კეთილი კაცი იყო. ცოლიც კეთილი ჰყავდა იმ კაცს და შვილებიც. ერთი ვირიც ჰყავდა. ვირიც კეთილი იქნებოდა, ვირად რომ არ გაჩენილიყო.
ერთხელ კეთილი კაცი ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადასულიყო. შეჯდა თავის ვირზე და გაუდგა გზას.
ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ერთი მოხუცი. კეთილი იყო კეთილი კაცი და შესვა მოხუცი ვირზე.
ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ერთი ბავშვი. კეთილი იყო კეთილი კაცი და შესვა ბავშვი ვირზე.
ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ორი ქალი: ერთიც ლამაზი და ერთიც ულამაზო. ორივე ვირზე შესვა.
ცოტა გზა გაიარა და ხედავს: აქლემი წაქცეულა, ტვირთი გვერდზე აგდია. იქვე ზის აქლემის პატრონი და ტირის. კეთილი იყო კეთილი კაცი და აქლემი თავის ტვირთითა და აქლემის პატრონი თავისი ცრემლებით ვირზე დასვა.
ცოტა გზა გაიარა და ხედავს, გზის პირას ლოდი აგდია. კეთილი იყო კეთილი კაცი და ლოდიც ვირს აჰკიდა.
ცოტა გზაც გაიარა და ვირმა უთხრა კეთილ კაცს - კეთილო კაცო, მეც შემსვი ვირზეო.
კეთილი იყო კეთილი კაცი და ვირიც თავისი ტვირთით შესვა ვირზე.
ცოტა გზა გაიარეს და მიაღწიეს მეორე სოფელს.
















