მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 210 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზამთარი მიწურულიყო, ისევ კი ციოდა, ფოცხვერა თბილ ღუმელს აჰყუდებოდა: სიცივისა ეშინოდა, სითბო უყვარდა. მომავალზედ ოცნებობდა განმარტოვებული. წინ ორი გზა გადასჭიმიყო ცხოვრებისა. გზები ერთად იწყებოდნენ, მაგრამ თანდათან შორდებოდნენ ერთმანეთს და უფსკრულში ინთქმებოდნენ ცალ-ცალკე. გზების დასაწყისში ეგდო ლოდი და ზედ ეწერა: მარჯვნივ წახვალ, მსხვერპლს შეიწირავ; მარცხნივ წახვალ, მსხვერპლად შეეწირები. ჩაფიქრებული დაჰყურებდა ფოცხვერა მარმარილოს და ვერ გაერკვია, რომელ ბილიკზე შემდგარიყო და რომელ გზას დასდგომოდა. ორსავე კვალს კი კარგად იცნობდა ახალგაზრდა.

მარცხნივ მიმავალი გზა გაეთვალისწინებინა იმის გონებას, მის უკვე განვითარებულ აზრს. მისი მასწავლებლები, ოდნავ შეთვისებული მეცნიერებათა ნაფლეთები, ნაკითხი წიგნები, მთელი გზა მის მიერ სასწავლებლებში გავლილი გატაცებით იზიდავდა მარცხნივ და იქ, იმ გზის დასასრულს, უსახავდა მოწამეთა გვირგვინს სხივოსანს. ეს გზა ძნელი იყო და ეკლიანი. ამ გზით სიარული მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც უარჰყოფდა თავის თავს მოძმეთა სანუგეშოდ. რჩეულნი მიდიოდნენ ამ გზით უშიშრად და ალტობდნენ გავლილ კვალს გულიდან ნაწვეთ სისხლით.

ფოცხვერამ იცოდა იმ რჩეულთა სახელები, რომლებსაც გაევლოთ ეს გზა ვიწრო და აწ მაღლიდან წყვდიადს უნათებდნენ მოძმეებს. იცნობდა იმათაც, რომლებიც ეხლა მიდიოდნენ ამ გზით გმირულად, „ვაშას“ შესძახოდა იმათ, მათ ქერქში ყოფნა კი არ მოსწონდა, მათ შედგომას უფრთხოდა: უსიამოვნოდ აჟრიალებდა ტანში, თუ იმათ ადგილას თავს წარმოიდგენდა.

მარჯვნივ მიმავალ გზას უფრო ახლო იცნობდა ფოცხვერა და გულიც უთქმიდა მისთვის. ამ გზით ვიდოდა ის, ვინც უარჰყოფდა მოძმეს თავის თავის სანუგეშოდ. ეს იყო გზა საკუთარის პიროვნების თაყვანისცემისა, მიმართულება გულცივი და დაუნდობელი. ამ გზის ბოლოს ბრწყინავდა ვერცხლის რამ სფერა, ლაპლაპებდა, თვალს იტაცებდა, გულსა ჰხიბლავდა, ანდამატივით იზიდავდა. მიისწრაფოდნენ მრავალნი მბრწყინვალე ბომონისადმი, რომ სწეოდნენ მას და შექმნილიყვნენ ძლიერნი, აღტაცებულნი, მფლობელნი ქვეყნისა, ბედნიერნი. მიდიოდნენ ამ გზით ხელებწაწვდილნი, თვალაბმულნი, ვერცხლის ტრფიალით სავსენი; მიდიოდნენ შეუდრკომლად და სთელავდნენ გზა-გზა ყველას და ყოველსავე, ვინც და რაც აბრკოლებდა მათ, სრესდნენ უწყალოდ უგრძნობელნი.

ეს შარა უძლურთა სისხლით იყო მორწყული, ადამიანთა ტვინი იყო მუნ დათხეული ძლიერთაგან, უხვად ეყარა ადამიანის ტომის გულთა ნაფლეთები კაცთაგანვე ბილწად ნაქელი. მიისწრაფებოდნენ მრავალნი. ვისაც მიეღწია ბომონამდის და შეჰხებოდა მას, სწეოდა ბედნიერებას: იჯდა იგი ყვავილოვან წალკოტში განცხრომით, სტკბებოდა, ნეტარებდა და ვეღარა ჰხედავდა, აღარცა ჰგრძნობდა, რომ ის ყვავილები ირწყოდა კაცთა სისხლით, რომ ზღუდე იმ წალკოტისა შეთხზული იყო ადამიანთა ძვლებისაგან, რომ შადრევანთა შრიალში ისმოდა კაცთა გმინვა, ხოლო ტკბილ სანოვაგეს ადამიანის ხორცის სუნი სდიოდა. ეს მარჯვნივ მიმავალი გზა იზიდავდა ფოცხვერას და უფრო ესაბამებოდა მის ბუნებას, რადგან გველი ანგარებისა დაბადებით დაჰყოლოდა მას.

ფოცხვერა მოურავის შვილი იყო, დიდი მამულის გამგესი, მამა მისი ფოცხვერაული, მხოლოდ ანბანის მცოდნე კაცი, შეასუქა ამ ხელობამ, უზრუნველჰყო და დოვლათის გემო გააგებინა. ოქროს ტრფიალმა ისე დაგეშა ის მოყვრის გაცარცვაში, რომ ბატონზე უფრო საშიში შეიქმნა მოყმეებისათვის.

- ახ! ნასწავლი უნდა ვიყო, კალამი უნდა მემარჯვებოდეს, რომ ჩემი შეძლება წლობით კი არა, დღითი დღე ვზარდო! - იტყოდა ხოლმე ფოცხვერაული ნაღვლიანად.

შვილი რომ სასწავლებელში მისცა და არას ზოგავდა მის აღზრდაზე, ეს მხოლოდ იმ აზრით, რომ ესწავლნა და ცოდნა დოვლათის მარჯვედ შეძენაზე მოეხმარებინა.

- მაშინ ჩემს შვილს ამ მხარეს კაცი აღარ ემჯობინება, მაშინ ყველა დაჰნატრებს ჩემს მამობას! - ჰფიქრობდა ის.

არ იცოდა ფოცხვერაულმა, რომ სწავლის კედლები უანგარო მსახურებაზეა აგებული, რომ განვითარებას ხალხის გლეჯა კი არა, მოძმის შველა უსახია მიზნად, რომ ამ აზრს ემსახურება განათლების ყოველივე კერა. მართალია, ეს მისწრაფება ზოგან და ხანდისხან მიმქრალდება და ბუნდდება, ზოგან და ხანდისხან ღვივდება და ჩაღდება, მაგრამ მაინც რაც უნდა გადახრილ-გადარყეული იყოს სასწავლებელი, მაინც ფესვი კეთილზე უნდვია მას. არ იცოდა ეს ყველაფერი ფოცხვერაულმა, მაგრამ მაინც ანგარიში არ წაუხდა, რადგან შვილისათვის დაეყოლებინა ბუნება მძლავრი, ქვეყნიურისკენ მიდრეკილი.

იწვრთნებოდა სასწავლებლებში ფოცხვერას გონება კაცთმოყვარეობის გზაზე და ამ აზრმა იქამდის მაინც იჩინა თავი, რომ ის საჯაროდ კეთილისაკენ იხედებოდა და კეთილს ამბობდა, თუმცა გული ანგარი ედვა და მოსისხლე. ორი პიროვნება აღიზარდა ფოცხვერაში, ერთი ხელოვნურად განვითარებული, მეორე ბუნებრივი; ერთი კეთილისაკენ პირსაფერად მიხრილი, რომელსაც სათნოებისაკენ ეჭირა პირი, მაგრამ მხოლოდ სიტყვით და გარეწრად, ხოლო მეორე მტაცებელი, რომელსაც მთელ დუნიაზე მარტო თავისი თავი მიაჩნდა ღირსად პატივისა და მზად იყო მისთვის სათაყვანებლად დაეხარნა ყველა და ყოველივე თვის გარშემო. ხელოვნურად აღზრდილი პიროვნება თხელ რამ ხასიათად გადაჰფარებოდა ფოცხვერას ტვინს, გრძნობას კი არ ეკარებოდა, ვერ ათბობდა, სურვილებს ვერა ჰბადავდა, ვერც წარმართავდა სამოქმედოდ.

ფოცხვერას მხოლოდ იერი ჰქონდა ცხებულისა, გული კი ამოჭმული და ნება კეთილისთვის ამოფიტული.

როგორა თავსდებოდა ეს ორი პიროვნება ერთ არსებაში?

ადვილად: ძირითადმა მისწრაფებამ დაჩაგრა და დაიმონავა აღზრდით შეძენილი ზედმეტი. კიდეც გააქრობდა მას და გამოვიდოდა ცხოვრებაში ფოცხვერა შიშველი, მავნედ ყბადაღრენილი, თუ ცხოვრება მხოლოდ ტვინის ამოწოვნაზე ყოფილიყო დამყარებული, მაგრამ რადგან ეხლა, განვითარების ხანაში, ცხოველური იგი პიროვნება საგმობია, ავად სახსენებელი და პირსაფერად მაინც უარყოფილი, ამისთვის ფოცხვერამ ბრჭყალები დამალა და ქურქი სათნოებისა წამოისხა. წარსდგა ჭაბუკი ერის წინაშე ორფერი საგანძურით. ხელთ ეპყრა მცნება: მოიხვეჭე კეთილი ქვეყნიური ყოვლითა ღონითა შენითა და დაჰფარე ენითა შენითა მისწრაფებაი გულისა შენისა.

რა ჭრელი იყო!

მომხიბლავი იყო თვალმახარა: სხარტი, მხარ-ბეჭიანი, მწითური, თვალებწამოკარკლული, ულვაშშეგრეხილი; შეხამებულად შემოსილი, უხინჯო ფეხსამოსზე შემდგარი; მოქნილი ქცევა; ლბილი ბოხი ხმა; ენა მოქარგული, შაქარლამა სიტყვებით და ფრთოვან ფრასებით მოუბარი.

მალე შევიდა სამსახურში.

- სამსახური საზრდოა დღიური; პატივსა და ნდობასაც მომიპოვებს. ნიადაგი მექნება გამაგრებული, ადგილზე მედგმება ფეხი და გულდინჯად, მოფიქრებით მოვაწყობ გარემოებებს, რომ უზრუნველვჰყო ჩემი ცხოვრება, რომ შევიძინო, რადგან დოვლათია ის ერთადერთი ნავი, რომლითაც უშიშრად შეიძლება ცურვა ცხოვრების აღელვებულ ზღვაზე.

და ეცადა ფოცხვერა, და არა ერთგზის მომართ-მოჭახრაკა გარემოებები.

მაშინ განათლებულთა ყურადღება ხალხის კეთილდღეობისაკენ იყო მიქცეული და მოსდევდა ერთი მეორეს ერის საშველად განზრახული თვალწარმტაცი დაწყებულებები: სასწავლებლები და წიგნთსაცავები საზოგადოების ხარჯით, წიგნების გამომცემელ-გამავრცელებელი ერთობები, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობები, სანოვაგეთა, ჭურჭლეულობათა და ტანთსაცმელთა დეპოები, დაუმუშავებელ მასალის საწყობები, ადგილ-მამულის შემძენი და ხელმოკლეთა დამსახლებელი ძმობები, სამეურნეო იარაღის თუ რჩეულ თესლეულობის მიმწოდებელი მზრუნველობები, საქონლის მომშენებელ-გამსაღებელ კავშირები, ღვინის ბაზარზე გამტანი სარდაფები, სახალხო სახელოსნოები ძველი ხელობის აღსადგენად თუ ახალის გადმოსარგველად.

ყველა ეს დაწესებულებები ანკარა წყაროდან მოჩანჩქარებდნენ, ბეჩავთ დახმარების სურვილიდან და თუ ჩვენში ნიადაგი იმდენად ყოფილიყო მზად, რომ თვით ხალხიდან გამოსულიყო სინიდისიერი მშრომელი, მაშინ ყოველივე ეს მოიტანდა თავის წილს სარგებელს, ზოგი კულტურულ წყაროდაც გარდაიქცეოდა ერისათვის; მაგრამ ჩვენში ამ დაწესებულებათა ჭირისუფლები ხალხის ზედაპირიდან იყვნენ, ცხოვრებისაგან ჩალაბულად ზევიდან მოგდებულ-მოტივტივებულნი და ვერ გაუმარჯვდათ. ან კი როგორ გაუმარჯვდებოდათ, როცა ამ ფაქიზ დაწესებულებებს ეტანებოდა დაუნდობელი ხელი ფოცხვერებისა?!

ყველა ამგვარ დაწესებულებაში ერია ფოცხვერა ან როგორც მოთავე, ან როგორც მოქმედი. ეს ადვილი იყო მისთვის, რადგან ადვილად მოიპოვებდა ხოლმე ნდობას. ვინ არ ენდობოდა ვაჟკაცს სასიამოვნოს, განათლებულს, სამსახურის მექონეს, გამრჯელს, ტკბილ მოუბარს? ვინ შეჰბედავდა ეჭვის თვალით შეხედვას?! კრებაზე რომ წამოდგებოდა და ფერად-ფერადებს გადაფურჩქნიდა მსმენელთ წინ, ვინ იფიქრებდა, რომ იგი სიტყვები მხოლოდ მოსატყუებლად იყვნენ მისგან ნაჭედნი.

კრების დასასრულ ფოცხვერა უსათუოდ მოექცეოდა საქმეს სათავეში. შესდგამდა თუ არა ფეხს, თითონ იცოდა, მკვდარს საით უზამდა თავს: გველი ანგარებისა გაიღვიძებდა მის გულში და თავს იჩენდა საზიზღარი. როცა ბოლოს სიქაგამოცლილი და ძირგამოღრღნილი დაწესებულება მიწას განერთხმოდა, ფოცხვერა თითონვე გამოდიოდა ძაძით მოსილი და დასტიროდა დაღუპულს, მოსთქვამდა საიმედო საქმის დანთქმის მიზეზებს, სხვას აწმენდდა ჭუჭყს, ხელს იბანდა პილატესებრ, იმედს იძლეოდა, რომ მარცხით განსწავლილი, სხვა ახალ საქმეს უფრო გულმხურვალედ მოეკიდებოდა, წამოაყენებდა ახალ რამ დაწესებულებას სანაცვლოდ აღსრულებულისა დაზარალებულთა სანუგეშოდ.

- ეხლა რომ გოდებს და იცრემლება, თითონ მაგას არ ებარა მესვეურობა; რატომ თავის დროზე არ მიიღო საჭირო ზომები, თუ ხედავდა ვისიმე სიფლიდეს?

- განა ეს პირველია!

- იქნება ხათრობს ვისმე, ვერ გაუბედნია თავის დროზე გააფრთხილოს საზოგადოება და იმიტომ მოსდის მარცხი?

- კაცებსაც ხომ მაგის ჩვენებით ვირჩევთ ხოლმე საქმის წასამართავად.

- ცუდი ხასიათი აქვს: თუ ერთი მიენდო ვისმე, მერე იჭვს ვეღარ შეატანინებ იმაზე.

- მაინც ყველა საქმე და დაწყებულობა მაგის ხელში ჩაიფუშა; მე რომ ანგარიშს ვუყურებ, თითონაც გაულოკნია თაფლი.

- და მაინც წყლიდან ყოველთვის მშრალი გამოდის.

- საკვირველი საქმეა, სამკითხავო!

ყველა ამისთანა ხიფათის შემდეგ ფოცხვერა გაწვებოდა, ბრჭყალებს მალავდა, ტუჩებს ილოკდა, რომ სისხლის წვეთი არსად დაჰმჩნეოდა, ელოდდა, სანამაღელვებული ღვარი ჩაივლიდა და თან წაიღებდა ყაყანს თუ მითქმა-მოთქმას; თან ღრინავდა ბოროტად, თავის თავს უღრენდა:

- არ ღირდა ჩიტი ბდღვნად! დრო და შრომა შევალიე, სარგებელი კი ვერა ვნახე სათქმელი. სხვა დაიყრანტალებს და პირიდან ოქრო სცვივა, მოუსვამს ხელს და მთელ ხელეურ სამკალს მოხვეჭს; ბევრი გაურჯელადაც მდიდრდება, მე კი ლამის სახელიც გამიტეხოს ჩემმა შრომამ და ვერც არა მარგოს რა. - და გველი ანგარების უფრო ეზრდებოდა გულში და ბზინავდა ფერად-ფერადი. თანაც რწმუნდებოდა ფოცხვერა, რომ ყალბ გზას დასდგომოდა: რადგან დოვლათი დაესახნა მიზნად, მთლად უნდა ჩამოჰშორებოდა უანგაროების გზას და პირდაპირ დასდგომოდა მამმონასთან მიმყვანებელ შარას. ფოცხვერაც თანდათან იწევდა ამ გზისაკენ. დროც იყო: დაწვრილშვილდა, შუახნის კაცი შეიქმნა, ჯერ კი უზრუნველყოფილად ვერა ჰხედავდა თავის თავს.

მაინც ერთხელ კიდევ სცადა ფოცხვერამ ეს ორპირი გზა და თითქო კიდეც გაუღიმა ბედმა. ეს იყო მოძრაობის ხანაში. მაშინ ხომ ყველა ალაპარაკდა, უტყვმაც ენა ამოიდგა და ფოცხვერასთანა გაგებული ადამიანი როგორ დადგებოდა უთქმელად.

თქვა და რა თქვა!

- აი სად ყოფილა ხალხის მხსნელი, მე კი შორს ვეძებდი! - ამბობდა ეშხში მოსული მსმენელი.

იტყოდა მეტყველი და თან თვალი ხალხის ჯიბისკენ ეჭირა, ემზირებოდა: ხელის მოთბობას აპირობდა. მაგრამ მოსტყუვდა მწარედ, ალჩუ ვერ დაუჯდა კოჭი.

სურვილს ვერ ეწია ფოცხვერა, თვალები კი აეხილა: ნახა, რომ მაზარაც ძალას შეადგენს, თუ თავს მოუყრით; გაცრცვილთა და ღატაკთ გროშებიდანაც თანხა შესდგება, თუ შეაქუჩებთ. ეს გამოცდილება დაიჭდია ფოცხვერამ გულის ფიცარზე და დაუწყო ცდა შესაფერს დროს.

დაუდგა კიდეც ფოცხვერას დრო საფერი. ის ჟამი იყო ეს, როდესაც აზვირთებული ტალღა ერისა შეეხეთქა იმ კლდეს, რომელიც უკვე გამოფუყული ეგონათ, ძირგამოღრღნილი. სალმა შეაკავა აქაფებული ტალღები და ჩაიხვია მკვიდრ ნაპირებში.

შესდგა ხალხი შემკრთალი, განცვიფრებული. მას ხელთ შერჩა მხოლოდ ფერად- ფერადი ოცნებები. ერთ იმის ოცნებათაგანი იყო განთავისუფლება ნივთიერის მონობისაგან და გემება ქვეყნიურის კეთილისა. სახტად დარჩენილი ხალხი ჯერ კიდევ ვერ დარწმუნებულიყო, რომ ფრთოვანი წარსული სიზმარი იყო წუთიერი, ის ჯერ კიდევ ელოდდა ზეცით მანანის მოსვლას და თვალს აშტერებდა სივრცეში, ეძებდა მომნიჭებელსა ცხოვრებისასა.

მაშინ მოევლინა ხალხს მესიად ფოცხვერა.

გაისმა ხმა მისი ტკბილ-სანეტარო. ხალხმა მიიხედა მისკენ, მიისწრაფა მასთან, მიაყრდნო მის მკერდს ტანჯული თავი. სიტყვა მისი საამო იყო ყურთათვის, ესალმუნებოდა გულს, ჰხიბლავდა თვით ურწმუნო ტვინს და იმედის ნავით ოცნებათა მორევში აცურავებდა ადამიანს. მჭევრმეტყველობდა ფოცხვერა.

- აამოძრავეთ კაპიტალი! უძრავად დებული ფული ლოდია უნაყოფო, სამუდამოდ გამოტანილი - თესლია მომცემი. ფული არა გვაქვსო?! გროშიც ფულია, იგივე თანხაა, მხოლოდ პატარა, უჩინარი; ეს ის წვეთებია, რომლისაგანაც შესდგება მდინარე მძლავრი. შეჰყარეთ ერთად ეს წვლილი და შეიქმნება კაპიტალი დიდი, ძალა უძლეველი, ყოვლად შემძლე, ქვეყნის სამოთხედ გარდამქცევი. ტალანტმა დაფლულმა დაფლა და დასწყია დამმარხველი, ტალანტმა გაცემულმა გამოიღო ნაყოფი ასკეცი. აამოძრავეთ კაპიტალი და იგი შეიქმნება წინდად თქვენის ბედნიერებისა, ხელშესახებ კეთილდღეობისა.

მარცვალი ხორბლისა გაძლევთ ნაყოფს ათკეცს, მარცვალი ვერცხლისა გამოიღებს ნაყოფს მრავალკეცს: ვერცხლი ძლიერია იფქლზე! ჯვარი ვერ დაგიწერია, ჭაბუკო, ხელმოკლეობის გამო? შემოიტანე რამდენიმე მანეთი და ჯვარის წერის დღეს მიიღე იმდენივე თუმანი. ვერ გათხოვებულხარ, კეკლუცო, მეზობლის ბიჭზე, ნებას არ აძლევენ, უმზითვოაო? შემოიტანე მინალთუნი თორმეტი და მიიღე ჯვარისწერის დღეს ოქრო ერგასი. გიკვდებათ მოხუცი და არ იცით, რითი აუგოთ წესი და როგორ დამარხოთ? შემოიტანეთ მცირედი და მიიღეთ გაჭირვების ჟამს მრავალი. მეუღლე გყავთ ფეხმძიმედ და არ იცით, რითი გაუძღვეთ ბებიას თუ სხვას? მომმართე მე, მომართვი ფული მცირედი და სავსებით ნუგეშინისცემულ იქნები გაჭირების დროს.

მიიღეთ ჩემგან ყველა შემოტანილ ფულზე საბუთის ქაღალდი. ნუ ეჭვობ, თომავ ურწმუნო, შეახე ხელი ოქროსა და ის დაგარწმუნებს შენ, განუგეშებს, გაგახარებს. თქვენ უკვე იცით ამ დაწესებულების სახელი: ეს არის კასსა! განათლებულ ქვეყნებს მოსდებია კასსები; ჩვენშიაც თავი იჩინეს მათ ჩემამდინაც, მაგრამ, ღმერთო ჩემო! რა უნდილად, უგემურად, რა უმადლოდ მიიზლაზნებიან იგინი ყველგან! მე კი მივმადლე კასსას ძალა მოძრავი, მივანიჭე უნარი აღმაფრენისა, ჩავსახე მასში ნიჭი შემოქმედებისა და მით ახლად შევქმენ ის! მე გამოვუგონე კასსას ისეთი საჭე, ისეთი ჭახრაკი გამოვუწყე მას, რომ ეს უძრავი და ტლანქი, უსულო და მოუხეშავი მანქანა შეიქმნა მარჯვე, მსუბუქი, მოძრავი. მე სული ჩავუდგი ცხოველი. სცადე და იგემე!

სცადეს და ეგემათ!

- ბიჭო, ეფრემ, ე ზაქები რომ მოგირეკია, ფული ვინ მოგცა? ხომ არ დაიპარე?

- რას ამბობ, კაცო! ფოცხვერას კასსიდან გამოვიტანე დედის სამარხი ოცდაათი თუმანი.

- ბიჭოს! რამდენი შეგიტანია?

- სულ სამთუმან ნახევარი.

- ელისაბედ, რა მშვენიერი საქორწინო კაბა გიყიდნია შენი გოგოსათვის! ნათლია შეეწეოდა.

- იმის დარდი აქვს! ფოცხვერას კასსიდან გამოვიტანე ოცი თუმანი, ღმერთიმც უშველის! სულ ოცდახუთი მანეთი კი შემატანინა.

- ეგ რა გიკვირს, ადამიანო, დურგლიანთ ესტატეს სამი ჰყოლია ჩაწერილი და ას თუმნამდის ფული აუღია.

- დედაკაცო, ყველა მდიდრდება და შენ რაღა ყური წაგიგდია, რატომ არ ჩასწერ შენს რძალს მაკრინეს?

- რა ვქნა, ნათლი, სახლში ფული არა მქონდა; ეხლა კიკნას ვესესხე და მამცემს თუ არა, შევიტან.

- გამარჯვება, მურყან! ამბობენ, ოთხი ჰყავსო კასსაში ჩაწერილი; საიდან იშოვნე ფული?

- სახლი მივყიდე ბრუტიანს. უნდა დაშალოს და გადაიტანოს. საწყალი მამაჩემი რომ კვდებოდა, მითხრა, ამ ხის სახლის მაგივრად ქვის სახლი დადგიო და მინდა ანდერძი ავუსრულო. პაპას ადგილი შეუძენია, მამას ხის სახლი ჩაუდგამს, მე კიდევ ქვის სახლს ჩავდგამ, მივიღებ თუ არა კასსიდან ფულს.

გავარდა ხმა ფოცხვერას კასსის მოქმედებაზე. ყველა იმაზე ლაპარაკობდა, ვინ რამდენი გამოიტანა და რა უყო ფული, ვინ როგორ მოახერხა კასსაში შესატან ფულის შოვნა და რა მოგება ნახა. იმატა მითქმა-მოთქმამ, გაიზარდა, გაზვიადდა, აზღვავდა, აქაფდა. ფოცხვერას კასსა შიოს მარნად დაისახა ულეველად, სასწაულის სახე მიიღო მისმა მოქმედებამ. დაგირავდა და გაიყიდა, თუ რამ დასაგირავებელი ან გასასყიდი იყო, გამოსხნეს, თუ სადმე ძონძებში გამოკრული ფული ჰქონდათ შავ დღისთვისმიგდებული; გამოიტანეს სახელმწიფო კასსებიდან, თუ ვისმე რამ ჰქონდა შეტანილი; მოგავ-მოჩხრიკეს ყოველივე კუთხე და დაურუვეს მთელ ქონებას ფოცხვერას უძირო კასსისაკენ. მიაწყდა ამ კასსას ბრბო დასტა-დასტა.

- რისთვის გასჯილხართ?

- ბიჭი უნდა დავაქორწინო, შენი ჭირიმე.

- შემოიტა ხვედრი და მიიღე წიგნაკი!

- შენ რაღა გინდა, დარეჯან?

- ჩემი რძალი მინდა ჩავწერო, დასაწოლია.

- დადე ფული! კინწუხ, ე წიგნაკი გადმომაწოდე.

- რა გატირებს, ნათლიდედ?

- რაღა რა მატირებს, ნათლი, ი თქვენი ნათლიმამა ხელიდან მეცლება.

- საწყალი! ფული ხომ იშოვე?

- აი ფული.

- მოიტა! გარდაიცვალოს თუ არა, მოწმობა მამიტანე და მიიღე სამარხი.

შემომტანი ათასჯერ მეტი იყო გამტანზე. ივსებოდა დახლი და გადადიოდა ფული ხაზინაში ფოცხვერას სახელზე. გადმოსქდა წყარო ვერცხლისა, გარდაიქცა იგი ნაკადად, თანდათან მატულობდა ჩხრიალა და ისწრაფოდა გარდაქმნილიყო გალაღებულ მდინარედ. მარჯვედ და საოცარის სისწრაფით იზრდებოდა ხალხში ფოცხვერას კასსისადმი ტრფიალი, გადამდები სენივით ვრცელდებოდა ოჯახიდან ოჯახზე, უბნიდან უბანში, სოფლიდან სოფლად; მთელ თემს მოედო იგი ტრფიალი. ფოცხვერა ეხლა ფიქრობდა, თავის კასსის განყოფილებები დაეარსებინა საქართველოს ყველა კუთხეში და ფულის საჭერი ბადე გადაეფარებინა მთელ ამ ქვეყნისათვის. კიდეც დააარსა რამდენიმე ნაყოფიერი განყოფილება. დიდძალი დოვლათი შეიკრიბა ფოცხვერას ხელში.

- ვინ მოიფიქრებდა, რომ ამოდენა ფულის შექუჩება შეიძლებოდა დაგლახაკებულ ხალხში! მაგრამ დიდმა აზრმა ნაყოფიც დიდი გამოიღო, - ფიქრობდა ფოცხვერა თავმომწონედ და უღიმოდა თავის თავს, ხელის გადასმით უალერსებდა თავის ფართო შუბლს.

ხელოვნურად იზრდებოდა ფოცხვერას კასსა, ახალ-ახალი ტოტები და ყლორტები გამოჰქონდა ამ საარაკე მცენარეს, განზე და განზე იდგამდა გაუმაძღარ ფესვებს და იწევდა მეტი ადგილისათვის მოეხვია თავისი ჯირკვები, რომ სიჩხინტე გამოეწოვნა ყველასათვის და ყოვლისათვის: ბევრი, ძალიან ბევრი საზრდო ეჭირებოდა მის ახოვან ტანს და საზრდო მზამზარეული, რადგამ ამ ეშმაკის ქმნილებას თვითმოქმედების უნარი არა ჰქონდა, რისამე დამუშავების შნო არ მიჰმადლებოდა და მხოლოდ იმის ჩანთქმით ცხოვრობდა, რაც სხვას დაემზადებინა, რაც სხვის სარჩოს შეადგენდა და სიცოცხლეს.

ეს კასსა არც სავაჭრო სახლი იყო, რომ აღებ-მიცემაში სარგებელი ენახა და იმით ხარჯიც გაესტუმრებინა, მოგებაც ეჩვენებინა წევრებისთვის და თითონაც დარჩენიყო რამე მმართველს; არც მასალის შემამუშავებელი რამ მოქმედება იყო, რომ დამუშავებული საქონელი მეტ ფასში გაესაღებინა და ამ ზედმეტით გაეცა ყველასათვის პასუხი; არც მიწის შემმუშავებელი და ბუნებიდან სიმდიდრის გამომღები დაწყებილება იყო, რომ ქვეყნის პირიდან მოხვეჭილი, თუ ქვეყნის გულიდან ამოღებული დოვლათი მოეფინა თვის გარშემო.

ეს კასსა თვალთმაქცურ ანგარიშზე იყო დამყარებული უნაყოფოზე: ათისთვის უნდა გამოერთვა, რომ ერთისთვის მიეცა გამორთმეული და თითონაც ესარგებლნა; თუ ათი ჰყვანდა დასაკმაყოფილებელი, ასისთვის უნდა დაეტყუვნა ფული, რომ მიეცა ნადავლი იმ ათისათვის და თავის თავიც არ დაევიწყნა; რამდენადაც დასაკმაყოფილებელთა რიცხვი იზრდებოდა, ათჯერ და ასჯერ მეტადუნდა ჰზრდილიყო დამაკმაყოფილებელთა რიცხვი. ეს ორი რაოდენობა, გამტანთა და შემომტანთა რაოდენობა, ესე იყო ერთმანეთზე შედუღებული. ის წუთი ბნელი იქნებოდა დაწესებულებისთვის, რაკი თუნდ ოდნავ იკლებდა შემავსებელთა რიცხვი, მაშინვე ეს ყალბად ნაშენი გოდოლი სიმდიდრისა დაინთქმოდა და ჩამარხავდა თვის ნანგრევებში თავის მოსავ-მოტრფიალეებს.

ეს თვისება თავის კასსისა ნათლადა ჰქონდა წარმოდგენილი ფოცხვერას და ამიტომ მთელი მისი ენერგია, მთელი მისი დაუღალავი მეცადინეობა მიმართული იყო წევრების შეძენაზე და სამოქმედო ასპარეზის გაფართოვებაზე. ისიც იცოდა ფოცხვერამ, რომ ბოლოს მაინც უნდა დამდგარიყო დრო შავი, ჟამი აღსასრულისა, როცა მთლად მოიკრიფებოდა მოსაკრეფი, როცა დაილეოდა სიმრავლე შემომტანთა და გაქრებოდა რაზმები ახალ-ახალი წევრთა და, მაშასადამე, დაინთქმოდა ფოცხვერას ტაძარი, დაინთქმოდა და სისხლის ცრემლი აატირებდა ურიცხვ მის მოსავს.

მაგრამ აქ სადარდელი მაინცდამაინც არა იყო რა: სამოქმედო ასპარეზს ჯერ სამზღვრები არ უჩანდა, მაშ დაღუპვის დრო ჯერ შორს იყო და, ესეც არ იყოს, რა არის ამ სოფლად უსამზღვრო და დაუსრულებელი, რომ ფოცხვერას კასსა ყოფილიყო სამარადისო?! მთელი ჩვენი ქვეყანაც, მთელი სამყაროც ჟამიერია და წარმავალი...

მთლად გაიტაცა ფოცხვერა ანგარებამ. ჩაითრია მბრუნავ მორევში, ოქროს ლაპლაპმა თვალები აუბა და მან ხელი შეახო ფულს თავის ხვედრის გარეშეც. ეს ჯერ შემთხვევითა ხდებოდა: ფოცხვერა სესხულობდა საზოგადო თანხიდან, რადგან საჭიროება ითხოვდა; უნდა დაეხსნა მამისეული მამული, შემთხვევით იყიდებოდა ოჯახის ძვირფასი მოწყობილება და არ შეიძლებოდა არ შეეძინა, ბანკი საჯაროდა ჰყიდდა საუცხოვო სახლს და ფოცხვერამ დაინარჩუნა ის. რა უშავდა? თავის ხვედრიდან შეავსებდა ნაკლს.

ესე სჯიდა ფოცხვერა, მაგრამ გველი ანგარებისა უელავდა მას წინ და იმის თვალებიდან კითხულობდა ის, რომ ამ ნაკლს არასოდეს არ შეავსებდა, რადგან რაც უფრო მეტსა ხვეჭავდა, იმდენად უფრო ეგზნებოდა მეტის სურვილი, იმდენად უფრო ეძნელებოდა ფულის გაღება. მთლადაც სძლია ფოცხვერა აღორძინებულმა ვნებამ.

ანგარების გველი ეუფლა მთელ მის არსებას, დაეხვია ტანსა და ყელს, მოედო შუბლს, ვერცხლებრივ პრიალებდა მის ჭაღარაში.

რა საზარელი იყო!

აწ შეუკავებელი თაღლითობა დაიწყო ფოცხვერამ, მრავალ ოინბაზობას მიჰმართა.

ფულს აღარ უშვებდა კასსიდან: თუ მეტი გზა არ იყო, სცდილობდა უკანვე დაებრუნებინა გატანილი ფული; თითონვე ყიდულობდა ყოველგვარ საკასსო გვამს და ხვედრი ფული გაჰქონდა პიდაპირ თუ მახლობელთა დახმარებით.

- შენ გირჩევნია, ჩემო თედო, დააფასო შენი ავადმყოფი და ჩემგან მიიღო ნაღდი, ისე რომ ცალი ფულიც არ დახარჯო.

- ეგ როგორღა მოხერხდება, შენი ჭირიმე?

- ადვილად: შენ მაგივრად მე შევიტან კასსაში ხვედრ ფულს, როდესაც დრო დადგება, მოგცემ დანაპირს და ხელს მოგაწერინებ მთელ გამოსატან ფულზე. რამდენი უნდა მოგცე?

- რასაც გაიმეტებ, ბატონო! რა ხარჯი მიმიძღვის, რომ ბევრი მოვითხოვო.

- ხუთი თუმანი გეყოფა.

- თუ მიბოძებთ, თქვენი წყალობა იქნება.

და მოჰქონდათ მოწმობები და გაჰქონდათ მხოლოდ დაპირებული, და ხელს აწერდნენ მთელ გასატანზე.

- მოხვედ მშვიდობით, ბერდიავ!

- დამხვდი მშვიდობით!

- დაბრძანდი, ამბავი?

- მშვიდობა! დავსწერე ჯვარი ჩემს ქალს. აი მოწმობაც.

- კანონიერია! მიიღე შენი ორმოცი თუმანი და ხელი მომიწერე.

- შენი წყალობა ნუ მომიშალოს ღმერთმა!

- ე ფული ხომ მიიღე და მოდი მეგობარ კაცს ერთი რჩევა დამიჯერე: მაგ ფულიდან ათი თუმანი აიღე სახარჯოდ, დანარჩენი ოცდაათი თუმნით ხუთი სხვა ჩასწერე; როცა მოწმობებს მოიტან, თითოში ისევ ორმოც-ორმოცი თუმანი გერგება.

- ჰაი, ჰაი კარგია, მაგრამ ვინღა ჩავწერო?

- ნაცნობი გეყოლება ან მოხუცი, ან დასანიშნი, ან ფეხმძიმე. რამდენი გამოგართვეს ამ მოწმობაში?

- ხუთი მანეთი.

- მიეცი თუმანი და თუნდ იმის მოწმობას მოგცემენ, რომ ქვა გარდაიცვალა. ჭკვიანი კაცი ხარ და მიჰხვდები: ეს სოვდაგარობაა, რას დავეძებ, პეტრე მოკვდა თუ მართა დაქორწინდა, ოღონდ შემოსატანი ფული იყოს შემოტანილი და მოწმობები გამოწყობილი.

ყაბულდებოდა აზრში ჩავარდნილი ჭკვიანი კაცი, სტოვებდა მიღებულ ფულს კასსაშივე და იღებდა ახალ წიგნაკებს, ამ საკვირველ თამასუქებს საკვირველის ბანკისა, და მოსდევდა მათ შეთხზული მოწმობები, და იზრდებოდა მოქმედება კასსისა.

ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი იბრუნებდა ეს გამანადგურებელი ბორბალი, რომ ღერძი არ ჩაჰლეწოდა მას პატრონისაგანვე გამრუდებული: ვნებამ ხომ გაიტაცა ფოცხვერა, შეუნდობელი შეცდომა ჩაადენინა: იმ წევრებს, რომლებიც თითონ ფოცხვერასა ჰყვანდა ჩაწერილი თავისი თუ თავის მახლობელთა სახელზე, უფრო ადრე დაუწყო ხვედრი ფულის ძლევა, თანაც დაუბრკოლებლივ და ერთბაშად, სხვებს კი სადღეხვალიოდ გაუხდა საქმე, ატანტალებდა, ერთბაშად არ აძლევდა, ხელში უწყალებდა.

ჯერი შეშალა ფოცხვერამ, რიგი დაარღვია და სიყალბის დაღი აშკარად დაასო თავის მოქმედებას. ეს იწყინეს იმათ, ვისაც ჯერი ასცდა და მედგრად მოითხოვეს ხვედრი. გაისმა უკმაყოფილების ხმა და ამ ხმაურობამ ეჭვი დაბადა წევრებში. ამ ეჭვით შეპყრობილებს და დაჩაგრულებს წაეხმარნენ ისინი, ვინც შურის თვალით უცქეროდა ფოცხვერას და ჰსურდათ მისი დამხობა. ამათ ყველას ბანი მისცეს იმათაც, ვინც ადრევე ხედავდა ფოცხვერას სიყალბეს, მაგრამ ხმას არ იღებდა სილაჩრით თუ დაუდევრობით. შესდგა საგრძნობელი ჯგუფი მოწინააღმდეგეთა და ახმაურდა.

- ანგარიში, ანგარიში! - გაისმა ყოველ მხრივ.

ამ ხმაურობამ გამოაფხიზლა ბრბო. დამფრთხალმა ხალხმა მოჰკრა ქისას პირი და ხელი მოუჭირა ჯიბეს. სწრაფად იკლო ვერცხლის ნაკადმა. ფოცხვერამ მოავლო არემარეს გამოცდილი თვალი, შენიშნა აუცილებელი საფრთხე და შეფიქრდა ერთ წამს. მაგრამ მალე მოეგო თავს. წყალქვეშ ერთ გოჯზე ხარ თუ ერთ ადლზე, ორივე ერთია, ორსავე შემთხვევაში დახრჩობა აუცილებელია, გაიფიქრა იმან და უკვე შეტოპილმა მთლად დაიყურყუმელავა: რაც კასსის ფული იყო შენახული ხაზინაში თუ სხვაგან სადმე, გამოიტანა და გადამალა, უმთავრესი საბუთის წიგნები დასწვა და წარსდგა ხალხის წინ ფოცხვერი პირსისხლიანი.

- ხალხო და ჯამაათო! საქმე დავიწყე მომავლიანი, საშვილიშვილო, ნამდვილ სოვდაგრული, საქმე ისეთი, რომ ჯერ არსად თქმულა, არც გაგონილა. ავამოძრავე კაპიტალი, ვადუღ-ვაქოჩქოჩე ცხოვრება გარინდებული, მიძინებული, მიმკვდარი. სასიქადულო ჩემი დაწყებულობა, ხვავიანი ჩემი მოქმედება სწორედ დიდ ნაყოფს გამოიღებდა თქვენს სანუგეშოდ, ჩემს სასახელოდ და ქვეყნის საიმედოდ, რომ არ შევებოჭეთ უჟამოდ და ნება მოეცათ მოქმედებისა. მაგრამ აჰყვა ბოროტი ამ კარგ საქმეს, როგორც ჩრდილი საგანს: გაჩნდნენ მოშურნენი, ააღელვეს წევრები და შეაკრთეს, შეაწყვეტინეს ფულის შემოტანა. და თუ წევრები ფულს არ შემოიტანენ, თუ ახალ წევრთა რიცხვი არ იმატებს, მაშ ძველი წევრები რა ფულსღა გაიტანენ, ან როგორღა შეივსება გატანილი?! აკი დაცარიელდა კიდეც კასსა და დაემხო მტერთა გასახარად...

ხალხში ჯერ სიჩუმე სუფევდა სამარისებური, მერე ყრუდ გაისმა გაურკვეველი რამ ხმაურობა; იმატა ხმამ, გართულდა და გარდაიქცა გრგვინვად საზარლად, შემხუთველად, შემაძრწუნებლად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ