* * * * * * *
ფსიქიატრიული კლინიკის საკონფერენციო დარბაზი. კათედრასთან დგას მკურნალი ექიმი. იქვე, მაგიდას უზის ფსიქიატრი.
დარბაზში მყოფი სამედიცინო პერსონალი უსმენს მკურნალ ექიმს, რომელიც ავადმყოფის ისტორიას კითხულობს: „ნიკოლოზ გაბრიელის ძე მინაშვილი დაიბადა 1928 წელს. ქალაქ თბილისში. მამა, გაბრიელ მინაშვილი ამჟამად პენსიონერია. სწავლობდა უნივერსიტეტში. ცოლის გარდაცვალების შემდეგ თავი დაანება სწავლას და მატარებლის გამცილებლად დაიწყო მუშაობა. ამ ცნობას იმისთვის გაწვდით, რომ შვილთანაც ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ნიკოლოზ გაბრიელის ძე მინაშვილი სწავლობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და საკმაოდ კარგად, მაგრამ მეოთხე კურსი არც კი დაუმთავრებია, თავი დაანება სწავლას, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ალკოჰოლისადმი მისი მიდრეკილება: ნიკოლოზ გაბრიელის ძე მინაშვილის ბავშვობისა და მოწიფულობის წლები ემთხვევა დიდი სამამულო ომის პერიოდს.
უდედმამოდ დარჩენილ ბავშვს მძიმე პირობები შეექმნა. მამას არ ჰქონდა საშუალება და დრო, რომ მთელი ყურადღებით მიეხედა მისთვის. მიუხედავად ამისა, ის კარგად სწავლობდა. გარდა ქართული, რუსული ენებისა, ავადმყოფი კარგად ფლობს გერმანულ ენას, რაც მან ბავშვობიდან თვითონვე შეისწავლა. ინსტიტუტის დანებების შემდეგ, მეზობლების გადმოცემით, მის სახლში ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები: მეზობლებისავე გადმოცემით, სახლიდან ისმოდა მთვრალების ყაყანი, სიცილ-ტირილნარევი რაღაც დეკლამაციები, კამათი და ჩხუბის ხმები.
ავადმყოფი დროდადრო მუშაობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა. მუშაობდა მხაზველად, სცენის მუშად, სტატისტად, გერმანულის მასწავლებლად და ღამის დარაჯადაც კი. მაგრამ ვერაფერს გულს ვერ უდებდა და, უმეტეს დროს უქმად და უსარგებლოდ ატარებდა. მეზობლების უამრავი საჩივრის საფუძველზე, როგორც გამოუსწორებელი ლოთი, მოთავსებული იქნა ჩვენს კლინიკაში სამკურნალოდ. ავადმყოფმა გაიარა 20-დღიანი კურსი. მკურნალობამ დადებითად ჩაიარა“.
მკურნალი ექიმი გადის დარბაზიდან და შემოჰყავს ავადმყოფი ნიკოლოზ გაბრიელის ძე მინაშვილი.
ექიმი-ფსიქიატრი მოიხმობს ავადმყოფს და სთავაზობს სკამს თავის გვერდით.
ექიმი-ფსიქიატრი: ბატონო ნიკო, მკურნალობა დამთავრდა. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გრძნობთ ახლა თავს.
ნიკო: გმადლობთ, კარგად.
ექიმი-ფსიქიატრი: მოჩვენებები ხომ არ გქონიათ?
ნიკო: პირველად, როცა მომიყვანეს, მქონდა. ახლა აღარა მაქვს.
ექიმი-ფსიქიატრი: ესე იგი, დამშვიდდით, არა?
ნიკო: დიახ.
ექიმი-ფსიქიატრი: ახლა, აქედან რომ გაეწერებით, ერიდეთ ყოველგვარ ალკოჰოლურ სასმელს, რადგან ისეთი კურსი ჩაგიტარეთ, რომ ჯანმრთელობისათვის საშიშია... და საერთოდ, უმჯობესია მოერიდოთ იმ თქვენ მეგობრებს, რომელთანაც გიწევდათ სმა. უპირველეს ყოვლისა, სამსახური უნდა დაიწყოთ, რადგან ყველაზე კარგი მკურნალი შრომაა.
ნიკო: საერთოდ, ჩემნაირი ხალხის სამუშაოზე მიღებას ერიდებიან.
ექიმი-ფსიქიატრი: თქვენ ახლა სავსებით ჯანმრთელი ხართ. ჩვენ კი ყოველმხრივ დაგეხმარებით.
ნიკო: დიდი მადლობა.
ექიმი-ფსიქიატრი: (წამოდგება და ხელს გაუწვდის) აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. თუ რამე დაგჭირდეთ არ მოგვერიდოთ.
ნიკო ხელს ჩამოართმევს ფსიქიატრს, მერე დარბაზში მსხდომ ექიმებს გადახედავს და გავა.
* * * * * * *
ქუჩაში მოაბიჯებს ნიკო. აცვია ძველი ყაიდის გაცრეცილი, გრძელი პალტო.
ტროლეიბუსი გაჩერებაზე ჩამოდგება. ნიკო ჯიბეებში იქექება, ხურდას ეძებს, ვერ პოულობს, მაგრამ მაინც სხვებთან ერთად ადის ტროლეიბუსში. ასვლისთანავე მგზავრებს მიმართავს: პროეზდნოი და ერთი ხანდაზმული ქალის გვერდით დაჯდება.
ფანჯრიდან ჩანს ხალხმრავალი ქუჩა. ნიკო ფანჯარაში იყურება.
უცებ დაინახავს ქუჩაში მიმავალ ნაცნობს, წამოდგება, ქალს ბოდიშს მოუხდის და სარკმლიდან გასძახებს: პაკრიშკა!
„პაკრიშკა“ შეჩერდება, მიმოიხედავს და რაკი ვერ დაინახავს დამძახებელს, გზას განაგრძობს.
პაკრიშკა! კიდევ ერთხელ დაიყვირებს ნიკო, მაგრამ ნაცნობი სულ სხვა მხარეს გაიხედავს. ნიკო თავის ადგილას დაჯდება. და ხელების გაშლით ქალს მიმართავს.
რა ვქნა, ქალბატონო ეგრე ეძახიან და...
* * * * * * *
ნიკო ვიწრო ქუჩაზე მოაბიჯებს. მოპირდაპირე მხრიდან ჯოხის ცეცებით მოდის უსინათლო შუახნის კაცი.
ნიკო შეჩერდება, გაატარებს ბრმას, თვალს გააყოლებს და გზას განაგრძობს.
ნიკო მიუახლოვდება პირველი სართულის ღია ფანჯარას. შეჩერდება. ფანჯარაში ჩანს მომცრო ოთახი. მაგიდას უზის მოხუცი კაცი და საჭმელს ჭამს.
ნიკო ერთხანს დგას და უყურებს მოხუცს. მერე მოცილდება ფანჯარას და ქუჩას გაუყვება. მერე მოსახვევში შეუხვევს და ეზოში შევა.
ძველებური დიდი ეზო ხის ღია აივნებით. ეზოში ბავშვები თამაშობენ.
ერთ-ერთი კარის წინ შუახანს გადაცილებული ქალი ზის, ნიკო ქალს მიესალმება და ისე რომ, არც შეჩერდება, უდარდელად მიაძახებს:
- ხომ სულ კარგად ბრძანდებით, ქალბატონო დარია!
ქალი ხელს მოიჩრდილავს.
ნიკო ღიღინით განაგრძობს გზას: დარია თუ ავდარია, ჩვენი გული მაგარია... ეზოს ერთ კუთხეში ორმოციოდე წლის ქალი სარეცხს რეცხავს. მაროს თმა ჩამოშლილი აქვს. ნიკოს დანახვაზე მარო ოდნავ გაიმართება და თვალს გააყოლებს მას.
ნიკო თავისი სახლის კარს მიადგება, გამოაღებს და შედის.
ეს არის ნახევრად ჩაბნელებული ოთახი. ოთახის ერთ კუთხეში გაზქურა დგას. გვერდით მდგარ მაგიდაზე უწესრიგოდ ყრია ჭურჭელი. მეორე კუთხეში ძველებური გაცრეცილსარკიანი კარადა დგას.
ნიკო პალტოს გაიხდის და კარადაში შეკიდებს. შემდეგ ოთახის შიდა კარს გამოაღებს და უეცრად ოთახისხელა ქვით მოკირწყლულ ეზოში აღმოჩნდება. ამ ეზო-ოთახის შუაგულში ონკანია ამოწვერილი.
ნიკო ონკანს მოუშვებს, პეშვით წყალს დალევს და ეზო-ოთახის გავლით, სხვა ოთახის კარს შეაღებს.
ნიკოს მამა, რომელიც მან ფანჯრიდან დაინახა, მაგიდას უზის და მშვიდად ჭამს.
ნიკო მამასთან მივა, დაიხრება და აკოცებს. თან ეუბნება:
- რა ვქნა, ისე სასწრაფოდ მომიხდა მივლინებაში წასვლა, რომ ვერც დაგემშვიდობე... ისე, ერთს დავაბარე და ხომ არ შეგატყობინა?
- არავინ მოსულა, შვილო, მე თვითონ მივხვდი, - ამბობს მამა.
- არ ვიცი ამ ხალხს რა ვუყო, ვერაფერს ანდობს კაცი, - აღშფოთდება ნიკო.
- ისე, როგორ მოიარე? - ჰკითხავს მამა.
ნიკო პიჯაკს გაიხდის და სკამის ზურგზე გადაკიდებს. თან ამბობს:
- რა უშავს. მთავარია, რომ საქმე გამოვიდა. უფროსობა, ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩება.
- დაჯე, ნიკუშა, ჭამე რამე... აი იქ, კუთხეში, ერთი ბოთლი ღვინოა, - ეუბნება მამა.
- ოჰ, არა, მამა, შენ თუ გინდა დალიე.
ნიკო ყველის ნაჭერს აიღებს, პურს ყუას მოატეხავს და გემრიელად დაიწყებს ჭამას. მერე დოქიდან წყალს დაისხამს ჩაის ჭიქაში, ვიდრე დალევდეს, უნებლიეთ, დაყნოსავს.
- ისე, ნიკუშა, მივლინებაში ხომ კარგად გექცეოდნენ? - ჰკითხა მამამ.
ნიკო ფანჯარაში გაიხედავს და მოგვიანებით უპასუხებს:
- როგორ გითხრა, ჰო, იცი ხალხი ჭრელია ზოგი როგორ და ზოგი როგორ... შენ თვითონ როგორა ხარ?
- ერთხელ გავედი, გიგუშას ნახვა მომინდა, მაგრამ შუა გზიდან დავბრუნდი, ცოტა თავბრუ დამეხვა, რას იზამ...
- არა უშავს, ყველაფერი რიგზე იქნება... მეც ამ სამსახურს უნდა შევეშვა, რაღაც სხვა უნდა მოვნახო. მომბეზრდა ეს მივლინებები. ჰო, მართლა, ჩვენს პიანინოს მუშტარი გამოუჩნდა. ხვალ წაიღებენ ალბათ.
- ხვალ წაიღებენ?
- ნაშუადღევს მოვლენ... აბა რა მექნა, ვალები ხო გასასტუმრებელია.
ნიკო რეპროდუქტორთან მივა და ჩართავს. გაისმის რაღაც ლაპარაკი.
ნიკო საწოლზე წამოჯდება და თავს ხელებში ჩარგავს. ერთხანს ასე ზის. მერე უცებ წამოდგება და სტვენა-სტვენით მივა პიანინოსთან. სახურავს ახდის და იმ მელოდიას, რომელსაც უსტვენდა, დაუკრავს ცალი ხელით. მერე მეორე ხელსაც მიაშველებს. ჯერ ასე უკრავს. შემდეგ სკამს ფეხით მოსწევს და დაჯდება. პიანინო ცოტა აშლილია, რაზედაც ნიკო იმანჭება ხოლმე.
მამა უსმენს ნიკოს. რატომღაც ჩაეცინება და წამოდგება. სკამს წამოავლებს ხელს და შვილის გვერდით დაჯდება. ნიკო გახედავს მამას და თვალს ჩაუკრავს. ისინი ახლა ოთხ ხელში უკრავენ ძველ პიესას...
დილა
ნიკოს ვიოლინოს ხმები აღვიძებს. მეზობელ ოთახში ვიღაც მეცადინეობს.
ნიკო რადიოს ჩართავს და მთელი ხმით გაისმის გადაცემა სოფლის მეურნეობის შესახებ. ნიკო მამის საწოლს გახედავს. საწოლი ცარიელია. წამოდგება. ჩაიცვამს. რადიოს წამით გამორთავს. კვლავ გაისმის ვიოლინოს ერთი და იგივე ბგერები. ისევ აუწევს რადიოს და ეზო-ოთახში გადის.
მამა ხელ-პირს იბანს ონკანთან.
- ასე ადრე რატომ ადექი? - ეკითხება მამა.
- მივლინებების შედეგები უნდა მოვახსენო უფროსებს. - თან ხელებს წყალს შეუშვერს.
მამა-შვილი შენაცვლებით იბანს ხელ-პირს.
- ჩაი დავლიოთ, წყალი ახლავე ადუღდება, - ამბობს მამა.
- ვერ მოვასწრებ. შენ დალიე. მე უნდა გავიქცე.
ნიკო ხელ-პირს შეიმშრალებს. შედის ოთახში. თმას გადაივარცხნის. სკამზე გადაკიდებულ პერანგებს საყელოებს უსინჯავს.
ერთ-ერთს, შედარებით სუფთა პერანგს ჩაიცვამს. კარადიდან ჰალსტუხს გამოიღებს და გაიკეთებს. ველვეტის ხალათს გადაიცვამს.
გამოდის ეზო-ოთახში. მამას ერთ ხელში ჩაიდანი უჭირავს, მეორეში ფართო თეფში, რომელზედაც ყველისა და პურის ნაჭრები დევს.
ნიკო პურის ერთ ნაჭერს აიღებს, ყველს მოტეხავს, მამას მხარზე ხელს მოუთათუნებს და ჭამა-ჭამით მომცრო ოთახში შევა.
პალტოს ჩამოხსნის. ჩაიცვამს. პალტოს ჯიბიდან ოთხად დაკეცილ ფეტრის შლაპას ამოიღებს, გაასწორებს და დაიხურავს. ძველი კარადის გაცრეცილ სარკეში ჩაიხედავს. თავის გამოსახულებას თვალს ჩაუკრავს. დიდ ეზოში გამავალ კარს გამოაღებს. ზღურბლზე წამით შეყოვნდება, განსაკუთრებული მონდომებით გადადგამს მარჯვენა ფეხს და დიდ ეზოში გავა.
ბავშვები სკოლისაკენ მიიჩქარიან.
მეზობლის ქალი, დარია, კვლავ თავისი კარის წინ ზის სკამზე.
ნიკო ჩაუვლის მას, შლაპის მოხდით მიესალმება. წაიღიღინებს: „დარია თუ ავდარია, ჩვენი გული მაგარია“.
ნიკო ქუჩაში გადის. შეჩერდება. აქეთ-იქით გაიხედავს არ იცის საით წავიდეს. მერე მარჯვნივ წავა. თან უკან უკან იხედება.
* * * * * * *
ერთ-ერთი დაწესებულების ფართო შესასვლელი: შენობაში თანამშრომლები შედიან.
ნიკო შორიახლო დგას და მათ ათვალიერებს. მანქანების სადგომს კიდევ ერთი მანქანა მოადგა. მანქანიდან გადმოდის ნიკოს ასაკის, მაღალი, გამხდარი კაცი. ნიკო მისკენ გაემართება.
კაცს ნიკოს დანახვა გაუხარდება. ისინი ერთმანეთს გადაკოცნიან.
ნიკო ხელებს არტისტულად გაშლის და პათეტიკურად წამოიძახებს.
- მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია!
ნაცნობს გაეცინება.
ვიღაცა დაწესებულების შესასვლელისაკენ მიიჩქარის. ნიკო თვალს გააყოლებს და ზედმეტად დამწუხრებული იტყვის:
- მეც მასავით მინდა სადმე მეჩქარებოდეს.
ნაცნობი მხარზე წამოარტყამს ხელს სიცილით:
- ეჰ, ნიკუშ, ნიკუშ!
- ვახტანგ, იქნებ მეც რამე მომიხერხო. - უკვე სერიოზულად ამბობს ნიკო.
- რაღაცას გავაკეთებ, თუ ძველებურად არ გაახურებ.
- რას ამბობ? - შეიცხადებს ნიკო.
ვახტანგს გაეღიმება:
- კარგი რა, არ გიცნობდე მაინც...
- ახლა მე სულ სხვა ნიკო ვარ. - სახეს ბრიცავს ნიკო.
ვახტანგი ხითხითებს. მერე მხარზე ხელს მოხვევს და ეუბნება:
- თუკი შენ მართლა სერიოზულად ამბობ, ერთ კვირაში გამომიარე... ვახტანგი საათზე დაიხედავს. ახლა წავედი.
ნიკო გაუღიმებს და ხელს ასწევს. ვახტანგი შესასვლელისკენ გაემართება. გაზეთების ჯიხურთან რიგია.
ნიკო ურიგოდ მიადგება ჯიხურს, ხალხს ბოდიშს მოუხდის მე ეს გაზეთები არ მინდაო და გამყიდველი, რომელიც გაზეთების ყიდვითა და ხურდა ფულის თვლით არის გართული, ნიკოს ხმაზე გამოიხედავს;
- ნოიეს დოიჩლანდი არა გაქვთ? - ჰკითხავს მას ნიკო.
- ვა, სად დაიკარგე? გაუხარდება გამყიდველს, მაგრამ თავის საქმეს თავს არ ანებებს.
ნიკო ხელებს გაშლის და ხალხის გასაგონად ამბობს:
- ხომ იცი ჩემი ამბავი, ამდენი საქმე ერთად, ხან ეს, ხან ის, ხან ეს ხალხი.
ნიკო ფარდულთან შეკრებილ ხალხზე ანიშნებს და შემდეგ ისევ განაგრძობს:
- ხან ეს მივლინებები, თან ამოდენა ოჯახი კისერზე მაზის...
ნიკო ხალხის ყურადღებას იპყრობს, ზოგის ღიმილს იწვევს, ზოგის გაკვირვებას.
გამყიდველი ზედმეტი სერიოზულობით ეუბნება:
- ეგრეც არ შეიძლება, ნიკო, ცოტაც უნდა დაისვენო.
- მა ხალხს რა ვუყო!! - ზედმეტი სერიოზულობით ამბობს ნიკო.
- მოვრჩები ამას და გამოვალ. - ამბობს გამყიდველი.
- შენ წყნარად იმუშავე, მე თვითონ გამოგივლი.
ნიკო დაემშვიდობება გამყიდველს, ხელს მხარზე დაადებს და შემდეგ წავა.
* * * * * * *
ნიკო ქუჩაში დგას და იძახის.
- კაკო!
მეორე სართულის ფანჯრიდან შუახნის ქალი გადმოიხედავს.
- ოჰ, ნიკო, სად ხარ დაკარგული?!
- საირმეში ვიყავი, ცოტა დავისვენე. როგორც იქნა ჩემი სხეულისთვისაც მოვიცალე. - ასძახებს მხიარულად ნიკო.
- ჰო, ახლა დასვენებულზე გაორკეცებული ენერგიით შეუდგებით შენ და კაკო დიდ საქმეს. - იღიმება ქალი.
- არა, ქეთო, რას ამბობ...
- ამოდი, ნიკო!.. - ეძახის ქალი.
- არა, საღამოს გამოვივლი, მანამდე ალბათ კაკოც გამოჩნდება.
ნიკო მიდის ქუჩაში. აცვია ძველი, გრძელი პალტო, ახურავს შლაპა, რომელიც ყურებამდე აქვს ჩამოფხატული. ხელში ტროსტი უჭირავს. აცვია ძველი კალოშები, რომელიც ხანდახან ეხდება და ისწორებს მეორე ფეხით. ამას ნიკო ჩვეული ოსტატობით აკეთებს და გამვლელთა ყურადღებასა და ღიმილს იწვევს.
ცოტა გზას რომ გაივლის, დაინახავს რომ კარგი ჯიშის მონადირე ძაღლი ადევნებია. ძაღლს ყელსაბამიც აქვს. ძაღლი ხან გაუსწრებს ნიკოს და ხან მის გვერდით მორბის. ძაღლი შეჩერდება და რაღაცას ყნოსავს. მერე კვლავ ნიკოს დაედევნება. ნიკო ალერსიანად მოიხმობს, ცდილობს ხელიც გადაუსვას თავზე, მაგრამ ძაღლი გაექცევა.
ნიკომ გვერდით ქუჩაზე გაუხვია. ძაღლიც მას გაჰყვა.
ნიკო შეჩერდა, ჯიბიდან პეჩენია ამოიღო და უნდოდა ძაღლისთვის მიეცა, მაგრამ ძაღლმა დაყნოსა და არ აიღო. მაშინ ნიკომ თვითონ შეჭამა პეჩენია და განაგრძო გზა, თან უკან-უკან იყურებოდა.
ძაღლი დაედევნა. ნიკო კვლავ გაჩერდა და ჰკითხა ძაღლს:
- რა გქვია, ძაღლო?
ძაღლიც გაჩერდა და კუდი გააქიცინა. ნიკომ ძაღლს ხელი გადაუსვა. ძაღლი მშვიდად იდგა.
ნიკომ ღვედს წაავლო ხელი. ძაღლმა სცადა გასხლტომოდა მას, მაგრამ ნიკომ არ გაუშვა...
შემდეგ ქუჩაზე ნიკოს უკვე აღარ უჭირავს ღვედი. ძაღლი მას მორჩილად მიყვება გვერდით. ქუჩის ბოლოს მოსახვევში ნიკოს შეეჩეხება ხელჩანთიანი ქალი. ორივე შეკრთება.
- ნიკო! შესძახებს ქალი.
- დაგეხმარო? - ნიკო ანიშნებს ქალს ჩანთაზე.
- მძიმე არაა... - იღიმის ქალი და შეხედავს ძაღლს.
- შენი ძაღლია?
- ახლა გავიცანით ერთმანეთი, - ხუმრობით ამბობს ნიკო.
- არ იცვლები, - იღიმის ქალი.
ნიკომ ძაღლს გადაუსვა ხელი.
ქალი ერთხანს ჩუმად იდგა, მერე თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა.
ნიკოც ხმას არ იღებდა. შემდეგ ქალმა ხელჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და თქვა:
- კარგად იყავი, ნიკო.
ნიკო გაუღიმებს და თავს დაუქნევს ქალს. ქალი ქუჩაში მიდის.
ნიკო არც გახედავს მიმავალ ქალს, მხოლოდ მისკენ მკვეთრად გაიშვერს ხელს და თავისთვის იტყვის:
- ეე... როგორ მიყვარდი! მერე ბიჭურად თითებს პირში ჩაიყოფს და ხმამაღლა დაუსტვენს. უცებ ჩაესმის კაცის ხმა:
- მეგობარო, უკაცრავად.
ნიკო მიიხედავს და პირველი სართულის ღია ფანჯარაში დაინახავს შუახნის კაცს, რომელიც ძაღლს აკვირდება.
ნიკო შეცბა.
- რა კარგი ძაღლია, რა ხნისაა?
ნიკო მიხვდება, რომ ეს არ არის პატრონი, ძაღლს ხელს მოუთათუნებს და ხანმოკლე დუმილის შემდეგ იტყვის:
- წლისა და სამი თვისაა.
- თუ არ გაგვიანდებათ, ერთი წუთი დამელოდეთ, ამბობს კაცი.
ნიკო დაეჭვდება, აქეთ-იქით შეწუხებული მიმოიხედავს და ჩქარი ნაბიჯით გაუყვება ქუჩას, ძაღლი დაედევნება.
ნიკო ცდილობს ძაღლი ჯოხით მოიშოროს, მაგრამ ძაღლი არ შორდება.
- მეგობარო, მეგობარო! - ეძახის ძაღლით დაინტერესებული კაცი და მისკენ მირბის.
ნიკო ნაბიჯს აუჩქარებს, თითქოს არც ესმის ძახილი.
კაცი წამოეწევა ნიკოს.
- ეტყობა, გეჩქარებათ, მაგრამ ძალიან მომეწონა თქვენი ძაღლი... რა ჰქვია?
- ჰმ... მე? უფრო დროის გასაყვანად ჰკითხა ნიკომ.
- მეც მყავდა კარგი ძაღლი, მაგრამ მომიკვდა, სევდიანად ამბობს კაცი.
- ოო, გასაგებია, მეტად სამწუხარო ამბავი მოგსვლიათ, - თანაგრძნობით ამბობს ნიკო.
- დავიტანჯე მათხოვრობით, - ამბობს კაცი, მერე ცხვირსახოცს ჯიბიდან ამოიღებს სახეზე ოფლს მოიწმენდავს და შემდეგ განაგრძობს: სანადიროდ რომ მივდივარ ხოლმე, ხან ვის ვთხოვ ძაღლს და ხან ვის. აღარ შემიძლია.
- მართალი გითხრათ მე არ ვნადირობ, მაგრამ მიყვარს კარგი ჯიშის ძაღლები. ძალიან შეჩვეული რომ არ ვიყო, დაგითმობდით. - ამბობს შებრალებით ნიკო.
კაცმა ისეთი საწყალი, მომტირალე სახე მიიღო, რომ ნიკოს შეეცოდა.
კაცმა განაგრძო:
- გთხოვთ... არ ვიცი როგორ გკადროთ... აი, რამდენსაც მთხოვთ, იმდენს მოგართ... გთხოვთ იქნებ...
ნიკომ ძაღლს შეხედა, ხელი გადაუსვა თავზე და შეწუხებულმა თქვა:
- როგორ აგიხსნათ...
- თქვენ ხომ არ ხართ მონადირე? ჩემთვის კი ეს მთელი ცხოვრებაა, - თითქმის ევედრებოდა კაცი.
ნიკო გაჩუმდა. შემდეგ კაცისთვის არც შეუხედავს, ღვედი მიაჩეჩა. კაცმა აღფრთოვანება ვერ დამალა და სიხარულისაგან გაოგნებულმა, ენის ბორძიკით უთხრა:
- აქ დამიცადეთ... მე ახლავე მოვალ. - და ძაღლი ძალით წაათრია სახლისაკენ.
ნიკო შემობრუნდა და ნელა გაუყვა ქუჩას. მას კალოში გაეხადა და ისევ ჩვეული ოსტატობით გაისწორა მეორე ფეხით.
კაცი უკვე მორბოდა და ნიკოს გაუსწორდა. მას ხელში კონვერტი ეჭირა.
კაცმა ნიკოს პალტოს ჯიბეში კონვერტი ჩაუდო. ნიკომ მეორე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები შეიმშრალა.
- ახლა ხომ იცით, სადაც ვცხოვრობ: ძალიან მოხარული ვიქნები თუ მესტუმრებით. კაცმა ხელი გაუწოდა ნიკოს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. და თქვა: - ძალიან მადლიერი ვარ თქვენი.
ნიკომ ხელი ჩამოართვა, მაგრამ არაფერი უთხრა და განაგრძო გზა.
ნიკომ ვიწრო შესახვევში შეუხვია, ხელი კონვერტიან ჯიბეში ჩაიყო და ფული თითების ფათურით შეამოწმა. შემდეგ ამოიღო კონვერტი და თვალდახუჭულმა გახსნა და ბოლოს ალმაცერად შეხედა.
კონვერტში ტკიცინა თუმნიანები იდო.
ნიკო ქუჩაში მოაბიჯებს, დროდადრო ჩერდება და ფიქრობს.
ჯიბიდან კონვერტს ამოიღებს, კონვერტიდან ამოიღებს ორ თუმნიანს. უბის ჯიბეში ჩაიდებს. განაგრძობს გზას. კვლავ შეჩერდება, კონვერტიდან ერთ თუმანსაც ამოიღებს და უბის იმავე ჯიბეში ჩაიდებს. ცოტა გზას რომ გაივლის, და ახლა უბის ჯიბიდან, სადაც ოცდაათი მანეთი უდევს, თუმნიანს ამოიღებს და სხვა უბის ჯიბეში ჩაიდებს, შემდეგ ამოისუნთქებს, შვებას იგრძნობს და უდარდელი ნაბიჯით განაგრძობს გზას. უცებ გაჩერდება, კონვერტიდან ერთ თუმნიანსაც ამოიღებს და შარვლის სასაათე ჯიბეში ჩატენის. ნიკო მაღაზიაში შედის, სასურსათო ბადეს იყიდის და გარეთ გამოდის.
ნიკო შედის დიდ გასტრონომიულ მაღაზიაში. ყიდულობს ხორცს, ძეხვს, ყველს, კარაქს, რძეს, მშრალ სუპს, პურს და ქუჩაში გამოდის. დატვირთული სანოვაგით შინ ბრუნდება. შემოსასვლელ მცირე ოთახში ყველაფერს მაგიდაზე დადებს და ისევ ეზოში გადის.
მეზობლის კარს დაუკაკუნებს. გამოდის ქალი.
- საჭმელების მომზადების წიგნი ხომ არა გაქვთ? ეკითხება ნიკო.
- როგორ არა, ქალი შედის ოთახში და მალე წიგნით ხელში გამოდის და ღიმილით აწვდის ნიკოს.
- წასაკითხი არაფერი მაქვს, ამას მაინც გადავაყოლებ გულს. - ეუბნება ნიკო და მადლობას უხდის თავის დაკვრით.
ნიკო შედის ოთახში, გაივლის მას, გადის ეზო-ოთახში, და ეზოოთახის გავლით შედის იმ ოთახში სადაც მამაა. მამა ტახტზეა წამოწოლილი.
- მამა, მგონი მეშველა.
- რა იყო ნიკუშა...
- სამსახური გამოვიცვალე, ალბათ მივლინებებში ასე ხშირად აღარ მომიწევს სიარული.
- ასე ჩქარა მოაგვარე ყველაფერი? - გაკვირვებული ეკითხება მამა ნიკოს.
ნიკო ხმამაღლა ჩაიცინებს და ხმამაღლა ამბობს:
- ბედმა გამიღიმა... თანაც თურმე რაღაც ფული მერგებოდა სამსახურში და რაღაცები ვიყიდე.
საოჯახო წიგნს აიღებს, თვალებს დახუჭავს და წიგნს ალალბედზე გადაშლის.
ნიკო გახედავს და წაიკითხავს ერთ-ერთი საჭმლის მომზადების წესს.
- ნახევარ საათში მზად იქნება ხორცის ღვეზელი, - ამბობს პათეტიკურად ნიკო, გადის ოთახიდან და შედის წინა ოთახში.
ნიკოს წიგნი გადაშლილი აქვს და იზეპირებს ხორციანი ღვეზლის მომზადების ტექსტს. შემდეგ სანოვაგეს ბადიდან ამოალაგებს.
ქვაბში ჩაყრის ხორცს და ეზო-ოთახში გადის. ნიკო რეცხავს ხორცს.
შემდეგ ნიკო ეზოში გადის და ნაცნობ მეზობელს, დარიას, ხორცის საკეპ მანქანას სთხოვს.
ნიკო ატარებს მანქანაში ხორცს. ფქვილს მოზელს.
დროდადრო იყურება წიგნში. ამოწმებს, რამდენად სწორად აკეთებს ყოველივეს.
სამზარეულოში შემოდის მამა.
- შენ მართლა არ ხუმრობ...
- ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით, - ხუმრობს ნიკო.
ნიკო გაზქურაზე დგამს ტაფას და მოზელილ ხორციან ცომს ტაფაზე დააკრავს.
- ესეც ასე, იყოს თავისთვის. ხმამაღლა ამბობს ნიკო და მამის ოთახში შეაქვს ძეხვი, ყველი და პური.
ძეხვს და ყველს დამჭრის და ისევ გადის სამზარეულო ოთახში.
ქვაბში წყალს ჩაასხამს გაზქურაზე დადგამს. და ქვაბში მშრალ სუპს ჩაყრის.
შედის იმ ოთახში, სადაც მამაა და ეუბნება:
- მე ახლავე მოვალ.
ნიკო ქუჩაში გადის. შედის მაღაზიაში: გამყიდველს ეუბნება:
- ერთი ბოთლი ღვინო და სამი ბოთლი ლიმონათი თავის ბოთლებიანად!
გამყიდველი არ ჩქარობს.
- ცოტა დააჩქარე.
- სად გეჩქარება, ბატონო ნიკოლაი? - ამბობს გამყიდველი და ნიკოს მიაწვდის ღვინოს და ლიმონათებს.
ნიკო გამოდის მაღაზიიდან. სახლისკენ მიიჩქარის. გზაში ნაცნობი შეხვდება.
- ოო... ნიკოლოზ, როგორა ხარ, რამდენი ხანი არ მინახავხარ, სად ხარ აქამდე, კაცო, გრძლად დაიწყებს ნაცნობი.
- კარგად ვარ, მირიან, სწრაფად პასუხობს ნიკო და წასვლას აპირებს.
ნაცნობი ვერც ამჩნევს, რომ ნიკოს ეჩქარება და ასევე დინჯად განაგრძობს:
- ჰო, მართლა, აი რა უნდა მეკითხა შენთვის, კაცო.
ნიკო ადგილზე ცქმუტავს.
- ამას წინათ, ჩემო ნიკოლოზ ის შემხვდა, აი ის რომ არის კაცო, ტფუი, როგორ მავიწყდება ამ ბოლო დროს ყველაფერი, აი შენთან ვხედავდი ხოლმე, აი იქ რომ ცხოვრობს.
- იცი რა, შენ მოიგონე, მე ახლა ძალიან მეჩქარება, წავალ და მალე დავბრუნდები...
ნიკო მობრუნდება და რაც შეიძლება სწრაფად გაეცლება მირიანს.
ნიკო შეირბენს სახლში. მივარდება გაზქურას, ქვაბს გადმოდგამს ღვეზელს თეფშზე დადებს და მამასთან ოთახში გაიტანს.
ღვინოს და ლიმონათებს მაგიდაზე დააწყობს და მამას ეტყვის:
- მე ახლავე მოვალ.
მამა თვალს გააყოლებს ნიკოს და გაიხედავს იქით, სადაც ნაცნობი ეგულება. ნაცნობი, მირიანი დინჯად მიაბიჯებს ქუჩაში.
ნიკო დაეწევა მას, მხარზე დაადებს ხელს მირიანი მოტრიალდება, მოულოდნელობისაგან შეკრთება.
- მოიგონე სახელი? - ეკითხება ნიკო.
- მოხვედი, მეც ძალიან გამიკვირდა, კაცო, რა მოუვიდა, სად გაიქცა-მეთქი, არ ვიცოდი რა მეფიქრა.
- მოიგონე სახელი? - კვლავ ეკითხება ნიკო.
- ისეთი კი არაფერი მომხდარა. - თქვა მირიანმა.
- კარგი, მე წავედი, ხომ არ წამოხვალ ჩემთან, ვისადილოთ?
- გმადლობ, მართალი გითხრა, ახლა ამდენი დრო არა მაქვს შემდეგში იყოს, - აუჩქარებლად ამბობს მირიანი, შებრუნდება და ნელა განაგრძობს გზას.
ნიკო თვალს გააყოლებს მიმავალ მირიანს, ეცინება და ხმამაღლა ამბობს:
- ეს კარგი ვინმეა!..
ნიკო შედის სახლში.
გაზქურიდან ქვაბს გადმოდგამს და ეზო-ოთახის გავლით შედის მამის ოთახში.
მამამ დაახვედრა დაჭრილი პური, ყველი, ძეხვი.. იქვე ალაგია ორი ღრმა თეფში და სუფრის კოვზები. ნიკო წვნიანს ჩამოასხამს.
მამა დინჯად მისწევს სკამს მაგიდასთან და პირველივე კოვზზე იტყვის:
- რამდენი ხანია, ცხელი საჭმელი არ მიჭამია.
- გამიგონია, ყოველდღე ცხელი კერძი ორგანიზმს ვნებსო... ისე კი დღეს რა გაეწყობა, ხორციანი ღვეზელი ვჭამოთ, ხვალიდან კი პირადად მე, მარხვა უნდა შევინახო, ასე ერთი, ორი, სამი თვე... ან წელი, გააჩნია საქმე როგორ წავა...
- ეს ყველაფერი, კარგი, ჩემო ნიკო, მაგრამ წყალი თუ დააგროვე.
- რა წყალი? - გაკვირვებული იკითხავს ნიკო.
- სუფთა წყალი.
- რად გინდა?
- რა იცი, როდის შეწყდება, - თავი გააქნია მამამ.
- აი, როდესაც შევიტყობთ, რომ უნდა შეწყდეს, მაშინ დავაგროვოთ.
- და როგორ უნდა გაიგო, როდის უნდა შეწყდეს.
- მაგასაც თუ ვეღარ გავიგებ, როდის უნდა შეწყდეს, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
- მე ჩემი ვთქვი და აწი შენ იცი, - ოდნავ გაბრაზებით თქვა მამამ.
- როდიდან დაიწყე მომავალზე ზრუნვა?
- როდესმე ხომ უნდა დაიწყოს კაცმა.
ნიკოს ცოტა არ იყოს სახე გაკვირვებისაგან დაებრიცა. ღვინის ბოთლი გახსნა, მამას დაუსხა, მერე ბოთლს უყნოსა და თქვა:
- რას ხედავენ ამაში კარგს, არ მესმის.
ნიკომ ლიმონათი ჩამოისხა, მერე რამდენიმე წვეთი ღვინო დაუმატა და თქვა:
- რადგანაც ეგრეა, მეც დავლევ.
სადილის შემდეგ ნიკომ სუფრა აალაგა.
- მე ცოტა წამოვწვები, შენ ხომ არსად მიდიხარ? - ჰკითხა მამამ.
- არა მგონია.
- რა, აპირებდი?
- ვიცი, როდის, რა, რატომ?... - წარმოთქვა ხმამაღლა ნიკომ.
მამა ტახტზე წამოწვება, ხელებს თავქვეშ ამოიდებს და ჭერს მიაჩერდება.
ნიკო გაცრეცილ პლედს აიღებს და მამას გადააფარებს, თვითონ კი ფანჯარასთან დადგება და ქუჩას გასცქერის. ქუჩაში გამვლელებიდან ზოგი უნებლიედ იხედება ფანჯარაში.
- ნიკუშ, თინა აღარ შეგხვედრია?
- არა, რატომ მეკითხები?
ნიკო მამას გადახედავს და მერე ისევ ქუჩაში გაიხედავს.
მამა განაგრძობს.
- მე მგონი, კარგი ქალი უნდა იყოს.
- კარგია თუ ცუდია, რა მერე?! - ხმამაღლა ამბობს ნიკო.
- რატომ აღარ გამოდის ჩვენთან, რამე ხომ არ აწყენინე?
- უნდა მეწყენინებინა?! - ამბობს ნიკო.
- მერე გენახა, ერთხელ მაინც?!.
- რა ვიცი აბა. ხომ იცი ჩემი ამბები.
- გასაკვირია, ეგეთი ქალი აქამდე მარტო რომ არის.
- მე რა ვქნა? - ხელები გაშალა ნიკომ.
- რა უნდა ქნა, მოკიდე ხელი და მოიყვანე.
- მეე?
- შენ აბა მეე?! - იკვირვებს მამა.
- რა გინდა ჩემგან, აქაც აღარ მოვიდე?... - ამბობს ნიკო.
- შე კაი კაცო, ხომ ხედავ, როგორ გამოვყრუვდით.
ნიკო ხმას არ გასცემს: კვლავ ფანჯარაში იყურება. სიჩუმე ჩამოვარდება. ცოტა ხნის შემდეგ ნიკო ხმას ამოიღებს:
- კარგი რა, მამა, განა მეც არ მინდა ცოტა მოვისვენო, მეც ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ რა ვიცი... ბოლო-ბოლო ვის რად ვუნდივარ.
ნიკო მიაყურადებს. მამას გახედავს. მას ჩასძინებია. ნიკო კვლავ ფანჯარაში გაიხედავს.
ბინდდება.
ვიღაცები ჩაუვლიან ფანჯარას. ზოგს თვალი გამოექცევა აქეთ.
ვიღაცების ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ისმის. ნიკო ფანჯარას მოსცილდება, საწოლთან მივა და გაუხდელი წამოწვება, მამასავით თავქვეშ იდებს ხელებს, შემდეგ წამოიწევა და რადიომიმღებს ოდნავ ხმას აუწევს.
ისმის ლაპარაკი...
ქუჩა ნაწვიმარია
ნიკო ქუჩაში მოაბიჯებს. ნიკოს კალოშები აცვია. ქოლგა-ტროსტი უჭირავს, თავზე შლაპა ახურავს.
უცებ გაიგონებს კატის კნავილს. მიმოიხედავს. ახლომახლო ვერ ხედავს კატას. ყურს მიუგდებს.
საწვიმარ მილთან მივა და ხელს შეყოფს. უცებ გამოსწევს ხელს, ეტყობა რაღაცამ ხელი დაუკაწრა.
კატა კვლავ კნავის.
ნიკო წასვლას დააპირებს, მაგრამ მაინც მივა მილთან და რის ვაი-ვაგლახით გამოაძვრენს კატას. კატას ხელში აიყვანს და მოფერებას დაუწყებს.
ნიკო კატით ხელში ქუჩაში მიდის.
წვიმს.
ნიკომ ქოლგა გაშალა და კატა ქოლგას შეაფარა.
აივნებიან სახლს ჩაუვლის. აივნებს ქვეშ ვიღაც-ვიღაცები დგანან: ერთი აივნის ქვეშ ქალ-ვაჟი დგას, შემდეგი აივნის ქვეშ ვიღაც ორი მოხუცი კაცი, მესამე აივნის ქვეშ ბავშვიანი ქალი...
ნიკო მათ ჩაუვლის.
ერთ-ერთი აივნის ქვეშ გაჭრილი ფანჯრიდან მოხუცი ქალი იყურება.
ნიკო შეამჩნევს, რომ ქალი ყურადღებას მიაქცევს კატას.
ნიკო, ვითომ სხვათა შორის დადგება აივნის ქვეშ, ფანჯარასთან და კატას ეფერება, თან მოხუცი ქალისაკენ გაურბის მზერა.
ნიკო ქალს გაუღიმებს და კატას კვლავ მოეფერება. მერე კატას ხელში შეათამაშებს და ქალს დაანახვებს. ქალს ეტყობა მოეწონა კატა.
- რა მშვენიერი კატაა.
- დიდებული კატაა, ამაზე ძვირფასი მე არავინ გამაჩნია, ქალბატონო, სამწუხაროდ, როგორც შეეფერება ამ მშვენიერ არსებას, ისე ვერ ვუვლი... დღეს ადამიანი ვერაფრისათვის იცლის, ბევრ სიამოვნებაზე უარი უნდა თქვას.
ნიკო უახლოვდება ქალს, რათა ისიც მიეფეროს კატას. ქალი მოეფერება.
- რაღაც საოცრებაა, ყველაფერი ესმის, ეს არის, ლაპარაკი არ იცის, ხანდახან ისეთ რამეს იზამს, ვგიჟდები, სიტყვით ვერ გამოითქმება... წარმოგიდგენიათ, ყოველივე ამის შემდეგ უნდა დავშორდე, ერთს უნდა მივუყვანო, მე ვეღარ ვიცლი მისთვის... განა შეიძლება ასეთი არსება რაღაც ათ მანეთად დათმო, საქმე მარტო ფულში ხომ არ არის... თქვენ ისეთი ქალი ბრძანდებით, რომ ყველაფერს მიმიხვდებით.
- მე შევიძენდი, თუკი რა თქმა უნდა, თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით... ახლა შვიდი მანეთის მეტი არა მაქვს...
- მართალი გითხრათ, ეს კატა ვისთვისაც უნდა მიმეყვანა, ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, რომ რიგიანად მიხედავს... საქმე მართლა ფულში ხომ არ არის... ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, ქალბატონო, ხანდახან, არცთუ ისე ხშირად, ფანჯრიდან მაინც დამანახეთ ხოლმე... რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამაზე ახლობელი მე არავინ მყავს.
ქალი წამით შევა ოთახში და რამოდენიმე ხანში დაბრუნდება.
ნიკოს ფულს გაუწოდებს.
ნიკო ფულს არც გახედავს ისე გაიშვერს ხელს.
- თუ ასე გეძნელებათ...
ნიკომ სხვათა შორის გამოართვა ფული, ჯიბეში ჩაიდო, ცრემლი ცხვირსახოცით შეიმშრალა და თქვა:
- რას იზამ, კარგად ბრძანდებოდეთ.
ნიკო ქალს თავს დაბლა დაუკრავს და ფანჯარას მოსცილდება.
ნიკო ცოტა გზას რომ გაივლის, ხელებს გაშლის, ზევით ცისკენ აიხედავს და პათეტიკურად წარმოთქვამს:
- რა არა ხდება ამ ქვეყანაზე, საოცარია პირდაპირ!!!
* * * * * * *
ნიკო მიაბიჯებს ქუჩაში.
უცებ უკნიდან ვიღაც წამოეწევა, მხარზე მოხვევს ხელს და შემოაბრუნებს.
- ნიკუშა, სადა ხარ აქამდე, ბიჭები ქვემოთ სხედან: ლევანა, კაკო... წამო... წამო...
ნიკო გაჰყვება. სარდაფში ჩადიან.
- ვა, ნიკუშ! - გაუხარდებათ ბიჭებს და წამოიშლებიან.
ნიკო ყველას გადაკოცნის.
- ამას წინათ იმ ლექსს ვიგონებდით და წესიერად ვერც მოვიგონეთ... აი კალოშებზე. - ამბობს ნიკოს გვერდით მჯდომი.
- მაიცა, კაცო, ჯერ დააცალე, ამბობს ერთ-ერთი.
ნიკო ყოველგვარი შესავლის გარეშე ხმამაღლა იწყებს ყველას გასაგონად:
Зимное сказание
Песнь первая
Галоши
У меня галоши есть,
Берегу их к лету,
А, по совести сказать,
У меня их нету.
Песнь вторая
Летнее сказание
У меня галоши есть,
Берегу их к зиме,
А, по совести сказать,
Они в магазине.
ბიჭები იცინიან.
ნიკო ჭიქას ასწევს და ამბობს:
- ეჰ, როგორ მომენატრეთ!... ხომ არ გეწყინებათ, რომ არ დავლიო?
- როგორც გინდა, ნიკუშა!
- კაკო, შენთან ვიყავი, ქეთომ არ გითხრა? - ეუბნება ნიკო.
- კი, მითხრა, მეც გამოგიარე, გვიან იყო, ფანჯრიდან შემოვიხედე, მგონი გეძინათ. ამბობს კაკო და ნიკოს მხარზე გადახვევს ხელს.
- ამით, ბიჭებო, მას გაუმარჯოს, ვინც ჩვენგან შენდობას მოელის... - ამბობს ერთ-ერთი.
სვამენ.
-ამას წინათ ჯაბას ბიჭი დავინახე,
- რამხელა გაზრდილა, - იტყვის მეორე.
- ერთი მივიდეთ, არ ვნახოთ დედამისი, რამდენი ხანია არ ვყოფილვართ.
ერთ-ერთმა სიმღერა წამოიწყო და მარტომ იმღერა, თითქოს თავისთვის.
ნიკომ მხარზე ხელი დაადო, გადაიხარა და თავზე აკოცა. კიდევ დალიეს.
- ეს ჩვენ ბავშვებს გაუმარჯოს, - ამბობს ერთერთი.
- ნიკო, ცოლი არ მოგყავს? - ეტყვის კაკო.
- კი, ხვალ ორის ოც წუთზე მოდით სადმე, - პასუხობს ნიკო.
მერე უცებ თითქოს აფეთქდება, - იქ მამა, აქ თქვენ, ვინა ხართ?! მე თქვენთვის როდესმე მიკითხავს, რატომ ითხოვე, რატომ არ ითხოვე. რატომ გაშორდი, რატომ არ გაშორდი, საით მიდიხარ, საიდან მოდიხარ, ვინა ხარ, რა ხარ, რა არა ხარ!..
- ჰა, ნიკო, რა გაახურე?!
რამდენი კითხვაა ამ ქვეყანაზე, ხედავთ?
ნიკო წამოდგება, მივა დახლიდართან და აანგარიშებინებს.
დახლიდარი ეტყვის დანახარჯს.
ნიკო გულისჯიბიდან ამოიღებს ორ თუმნიანს, შემდეგ სასაათე ჯიბიდანაც თუმანს ამოაძვრენს და დახლიდარს მისცემს.
- ნიკო, ეგ რეებს მიჰქარამ! გამოსძახებს ერთ-ერთი თანამესუფრე.
ნიკო სამ ბოთლს გამოართმევს და სუფრაზე მიუტანს და ხუმრობით მიმართავს ამხანაგებს:
- თქვენ დაწყნარდით, ხომ იცით, თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება.
ნიკო სარდაფის კიბეზე ადის, ერთს მიხედავს თავის ამხანაგებს, რომლებიც სვამენ, თან გაცხარებით რაღაცას ლაპარაკობენ.
ისინი ვერც ამჩნევენ ნიკოს, რომელიც სარდაფიდან გადის.
ნიკო ბრუნდება შინ. შეიხედავს თავის ფანჯარაში. მამა არ ჩანს ოთახში. ნიკო შეშფოთებული აუჩქარებს ნაბიჯს და ეზოში შედის: ეზოში ბავშვები თამაშობენ, დარბიან, დახტიან. ერთ-ერთი ნახევრად სარდაფული ოთახის წინ დგას მარო და სარეცხს რეცხავს. თმა ჩამოშლილი აქვს, გაბოროტებული დროდადრო ეზოსკენ იყურება, თავისთვის ბუზღუნებს და ილანძღება. შორიახლო 3-4 წლის ბიჭი დგას. უყურებს ეზოში მოთამაშე ბავშვებს. მას გვერდით ამოუდგება მასზე ორიოდე წლით უფროსი ბიჭი და დედას მუდარითა და შიშით უყურებს. ეტყობა, ეზოში უნდა გასვლა.
დედა შეამჩნევს მათ და ხმამაღლა დაუყვირებს:
- შეეთრიეთ სახლში ახლავე, სულ ქუჩისკენ რომ გიჭირავთ თვალი!
ქალი ტაშტზე სარეცხს დააგდებს და ბავშვებისკენ წავა.
ბავშვები კისრისტეხით შერბიან ოთახში. ოთახიდან ქალის წყევლა-კრულვა და ბავშვების ტირილ-კივილი მოისმის.
ნიკო წამით შეჩერდება. სახე უსიამოდ დაეღრიჯება და მერე სწრაფად წავა თავისი კარებისკენ.
ნიკო ოთახში შევა და სწრაფად გავა ეზო-ოთახში; ონკანთან უამრავი მინის ჭურჭელი აწყვია.
მამა წყლით ავსებს ჭურჭელს.
- მაინც ავსებ? - ეკითხება ნიკო.
- ჰო, რა იცი, როდის შეწყდება წყალი.
ნიკო რამდენიმე სავსე ჭურჭელს აიღებს და ოთახში შეიტანს. მერე ისევ ეზოში გამოდის და კვლავ რამდენიმე ჭურჭელს ოთახში შეიტანს.
ნიკო მამის გვერდით ონკანთან დგას.
- რახან ასეა, მე გავაგრძელებ შენ, დაწყებულ საქმეს... შენ შედი, დაისვენე.
- ჰო, კარგი... იქ კუთხეში კიდევ არის ცარიელი ბოთლები და მათი გავსება არ დაგავიწყდეს.
მამა ოთახში შედის. ნიკოს რამდენიმე ცარიელი ბოთლი გამოაქვს და წყლით ავსებს. მერე ერთ სავსე ბოთლს მოიყუდებს და გამოცლის.
შედის მამასთან.
- ეგრე მალე აავსე? - ეკითხება მამა.
- კარგი რა, მამა, რა მოგივიდა.
- აი, არაფერს რომ არ მიჯერებ, იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე კარგად! - უცებ აყვირდება მამა.
- რა მოგივიდა, მამა, შენც სხვას ემსგავსები ამ სიბერეში! - ბრაზობს ნიკო.
- ბოლოს და ბოლოს მამა ვარ შენი... შენი გულისთვის უარი ვთქვი ყველაფერზე... შენ კი ამ უბრალო რაღაცასაც არ მისრულებ...! ყვირის მამა.
ფანჯარასთან ვიღაც გაჩერდა და შემოიხედა. შემდეგ სხვამაც გამოიხედა ფანჯრისკენ.
ამ ყვირილში უეცრად იღება კარი და ოთახში შუახანს გადაცილებული, მაგრამ ჯერ კიდევ გაუტეხელი ქალი შემოდის.
ქალი, ეტყობა, თავის დროზე ლამაზი იყო. კეთილშობილური იერი ახლაც არ დაუკარგავს.
ქალი ზიზღნარევი თვალებით გადახედავს მამა-შვილს და ყოველგვარი შესავლის გარეშე მიახლის:
- ის ჩემი და ხომ მოინელეთ და ახლა ერთმანეთს დაერიეთ, არა!
მამა შეხედავს ქალს და მერე ფანჯრისკენ მიაბრუნებს თავს.
ნიკო ახლოს მიდის ქალთან და ეუბნება:
- დეიდაჩემო, რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, გუშინ თქვენზე ვფიქრობდი სწორედ, ვინახულებ-მეთქი, რამე ხომ არ ჭირდება...
- მე თქვენგან არაფერი მჭირდება!.. თავისთვის ვერ მოგივლიათ!.. რას გავხართ!.. სახლი ხომ გადაცვალეთ ამ ჯურღმულზე! ყველაფერი სულითხორცამდე ხომ გაყიდეთ და გაანიავეთ!.. - ცხარობდა ქალი. შემდეგ ქალმა მიმოიხედა და ტანსაცმლის კარადას მივარდა, გამოაღო და უჯრებში რაღაცის ძებნა დაიწყო.
- ისიც გაყიდეთ, არა!.. დედაჩემის სამახსოვრო!
ქალმა ერთი უჯრა გამოაღო, მერე მეორე, მერე მესამე და რომ ვერ ნახა ის, რასაც ეძებდა, ძველებურ სკივრს მივარდა, სახურავი ახადა და იქიდან ძველი ტანსაცმლის ამოყრას შეუდგა, თან ხმადაბლა ისტერიულად ამბობდა:
- ფუ, სულ ნამუსგარეცხილები ხართ! წმინდა არაფერი გაგაჩნიათ... მაგას კაცი გაყიდდა, დედაჩემის სულის მოსაგონარი! რატომ ჩნდებიან თქვენისთანები ქვეყნად!.. ჩემი და, ჩემი საბრალო და, როგორ მოტყუვდა შენში!.. შვილიც მამას გამოემსგავსა, კიდევ კარგი ამის დაცემას არ მოესწრო!
ნიკომ მამას გადახედა და უმწეოდ დაჯდა ტახტზე.
ქალი სკივრიდან კოხტა კოლოფს ამოიღებს და გახსნის. კოლოფში ოქროს ძეწკვიანი მედალიონი დევს. ქალი წამით გაჩუმდება, დამშვიდდება და მერე კარებისკენ წავა. შეჩერდება და კვლავ ძველი გამძვინვარებით წამოიყვირებს:
- ალბათ ვერ მონახეთ, თორემ ამასაც გაყიდდით! ნიკომ ალმაცერად გადახედა დეიდას და პათეტიკურად თქვა:
- ქალბატონო დეიდა! Пройдите мимо нас и простите нам наше счастье.
ქალმა კარი გამოაღო. შეჩერდა, თავი მამა-შვილისკენ შემოაბრუნა და კბილებში გამოსცრა:
- ნამდვილი ჯამბაზი ხარ, და გავიდა.
ნიკო და მამა ერთხანს ჩუმად იყვნენ. მერე მამა ნელა წამოდგა, ერთხანს ოთახში იბორიალა, მერე შვილთან მივიდა და მხარზე ხელი უხერხულად დაადო, მერე კი თავის საწოლთან მივიდა და ლოგინის გაშლა დაიწყო.
გაშალა და ახლა ტანსაცმლის გახდას შეუდგა. ჩაწვა ლოგინში, კედლისკენ გადაბრუნდა და საბანი თავზე გადაიფარა.
ნიკომ მამას უთხრა:
- საჭმელი მაინც გვეჭამა.
მამამ პასუხი დააგვიანა, მერე კი დაგუბული ხმით თქვა:
- შენ ჭამე, ნიკუშ, მე არ მინდა.
ნიკო ტახტზე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაჩერდა.
- მამა, მოდი, ხვალ გიგუშასთან წავიდეთ. რამდენი ხანია არ გინახავთ ერთმანეთი... სამსახურში არ წავალ, რა მოხდა, ერთი დღე რომ გავაცდინო... ამით არაფერი გაფუჭდება... პირიქით... ერთი ნახონ უჩემოდ თუ შეძლებენ რამის გაკეთებას...
მამა ლოგინში შეიშმუშნა.
- ხო მოგენატრა გიგუშა, შენ თვითონ არა თქვი, მივდიოდი და შუა გზიდან დავბრუნდიო... - ჩუმად თქვა ნიკომ.
- თვითონ რაღა მოუვიდა, ნუთუ ვერ შეძლო? - იტყვის მამა.
- რა იცი, რა უჭირს ადამიანს.
- ეჰ, მივიდეთ, მივიდეთ, იქნებ ცოტა გავერთოთ.
სიჩუმე ჩამოვარდება.
- მართლა წერდა გიგუშა ლექსებს?
- ვინ არ წერდა.
- შენც წერდი?
მამამ არაფერი უპასუხა.
- აი, ახლა, მივლინებაში რომ ვიყავი... - დაიწყო ნიკომ და მიაყურადა. მამას პასუხი არ გაუცია. ნიკომ მიიხედა: მამას ეძინა. ნიკომ მიუხედავად ამისა განაგრძო: - ბოლო-ბოლო საქმე შემდეგნაირად იყო: ეს ჩვენი მეზობელი რომ არი, დარია თუ ავდარია, ასე მგონია, მაგის წყალობით, ან იქნებ სულ სხვა ვინმეს გამო, რომ ცილი არ ვწამო, მე ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ კლინიკაში.... რა ლოთი, რის ლოთი, მე ლოთი ვარ? ჰოდა, იქ ვიყავი, 20 დღე იქა ვბრძანდებოდი... შენ ხომ მამა ხარ ჩემი, ხომ უნდა იცოდე ჩემი ყოველი ნაბიჯი, - შეუჩერებლივ ლაპარაკობს ნიკო, და კიდევ იცი რა, ესეც მინდა რომ იცოდე, ამასწინ ლილი შემხვდა... ეჰ როგორ მიყვარდა!.. ხომ გახსოვს ლილი... შენ კი მეუბნები თინა მოიყვანეო... კარგით რა!..
* * * * * * *
ეზო-ოთახში ნიკო ტაშტში პერანგებს რეცხავს. შემდეგ გააბამს თოკს.
კვლავ ისმის ვიოლინოს ხმა ზედა სართულის ფანჯრიდან.
ნიკო ვიოლინოს ჯიბრზე მთელი ხმით უსტვენს რაღაც მელოდიას.
თოკს რომ გააბამს, მერე სათითაოდ იწყებს პერანგების გაწურვას და გაფენას. შემდეგ ტაშტიდან წყალს გადაასხამს. ხელ-პირს გადაიბანს და მამის ოთახში შედის.
მამა საწოლზე იყო წამომჯდარი და აქეთ-იქით უაზროდ აბრუნებდა თავს. კარის ხმაურზე გამოიხედა.
ნიკოს მამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავის საწოლთან მივიდა, მიალაგ-მოალაგა და თქვა:
- ახლავე წყალი ადუღდება და ჩაიც დავლიოთ.
- ნიკო! - შეცვლილი ხმით დაუძახებს მამა.
ნიკო შემობრუნდება, საწოლზე წამოჯდება და თასმის შეკვრას დაიწყებს.
- გინდა რამე? - თავს არ აწევს, ისე იკითხავს ნიკო.
- უკვე გათენდა? - ეკითხება მამა.
ნიკო მამას გახედავს და ღიმილით იტყვის:
- გათენდა კი არა, მგონი სამსახურშიც დამაგვიანდა.
- ჰოოი, გასწელავს მამა და თავს მოიფხანს, ვაჰ, რა მომივიდა.
ნიკო ყურადღებით შეხედავს მამას, რომელიც თვალებს იფშვნეტს.
- მამა, შენ მიდი, ხელ-პირი დაიბანე, მე მანამდე ჩაის გავაწყობ.
მამა წამოდგება, მაგრამ ნაბიჯს ვერ გადადგამს.
- მგონი, ვერაფერს ვხედავ, - ამბობს მამა.
ნიკო წამოდგება. მამასთან მივა და მის წინ გაჩერდება.
- წამოდი ეზოში გავიდეთ, თქვა ნიკომ და კარისკენ წავიდა.
მოიხედა.
მამა ადგილზე იდგა და თვალებს იფშვნეტდა და თან ამბობდა:
- ვა, რა მომივიდა.
ნიკო მამასთან მივიდა, ხელი მოკიდა და ეზო-ოთახში გაიყვანა.
ნიკო აკვირდებოდა მამის მოძრაობას, რომელიც, ეტყობა, ვერ ხედავდა.
ნიკომ მამა ონკანთან მიიყვანა და წყალი მოუშვა. მამა ნელნელა დაიხარა, ხელის ცეცებით იპოვა წყლის ნაკადი და სახეზე პეშვით შეისხა წყალი. ნიკო მამას აკვირდებოდა და სახეზე ეტყობოდა, რომ საშინლად შეწუხდა, რადგანაც დარწმუნდა, რომ მამა ვეღარ ხედავდა.
მამა შემობრუნდა და შებარბაცდა. ნიკომ ხელი შეაშველა, მამამ მწარედ ჩაიცინა და თქვა:
- ესეც ესე...
ნიკომ ხელი მოკიდა მამას, ოთახში შეიყვანა და საწოლზე დასვა, თვითონ კი სკამი მისწია და მამის წინ დაჯდა.
- რა მოგივიდა, ხმა ამოიღე, თითქოსდა უდარდელად წარმოთქვა მამამ.
ნიკო ჩუმად იყო.
- ეჰ, რაც სანახავი იყო, ეტყობა, ვნახე.
ნიკო ისევ ხმას არ იღებდა.
- ჰა, ნიკო, სად არის ჩაი?
ნიკო წამოდგა, ეზო-ოთახში გაიარა და პატარა სამზარეულო ოთახში შევიდა.
ჩაიდანი თითქმის ამომშრალიყო. ნიკომ ჩაუმატა წყალი.
შემდეგ პური დაჭრა, დაყრა ყველი, ჩაი დააყენა. ნიკო ყოველივე ამას მექანიკურად აკეთებდა.
* * * * * * *
სავარძელში ზის ნიკოს მამა. გვერდით ექიმის მოლოდინში სხედან ავადმყოფები: ნიკო ექიმს ელაპარაკება. ექიმი ეტყობა ნიკოს ნაცნობია.
- კი მაგრამ, ესე უცებ შეიძლება დაბრმავდეს კაცი? - ეკითხება ნიკო.
- ხდება ხოლმე, - დინჯად პასუხობს ექიმი.
- არაფერი ეშველება?
- ვერაფერს გეტყვი, თან ხომ იცი ასაკსაც მნიშვნელობა აქვს.
* * * * * * *
ხალხმრავალ ქუჩაზე მოდიან ნიკო და მამამისი. მამას ხელი აქვს გაყრილი ნიკოსთვის.
ისინი ნელა მიდიან.
ნიკო გზას იკვლევს ხალხში.
გადასასვლელთან ვიღაცამ მანქანიდან ხელი დაუქნია და დაუძახა ნიკოს; ნიკომაც ხელი დაუქნია.
ნიკო და მამამისი დიდხანს დადიან ქუჩებში.
- დავიღალე. - ეტყვის მამა.
ისინი შედიან ბაღში. ბაღში ხალხმრავლობაა. ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები.
ისინი სხდებიან სკამზე. ნიკო თვალს ადევნებს ირგვლივ მყოფთ.
შემდეგ გამოდიან ბაღიდან. ქუჩაში ბევრი ხალხია.
- მანქანით წავიდეთ, ამბობს ნიკო და მამას ხესთან მიიყვანს.
აქ დამელოდე, მე მანქანას გავაჩერებ.
ნიკო აჩერებს მანქანას. მიდის მამასთან, ხელს მოკიდებს და მანქანაში აჯენს. მანქანა იძვრის ადგილიდან.
ნიკო და მამამისი ეზოში შედიან. ეზოში ბავშვები თამაშობენ.
თავისი ოთახის წინ დგას ნიკოს მეზობელი მარო, რომელიც ეტყობა ეს-ესაა შინ მოსულა და ეზოში მოთამაშე თავის შვილებს ლანძღვით ეძახის:
- სულ გარეთ უნდა ეგდოთ, აღარ უნდა შემოეთრიოთ შინ?! ეს რა უბედურებაა!.. იმათ რას უყურებთ, დარდი არაფრის აქვთ...
აივნებიდან ვიღაცები გადმოყუდებულან და უყურებენ მაროს ჩხუბს.
ნიკო და მამამისი თავის კარისკენ მიიწევენ.
- სულ ჩხუბობს, რა მოსდის მაგ ქალს ამ ბოლო დროს, - იტყვის გაღიზიანებით ნიკო.
- გაუბედურებული ქალია, პატრონი არა ჰყავს, რა ქნას, - მშვიდად ეტყვის მამა.
ნიკო გახედავს ქალს, რომელიც ერთ-ერთ შვილს გამეტებით ურტყამს თავში.
მამა-შვილი პატარა ოთახს გაივლის და ეზო-ოთახში გავლენ.
თოკზე გადაფენილია რამოდენიმე პერანგი. ორი პერანგი კი ძირს აგდია.
ნიკო შეიყვანს მამას ოთახში.
დილა
ნიკო გაზეთების ჯიხურთან დგას და ნაცნობ გამყიდველს ელაპარაკება.
ხალხი მოდის, გაზეთებს ყიდულობს და მიდის.
ნიკო ხმამაღლა ლაპარაკობს:
- აი ახლა რომ ჯანი მაქვს, კარგადაც დავისვენე, ვიფიქრე, ახლა შევუდგები ხალხისათვის ჭეშმარიტ სამსახურს, შემპირდნენ კიდევაც, ამ დღეებში გამოიარე და შეუდექი საქმესო... ვიყავი ბატონო, მაგრამ სად არის ის თვითონ ბატონი?..
- რეებს ლაპარაკობ, ნიკოლოზ? - ეკითხება ღიმილით გამყიდველი.
- რა და კაცი შემპირდა, ერთ კვირაში გამოიარეო, თვითონ კი მივლინებაში წავიდა... ერთი თვე კიდევ არ იქნება და რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო?!.
- აი ახლა დავამთავრებ გაზეთების გაყიდვას და სადმე წავიდეთ.
- შენ წყნარად იმუშავე, მე თვითონ გამოგივლი, როცა საჭირო იქნება.
- ე, ნიკო, სულ გაფუჭდი, ერთი ჭიქაც არ გინდა ჩემთან დალიო.
- ერთ ჭიქას, ორი ჭიქა მიყვება, ორ ჭიქას ოთხი, მერე შვიდი, ცხრა, თორმეტი, მერე პახმელია, მერე პახმელიიდან გამოსვლა, სისხლძარღვების გაფართოება, მერე ისევ შევიწროება, ისევ პახმელია, პახმელიიდან ისევ გამოსვლა, ისევ შესვლა, ბოლოს ფსიქიატრიული კლინიკა. აი, იქ კი იცი რა მითხრეს?! ამისთანებს მოერიდეო, ნიკო ხელით ანიშნებს გამყიდველზე ხალხის გასაგონად. - მეც გერიდები...
- ჰო, კარგი, ნიკო, რა გაახურე.
ნიკო რიგში მდგომ დარბაისელ კაცს მიმართავს:
- აი ხომ ხედავთ, ბატონო ეს კაცი როგორ ცდილობს გზას ამაცდინოს...
- მე მოწმედ ვერ გამოგადგებით, არაფერი გამიგონია. - სერიოზულად ჩაილაპარაკა კაცმა.
- თქვენ რა კარგი კაცი ბრძანდებით, - ირონიულად ეტყვის ნიკო.
- თქვენ, ამხანაგო, მე რა, მიცნობთ? - აღშფოთებით ამბობს კაცი.
- როგორ არ გიცნობთ, თქვენ მე არ გიცნობთ?! დარწმუნებით და თითქმის ყვირილით დაიწყო ნიკომ და ხელები გაშალა, გარშემო ხალხს გადახედა და განაგრძო ხმამაღლა: თქვენ ყველას გიცნობთ! აი გუშინ მაგალითად, მივდიოდი ჩემთვის, პატარა, საწყალი. არ ვიცი თქვენ თუ თქვენი ამხანაგი, დამეჯახეთ, თუ მე თვითონ ჩავვარდი იქ, და თქვენ წახვედით. მე დაგიძახეთ ამხანაგო! მეგონა გაიგონებდით ჩემს ვედრებას და თქვენ თუ თქვენმა ამხანაგმა გადამიარა. თქვენ კი მიდი-მოდიოდით და სხვები კი გადი-გამოდიოდნენ ჩემზე. ნახეთ, ყველამ ნახეთ, როგორ ცახცახებს ეს კაცი... ესე იგი მე... ამხანაგო, ძალიან გთხოვთ, ნუ დამდევთ... და ყველას გთხოვთ აქ მყოფთ თავი დამანებეთ!.. ჰა, ორი, ხუთი, თორმეტი, ოცი დღე თუ წლები დამრჩა... თქვენსავით უკვდავი კი არა ვარ... შენ კი ჩემო მეგობარო, მიუბრუნდა გამყიდველს. - არ იცით არა, გაიცინოთ, შეწუხდეთ, შემიბრალოთ თუ დამცინოთ... გაყიდეთ გაზეთები, მეტს მე არაფერს გთხოვთ... და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მადლობთ ყურადღებისათვის.
ნიკო მოტრიალდება და წავა.
* * * * * * *
ნიკო ჩაფიქრებული მიდის ქუჩაში. მას ვიღაც წამოეწევა და მხარზე დაადებს ხელს. ნიკო მიტრიალდება და სიხარულით შესძახებს.
ოჰ, ოთარ!
- როგორა ხარ, ნიკო, რამდენი ხანია არ მინახავხარ.
- ეჰ, რა ვიცი, როგორ უნდა ვიყო. დავდივარ აღმა-დაღმა, მამაჩემიც დამიბრმავდა და რა ვქნა არ ვიცი.
- მუშაობ სადმე? - ჰკითხა ოთარმა.
ისინი მიდიან ხალხმრავალ ქუჩაში.
რა ვიცი, ერთი შემპირდა, მაგრამ პირი არ უჩანს... შენ როგორა გაქვს სკოლაში საქმეები?
- მე რა მიჭირს, ვასწავლი და ვარ.
- ჩემთვის არაფერი გამოიძებნება?
- რა ვიცი რა გითხრა.
- გერმანულის მასწავლებელი არ გჭირდებათ?
- არა მგონია... მოიცა... ოთარი დაფიქრდება ერთი მეგობარი რაიონში სკოლის დირექტორად მუშაობს... ეგრე მახსოვს მგონი მაგათ სჭირდებოდათ უცხო ენის მასწავლებელი. მაგას დაგიზუსტებ. ისე წახვიდოდი რაიონში?
- რატომ არ წავიდოდი, მაგრამ მამას რა ვუყო... თუმცა რა ვიცი... იცი შენ გამიგე და მე აუცილებლად გამოგივლი... ერთი ეს ჩემი საქმე აეწყობოდეს და...
- კარგი, ნიკო, აუცილებლად გამომიარე, ისედაც სულ დავეკარგეთ ერთმანეთს.
ოთარი ხელს გაუწოდებს, გადაკოცნის ნიკოს და წავა.
* * * * * * *
ნიკო გასტრონომიდან გამოდის ერთ ხელში სანოვაგით სავსე პარკი უჭირავს, მეორეში პური.
აღმოჩნდება იმ ქუჩაზე, სადაც კატა მიყიდა დედაბერს. მოაგონდება ეს ადგილი და მონახავს დედაბრის ფანჯარას. დაუკაკუნებს.
ფანჯარაში დედაბერი გამოჩნდება.
დედაბერი ჯერ ვერ იცნობს ნიკოს. ნიკო ცდილობს მოაგონოს თავი, ხელებით უხსნის, რომ მე მოგიყვანეთ კატაო.
ქალი მიხვდება. ფანჯარას მოშორდება და მალე კატით ხელში მიადგება ფანჯარას.
მერე ფანჯარას გამოაღებს. ნიკო კატისკენ ხელს წაიღებს.
- ო, როგორ მომანატრა თავი, და ცდილობს მოეფეროს. კატა დაიკნავლებს და ხელს დაუკაწრავს.
- ნუთუ გადამეჩვია. მართალი უთქვამთ კატაზე ჩვენს წინაპრებს: კატასო სითბო ურჩევნია სიცივესო.
ნიკო პარკიდან ძეხვის ნაჭერს ამოიღებს და ფანჯრის რაფაზე დადებს.
- თქვენ, ქალბატონო, სხვანაირად არ მიიღოთ ეს მცირედი ძღვენი ამ უმადურისათვის: დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საკუთარ კატას, ისე უვლით, მაგრამ ხომ იცით პატრონის გული სულ ეჭვშია, რამე ხომ არ აკლია უცხოობაში.
- ხომ არ შემობრძანდებით.
- გმადლობთ, ქალბატონო, იცით რაშია საქმე, 22-ში ერთი წელი უსრულდება ამ სულელს და მაშინ, თუ შეიძლება, გამოვუვლი, იქნებ გავასეირნო კიდეც, თუ დამრთავთ ნებას, რა თქმა უნდა.
- როცა ინებებთ.
- უღრმესი მადლობა ქალბატონო, ჰუმანური დამოკიდებულებისათვის.
ნიკო ხელს გაუწოდებს ქალს. ქალი ხელს ჩამოართმევს.
ნიკო ხელზე ეამბორება.
ოთახი
მამა ფანჯარასთან ზის. ნიკო მაგიდას უზის, ორცხობილას ახრამუნებს და მის წინ გაშლილ გაზეთში ლატარიის ბილეთებს ამოწმებს. იმედიანად იტყვის:
- იქნებ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს.
მამა თავს მისკენ მიაბრუნებს.
- რა საქმიდან?
- არის აქ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომ გამოვა, მერე გეტყვი.
ნიკო მთელი გულისყურით ამოწმებს ბილეთებს. შეამოწმა ერთი, მეორე, მესამე და უდიერად გადადო.
შემდეგ მიყოლებით ყველა ბილეთი შეამოწმა.
- რაღაც გამოვიდა.
- რა გამოვიდა?
- მანეთიანი საქმე გამოვიდა.
- რა მანეთიანი, რის მანეთიანი, გამაგებინე რას ბოდიალობ? - აყვირდება მამა.
- ლატარიის ბილეთები მქონდა, ვიფიქრე, იქნებ რამე მოხდეს-მეთქი, არაფერიც არ მოხდა, - წყნარად იტყვის ნიკო.
ნიკო წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
- მე წავედი.
- სად მიდიხარ? - მკაცრად ჰკითხა მამამ.
- საქმეები მაქვს. - მშვიდად ამბობს ნიკო.
- რა საქმეები გაქვს? - ჯიუტად ეკითხება მამა.
- მაქვს რა, ჩემი სამსახურის საქმეები. - პასუხობს ნიკო და პერანგს იცვლის.
- რომელი საათია ახლა? - ეკითხება მამა.
ნიკო ფანჯარასთან მივა და გამვლელს გასძახებს.
- ახალგაზრდავ, რომელი საათია.
გამვლელი გამოსძახებს:
- ექვსია.
- მადლობთ, მადლობთ. - მერე მამას მიუბრუნდება და ეტყვის.
- ექვსი ყოფილა.
- მერე რა დროს სამსახურია?!
- აი ხომ ვამბობდი, სამსახური უნდა გამოვიცვალო და ისინიც 7-მდე არიან, უნდა მივასწრო.
- რას მიედ-მოედები, შენ არ მეუბნებოდი, უკვე ვიშოვე ახალი სამსახურიო?! ბრაზობს მამა.
- ჰო, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მინდა. ამბობს ნიკო და თან თმას ივარცხნის.
- შენ იცი რას გეტყვი, ამ ბოლო დროს სულ მატყუებ.
- რას გატყუებ, რა გეჩვენება ყველაფერი.
- სახლში ჩემთან ერთი წუთით არ გინდა გაჩერდე.
- აბა სადა ვარ, სულ შენ არ დაგყვები წინ და უკან?
- შენ აქ გაჩერება არ გინდა, თან არავინ მოგყავს, დაიწყე ხო ისევ...
- რა გინდათ ჩემგან.
ფეხსაცმელს, რომელსაც იცვამდა გადაყრის და წამოიყვირებს:
- ჰო, კარგი, არ წავალ, სახლში დავეგდები.
სიჩუმე ჩამოვარდება.
ნიკო რადიოს ჩართავს.
კვლავ რაღაც ლაპარაკი ისმის.
- გინდა ეზოში გაგიყვან, იქ დაჯექი, ეტყვის ნიკო. წამოდგება, მამასთან მივა და მაჯაში მოკიდებს ხელს.
მამა წამოდგება და გაყვება ნიკოს.
მამა-შვილი დაფიქრებული გადის ეზო-ოთახში. ნიკო მამას სკამზე დასვამს.
მეორე სკამზე თვითონ დაჯდება.
- ეჰ, ნეტა ჩქარა მოვკვდე... შენც მოისვენებ, - ამბობს მამა.
- რა უნდა გიპასუხოს კაცმა ამაზე, რეებს ლაპარაკობ! - გაბრაზდება ნიკო.
დილა
საკოლმეურნეო მოედანზე, ბაღში ხელოსნები ფუსფუსებენ.
ნიკო სკამზე ზის და გაზეთს კითხულობს.
ვიღაც შუახნის კაცი მივა ერთ-ერთ ხელოსანთან და რაღაცას უხსნის. ხელოსანი წაყვება კაცს. მერე ვიღაც კაცი „ჟიგულს“ გააჩერებს და მივა მეზობელ სკამზე ჩამომსხდარ ხელოსნებთან. რაღაცას ელაპარაკება. ისინი თავს აქნევენ უარყოფის ნიშნად.
ნიკო შორიახლო დადგება.
- აბა რა ვქნა, ვის გავათხრევინო, მე თვითონ მაგის დრო სადა მაქვს, - ამბობს კაცი და მიბრუნდება.
ნიკო მასთან მივა.
- სადა ცხოვრობთ, უფროსო? - ეკითხება ნიკო.
- აი, მანქანით წავალთ, შორს არ არის. სულ რაღაც 50 მეტრი არის გასათხრელი. წყალი მაქვს გასაყვანი, - უხსნის კაცი ნიკოს.
- ჰო, ადგილზე ვნახავთ... იარაღი გაქვთ თუ წამოვიღო? - ეკითხება ნიკო.
- კირკა და ლაფათკა მაქვს და მეტი რაღა იარაღი გინდა. - ამბობს კაცი და მანქანაში ეპატიჟება ნიკოს.
ჩასხდებიან მანქანაში. კაცი რაღაც ეჭვით გახედავს ნიკოს.
ნიკო გზაში ეკითხება:
- როგორი მიწაა, მაგარი თუ რბილი?
- მიწა მიწაა, აბა რა ვიცი, - ამბობს კაცი.
- მიწა სხვადასხვაგვარი არსებობს: თიხიანი, ქვაღორღიანი, კლდოვანი, ყოველ მიწას თავისებური მიდგომა უნდა. - დინჯად უხსნის ნიკო.
- ეს, რა თქმა უნდა, თქვენ უკეთ იცით, პასუხობს კაცი.
მანქანა ქალაქის განაპირას ერთ-ერთ აგურის სახლთან გაჩერდა. ნიკო და სახლის პატრონი მანქანიდან ჩამოვლენ და ეზოში შედიან.
ეზოში ახალი წყლის მილები ყრია. კაცმა უჩვენა, საიდან სადამდე უნდა გაითხაროს.
- რა სიღრმეზე გავთხარო? - იკითხა ნიკომ და მთელი კარმიდამო შეათვალიერა.
- ერთი ნახევარი მეტრი, თუ ცოტა მეტი იქნება, ხომ უკეთესია. ერთი ორი დღის სამუშაოა ალბათ. თქვენი სახელი?
- ვასილ მიხაილოვიჩი. - უცებ იტყვის ნიკო.
- ბატონო ვასო, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვალში არ დაგრჩები. ამბობს კაცი. - მხარზე მოუთათუნებს ხელს.
- თქვენ მშვიდად იყავით, ეგ რა სალაპარაკოა, - ამბობს ღიმილით ნიკო.
ნიკო მთელი ძალით ურტყამს წერაქვს. ოფლი წურწურით ჩამოსდის.
ას ხუთი, ას ექვსი, ას შვიდი, ას რვა, ას ცხრა... ურტყამს წერაქვს და თან ითვლის.
მერე წერაქვს გვერდზე გადააგდებს, ნიჩაბს აიღებს და მიწის ამოყრას იწყებს.
მიწას ამოყრის და თავს ასწევს და დაიძახებს:
- უფროსო!
აივნიდან ქალი გამოიხედავს.
- ქალბატონო, ერთი თქვენ, მეუღლეს სთხოვეთ ცოტახნით, თუ არ შეწუხდებით.
ქალი თავს დაუქნევს.
მალე კაციც ჩამოვა და გათხრილს დახედავს.
- ეს სიღრმე კმარა, თუ უფრო ღრმად გავთხარო?
- მე მგონი საკმარისია.
- კეთილი, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით, ალბათ დიდხანს აღარ შეგაწუხებთ, - ეუბნება ნიკო.
კაცი წავა.
ნიკო განაგრძობს მუშაობას, ოფლი მოსდის და თან ითვლის ას ათი, ას თერთმეტი, ას თორმეტი.
გაჩერდება. წერაქვს დააგდებს, ოფლს მოიწმენდს, მაღლა აიხედავს და დაიძახებს:
- უფროსო!
აივნიდან ბავშვი გადმოიხედავს.
ერთი შენ გაზრდას, მამას დაუძახე.
ამ დროს ქალმა გადმოიხედა აივნიდან.
- ქალბატონო, თქვენ, მეუღლეს თხოვეთ თუ შეიძლება.
ქალი თავს დაუქნევს.
კაცი აივნიდან გადმოიხედავს.
ნიკო კაცის დანახვაზე ხელებს გაშლის და ასძახებს:
- უფროსო, მე წავედი, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მეგონა, შევძლებდი. ახლა აქედან როგორ აგიხსნა ყველაფერი, თანაც რაღაცები გამახსენდა, ჩემი ამბები და თავბრუ დამეხვა, მოკლედ, წავედი. არ გეწყინოს. ბევრი რამ ხდება ამქვეყნად, რას იზამ. მოკლედ, კარგად იყავით თქვენს ოჯახში, ჩემზე ნუ იფიქრებთ, მე ჩემს თავს ყოველთვის გავიტან.
კაცი გაკვირვებული უყურებდა.
ნიკო ჭიშკრიდან გავიდა და დაღმართს დაუყვა.
ოთახი
ნიკო პერანგს აუთოებს.
მამა საწოლზეა წამოწოლილი.
- საით გაგიწევია, ნიკო?
- საქმე მაქვს... შენი პერანგებიც დავაუთოვე და ხვალ, თუ გიყვარდე, გამოიცვალე.
- დიდი ხნით მიდიხარ?
- არა მგონია. რამე ტკბილეული ხომ არ მოგიტანო? ხალვა ხომ არ გინდა?
- მაინც სად მიდიხარ, ნიკუშ?
- კარგ საქმეზე მივდივარ, მამა, შენც გაგიხარდება.
ნიკო იცვამს. ჩაიცვა პერანგი, შარვალი, წინდები, ფეხსაცმელები გააპრიალა, ჰალსტუხი გაიკეთა, მერე ფანჯარასთან მივიდა, ხელი გაყო.
- მგონი წვიმას აპირებს... მე წავალ, შენ დაისვენე... რადიო ხომ არ ჩავრთო?
- არა არ მინდა. მაინც სად მიდიხარ, რატომ არ მეუბნები? მერე გეტყვი: ნუ გეშინია, მამა, ყველაფერი კარგად იქნება.
ნიკო ოთახიდან გავიდა. ეზო-ოთახი გაიარა, პატარა ოთახში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და დიდ ეზოში გავიდა.
ბავშვები ეზოს სადარბაზოს შესასვლელს, ფარდებით სცენას ამსგავსებენ. რამდენიმე ბავშვი უჩვეულოდ იყო გამოწყობილი მსახიობების მსგავსად. ნიკო გაჩერდა. გაიღიმა და გასასვლელისაკენ გაემართა.
ნიკო ტროლეიბუსში ავიდა და უკანა ბაქანზე დადგა ფანჯარასთან. უცებ დაინახა კაცი, რომელიც ტროლეიბუსისაკენ მორბოდა, მუშტს უქნევდა მას.
ნიკომ იცნო კაცი, ეს ის კაცი იყო, ვისაც ძაღლი მიჰყიდა. ტროლეიბუსი დაიძრა და კარიც ჩაიკეტა. კაცი მუშტს უქნევდა ნიკოს, ყვიროდა და მისდევდა ტროლეიბუსს:
- აფერისტი, გათახსირებული, მე შენ გიჩვენებ, კიდევ გნახავ სადმე!..
ნიკო სახეგაყინული, გაოგნებული უცქერდა კაცს, თითქოს ეს მას არ ეხებოდა.
კაცი კი მისდევდა მიმავალ ტროლეიბუსს, მერე გაჩერდა და გვერდზე გადააფურთხა.
მასიურ ხის კარზე უამრავი ზარის ღილაკია. ნიკო ერთ-ერთ ღილაკს დააჭერს.
კარს გააღებს 40-ოდე წლის ქალი. ნიკოს დანახვაზე ქალი გვერდზე გადგება, რომ სტუმარი გაატაროს. ისინი კომუნალური სახლის გრძელ დერეფანს გაივლიან და ქალი ერთ-ერთ კარს შეაღებს.
ნიკო შეამჩნევს, რომ ქალი გამოწყობილია საგარეოდ.
- შენ, როგორც ვხედავ, წასვლას აპირებდი, - ნიკო ხელით ჩაცმულობაზე ანიშნებს. თან დაამატებს, - მშვენივრად გამოიყურები.
დაჯექი, ნიკო, რას დგახარ, ეტყვის ქალი, ახლავე დავადგამ ჩაის.
ქალი კარადიდან ნამცხვრიან თეფშს გამოიტანს და მაგიდაზე დადგამს.
- იქნებ სადილი გირჩევნია? არ დაუცდის პასუხს, სწრაფად გამოიტანს მაცივრიდან, კიტრს, პომიდორს, ყველს, ღვინოს და ყველაფერს მაგიდაზე დაალაგებს.
- კარგი, თინა, რა ამბავია. - ამბობს ნიკო.
თინა კიტრისა და პომიდვრის სალათს ამზადებს.
- მამა როგორ არი? - ეკითხება თინა.
ნიკო ბოთლს აიღებს, შეათვალიერებს, საცობს მოხსნის და ეტყვის:
- დაბრმავდა მამა.
- როგორ თუ დაბრმავდა? - შეიცხადებს თინა და შეწუხებული მექანიკურად განაგრძობს კიტრის გათლას.
- აი, ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და ვერაფერი დაინახა.
ნიკომ ჭიქებში ღვინო ჩამოასხა: ერთხანს ჭიქა ხელში ატრიალა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა დაელია თუ არა, არადა მერე კი უცბად გადაკრა.
- კარგად იყავი, თინა... ამ ბოლოს დროს სულ შენ ხსენებაშია... სად დაიკარგაო...
თინა ხმას არ იღებს.
- მაინც სად აპირებდი წასვლას? - ჰკითხავს ნიკო, ერთ ნაჭერ კიტრს აიღებს და შეჭამს.
- არსად... ვიფიქრე ჩვენებს გავუვლი-მეთქი.
ნიკო კიდევ დაისხამს ღვინოს ჭიქაში...
- შენ არ დალევ? ჰკითხავს ნიკო, ჭიქას ასწევს, იტყვის: - გაგიმარჯოს. - და დალევს.
- ახლა სად ხარ, რას აკეთებ? - კითხავს თინა.
- აი ესე ვარ, როგორც მხედავ, რა ვიცი, ვეღარ ავაწყე ჩემი სამსახურის საქმე... რა ვქნა, ვერსად გავჩერდი. მეც... რა უბედურება გავუჩნდი ამ ქვეყანას, არ გავუჭირე საქმე... კიდევ გადაკრავს და ხმამაღლა იტყვის, შენც დაგტანჯე... ისე შენც ნახე კაცი, ვისთვისაც ღირს ამდენი ლოდინი... ეჰ! ჩემო თინა, ჩემო თინათინ! რა ავთანდილი მე ვარ... ისე კი, ეე, რა კარგი გოგო ხარ. მეც რომ კარგი ვყოფილიყავი, ვიცხოვრებდით ერთად, მშვიდად, გვეყოლებოდა ბევრი შვილი. ახლა რა ვუყო ამ ჩემს თავს... ეე, როგორ მინდა, რომ კარგად იყო... ბედნიერების ღირსი ხარ... მაგრამ... მე ვინა ვარ, რა ვარ, რატომ ვარ, რას ვაკეთებ... შენც დაგტანჯო... ცოდვას ცოდვა მივუმატო...
- ამისთვის მოხვედი, ნიკო? - გააწყვეტინებს თინა.
ნიკო ერთ ჭიქასაც შესვამს, წამოდგება, მხარზე დაადებს ხელს თინას და თავზე აკოცებს. და ეტყვის:
- ნეტა სახლში არ დამხვედროდი...
ნიკო კარისკენ წავა, გამოაღებს გავა და ფრთხილად მიხურავს კარს.
ნიკო მიდის დერეფანში. ერთ-ერთი ოთახიდან მოხუცი ქალი გამოვა. ხელში გაჭვარტლული ქვაბი უჭირავს და საერთო სამზარეულოში შედის...
ბინდდება
ნიკო ოდნავ ფეხარეული მიდის ქუჩაში: მიადგება თავის ფანჯარას. ღია ფანჯარაში ჩანს ნახევრად ბნელი ოთახი. ნიკო ამ სიბნელეში ვერ დაინახავს მამას, ხელს გადაყოფს ფანჯარაში და მაგიდის ნათურის ჩამრთველს ჩართავს.
ოთახი განათდება.
ნიკო დაინახავს მამას, რომელიც ხელების ფათურით მიიწევს თავის საწოლისაკენ: მივა, მოსინჯავს საწოლს და დაჯდება.
ნიკო უყურებს მამას. მამა გაუნძრევლად ზის. ნიკომ ცხვირსახოცი ამოიღო, პირთან მიიტანა და შეცვლილი ხმით თქვა:
- ძია გაბრიელ, ნიკო სახლშია?
მამამ თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა და იკითხა:
- რომელი ხარ, შვილო?
- თენგიზი ვარ.
- აა, თენგიზ, შემოდი შინ.
- სხვა დროს გამოვივლი... როგორაა მისი საქმეები?
- რა ვიცი, შვილო, მაგასაც ჩემსავით არ აეწყო ცხოვრება, გული ვერაფერს დაუდო ბოლომდე... რამეს რომ ბოლომდე გაჰყოლოდა, სხვაზე ნაკლები არ იქნებოდა... მაგას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ჩემი შვილია... შენ თვითონ კარგად იცნობ, ხომ იცი რა შეუძლია და რა არა... ეტყობა სხვანაირად არის მოწყობილი... მე ვიცი, რომ ეგ ბევრ რამეს ცდილობდა, მაგრამ ეს ყველაფერი უცხო იყო მისთვის... ეტყობა, ამიტომაც არის ეგრე. მეცოდება ნიკუშა, მე კარგი, ხელი ჩავიქნიე, მაგას მაინც შეეძლო რაღაც დაეტოვებინა... ცოლი მაინც მოეყვანა, შვილები მაინც ეყოლებოდა... ვიცი, მართალია, ერთი ქალი უყვარდა, ისიც გათხოვდა. რას იზამ, ხდება ხოლმე...
სიჩუმე ჩამოვარდება.
მერე ისევ მამა განაგრძობს:
- თენგიზ, შენ თინას იცნობ?
- კი, როგორ არა, ვიცი, ნიკო და თინა რაღაცას აპირებდნენ. - ამბობს ხმადაბლა ნიკო.
- მერე რად არ მოყავს ეგ ანგელოზივით ქალი?
- ამბობდა მეშინიაო, ისიც არ გავაუბედუროო, თავის თავისა ეშინია... ის ქალიც ელოდა, ელოდა და აბა რა ექნა...
- რა, ეგეც გათხოვდა? - შეწუხდა მამა.
ნიკომ არაფერი უპასუხა.
- ჰო, აბა რა უნდა ექნა... ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა მამამ.
- წავალ მე, ძია გაბრიელ, იტყვის ნიკო და ოდნავ მოშორდება ფანჯარას.
არ დაგვივიწყო! მიაძახებს მამა.
ნიკო დიდხანს იდგა ფანჯარასთან და უცქერდა მამას, რომელიც ერთხანს იჯდა უძრავად, მერე გაუხდელი წამოწვა საწოლზე და ხელები თავქვეშ ამოიდო.
ნიკოს ხელში კატა უჭირავს და ქუჩაში მიაბიჯებს. შემოდგომის მშვიდი საღამოა.
ზოგ ფანჯარაში უკვე აანთეს სინათლე.
ნიკო უცებ გაჩერდება: თვალს მიაპყრობს დია ფანჯარას. გადავა ქუჩას, რომ შორიდან შეიხედოს ფანჯარაში.
ოთახში, ღრმა სავარძელში კაცი ზის და გაზეთს კითხულობს. კუთხეში მდგარ როიალს გოგონა უზის და უკრავს. ოთახში შემოდის ქალი, მიდის კაცთან და რაღაცას უყვება მომღიმარი. კაცსაც ეღიმება.
ეს ის ქალია, რომელიც ნიკოს უყვარდა და ერთხელ ხელჩანთით ქუჩაში შეხვდა.
ნიკო ცოტა ხანს დგას და უყურებს ქალს, შემდეგ ქუჩას გადავა და კატის ფერებით გაჰყვება ქუჩას.
ნიკო გაუხვევს სხვა ქუჩაზე.
მიუახლოვდება დედაბრის ფანჯარას (ამ დედაბერს მან კატა მიუყვანა), ფანჯარაზე დააკაკუნებს. ფანჯარაში დედაბერი გამოჩნდება.
ქალი იცნობს ნიკოს, გაუღიმებს და ფანჯარას გამოაღებს.
- გამარჯობათ, ქალბატონო, დღეს თუ გახსოვთ 22 რიცხვია. - ჩვენი ფისოს დაბადების დღეა და მე მას საჩუქარი მოვუტანე. - ნიკო ქალს კატას გაუწვდის და განაგრძობს: ისინი ახლა მთელი სიცოცხლე ერთად იქნებიან და არ მობეზრდებათ ეს გრძელი, დამღლელი ცხოვრება.
- კი მაგრამ, მე შევძლებ ორივეს მოვლას? - ცოტა ნირი წაუხდება ქალს.
- ოო, მაგაზე ნუ შეწუხდებით, ისინი ერთმანეთს მიხედავენ.
ქალმა კატა გამოართვა და იატაკზე დაუშვა. ოთახიდან ბრაზიანი კნავილი გაისმა.
ნიკო ფანჯარას მოსცილდება და თავისთვის ხმამაღლა იტყვის:
- ეჰ, ჯერ რა იციან, თუ როგორ შეუყვარდებათ ერთმანეთი!
ნიკო ხელს ცისკენ აიქნევს და მოსახვევში გაუჩინარდება.
საღამო
ქუჩაში მიდიან ნიკო და მამამისი. მამას ნიკოსთვის მკლავში ხელი აქვს გაყრილი.
ნიკოს ხელში ხელჩანთა უჭირავს, მეორე ხელში ქართული პური და კიდეს პატარ-პატარად ციცქნის.
მათ აედევნებათ ეზოს ძაღლი. ნიკო გაჩერდება. მამაც გაჩერდება. ნიკო ძაღლს უყურებს. ძაღლიც გაჩერდება და ნიკოს შეხედავს.
- ვინ ხარ, ძაღლო, რას მიყურებ, ხომ არ გეცნობი? - ძაღლი კუდს გააქიცინებს და შეჰყურებს ნიკოს.
- ეჰ, რა გინდათ ჩემგან, რას გადამეკიდეთ!!
ნიკო მოტეხავს პურს და ძაღლს გადაუგდებს. ძაღლი ჰაერშივე დაიჭერს პურის ნაჭერს და შეჭამს. ნიკო კიდევ ერთხელ გადაუგდებს პურის ნაჭერს.
ძაღლი კვლავ დაიჭერს. ნიკო ძაღლს ქუდს მოუხდის და დაემშვიდობება.
- ნახვამდის, მეტი რა გიყოთ.
ნიკო განაგრძობს გზას. ძაღლი არ შორდება ნიკოს.
მამა-შვილი ეზოში შედის.
ეზო სავსეა ბავშვებით. აივნებზედაც ხალხმრავლობაა.
ბიჭები ერთმანეთს დასდევენ, იქით გრძელ სკამზე კი გოგონები სხედან და საუბრობენ.
მაროს ბავშვებიც გამოსულან სახლიდან. იქვე დგანან და შესცქერიან ეზოში მოთამაშე ბავშვებს. ნიკო და მამა შემოდიან ეზოში. ნიკო წამით შედგება, მამაც. ნიკო თვალს მოავლებს ბავშვებს, აივნიდან მოცქერალ მეზობლებს, ხელებს ზევით აიშვერს და დაიწყებს ხმაურში ლექსის თქმას:
„იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით ლამაზო
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებ,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო."
ლექსი ხან მკაფიოდ ისმის, ხან იკარგება გნიასში და ჟრიამულში.
ნიკოს ბავშვები ეფარებიან, გარს ურბენენ მამა-შვილს, ფეხებს შორის უძვრებიან და ა. შ. ნიკო ერთ-ერთ ბავშვს თავის შლაპას დაახურავს. ძაღლიც მოსდევს მამა-შვილს.
ნიკო შეამჩნევს და დიდხანს აკვირდება მაროს შვილებს, რომლებიც ეზოში დგანან და ნაღვლიანად უმზერენ ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
ნიკო და მამამისი სახლის კარს შეაღებენ.
ძაღლიც შეყვება მათ.
მამის ოთახი
სუფრას უსხედან მამა, ნიკო, მარო და მაროს შვილები.
ისინი სადილობენ. ნიკოს ფეხთით ძაღლი მოკალათებულა.
მარო უჩვეულოდ გამოიყურება, თმადავარცხნილი, დამშვიდებული სახე აქვს. ბავშვებსაც არ ატყვიათ წინანდებური შიში და დათრგუნულობა.
ნიკო მზრუნველობით გადახედავს მაროს შვილებს. ლიმონათს ჩამოუსხამს.
მის გვერდით მჯდომ ბიჭს თავზე გადაუსვამს ხელს.
ნიკო ხან მამას შეხედავს და ხან მაროს. შემდეგ ნიკო მაგიდიდან წამოდგება და ეზო-ოთახში გადის.
ეზო-ოთახი ახლა უცნაურად გამოიყურება. ერთ კუთხეში გარანდული ფიცრები აწყვია. ზევით უკვე ნივნივებია გადგმული სახურავისათვის. მეორე კუთხეში დგას ახალთახალი ხის კიბე. ნიკო კიბესთან მივა, აიღებს იქვე დადებულ იარაღებს და ადის კიბეზე.
ოთახიდან ბიჭი გამოდის, მიდის ონკანთან და ხელ-პირს გადაიბანს. არც გაიმშრალებს მივა კიბესთან და ნიკოს ახედავს.
ოთახიდან გამოდის მარო, გამოაქვს ჭურჭელი და ეზო-ოთახის გავლით შედის სამზარეულოში.
გოგონას ოთახიდან გამოჰყავს მამა და იქვე კუთხეში სკამზე დასვამს.
ბიჭი ფიცრებს აწოდებს კიბეზე მდგარ ნიკოს. ნიკო აჭედებს ფიცრებს და თან ხმამაღლა ამბობს: გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა... და დაუმატებს უფრო ხმამაღლა. ესე იგი, ჩემი.
ნიკომ თვალი მოავლო ეზო-მიდამოს და განაგრძო ფიცრების დაჭედება.