მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 469 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

კნიაზი გიორგი შვილია გენერალ-ლეიტენანტის მაღალგვაროვისა. ეს არის ოცდასამი წლისა; ლამაზი ბიჭია, დედისერთაა და ჩინი აქვს პირველი. მან სწავლა დაასრულა მას აქეთ, რაც თოთხმეტის წლისამ თავის გუვერნიორს სცემა და ჩინი ადვილად მიიღო თავის დიდ ნათესაობის და მამის შემწეობით.

ის კარგად ტანცაობს მაზურკას, მშვენივრად ლააპარაკობს რუსულს, ფრანცუზულად უკამანდებს კადრილში ქალებს და ლაზათიანად ატარებს თავის დრაგუნის მუნდირს.

ამის მამას დიდი მამული აქვს, დიდი ალაგიც უჭირავს და ამიტომ პრაპორშჩიკი გიორგი პირველი საქმროა საქართველოში, რასაკვირველია, უმაღლესს საზოგადოებაში.

ყველა დედას... არისტოკრატკას გულის ძგერით მიჰყავს თავისი ქალი ბალში (ერვიესთან ნისიად აღებულის კაბით) იმ აზრით, ეგება გიორგიმ თვალი გადაავლოსო. და, რასაკვირველია, გიორგის თვალის მისაზიდავად ყმაწვილი ქალიც კარგად მომზადებულია. ის არა ზოგავს რუსულად და თუ გაჭირდა ფრანცუზულ ენაზედაც ჭიკჭიკს; ტანს კეკლუცად აქეთ-იქით არხევს და კაბდოსავით მიათრევს ძვირფას შლეიფს.

მაგრამ, გიორგი, როგორც ნორჩი ყმაწვილი-კაცი, ყველა ქალზედ ერთგვარად თვალ-გაჭყეტილია. ამას ვიდრე ხელს არავინ წაავლებს და არ ეტეყვის, აი ეს მაშო შეირთე, კარგი ქალი, მამა ღენერალი ჰყავს, დედა დიდი-კაცის ქალი; მზითევიც, უეჭველად, შესაფერი ექნება თავის გვარიშვილობასთანო, იმ დრომდე ეს თავის თავად გერაფერს არჩევს. მაშინ კი, როდესაც ამ გვარად გზაზე დაყენებულია, გიორგი სცდილობს მაშოსთან ახლო იყოს; სცდილობს, ასიამოვნოს რამე, მაგალითად: "რა ძლიერ გიხდება, ქალო, ეგ წითელი ვარდი"; "როგორ ატარებთ დროს ამ ზამთარს" და სხვა.

სხვა საგნებზედ ბაასისი ამათში შეუძლებელია: მათი სწავლა ისეთი მსუბუქი და უნიადაგოა, რომ წაკითხულ რომანებზედაც კი გაბედვით ვერ ლაპარაკობენ. ამ გვარად მაშო და გიორგი რამდენჯერმე შეხვდებიან ერთმანეთს საზოგადოებაში. ორჯერ-სამჯერ გიორგიმ მაშო კადრილში ატანცავა. მაშოს დედას გული უფანცქალებს: ჰო, თუ არა?

ერთს მშვენიერს დილაზედ მობრძანდება გიორგის ძალუა მაშოს დედასთან, მოკითხვის შემდეგ კნეინა მაღალგვაროვისა ეტყვის ელენეს, მაშოს დედას, მე ერთი რამ მწადიან და შენ ამაზედ წინ-და-წინვე პირობა უნდა მომცე, რომ უარს არ მეტყვი. (ელენე და კნ. მაღალგვაროვისა ერთმანეთის ძველი მეგობრები არიან.)

ძალუა გიორგისა და დედა მაშოსი მორიგდნენ. მეორე დღეს თეთრის ფერჩატკებით და მუნდირში გამოჭიმული მოვიდა გიორგი. ჯერ ხელზედ აკოცა ელენეს და მერე ორიოდე სიტყვა უთხრა გაწითლებულ მაშოს. ამ სიტყვებისას მაშო ვერას გაიგებდა, თუ მომზადებული არა ყო- ფილიყო. (გუშინ მთელი დღე დედა ამას არწმუნებდა, რომ ამისთანა ბედი საქართველოში ჯერ არავის მოსდგომია) გიორგი მაშოსა სთხოვს, რომ გააბედნიეროს და იმისი ცოლი გახდეს. მაშო, რასაკვირველია, უარს არ იტყვის; უარი შეუძლებელია.

მთელი ერთი თვე ამის შემდეგ გიორგი და მაშო თითქმის ყოველ-დღე ერთად არიან, მაგრამ ერთმანეთისათვის კა არა სცლიათ. მაშოს მთელი დღე კაბებს აზომებენ, მზითევს არჩევინებენ და გიორგი კი უსაქმობით სხვადასხვა ქალებს ემასხარება, ცდილობს იოხუნჯოს, ახალ ამბებს უამბობს. ერთი სიტევით ისე იქცევა, როგორც შეეფერება ყმაწვილ კავალერს.

მაშოს და გიორგის ერთად, პირისპირ, თავს ვინ დაანებებს; ეს მაღალ საზოგადოებაში მიღებული არ არის. ესენი ერთად დადიან სასეირნოდ ეკიპაჟით, მაგრამ მესამე პირის თანადასწრებით. თუ ვინიცობაა ელენეს არა სცალია, პატარა რვა წლის ძმას მაინც უთუოდ მზვერავად გაატანენ. სუფრაზედაც ერთად სხედან, მაგრამ დედის თვალი ამათზედ არის და ესენიც არცერთი მოძრაობით არ არღვევენ წესიერებას.

გიორგის და მაშოს ამ ერთ თვეში ერთმანეთისთვის ერთი გულითადი სიტყვა არ უთქვამთ. ამათ სრულიად არ იციან ერთმანერთის ხასიათი, გიორგი ხედავს, რომ მაშო არის ლამაზი და ჯერ-ჯერობით ესეც საკმაოა მისთვის. ქორწილს შემდეგ დაუახლოვდებიან ერთმანეთს და თუ ვერ შეთვისდებიან ამათი ხასიათები, რა ვუყოთ, ცოტანი ყოფილან ამ გვარად!

ამათი ნათესაობა. მეტადრე ქალები, ამტკიცებენ, რომ გაგიჟებით უყვართ ურთმანეთი და ამათაც სჯერათ: "კურთხეულ არიან მორწმუნენი."

მოვიდა ჯვარის-წერის დღეც. თექვსმეტის წლის მაშო, ცხოვრებაში გამოუცდელი, დიდი აღტაცებით იცვამს საგვირგვინო კაბას, თავზე იკეთებს ყვავილებს და ღიმილით იგონებს იმ წამს, თუ როგორ შევა ეკლესიაში და როგორ გააოცებს ყველას თავის სილამაზით. არც ერთს წამს ამ ერთი თვის განმავლობაში, ამას თავში არ გაუვლია იმ აზრს, თუ რა მოელის ჯვარისწერის შემდეგ. მთელი ქალაქის დიდ-კაცობა ბრწყინავდა ამათ ქორწილში. მდიდრულად მომზადებული საუზმის შემდეგ, მეფე დედოფალმა გამოიცვალეს ტანისამოსი და ჩასხდენ კარეტაში. საზღვარგარეთ მიდიან. რათა? რისთვის? იმიტომ, რომ დიდკაცობაში აგრეა მიღებული - მოდაა.

სამის თვის უსაფუძვლო აქა-იქა ევროპაში თრევის შემდეგ, დაბრუნდნენ გიორგი და მაშო დაღალულნი და რადგანაც აზრი არა აქვთ-რა ცხოვრებისა, უფერულად და ზლაზვნით შეუდგნენ მას. დილიდან საღამომდე გიორგი ცალკე დარბის ფაეტონით ნაცნობებში ახალ ამბების შესატყობად და მაშო ცალკე. არაფერი არა შეაერთებთ-რა ამ ორს პირს ერთად. ორივენი ეშურებიან უცხო პირებით ამოავსონ ის სიცარიელე, რომელიც მათ შუაა.

ნელ-ნელა მიჰყო ხელი გიორგიმ შტოსს და მაშომ ბლოტს. გიორგი კლუბში, ან სადმე სახლობაში თამაშობს ქაღალდს, ჭორიკანობს, კელბერთან ახურდავებს ოცდახუთ მანათიანებს და შინ ლაქიას ესესხება სამ მანათიანებს; ყოველ-დღე პირველ რიგ კრესლოში ზის თეატრში და რომელსამე აქტრისას აბედნიერებს თვისი თანაგრძნობით. ერთის სიტყვით ისე ატარებს დროს, როგორც შეეფერება ამ დროების ახალგაზრდა დიდ-კაცის შვილს.

მაშომ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ არ იცოდა რა ექმნა. მერე კი ძლიერ მოეწონა თავისუფალი ცსოვრება გათხოვილის ქალისა; ეს რამდენჯერმე აბმევინებს დღეში ეკიპაჟს, დადის მაღაზიებში, ვიზიტებს უკეთებს თავისი ქმრის ნათესავებს, რომელნიც შენატრიან იმის ბედს.

მაშო ორსულად არის; თვითონ მაშო, ქმარი, ნათესაობა თითქმის კანკალით მოელიან მემკვიდრეს, რა იმედი იქნება თავის ქვეყნისთვის გიორგისა და მაშოს შვილი?!

 

II

 

თადეოზ ყოჩაღაშვილი შვილია ლუარსაბ ჟოჩაღაშვილისა. ლუარსაბი სიყმაწვილეში ითვლებოდა დიდ პატრიოტად; ერთხელ რაღაც მთავრობის წინააღმდეგ ყრილობაშიაც დაესწრო და ამისთვის კინაღამ ციმბირში არ ამოყო თავი. ამგვარი გაცოცხვის შემდეგ, ლუარსაბი დიდი პატივისმცემელი შეიქმნა ყოველივე წესიერებისა.

ხმამაღლა, საქმით მუდამ დიდებს ელაქუცებოდა, მაგრამ ჩუმათ კი, თავის სახლობაში, ლუარსაბს უევარდა ქურდულად თავისუფლებაზე, კაცობრიობაზე, ძმობაზე და პატიოსნებაზე ლაპარაკი; ჩინით იყო დიდი, გულით ფლიდი; ყოველივე იმისი ბაასი უმაღლეს საგნებზე იყო უნიადაგო და შვილებიც აგრეთვე უნაყოფოები გამოუვიდნენ.

თადეოზმა, როგორც უფროსმა და საყვარელმა შვილმა, უფრო ნამდვილად შეითვისა მამის ხასიათი. ოცდაათ წლამდინ, ვიდრე კაპიტნის ჩინს გადასცილდებოდა, ჩინებული კაცი იყო. მამულის სიყვარული, ქართული ენა, ქალების განათლება, შესწავლა მეურნეობისა, როგორც უპირველესი ღონისა ჩვენის ქვეყნის ფეხზე დაყენებისათვის, - აი რა იყო იმისი აზრი.

თადეოზმა სწავლა დაასრულა ერთ რუსეთის სამხედრო სასწავლებელში. როდესაც გადმოვიდა საქართველოში, დიდის მხურვალებით მიყო ხელი მეურნეობის შესწავლას და კინაღამ ჯარის სამსახურს თავი დაანება, მაგრამ იმის ბედზე მოუსწრო საყვარელი მამის რჩევამ და სულ სხვა რიგად დაატრიალა იმისი აზრები. ჩვენი კუთილ-აზროვანი თადეოზი მალე დაემორჩილა თავის გამოცდილი მამის დარიგებას: თავისი ენერგია იმან რიგიანად მოახმარა ჯარის სამსახურს და, რასაკვირველია, საჩქაროდ წავიდა აღმატების გზაზე. კაპიტნობამ, მაიორობამ, პოლკოვნიკობამ ისე წაახალისა ეს ჩვენი გმირი, რომ როდესაც უკანასკნელი ომიანობა გაიმარია ოსმალეთსა და რუსეთს შუა, ის იყო მსოლოდ აფიცერი და კაცი კი მასში გაქრა.

ომიანობაში კარგი მადიანი ალაგი ჩააბარეს და ამანაც ურიგოდ არ მოიხმარა. ბლომად ჩაალაგა ჭრელი ქაღალდები შავის დღისთვის. მორჩა ომი. თადეოზი გამარჯვებული, თუ სიმამაცით არა, ჯიბით მაინც, დაბრუნდა ქალაქში. პოლკოვნიკის მუნდირი, კალიასკა და ბევრი სხვა კეთილ-ცხოვრება, რასაკვირველია, არ დარჩა შეუნიშნავი. გაუჩნდნენ აქეთ-იქით ქალების მძლეველები.

სხვათა შორის თადეოზს ჰყავდა ერთი ნათესავი ღენერალი. ამ ღენერალს მიმართა ერთმა ქალის მამამ მიშუამდგომლე და თადეოზს ჩემი ქალი შევრთოთო. თადეოზმა რამ წამს შეიტყო, რომ ამ ქალს მზითვად ექნება ორი-ათასი თუმანი, თვალები აჭვიტა. თუმცა თავისი შეძენილიც ამდენივე ეგულებოდა, მაგრამ შეძლების ერთი-ორად ქცევა ურიგო არ არის! თადეოზმა მოინდომა ქალის გასინჯვა.

ღენერალმა მოიწვია თავისთან კარაპეტ ბეგოვი თავის ქალით, ლიზა ბეგოვისა ოცდარვა წლის ქალია, ის არც ლამაზია და არც გონჯი; სწავლა ერთ კერძო პანსიონში დაასრულა, ჭკუით ძალიან სუსტია და ყოველივე მოძრაობა ლიზასი სასაცილოა. ეს არის მიზეზი, რომ ლიზა, ამოდენა მზითვის პატრონი, ჯერ გაუთხოვარია.

ღენერალთან თადეოზის და ლიზას გარდა კამპანიის შესადგენად მოწვეულნი არიან კიდეც რამდენიმე ყმაწვილი ქალები. შემოსვლის უმალვე, მამამ უბრძანა ლიზას, რომ ვალსი დაუკრას. ლიზამ დაუკრა; თადეოზმა ქალებთან პროწიალი დაიწყო. ვალსის შემდეგ პოლკა, პოლკის შემდეგ მაზურკა და მაზურკას კიდევ სხვა ხმები მოჰყვა. კარაპეტას უნდოდა ყოველივე ნიჭიერება თავის ასულისა ერთად წარედგინა სასიძოსთვის. ტანცაობის შემდეგ ლიზა დივანზე დაბრძანა ღენერალშამ. თადეოზმა, თითქო უნებურად მიიტანა ორი სანთელი და ლიზას წინ დაუდგა. ლიზა გაჯავრებული წამოხტა.

- ეგ დიდი საბრიყვეა, თქვენმა მზემ!

თადეოზი სასტად დარჩა, მაგრამ შერთვაზედ მაინც უარი აღარა სთქვა. ლიზა სახით მახინჯი არ იყო და ჯიბეშიც ორი ათასი თუმანი ედვა.

მეორე დღესვე თადეოზს უნდა ეთხოვნა ქალასათვის პირადად, რომ ის დათანხმებულიყო მათს ქორწინებაზე, ე. ი. "პრედლოჟენიე" უნდა გაეკეთებინა. ლაზა მომზადებული საქმროს მისაღებად, გამჭიმული თავის საუკეთესო კაბაში და ძვირფასი თვლებით დაიარაღებული, იჯდა სასტუმრო ოთახში. მისი სახლობა და ნათესაობა სხვა ოთახში ისხდნენ და მოელოდნენ ცერემონიის დაბოლოებას.

თადეოზი შემოვიდა სრული ფორმით და რამ წამს მიუახლოვდა ლიზას, ლიზამ დაიკივლა და გავარდა გარეთ. თადეოზი კიდევ სასტად დარჩა. ქალი ისევ გამოიყვანეს და თავის ალაგას დასვეს. თადეოზი კიდევ წადგა ხელის სათხოვნელად. ლაზამ კიდევ დაიკივლა. თადეოზი ახლა კი გაჯავრდა, წაავლო ქუდს ხელი და წასვლა დააპირა. ქალის ნაათესაობა მისცვივდა საცოდავს ქალს, შუამავალი ღენერალი - თადეოზს. და რას ვაი-ვაგლახით პირისპირ შეჰყარეს. თადეოზმა საჩქაროდ უთხრა - გთხოვთ თქვენი ხელი მომცეთ და საუკუნოდ გამაბედნიეროთო.

ლიზამ თავი დაუკრა და ხელი მისცა. მაშინ მეორე ოთახიდან გამოცვივდა დედ-მამა, თავიანთი ვინმეებით და შამპანსკით მიულოცეს მათ ბედნიერება.

თადეოზი მეორე დღესვე გაგზავნეს სამსახურის თაობაზე ალექსანდროპოლში. ლიზა შეუდგა მზითვის მზადებას. მან ლამაზად მორთო ის სახლი, სადაც უნდა დამდგარიყო ქმრის შერთვის შემდეგ. ბევრს ლაპარაკობდენ იმაზე, თუ რა მშვენიერება ამის პირის-ფერი საწოლი ოთახი; თუ როგორი ხომლი (ჭაღი) ჰკიდია მის სასტუმრო ოთახში და სხვა.

ჯვარის-წერამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდა თადეოზი. ის ფიცხლად შეუდგა სამამრისაგან დაპირებულის ფულის სრულად ჩაბარებას და როდესაც თავის ფულებთან დააბინავა ცოლის მზითევიც, მაშინვე დაიწყო ქორწილისთვის მზადება. საცოლოს მიართვა მშვენიერი ბრილიანტებით მოჭედილი საათი, სამი-თითის სიპრტყე ძეწკვი, გულის ქინძისთავი, საყურეები და სხვადასხვა წვრილმანი საჩუქრები. ამათ ჯვარი უნდა დაიწერონ წმ. გიორგის ეკლესიაში. სამის დღით ადრე დიდი მზადებაა საყდარში. მთელი ეზო დააგვევინა ჰეტრე დეკანოზმა. ეკლესია ისე ბრწინავს, თითქოს სააღდგომოდ მომზადებულიო.

მგალობლები არქიელისა არიან. სულ ყველა ხომლები განათებულია. მთელა ეკლესია სავსეა მოწვეული სტუმრებით. უბრალო ხალხს არ უშვებენ. ლიზა ძვირფას ტანისამოსში შვენის; თადეოზი ბუზმენტებში ბრწყინავს, ხალხში ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა ღირს ლიზას კაბა, მგალობლები გრიალებენ, მღვდელი იწყებს ლოცვას. თადეოზი და ლიზა კმაყოფილნი არიან, რომ მთელი ქვეყანა მათ უყურებს. მეჯვარეები სულ ჩინიანები არიან, დედად და მამად ამოურჩევიათ ქალაქის პირველი არისტოკრატები. გათავდა ჯვარის-წერა. ეკლესიის კარებზე სდგას რამდენიმე კარეტა და სხვა ეკიპაჟები. ეს პროცესი დიდის გრიალით გაუდგა ერთ უპირველესს ქუჩას ქალაქისას.

ქორწილი კარაპეტასთან არის. ამის სახლი განათებულია სხვა და სხვა ფერის ფარნებით. ბალკონზედ მუსიკა გრიალებს, ზალა სავსეა ძვირფასად მორთულის ქალებით. ქორწილი დიდის ამბით გადიხადა კარაპეტამ, ეს მის სახლში პირველი ქორწილია და გულუხვად უნდა იყოს; მაშ! სიძე დიდის ჩინების პატრონი ყავს. გათენებისას დაიშალა ხალხი და ლიზა გადასახლდა თავის მდიდრულად მორთულ პატარა სახლში.

აგერ ერთი წელიწადია, რაც ყოჩაღაანთ ჯვარი დაიწერეს. თადეოზი ამ ხანში სულ სამი თვე არა ყოფილა სახლში. ის ძლიერ მხურვალედ ეკიდება თავის სამსახურს და არც ქონების გაზრდა ავიწყდება. ამბობენ, სამსახურს გარდა, სხვა ჩაყენებული პირებით, "პოდრიადითა" აქვს თავის პოლკის გამოკვება აღებულიო..

ლიზაც რიგიანად ხმარობს თავის დოვლათს. პოლკოვნიცობაში თითქმის გაისწორა თავისი სასაცილო მანერები. სტუმრები, საღამოები, თუმცა ხშირად კი არა, მაგრამ იმ დროს, როცა კარგს სარგებელს აიღებს, არ აკლია. ქალაქში, თუ ერთი და ორი სახლია რიგიანი, იმათში ამისი სახლიც ითქმის.

ყოჩაღაანთ სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ შვილი არ ეძლევათ და ვაი თუ სხვას დარჩეს მათი შვილივით გაზრდილი ხუთი ათასი თუმანი.

 

III

 

კნეინა ანასტასია მხედრაძისა ძლიერ სწუხს, რომ ამისმა უფროსმა შვილმა, ზაალმა, სწავლა არ დაასრულა გიმნაზიაში. მთელი თავისი ჯანი და ცხოვრება სულ იმას მოანდომა, რომ ეს კაცად გამოეყვანა და, ნახე ამის უბედურება, მეხუთუ კლასამდისაც ძლივს მიაღწია. ესეც რა მიღწევა იყო! ზაალ ყოველთვის გიმნაზიის მასწავლებლებთან იყო ბინად და ისინი დიდის ქრთამით და რამდენჯერმე ანასტასიასაგან მუხლზედ მოხვევის შემდეგ, მოახერხებდნენ ხოლმე ზაალის შემდეგ კლასში გადაყვანას.

ანასტასიას ბედმა უმუხთლა; ორს წელიწადს პური არ მოუვიდა გვალვის გამო, ვენახი დაესეტყვა და არა თუ მასწავლებლებისთვის ქრთამი, პრიკაზში შესატანი სარგებელიც ვერ მოახერხა. ზაალ ჩვეულებისამებრ და, უფრო მასწავლებელთაგან ღალატის გამო, ორჯერ ზედი-ზედ დარჩა ერთ კლასში და მესამე წელიწადს გამორიცხეს სასწავლებლიდან. შენს მტერს მისცეს ღმერთმა ის დღე, რაც დღე ანასტასიასთვის ზაალის შინ დაბრუნების დღე იყო. ის ისე ღრიალებდა, როგორც მგლოვიარე, და საყვედურით ახრჩობდა შვილსა, მაგრამ რას გააწყობდა; ისევ იფიქრა სხვა-ფრივ ეშველსა საქმისათვის.

- რა ვქნა, რომ კურსი არ დაასრულა, ანუგეშებდა თავის თავს ანასტასია, ჩვენი პეტრე ცხვრისთავაძე, რომ მეოთხიდან არის გამოგდებული, ვითომ კარგი ნაჩალნიკი არ არის თუ? მეც იმას მივმართავ, ვსთხოვ ჩემი ზაალი მწერლად აიყვანოს. მერე სტოლნაჩალნიკობას მიიღებს, სამსახურს ისწავლის და ღმერთი შემეწევა, ერთხელ ჩემი ზაალიც ნაჩალნიკი გამიხდება.

ზაალმაც ამაზე უარი არა სთქვა. ქალაქში ქუჩებში თრევას დაეჩვია და სოფლის მყუდროება ვერაფრად ემწვნია. დასახლდა ზაალი გორში მარტოდ-მარტო, თავის სამსახურის ალაგის ახლო. ანასტასია ფულებს ხშირად უგზავნიდა ზაალს რადგანაც ჯამაგირი ძლიერ ცოტა დაუნიშნეს. ამას მალე გაუჩნდა ამხანაგები, გამართეს ლხინი, ლოთობა, ბაღებში სიარული. სამსახურს ყურს ვიღა უგდებდა? წლის თავზე ზაალი სამსახურიდან დაითხოვეს. ის ისევ შინ დაბრუნდა. შეიკერა ორიოდ ხელი კარგი ტანისამოსი, იყიდა იორღა ცხენი და თითქმის ყოველ-დღე ხან ერთ სოფელში წავიდოდა სტუმრად და ხან მეორეში.

საწყალი ანასტასია შრომობდა და ესა სჭამდა. არავითარი მუშაობა არც ჯანისა და არც ჭკუისა ამას არ შეუძლია. არცერთისთვის ეს მომზადებული არ არის. ლეკური, სიმღერა, თარი, ჯირითი, ასონასი და ლოთობა მალე გაივარჯიშა.

ანეტა თექვსმეტის წლის ლამაზი, ტანადი და ყოჩაღი ქალია. ქართულად ცუდად სწერს და კითხულობს, მაგრამ ლეკურს ჩინებულად თამაშობს. ამის მამას, ალექსანდრე ბორგვაძეს, ამას გარდა კიდევ ოთხი ქალი და სამი ვაჟიც სხვა ჰყავს. ეს, რასაკვირველია, ცდილობს, რომ თავის უფროსი ქალი თავიდან იაფად მოიშოროს. ამან კარგად იცის, რომ ზაალს ძველი ოჯახი აქვს: ჰყავს ცხვარი, ძროხა და აქვს მამული. ატყობს ზაალსაც, რომ თავ-თხელია და ცდილობს, როგორმე მახეში გააბას. ეს ამისთვის ძნელიც არ არის. ორჯერ, სამჯერ ალექსანდრემ დაჰპატიჟა ზაალი, დაათრო, და როდესაც ღვინომ თვალები აუჭრიალა, ანეტა გამოუთამაშა.

ზალი აენთო. ცხრამეტი წლის ყმაწვილის სისხლმა ღელვა იწყო, თავბრუ დაეხვა; ანეტას თვალი ვეღარ მოაშორა. მერე ეშხით სიმღერა დაუწყო და ბოლოს იქამდეც მიაღწია ამის გაბედულობამ, რომ ანეტას ხულზე აკოცა. ალექსანდრესაც ეს უნდოდა. მეორე დღესვე ანასტასიას მოციქული გაუგზავნა. თუმცა იმან ბევრი იუარა, უმზითვოა, ჩემს შვილს უმზითვოს არ შევრთავო, მაგრამ, როდესაც ზაალმა ხმა აღიმაღლა, მეტი ღონე არ იყო, უნდა დასთანხმებოდა.

ზაალმა ჯვარისწერისათვის ის მეორე ნახევარიც მამულისა, რომულიც პრიკაზში არ იყო დაგირავებული, გორელ ყარამანაშვილს ას თუმანში დაუგირავა დიდი სარგებლით, თუ ფული წლის თავზე არ მიეცა.

ქორწილი ექვსი დღე და ღამე იყო. ყოველ-დღე ასი სული სჭამდა და ლოთობდა. ასი თუმანი ისე გაქრა იმათ მუცელში, როგორც შარშანდელი თოვლი. ანეტა და ზაალი ერთმანეთს ძალიან მიემსგავსებიან. ორთავენი იცვამენ, იხურავენ, სჭამენ, მომეტებულად ლხინობენ; ლხინობენ თავის სახლში, სადაც სტუმრების ურმები და ცხენები არ გამოილევა; და თუ თვითონ არა ჰყავთ სტუმრები, სხვაგან მიდიან სტუმრად. ხვნას, თესვას, მამულის პატრონობას ვინ დასდევს! ანასტასია ჯერ ცოცხალია და შემდეგ კიკოლიკა ან ივანიკა სად დაილევა! მოურავად დააყენებენ.

წელიწადი სრულდება; ყარამანაშვილის ფულის მიცემის დროა. საიდან მისცეს ზაალმა? მთელის წლის ჭირნახული წინადვე ნახევარ ფასად ურიამ დაიკვეთა. მეტი ღონე არ არის, თავადაზნაურშვილების ბანკში უნდა გადააგირაოს ყარამანაშვილთან დაგირავებული მამული. ეს კარგი მიზეზია ცოლისთვისაც და ქმრისათვისაც ქალაქში ჩასვლის. ვიდრე ბანკიდან ფული გამოუვათ, ესენი დაქეიფობენ; უფაეტონოდ ფეხს არ გადასდგმენ. ანეტამ ქალაქური ფასონის კაბები შეიკერა და კლუბები თავის სიკეკლუცით და მორთულობით დაამშვენა. სასესხებელ ფულს ბლომად შოულობენ, იმიტომ რომ ყველამ იცის, მალე ბანკიდან ფულს მიიღებენ.

მიიღეს ბანკიდან ფული. რაც ყარამანაშვილს გადარჩა, სულ ქალაქში დარჩათ. წამოვიდნენ ჯიბე ცარიელი და ვალით დატვირთულნი. ვინ ფიქრობს, თუ როგორ უნდა აძლიონ პრიკაზს და ბანკს სარგებელი? ანეტა მსოლოდ იმას სწუხს, რომ ხშირად შვილოსნობს და ეს ხშირ შექცევას უშლის. მაგრამ ზაალი ურთგულად ლხინობს ორივეს მაგივრად.

 

IV

 

ნინუცა ქალია სირაჯის ივანე მეღვინოვისა. მის მამა აგერ ოცდაათი წელი გადის, რაჭიდან გადმოვიდა თბილისში.  ჯერ მოჯამაგირი იდგა; მერე მიკიტანთას მოსამსახურედ იყო. ხუთას-ექვსის წლის შემდეგ ივანემ თავის მოხერხებით, გაიძვერობით და, რასაკვირველია, დიდი შრომი თაც, კარგა ფული შეაგროვა და საკუთარი დუქანი გააღო.

ჯერ ვერაზე ნელ-ნელა პაწაწკინა დუქანში დაიწყო ღვინითა და არყით ვაჭრობა. მერე შუა ბაზარშიც ჩავიდა და ახლა იმას კარგი ღვინის სარდაფი აქვს გალავანის პროსპექტზე და მთაწმინდაში ორ-სართულიანი სახლები. დიდის ვაი-ვაგლახით შეიძინა ივანემ ეს ქონება. ამის ცოლ-შვილი კვირაობით თუ ნახავდა ხორცისა და ღვინის გემოს, თორემ უიმისოდ მთელი წელიწადები მწვანილზე, ყველსა და პურზე გაუტარებიათ.

რვა საათზე მთელს სახლობას უნდა სძინებოდა, რომ სანთელი ბევრი არ დამწვარიყო. ერთი ჩითის კაბით მთელი წელიწადი უნდა ევლოთ. მაგრამ ეხლა კი, როდესაც ივანეს ქალები წამოეზარდა და როდესაც ამან გულში ჩაიდო ჩინოვნიკის დამოყვრება, მათი ცხოვრება სრულებით შეიცვალა.

ორი ლაზათიანი ოთახი თავის სახლში თავისთვის აიღო, ურთი იარმუკაზე ნაყიდი მდივნით და სკამებით მორთო, კედელზე სარკე ჩამოკიდა; ქალებს რიგიანად ჩააცვა და კვირაობით ალექსანდროვის ბაღში „მუზიკაზე“ ჩაატარებდა ხოლმე. მეზობლებში ხმა გააგდო, თითო ქალს ორას-ორას თუმანს ვაძლევო.

ნინუცა და იმას და კაი გოგოები არიან. რაც ამათ ნახევარზე შიმშილით აღზრდას შეეფერება, არც ტანად და არც თვალად არა უშავთ-რა. ერთ-ორ წელიწადს ესენი წიგნის სასწავლებლად კნეინა ქეთევანთან დადიოდნენ. კანვაზედ სახის კერვა, ქისის ქსოვა კარგად იციან, მთელი კვირა ლეჩაქ-თავსაკრავს ჰკერავენ და თითქმის თვისის ნამუშევრით ტანთ იცვამენ. კვირაობით რომ ჩაივლიან ბაღში, ბევრი პატარა ჩინოვნიკი გაადევნებს ხოლმე თვალს და ესენიც გულის ძგერით მოელიან თავიანთ გაბედნიერებას.

კოსტანტანე ზღმარტლაძე ურთი უმამულო ღარიბი აზნაურიშვილია. ის სწავლობდა აღბულაღში, მეჟევშჩიკების სკოლაში, სხვადასხვა მიზეზის გამო (უფრო იმიტომ, რომ ქართველებს დაეკვებათ მესამე კლასით კურსის დასრულება), ეს მესამიდან გამოვიდა. ერთმა შორეულმა ნათესავმა, რომელიც პალატაში ემსახურებოდა, შეიბრალა მისი საცოდავი ქვრივ-ოხერი დედა და თავისთან მწერლად შუიყვანა. თვეში დაუნიშნა რვა მანათი, და აი აგერ რვა წელიწადია კოტე პალატაში ემსახურება და რვა მანათი მარტო ერთი-სამად ექცა.

ოცადახუთი მანათით სცხოვრობს დედით და დით ქალაქში და თანაც ცოლის შერთვას აპირებს. აქამდისაც ამის უცოლობა, როგორც დედისერთასი, საშინელებაა. კოტე ზღმარტლაძე სდგას სწორედ ივანეს სახლების პირდაპირ ერთ საცოდავ დაბალ და ნოტიო ოთახში. ივანე და იმის ქალები კარგად ხედავენ ამის სიღარიბეს, ამის დედის ჯაფას და ვაი-ვაგლახს, მაგრამ მაინც კოტე აზნაურიშვილია, ჩინოვნიკია და ურიგო საქმრო არ არის.

კოტესაც და ამის სახლობასაც ამ ქალზედ თვალები უჭყეტიათ, ორასის თუმნის ამბავიც, რასაკვირველია, დაწვრილებით შეტყობილი აქვთ. მხოლოდ პირველად ვერცერთს ვერ გაუბედნია მოყვრობაზე ლაპარაკი. მესამე პირია აქ საჭირო და ეს მესამე პირი, ორივე მხრის ამორჩევით, არის კნეინა ქეთევანი. ამან კარგად მოახერს მათი მორიგება და ერთს კვირა დღეს გადასწყვიტეს, დღეს ნიშნობა იყოსო. როგორც საქმროს რიგია, კოტემ ვალი აიღო და სამ-თუმნიანი ოქროთი დაფერილი საათი იყიდა ნიშნად; ივანემ მოიწვია კოტეს ნაცნობი ჩინოვნიკობა. არაფერი არ დაზოგა-რა ამ დღისთვის და თავის სარდაფის საუკეთესო ღვინოთი დაათრო პალატის ჩინოვნიკები.

ნინუცა და კოტე ორი თვე იყვნენ დანიშნულები, ამ ხანში კოტე ერთხელ მეტად არა ყოფილა საცოლოსთან. ნინუცას დედა არა ჰყავს დას მამას მოუცლელობის გამო არ შეუძლია სასიძო მიიღოს. კოტე და ნინუცა ემორჩილებიან თავიანთ ბედს და სრულებითაც არ ცდილობენ ერთმანერთის დაახლოვებას; ისიც დიდი გაბედულობაა, რომ ნინუცა ფანჯარასთან მივიდეს ორ საათზე, როდესაც კოტე სამსასურიდან შინ მოდის. კვირაობით სეირნობაც კი აუკრძალა მამამ ქალებს, ეშინია, აზნაურია, ქალი არ შემიცდინოს და მერე ხელი არ აიღოსო.

ან კი სცლიათ ამათ საარშიყოდ? კოტე დღეში ორჯერ პალატაში დადის და როცა შინ არის, სულ იმას ფიქრობს, საქორწილო ფული სად ვიშოვნოო. ნინო მზითევს იკერავს, ორ თვეში ვერც კი მოასწრებს მზითვის შესრულებას. მშველელი თავის დის მეტი არავინა ჰყავს და მზითვის მოსამზადებლად, როგორც მოგეხსენებათ, ათასი წვრიმალი საქმეა საჭირო.

მოვიდა ჯვარის წერის დღეც. კოტემ სადღაც დიდი სარგებლით სომხისაგან ოცი თუმანი იშოვნა, სახლი გამოიცვალა და როგორც ამის ჩინს და გვარიშვილობას ეკადრებოდა, ისე გადაიხადა ქორწილი.

მამად კოტემ პალატას მმართველი ამოირჩია. იმანაც თავის გამოსაჩენად დალოცვის დროს უთხრა კოტეს, რომ დღეიდან ის დაინიშნება სტოლნაჩალნიკის მეორე თანაშემწედ. ეს, რასაკვირველია, დიდ ბედნიერებად მიიღეს ვაჟისა და ქალის სახლობამ და ქორწილი უფრო მხიარული შეიქნა. გათენებამდის კოტეს სახლში არ შეწყვეტილა ჰარი-ჰარალე და თარის ხმა.

მეორე დღესვე კოტე წავიდა პალატაში და ნინო შეუდგა თავის ოჯახის მართვას. რაც მოხუც დედამთილს აქამდე ჯაფა ჰქონდა, ამან გაუნახევრა. ნინუცა ჩუმად მოუვლის სახლს, გააკეთებს სადილს და სუფრას გაშლილს დაახვედრებს ქმარს. აი შვიდი წელიწადია, რაც კოტემ ჯვარი დაიწერა, ჯამაგირი ხუთ თუმნამდე აუვიდა; დედა მოუკვდა და ნინუცას ორასი თუმანი ხელიდან წაუვიდა.

ამის სამაგიეროდ ამათა ჰყავთ ოთხი შვილი, ეს პატარა ზღმარტლაძეები ნახევარზე ტიტვლები არიან; ჭამა-სმა უხეირო აქვთ და ქუჩის ბიჭების საზოგადოებაში იზრდებიან; დედას სადღა სცალიან მათთვის! ბედი მათი, რომ კიდევ ქალაქში ბინა აქვთ და იქნება ღარიბების სკოლაში მაინც მიიღონ სწავლა და სწავლით ცოტათი მაინც შესცვალონ თავიანთ დედ-მამის უფერული ცხოვრება.

 

V

 

ბიჭო, თედო, ადექი შე ოხერო, რა დროს ძილია! შუადღე მოვიდა, კალო ისევ გასაშლელია.

- თავი დამანებე ერთი და! გასაშლელია და გაშალე. მთელი ზაფხული წელი მოვიწყვიტე მუშაობით. რისთვის! შენი შვილების გულისათვის; მაშ რაღა მიქნია.

- რას მიჰქარავ, რას ბოდავ, ადექი ჩქარა.

- რო ვერ ავდექი, ვერ გაიგე? მეყო თქვენთვის წელის წევეტა, ესა სთქვა და გადაბრუნდა თედო მეორე გვერდზე.

რამდენჯერმე ასე უარი სთქვა თედომ საქმეზე გაცხარებული მუშობის დროს. მის ძმა გიორგი აღარ აუხირდა. ის მიხვდა რაც იყო მიზეზი თედოს სიზარმაცისა. მომავალ კვირას გიორგიმ თავის სვინა პავლიას დაუძას საუზმეზე. ორი-სამი არაყის გადაკვრის შემდეგ, შესჩივლა თავისი მწუხარება და სთხოვა, მიშველე რამეო. პავლიამაც ურჩია, რომ ამ თვის თხუთმეტში მარიამობაა, ცოლ-შვილი მოამზადე და თედუაც იქ წაიყვანეო. იქ ბევრი გასთხოვარი ქალი იქნება ჩვენებურებიც და სხვა მხრიდანაცო. მიათვალიერ მოათვალიეროს და ვინც თვალში მოუვიდეს, უთხოვეო.

- აგრეა, ძმაო, ეუბნებოდა პავლია გიორგის. ბიჭი რა კი შეღერდება, სახლზე გულს აჰყრის, თუ მალე გოგო არ ჩაუგორდებაო. მარიამობის წინა დღეს გიორგი და თუდუა დიდ სამზადისში არიან: ურემს მართავენ, ჩარდახს უკეთებენ, ღორსა ფუფქავენ. მარინე ნაზუქებს აცხობს. თედუას თვალები უპრიალებს. ამას თუმცა არ უთხრეს მიზეზი მარიამობას წასვლისა, მაგრამ ეს გულით გრძნობს. ამას თვალწინ უდგია სხვადასხვა ლამაზი გოგოები; თუმცა ერჩია მეზობლის ქალი მართა შეერთო, მაგრამ რადგანაც გიორგის არა სურს, ეს სხვა მართას შეირთავს. ამას ცოლი უნდა და იმას შეირთავს ვინც უფრო მალე და ადვილად მისი ცოლი გახდება.

მარიამობას კარგი დარი დადგა. ათასობით ურმები გაშლილნი არიან საღოლაშნის მინდორზე. წითელ-ყვითელის კაბებით აჭრელებული გოგოები თავ-თავის ურმებთან „ბუზიკას“ უკრავენ. ფერ-უმარილ წასმულნი, ლეჩაქ-ყურგადაგდებულნი თვალს ადევნებენ ლამაზ ბიჭებს.

თედომ ჩაიცვა აქლემის-ყელის ჩოხა, შარვალი საცვეთებში ჩაიკეცა, და დაბალი კალმუხის ქუდი კოხტურად გვერდზე დაიხურა. გადაკრა წითელი ღვინო და ჩამოუარა ურმებს. ხან ერთ ურემთან მივა და ხან მეორესთან. ბოლოს დაინახა ერთი წამოსადეგი გოგო. იმის პირს წითლად გაუდიოდა ღაჟღაჟი და განიერ ბეჭებზე ეწეო გიშრის ფერი ხუთი ნაწნავი, თავის დიდი გაწითლებული ხელებით დაირას უკრავდა.

თედომ თამამად გამოითამაშა. ამ ქალის ეშხით თავბრუ დასხმული თედო უვლიდა და უვლიდა, ამის თამაშობას ბოლო არა ქონდა. ქალიც დაირას თანდათან უფრო და უფრო ეშხით უკრავდა. უეჭველია, ამასაც მოეწონა მხარბეჭ გაშლილი და ლაზათიანად ჩაცმული თედო. ამ თამაშმა გადასწყვიტა ამათი ბედი. თედომ ამ საღამოზე დიდი მოწიწებით გამოატარა გიორგი ამ ურემთან. გიორგი კმაყოფილი დარჩა. ამან შენიშნა ამ გოგოს დიდი ხელები და განიერი ბეჭები და თავის გულში ჩაიცინა. ეხლა ამას ერთი მუშის მაგიერ ეყოლება ორი და ამასთანავე უფრო ერთგულნი და წახალისებულნი.

გიორგიმ შეიტყო ქალის გვარი და მიუგზავნა თავისი სვინა პავლია. ქალის მამამ გამოჰკითხა შუამავალს, ბიჭის ოჯახის შეძლება, იმან, რასაკვირველია, უქო.

- რას მოუტანს საქორწინოს? - ჰკითხა ქალის მამამ.

- სამი თუმანი კმარა?

- არა, შვილო, ჩემი ქალის სამი თუმნისა არ არის. ერთი სიტყვით მოიტანოს ათი თუმანი და გიორგობის თვეში გოგო წაიყვანოს. არ მოიტანს და ის თავისთვის, მე ჩემთვის.

- რას ამბობ, კაცო, რას ლაპარაკობ? ათი თუმანი რა, მზეთუნახავი ხომ არ არის შენი ქალი?!

- მზეთუნახავი არ არი და, შე დალოცვილო, მზეთუნახავი მონახეთ.

მეტი ღონე არ იყო. გიორგი დათანხმდა. თედოს ისე ჩაუჯდა თავში ტასუას შავი თვალები, რომ უარის თქმა უსარგებლოღა იქნებოდა.

ახალმა მძახლებმა მეფეანი გაიპატიჟეს თავიანთ სოფელში. გიორგიმ თავის ცოლს ბაღდადი მოჰხადა, აქვე მეწვრილმანესთან იყიდა ორ მანათიანი ბეჭედი და წავიდნენ დედოფლიანთსა. გაიმართა ნიშნობა. თედუა ტასოს მოუსვეს. ესენი ერთმანეთს სირცხვილით ვერ უყურებდნენ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად კი ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. სამი დღე დარჩა თედო საცოლოსთან და ამის გული კი სამუდამოდ ტასოს დარჩა. წამოვიდა თუდო წელ-მოწევეტილი გაშორების მიზეზით, მაგრამ იმედებით გულ-სავსე.

ღონე ერთი-ორად მოიმატა თედუამ. დღედაღამ მუშაობს, რომ ათი თუმანი მალე მოაგროვოს და ტასო მოიყვანოს. რამდენიც მოაგონდება ტასოს მსუქანა ლოყები, იმდენი გააჟრჟოლებს და ცეცხლივით მოედება მუშაობას.

კალო გათავდა, გიორგიმ გაყიდა ქერი და თუდუა ათის თუმნით საცოლოში გაგზავნა. გარდა მისატანი ფულისა, ამათ კიდევ ბევრი ხარჯი მოელით. ჯერ ოცი თუმანი ქორწილისთვის არ ეყოფათ. ოჯახიშვილია გიორგი, რიგიანად უნდა დაუხვდეს თავის სოფელს. რა ჰქნას, საიდან იშოვნოს? პური და სიმინდი რაც მოუვა, არ გაეყიდება, თვითონ შინ სახარჯოდ მოუნდება. გაჰყიდა ოციოდე ღორი, ერთი კარგი კვიცი, რომელიც თავის-თავს ერჩია, მაგრამ კიდევ დააკლდება ფული. მეტი ღონე არ არის, უნდა ივალოს... მთელი სამი თვე დიდ ვაი-ვაგლახში არიან თედუა და გიორგი, რომ ქორწილისთვის კარგად მოემზადონ.

დღემდის უვალო ოჯახი ვალში ჩავარდა, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ტასო ღონიერი გოგოა, ქმარს გვერდში ამოუდგება და უკან დაწეულ ოჯახს მალე ფესზე წამოაყენებს.

გიორგობის ღამის წინა-დღეა. გიორგის სახლში დიდი ღრიანცელია. მეფე-დედოფალს მოელიან. დარბაზი ლაზათიანად დალაგებულია. კერაზე დიდი ცეცხლი ანთია. აქა-იქ კედლებში დიდი ნაგუზლები ანთია და შუქით ავსებს მორთულ დარბაზს და აქ მყოფ სტუმრებს. მუზიკა, დაირა და ქალების თამაშია. ცეცხლზე დიდი საარაყე ქვაბით ნახევარი ძროხა იხარშება. კედელთან რუმბებით ღვინო აწყვია და გვერდით უდგია უთვალავი საღვინეები. ვაჟკაცები დიდის ალერსით შესცქერიან იმ რუმბებს და დიდის მოუთმენელობით მოელიან ამ დროს, როდესაც ყანწებს დაეწაფებიან.

მოვიდა მახარობელი, აირია ხალხი. ყველას უნდა წინ წადგეს, რომ დედოფალი დაინახოს. "მოვიდნენ, მოვიდნენ!" "რა კარგია, რა ლამაზია, რა მაღალია, რა თვალ-წარბი აქვს!" ისმის ქალებში. "რა მადიანია!" ისმის კაცებში. "მეფემ იხაროს!.. მეფემ იხაროს!" დალია ჯამით მაახრობელმა ღვინო და ჯამი მიწაზე დაახეთქა. თედო და ტასო ტასტზე დააბრძანეს. ხალხი გარს შემოუსხდა და სუფრები დაალაგეს. თედოს ამხანაგმა ბიჭებმა მაყრული დააგუგუნეს.

ისხედით ჩემო მეფე-დედოფალო! მარტო ერთს დღეს არის თქვენი მეფობა და ტახტზე ჯდომა. დასტკბით მაგ ცოტა ხნის მოსვენებით. ხვალ უნდა შეუდგეთ თქვენს მძიმე ტვირთს და თქვენის ოფლით თქვენც იცხოვროთ და აცხოვროთ ქვეყანაც.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ