი, ნადირობა სცვლიდა ერთმანეთს იმ მოკლე ხნის განმავლობაში, რომელიც მას ხელთ ჩაუვარდებოდა ხოლმე; მაგრამ განსაკუთრებულ ამის მოთხოვნილებას შეადგენდა ქლის ალერსი, ტრფიალება, განუყრელად დედაკაცის კალთასთან მიბმა, იმის სიახლოვით და სითბოებით ნეტარება. ის განურჩევლად თაყვანსა სცემდა ყველა ლამაზს და თავის დედაც იქნება არ ეთაყვანებინა, რომ ლამაზი და ნაზი არ ყოფილიყო.
პანსიონის მთავრობა, როგორც რიგიან მზრუნველს შეეფერება, თავისუფალ დროსაც არ სტოვებდა შეგირდებს უყურადღებოდ; აღმზრდელები შეცვლილი ტანისამოსით დაწანწალებდნენ ყველგან და გაფაციცებით თვალს ადევნებდნენ, რომ იმათი მოსწავლე ხალხში არ გარეულიყო, უდროოდ კაცობა არ დაეწყო და ბავშვობას განზე არ გასდგომოდა.
მიტოს თავხედობა, მუდამ ლამაზთა გუნდში ტრიალი, რასაკვირველია, მეთვალყურეებს შეუნიშნავი არ დარჩათ და ყოველ დღესასწაულის შემდეგ ტყავს აძრობდნენ საყვედურით: „თქვენ გძინავთ, ბატონო ჯანაძე, შეტევით ეტყოდა ხოლმე კლასში, ამხანაგებთან დირექტორი და არც გასაკვირველია, რადგანაც მთელ ღამეებს სალახანაობაში ატარებთ!“
- სალახანაობაში! რას ბრძანებთ მაგას, როგორ? - რა არის სალახანაობა, ამიხსენით!
- ჩუმად! ვინ მოგცათ უფლება პასუხის გებისა, უზრდელო ბალღო!
- თქვენ გარყვნილი ყმაწვილი კაცი ხართ, უთხრა მეორედ ზედამხედველმა, როდესაც მიტო ღიღინით, ჯიბეში ხელი ჩაყოფილი, მარტოდ-მარტო დადიოდა ეზოში, თვალები უელვარებდა, ტუჩები უცინოდა და თითქო შორიდან ვიღასაც ეტრფიალებოდა.
- თქვენ თითონ ხართ... უნდოდა სიტყვა შეებრუნებინა მიტოს, მაგრამ დროზე შეჩერდა. მაინც სასტიკად დასაჯეს, თუმცა ლანძღვა უფროსისა არ გაიმეორა.
- თქვენ ზნეობა დაცემულ დედაკაცებთან დაიარებით ქუჩა-ქუჩა, სიირცხვილი თქვენთვის! უზრდელად უთხრა ზედამხედველმა მიტოს, ორშაბათ დღეს.
მიტოს სისხლი აუვარდა თავში, გულზედ ცეცხლი მოეკიდა, ეს გუშინ თეატრიდან იცილებდა ერთს დიდად პატივცემულს ქალს თავის დედის ამხანაგს, და გაანჩხლებით მიუგო უფროსს: „სტყუით თქვენ, სტყუით ბატონო, ჯაშუშო! ის ჩემი ნათესავი და დიდად პატიოსანი ქალი იყო“. აღმზრდელმა დირექტორთან დააბეზღა და მიტოს, უფროსის შეურაცყოფისათვის, სამის თვით სწავლა აუკრძალეს.
მთელი სამი თვე უსაქმოდ, უაზროდ დახეტიალობდა მიტო და ამ სამ თვეში ერთხელაც არ მისცემია თავის საყვარელი გართობას, თითქო ამის ბუნებისთვის ქეიფს მხოლოდ მაშინ ჰქონდა აზრი, როცა ძალაობით იყო შეძენილი. სამაგიეროდ ძლიერ დარცხვენილი იყო, რომ სასწავლებლიდან გამორიცხეს და დედას სულ იმას ეხვეწებოდა: ეცადე, რომ სასჯელი შემიმოკლონო. მაგრამ ყოველი ცდა ამაო იყო. სამი თვე სამ გაუთავებელ საუკენედ ეჩვენა მიტოს და უსაქმობით კინაღამ არ გაგიჟდა.
იმ დღეს, რა დღესაც დედას დეპეშა მისწერა და ქალაქს დაიბარა, მიტოს დიდი შეტაკება მოუხდა მასწავლებელთან. შობამდე რამდენიმე დღე-ღა იყო დარჩენილი: მიტო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, რომ სოფელში უნდა წასულიყო, აღტაცებით ცმუკავდა, როცა წარმოიდგენდა თვალგადაუწვდენელ მინდვრებს, თოვლით გადაპენტილებს, ზედ დამფრთხალ კურდღლებს და თავის „ლამაზას“ სიმარდეს და სიამაყეს. საყვარელი დედის ნახვა ხომ ნეტარების ზღვაში აცურავებდა, ლამაზ დაროს თვალებიც არა ნაკლებ იზიდავდა იმის გულს და მოუთმენლად აგრძელებდა იმის თვალში ორიოდ სამ დღეს.
თუმცა ეს ღელვა გულის ხმიერებას უსუსტებდა, მაგრამ მიტო ძალდატანებით სცდილობდა სწავლა არ შეესუსტებინა და ამის მოწყალეობით სახლში წასვლა რამდენიმე ხანითაც არ შეეფერხებინა. მასწავლებელმა ამ დღეს რაღაც დასაწერი წინადადება მისცა მთელ კლასს. დაწერა ერთი საათის განმავლობაში უნდა შეესრულებინათ. მიტომ საათი ამოიღო, გახსნა და სტოლის წინ დასდო, ყოველ წამს დასცქეროდა და დროს ვარაუდობდა, რომ წერილის გათავება არ დაჰგვიანებოდა. კლასში საშინელი სიჩუმე იყო და მხოლოდ ორმოცდაათ კალამს მოსწავლეებისას გაუდიოდათ წრიპინი.
მასწავლებელი თავისთვის დინჯად იჯდა და ფრჩხილებს იწმინდავდა, ფრჩხილების წმენდას რომ მორჩა, ოთახში ბოლთას ცემა დაიწყო. უცებ შენიშნა მიტოს საათი სტოლზე, მიუახლოვდა და ხელში აიღო. საათს მოკლე ჯაჭვით სათამაშოს მაგვარი დურბინდი ება (ბრელოკი); მასწავლებელმა შიგ გაიხედა და საშინლად განრისხდა, გაააფთრდა და შეჰყვირა: „აი შენი ჭკუა, გონება, სინიდისი რაშია, მე უზნეო ლაწირაკო, შენა! და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, საათი თავის სამკაულით პოლზე დაახალა და ფეხებით გასრისა.
მიტომ სასოწარკვეთილებით შეჰკივლა, თავმოყვარეობამ თავი წაართო, თვალები სისხლით აევსო, იმან გაბრაზებულ ვეფხვივით ისკუპა და ყელში სწვდა მასწავლებელს: „რად დამიმტვრიე რად? რად გამისრისე ძვირფასი საჩუქარი ჩემის მშობლისა, პირუტყვო, არა კაცო!“
საშინელი ალიაქოთი მოხდა, ყმაწვილები მივარდნენ მიტოს, გააკავეს, საყვედური დაუწყეს. მასწავლებელი დირექტორთან გაიქცა და ერთი წამის განმავლობაში მთელი სასწავლებელი ფეხზე იდგა. მიტოს სიანჩხლემ გადაუარა, მიხვდა რომ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და ფერმკრთალი, მუხლების კანკალით მასწავლებელთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა: „მაპატიეთ“, ბატონო! ის პორტრეტი ერთადერთი სურათი იყო ჩემის მშობლებისა, იმ დროს აღებული, როდესაც ერთმანეთს ეტრფიალებოდნენ და რის ვაი ვაგლახით დავიყოლიე დედაჩემი, რომ ჩემთვის დაეთმო გულზედ სატარებლად. ახლა რაღა პასუხი გავცე!“
- სტყუით თქვენ, სტყუით! ის თქვენი და ვიღაცა მაწანწალა დედაკაცის სურათი იყო, საზიზღრად მიჰკროდა შენი თავი იმის თავს და პირზედ ურცხვი ღიმილი გადაჰკროდათ ორთავეს.
- თქვენ სტყუით და არა მე! ხელმეორედ გაანჩხლებით დაუყვირა მიტომ მასწავლებელს, კიდეც ამითი იყო ძვირფასი ის სურათი პატრონისათვის, რომ გაოცებით ჰგავდა შვილი მამას, და დედა, ქმრის უდროოდ - დამკარგი, შვილის მგზავსებაში ჰპოულობდა ნუგეშს და ბედნიერებას.
* * * * * * *
მიტო ოცდაოთხი საათის განმავლობაში სასწავლებლიდან დაითხოვეს და თან ამისთანა მოწმობა მისცეს: "აღარსად მთელ იმპერიაში სწავლის ნება არა ჰქონდეს“.
შობის წინა ღამეს, მაკრინე ჩამოხტა ქალაქის ერთ სასტუმროში და საჩქაროდ კაცი გაუგზავნა მიტოს პანსიონში მოსაყვანად.
გავიდა ერთი საათი, მეორე, მესამე და არც კაცი და არც მიტო არსაიდან სჩანდნენ. საშინელმა სამმა საათმა გაიარა მაკრინესთვის, მოლოდინით დაღალულმა და ცეცხლმოკიდებულმა, მოთმინება დაჰკარგა და თითონ გაექანა სასწავლებლისკენ.
ათი საათი სრული იყო, როდესაც გულგახეთქილმა მაკრინემ პანსიონის დირექტორის სახლის კარები შეაღო. იქ აუარებელი ხალხი ტრიალებდა, ზალები გაჩაღებული იყო, ბავშვები ჟივილ-ხივილით შედიოდ-გადიოდნენ და დიდი სამხადისში იყვნენ „იოლკის" ასანთებად.
მაკრინე ჯერ შეკრთა, კარებთან უკან დაიწია, მაგრამ შვილის ამბის შეტყობის სურვილმა დასძლია და პირდაპირ სახლის პატრონისკენ წავიდა .
- თქვენი შვილი?! გაკვირვებით ჰკითხა დირექტორმა, ის სამი დღეა რაც სოფელში წამოვიდა?
- სოფელში, წამოვიდა... სამი დღეა... ერთი კი შეჰკივლა მაკინემ და გული შეუწუხდა. მას მოუარა იმ საშინელმა გულის ავადმყოფობის გულ-ყრამ, რომელიც ბევრჯერ სიკვდილით გათავდება ხოლმე. სახე გაულურჯდა, ყელის ძარღვები დაეტენა, სხეულს სრული დამბლობის ნიშნები დაეტყო, ფილტვების სუნთქვა შესწყდა, გულისცემა სრულიად მოესპო. ხალხი აირია, ბავშვები შეკრთნენ და შეაყენეს თავიანთი მხიარული მუშაობა; სახლის პატრონი საშინლად შესწუხდა, რომ ამგვარმა შემთხვევამ მოშალა ამ ბედნიერ დღისთვის დაწყობილი მხიარულება და ბუზღუნით ყვიროდა: „ექიმი, ჩქარა, ექიმიო..."
მაკრინე დიდხანს იყო უგრძნობლად და როდის-როდის ექიმის შემწეობით სასიცოცხლოდ გამობრუნდა
- თქვენ შინ წამოსასვლელად დაითხოვეთ? - იკითხა მაკრინემ, რამ წამს გონს მოვიდა.
- დიახ, როგორღაც ორჭო-პორჭოდ სთქვა დირექტორმა და უბრძანა მოსამსახურეს ეტლი მოეყვანა; მერე მიუბრუნდა მაკრინეს და ზრდილობიანად უთხრა: „კნეინა, მიბრძანდით შინ, დაისვენეთ, დამშვიდდით, უთუოდ თქვენ და თქვენი შვილი გზაში ასცდით ერთმანეთს და მალე ყველაფერი გამოირკვევა.
მაკრინე მთლად დაუძლურებული გამოვიდა სასწავლებლიდან და არ იცოდა, საით წასულიყო, ვისთვის მიემართნა, ეკითხნა თავის ნუგეშის ამბავი. უცებ მოაგონდა, რომ მიტოს ჰყავდა ერთი გულითადი მეგობარი, თავის ამხანაგი ბერიშვილი და იქითკენ გაექანა.
ბერიშვილის ღარიბი სახლის წინ ორი-სამი ფაეტონი იდგა, მრავალი ხალხი ტრიალებდა, შედიოდ-გადიოდა, ხმაურობდა, გარშემო საშინელი ჩოჩქოლი იყო; მაკრინეს ამის დანახვაზე გული აუჩქროლდა, საფეთქლებმა საშინლად დაუწყო ცემა, სისწრაფით გადმოფრინდა ფაეტონიდან და საჩქაროდ აიჭრა ბერიაანთ სადგურის ვიწრო და მაღალ კიბეზე.
ოთახის კარი ღია იყო და აქედან მაკრინემ შემდეგი სურათი დაინახა: ოთახი მთლად გატენილი იყო ხალხით და პოლიციელებით, ტახტზე გულაღმა იწვა ყმაწვილი, კაცი წელამდინ გატიტვლებული; მის წინ დახრილი ჭაღარა კაცი, რომელიც მწოლიარეს გულდასმით მკერდს უთვალიერებდა და შავებით ჩაცმული ქალი, რომელსაც სანთელი ეჭირა და უნათებდა. იქვე თვალებზე ხელები დაფარებული იდგა ბერიშვილი და მწარედ ქეითინებდა. მაკრინე ინსტიქტურად მიხვდა, რაშიაც იყო, საქმე და ჩაიჩოქა. მერე ისევ ადგა, კიდევ ჩაიჩოქა და რადგან ადგომა ვეღარ შესძლო, ფორთხვით მიცოცდა ავადმყოფთან.
- სისხლი საშინლად შეჰკივლა მაკრინემ... შემდეგ ძლივს და ამოილუღლუღა: შვილო, ეგ რა მიყავ?... და მიტოს დაკოდილ გულს თავი მოიპყრო.
მიტომ ამ ხმაზედ დახუჭული თვალები გააღო. მათში ბედნიერებისა და კმაყოფილების ღიმილმა გაიელვა და ისევ მიიღულნენ. ირგვლივ საშინელი სიჩუმე იყო, ექიმმაც კი შეაყენა თავის მეცადინეობა დაჭრილის მოსაბრუნებლად და ამ საოცარი დედის მწუხარების საიდუმლოებით და დუმილით დაუძლურდა.
რამდენსამე წამს სიჩუმე არ შეწყვეტილა, უცებ დაჩოქილი და თავჩაღუნული მაკრინე გულაღმა გადაიქცა და პოლზედ გაიჭიმა. ექიმი დასწვდა ასაყენებლად და შეთრთოლდა „ღმერთო, რა საშინელებაა! ეს ქალი მკვდარია“.
- მკვდარია?.. ამოიკვნესა დაჭრილმა და თითქო წამოდგომა დააპირა; შენძრევაზედ ოდნავ შეხვეული იარა გაესხნა, იქიდან შადრევანივით სისხლი გადმოსკდა და მკვდარ დედას მდუღარე ცრემლების სამიგიეროდ დაესხა.