მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 595 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზღვაში ხომალდი მიცურავს. დაეჯახა წყლის ქვეშ მყოფს კლდესა და ძლიერ დაზიანდა. წყალმა იწყო დენა ხომალდში და უქადის მას დაღუპვასა. მოგზაურნი დაფაცურდნენ და ზოგი უცობს გახვრეტილ ადგილს, ზოგიც შემოსულ წყალს ასხამს ზღვაშივე. ხომალდის კაპიტანი ყველას ამხნევებს და იმედს აძლევს მშვიდობით მისვლისას ნაპირამდის.

ხომალდის ვირთაგვები კი სრულიად სხვანაირად იქცევიან, ესენი სტოვებენ თავისს ხომალდს და შეცურდებიან ზღვაში იმ იმედით, რომ სხვა ხომალდამდის მიაღწევენ, გადარჩებიან და ახალს სასუსნავს იშოვნიან. თვით ხომალდის ბედი მათ ფეხებზედაც არა ჰკიდიათ, მაგრამ იმედი უცრუვდებათ, ზოგი მათგანი წყალში იხრჩობა, ზოგი ონავარ ზღვის ცხოველების ლუკმად ხდება და ზოგნი თუმცა მიაღწევენ ხოლმე სხვა ხომალდამდის, მაგრამ იქაური ვირთაგვები ეცემიან, დაჰკბენენ და ამოჟლეტენ ხოლმე. ხომალდი კი ხშირად დაღუპვას გადაურჩება ხოლმე თავისი მოგზაურების ერთგულების და მხნეობის წყალობით.

ჩვენი ეროვნების ხომალდიც სწორედ ამავე მდგომარეობაშია. შფოთიანმა ისტორიულმა ზღვამ და წყლის ქვეშ მყოფმა კლდეებმა იგი მეტად დააზიანეს და საშიშარ მდგომარეობაში ჩააგდეს. თვით მისი არსებობაც კი მომავალში საეჭვო გახდა. სავალალოდ მხოლოდ მცირეოდენი გუნდი მამულიშვოლებისა ებრძვის ამ სახიფათო მდგომარეობას, ყოველის ზიანის განკურნებას ცდილობს, ცდილობს გადაარჩინოს დაღუპვას ეროვნული ხომალდი, გაიყვანოს სამშვიდობოს და სანუგეშო მომავალი მოუმზადოს.

უმრავლესობა კი გულგრილად უყურებს ამ საშინელს ხიფათს და ან არ ესმის ამ ხიფათის მომაკვდინებელი მნიშვნელობა და ან თუ ესმის გულხელდაკრეფილი შესცქერის შავს მომავალს, რადგანაც მთლად მოკლებულია უნარსა და მხნეობას. ზოგნი კი, ვირთაგვებივით, სტოვებენ ეროვნულს ხომალდს, ღალატობენ მას, გარბიან მისგან და იმედოვნებენ, რომ სხვა ხომალდზე მოიპოვებენ საზრდოს და ბედნიერებას. მაგრამ ისევე ულმობლად სტყუვდებიან, როგორც სულდაბალი ვირთაგვები.

აი ერთი ჯურის დიპლომიანი ვირთაგვა. იგი კარგად ჰხედავს რა გაჭირვებულ, შევიწროებულ მდგომარეობაშია დედა-ენა, რომელსაც ყოველი უფლება და პატივი აყრილი აქვს სკოლაშიაც და სხვა-და-სხვა დაწეებულებებშიაც. ეს სულიერი რომ ღირსეული ადამიანი ყოფილიყო, ყოველ ღონისძიებას იხმარდა, რომ თავის სახლობაში დედა-ენა, ეს ეროვნული მთავარი საუნჯე, გაემეფებინა და თავისი შვილებისათვის იგი სავსებით შეეთვისებინა. მაგრამ იგი ვირთაგვაა, და ამიტომ ზურგს აქცევს დედა-ენას, სტოვებს მას, თავისს საკუთარ სახლობაში აბუჩად იგდებს, შვილებს მუდამ უცხო ენაზე ეჟღურტულება და მზად არის თვით ლაქიასა და მოახლეს აუკრძალოს ქართული ლაპარაკი ბავშვებთან. და რას მოიმკის? მისი შვილები, მოშორებულნი დედა-ენის ცხოველ მყოფელს გავლენას, მოკლებულნი არიან ყოველ ძლიერს აზრსა, ყოველ ღრმა გრძნობას, ქარაფშუტობით არიან შეპყრობილნი, და გამოდიან გამოუსადეგარნი თავისიანებისათვისაც და ქვეყნისათვისაც.

აი მეორე ჯურის ვირთაგვა. იგი დიპლომიანია. მსახურობს ერთს საშუალო სასწავლებელში. მისს ღვიძლ საზოგადოებას ძლიერ უჭირს დახმარება ნასწავლი კაცებისა, საზოგადო საქმენი მუშაკთა სიმცირით - არა კეთდებიან, ფუჭდებიან, სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ვაჟბატონს რომ ადამიანის გული ჰქონოდა, ჩაერეოდა საზოგადო საქმეებში, ზურგს მისცემდა მუშაკთა და დაეხმარებოდა ეროვნულის ეტლის მსვლელობასა, მაგრამ მას მხოლოდ თავისი საკუთარი სიკეთე აბრმავებს, თავისი კეთილდღეობა ახსოვს, და ამიტომ ზურგს აქცევს საზოგადოებას, გაურბის მას, ფეხი ამოკვეთილი აქვს ქართულს თეატრში, არც ერთს ქართულს დაწესებულებაში წევრად არ არის, არც ერთ წამს, არც ერთს გროშს არ ახმარებს მშობლიურს საქმეებს. ჩინოვნიკობს, აგროვებს ფულსა და ბედნიერებას ელის, მაგრამ ტყუილად.

მოკლებული კაცურს ცხოვრებას, ხავსდება თანდათან, ყველას ადამიანურს ღირსებას და გრძნობას ჰკარგავს, ყველას სძულდება, მყრალს ჭიას ემსგავსება და ბოლოს ლევს თავის ღატაკს სულს ისე, რომ არც ერთს ადამიანში იოტის ოდენა სიმწუხარეს არა ჰბადავს, სიკვდილის მოახლოვებაც კი ვერ აღვიძებს მასში ადამიანურს მცნებას და თავის 30.000 ფულიდან გროშ-კაპიკს არ უტოვებს საზოგადოებას. ეს ფული სავსებით გადადის მის უსაქმურ და ბედოვლათ ნათესავების ხელში და ბოროტს საქმეებში იხარჯება.

ვირთაგული ბოლოა, განა? აი მესამე ჯურის ვირთაგვა. ეს კი ყოვლად მყრალი, ყოვლად საზიზღარი ქვემძრომია.

იგი არამც თუ გაურბის ყოველ მონაწილეობა საზოგადო საქმეებში, პირიქით თავის პროფესიად გაუხდია ცილის წამება და ბეზღება იმ მუშაკთა, რომელნიც შეძლებისდა გვარად სცდილობენ შეამცირონ საზოგადო უბედურება. ეს ვირთაგვა ამ ბეზღებით მოელის წინ წაწევას, ქონების შეძენას, კეთილდღეობას. სხვის უბედურებაზე მას სურს ააგოს საკუთარი ბედნიერება. მაგრამ ვირთაგულს ბედს ვერც ეს ასცდენია.

თავისიანებს ყველას იგი ჭირივით ეჯავრებათ და ეზიზღებათ, არა ნაკლებ ეზიზღებათ გულში ეს ქვემძრომი იმათაც, ვის საამებლადაც სჩადის ამისთანა სულმდაბლობას, და თუ თეთრს კბილს უჩვენებენ და თავზე ქონს უსმენ, ეს მხოლოდ დროებით, ვიდრე არ მოიმსახურებენ, მერმე კი პანჩურს ჰკრავენ ხოლმე ამ მოსაზრების ძალით: ეს ქვემძრომი თუ თავისიანებს ღალატობს, მით უმეტეს ჩვენ გვიღალატებს, თუ მეტი ლუკმა დაანახვეს სხვამაო, და მიჯვნი ეშმაკისგანაო.

აი მეოთხე ჯურის ვირთაგვა. ეს ხელს უწყობს და ეხმარება ჩვენის ერის დაქუცმაცებას, ღვიძლი ძმების გაყრას, იგონებს რაღაც პროვინციალურს ანბანს, რაღაც პროვინციალურს ენას, სცდილობს ხელი გაუმართოს ჩვენის ერის პატარ-პატარა ლუკმებად დაყოფასა, რომ მისი გადაყლაპა გაუადვილოს მოქიშპე კავკასიის ერებს.

ბატის ტვინი და სულმდაბლობა ქვეწარმავლისა ერთად არიან შეზავებულნი ამ ვირთაგვაში.

აი სენაკის ვირთაგვაც. ეს მამაცი ქევწარმავალი არამც თუ სკოლაში სდევნის ქართულს ენას, არამედ სკოლის გარეშეც უკრძალავს მას თავის მოწაფეებს და ყველას, ვინც ასე უკუღმართად არ იქცევა, ორგულობას აბრალებს, ცილსა სწამებს და აბეზღებს.

სამურზაყანოც არ არის ამ მხრივ ჩამორჩენილი სხვა ჩვენებურს კუთხეებზე. აქ ბანკი აქვს კაი ხნიდან ერთს მეტად აბეზარს გრძელ კაბიანს ვირთაგვას, რომელმად დაუბეზღებელი და ცილ დაუწამებელი არ გაუშვა არც ერთი ადგილობრივი მოღვაწე, არც ერთი რიგიანი მასწავლებელი, არც ერთი ლიტერატორი და ასე გასინჯეთ, არც მღვდელმთავარნი. თავისი საზიზღრობით ამან ბევრად გადააჭარბა სხვა კუთხეების ვირთაგვებსა.

სამწუხაროდ, თბილისშიაც სუფევს სულიერი, რომელსაც ვირთაგვას სახელს ვერ ვაკადრებ თუმცა დიდი ვირთაგული ცოდო კი ჩაიდინა. ამან მოაჭორა, მოიგონა, შეთხზა კ ა ღ ა ლ რ უ ს ო ფ ო ბ ო ვ (რუსთა მოძულე დასი) ქართველთა შორის და დაბეჭდა ერთს სატხტო გაზეთში. რად იკადრა ასეთი მეტად მავნებელი ცილისწამება, რომელიც ორგულობის ჩრდილს აყენებს ყველა ქართველს, აძლიერებს უსაფუძვლო ეჭვს ქართველთა ერთგულებაზე და იწვევს შემავიწროვებელს ზომებს და ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობას ჩვენის ქვეყნისას უფრო კიდევ ამწვავებს?

ალბათ იმიტომ რომ თავისი ერთგულების ფასი გაეზვიადებინა, თავისი კარიერის, პირადი ბედნიერების დროშა მაღლა აეფრიალებინა და საძირკვლად გაეხადნა თავისიანთა გაჭირვება, შევიწროება, უბედურება. მართალია, ახლა თითქო ნანობს და სცდილობს როგორმე შეირიგოს ქართველი საზოგადოება; მაგრამ ამისათვის საკმარისი არ არის წვრილმანი სიკეთენი. დიდს ცოდოს დიდი მონანიება ეჭირება, დიდს ვნებას მხოლოდ დიდი ღვაწლი განაქარწყლებს და გააბათილებს, თუ ამას მოიმოქმედებს ეს პირი, ქართველობა ისეთივე სიყვარულით მიიღებს მას და მიიჩნევს ღირსეულ ადამიანად, როგორითაც მიიღო მაცხოვრის იგავით გზადაბნეული აბელი მისმა ღვიძლმა მამამ…

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ