მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 485 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თითქოს გვირაბში მივდიოდეთ, ხელმარჯვნივაც ჩამუქებული ფოთლებით გამოვსებული ტყეა, ხელმარცხნივაც. ფოთლებს ცაც შეუკრავთ ჩვენ მაღლა; ბუნტი, შეგუბებული ჰაერის ნესტის სუნითაა დამძიმებული, - ნესტის, სოკოს, ძირხვენებისა და ნეშომპალას სუნით; ჩიტები ჟივჟივებენ; ერთმანეთს გადასძახიან, გაფაციცებული დაძვრებიან, ზოგი ფრენს კიდეც ჩრდილებივით რბილად ახაზულ ტოტებს შორის; წამიწამ კიდევ უფრო მუქდება ყველაფერი...

და უცებ ის ჩიტებიც დაჩუმდნენ. თითქოს ალალმა ჩამოუქროლათო, თავ-თავიანთ ადგილზე გაისუსნენ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ დღე გასრულდა, გარეთაც ჩამობნელება დაიწყო; ხუთი-ათი წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთმა შაშვმაღა დაიწრიპინა, ერთი ბუჩქიდან მეორეში გაძვრა - სკუპ-სკუპით, ფოთლების ფაჩაფუჩით; ტყემ სუნთქვა შეიკრა, თავისი ღამეული საქმეებისთვის მოემზადა. თუ შევჩერდებოდით, უკვე კრუალების ხმაც კი გვესმოდა, მაგრამ ჩვენ ამას აღარ შევუშფოთებივართ, სოფელი ახლოს იყო - ძაღლი იყეფებოდა, სადღაც ხბო ბღაოდა, ზოგჯერ ბავშვების ყიჟინაც აღწევდა...

მართლაც, ტყე გათავდა და ბინდგადაკრული გრილი, შეფერადებული შემოღობილები დაიწყო. ამ შემოღობილებში კარტოფილი, სიმინდი და აქა-იქ მზესუმზირაც იდგა; შიგადაშიგ დამრგვალებული, ჩაშავებული ხეებიც ჩაყუჩებულიყვნენ ყარაულებივით; სადღაც ვიწროში წყალი ჩამოჩხრიალებდა, პატარა წყალი, თითქოს იქიდან მოდიოდა ნიავი, რომელსაც მოჰქონდა სველი ლამისა და ახალი ნაკელის სუნი; ყველა და ყველაფერი, სულიერ-უსულო, მოქცეული ვიყავით ერთი სუფთა, მოლურჯო-მონაცრისფრო უძრავი ცის ქვეშ; და კიდევ უფრო დავმშვიდდით, მხრებში გავიშალეთ და თავაწეულები, გახალისებულნი მივეცენით გზას...

მაგრამ არ წავსულვართ ტყიდან დიდ მანძილზე, რომ წინ, ოდნავ ხელმარჯვნივ, ტყრუშული ღობე ალაწუნდა. ორივე შევჩერდით, მეცა და გიოც, და უნებურად მივიწიეთ ერთმანეთისკენ. ღობეზე, შავად თავჩაქინდრული მზესუმზირების მაღლა, ვიღაც სამკუთხად განასკვულ თავსახვევიანი ახალგაზრდა ქალი შემოდგა, ცალი ხელი მაღლა ასწია და მერე ბრაგვანით ჩამოხტა ძირს.

- რომელი ხარ მანდ! - დაუძახა გიომ.

ქალმა ცოტა ხანს ხმა არ გაგვცა, რაღაცას ეძებდა, თუ ისწორებდა, მერე წამოვიდა, ანწლები გამოარღვია და ფშაურ კილოზე თვითონ გვკითხა:

- თავად თქვენ რომლები ხართ?

ისევ გიომ უთხრა, რომ ქალაქელები ვიყავით.

- უი, რატომ ღმერთი არ მომკლავს! - გაეცინა წყნარად, თან ჩუსტი გაიხადა და კანჭზე შემოიკრა, - ხომ არ შეგეშინდათ?

- შეგვეშინდა, აბა, არ შეგვეშინდა?

- ემანდ წყალზე ჩახვალთ, შესვამთ და გადაგივლით.

- ჩვენ კი ჩვენი დაგვემართა და... - ადიდჭირებდა გიო.

- კარგია, კარგი, ხმაზე გეტყობა, რაიც დაგემართა.

ამ დატევაზე ჩვენც გაგვეცინა, მაშინ ის მთლად ახლოს მოვიდა, სახეში შემოგვხედა ჯერ მე, მერე გიოს.

- უი, მართლა უცხონი არა ჰყოფილხართ?! - და განზე გადგა შეკავებული ღიმილით.

- მაპატიეთ, შინაურულად რომ გელაპარაკებოდით!

ასე, ამ შეკავებული ღიმილით და თავისებური რიდით მოგვყვებოდა გვერდზე, გზის ნაპირ-ნაპირ, თითქოს ჰორიზონტზე მიშტერებული. მაგრამ მაინც მალე ვიგრძენით, თანდათან როგორ გაიმართა წელში და საზეიმო ადგილი მიუჩინა თავის ისედაც თვალსაჩინო ქალურ ნაკვთებს.

- თვითონ არ გეშინია, რომ მარტო დახვალ ამ დროს? - ეკითხებოდა გიო.

- რისი უნდა მეშინოდეს! - მოგვხედა ამაყი გაკვირვებით, - აქ ჩვენ მეზობელ-ნათესავები ვართ სულა.

- გადმოვარდნილი მგლებისა?

ცოტა ხანს გვიყურა გვერდულად, დამცინავი ღიმილით, მერე მუქარით დაიქნია თავი:

- გადმოვარდნილებს ის უჯობთ, გზაზე იფიქრონ, თორემ...

- თორემ, რა?

- თავმთელები ვერ დაუბრუნდებიან დედილოებს.

- ვაიმეე! - გააგრძელა გიომ.

- ხო, ხო! - ბავშვური დაბეჯითებით გაიმეორა ქალმა და ჩვენ მივხვდით, რომ ის კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე თავიდან გვეგონა. მიდიოდა და როგორღაც ჯიბრიანი სიზვიადით მიჰქონდა გაჭექილი მკერდი; იმ მკერდთან აწეული მარცხენა ხელით ჩაბღუჯული ეჭირა ფესვებიანად დაგლეჯილი მწვანე ხახვი; ცდილობდა, ჩვენკენ ნაკლებ ემზირა და ისე გაეცა პასუხი ჩვენს კითხვებზე, - იცნობდა თუ არა გაბრიელს, ხინჩიკაშვილს, ჩვენს ძმაკაცს, კარგად ჰყავდა თუ არა იმ გაბრიელს ჯალაბობა და სხვა, - მაგრამ ხანდახან მაინც შემოუჩერდებოდა თვალი, ნახავდა, რომ ატაცებული ვიყავით ორივენი, მეცა და გიოც, და მაშინ წამით თითქოს ნაბიჯი ეშლებოდა, ძაგუნა ნაბიჯი, თითქოს ბოჟირს იწყებდა მაგნიტური ველივით ფართოდშემოვლებული მისი მდედრული მუხტი; მაშინ ის ან თავსაფარს წასწვდებოდა, ან არადა, თავსაფარს შიგნით - თმას.

- ქმარი გყავს? - ეთამამებოდა გიო.

- ქმარიც მყავს და ტყუპი ბიჭიცა...

- აუჰ!

- რა იყო?

- ყოჩაღ, დაო.

და ცოტა ხნის შემდეგ:

- ქმარი თუ გიყვარს?

წამის რაღაც უმცირეს ნაწილში წარმოვიდგინე, როგორ ხმას გამოსცემდა გიოს მზით გატკიცინებული ყბა ამ სიჩუმეში, მაგრამ ქალმა რბილად ჩაიღიმა და ეს თქვა:

- ჩემი თავი შემოევლოს იმას.

შავ ხევში, შავ წყალზე, შავ ქვებს შორის, ერთი ჩახრით გარეცხა ხახვი, გაალაღლაღა რამდენჯერმე, დაიქნია, დაწრიტა და მერე ჯიქურ ასჭრა შენოტივებული აღმართი.

აქედან უკვე სოფელიც იწყებოდა, სახლებში ელექტრონათურები ენთო. ქალი ახლა მალ-მალე იყურებოდა ჩვენკენ და გამარჯვებულის იერით აბრწყინებდა თვალებს, ბოლოს ერთ სახლთან შეჩერდა და დაიძახა:

- გაბრიელო!

- ჰეჰეუ! - გამოსძახეს იქიდან.

- შინა ჰყუდავხარ? სტუმრები მოგივიდნენ, გამოჰხედე.

- შენა ხარ, მარიამო?

- ხოუ. კარგად იყავით, გადმოვარდნილო მგლებოო, - გაგვცინა, თავი დაგვიქნია და წავიდა წინწახრილი. რატომღაც აქ ფეხს აუჩქარა, თითქმის გაიქცა.

ჩვენ ვიდექით და ღიმილით გავყურებდით მის გზას. ხეებს ზემოთ ამოლანდული ორსართულიანი სახლის ჭრიჭინა კიბეზე დინჯად ჩამოდიოდა ჩვენი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი გაბრიელი, უკვე წვრილშვილი კაცი.

 

* * * * * * *

 

მაგრამ მე ერთხელ კიდევ ვნახე მარიამი.

დილას, რომ ავდექი, ის იყო თენდებოდა. ეზოში, რიყის ქვით ნაგები გომურის გვერდზე, მოჩვენებასავით უძრავად იდგა მუცელჩაზნექილი მურასა ძროხა, იქვე, ძეძვის ღობესთან, თვალებდახუჭული იწვა წითელი ხბო. გომურის თავზე შემჭკნარი ლელი იყო გაფენილი, ბაღში ალუბალი მწიფდა, ვაშლებს და ოთურ ქლიავებს სხმისგან ტოტები დაზნექოდათ. ის ტოტები ძალიან შავად გამოიყურებოდა, ჩანდა, სველი იყო. ბაღის ბოლოზე გზა გადიოდა, გზის პირას, პატარა მოედანთან, ტალახში ნათრევი წიფლის გრძელი მორები ეყარა; დაბალში, ხეებს შორის, ორი სახლი მოჩანდა, ღარიანი კრამიტით დახურული; სულ ქვემოთ კი თეთრი ნისლი იწვა. ის ნისლი ნაპირებში თანდათან თხელდებოდა და აბლაბუდასავით იყო გაბმული ბექიდან ბექზე, ხის კენწეროდან ხის კენწეროზე. მხოლოდ მაღალი მთების ბალახოვანი მწვერვალები იყო განბანილებივით ცინცხალი და სუფთა. ეტყობოდა, ბალახი იქ ჯერ ისევ ლორთქო იყო, ოდნავ ნარინჯისფერისა, და ასე გეგონებოდათ, მკვდრის მზე დასდგომიათ ზედაო.

ბაღში, კარტოფილებიდან, ნაცარა ქათამი გამოძვრა და ბილიკს დაჰყვა ქათმური ლაყუნა ნაბიჯით, კურტუმის აქეთ-იქით ქნევით. ნისკარტს ხან ბილიკის ერთ მხარეს ჩაჰკრავდა, ხან მეორეს. ეს იყო ერთადერთი მოძრავი არსება იმ ვეებერთელა მთებსა და ცას შორის. და მეც ფრთხილად, სხვები რომ არ გამეღვიძებინა, ფეხაკრეფით ჩავედი ძირს.

ჩვენი მასპინძლის ღობის იქით, დასავლეთის მხარეს, ნაკადული ჩამოდიოდა. ის ეშვებოდა სადღაც ზემოდან, ხეებსა და დიდ-დიდ მოწითალო ლოდებს შორის. იკარგებოდა, ტბორდებოდა, ისევ იკარგებოდა. გავედი ერთ-ერთ ტბორთან და შევკრთი: შიგ შუა წყალში მარიამი იდგა, წითელი, თეთრად დაწინწკლული კაბა თეძოებამდე აეკეცა, წამოიხრებოდა, ღრმად ჩაყოფდა მზემოკიდებულ პრიალა ხელებს ათახთახებულ ჭავლებში, დგაფუნით შეისხამდა ოქროსფერიდან ვარდისფერში გადამავალ მსხვილ ბარძაყებზე და მერე ხელების დაწოლით ჩაიწურავდა ნელ-ნელა. გაშლილი შავი თმა ცალ მხარეს ჩამოშლოდა და, როცა ძალიან იხრებოდა, იმ თმის ბოლოებს წყალი მიალივლივებდა.

უცებ ცა საზარელმა ღმუილმა გააპო. აღმოსავლეთიდან შუბივით წამახული თვითმფრინავი ამოვარდა და წამში დაიკარგა. ცაზე დარჩა მისი კვამლისა თუ ორთქლის გრძელი თეთრი ზოლი...

მარიამი მუხლებში ოდნავ ჩაღუნულიყო, სველი, მტევნებდაწითლებული ხელები უმწეოდ ჩაეკიდა ძირს, ტუჩები გახსნოდა და შიშით დადიდებული თვალებით იყურებოდა მაღლა. თეთრი ვეება ძუძუები ჩანჩქერებივით ჩამოსძაგროდა ძირს, ზედ ლომის ბოკვერებივით ეკიდა ტყუპი შავ-წითელი ბიჭი და ნელ-ნელა ატოკებდნენ ფეხებს.

 

* * * * * * *

 

თეთრი შიშველი ძუძუები და ზედ დაკიდებული ბავშვები მაშინ, რა თქმა უნდა, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ გადის წლები და, თვით ჩემდა გასაოცრად, თანდათან ასე მეჩვენება, თითქოს სწორედ ეს მაშინდელი წარმოსახვითი სურათი ყოფილიყოს ნამდვილი, სხვა დანარჩენი კი, - ტყის ბინდი, მოჭიკჭიკე ჩიტები, ახალგაზრდა ქალი ღობეზე და სხვა, - თვითონ არ ვიცი, როდის ან რის მიხედვით შეკოწიწდა ჩემი ცხოვრების ბურუსით მოსილ გზაზე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ