მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 8323 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვუძღვნი ნ. ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცის ხსოვნას 

 

დაიბადა სოფელ არაშენდაში, თებერვლის გაცრიატებულ დღეს. მამამისს რომ უთხრეს, ქალი გეყოლაო, ბარი მიწაში ჩატოვა, დაძენძილი თუშური ქუდი მოიხადა, ოფლიან შუბლზე გაისვა, ისევ დაიხურა და ბარვა განაგრძო. გაჯიქებულმა ბარა საღამომდე. მაგრამ არც საღამოს უნახავს, არც მეორე დილას. მეხუთე გოგო იყო, მეხუთე სადარდებელი და სალოლიავებელი ღარიბი კაცის ოჯახში!

იზრდებოდნენ ნეკერზე გაშვებული თხებივით, ჭინჭარსა და ეკალაზე სიარულით ხელ-ფეხი ჰქონდათ დაგაზული. რვა წლისა ართავდა და ქსოვდა. თოთხმეტი წლისას პირველად უყიდეს წითელი ჩუსტები და წითელწინწკლებიანი ცისფერი ჩითის კაბა (მანამდე უფროსი დების მონარჩენებით გაჰყავდათ იოლას), პირველად იცეკვა დღეობაში, მარიამობის დღეს, საქონლისაგან გადაძოვილ მინდორზე. პირველად გაიგონა ხანდაზმული დედაკაცებისაგან: აი, დაიწვი, დაიწვიო! შემოდგომაზე სხვაგნებურები მოვიდნენ: ერთი წითური, ჩაბურვაკებული კაცი და მეორე კიდევ სხვა კაცი მოხუცებული.

დასხდნენ, რაღაცეები ილაპარაკეს. მერე ბარბალეს დაუძახეს.

შევიდა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, კანკალებდა. გაიგო, რაც უნდა მომხდარიყო. იმ წითურ, ჩაბურვაკებულ კაცზე ათხოვებდნენ, ერთ თვეში უნდა წაეყვანათ. რამდენიმე ღამე თეთრად გაათენა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მამამისს თუ ერთ მჭამელს მოაშორებდნენ, ამის გულისთვის სათათრეთს ფეხით წავიდოდა.

ერთი თვის შემდეგ მართლაც მოვიდნენ წასაყვანად მოჩარდახული ურმით, ღვინით, საკლავით. თან დედაკაცებიც მოიყოლეს. სიძეს ჩერქეზული ტანსაცმელი ეცვა, თეთრ ცხენზე იჯდა.

ცხენიც და ტანსაცმელიც, რა თქმა უნდა, ნათხოვარი იყო. სიძეს ახალუხის საყელო უჭერდა და ძლივს სუნთქავდა. ქალებმა ბარბალე შუაში ჩაისვეს და ურემი დაძრეს. სანთლის ალივით უმწეოდ მოლიცლიცე ბარბალეს დიდი, შავი თვალები უფრო დასდიდებოდა, მაგრამ თითქმის ვერაფერს ხედავდა, არაფერი დამახსოვრებია ნათლად იმ დღისა, არც შემდგომი დღეებისა. მისი ქმარი, ის წითური, ჩაბურვაკებული, ჩაბებღვილი კაცი, მენახირე აღმოჩნდა. ბინდისას მოვიდოდა, თავჩაღუნული შეჭამდა, რასაც ბარბალე დაუდგამდა, მერე დააწვენდა და დათვივით ბუბნიდა, კამეჩივით დაჰფშვინავდა. თვითონ ბარბალე ცივი ჟრუანტელისა და შიშის მეტს არაფერს გრძნობდა. გაშტერებული თვალებით იყურებოდა სადღაც მაღლა, სიბნელეში, და სულ ელოდა, ელოდა, რომ რაღაცა მოხდებოდა.

შვიდი თვის თავზე მართლაც მოხდა ეს „რაღაც“. მენახირე მუღანლოელმა ყასუმა ყაჩაღმა მოკლა. ბარბალეს შავი კაბა ამოუკერეს. ის-ის იყო თხუთმეტისა გახდა. ისევ სუსტი, ისევ სანთლის ალივით უმწეო. მარტო კი ცხოვრობდა. მენახირეს მის მეტი სხვა არავინ დარჩენია! იმ ზამთარს ბოლშევიკებიც მოვიდნენ. მალე სოფელში გამოჩნდა ტანთხელი, ცოცხალი სახის ბიჭი, კომუჯრედის მდივანი.

დადიოდა და იწერდა, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა. პატარა ქვრივამდეც მიაღწია. არც იმან იცოდა არაფერი, მაგრამ სკოლაში სიარულზე მაინც უარი თქვა. კომუჯრედის მდივანი არ მოეშვა. დღე არ გავიდოდა, ღობის ზემოდან არ გადმოენათებინა თავისი ცოცხალი სახით. მეზობლებმა სხვა სუნი დაიკრეს ამ შეხვედრებში. ადგა ბარბალეც და გაუტყდა, ასე და ასეაო. მაშინ კომუჯრედის მდივანმა ხელი მოჰკიდა, საბჭოში წაიყვანა და სამი მოწმის თანდასწრებით ცოლქმრობის საბუთი გააფორმებინა.

კომუჯრედის მდივანი სხვაგნებური კაცი იყო, ბარბალესთან დასახლდა. დღისით მუშაობდნენ ბაღჩაში, ვენახში, მინდორში, კალოზე. ღამით მდივანი წიგნებს კითხულობდა ხმამაღლა. წიგნებში უმეტესად ვაჟისა და ქალის სიყვარულის სევდიანი ამბები იყო მოთხრობილი. ბარბალეს, თვითონაც არ იცოდა რატომ, გული ამოუჯდებოდა და ცრემლებით ევსებოდა დიდი შავი თვალები. ხშირად ეს ცრემლები ლოყებსაც ჩამოუხაზავდნენ ხოლმე ორი პრიალა ხაზით. მაშინ მდივანი იცინოდა, მკერდზე იხუტებდა და იმ სველ ადგილებს უკოცნიდა. კარგი, ძალიან კარგი იყო ეს საღამოები!..

ეყოლათ ბიჭი, მერე კიდევ ბიჭი, მერე ქალი. ქვიტკირის სახლი დაიდგეს, სწორი კრამიტით გადახურეს. კომუჯრედის მდივანი ახლა უკვე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, ძველი ყაიდის თავმჯდომარე. კოლწევრების გვერდით იდგა ხოლმე ტალახით სავსე რუში, სიმინდის სათოხარში, სამკალში, ტყეში. გამაგრდა და გაკაჟდა. დაკუნთული მხრები ძლივს ეტეოდა ხალათში. მოვიდნენ ერთ საღამოს ვიღაც ფორმისტანსაცმლიანი კაცები, წაიყვანეს. თავმჯდომარეს ეცინებოდა: რაღაც გაუგებრობაა, ჩემთან ვის რა ხელი აქვს, ხვალვე გაირკვევა ყველაფერი და გადმოვალო. თან მაინც რაღაც უჩვეულო ნერვიულობით იკრავდა ბრტყელ ქამარს (ეს დაამახსოვრდა ბარბალეს საყვარელი ადამიანის ამ ქვეყანაზე არსებობის უკანასკნელი წუთებიდან).

მეორე დღეს არ გადმოსულა... არც მესამე დღეს, არც მეოთხე დღეს. ბარბალე ყველას ერიდებოდა. ქვეყნის ამბები შორეულ დონდგოლად თუ ესმოდა. უფროსი ბიჭი წაიყვანა და რაიონში წავიდა. კითხვა-კითხვით მივიდა, ქმრის ამბავი სადაც უნდა ეკითხა. ტროცკისტიაო? - ჰკითხა ვიღაცამ. - არა, ტროცკისტი კი არა, კობერიძეაო, - დაუფიქრებლად მიუგო ბარბალემ. - უყურებთ ამასო! - გაბრაზდა ის ვიღაცა, - უყურებთ ამასო! - მაშინ ერთი ხნიერი, კეთილი გამომეტყველების კაცი მივიდა და ჩურჩულით უთხრა: - წადი, დაო, შინ წადი, ბალღებს მიხედეო. და წამოვიდა. სოფელს რომ გამოსცდა, ტირილი აუვარდა. ისეთ ჭკუაზე დადგა, მივალ სადმე კლდესთან და გადავიჩეხებიო. მაგრამ ბიჭი უკან მოსდევდა. მიიხედა, ნახა, რომ ბიჭიც ტიროდა, და თავი შეიკავა, ბიჭს გამხნევება დაუწყო...

მერე თოვლშიც მოუხდა რამდენჯერმე გადასვლა. მერე უკან დაუბრუნეს საჭმელი, შენი ქმარი გადაგზავნილიაო. იმ დღიდან აღარაფერი გაუგია მისი.

გადაყოლილი იყო ბავშვებზე. თვითონ დაჰქონდა საფქვავი წისქვილში, თვითონ ჭრიდა შეშას, თვითონ თოხნიდა - ოღონდ თქვენ ისწავლეთ და მე თქვენი არა მინდა რაო. ისინიც სწავლობდნენ. კარგად სწავლობდნენ. უფროსი ბიჭი უმაღლესშიც შევიდა, ვეტექიმი უნდა გამოსულიყო. ატყდა ომი. უფროსი ბიჭი მაშინვე წაიყვანეს. უმცროსი პირველ მობილიზაციაში არ მოხვდა, მაგრამ მერე ისიც წაიყვანეს. უფროსი დაბრუნდა, უმცროსი დაიღუპა. ქალიც უკვე უმაღლესში სწავლობდა, ვაჟმაც ისევ იქ გააგრძელა სწავლა, ვეტერინარულზე. გაეგო ქალაქის გზაზე ბარბალე. უზიდავდა ხურჯინით ხორცს, ლობიოს, ფქვილს, ხილს. ქალი გათხოვდა. ვაჟმა ცოლი მოიყვანა. ეყოლათ შვილები. ერთიც და მეორეც ქალაქს შერჩნენ. ხან ქალი წამოუშვებდა ცრემლებს, ხან რძალი: რა იქნება, თავწყალი ვერ გაგვიდევნებია, ბავშვების პატრონები ვართ, ჩამოდი და იყავი ჩვენთანო.

დარჩებოდა ერთი სამიოდე დღე, გაუსივდებოდა გული, ასტკივდებოდა თავი, გაუკრთებოდა ძილი. აიკრავდა თავის ბარგიბარხანას და წამოვიდოდა უკან. წკირებით, ღობისძირებში მოკრეფილი ნამტვრევ-ნუმტვრევით აანთებდა გაცივებულ ღუმელს.

ეზოს დაგვიდა, ბაღჩას დაასუფთავებდა. ბარავდა, სხლავდა, თოხნიდა. მოჰყავდა ჭირნახული. თვითონ რა სჭირდებოდა! ყველაფერს შვილებს უგზავნიდა, ზოგს ფულად, ზოგს ზამთრის სარჩოდ. მარცვალს არაფერს გააფუჭებდა, ყველაფერს გამოიყენებდა.

ვენახის ბოლოზე ერთი წაფერდებული კაკალი ედგათ. მადლიან კაკალს ეძახდნენ, ყოველ წელიწადს ხვინჭასავით ეყარა.

ხან ვის აბერტყინებდა, ხან - ვის! მაგრამ ბოლო ხანებში ძალიან გაძნელდა დამბერტყავის შოვნა. სოფელში კაცი აღარ იყო ამ საქმის მიმყოლი. თუ ვინმე ჭაჭანებდა, იმასაც კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული. რომ შეეხვეწებოდა, წამო, შვილო, შენს გახარებას, ერთი ის ჩემი წაფერდებული კაკალი ჩამომიბერტყეო, ყველა ამას ეკითხებოდა: შენი ბიჭი სად არის, რატომ ის არა ბერტყავსო? - ქალაქშია, შვილო, მსახურობს, არა სცალიაო. - ჩვენ რაღა მოცლილები გვნახეო!..

წამოვიდოდა გულმოკლული: ჩემი ბიჭის მჭვლები დაგადგეთ თქვენაო. ამოუჯდებოდა გული, იტირებდა, მერე ისევ ყოჩაღად იყო, მტრის თვალების დასათხრელად. მტრის თვალების დასათხრელადვე აიღო ერთხელ ხალხა და კაკალზე თვითონ გავიდა. მე დავბერტყავ და მტერს არ გავახარებო. ორჯერ არა ჰქონდა მოქნეული ის ხალხა და წინ წავარდა. რამეს მოვეჭიდებიო, გაუელვა, მაგრამ ვერაფერს მისწვდა. იგრძნო, იღუპებოდა. მაინც ხმა არ ამოუღია. მიწაზე დაცემულმა ერთი ეს შესძლო, მუხლებზე კაბა გადაიფარა. კიდევ კარგი, რომ ვიღაცამ შემთხვევით მოჰკრა თვალი. გეგონებოდათ, მყუდროზე მიწოლილა და ისე მისძინებიაო.

შვილებმა მეორე დღეს ძლივს გაიგეს მისი ამბავი. დიდი პატივით დაკრძალეს. სახლს მძიმე კლიტეები დაადეს. ერთ კვირაში ეზო ქარმა ჩალაბულით აავსო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ