(ფსიქოლოგიური ეტიუდი)
დიდი და ბრწყინვალე დარბაზი გაჩაღებულია ხომლებით. ახალგაზდა ქალ-ვაჟნი დიდის ხნის ცეკვის შემდეგ აღგზნებულის პირისახით ბოლთასა სცემენ და გაუთავებელ ჭიკჭიკში არიან. მეორე დარბაზიდან მოისმის დაბალი, ტკბილი ღუღუნი დუდუკისა და ზედ დაძახილი ძლიერი ხმა სოპრანოსი: „გახსოვს, ტურფავ“...
სახლის ფანჯრები მთლად დაღებულია და სიგრილით ავსებს ხალხით გატენილს დარბაზებს, სახლის პატრონი, ღიპ-გადმოგდებული მდიდარი ვაჭარი, გარბის, გამორბის, ბრძანებლობს, განკარგულებას აძლევს მოსამსახურეებს. მოსამსახურენიც ფაციფუცობენ, დაარბენინებენ ცივ-ცივ სასმელებს, მაროჟნას, კამფეტებს და სხვადასხვა ხილეულობას.
ამ საზოგადო მხიარულებასა და მოძრაობას ბანს არ აძლევს მხოლოდ ელისაბედ გმირაძისა, ერთ გაღებულ ფანჯარასთან სდგას და თვალებიდან ცრემლი ცრემლზედ სცვივა, თუმცა ისეა გარინდებული, თითქოს არც-კი გრძნობს ამ ცრემლების დენას და ხარბად ისუნთქავს სურნელოვანებით შეზავებულ შუღამის სუფთა ჰაერს. ყური გაფაციცებთ უსმენს შორს, შორს მსტვენავ ბულბულს და თვალი მისი სტკბება მკრთალი მთვარით განათებულ წინ გადაშლილი გასაოცარი სურათით, გადაჰყურებს ორ დიდ მდინარის ხეობას, დიდროვანი კაკლის ხეებით შემკულს, და შავად მღელვარე ზღვასავით თვალგადუწვდენელ მწვანე ჭალებსა და ვენახებს.
ელისაბედის თვალი, ყური, თითქმის გულიც სრულიად დაკმაყოფილებულია. ცრემლი ცრემლზედ-კი შეუწყვეტლივ ჩამოდის იმის ოცდათხუთმეტის წლის მკრთალ ღაწვებზე და უხვად დადის გულზედ დაკრეფილ ლამაზს ხელებზე. დიახ, ელისაბედის გულიცა და გონებაც დამშვიდებულია, იმის ძარღვებში სისხლი წყნარად, აუშფოთებლივ დამოგზაურობს და მხოლოდ მოგონება, მოგონება ტკბილი, მცირეოდენ სიმწარესთან შერეული, იწვევს ამ, მწვავეს კი არა, სეედის გამნელებელს ცრემლებს.
ათი წელიწადია, რაც ელისაბედი ამ სახლში არა ყოფილა და აი, ათის წლის შემდეგ, ოხვრით იგონებს იმ დროს სიყმაწვილისას, სიყვარულისას და ბედნიერებისას, კარგად ახსოვს ამ ათის წლის წინად გაჩაღებული ესევე ბრწყინელე დარბაზი, ესევე ტკბილად მოღუღუნე წყნარი დუდუკი და ზედ დაძახილი სევდიანი, მაგრამ ტკბილივე ბაიათი.
დიახ, ელისაბედს კარგად ახსოვს, არა, ახსოვს კი არა, გულს ღრმად აბეჭდია ის დღევანდელებრ ტურფა, მომხიბლავ მთვარის სინათლით გაჩაღებული საღამო და ეს გაღებული ფანჯარა, რომელთანაც მაშინაც ესე გადაყუდებული იყო, მაგრამ, დღევანდელებრივ მარტო-კი არა, მაშინ საბედო გვერდს უდგა მაშინდელი ამ სახლის პატრონი, მშვენიერი, გონიერი, ღონიერი ყმაწვილი კაცი, თავადი გივიშვილი ლევან, და გაჩუმებული ამასთან ერთად გადასცქეროდა ამ მაშინდელებრ უცვლელ, წინ გაშლილ გასაოცარს სურათს.
მაშინაც ელისაბედი ესე ჩუმად, უძრავად იდგა, მაგრამ მთელი იმისი არსება საშინელი აღგზნებული გრძნობის ალით იყო მოცული. გული მეტის-მეტის კმაყოფილებით მზად იყო გადმომხტარიყო თავის ბუდიდან და გონებას კიდევ დაევიწყნა ყოველივე სიფრთხილე და ლევანისთვის ხელი ხელში ჩაედო... მაგრამ დედაკაცურმა მორცხვობამ. თავისი გაიტანა და ლევანი და ელისაბედი ისე განშორდნენ ამ მომხიბლავ, ოცნების აღმაფრთოვანებელ სურათს, რომ არც-კი შეუხედნიათ ერთმანეთისათვის.
მხოლოდ ვახშამზე, ყოველი ძვირფასი საჭმელ-სასმელითა და გარშემო შემომსხდარ აუარებელის მხიარული სტუმრებით სავსე ვახშამზე, ელისაბედმა ძლივს გაბედა, გაიხედა იქით, სადაც იმისი სატრფო იჯდა, და თვალი შეასწრო იმის ჩაფიქრებულს, მაგრამ უწყალო სიტკბოებითა და ალერსით სავსე თვალებს, რომელიც ამას მოსჩერებოდა. დიახ, ეხლაც ნეტარების ჟრიამულს ჰგერის ელისაბედს იმ მშვენიერის ეშხით სავასე თვალების მოგონება და იწვევს ამის თვალებიდან ამ ცხელ-ცხელ ცრემლებს.
ათი წელიწადია მას აქეთ, მხოლოდ ათი წელიწადი, და რა ცვლილებაა აქ, ამ სახლში, ამ დიდებულ და ბრწყინვალე სადგურშიაც და ელისაბედისა და ლევანის გულშიაც! რამდენმა სევდამ, რამდენმა მწუხარებამ გადაიარა მას აქეთ ამათ თავზე, რამდენჯერ შემთხვევამ შეაჯახა ერთმანეთს ცხოვრებაში, მაგრამ ელისაბედი მხოლოდ ეხლა ჰგრძნობს, რომ მადლობელი უნდა იყოს თავისი დედაკაცურის მორცხვობისა, რომ მაშინ არ დაემორჩილა თაეის გრძნობას და ეხლა ძალუძს ასე ტკბილად, ასე კმაყოფილებით მიეცეს მოგონებას, მოგონებას ძვირფასს, სასიამოვნოს და არა მწარესა და შემარცხვენელს.
დიახ, დიდი ტანჯვა და მწუხარება გამოიარა ელისაბედმა თავის გრძნობის დასაძლევად იმ მშვენიერ ტკბილ ღამეს, რომელსაც ეს ასე გულ-ამომჯდარი იგონებს. კინაღამ ჭკუაზედ არ შეიშალა სიყვარულისა და მოვალეობის ბრძოლაში. იმ ღამეს, გათენებისას, როდესაც სტუმრები დაიშალნენ და ელისაბედიც სხვებთან ერთად კარზედ გამოვიდა ბრწყინვალე დარბაზიდან, სადაც ტრფობითა და ეშხით გატენილი ჰაერი თავბრუს ასხავდა და გონებას უკარგაედა, ლევანმა ეტლში ჩაჯდომა უშველა და გამოთხოვების დროს თავისი გახურებული ტუჩები დიდის ხნით დააწება ელისაბედის გაყინულს ხელს.
იმ კოცნამ მთლად ცეცხლი წაუკიდა ელისაბედის სხეულს, გულს ცემა შეუყენა, გონების თვალები დაუხუჭა და მთელი ღამე გიჟივით არბენინა... ხშირად მიიტანდა ხოლმე იმ ხელს, რომელზედაც ლევანის ტუჩებს ჰგრძნობდა, პირთან, უნდოდა ის ალაგი კბილით ამოეგლიჯნა, გულთან გაეთბო, მკერდზე მაგრად მიეკრა, მაგრამ ბრძოლა საშინელი, ბრძოლა წმინდის ბუნებისა ყოველთვვის დასძლეედა ხოლმე და საჩქაროდ ხელს უკან წაიღებდა.
იმ ღამემ ღრმად ჩააჭდო ელისაბედის გადაშლილ შუბლს რამდენიმე ჭმუხვანი და იმის მშეენიერს თვალებს სამუდამოდ რაღაც სევდიანი შეხედულობა მისცა, მაგრამ სინიდისი-კი უზაკველი დარჩა. გონებამ გულს ბრძოლა გაუწია, გაიმარჯვა და აი დღეს, ამ ტკბილი მოგონების დროს, ღმერთს თაყვანსა სცემს, რომ ეს ასე მოხდა და ელისაბედი პირნათლად შესცქერის თავის პირმშოს, თექვესმეტი წლის ნინოს, რომელიც ამავე დარბაზში ლევანის უფროს, თვრამეტი წლის შვილს რეზოს გვერდით აუზის და ტკბილი ღიმილით გულს უთბობს.