მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 691 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(სურათი)

 

პირველად მე შევხვდი ნინოს, ერთ მშვენიერ სიტკბოებით სავსე მაისის დილას. მზე მთლად შებურვილი იყო მსუბუქი ბურუსით და ათბობდა სურნელოვნებით გატენილს ჰაერს და რაღაც მომხიბლავი მყუდროებით ავსებდა კაცის გუნებას. მკრთალის სხივებით განათებული გარშემო, გადაშლილი ბუნება, სიტურფით ამაყობდა. მთა და ველი, ხე თუ ბალახი, ვარდი თუ ასკილი ერთ გვარი სიკეკლუცით იჩენდა თავის სიმშვენიერეს და ახალს სამოსელს.

არავითარი სიო არ არყევდა ბუნების სიმშვიდეს.

მხოლოდ ერთ პატარა ხეხილის ბაღში, დიდ კაკლის ქვეშ, დუდუკი დაგუგუნებდა და მას ბანს აძლევდა ხის ქვეშ მომდინარე პატარა რუს ჩქრიალი.

მედუდუკეებს გარშემო შემოსხდომოდნენ რამდენიმე კაცი და ქალი; ესენი სუყველანი ჩუმად ისხდნენ და მხოლოდ უძრავად თვალს და ყურს აძლევდნენ სრულ თავისუფლებას.

ამ დროს მე შემიყვანა ამ წალკოტში, ერთმა ჩემმა ამხანაგმა და ჩემდა სამწუხაროდ ამითი შეერყია მსმენელთ კმაყოფილება და დამკვრელების არტისტული გატაცება.

- გთხოეთ იცნობდეთ: თავადი ალექსანდრე ა-ნი, თავადი ნიკოლოოზ ბ-ნი, თავადი მიხეილ ბ-ნი, და სხვანი რამდენიმე თავადნი და თავადის მეუღლენი გამაცნო ჩემმა მეგობარმა მე ამ დღეს, მაგრამ მე ამ დღესვე გავიცან თავადის ასული ნინო უხმარიძისა, რომელმაც სრულიად წაშალა ჩემ თვალში დანარჩენის სახეები.

ეს კეკლუცი, თექვსმეტის წლის უმანკოება შემკული იყო ყოველის მშვენიერებით, რაც კი დედაკაცის ბუნების საუკეთესო სამკაულს შეადგენს. ნინო ნაზად წამამიდგა ფეხზედ და წრფელის მორცხვობით ხელი გამამიწოდა.

მე არ მიყვარს დედაკაცი, რომელიც ძალით, ღონით, სიტყვით და მოძრაობით სავსე არ არის ცხოვრების ავ-კარგიანობასთან საბრძოლველად, მაგრამ ნინოს ჰაეროვანმა სიტურფემ სულ დამავიწყა ჩემი პრინციპები.

მე იმაში ვხედავდი, ერთ იმ იშვიათ ტიპთაგანს, რომელნიც ათასში ერთი-ღა მოიპოვებიან ჩვენ ქვეყანაში და დაკვირვებით ვშინჯავდი მის არსებას.

ის იყო ნაზი, როგორც ზეფრი, მორცხვი, როგორც უმანკოება, მშვენიერი, როგორც გაზაფხულის ყვავილი და ტკბილ ხმოვანი, როგორც იადონი.

ტანთ ეცვა ციაგი ლაჟვარდი კაბა, ციაგივე ვარდის ფერის სარტყელ-გულის პირით, თავზედ გადაშლილი ნაკერი ლეჩაქი, რომელ ქვეშიდანაც უხვად გამოიყურებოდნენ წაბლის ფერი კულულები. შუა ტანისა, მშვენივრად მოყვანილი, იმის მოძრაობა სავსე იყო სიტურფით და კეკლუცობით. ამის პირის ფერი უფრო მიემგზავსებოდა ასკილის ფურცელს, ვიდრე მაისის ჩაჯიგრებულ ვარდის ყვავილს. წაბლისფერივე კილოიანი თვალები მთლად გახვეულნი იყვნენ გრძელს და ხშირ წამწამებში. მაგრამ დამაგვირგვინებელი ნინოს სიტურფისა იყო მცირე - ოდნად ღია ორი პაწია ვარდისფერი ტუჩი, რომელზედაც ყოველთვის სიტკბოების და სიკეთის ღიმილი გამოსჭვიოდა და თქვენში, ნინოს სიმშვენიერით აღტაცების მაგივრად, სძრავდა რაღაც გამოურკვეველ თაყვანის ცემას მისადმი.

ნინოს ცქერის დროს კაცის გული სრულიად დამშვიდებელია, მხოლოდ თვალი სტკბება ბუნების საუცხოვო ქმნილებით. თქვენ გინდათ, რომ შეუწყვეტლივ უყუროთ იმის კეთილ არსებას და დასაკუთრება კი თქვენს დღეში არ გაგივლით გულში.

- მე დარწმუნებული ვარ, რომ თქეენ მშვენივრად ცეკვავთ ლეკურს, ვუთხარ მე ნინოს, როდესაც ჩემი მოსავლის შემდეგ სტუმრები აიშალნენ და მედუდუკეებმა ლეკური დაუკრეს.

- არა, თქვენმა მზემ, მორცხვობით მიპასუხა იმან. ლეკურს მარდობა უნდა და მე ძლიერ მძიმე ხასიათისა ვარ.

- ოჰ, თქვენ მოძრაობას, როგორიც უნდა იყოს, თუ გინდათ ძლიერ მძიმეც, მაინც სულ სხვა სიკეკლუცე დაეტყობა, ვუპასუხე მე. ნუ დაიზარებთ და თქვენის ხელის გაშლით გვასიამოვნეთ.

ნინო მთლად აენთო, თავი დაღუნა და ისეთის სინაზით გაიღიმა, რომ მთელი ჩემი არსება ნეტარების კმაყოფილებით აავსო.

-  ვითამაშებ, თუ გნებავთ, მაგრამ ნუ დამცინებთ, მითხრა იმან და გავიდა წყნარად. იმის მოძრაობა იყო მძიმე კი არა, მდორე, მოციმციმე, დარბაისლური და ლაღი. ყოველი იმისი ხელის აღებ-დაღება სავსე იყო სადობით და ბუნებრივი სიკეკლუცით, ის არ ცეკვავდა გატაცებით - მარტო ნერვების მოწყალებით, არა, ის ცეკვავდა მოფიქრებით, გულისხმიერად, რომ ამითი ესიამოვნებინა მათთვის ვინც ამის ცეკვას სიყვარულით სავსე თვალებს ადევნებდნენ.

- გულით გმადლობ, თავადის ასულო ნინო, ვუთხარ მე იმას, რომ ერთხელ კიდევ მაღირსე მენახა ნამდვილი ქართველი ქალის ცეკვა და არა გრეხვა-პრანჭვა, რომელსაც ეხლა ლეკურს ეძახიან.

- მაგას რას მიბრძანებთ, ჩემო ბატონო; ჩვეულებრივი სიწრფელით მითხრა იმან, განა ნატო, ანეტა, სონა ჩემზედ კარგად არა თამაშობენ? ჩემი თამაშობის მოწონება თქვენის მეტის არავისგან გამიგონია. და ეს სიწრფელე ნამდვილი იყო. ნინო იყო სადა, როგორც ნამდვილი ბუნების შვილი და თავმომწონებით არ მოსდიოდა თავისი თავის დამდარება, რომ ამითი უფრო უხვად გამოეწვია მაყურებლის ქება და ალერსი.

ჩვენს ლაპარაკს დიდის კმაყოფილებით ყურს უგდებდა ნინოს მამა, გრიგოლ უხმარაძე, რომელიც ჩემი ძველი მეგობარი და შორეული ნათესავი გამოდგა, და ღიმილით მითხრა იმან: მაშ ნინოს სიმღერას რომ გაიგონებთ რაღას იტყვით მაშინ, როდესაც მაგისი თამაშობა თითქმის საქები არ არის და ეგრე აქებთ.

- როგორ, განა ნინო იმღერის კიდეც?

- დიაღ, ჩემო ბატონო, მითხრა იმან აღტაცებით, ნინო მღერის ისე რომ მამის გული ადუღდება ხოლმე და თვალებზე ცრემლები მომდის...

- მამა, კმარა გენაცვალე მაგგვარი ჩემი ქება! ბატონ ლევანს ეგონება, რომ მე მართლა მაისის ბულბული ვარ და როცა ნამდვილს გაიგონებს, მადლობის მაგივრად, გაჯავრდება.

- შენ თავმოყვარე არა ხარ, ჩემო მტრედო, წაუტუტუნა მამამ და შორს გადგა. ნინოს გარს შემოეხვივნენ სუყველა სტუმრები. მედუდუკემ სალამური მომართა.

ნინო დიდ ხანს იყო გაუბედაობით გაშტერებული. ბოლოს ძლივს-ძლივობით, ხმის კანკალით წარმოსთქვა: „შავნი შაშვნი, შავს გალიას შემსხდარნი“ და კიდევ ჩაჩუმდა. ჩვენც ჩუმად ვიყავით. მხოლოდ სალამური მცირეოდნად შტვენდა და ნელა-ნელა იწვევდა ნინოს ხმის ბანის მისაცემად. ნინომ განაგრძო ლექსი და ამ ჯერად იმისი ხმა იყო სავსე, სრული და შეუდარი. მე ვერ ვიტყვი, რომ ნინოს ხმა გასაოცარი ყოფილიყოს თავის ძალით, სიმაღლით და გრძნობით, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მე გამეგონოს რამე იმის დარი.

იმ ხმით შეიძლება მხოლოდ ლოცვა, ღაღადი, ნანა, ოცნება და არა აღტაცება. იმ ხმაზე შეიძლება დამუნჯდე, თვალიდან მდუღარება გცვიოდეს, გულის ცემა შეგიდგეს, მაგრამ მოძრაობა, ტაშის კვრა, თვალების ეშხით ანთება, გულის აჩქროლებელი ტოკვა, შეუძლებელია.

ნინო იჯდა თავჩაღუნული და თითქო თითონვე სტკბებოდა თავის ხმის ჰარმონიით. არც აჩქარება, არც ეშხის ალი არ ანათებდნენ იმის პირის სახეს, ის მღეროდა მხოლოდ იმას, რასაც ხმა აძლევდა და არა იმას, რასაც, გრძნობდა.

ნინო გაჩუმდა და ჩვენც ჩუმად ვიყავით: ცად გატაცებულნი იადონის ღუღუნით ვერ ვახერხებდით ძირ ჩამოსვლას.

მშვენივრად მღერის, მშვენივრად! ცხენივით დაიხვიხვინა ერთმა სტუმართაგანმა და მხურვალედ ხელი ჩამოართვა ნინოს მამას.

ეს „მოხვიხვინე“ პირველად შევნიშნე ამ საზოგადოებაში და გაოცებით თვალები დავაშტერე. თითქო არ იყოს ამისი სახე მეცნო. ცოტახნის შემდეგ მე ცხადად წარმომიდგა ქალაქის ერთ-ერთი საზოგადო ბაღი, სადაც ღვინით შეზარხოშებული ყმწვილი კაცები თავის გულის პასუხს ერთმანეთს თავხედურად უზიარებდენ და მათ უკან ვიღაც ჩასაფრებელი იყო ღობის ძირში...

ბიჭო, ფრთხილად უთხრა ერთმა მეორეს, ხომ იცი ეხლა ღობეებსაც ყურები ასხიათ და თვალებით ამ გმირ კაცზე უჩვენა.

სუყველანი წამოხტნენ, მაგრამ იუდამ ღობეს გარეთ გადავარდნა ინება.

ეხლა ნათლად წამომიდგა ის წამი, როდესაც ეს ვაჟბა- ტონი ორად მოკეცილი, ხმლით შეჭურვილი, ამოტურტლული ბალახ-ბულახში, შიშისაგან შეთრთა და კუდა ძაღლისავით ღობეზე გადახტა.

- ეს ვინ არის? ვკითხე ჩემ ამხანაგს, საიდან გაჩენილა აქა, ამ პატიოსან საზოგადოებაში?

- ეგ  ივანე ტაბ-ძეა, ამ სოფლის მღედლის შვილი, მიპასუხა იმან. განა დიდი ხანია... რაც რომ სწავლულს განათლებულს კაცს პატიოსან საზოგადოებაში ყოფნას უკრძალავ?

- არა ეგ რა სათქმელია, მაგრამ ეხლა რას აკეთებს ეგ პატიოსანი...?

- მე არ მესმის რას ამბობ, მითხრა ჩემმა ამხანაგმა, ეგ ამ მხარეში ძლიერ მიღებული ყმაწვილი კაცია. მაგან გაათავა ქალაქის სასწავლებელი, ერთი თუ ორი წელიწადი დაჰყო აკადემიაში და მასთან ძლიერი შეძლებული კაცის შვილია და აბა ამ თვისების პატრონს ვინ არ მიიღებს მაგას საზოგადოებაში... მიიღებს მეთქი, მიიღებს კი არა, კიდეც ეძებენ, რომ მაგან გააბედნიეროს საზოგადოება.

- მაშ მაგან სამსახურს თავი დაანება?

- უთუოდ, იმიტომ რომ ეხლა უფრო შემოსავლიანი ალაგი უშოვნია, მიპასუხა ჩვენს ახლო მდგომმა ნიკოლოზ ბა-ძემ, დაცინვით. - აქ მოვიდა წელს „დაჩად" ერთი ვიღაც ბენძღი დედაკაცი, რომელსაც დიდ სიმდიდრის პატრონს ამბობენ და მაგას მოწყალების თვალით უცქერისო.

- როგორ, ქვრივია?

- ხა, ხა, ხა.... განა მოწყალება მარტო ქვრივისაგან მიიღება... სიცილით გამაწყვეტინა ნიკომ და წამიყვანა ნინოსთან, რომელსაც ამ ჟამად ზემო ხსენებული „მოხვიხვინე“ რაღასაც ებაასებოდა.

ეს იყო ერთი რაღაც ახმახი, მხარ-ბეჭიანი, წოწოლა დიდი თავი შავი გრძელი თმით ჰქონდა შემოსილი, გრძელი წვერ-ულვაში და დიდრონი სისხლიანი წურბელივით გავსებული მსხვილი ტუჩები გაუმაძღარ პირუტყვის შეხედულებას აძლევდნენ იმის მწვანე ვიწრო თვალები და ნისკარტიანი ცხირი იქნება ურიგო არ ყოფილიყო სხვის სახეზედ, მაგრამ იმის მიმზიდველ შეხედულობას, აორკეცებდნენ. დიდრონი წვეტიან ფრჩხილებიანი ხელები ძლიერ ახლო ეჭირა იმას ნინოსთან და ამ შემთხვევამ მთლად აამღვრია ჩემი გუნება.

მე შეურაცხყოფად მიმაჩნდა ამ ბატონის სიახლოვე იმ ზეციურ ქმნილებასთან და მზად ვიყავ ვარდისთვის ყორანი მომეშორებინა, მაგრამ ამ დროს ნინო წამოდგა და თითქოს დაღალული, დაწყვეტილი შინისაკენ გაეშურა.

 

* * * * * * *

 

შემოდგომა იყო წყნარი, მშვიდობიანი, მოსავალი მრავალი და ხალხი მხიარული. ზოველ ნაბიჯზედ თქვენ შეხვდებოდით შეზარხოშებულ მექორწილეთ, რომელნიც ქეიფით და ღრიანცელით მაყრად მისდევდნენ „ნეფე დედოფალს.“

შუა დღე იქნებოდა. წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში ორი ფაეტონი იდგა და მრავალი ხალხი ტრიალებდა. მე მივხვდი რომ ქორწილი საინტერესოა და რის ვაი ვაგლახით მივწი-მოვწიე ხალხი და ეკლესიაში შეველ.

ტრაპეზის წინ დავინახე მე ნინო უხმარიძისა საპატარძლოდ მორთული, გაფითრებული იმისი სახე აღარ ირჩეოდა თეთრ ტანისამოსთან. ვიცან და ვერც ვიცან მე უებრო ნინო. მისი მუდამ ჟამს მოღიმარი, მცირეოდნად გაღებული ბაგე, მწუხარებით მაგრად იყო მოკუმული, სიტკბოებით სავსე მშვენიერი თვალები, გაშტერებით დასცქეროდნენ დედამიწას. კეკლუცი ტანი თითქოს მოჰბუზოდა და მოშვებოდა. ის მარმარილოს ნაკვთივით, უნძრეველად, უაზროდ იდგა ივანე ტაბ-ძის გვერდით.

ტაბ-ძე კი ბედნიერებით თრთოდა. მოუთმენლობით სავსე იყვნენ იმისი მწვანე თვალები, იმისი გრძელი ფრჩხილები მზად იყვნენ თავისის დანიშნულის შესაპყრობლად.

პირველ დანახვაზე მინდოდა დამეყვირნა და მით შემენძრია ცა და ქვეყანა ამ საშინელებისთვის, ამ უმანკოების, ამ სამოთხის ყვავილის დახელთებისთვის... მაგრამ შუბლზე ხელი შემოვიკარ; გონებას დავეკითხე და გარეთ გამოველ.

მე უაზროდ წაველ უხმარაძიანთ სახლისაკენ, თითქოს იქ მინდოდა შემეტყო ამ უცნაური ქორწინების მიზეზი.

გრიგოლ უხმარაძე ბოლთას სცემდა თავის აივანზე. ის იყო მაღალი, მშვენიერი შეხედულობის ვაჟკაცი. თავი ამას ყოველთვის მაღლა ეჭირა, თავის განივრად გადაშლილ მხარ- ბეჭზედ. ტანთ ეცვა ლაჟვარდი ხავერდის ქულაჯა, შავი კაბა, ყომრალი განიერი შარვალი თეთრს მაღალ წაღებში ჩაკეცილი, პატარა ბუხრის ქუდი კოხტად ჰჭონდა თავს წამოდებული, როგორადაც შეხედულობა იყო ამისი უზადო, ისედაც ყოველი ამის განზრახვა. ორმოცდაათი წლის ამის ჭაღარას ჯერ ჩირქი არ მისცხებოდა წუთი სოფლის მაცდურობისა. ეს ყოველთვის ამობდა იმას, რასაც გრძნობდა და კიდეც სჯეროდა ის-ვინც რას არწმუნებდა. საეჭვოს არც არას იტყოდა და არც სჯეროდა თუ სხვისი ნათქვამი საეჭვო იქნებოდა.

ყოველთვის კმაყოფილი თვისის სინიდისის და ტკბილის ლუკმისა, გრიგოლ ყოველთვის მხიარულად და კმაყოფილებით ატარებდა თავის ცხოვრების მიმდინარეობას.

მაგრამ დღეს კი ჩვეულებრივი კმაყოფილება განეფანტა ამის ქალის „გაბედნიერებას.“ შეჭმუხნილის სახით, თავჩაღუნული საჩქაროდ დადიოდა და შავ ფიქრებში იყო გართული.

- ოო, ოო, ლევან მობრძანებულხართ! ღიმილით მითხრა იმან, როდესაც მე კიბეზედ აველ; ხომ არ სჯავრობთ, რომ ნინოს ქორწილში არ დაგპატიჟეთ? მე მეგონა რომ თქვენ სრულებით ინებეთ ქალაქში გადასახლება.

- ქორწილში.. სიტყვა ვეღარ გავათავე... რა ნება მქონდა მე საყვედურისა? მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და მაინც დავუმატე: რად მიეცით ტაბ-ძეს ნინო?

- ნუღარ მკითხავ, მამი-თქვენის საფლავის მზეს... - მწუხარებით სავსე ხმით გამაწყვეტინა გრიგოლმა და საჩქაროდ შინ შემიწვია: დარეჯანი ნახეთ, საწყალი ავად არის.

გრძელი და ვიწრო სასტუმრო უხმარაძიანთი სადღესასწაულოდ იყო მორთული, ოთახის ბოლოში განელებული ბუხრის წინ იჯდა შალებში გახვეული, ორად მოკუნტული თავად გრიგოლის მეუღლე დარეჯანი.

მე მინდოდა იმისთვის მიმელოცნა ქალის გაბედნიერება, მაგრამ ენა სასას მიეკრა, ხმა სიტყვებს არ დანებდა; მე მხოლოდ ხელი მაგრად ჩამოვართვი და მილოცვის მაგივრად მწუხარებით ვუთხარი: ნინო, საბრალო ნინო, ვის მიეცით, ვის, თქვენი ნინო?

- ვის მივეცი მე ნინო, ვის? მდუღარებით მიპასუხა დარეჯანმა. მე მაგ კითხვას ვაძლევ ჩემ თავს აგერ ორი კვირაა და პასუხს ვერ ვპოულობ... ნინომ თავი გაიწირა დედ-მამისათვის... ნინომ დედ-მამა დაიხსნა შიმშილით სიკვდილისაგან... მოსთქმიდა გულის კენესით დარეჯანი. მაგრამ ვაი ამ დახსნას! ვაი ამ სიცოცხლეს! ვაი მშობლის იმედებო, დედამიწასთან განადგურებულნო! ნინოს მომავალი გულს მიკლავს, გონებას მირყევს.

- რა იყო, რა მოხდა ამ სამ თეეში, რაც მე აქედან წაველ? ჩავეკითხე დარეჯანს და აი პასუხად რა მივიღე:

- გრიგოლს თქვენ ხომ კარგად იცნობთ! ის არის კეთილი, ალალი და გულ მინდობილი ყველა ადამიანზე. იმას დღემდინ არ სჯეროდა, რომ კაცი გაჰყიდდა იმის მინდობილებას, თუ სიკეთისათვის სიავეს დაუბრუნებდა და თავის გულკეთილობით თავი დაიღუპა. შარშან პეტრე ცუცნაძეს თავდები გაუხდა, თითქმის საპყრობილიდან დაისხნა: ორას თუმანზე ხელი მოუწერა.

წლის თავზე ცუცნაძე სადღაც მიიღუპა, ორასი თუმანი თავის ჯარიმით სამასად იქცა და მარქარიანცმა ჩვენი მამულები სულ ააწერინა, რაც-კი სულს აქეთ გვებადა, დაწყებული ჩვენი დიდი ხოდაბუნიდან ამ უკანსკნელ სკამამდე, რომელზედაც ეხლა მე ვზივარ.

ვაჭრობა (ტორგი) დანიშნული იყო. მამულის მოვაჭრენი, რასაკვირველია, მრავალნი გამოჩნდნენ და სხვათა შორის ტაბ-ძის მამაც.

გრიგოლ დაუძლურდა, დღე და ღამ დედაკაცივით ტიროდა და ვაჭრობის წინა დღეს ხომ კინაღამ გაგიჟდა.

„როგორ“ ღრიალებდა ის საშინლად: „ჩემი მამული, ჩემი ცხოვრება, სხვის ვალში უნდა გაიყიდოს? ის მამული, რომელშიაც მამა-პაპის სისხლია ჩაქცეული, რომელიც ჩემის ოფლით შემუშავებულია, უნდა სხვამ დაინარჩუნოს. ოჰ, ეს შეუძლებელია და თუ ეს მოხდება, მე ვარჩევ ჩემისავე ხანჯლით ჩემს თავს ბოლო მოვუღო.“

თუმცა მე ნუგეშს ვაძლევდი, ათასის გზით ვუადვილებდი მომავალ ცხოვრებას, მაგრამ რომ მამაგონდებოდა ჩემი ნინო, ჩემი ერთად ერთი შვილი, აზიზად და ფუფუნებით აღზრდილი, გული მიკვნესოდა და ენა მუცელში მივარდებოდა.

ნინო კი სულ ჩუმად იყო, შესწყდა იმისი იადონის ხმა, იმისი ანგელოზებრივი ღიმილი; ფერი მიხდილი, გულ-ხელ დაკრეფილი ჩრდილივით შედიოდ-გადიოდა.

იმ დროს, როდესაც ჩვენს სასოწარკვეთილებას სამზღვარი აღარა ჰქოდა, როდესაც ჩვენმა მწუხარებამ გონების დაკარგვამდინ მიაღწია, საცაღა შეხვედროდა ივანე ტ-ძე ჩემს ნინოს. იმას საოცარი სისასტიკით აეღწერა ის დღე, როდესაც მამულის მყიდველი გამოგვრეკდა ჩვენ ჩვენის ჭერ- ქვეშიდან და დიდებას შეჩვეულნი თავადნი, როგორ ულუკმაპუროდ ცის ქეშ საცოდავად დავრჩებოდით.

ნინოს გულს შემოჰყროდა, იმის დიდ სულოვან ბუნებას ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო იმისი საყვარელი დედ-მამის ულუკმაპუროდ დარჩენა.

„არა, არა! ეს შეუძლებელია,“ თურმე ტუტუნებდა და ხელებს იმტერევდა მწუხარებით.

"და თუ თქვენ თანახმა გახდებით ჩემ ცოლობაზე, მე ხვალეე დავუბრუნებ თქვენს მშობლებს თავის მამულებს", ამ დროს თურმე ჩასჩურჩულებდა ივანე  ნინოს.

- აი, ბატონო, რითი გამოჰგლიჯა თანხმობა უბედურს შვილს, რომელსაც გონება ეკარგებოდა დედ-მამის მომავალის უბედურის ცხოვრებით!

ამ ორი კვირის წინათ, სწორედ ჩვენი მამულის „ტორგის“ წინა ღამეს, ნინო ჩვენ დაუკითხავად წავიდა. ოთახში მარტო მე და გრიგოლი ვისხედით, ძალზე ჩამოღამდა, მაგრამ ჩვენი გული ისე სავსე იყო სიბნელით და შავბედობით, რომ სანთლის ანთება სულ გადაგვავიწყდა. თავს მე ვიჯექ გულ-ხელ დაკრეფილი და ბოლოს ჩემი ქმარი... ჩვენ მწუხარებას მხოლოდ ის წარმოიდგენს, ვისაც ჩვენსავით გამოუცდია, თუ რა არის მამულის დაკარგვა, თუ რა არის იქიდან აყრა, სადაც ბედნიერი ყოფილხარ, სადაც მთელი შენი შეილების ბედნიერებაა, სადაც მამა-პაპას უცხოვრია და სადაც იმედი გაქვს რომ სიკვდილის დღე მოგადგება.

უცებ კარი შემოიღო და ნინო შემოეიდა.

- ეს რა ამბავია, რომ ბნელაში სხედხართ, დედაჩემო, მითხრა და საჩქაროდ სანთელი აანთო. მერე მამას ხელი მოჰკიდა, ჩემთან დასვა და თვითონ ნელა ჩვენ წინ მუხლებზე დაეშვა, თავი კალთაში ჩაგვიდო და გადაწყვეტით, რომელმაც ჩვენ დიდად გაგვაკვირვა, წარმოსთქვა: - ნუ სწუხართ, მშობლებო, თქვენ სახლიდან ვერავინ გაგრეკთ, თქვენ ხოდაბუნებს სხვები ვერ მოხვნენ. ხვალ „ვაჭრობა“ აღარ მოხდება ჩვენს მამულებზე.

მწუხარება ლხინად შეიცვალა, ბავშვებივით აღტაცებით ვხტოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით, ვსტიროდით, და მხურვალედ ვლოცულობდით ჩვენი მხსნელისთვის, მაგრამ, როდესაც გამომსხნელის პირობები შევიტყეთ, სევდა გაგვიათასდა.

- როგორ?! ჩემი მოსვენებისათვის შენ უნდა გაგყიდო, გულზე ხელის ცემით ამბობდა გრიგოლი, შენის გაცვლით მე ლუკმა უნდა ვიშოვნო? შენ უნდა მიგცე გლეხს დაბადებით, გლეხს სინიდისით, ღარიბს სათნოებით და მდიდარს სხვისი უბედურებით? არა, დეე, მე შიმშილით მოვკვდე, სიბერის დროს გლახაკობა მეწეროს და ჩემს ნინოს, ჩემს ძვირფას საუნჯეს, ყოველ სოფლიურ საუნჯეზე ძვირფას საუნჯეს, ტაბ-ძეს არ მიეცემ.

- მამა დამშვიდდი, არა ჩეეულებრივი სისასტიკით სთქვა ნინომ. მე სიტყვა მივეცი იმ კაცს ცოლობისა და ტყუილად ნუ ლანძღავთ მომავალ საქმროს თქვენი შვილისას, მწარის ღიმილით გაათავა იმან.

- არა, არა ეგ შეუძლებელია, დავიკივლე მე. მოჯამაგირედ დავდგები, სხვას თავს ვანაცვალებ და შენ კი იმას არ მიგცემ.

- ტყუილად სტირით, დედა ჩემო, საქმე გათავებულია. ამ ორ კვირაზედ ჩვენ ჯვარს ვიწერთ და იმედი მაქვს მშობლის გულით დაჰლოცავთ თქვენს ნინოს...

- მოდიან, მოდიან, - აღშფოთებულის ხმით შემოიძახა გარედან გრიგოლმა და სანამ მე ყველა ნაამბობს თვალწინ წარმოვიდგენდი, ოთახში შემოვიდნენ მეფე-დედოფალი თავისი ამალით.

დედა შარბათით მიეგება. მამამ მაცხოვრის ხატით დალოცა. ნათესაობამ შამპანური ღვინით ბედნიერება მიულოცა. მეც მიველ მისალოცად, ნინოს მარმარილოსავით ცივ ხელს ტუჩები მივაკარი და ჩუმად წავიდუდუნე: ნინო რას შვრებით მაგას, განა შეგიძლიათ ტვირთვა მაგ გვარი მსხვერპლის?

ნინომ ხელი მაგრად მომიჭირა, თავით ფეხებამდე ჟრუანტელმა გაუარა და ჩვეულის სინაზით მითხრა: არჩევანი შეუძლებელი იყო. ვეცდები შევძლო და თუ არა, შენ კარგათ იყავ... გმირულად წელში გაიმართა და საშინელი ძალა დატანებით სახეზე ღიმილი გამოიწვია და „ბედნიერების“ მილოცვას თითქოს კმაყოფილებით ისმენდა.

 

* * * * * * *

 

„ძმაო ზურაბ! მწერდა გრიგოლ უხმარაძე ერთის წლის შემდეგ, „ჩემი ნინო ავად არის. მშობლის გული ჰგრძნობს, რომ ჩემ ტურფა ყვავილს უდროოდ ზამთარმა უსწრო და ეს ვერ იტანს მის სასტიკ ყინვებს. გუშინ იმან მითხრა მორცხვობით: „მისწერე ზურაბს, რომ ნინომ თავის პირმშოს მონათვლა გთხოვა-თქო“. იმედი მაქვს უარს არ იტყვით და მალე გნახავთ.

მესამე დღეს საშინელის გულის ჩქროლვით მივუახლოვდა ტაბ-ძის ბინას. ეს იყო კარგათ გაგრძელებული ერთ სართულიანი ქვიტკირის შენობა. მთელს სიგრძეზედ ჩავლებული ჰქონდა განიერი აივანი, სადაც ეხლა დიდი შესვლა-გასვლა და სამზადისი იყო.

კარებში გამომეგება ნინოს დედამთილი. ეს იყო რაღაც უზარმაზარი, გემივით ფართო და მატყლის ბარდანასავით რბილი, შავებით მოსილი დედა-კაცი.

„მობრძანდი, ბატონო ნათლიავ, მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს სახლში და შემდეგ წუწუნით დაუმატა: ნინო კარგად ვერ არის! საცოდავი ჩემი ვანო, საშინლად შესცდა, რომ ამისთანა უღონო, სუსტი ქმნილება აირჩია ცოლად. რომ იცოდეთ რა ქალებს აძლევდნენ, რა მზითვიანებს! ღმერთმა კი დაიფაროს და რომ მოუკვდეს, რაღა ეშველება, ხომ მოგეხსენებათ საქმე, მეორეს ხომ ვეღარ შეირთავს.

- რას ბძანებთ მაგას, ზიზიღით მივუგე მე. განა ნინოს დაკარგვა ისე ადვილია ქმრისათვის, რომ თქვენ კიდეც ფიქრობთ მეორე ცოლზე? განა ვისაც ერთხელ ცოლად ხვედრია ნინოსთანა, ის კიდევ იცოლებს ვისმე?

...ირეოდნენ ერთი ერთმანეთში ჩემს აღშფოთებულ გონებაში, როდესაც მარტო დავრჩი სასტუმრო ოთახში. ბოლოს შემიყვანეს ნინოს ოთახში და იქ სუყველაფერს ფერი ეცვალა ჩემ თვალში: მე ეხედავდი მხოლოდ ნინოს, „დამჭკნარ ყვავილს გაზაფხულისას,“ როგორც მწერდა გრიგოლი თავის მოკლე წერილში.

რა იყო ნინო ამ გაზაფხულს, როდესაც მე ის პირველად ვნახე და რა იყო ეხლა? - სურნელოვანი ვარდის კოკორი, მოცინარის ელვარებით, სიცოცხლის ფიალასავით სავსე სიტკბოებით, ნათელი სხივებით შემოსილი, როგორც თვით ბედნიერება - მაშინ, და უდროოდ ზამთრის სუსხით დამჭკნარი იის ყვავილი - ეხლა. მარტოდ მარტო ნაღვლიანი გრძელს წამწამებში გახვეული წაბლის ფერი თვალებიღა მეჩვენა ძველ ნაცნობად; იმათ შემომცინეს ძველის მშვენიერებით და გული ამივსეს მწუხარებით და თვალნი მდუღარებით.

ნინო ბალიშზედ იყო მიყრდნობილი, ლამაზ ხუჭუჭ თმებზედ მცირეოდენად ჰქონდა თეთრი სპეტაკი ბაღდადი წამოხურული. ტანთ ეცვა თეთრი სპეტაკივე ტანსაცმელი. იმან მეგობრულად გამომიწვდინა ყვითელი სანთელივით ჩამოსხმული პაწაწინა ხელები და ამ ხელებზედ ცხადად ამოვიკითხე მათი პატრონის ერთი წლის მწუხარება და შედეგი ამ მწუხარებისა სასტიკი სიჭლექის ბეჭედი.

- ნინო, თქვენ აგრე რად გამხდარხართ? განა „პირმშო“ საკმარისად არ გაბედნიერებთ?

- ოჰ, დიდად, ჩემო ბატონო, მაგრამ ეხლა გვიანღაა, ბედნიერება ვეღარ გაამთელებს იმ იარას, რომელმაც ერთი წლის განმამავლობაში გაანადგურა ჩემი არსება და ჩააქრო ჩემი ოცნების ალები...

მე ეფიქრობდი, რომ ვიქნებოდი კეთილი მეუღლე, ტკბილი დედა ჩემის შვილებისა და ჩემს გაბედულობას ამითი ვანუგეშებდი. მაგრამ სინამდვილე ჩემის ახალი ცხოვრებისა მეტად სასტიკი გამოდგ ჩემს სუსტს ცხოვრებასთან საბრძოლველად მოუმზადებელ ბუნებასთან. თქვენი სიტყვები ასრულდნენ: ტვირთი ფრიად მძიმე იყო და მე ვერ ვზიდე.

მე ღრმად ჩაფიქრებული დაეცქეროდი ნინოს ხელებს, როდესაც ივანე შემოვიდა ნინოს ოთახში...

- ოო,... ბატონო ზურაბ, დაიღრიალა იმან თავისის ახოვანის ხმით და დაარღვია ის ღრმა მდუმარება, რომლითაც სავსე იყო ჩემი და ნინოს მწუხარება. - დიდად გმადლობთ, დიდად, რომ მიიღეთ ნინოს თხოვნა და ამ სიშორეზე ინებეთ ჩვენთან მობრძანება. მშვენიერი ბიჭია თქვენი მომავალი ნათლული, მშვენიერი; მე და ჩემა ღმერთმა, არ დაიჯერებთ, რომ ამ გალეული დედაკაცის ნაშობია, ი დალოცვილი ისა; და ამ სიტყვებზე ნინოს ყბაში ხელი ამოსდო და კოცნა დაუპირა...

- იქით... საშინელის ზიზღით შეჰყვირა ნინომ და თითქოს გონმიხდილი გადავარდა ბალიშებზე.

მე ფეხზედ წამოვხტი... სარკმლის ცივ მინას შუბლი მივაყუდე.

 

 

* * * * * * *

 

სტუმრები შეგროვდნენ. სამი ოთახი მთლად სავსე იყო ქალით და კაცით. დუდუკი დუდუნებდა, დაირა გრიალებდა. ცეკვა, სიმღერა გაჩაღებული იყო. ბავშვის მამა მეთაურობდა სუყოველგან. ამის ცეკვა, ამის სიმღერა, ამას ტოლუმბაშობა აკვირვებდა და აღტაცებაში მოჰყავდა მოწვეულები.

- აფერუმ, აფერუმ, კიჟინით გაჰკიოდნენ დამთვრალი სტუმრები. აბა შენისთან მასპინძელი უნდა!

... ისკი... თვალებ-გაწითლებული ივანე ხტოდა, ბუქნაობდა და თან საერთო კიჟინას თავის ბოხის ხმით ბანს აძლეედა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ