მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 287 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ვიღაც დამდგომია თავზე; მაღვიძებს. აღარ მძინავს; თვალის გახელა კი მეზარება: ბურუსში ყოფნა, ზმორება, თვლემა ტკბილია.

- კარგია, გავიგე! სამოვარი დადგი

- სამოვარს დაგიდგამ კი არა, ფეხს დაგაბანინებ. გამოახილე თვალი - მე ვარ!

გამოვიხედე. დილაა. დარაბები დახურულია. ფარდები ჩამოშვებული. სინათლე ძლივს შემოდის.

- შენაა, სიკო? რამ მოგიყვანა ასე ადრე? სანადიროდ ხომ არ მიგყევარ?

- ადრე კი არა, ათი საათია!

- გადასწიე ფარდა, ბიჭს დაუძახე, სამოვარი შემოიტანოს.

-  იმ ოთახში დგას, ოღონდ ადექი.

- ძვირი სტუმარი ხარ, უსათუოდ რაიმე საქმისათვის მოხვიდოდი, ისე ხომ ვერ მოიცლი, ჩაილდ-გაროლდობ, თუ საქმიანობას იჩემებ?

პასუხი არ გაუცია.

ფარდა გადასწია, ფანჯარა გააღო და სავარძელში ჩაჯდა. მხოლოდ ეხლა შევნიშნე, რომ ჩემს სტუმარს სახე დაოსებოდა, გაყვითლებოდა... დაღალვა ეტყობოდა.

- ბიჭოს, სად ყოფილხარ, რა დაგემართა?!

- იცი, დღეს ერთი ღორობა ჩავიდინე. შენთან მოვედი გულის მოსაფხანად.

- კაია, შენმა მზემ, - მე რა მესაიდუმლე მნახე?l ...თუ ამწერ და ჩემს თავს ნამდვილ ღორად მაჩვენებ - ყმად გამოგყვები.

- როგორ, შინ სარკე არ გაქვს?

- ხუმრობას თავი დაანებე!

- შენ თვითონ აგეწერა შენი თავი...

- საქმეც ის არის, რომ მე თუ ავიწერე თავი, უსათუოდ შევალამაზებ, შევთხზავ, შევაკეთებ და ღორის მაგიერ თხა მაინც გამოვალ, ირემი თუ არა.

- ჰმ... აბა მიამბე.

- ყველაფერს გეტყვი თავიდან ბოლომდის. ეს ქაღალდებიც დაიხმარე, ჩემს სიტყვებს შეადარე და მერე, როგორც იცოდე, ისე მოიქეცი. მე თვითონ მინდოდა ამ ქაღალდებით მესარგებლა, მაგრამ „სოფლის უკუღმა ტრიალმა“ შენ ჩაგიგდო ხელში.

 

"სოფლის უკუღმა ტრიალი"

 

- მომიტევე, ჩემს ამბავს ცოტა ბელეტრისტული ხასიათი ექნება: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია.

- სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი ჩემი მოსაზრება უნდა გაგიზიარო სიტყვაკაზმულ მწერლობის შესახებ.

განა მწერალს, როგორც ყოველს ადამიანს, ცოტა ჰყავს ნაცნობი, რომელიც მზის დაბნელებასავით ერთხელ უნახავს, რომელზედაც გაუგონია ორიოდე სიტყვა და უბრალო შეხვედრაც მეხსიერებიდან ვერ ამოუფხვრია? განა უფლება არა აქვს ბელეტრისტს შემთხვევითი შეხვედრანი, ყურმოკრული ხმები, წუთიერი შთაბეჭდილებანი გადასცეს თავის მეგობარს - მკითხველს?

მწერლები კი, გმირის ცხოვრებას თუ მიჰყვეს ხელი, დაიწყებენ იმ წამიდან, როცა პირველ აახილა თვალი მოქმედმა პირმა, და ჩაყვებიან უკანასკნელ სადგომში - საფლავში. კიდევ კარგი, როცა ასე მოიქცევა ვინმე - გიოტე, ან ბაირონი: თუ სინამდვილე არა, ფანტაზია მაინც გიტაცებს, სილამაზე გხიბლავს, მაგრამ წარმოიდგინე, შუათანა მწერალი რომ დაიწყებს ხელის ფათურს უცხო გმირის ცხოვრებაში, სულში, გულში... გაჭიანურებულ სიტყვათა ფრქვევა ჟამივით შეგაძულებს გმირსაც და მის ბიოგრაფსაც.

მე სხვადასხვა სურათს მოგაწვდენ ცხოვრებიდან. მათი ერთმანეთთან შეკავშირება შენთვის მომინდვია... მე მაინც მგონია, რომ მკითხველს მეტი ადგილი უნდა დაეთმოს ფანტაზიისთვის, შემოქმედებისთვის... მკითხველს მოსწყინდა ყველაფერი უკვე შემუშავებული, თავ-თავის ადგილზე ჰპოვოს.

მწერალმა მარმარილო, ტილო, საერთო აზრი, ჩარჩო, ორი-სამი ხაზი დაამზადოს; დამთავრება, დაბოლოვება ნაწარმოებისა მკითხველის გემოვნებასა და სურვილს მიანდოს.

 

II

 

ხომ იცი, დაღმართს რომ ჩამოყვები, ქუთაისი გამოჩნდება. შორიდან, ღამეში ქუთაისი ქალაქად არ მეჩვენება: ვერ გაიგონებ ვერც ქარხნის საყვირის ხმას, ვერც ჟრიამულს, ვერც ნერვების ამშლელ ჰაერს იგრძნობ. მოსჩანს აგერ-აგერ, ზოგან შეჯგუფული მბჟუტავი სანათები, გეგონება, ვეებერთელა ტყეში ხალხი შესულა ჩირაღდნებით მხეცების გასარეკადო..

ამ დაღმართით ვუახლოვდებოდი ქუთაისს. ცა ისე მოწმენდილი იყო, ისე მინაზებული და გაფაქიზებული, ისე უღიმოდა ქვეყანას, თითქოს აქ, გარდა ია-ვარდისა, გარდა სიყვარულისა და სათნოებისა, არა იყოს-რა. თვით ვარსკვლავები აღარ შვენოდა ცას, როგორც ხალი ხორცშესხმულ მშვენიერებას აღარ ეკადრება.

ხიდთან პატარა დუქანია. შევაჩერე ცხენი და გადავძახე:

- ძმობილო, ერთი პაპიროსი მომეცი!

- მიართვიl უბრძანა დახლიდარმა პატარა ბიჭს და მიუბრუნდა მუშებს, რომელნიც ზეზე ღვინოს სვამდენ - მალე კი გაათავეთ დამარხვა!

- მალე, თვარა ეფისკოპოზის პანაშვიდი ჰქონდა! მივიტანეთ და ჩავუშვით რა დრო დაჭირდებოდა?l

- ასე უჭირისუფლო მიცვალებულს რო დევინახავ, გული შემიწვრილდება, ვინ იცის იქინე, რუსეთში, იქნება ქე ყავს დედაც და დაც... ქე დააყრიდენ ერთ ცრემლს...

- რუსი კი არა, ქართველია! კაცო ეგნატა, რავაა მისი გვარი? კვი... კვი..

- რავა ბატივით გავიწყდება ყველაფერი! კვიხაშვილი, შე კაცო, ლაზარე კვიხაშვილი.

- ი, დედაკაცი რავა მოძუნძულობდა დროგის უკან.

- მეც მეგონა წეიქცეოდა, მარა შენც არ მომიკვდე ჩვენზე წინათ კიდევ ის აფოფხდა აღმართში.

- ეხლაც იქინეა... რაღაცას წვალობს... ვერ გამიგია!

 

III

 

ლაზარე კვიხაშვილი ბევრით შესანიშნავი პიროვნება იყო. მახსოვს ამაყი, მოხდენილი, გუბერნატორის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელე, ერთი საყვარელი წევრი ქუთაისის მოქეიფე ახალგაზრდობისა; ბ. კვიხაშვილი როგორის აურზაურით გამოვიდა სამსახურიდან; მერე ამბობდენ, ტფილისში რედაქციაში მუშაობსო; შემდეგ ისევ ქუთაისში ვნახე ფოსტის უბრალო მოხელედ; უკანასკნელად ქუჩაში შევხვდი... დაბერებული, დაჩაჩანაკებული ბავშვების სასაცილოდ, საქირდავად გამხდარიყო.

საქმე არაფერი მქონდა. მინდოდა რითიმე თავი გამერთო. ნერვების ასაშლელად რა ემჯობინება ღარიბ, მიტოვებულ საფლავზე ღარიბ-ღატაკი ადამიანის ცქერას. ცხენზე გადავხტი, ვახშამი შევუკვეთე და სასაფლაოსკენ წავედი.

საფლავები რიგებით იყო დაწყობილი. ყოველს სამარეს ჯვარი ჰქონდა; გეგონებოდა, მიცვალებულები წვანან და ხელი ჯვრებათ აღუპყრიათ, რადგან ელიან საშინელ სამსჯავროსო. რომელი სამსჯავრო აშინებდა მათ მას მერე, რაც განვლეს და გამოსცადეს სამსჯავრო ამა ქვეყნისა - ეს იყო საკითხავი და, თუ გინდა, სასაცილო. მივეპარე. ახალს საფლავს თავს დასტრიალებდა შავ მოსასხამში გახვეული ქალი. პატარა და დიდი რიყის ქვებიდან უკვე გამოესახა საფლავზე ჯვარი. აქ ბალახს რგავდა, იქ ულამაზო ბელტს დამპალ ნაფოტებს აშორებდა.

ასეთ საფლავს როცა ნახავ, ნუ წაჰკრავ ფეხს, ნუ გაავერანებ: სიყვარულის ნაყოფია, სინაზე გრძნობის შეკონილია იქ.

 

IV

 

ქალი წასვლას აპირებდა, როცა თვალი მომკრა და ოდნავ შემკრთალმა მითხრა: „უკაცრავად, დავიგვიანე; ეხლავ წავალ“.

უსათუოდ ქალს სასაფლაოს დარაჯი ვეგონე.

- ნუ სწუხდებით. მე ნაცნობი გახლდი განსვენებულისა და მოვედი უკანასკნელი პატივი მეცა.

ქალს ეამა, მაგრამ უეცრად მომახალა:

- აი, ოთხი წელიწადია არავის გახსენებია; არც ნათესავი, არც მეგობარი, არც მოყვარე არ მოსულა ჩვენთან.

ქალმა გადახედა საფლავს, განზე გადავარდნილი ყვავილი გულზე დაადვა, „მშვიდობითო“, - უთხრა და წავიდა.

გავყევი.

გალავანს გადავშორდით. ქალს გამოთხოვება სურდა, მაგრამ ეტლით მთვრალებმა ჩამოიარეს. ერთი მათგანი ღლაზვით გადმოიწია და ქალს გადმოსძახა: „მაგ ყანყრატოში კი ჩაგეკონე“ და ისევ ჩაეკეცა ფაეტონში.

- გაგყვებით, თუ ნებას მომცემთ... ნახევრად დავეკითხე ქალს.

ქალი შებრუნდა და ძლივს წაილაპარაკა: „რისთვის იწუხებთ თავს?..“

ქალაქის ეს ნაწილი ყოველგვარ ბინძურებას აქვს დათმობილი: ჭუჭყიან დუქნებში განუწყვეტლივ ღრიალებენ ხმაჩახლეჩილი ლოთები. დამტვრეული არღანი ვნებათა ამშლელ ხმებს უკრავს; გაისმის საალერსოდ ნათქვამი უშვერი გინება. ქალი ჩქარა ადგამდა პატარა ნაბიჯს. თავჩაღუნული უკან მივსდევდი. წარსულის სურათები სისწრაფით იცვლებოდა ჩემს თავში.


V

 

თუთხმეტიოდე წლის წინად ქუთაისის ბულვარში ხეებ შორის მიმალული იყო თეატრი. შტოები, ფოთლები სურათებით ამკობდა ისედაც ხარატულს კედლებს. კეკლუცი სახლი ხელმწიფის მისაღებად იყო აშენებული. მერმე კი თეატრად გადააკეთეს. თითქმის ყოველს წარმოდგენას ესწრებოდა ყმაწვილი, ასე 25-26 წლისა. ყველა იცნობდა და ყველას იცნობდა. ქალებს მოსწონდათ. მხოლოდ ზოგიერთ კნეინა-კნიაჟნას ეჩოთირებოდა უშნო სახელი: „ლაზარე კვიხაშვილი“.

ყმაწვილიც ღიმილით ემუსაიფებოდა ნაცნობს; სტუმრადაც დადიოდა; საზოგადოებაში ერეოდა; მჭიდრო მეგობრული კავშირით კი არავის დაახლოვებია. მიხრა-მოხრაზე, სიტყვა-პასუხზე ეტყობოდა, რომ ამ წუთით არ იყო კმაყოფილი და რაღაც გამოურკვეველ აზრს თუ ოცნებას ეპოტინებოდა... უძლურად.

საზოგადოებამ ერთხელ სრულიად მოულოდნელად ლაზარე კვიხაშვილი და ქალაქში ცნობილი როსკიპი ერთად დაინახა ლოჟაში. ნაცნობები აღელდნენ. ჟანდარმის პოლკოვნიკი ბულაძე გააფთრებული გაიძახოდა, ეს შეურაცხყოფაა საზოგადოების და მით უმეტეს მოხელეებისაო; თავადი ვანო, საყვარელი ვანო, გულმხიარული იცინოდა და გაიძახოდა, ესეც ერთი „საქმრო“ დაეკარგა ჩვენს მანდილოსნებსო; კნეინა სოფიომ ადვილად არ შეხედა საქმეს და გაჯავრებული ამბობდა, რა უნამუსობაა, რა უსირცხვილობააო. სწორედ ამ დროს ხელგაყრილი ჩამოუარეს კნეინას კვიხაშვილმა და მისმა ქალმა.

კვიხაშვილმა ჩვეულებრივ თავი დაუკრა. კნეინამ უნებლიედ პასუხი გასცა და მაშინვე შეინანია: Вот нахал! - წამოიძახა კნეინა სოფიომ. კვიხაშვილს სიტყვები არ გაუგონი.. მხოლოდ ქალმა მოჰკრა ყური და გადასცა. - ჯანი გავარდნიაო, - მიუგო კვიხაშვილმა, - არა, ერთი გამაცანი, თუ გიყვარდე, - სთხოვა ქალმა. - დიდი სიამოვნებით, - Ну и будет скандал! - სიამოვნებით გაიფიქრა ლაზარემ.

- ნება მიბოძეთ გაგაცნოთ, კნეინა...

Как вы смеете! - დააბაკუნა ფეხი კნეინამ და შებრუნდა.

- ძალიანაც ნუ ცხარობთ, კნეინა, გააყოლა ხმამაღლა კვიხაშვილმა, - თქვენივე პროფესიისაა. თქვენ გუბერნატორის ბუდუარში დიდის ხალისით მიდიხართ, როცა პოლკოვნიკები ვეღარ გაქეიფებენ საკმაოდ; ნატო კი გუბერნატორის მოხელეს მიმართავს, როცა უკანასკნელი რიგის მაგიერ ლოჟაში სურს დაჯდეს. რა გაკვირვებთ?

საზოგადოებაში ჩოჩქოლი ასტყდა. ჭკუა დამჯდართა თვალშში ლაზარემ უცბად დაჰკარგა ყოველივე ფასი. პოლკოვნიკი რაღაცას იქადოდა. ახალგაზრდა ქალები საჩქაროდ შორდებოდნენ იმ ადგილს, სადაც „თავხედი“ ქალ-ვაჟი იდგა, გულის სიღრმეეში. კი ამბობდენ: "Молодец, какой душка!". თავადი ვანო, საყვარელი ვანო, გულმხიარული იცინოდა და ყმაწვილები სალაყბოდ დაპატიჟა ვახშამზე.

ფარდის აწევამ დაიგვიანა, მაგრამ საზოგადოებას მოუთომენლობა არ ემჩნეოდა.

კნეინა გაჰქრა.

კვიხაშვილი დუელში გამოიწვია. ვინ? - ღმერთმა იცის!!.. ჩვეულებრივად გათავდა დუელი - მიაფუჩეჩეს.

კვიხაშვილი დაითხოვეს.

 

VI

 

ამ ექვსი-შვიდი წლის წინ შუადღეზე სამიკიტნოებთან თუ გაივლიდით, დაინახავდით ოდნავ მთვრალ, მობარბაცე ფოსტის მოხელეს; როცა მთვრალი შევიდოდა დუქანში, მედუქნეემ უკვე იცოდა, რომ ერთი დიდი ჭიქა ღვინო უნდა ჩამოესხა. ფოსტის მოხელე ზეზე დალევდა ღვინოს, პატარა საჭამადსა და პურს დააყოლებდა და დანარჩენს ჯიბეში ჩაიდებდა.

მის ჯიბეში ნამდვილი სანოვაგის გამოფენა იყო. ლავაშის ნახევი, ზეთის ხილი, თეთრი პური, კუპატი, სულგუნი - ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული. ქუჩის ბავშვები მისდევდნენ უკან და ნახევრად დაცინვით, ნახევრად ხვეწნით უძახოდნენ: ლაზარე, ლაზარე, ერთი პური მაჭამე! - გაკვირვებული მაყურებელი შენიშნავდა, რომ ჯიბიდან წერილების წვერებიც მოსჩანდა...

 

VII

 

ქალმა ვიწრო ქუჩაში შეუხვია. ეტლმა ჩამოგვიარა და უამრავი მტვერი მოგვაყარა. შუა გზაზე დახეული წაღა ეგდო, „გადმონალოცი“ ნაჭრები, დედოფალა, შეღებილი კვერცხი გზის განაპირას იდვა, მესრის ძირში. შორიდან მოისმოდა გიტარის აკომპანიმენტი და მანდილოსნის ნაღვლიანი ხმა: „ნუ დამივიწყებ, ნუ დამივიწყებ!“ შუა ქუჩაში, ტლაპოში გაჭიმულიყო რუხი დიდი ნეზვი ღორი; ძუძუები გადმოეყარა და ხვრინავდა. იქვე შვიდი გაზრდილი გოჭი იჩუჩქნებოდა.

ქალი შეჩერდა სწორედ იქ, სადაც ვიწრო ქუჩა თავდებოდა. მივედით; სახლის წინა მხარის სამი ფანჯარა აივანზე გამოდიოდა. აივნის ბოძები და კიბე ქუჩას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე სახლს; პატარა ფანჯრებს შიგნიდან ფარდები ეკიდა. ოდნავ მბჟუტავ ლამფას აივნიდან ძლივს შეამჩნევდა კაცი. მიმოვიხედე; ქუჩის მეორე მხარეს მინგრეულ-მონგრეული მესერი მომხვდა თვალში. რაღაც მოგონება აღმიძრა ამ უტყვმა წამოქცეულმა ღობემ... რა უნდა იყოს, რა მოხდა აქ ისეთი, რომ მახსოვრობაში ჩამრჩენოდეს... ჰო, სწორედ აქ, ერთ საღამოს, როცა ჩავიარე, დავინახე ლაზარე კვიხაშვილი უქუდოდ, გაალმასებული უყვიროდა გვერდში მდგომ თმაგაწეწილ, ცოტა შემთვრალ დედაკაცს:

- ნუ მჭრი თავს, რა ღმერთი გიწყრება! ნუ როსკიპობ.

- როსკიპი ვარ, როსკიპი, მერე შენ რა გინდა შე... შე ქეციანო ვირო.

ნუთუ ეს ლმობიერი, ნაზ-მგრძნოაიარე, სადა ქალი იყო მაშინაც?

 

VIII

 

ოთახში შევედით. ჩვეულებრივმა ბურუსმა შემიპყრო: შეხუთული ჰაერი, სუნი, აჭაჭული სურათები, ლუდის ბოთლები - საკვირველი იყო ამ ოთახში, რომლის გვერდით ამ ორი საათის წინათ მიცვალებული იწვა.

წამოსვლა მინდოდა, მაგრამ უეცრად ვერ მოვახერხე და ვიკითხე - ლაზარეს ოთახი სადაა?

გვერდშივეა, ოღონდ აქედან პირდაპირ გასვლა არ შეიძლება, შემოიარეთ აივანი, მეორე კარია. მანამდის მეც ტანისამოსს გამოვიცვლი.

ქალი უკვე მოურიდებლად ზედაწელს იხდიდა. შემომხედა. სახე სრულიად გამოსცვლოდა. თვალები არეოდა და სახეს ღიმი გადაჰკროდა.

"Свинья!" - გავიფიქრე გულში.

აივანი შემოვიარე, კარები გავაღე და ასანთი გავკარი. ლაზარეს ოთახში აღარაფერი დარჩენილიყო: მიცვალებულს ყველაფერი თავისი თან წაეღო. მხოლოდ ტახტზე დაგლეჯილი საბანიღა დარჩენოდა და ფეხმოტეხილ სკამზე, რომელიც ტახტის წინ იდგა, სანთლის ნამწვი.

ნამწვი ავანთე.

პატარა ოთახის ფანჯარასთან იდგა მელნით აქა-იქ გაშავებული, ნავთით დაჩენილი, პაპიროსით აგერ-ეგერ ამომწვარი მაგიდა, რომელსაც გვერდებზე შერჩენოდა ჯერ კიდევ თაფლის სანთლის ღვენთები: ჰგავს, მაგიდა მიცვალებულის წინ კანდელის მაგიერობას ასრულებდა. მაგიდის ქვეშ ფეხი წამოვკარი ქაღალდებს. შევიხედე. იატაკზე, ერთმანეთში არეული, ეყარა რაღაც ხელნაწერები და ურიცხვი, აუარებელი... წერილები. ნაწერები რომ დარჩენოდა ადამიანს, რომელიც ერთხელ რედაქციაში მუშაობდა, არაფერი საკვირველი იყო, მაგრამ ამ წერილებმა ცოტა არ იყოს შემაჩერა.

მინდოდა წამეკითხა, მაგრამ მერიდებოდა.

- აქ ხელთნაწერებია... - გავძახე ჩემს მეზობელს.

- დიახ!

- შეიძლება რომ წავიღო? ვის უნდა ვკითხო?

- ჩემს მეტს ვისა სთხოვთ? მანდ გამოსვლა არ შემიძლია, გამოიტანეთ აქეთ და ვნახოთ.

დავხვიე ხელი და გავიტანე.

 

IX

 

- რა ცოტა უწერია განსვენებულს! - მწარის დაცინვით მითხრა ქალმა. - უკანასკნელი ოთხი წელიწადი თითქმის ხმასაც არ მცემდა და სულ რაღაცას სწერდა: განა ამის მეტი ვერ მოასწრო? მიირთვით, - და ჭიქით ჩაი გადმომიდგა.

- როგორ თუ ხმას არ გცემდათ?

- ეჰ, რაღაც გაუგებარს მომიყვებოდა: ნიგვზის ხე ძვირფასიაო, მაგრამ შეშაd არ ვარგაო; შეშაd მუხა კარგია, მაგრამ ცოდვაა ასე ადვილად მისი მოხმარებაო. ჩვენცო - ჩემზე და თავის თავზე იტყოდა ისეთს საქმეს მოვკიდეთ თავიდანვე ხელი, რომლისთვისაც არ ვარგოდით და იმიტომ აგვერია მონასტერიო. მაინც ათასი სატირალი მქონდა და მისი სიტყვები, თუმც არ მესმოდა, მთლად მრევდნენ - ამიტომ არც ვლაპარაკობდით... კონიაკს არ მიირთმევთ? ცუდათ ჩამოგტირით სახე და პატარა გამხიარულდებით.

გავნაზდი, მაგრამ დამაძალა.

თვითონ გადაჰკრა ერთი მოდიდო ჭიქა და ოხვრით ჩაილაპარაკა - საჭმელი მაინც მოგვცა, მიირთვით, წუ დამიწუნებთ.

მეც დავლიე და მორიდებით გკითხე - არ შეიძლება ვინმე დუქანში გავგზავნოთ?

- რატომაც არა?

მაშ გავგზავნოთ?

- ქალი გავიდა, რაღაც ფუჩუნი შეიქმნა, და შემოსულმა მახარა: ეხლავ მოიტანენო.

ისევ გაავსო ჭიქები, წყნარად მიახალა ჩემსას თვისი ჭიქა და დალია. მე მოვსვი.

- ეს წერილები სადაურია? - დავეკითხე ქალს.

- ჰმ, - გაიცინა ქალმა. · მაგ ტიალმა წერილებმა დაღუპა საწყალი ლაზარე: ფოსტაში რომ იყო, ყოველ საეჭვო წერილს ჯიბეში ჩაიგდებდა საცოდავი... აქაო და, ჟანდარმებს არ მოხვდეს ხელშიო. მართალია, ხშირად სცდებოდა და სასაცილო წერილები მოჰქონდა სახლში, მაგრამ თვითონ უთქვამს, ათი-თორმეტი კაცი მაინც მყავს გადარჩენილიო... უკანასკნელ დღემდე, თვით საპყარი და გაჭირვებული, უბედურთა მფარველობას ჩემობდა, ორ გროშს იშოვიდა გადაწერით თუ თხოვნის დაწერით და იმასაც, იცით, მე მაძლევდა.

დაღუნა თავი და ორიოდე ცრემლი გადმოვარდა თვალიდან. უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი. ნელ-ნელა ვიღებდი ჭიქას და ცოტ-ცოტას მოვსვამდი კონიაკს. ქალიც უსიტყვოდ წვეთ-წვეთად სვამდა სასმელს. ასე ვუცქეროდით ერთმანეთს.

დედაბერი შემოვიდა და შემოიტანა საუზმე: დოში, ყველი, ნახევარი ქათამი და მწვანილი.

- ღვინო არ მოგიტანიათ? - დავეკითხე, რომ რაიმე მეთქვა და სიჩუმე დამერღვია.

- არა, ფული რომ არ მოუციათ! - უკმეხად მიპასუხა შავი თავსაფრით პირაკრულმა ქალმა.

- აბა თქვენ იცით, ღვინო მოიტანეთ და რაც დარჩეს, თქვენა გქონდეთ, - მივუგე დედაკაცს კონიაკით გათამამებულმა.

კონიაკს ღვინო მოჰყვა. სიჩუმე ძვირად ირღვეოდა.

- რაც მოხდა, მოხდა, - მინდოდა მენუგეშებინა ქალი, რომელსაც თავი ნიდაყვზე დაეყრდნო და გაშეშებული იყურებოდა. - ცხოვრება არავისთვის არაა სიამოვნება: ზოგი ეგრე იტანჯება და ზოგიც ეგრე.

ჩემივე სიტყვების უაზრობისა შემრცხვა და რომ შთაბეჭდილება შემეკეთებინა, ხელი ხელში მოვკიდე.

- დამშვიდდით! - და ჭიქა მის ჭიქას მივახალე. ქალს ხელი არ გაუწევია, პირიქით, მან დაიჭირა ხელი და წყნარად მითხრა:

- ეს მართალია. მწუხარება არაფერია, მაგრამ სირცხვილი, სირცხვილი იცით რა არის? სხვა ქალი რომ იყოს თქვენს გვერდით, ეხლა სიყვარულს აღგიძრავდათ, მე კი თქვენთვის მწვირიანი მურტალი ქმნილება ვარ.

ჩვენ უკვე მთვრალები ვიყავით. თითქოს დასამტკიცებლად ჩემის პატივისცემისა, ქალი ჩემკენ მივიზიდე და ვთხოვე: - წავიდეთ, სადაც გინდა - თუ გსურს, ჩემს სახლში. შენში არაფერი სასირცხო არ არის,

- ჰმ, გაიცინა ქალმა... - ეს მოხდა დიდი ხანია მას აქეთ... - არა, არ წამოვალ... თუ გინდა, აქ ვიქეიფოთ.

მეც ხალისიანად დავეთანხმე: - მაშ, ვიქეიფოთ!

 

X

 

ოთახში ყველაფერი აირია. საიდგანაც გაჩნდა არღანი. შემოჰქონდათ და გაჰქონდათ ჭიქები, ბოთლები. ვიღაც თავქოჩორა, პოლიციის მოხელე ჩოხიან თავადს დაჟინებით ეუბნეხოდა. კნიაზო, პოლიციას რაც შეეხება ჩემი იმედი გქონდეს: საციმბირო რომ იყო, სახლში მიგიყვან უმანკო მანდილოსანსავით. ჯიბიდან რაღაცა ამომქონდა. ხან ისევ მაძლევდენ, რასაც იატაკზე ვყრიდი, ლოყებ გასივებული მეარღნე იღუნებოდა და მადლობით მეუბნებოდა: - თქვენი კომპანიის გამარჯვება იყოს!

მუხლზე უნდოდა დამჯდომოდა, ფეხები გამოვაცალე, და სიცილით გადატრიალდა იატაკზე... ქალი! წამოხტა სათვალებიანი ქმნილება - საიდან გაჩნდა? - და დაიწყო ქაჩვა. თავადი ვიღაცას ყელში სწვდა. მერე ყველაფერი დაცარიელდა. მე ლოგინზე დავჯექი, ახალუხის ღილები დავიწყვიტე, წაღები გადავისროლე... ოთახის კუთხეებიდან ჭინკებმა ამოჰყვეს მაიმუნისებური პატარა სახეები და ხელები... სიცილი... ლოგინზე გავიშხლართე...

სიყვარულს ლაფი დავასხით.

 

XI

 

მზემ შიგ თვალებში დამაცხუნა. გამომეღვიძა. გულზე ლოდი მაწვა.

თუთუნის კვამლი, საჭმელების ოხშივარი, დაქცეული ღვინო და ლუდის სუნი, მტვერი ერთმანეთში საჯოჯოხეთოდ არეულიყო.

ჩუმად ავდექი. ფანჯარა გავაღე.

- ეს კაი ქენი! - დამიძახა ქალმა ლოგინიდან.

საჩქაროდ ჩავიცვი, ავიღე წერილები, ნაწერები, შევკარი და კარებს მივადექი, წამოსვლას ვაპირებდი.

- მიიპარები? - დაცინვით დამეკითხა უძრავად მწოლი ქალი.

- ა, უკაცრავად! არ იფიქროთ, დამავიწყდა, - მივედი და თავქვეშ ამოვუდევი ქაღალდის ფული. - აი აქ არის.

კარებთან ისევ შემოვბრუნდი:

- შეიძლება წავიღო?

ქალმა არ გამათავებინა კითხვა:

- ინებეთ, რაც გენებოთ...

- მე ლაზარეს ნაწერებზე და წერილებზე გეუბნები...

- ჰო, ჰო, წაიღე, მოიხმარე, როგორც გინდოდეს.

- მაშ მშვიდობით. ოღონდ ნუ იფიქრებ, რომ გაპარვა მდომოდეს. მხოლოდ არ მინდოდა გამეღვიძებინე. მანდ არის, სასთუმალს ქვეშ.

- ჰო, კარგი, გეყოფა ამდენი ბოდიში და ლაპარაკი, ერთი დამაძინე. ჩვენისთანა პირუტყვებში გაგონილა ამდენი სინაზე?!

 

შენიშვნა პირველი

 

 

სიკო შეჩერდა. მე დაინტერესებული ვიყავი.

- მერე? - დავეკითხე სიკოს.

- ესაა და ეს... იქედან პირდაპირ შენთან მოვედი.

ავიღე ქაღალდები და გადათვალიერება დავუწყე.

კარგა ხანმა გასტანა.

სიკო ადგა.

- ნახვამდის!

- ნახვამდის!

- მაშ შენ იცი, როგორ შეასწორებ ხელთნაწერებს და ისარგებლებ ჩემის ნაამბობით.

- შესწორების რა მოგახსენო და შენს ნაამბობს კი სიტყვა-სიტყვით, სრულიად უცვლელად დავბეჭდავ... - დავპირდი დარცხვენილ ამხანაგს.

და პირველი უკვე ავასრულე.

ამნაირად განსვენებულის ავლა-დიდება ხელში ჩამივარდა. იმედი მაქვს, საზოგადოებას მივაწოდო როგორც ცხოვრების დაწვრილებითი აღწერა, ისე დღიური ბ. კვიხაშვილისა და მისგან შეგროვილი წერილები. დღესდღეობით კი ერთ პატარა რვეულში ჩქარი ხელით უფრო ნაწერს, ვიდრე გადაწერილს, სურათებს, ლექსებს პროზით მოგართმევთ.

უნდა შევნიშნო, რომ ნაწერები რამდენიმე ხელით არის დაწერილი. ვისია ეს ნაწერები, ვინ არიან უცნობი ავტორები, დანამდვილებით კი არა, დაახლოვებითაც შეუძლებელია ითქვას. მხოლოდ გამოვთქვამ საერთო მოსაზრებას: ხშირად ერთი და იგივე ადამიანი სულ მრავალგვარი ხელით სწერს, რადგან სხვადასხვა სულის მოძრაობა, სხვადასხვა ხასიათი იჩენს თავს სხვადასხვა დროს.

შეიძლება ყველა ნაწერები თვითონ განსვენებულ კვიხაშვილს ეკუთვნოდეს. შეიძლება კვიხაშვილში რამდენიმე ერთი მეორისაგან სრულიად გარჩეული ხასიათი იყო ჩამალული და, რომელიც იჩენდა თავს წერის დროს, მისი იყო ხელიც. შეიძლება, ბ. კვიხაშვილმა თავისი ავტორობა არ გამოაჩინა, რათა არ ეჩვენებინა მკითხველებისათვის, თუ რამდენად ცვალებადი, სუსტი, უძლური იყო ხანდახან და, რაოდენ დიდ სულსა და ძალას იჩემებდა ხანდახან. არ უნდოდა გაეგებინებინა თავისი „mania grandiosa“ და თავისი თავის დამცირება.

 

კვიხაშვილის რვეულიდან

 

რამდენიმე წელიწადი რედაქციის შავ მუშად ვიყავი. შავ მუშადვე დავრჩები უსათუოდ, რადგან გულის ნადები ნაღველი კალამს ახმება, წყეულს!.. მაგიერად, სიული პრიუდომის არ იყოს: „თუ მე არა ვარ მგოსანი, პირველი მაინც მე ვსცემ თაყვანს ჩემი პოემების უცნობ მომღერალს“.

წერით კი ვწერდი.

როცა ჩვენი გაზეთის თანამშრომელნი გაიბუტებოდნენ, ავად ხდებოდნენ, თუ დაითვრებოდენ და ძილს ვერ შესწყვეტდნენ, მე უნდა ამეღო კალამი და მეწერა, მეწერა გონების დაკარგვამდის, თვალების დაბრუცებამდის.

და რაზე არ ვწერდი?

კანტის კატეგორიული იმპერატივი, ჩინეთ-იაპონიის შეტაკება, ნანსენის მოგზაურობა, ადდა ნეგრის პოეზია - ყველაფერი იყო ჩემი წერილების მასალა!

რა არ უნდა წამეკითხა?

თუ გახსოვთ ლიხუნჩაგის ოპერის გამო წერილი: მიუნხენის, როგორც ულამაზესი ტბის აღწერა; თუ მოგაგონდებათ ბულანჟეს ქართველი ქალის შვილად დასახვა - ყველა ჩვენს თანამშრომლებს ეკუთვნის. მივუტანდი ასეთს წერილს ჩვენს რედაქტორს, მოვახსენებდი, დასაბეჭდად არ ვარგა-თქო; პასუხად კი მესმოდა: ვისია; თუ ვინმე ცნობილ ადამიანს დავუსახელებდი, თუნდაც ცნობილი პირი კარგი მეჩექმე ყოფილიყოს, მიბრძანებდა, დაბეჭდეო, და მეც რა გზა მქონდა - ვგზავნიდი სტამბაში.

მაგიერად ზოგჯერ საშინელი ახირება იცოდა ჩვენმა რედაქტორმა; დაიჟინებდა, ვერ დავბეჭდავო და - გათავდა: რჩევა, მტკიცება, მუდარაც კი არა სჭრიდა.

ერთხელ ჩვენს, რედაქციაში შემოვიდა... ადამიანი-მეთქი, რომ გითხრათ, ბევრი იქნება და ლანდი კი ნამეტანი ცოტა! წვრილი, მაღალი, გამხმარი, ნამდვილი ძვალ-ტყავა ადამიანი. თვალებს ის მუდმივი სევდის ბეჭედი ესვა, რომლითაც მაყურებელი სიბრალულისა და სიყვარულის თანაგრძნობით იბოჭება. თხელი, მოკლე თმა ვეებერთელა შუბლს ვეღარ ფარავდა. ყვითელი იყო, დაღლილი. გადმომცა რამდენიმე ფურცელი და ძალ-დაუტანებელი თავმდაბლობით მითხრა: თუ მოგეწონოთ, დამიბეჭდეთო, - დამიკრა თავი და წავიდა.

ისე მომაბეზრა თავი ჩვენი ცნობილი მწერლების „ძმაბიჭურმა“ ქცევამ; ისე მომაბეზრა თავი მათმა დამადლებამ - აი საქმეებითა ვარ დატვირთული, მაგრამ ქართულ მწერლობას მაინც არ ვივიწყებო; ისე დაჩვეული ვიყავი ჩვენი ახალგაზრდა მწერლების ღრეჭა-ხვეწნით - მაინცა და მაინც შემდეგ ნომერში მოათავსე ჩემი თხზულებაო; ისე შემიწვრილეს გული არამკითხე მფარველებმა, ესა და ეს ბავშვი ნამდვილი გენიოსია და მისი ნაწერი უსათუოდ უნდა დაბეჭდოთო, - რომ ამ უბრალო, მფარველთა მოკლებულ, ტანჯულ ადამიანის ხელთნაწერები მაშინვე გადავიკითხე. მომეწონა, რედაქტორს მივართვი, აიღო, აქა-იქ გადაიკითხა და მითხრა:

- არ დაიბეჭდება!

- რატომ?

- რაა, კაცო? არც ლექსია, არც პროზა, არც რეალისტურია, არც დეკადენტური; არც სურათებია და არც საჩქაროდ გამოხატული ესკიზი, - უსახელო რამ არის.

- ფასიც ამას აქვს, - მივუგე მე გაცხარებით: ავტორის ყურადღებას მწერლობის დარგები კი არ იპყრობდა, არამედ გულში რაღაც ცეცხლი ჰქონია და მისი გამოთქმა ნდომებია. შეიძლება ვერ იყოს ხელოვნურად შეკონილი, მაგრამ შთაბეჭდილებას მაინც მოახდენს მაზე, ვისაც ასეთი რამ გულში უღვივის.

- ორი-სამი მკითხველისთვის კი არ ვბეჭდავთ ჩვენ, არამედ მასისათვის, და თუ უმრავლესობის გრძნობას არაფერს ეტყვის, ჩვენ ნება არა გვაქვს, დავბეჭდოთ.

- უკაცრავათ - ყველასთვის გასაგები ნაწარმოები წარმოუდგენელია. საქმე ის არის, რომ ოთხი-ხუთი ადამიანის სულისკვეთებას უთხრას პასუხი. ეს ნაწერი ნამდვილი „ადამიანის საბუთია“ და თქვენ მოვალე ხართ, დაბეჭდოთ. ერთი ადამიანის ტანჯვა-წვალებას მაინც გააგებინებთ ქვეყანას.

- მუდამ პარადოქსებით გინდა ფონს გახვიდე, - ღიმილით მომიგო რედაქტორმა.

- თქვენ კი მუდამ ვირის ყროყინი გაინტერესებთ! - მივახალე რედაქტორს... დავიხურე ქუდი და გამოვედი. მერმე რედაქციაში აღარ შევსულვარ - მომწყინდა.

რედაქტორი, ვისაც შეხვდება თურმე, სასაცილოდ უამბობს ჩემს გულის მოსვლას და დაცინვით უმატებს: - შეუგუებელი კაციაო.

ვბეჭდავ უცნობ ავტორის ნაწარმოებს და ვთხოვ პატივცემულ მკითხველს გაგვსაჯოს, ვინაა მტყუანი: მე თუ რედაქტორი? ღირდა ქვემორე მოყვანილ თხზულებათა დაბეჭდვა თუ არა? ავტორის სახელი დაიკარგა, მაგრამ ნაწარმოები მაინც შევინახე: რაც შემეძლო, მოვიმოქმედე.

 

I

რატომ?

 

მუსიკით, ხმათა ერთგვარ თრთოლვით შეუძლებელია აზრის გადაცემა; მუსიკის საქმეა მხოლოთ გრძნობათა აღძვრა.

როცა პირველად ვისმენდი შუმანის შეუდარებელს: „რატომ?“-ს, შემდეგი ვიგრძენი:

სულ პატარა ვიყავი; დედამ რაჭული ქადა მომცა; მივჯექი ხის ძირში და ვაპირებდი ტუჩების ჩატკბარუნებას... კატა მომეპარა და წამართვა. ოჰ, რა ტანჯვა ვიგრძენი მაშინ.

- რატომ?

მე და ჩემი და ერთად ვიზრდებოდით! ერთმანეთი, როგორც მახსოვს, მხოლოდ მახსოვს სამწუხაროდ, ძლიერ გვიყვარდა. დაგვპირდნენ სადღაც საცეკვაო საღამოზე წაგიყვანთო, მაგრამ მე აღარ წამიყვანეს. ოჰ, რა ტანჯვა ვიგრძენ მაშინ.

- რატომ?

- გამოცდა უნდა ჩამებარებინა, მამა სიამოვნებით ამბობდა: - ამას კიდევ დავაყენებ გზაზე და მოვისვენებო. დედა მეუბნებოდა: შვილო, ადრე ადგომას შეეჩვიე, თორემ შუადღემდე ძილი გიმნაზიაში არ გამოდგებაო; დები ტანსაცმელს მაზომებდნენ; სტუმრები „მომავალ ყმაწვილ კაცს“ მეძახდნენ; მედიდურად ვუყურებდი ბავშვებს, რომელთაც ჯერ კიდევ მოკლე შარვლები ეცვათ და ტიტველი მუხლები უჩანდათ: მე ხვალ-ზეგ გიმნაზიელი ვიქნები მაგრამ „ჩამჭრეს“ გამოცდაზე (სწორედ რომ ძალით „ჩამჭრეს“ და არა თვითონ „ჩავჭრილვარ“). თუმცა სახლში არხეინად დავბრუნდი - არ შევიმჩნიე, მაგრამ ოჰ, რა ტანჯვა ვიგრძენი მაშინ!

- რატომ?

პირველი სიყვარული; წმინდა და ნაზი, ბორჯომის ცამ უეცრად გულში ჩამინათა. დიდხანს ვცდილობდი და თან გავურბოდი იმ მაღალ, გაბუხუნებულ, ქერა თმიან და თაფლისფერ თვალებიანის გაცნობას... ვეღირსე... მაგრამ ჩემმა რუსულმა, ჩემმა იმერულმა მიხრა-მოხრამ ვერ მიიზიდა, და გულახდილად სიცილი დამაყარა. ოჰ, რა ტანჯვას ვგრძნობდი მაშინ!

- რატომ?

მთელი ჩემი სიცოცხლე მეორე კლასიდან, მგონია, ერთს დიად აზრს ჩასცივებოდა: მინდოდა ამეხსნა მთელი კაცობრიობის ისტორია პრომეთეოსის და ფაუსტის ხასიათით. რასაც კი გავიგონებდი, რასაც კი წავიკითხავდი, ყველაფრიდან ვიღებდი მასალას. ამ ჩემთვის საყვარელ და მეგობარ ჭეშმარიტებისათვის; ფუტკარივით ვამზადებდი სიცოცხლის სარჩოს; გუსტავ ემარის რომანებიდანაც კი ამოვკრიბე რაღაც-რაღაცა, მაგრამ... დავხიე წიგნი, გავაცამტვერე:

დღევანდელ დღისთვის არ იყო ქმნილი.

- რატომ?

ცხოვრება მთა არის ტყე-კლდოვან-ყინულიანი. მხოლოდ მწვერვალზე ჩნდება მზე და ჩრდილი; რა გულით ვეპოტინებოდი ყოველ ბილიკს, რამდენი ქაცვ-ნარევი შამბი გავიარე! რამდენი ტყავი გადაძვრა მუხლებს, მაგრამ თავქვე ვვარდებოდი უფსკრულში.

ოჰ, რა ტანჯვას ვგრძნობ.

- რატომ?

გათავდა თუ არა შუმანის პიესა, გიჟივით, თრთოლვით გამოვვარდი გარეთ. კონცერტი არ იყო გათავებული. მთელი ღამე დავეხეტებოდი და ვტიროდი. ვისაც უკანასკნელი ფული მიუცია ბილეთში, ის მიხვდება, რა ტანჯვას უნდა გრძნობდეს ადამიანი, რომ ქვეყანაზე საუკეთესო მუსიკალური საღამო მიატოვოს. ოჰ, რა ტანჯვას ვგრძნობდი მაშინ და ვიძახოდი:

- რატომ? რატომ? რატომ?

 

II

 

„მე ცოცხალი ვარ, რადგან უკვე მოვკვდი“.

დღემდე ვმაგრობდი. ამაყად მიმქონდა თავი. ჩემს დამცინავ სახეს ვერ გაუბედავდენ შეცოდებით შეხედვას, და თუ ვინმე გაკადნიერდებოდა, მე არ ვიღებდი თანაგრძნობასაც.

დღეს მომწყდა წელი; აღარ შემიძლია: ტანჯვამ დამისერა გული; სული მეხუთება: აღარა მაქვს ჰაერი; მეთვლიმება: რაღას ვუყურო, თვალის დამტკბობიც არაფერია; ვამჩნევ, არავისთვის ვარ საჭირო და არავის სურს ჩემი გულში ჩაკვრა, შეყვარება.

შემიცოდეთ მაინც!

დამეკარგა იმედები.

მჭერმეტყველებით ვერ ავაშორებ სასჯელს უდანაშაულო ბრალდებულს; ბრძოლით ვერ ავხსნი ბორკილს დამონებულ ერს. ყმაწვილი ქალი არ გადაიკითხავს ჩემს ნაწერს და თვალცრემლიანი არ წამოიძახებს: „რა მშვენიერებაა!“ დინჯი მეცნიერი არ მოიყვანს ადგილებს „ერუდიციით სავსე და ლოგიკურად განვითარებული" ჩემი თხზულებიდან.

მაშ, შემიცოდეთ მაინც!

ვეღარ დავიკმაყოფილებ დაბადებასთან თანდაყოლილ მოგზაურობის სურვილს. ცივი ციმბირი; მდიდარი ინდოეთი; თვალწარმტაცი, დახატული, საოცნებო ვენეცია; ხელოვნების მუდმივი ქალაქი რომი; ქალაქთა ქალაქი ლონდონი; მრისხანე სახარა; თვალუწვდენელი ჰიმალაი და შენ, შენ ყველაზე უფრო სანატრელო სურათო ჩემი არსებისა, ძლიერო და ბავშვსავით გულუბრყვილო ზღვაო, ვეღარ გნახავთ თქვენ! ოცნებით ვერ მოგშორდებით, მაგრამ უნყოფო ოცნება ხომ შესაცოდია. შემიცოდეთ მინც!

 

III

 

ვარდისა მეტი ცოცხალი არსი როგორ შეეხოს შენს მარჯნის ტუჩებს. ვინ გამიბედოს შენი სიყვარული, გარდა ვარსკვლავთა ვინ დაგინახოს?!

მინდა ფერხთა წინ ია გიფინო და ხელთა მხოლოდ ანწლი მაქვს გასვრილი, წალკოტის გვირგვინს, ხმლით დაბრუნებულს, დაგადგამ განა მე მონა ფრთხილი?

მე მეშინია, რომ სიტყვა ტლანქი ნაზს სმენას შენსას შეურაცხყოფს, და რად გიკვირს, რომ ერთხელ ჯანსაღს, მხედავ მოწყენილს, მუდამ ავადმყოფს?!

 

IV

 

გულის იარებს რომ ხელსა წაჰკრავ; პირში რომ მეტყვი სიტყვასა მწარეს; მუდამ რომ სიცილს ცრემლადა მიქცევ და რომ დასცინი ჩემს აღმაფრენას - ტყუილად თვალთმაქცობ - სწორედ მით გამჩნევ, რომ ჩემთან სტირი ჩემსა სატირალს; რომ ჩემთან გინდა სიმღერა ტკბილი, რომ ჩემგან ელი ბედნიერებას.

ხასიათს იცვლი!.. განა ბავშვი ვარ - ვერ შეგამჩნიო, ამპარტავანო, თუ რისთვის სხვებთან ია ხარ ნაზი, ჩემთან კი ეკლით მოცული ვარდი.

და ნუ მომესწროს, რომ შეგეცვალოს ეს მკაცრი ქცევა ტკბილ საუბრად; ოხ, ღმერთმა ნუ ქმნას, რომ მხოლოდ სიტყვას, რასაც შენ იგრძნობ, მთლად დაეხატოს!

 

V

ალბომში


ექსპრომტი


სხვაგვარ მელანში ვაწებდი კალამს და მაშინ ვწერდი ასეთ ექსპრომტებს, ეხლა კი მხოლოდ მეხსიერება გრძნობის მაგიერ მე მიკარნახებს.

ნაძალადევს ლექსს - გულწრფელ პროზას და სალამურსა - თეთრს ქაღალდს ვარჩევ. გულგატეხილი ვარ, ქალბატონო! ეჰ, მშვენებას რა არ შეუძლია?!

დანჟღრეულ მღერას ჰარმონიად ქმნის; ნოტიო ბნელეთს დედოფლის კოშკად; ძლივს მბჟუტავ სანათს მზედ გამოაჩენს!

ანგელოზთ გუნდი ჩვენს წინა იმღერს; კრება ვარსკვლავთა გზასა გვიჩვენებს; ტალღათა შორის გასცურავს ნავი; რაში მყინვარსა ჩვენ გადაგვაფრენს.

ღრუბელი მხოლოდ იმიტომ ჩნდება, რომ მოტრფიალეთ არ დაჰკრას მზემა; ქარი გუგუნებს, ჩვენი ფუჩუნი რომ არ შებღალოს სხვის უხეშ სმენამ.

 

VI


პუბლიცისტურ წერილიდან


ნუთუ, მკითხველო, არ მოგწყინდა ეს წერილები, მით უმეტეს, მგონი, იცი, უკეთესი წერილების მოწოდება შემიძლია, მაგრამ შენ თვითონ არ მეხმარები, შენ თვითონ არა სცდილობ საშუალება მომცე, უფრო გულწრფელად მოგელაპარაკო.

მკითხველო, ვერაფერს ვერ დამაბრალებ. რამდენჯერ ყოფილა, რომ გულახდილად შენთვისვე სასარგებლო წერილი დამიმზადებია, მაგრამ... მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო ვერ წაგიკითხავს რაღა თქმა უნდა, რომ შენ თვითონ არ გაქვს სურვილი თვალები გაახილო, არ გინდა წმინდა ჰაერით ისუნთქო, თორემ ჰაერი ისე გავრცელებულია, ძალა შენი იმოდენაა, რომ ერთს წერილს კი არა, ბაზალეთის ტბას ჩვენს სანუგეშო აკვანს ამოგლეჯდი.

"ვფიცავ სამშობლოს, ესოდენ ტანჯულს,

ჩაბალახ ახდილს, განაწამებსა",

რომ მე ყოველთვის შენკენ ვისწრაფვი და რა ვქნა, რომ ჩვენს შორის დიდი გზაა; რას გაქვავებულხარ ერთს ადგილას? გადმოდგი შენც ფეხი ჩემკენ და ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, თუ იმედი გაქვს, რომ მთელ გზას მე გამოვივლი და ჩაგეკონები გულში! მართალია, ვივლი, მაგრამ გზაში ამომხდება სული და ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით. იქნებ ოდესმე გზაში მნახო, ყვავ-ყორანი გულზე მაჯდეს.

ბულბული უსტვენს და უყეფს გალიაში მჯდომ მეგობარ ბულბულს, რომელსაც მოსწონს მყუდროება თვისი. თავისუფალი ბულბული მეაკვდება გალიას. მყუდრო, წყნარ ბულბულს ოხვრა-ხვნეშაში უსიამოდ ამოძვრება სული. არ ერჩივნა გალიის რკინისთვის შეეხეთქა მკერდი და უკეთეს მომავლის ძებნაში მომკვდარიყო?!

 

VII

წერილიდან

 

დიდი ხანია პასუხი არ მომიცია. პირველი შეხედვით ასეთი ქცევა უყურადღებობის ნიშანია. მაგრამ პირიქით: არ ვიცოდი, რა გვარად გამომეთქვა მადლობა ხსოვნისათვის, როგორ გამომეხატა მთელი ჩემი აღტაცება. ისე მივეჩვიე დავიწყებას, რომ დიდი ხანი დამჭირდა, სანამ გამოვერკვიე სიხარულიდან. წერილის მიღებისთანავე შემეძლო ბევრი სისულელე მომეწერა. ეხლაც, მგონი, ვცოდე ჭკუა-გონებას, მაგრამ არაფერია!

აკი მოგახსენებდით, რომ პეტერბურგი ვერ დაგაკმაყოფილებთ-მეთქი. ყოველს ჩიტს თავისი ბუდე უყვარს - მხოლოდ ბაყაყისთვის სულ ერთია, რომელ ტბაშიც უნდა მოხვდეს. ნახვამდის

 

VIII

 

მშვენიერი დრო დადგა სწორედ: ისეთს სიგლახეს და სიწამხდრეს ვერ მოიგონებს კაცი, რომ მისი შესამშვენიერებელი სიტყვა და ფაქტი არ მონახონ. მეგობრის ცოლს გაუპატიურებას უპირებდი; გამოგაგდეს სახლიდან, ყველამ მიგიხურა კარი ცხვირის წინ - თქვენ თამამად შეგიძლიათ წარმოსთქვათ: „რა უყოთ, ნიკოლოზ ბარათაშვილსაც კი არ იღებდენ ზოგიერთ ოჯახში; მაგრამ შთამომავლობა თაყვანსა სცემს მისს ნეშთსაო“. სრულიად დაივიწყეთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ბინძური თავის დღეში არ ყოფილა.

ლანძღვა-თრევისთვის ვირის აბანოში ჩაგსვან, არ გატყდე გულით, არ შეიკდიმო - შენ მართალი ხარ - შენი მოძმეა ჯორდანო ბრუნო, სავანაროლა, რილეევი: მათაც ხომ განიცადეს ტყვეობა და სიკვდილიც კი.

თუ ვინმე ბალღმა მექრთამეობა გიკიჟინოს, სიცილით უპასუხე: ბოკლი, ტიერი, ჰეინე-თქო! საკმაოა მარტო სახელები. ნიჭი არა მოგეცა „დედაენიდან“ „ბუნებისკარზე“ გადასულიყავ. რა სალაპარაკოა თქვენ ხომ უარყავით მეცნიერება, ვით ბრუნეტიერმა, თქვენ ხომ იზიარებთ აზრს; ignoramus et ignorabimus. თქვენ შეგიძლიათ თამამად სთქვათ, რომ ბუნება, მისი კანონები ისეთივე მიუწდომელია კანტისთვის, როგორც გოგია მეჩანგურესთვის, რადგან საგნის თვისების შესწავლა შეუძლებელიაო. მეცნიერება ზღაპრად მონათლე და ზღაპრები შენ გამოიგონე.

თქვენ ჭკვიან კაცად ჩაგთვლიან და კამათსაც ვერავინ გაგიბედავს.

 

IX

 

დიდხანს ვერ გასტანს ეგ ჩვენი ლოცვა: ბარბაროსთ გუნდი გვიახლოვდება; ჩვენ რომ გამოგვახჩოს, წმინდა ტაძრის დაწვასაც კი არ მოერიდება.

მაგრამ გავიდეთ ტაძრიდან, შევხედოთ გუმბათს უკანასკნელად და ცრემლისა წილ მხიარულ ჰანგზე დავმღეროთ ტკბილად, გულშეურყევლად.

თითქოს მივდივართ არა საომრად, - საქორწილოდ მიგვყავდეს და ან ძმა: გასაოხრებლად წმინდა ტაძრისა არ მივცეთ ხელში მტერსა მიზეზი.

„წმინდა ტაძარსა, როს ჩვენ გავწყდებით, აღდგენის კიდევ ჰქონდეს იმედი“.

 

X

თარგმანი


მშობელო მხარევ! საყვარელო ქვეყანავ! ვერაფერში დაგეხმარები. შემიძლია მხოლოდ შენ დაგიტირო წყვდიადს, უკუნით ღამეში.

ცრემლთ ფრქვევით გავყვები მხოლოდ მკაცრის ბრძოლის დროს დაღუპულ გმირთ; ჩაუმქრალის რწმენით შემიძლია მხოლოდ გისურვო განათლებული დილა.

მხოლოდ იმედით შემიძლია ვიცხოვრო, როცა დაქანცული გული კვნესის; ღრმა სევდით მიყვარხარ მხოლოდ, ჩემო მშობელო მხარე!

 

XI

ქალი

 

კლდეთა ნაპრალში, ალს კლდეებს შორის სიცივისაგან შეკრულ-შებოჭილი ცახცახებს თეთრ-ფიფქი თოვლი.

როცა სხივი მზისა მოხვდება, გულამოსკვნით დაიწყებს ტირილს. მისი ცრემლი ეს ჩანჩქერია. მისწრაფვით, შხეფით, კისკის-სიცილით შორდება დადუმებულსა იმა ქვეყანას.

როცა ჩვენში ჩამოვა სინათლის, სითბოს ღვინითა მთვრალი, ჩაეკონება მწვანით მოსილს ველს.

ასე უმანკო მანდილოსანი ვერ უძლებს ყინვას მოთმინებისას; რაც უნდა გულის კარი დაიხშოს, მკერდს გადაუშლის თვის მოტრფიალეს და მარჯან ბაგეთ მას დააკონებს, ვინც პირველად სისხლს აუჩქეფებს.

„სიყვარულითა მიმორბის ქარი; სიყვარულითა მოსჩქეფს მდინარე“.

 

XII

ვსვამ


მონოლოგი


ვსვამ, და მერე რა, რომ ვსვამ? ყოველი პატიოსანი კაცი სვამს და ყოველი ლოთი პატიოსანი კაციაო, - ერთი მწერლის თქმისა არ იყოს. როცა ჩავუკვირდები ჩვენს გონებრივ და ზნეობრივ სიღატაკეს, როცა ყოველივე ადამიანურს უფლებას გათელილს წარმოვიდგენ, როცა ჩვენს მუდამ მყრალ მორევს ცხოვრებისას უნებურად დავეწაფები - მომიტევე, მთვრალი ვარ და აზრებს ერთმანეთს ხეირიანად ვერ ვაბამ - ძალაუნებურად მიზიდავს ღვინო, რომელსაც შეუძლია გულმოსაკლავი სინამდვილე ოცნებას მისცეს, დავიწყებას.

ღვინო, განფანტე სევდანი!

ჰო, რომ ვსვამ, განა შენზე უარესი ვარ არა, უკაცრავად, იქნებ, შენ გმირი იყო; მე კი გმირი არა ვარ: გმირის ხასიათი არ მაქვს; არ შემიძლია ადამიანებს ვუყურო, როგორც მოჭადრაკე თავის კაცებს და პაიკი მოვაკვლევინო მოპირდაპირეს ლაზიერის ან მხედრის წასართმევად. მეზიზღება ადამიანი; თანაც ძლიერი მეცოდება. ამიტომ არის, რომ გმირულ საქმეთა მაგიერ... ვსვამ, ვსვამ და ვსვამ... ცოდნა კი, ვინ იცის, იქნებ, შენზე მეტიც მქონდა... სურვილიც აღემატებოდა... შეიძლება, მაგრამ (თავის გულზედ უჩვენებს) „ნუ, ნუ ახლებ ხელს გატეხილია!“

 

XIII

მთების იქით


კარლ ბუსსედან


მთების იქითო, ცხრა მთას იქითო, ამბობენ, ცხოვრებს ბედნიერება. მეც სხვებთან ერთად წავედი საძებრად, მაგრამ დავბრუნდი თვალცრემლიანი. მთების იქითო, შორს, შორს, იქითო, ამბობენ, ცხოვრებს ბედნიერება...

 

XIV

მყუდრო სამეფო


კარლ ბუსსედან


მყუდრო სამეფო აი ეს არის; არც ერთს კუთხესა არ ემსგავსება; ქართა ღრუბელთა ზევით არის ის - მაგრამ ვინ ჰპოვებს?

ვინ ჰპოვებს, მე თვით აგიხსნი ამას: ვინცა ჩვენსავით გულისთქმით ცხოვრობს.

 

XV

ღმერთი რო ვიყო


თარგმანი


ღმერთი რო ვიყო, სუმბულზე წმინდა ჩვენ ვიქნებოდით; არ ჩაქრებოდა უკუნისამდე სიყვარულისა მხიბლავი ალი; თვალები მხოლოდ სიხარულის ცრემლსა დაღვრიდა, ღმერთი რო ვიყო.

ღმერთი რო ვიყო, ხილი უკანოდ დამწიფდებოდა; მთის მაღაროდან ოქრო თვითონ ჩამოვიდოდა; შრომა მხოლოდ ძალთა ვარჯიში იქნებოდა, ღმერთი რო ვიყო.

ღმერთი რო ვიყო, ანგელოზო, ჩემო ფასდაუდებელო, შენის სურვილით გარდავქმნიდი მთელსა ქვეყანას, მხოლოდ უცვლელად შენ დაგტოვებდი, ღმერთი რო ვიყო.

 

შენიშვნა მეორე

 

მოვისმინე მეგობრის ნაამბობი და უკლებლად ჩავწერე. გადავიკითხე ნაწერები და გადავწერე. და უნებლიედ, თითქოს რაღაც იდუმალი ძალა წინამძღოლოდა, გადავშალე ეკლეზიასტე და წავიკითხე.

„მოვიქეც და ვიხილე მზეს ქვეშე, რომ არა სუბუქთა ეძლევა სრბა, ძლიერთ - გამარჯვება, ბრძენსა - პური, გულის ხმის მყოფელთა - სიმდიდრე, მეცნიერთა - მადლი -  არამედ ჟამი და შემთხვევა შეემთხოს ყოველთავე ამათ. ვერ ცნა კაცმა ჟამი თვისი: როგორც თევზნი გაეხვევიან დამღუპველ ბადეში და ფრინველნი მახეებში, ისე მოინადირებიან ძენი კაცთანი ჟამსა შინა ბოროტისასა, როცა იგი მოულოდნელად დაეცემა მათ“.

წიგნიც დავხურე. ათასი გრძნობა დამეხვია გულზე და მაიძულებდა ლაზარე კვიხაშვილის შესახებ ორიოდე სიტყვა მე თვითონ მეთქვა. კალამმა თითქმის უნებლიედ დაწერა შემდეგი:

შენ მოკვდი, პატარა ადამიანო. ნაშრომი არ დაგიტოვებია, სახელი არ მოგიხვეჭია.

მართალია, არც ტკბილის ჩანგით გიმღერია, არც უზენაესი ძალები აღგიძვრია სამოქმედოდ, მაგიერად იდუმალს, შეუგნებელს ჩვენს სურვილს ხორცშესხმულად ვხედავთ შენში. შენს გულის სიღრმეში გალობდი ზარს ჩვენი ნაღველის და კაეშნისას.

უღრმესი პატივისცემის, უსაზღვრო სიყვარულის, უგულითადესი პატივისცემის მაგიერ, თუ სადმე სამართალია, შენ უნდა ჩამოგძახონ ჟამსა მას სანეტაროს: „თავისუფალია!“

მაშინ პირველად გაიღიმებ.

მაშინ პირველად შეგეცოდება შენი თავი.

მაშინ პირველად შეგნანდება, რომ სახელი ვერ დასტოვე ქვეყნად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ