კაცი იყო, თავი დაკარგა...
გათენდა და კაცმაც გაიღვიძა.
დილიდანვე რაღაც სიცარიელე აჰყვა. სიზმრიდანაც ვერაფერი გამოიტანა, გარდა შიშისა და სასოწარკვეთისა.
უგემურად წაიხემსა და მაშინვე შეუდგა ძებნას, ოღონდ არ იცოდა, რას ეძებდა.
ეძებდა ოთახის ბნელ და ნათელ კუთხეებში.
ეძებდა სარკეგაცრეცილ კარადაში, ახალსა და ძველ ტანსაცმელს შორის; ეძებდა განჯინაში, გაურეცხავ და გარეცხილ თეთრეულში; ეძებდა საწოლქვეშ დაგროვილ მტვერში; ეძებდა წიგნების თაროებზე.
წიგნებში და წიგნებს შორის; ეძებდა საწერ მაგიდაზე დახვავებულ ნივთებში; ეძებდა უჯრებში - გაყვითლებულ, თაგვისაგან კიდეებდაღრღნილ ხელნაწერებში, დასტა-დასტად შეკრულ ძველ წერილებში.
ამოძრავდა მოგონებებიც და ახლა მათში დაიწყო ძებნა იმისა, რაც დაკარგა, მაგრამ ის რაღაც მოგონების მიღმა რჩებოდა.
მოწყურდა და წყალი შესვა.
იქნებ ქალის ალერსში დაკარგა, იქნებ ღალატში, ანდა სულაც ერთგულებაში.
იქნებ ქარში, ანდა წვიმაში. იქნებ მთვარიან ღამეში დაკარგა ის, რასაც ეძებდა, ანდა ვარსკვლავებს შორის.
იქნებ ამომავალი მზის, ანდა ჩამავალი მზის ფერებში ჩაიკარგა ის, რასაც ეძებდა.
რაღაც ჰანგები აჟღერდა მასში, რაღაც სიმღერები და ახლა იქ დაუწყო ძებნა.
ხედები ხედებს ცვლიდა: მდინარის ჩაბურული ნაპირები; ველს შესეული ყაყაჩოების ჯარი; უდაბური, ურწყული, დახეთქილი მიწა; მწვანედ შეფოთლილი კორდები; ცივი, ნისლიანი მთები; ზღვა მღელვარე და ზღვა წყნარი.
ნაცნობი და უცნობი სახეები: მწუხარენი, მომღიმარნი, ჩაფიქრებულნი, პირდაპირი და ირიბი მზერით, ცოცხალნი და მკვდარნი.
წამოწვა. დაძინება სცადა. ძილი არ მიეკარა. თვალები დახუჭა და ჩაკეტა სხეული. როგორც მიტოვებული სახლი, შიდა მზერით მოიარა. რაღაცას ეძებდა, ოღონდ არ იცოდა, რას. იქნებ ტკივილს ეძებდა.
დაუნდობლად არაფერი ტკიოდა.
დადგა საღამო. ნიავი თხელ, გამჭვირვალე ფარდას არხევდა. კაცმა სავარძელი ფანჯარასთან მიდგა და ჩაფიქრდა. მერე ხელებს დახედა და ეუცხოვა ისინი.
ახლაღა მიხვდა, რომ თავი დაკარგა.
ერთხანს სავარძელში იჯდა.
მერე წამოდგა და შინიდან გავიდა.
კარი ჩარაზა.
მთელი საღამო ეძებდა კაცი თავის თავს, მთელი ღამე. ეძებდა ნაცნობ და უცნობ ქუჩებში. უკაცრიელ სანაპიროებზე. გაბრდღვიალებულ, ხალხმრავალ მოედნებზე. ყველა უმიზნოდ და ჩუმად დადიოდა აღმა-წაღმა. მხოლოდ მათი ფეხის ხმა ისმოდა.
კაცი აჰყვა ამ ბრბოს.
გაველურებულ ბაღში მოხვდა. აქა-იქ, ფოთლებს შორის, მბჟუტავი ნათურები თავის თავს ძლივს ანათებდა. ბაღშიც უამრავი ადამიანი ეძებდა თავის დაკარგულ თავს და, მათ შორის იყვნენ თავის თავისგან მიტოვებულნიც. ისინი ეძებდნენ ერთმანეთს ხელისცეცებით, სასოწარკვეთილი შეძახილებით, ოხვრითა და კვნესით.
ნელ-ნელა უჩინარდებოდნენ ადამიანები, სხეულისგან დაცლილნი და ლანდადქცეულნი სიბნელეს ერწყმოდნენ.
დაცარიელდა ბაღი და ბნელად აშრიალდნენ ფოთლები.
კაციც გამოვიდა ბაღიდან და მას ჩრდილივით აედევნა დიდი თეთრი ძაღლი.
კაცი შინ ბრუნდებოდა.
მთელი გზა სახლამდე ძაღლი მისდევდა კაცს. შეჩერდებოდა კაცი და, შორიახლო, ძაღლიც შეჩერდებოდა.
როდესაც თავისი სახლის კარს მიადგა და მოიხედა, ძაღლი აღარსად ჩანდა.
კარი ოდნავ შეღებული დახვდა.
შევიდა ოთახში და სინათლე ჩართო.
ფანჯარაში მიდგმულ სავარძელში ვიღაც უცნობი იჯდა. მან უცხოდ გამოხედა შემოსულს, ხოლო მერე თავის ხელებს დააჩერდა.
თხელ, გამჭვირვალე ფარდას ნიავი ოდნავ არხევდა.
მიხვდა კაცი, რომ თავად აღარ იყო. მის ადგილას, სარკეგაცრეცილი ძველი კარადა იდგა.
თენდებოდა.
















