მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 758 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

...იმ ღამეს სასტუმროში უნდა დავრჩენილიყავი და გზა მეორე დღის თერთმეტ საათზე გამეგრძელებინა, - მწერდა ჩემი მეგობარი ინჟინერი, - შევედი თუ არა ნომერში, მაშინვე ფანჯარა გამოვაღე, ცოტა ხანს იქ ვიდექი და პერანგის საყელოთი ვინიავებდი, მერე პერანგი გავიხადე, დივანზე გადავწექი და ხელები თავქვეშ ამოვიწყე. ისე ვიყავი მოთენთილი, უთუოდ იმწუთსვე ჩამეძინებოდა, მაგრამ მშიოდა და გადავწყვიტე, რესტორანში ჩავალ, ვისადილებ და მერე აგრილებამდე გულმშვიდად ვიძინებ-მეთქი.

მოგეხსენება, რა განწყობილებაც სუფევს ხოლმე საოლქო ქალაქების სასტუმროებში ზაფხულობით, აგვისტოში, ისიც ნაშუადღევის ოთხ საათზე. სიჩუმეა, ჰაერი გაჟღენთილია ნავთისა თუ მოწამლული ბენზინის სუნით. ჰოლის ერთ კუთხეში, ზეთის ფერებით დახატული ულაზათო პეიზაჟის ქვეშ, ჩალისფერ საწერ მაგიდასთან, სთვლემს თეთრხალათიანი მოხუცი ქალი. მოპირდაპირე კედელზე ზანტად გადი-გამოდის საათის მძიმე, თითბრის ქანქარა. ხანდახან ასევე ზანტად აიწევს და დაიწევს რომელიმე ფარდის აპრიალებული წვერო...

თითქმის ასევეა ამავე სასტუმროების რესტორნებშიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ მებუფეტის დახლზე შეიძლება ღრიტინებდეს ლაქუცა ვენტილატორი, სამზარეულოდან მოდიოდეს შემწვარი ხორცის სუნი და კიდევ - შესაძლოა გემსახურებოდეს კოხტა, ცოცხალი ოფიციანტი ქალი.

ყველაფერი ზუსტად ასე დამხვდა: ვენტილატორიც, შემწვარი ხორცის სუნიც და ლამაზი ოფიციანტიც. მოვძებნე შედარებით გრილი ადგილი და მივუჯექი მაგიდას. დარბაზში, ჩემ გარდა, ორი თუ სამი კაცი იყო, ისინიც ცალ-ცალკე ისხდნენ. ოფიციანტი ქალი მაშინვე წამოვიდა ადგილის დედის რბილი განებივრებული ნაბიჯებით, ხელები წინსაფრის ჯიბეში ჩაიყო, თავი ოდნავ გვერდზე გადასწია, თვალები ააჟუჟუნა და - „რას გვიბრძანებთო“, მკითხა. მე ვუთხარი, რომ იმ კატეგორიის ხალხს არ ვეკუთვნოდი, რომლებიც ბრძანებებს იძლევიან, მე იმითაც დიდად კმაყოფილი ვიყავი, რომ ბედმა ესოდენ მშვენიერ ქალთან გამოლაპარაკების საშუალება მომცა; მე მხოლოდ ვთხოვდი, ამ შეხვედრით გამოწვეული სიხარულის აღსანიშნავად, მოეტანა ერთი ბოთლი ცივი „გურჯაანი“, კიტრი, პამიდორი და ხბოს მწვადი; და ბოლოს: თავს ნამდვილ სამოთხეში ვიგრძნობდი, თუკი მოახერხებდა და ისიც ჩემს მახლობლად ჩამოჯდებოდა სადმე. უკანასკნელ თხოვნაზე უარი მითხრა, ასეთი რამეები აკრძალული გვაქვსო, ერთხელაც ააჟუჟუნა წყლისფერი კეთილი თვალები და სამზარეულოსკენ წავიდა ისევ იმ ნებიერი ნაბიჯით, ქალური ფორმების ნაპარავი რხევით.

მე ჭიქიდან ქაღალდის ხელსაწმენდი ამოვიღე, გავშალე და ზედ ავტოკალმით იმ ოფიციანტი ქალის პროფილის ხატვა დავიწყე. ეს ძალიან ადვილი საქმე იყო: პატარა, მკვირცხლად ზეაპრეხილი ცხვირი, პატარა, თითქოს ზედმეტად გამობერილი ტუჩები, პატარა, ლამაზად მომრგვალებული ნიკაპი და საკმაოდ თვალსაჩინო ნაზი ღაბაბი... მაგრამ რამდენჯერაც მოვხაზე, იმდენჯერვე ვერ დავამსგავსე. მაშინ ხელსაწმენდი სულ დავჭმუჭნე და დარბაზი მოვათვალიერე.

აღმოჩნდა, რომ ჩემ პირდაპირ, რესტორნის მეორე კედელთან ვიღაც საინტერესო გარეგნობის ქალი იჯდა. ხნით ალბათ ოცდათხუთმეტიდან ორმოც წლამდე იქნებოდა. პრიალა შავი თვალები, ასე გეგონებოდა, წარბებამდე ფისის ნაღვენთივით ზოლ-ზოლად ჩამოსულ თმის ბოლოებზე ეკიდა. წლის ამ დროისათვის უჩვეულოდ თეთრს, ყბები შელურჯებოდა, შიგნით შეზნექოდა. მხრებამდე შიშველი გამხდარი ხელებით ფეხიანი ჭიქა ეკავა (აი, ისე, ცხელ ჩაიზე რომ ითბობენ ხოლმე თითებს), ერთმანეთზე გადადებულ ძვალმსხვილ ფეხებზე სახლის პეწდაკარგული, მაგრამ ხმარებაში რაღაც გულსაკლავ სილამაზეშეძენილი თეთრი ტუფლები ეცვა, ერთ ტუფლზე ლანჩა ცოტათი არღვეოდა. როცა სასმელი უნდა მოესვა (მე ვგონებ, ლუდს სვამდა), მაგიდისაკენ მთელი ტანით იხრებოდა, ჭიქას კი სულ ოდნავ სწევდა მაღლა.

როგორც უკვე ვთქვი, ჩემ პირდაპირ იჯდა, ძალიანაც რომ არ მნდომებოდა, თუკი თავს ავწევდი, უნდა შემეხედა, და ვუმზერდი კიდეც. მაგრამ უცნაურობა იყო: თუმცა პირველად მომეჩვენა, მისი თვალების უძრავი ლაპლაპის მიზეზი ჩემი და ოფიციანტი ქალის უგემური არშიყი იყო, გავიდა რამდენიმე წუთი და საბოლოოდ იმასაც კი ვერ მივხვდი, შემამჩნია თუ არა, თითქოსდა თმის ბოლოებზე დაკიდებული მრგვალი შავი თვალები ისევ უძრავად ულაპლაპებდა. ერთმანეთზე გადადებული ძვალმსხვილი ფეხებიც ისევ უხერხულად გამოეშალა.

უცებ მომეჩვენა, რომ ეს ქალი მეცნობოდა. ერთი პირობა ასე ვფიქრობდი, თბილისელი იქნება და ყველა თბილისელს ხომ ერთმანეთი ნაცნობები გვგონია-მეთქი. მაგრამ ცოტა ხანში კიდევ უფრო შესაშფოთებელი რამ აღმოვაჩინე: ეს ქალი მთლად ახლობელი იყო. გამახსენდა მისი ტკივილგარეული ღიმილი, მისი მხრების და თმის სუნი - ერთმანეთს შენაცვლებული სუნამოსი და რაღაც წამლის სუნი, მისი ხელის გამოწვდა... მაგრამ თან მაინც უცხო იყო და ამ „აღმოჩენა-იმედგაცრუებებმა“ ერთიანად მომშალა.

ოფიციანტმა სუფრა გამიწყო. მაშინვე ღვინო დავისხი და დავლიე. ვცდილობდი, თავისუფლად და ლამაზად მეჭამა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სულ მეჩვენებოდა, რომ რაღაც ზიზღიან არეში ვიყავი მოქცეული, ტუჩები მეზინთებოდა, პერანგზე ქონის წვეთები მეცემოდა.  ბოთლში ღვინო ჯერ ისევ ნახევრამდე იდგა, რომ ავდექი, ფული გადავიხადე და წამოვედი. უკვე ჩამოყალიბებული მქონდა ერთი აზრი: ეს საინტერესო ქალი უთუოდ ამ სასტუმროშია გაჩერებული, საღამოს შევხვდები, გამოვეცნაურები და მაშინვე ვეტყვი, რომ რესტორანში ვნახე, რომ ის იქ, რესტორანში, იმდენად კარგი იყო, იმდენად თავისთავადი - დანაშაულად მივიჩნიე მის მარტოობაში ჩარევა. მაშინ მივიჩნიე ასე. ამჯერად კი... ერთი სიტყვით, საღამოს გამოვასწორებდი იმას, რაც აქ, რესტორანში გავაფუჭე.

ავბრუნდი ნომერში, გავიხადე და დავწექი, მაგრამ არ იქნა და აღარ დამეძინა. გადავიკითხე წინა დღეების დაჭმუჭნული გაზეთები, მერე ჩემი ე.წ. საქმიანი ქაღალდები და, ბოლოს, როდის-როდის ჩამთვლიმა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა ამგვარ თვლემაში, რომ რაღაც ყვირილმა და ჩოჩქოლმა გამომაღვიძა. ეს ყვირილი ეზოდან ამოდიოდა. წამოვხტი და გადავიხედე. ვიღაც თეთრხალათიანი დაბალი ქალი სასტუმროს კედლის ძირას გარბოდა, კუთხესთან შეუხვია. მერე ოფიციანტი ქალიც გაიქცა იქით, მაგრამ, სანამ ისიც კუთხესთან შეუხვევდა, იქიდან ადრე გაქცეული ქალი გამოვიდა, კედელს მიეყუდა და შუბლზე ხელი მიიდო. ოფიციანტმა რაღაც ჰკითხა, იმანაც ხელი პირთან მიიტანა და კუთხეს მოეფარა. სწრაფად ჩავიცვი, გზა-გზა წავყავი ტუფლებში ფეხი და ძირს ჩავირბინე. ოფიციანტი ქალი რესტორნისკენ ბრუნდებოდა, ხელები ლოყებზე ჰქონდა შემოწყობილი და ტიროდა. მის უკან ვიღაც ორი კაცი მოდიოდა, ერთი შარვალს იბერტყავდა, მეორე ცხვირსახოცით ხელს იწმენდდა.

ოფიციანტი ქალი გავაჩერე და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. გაოგნებულმა შემომხედა, მიცნო, უფრო ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი და ჩქარ-ჩქარა დაიწყო:

- თქვენც ხომ ნახეთ, ჩვენთან რომ ქალი იყო, ახლა, შავთმიანი, ასეთი, - ხელი შუბლზე დაისვა, - ლამაზი ქალი. ფანჯრიდან გადმოვარდა, მეოთხე სართულიდან.

სასტუმროს კუთხიდან კიდევ და კიდევ გამოდიოდნენ ქალები და კაცები. სად იყო ადრე ამდენი ხალხი! ოფიციანტი ცრემლების წმენდით განაგრძობდა:

- უკვე წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ რაღა აზრი აქვს, მკვდარი იყო, თავი ჰქონდა გახეთქილი. ვინ რაღას უშველის. მკვდარი იყო.

ვიდექი და ხმას ვეღარ ვიღებდი. მერე ქუჩაში გავვარდი, პირველსავე მანქანას ვეცი, შევეხვეწე, საავადმყოფოში წამიყვანე-მეთქი. ალბათ ისეთი სახე მქონდა, უარის თქმა არ შეიძლებოდა, წამიყვანა. მაგრამ, სანამ კითხვა-კითხვით საოპერაციო ოთახს მივაღწევდი, ყველაფერი გათავებულიყო. სახეზე ოფლდამსკდარი და წვერგაუპარსავი ექიმი გაბრაზებული გამოვიდა და კართან გაჩერებულ ხნიერ მამაკაცს უთხრა:

- გარდაიცვალა.

ხნიერმა მამაკაცმა ჩალის დაძველებული შლაპა მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაიტანა და ერთი ეს ამოხდა:

- ვაახ!

მე კედელს მივეყუდე. უკვე ვიცოდი, ვინ იყო ის ქალი. თხუთმეტი წლის წინათ, დეკემბრის ერთ ცივ დილას, გათენებისას, რძის რიგში მდგარი, ჩემდა უნებურად ვუსმენდი ორ საბრალობელი გარეგნობის ქალს. ერთი, ჩემკენ ზურგშემობრუნებული, უყვებოდა მეორეს: „დედა ენაცვალოს ჩემს თინიკოს, აუწონავი ოქროა. ისე ამთავრებს უმაღლესს, ჯერ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ სცმია. ყველაფერს თვითონ იკერავს, ბუზღალტერი რა არის, ბუზღალტერსაც კი“.

კარგად რომ გათენდა, თვით თინიკოც მოვიდა - შავთვალა, მორცხვი, ლამაზი გოგონა. ხელში წიგნებით სავსე მოსწავლის ჩანთა ეკავა. დედას გასაღები მისცა. „რა ჭამე, შვილო! ჭამე რამე, შვილო?“ - შეწუხდა დედამისი. თინამ ტკივილგარეული ღიმილით გაიღიმა, - ვჭამე, დედაო, და წავიდა. ჩალისფერი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, გრძელი თმა ჰქონდა, მსხვილ ნაწნავად დაწნული. პალტოში მკერდი სულ არ ეტყობოდა.

ახლა ის საოპერაციო ოთახიდან გამოჰქონდათ, გორგოლაჭებიან მაღალ საკაცეზე იწვა, მთელ სიგრძეზე სუდარა წაეფარებინათ. მივედი და სუდარა ავწიე. ნამდვილად ის იყო, თინიკო, სანიტრებმა დამიტიეს და ისევ კედელს მივეყუდე.

საკაცის უკან ლაყუნით მოდიოდა ვიღაც გულგრილი, სქელი, ხანდაზმული დედაკაცი და მოკაუჭებულ თითებზე დაკიდებული მოჰქონდა თინიკოს თეთრი მაღალქუსლიანი ტუფლები. მარჯვენა ტუფლს მარტო ლანჩა კი არ არღვეოდა ცოტათი, ნაკიდურიც ჩახეოდა და თეთრი კოჭის ძაფით გაეკერა გაუწაფავ ხელს...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ