მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 604 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აპრილის მყუდრო და თბილი საღამო იყო. მე და შვიდიოდე გლეხის გასათხოვარი გოგო ჯელიძეანთ ერდოზე ვისხედით და გადავყურებდით სოფლის ქვემოთ მწვანედ აბიბინებულს ბოსტნებს.

სოფელი გუგულის ქედი სრულის მყუდროებით იყო მოცული. კრუხი წიწილი, ღორ-ხბო და პატარა გოგო-ბიჭები დიდის ხნის დაბინავებული იყვნენ სახლებში. სოფლის შარა-გზაზე ჭაჭანებად არავინა სჩანდა. დღეს მთელი დღე ღრუბლები ირეოდა და მზე მხოლოდ ხანდახან გამოიჭყეტდა ხოლმე იმათ შორის, საღამოზე თითქო კიდეც წამოჟინჟლა, მაგრამ ისე მცირედ, რომ დედამიწა. არც კი დაასველა და სინესტემ გაზაფხულის სურნელოვნებით გატენილი ჰაერი უფრო გაასურნელოვანა.

ჩვენც ტაროსის შესაფერად ხმა დაბალი, ტკბილი საუბარი გვქონდა.

მე როგორც ნასწავლი, ცოტად თუ ბევრად განათლების სხივმოფენილი, უფრო ხშირად ვმსჯელობდი და ისინი ყურს მიგდებდნენ. დიდი აღტაცებით ვუამბობდი ჩემს მსმენელთ ყველაფერს, რაც კი ცოტაოდენად მაინც მიიპყრობდა იმათ ცნობისმოყვარეობას. და რა არ ჰქონდათ იმათ საცნობისმოყვარეო! მოთხრობა, არაკი, ისტორია, სამღეთო წერილი და ბევრი სხვა საგანი მქონდა მასალად იმათთან სასაუბროდ.

მე და დედაჩემი, მარიამ მდივნიშვილისა ვცხოვრებდით სოფ. გუგულის ქედში მხოლოდ ზაფხულობით. წელს კი სხვა და სხვა საოჯახო გარემოების გამო ზამთარშიაც აქ დავრჩით. საშინელის სევდით აივსებოდა ხოლმე გული, როდესაც გზა შეუვალი თოვლი მოგეწყვეტდა მთელს ქვეყანას. არც წიგნი, არც გაზეთი, არც ერთი ცოცხალი სიტყვის მთქმელი, თანამოაზრე არ შეარყევდა ჩვენს უგემურსა და გამოყრუებულ ცხოვრებას. ამ დროს დედაჩემი მოჰყვებოდა ბედის წყევლას და მე, სევდით გარემოცული, - ბოლთის ცემას.

და ვინ იცის ჩვენი მარტოობა სადამდე მიგვიყვანდა, რომ ერთს შემთხვევას არ ჩაეგონებინა ჩემთვის, სოფლის გოგოებს დავახლოვებოდი და მეზრუნა რამე იმათთვის.

ქრისტეშობისთვის ერთს საღამოს, როდესაც საშინელ მრისხანე ქარს გაუდიოდა ზუზუნი და ჩეენს განიერ პირღია ბუხარს გუზგუზი გაჰქონდა, ჩვენთან სამეზობლოდ შემოვიდა გლეხკაცის გოგო მათა ნიორაძისა; მე ძველი ჟურნალის ნომერი მეჭირა და მეათედ ეკითხულობდი რაღაცა პატარა მოთხრობას. მათა ცნობისმოყვარეობით ჩამცქეროდა წიგნში და შემდეგ ალერსით მითხრა: მაკრინე, რა არის მაგდენს კითხულობ, ერთხელ ჩვენც გვიამბე რამე შენი წანაკითხი, იქნებ ჩვენც გავიგოთ და გავიხაროთო. მე მაშინვე ავუსრულე სურვილი, არ დავიზარე და მეთერთმეტედ გადავიკითხე იმისთვის პატარა მოთხრობა. მათა გულისხმიერებით მიგდებდა ყურს და დამთავრების დროს ცრემლებიც კი გადმოყარა მოთხრობის გმირის ცხოვრების უბედურად დასრულების გამო.

მეორე საღამოს მათამ სამი სხვა გოგოც მოიყვანა, იმათაც რაღაც წავუკითხე, მესამედ სამი მსმენელი ექესად იქცა. დიდის სიამოენებით ვუკითხავდი იმათაც, რაც კი მომხვდებოდა, და რადგანაც ქართულ კითხვაში ცოტათი ეკოჭლობდი, დილ-დილითვე დავიწყე საღამოსთვის მზადება. დღითი დღე მოწაფენი შემატებოდნენ და მეც ვუმატებდი შრომას. სადღა იყო სევდა, მარტოობით ტანჯვა და საზოგადოების წყურვილი. სრული გატაცებით მივეცი ჩემს ახალს საქმეს; მეტად უფრო მაქეზებდა ამ საქმეში ჩემი მსმენელების უზომო ცნობისმოყვარეობა და ბეჯითობა. მერე რა სიხარბით ეწაფებოდნენ იმ ნაგლეჯ-ნაგლეჯ ცნობებს, რომელსაც ვუამბობდი უსისტემოდ, ისე, როგორც მომხვდებოდა და რაც მომაგონდებოდა იმ მცირეოდენი სწავლისა, რაც მე თვითონ მიმეღო სასწავლებელში.

ყველაზე უმეტესად მოქმედებდა ჩემს მსმენელებზე იესო ქრისტეს მაღალი სწავლა-მოძღვრება, მისი ცხოერება, სიკვდილი და ამაღლება. თავის დღეში არ დამავიწყდება ის წუთი, როდესაც ხმის კანკალით, აღშფოთებული ვეუამბობდი პირველი ქრისტიანების თავგანწირულობას, იმათ წამებასა და ტანჯვას ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად და გასაგრძელებლად. ჰო, რა ტირილი და ქვითინი ატყდა იმათ შორის და რა მხურვალედ ვტიროდი მეც იმათთან ერთად!

როდესაც კი ჩაიგდებდნენ ჩემი მოწაფენი დროს, მაშინვე გარს შემომერტყმოდნენ და მოვყვებოდით ჩვეულებრივ გაცხარებულს ლაპარაკსა და მუსაიფს. მაკრინეჯან, ნეტავი რა იქნება სამუდამოდ ამ სოფელში დარჩეთ. მაშინ ყოველ დღე, საღამოობით, ასე გარს შემოგისხდებოდით და თქვენი ტკბილი ლაპარაკით დავტკბებოდით.

კარგია, ჩემო საბედო, მაგრამ ეგ შეუძლებელია. მოვა დრო და ჩენ ყველანი აქეთ-იქით გავიფანტებით, სხვაგან გავიჩენთ ბუდეს, მაგრამ ეგ დრო ჯერ შორს არის და მაშ განვაგრძოთ ჩეენი საუბარი.

დიდხანს გასტანა იმ საღამოს ჩვენმა მუსაიფშა ქრისტეს შესახებ. სულგანაბული, თვალებდაჭყეტილი მისმენდნენ ჩემი მოწაფენი და მეც დაუღალავად მოუთხრობდი ეეგენია ტურის „კატაკომბებში“ პირველ ქრისტიანთა ცხოვრებას.

მართლა, ბაბო. სად არის? გაკვირვებით ვიკითხე მე, როდესაც კარგა ხანი გავიდა და გოგოებს აქეთ-იქიდან დაუძახეს. ბაბო? მართლა, გოგოებო, არ გაგიგიათ? ბაბო ამაღამ ინიშნება, სთქვა საბედამ: მაკრინეს ლაპარაკში სულ დამავიწყდა, მეთქვა. წეღან ძალუას დაენახა, ოსიაანთ თინა და იმისი შვილი ჯიბრაელი თურმე გურგენაულთან მიდიოდნენ. ოსიაანთ მაქსიმეს ხომ დიდი ხანია ბაბოზე უჭყეტია თვალები და ახლა უთუოდ ერთმანეთს მოურიგდნენ.

- მოდი, მაკრინეჯან, წავიდეთ, იმათ ერდოში ჩავიხედოთ. ეხლა ვახშამზე ისხდებიან და ბაბოს გამოპრანჭულს დავინახავთ.

- წავიდეთ, წავიდეთ, ყველამ ერთად დავიძახეთ და ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ქვემო უბნისკენ დავეშვით. გუგულის ქედი მდებარეობს კარგა მაღლა ფერდობზე, რომელიც ორთავ კალთებად დაშვებულია აქეთაც და იქითაც გაშლილ მინდორზე, ზემო უბანი ფერდობის შუა გულზეა გაშენებული და ქვემო უბანი კი ფერდობის დასავლეთის ქვემო კალთაზე. ზემო და ქვემო უბანს ყელაფერი გასაზღერული აქეს: სახნავიც, საძოვარიც, წყალიცა და თითქმის მიმართულებაც. ქვემო უბნელებს თავი მოაქეთ მამულის სიბევრით, იმის ღონიერობით, წყლის სიუხვითა და უმეტესად იმითი, რომ ბატონი შორსა ჰყავთ და მათ თავისუფლებას არ ავიწროებს.

ზემოუბნელები კი ამისთანას ვერ დაიკვეხებენ. ამათი მამული თუმცა ღონით ქეემო უბნელებისას არ ჩამოუეარდება, მაგრამ სივრცით ძლიერ მცირეა და ქვემოუბანზე უფრო მჭიდროდ არის დასახლებული, წყარო ხომ ისე საცდავად არის მინგრეულ-მონგრეული, რომ კაცს ახლო არ მიესვლება. ბატონებიც განუყრელად აქ ცხოვრობენ და ძლიერ, აწუხებენ სხვა და სხვა გვარის სამსახურითა და ბეგრით. ზემო და ქემო უბნელები მხოლოდ ჭირსა და ლხინში თუ შეერთდებიან, თორემ უიმისოდ სრულიად ერთმანეთისაგან განცალკევებული ცხოვრება აქეთ. პურის სასესხებლადაც არ მივლენ ზემონი ქვემოურებთან და ქვემონი ზემოურებთან.

ეს უმიზეზო განცალკევება და უერთმანეთობა ვერაფრად მომწონდა ორმოც კომლს გლეხ-კაცში და ყოველ ღონისძიებას ეხმარობდი ამათ შესაერთებელად. ჩემი მოწაფე ამხანაგები ორივე უბნისანი იყენენ. გურგენაულის ბაბო, თუმცა ქვემო უბნელი იყო, მაგრამ უკეთეს მეგობრადა მყავდა მიჩნეული და ასე უცბად იმის ბედის გადაწყვეტამ, იმისმა უეცრად გათხოვებამ ძალიან დამაფიქრა. ბაბო, როგორც გონიერი, ტკბილი, დარბაისელი გოგო ყოველთეის მომეტებულად მიღირდა და, როდესაც გამოაკლდებოდა ჩემს საღამოებს, გული გულის ალაგას აღარ მქონდა ხოლმე.

ბაბო ყოველთეის და უიქრებულისა და დადინჯებულის სახით ისმენდა ჩემს ლაპარაკსა და ხშირად ისეთს რამეს მკითხავდა, რომ მაკვირეებდა თავისის მოსაზრებითა და გონივრული მსჯელობით.

სახით ბაბო არც შესანიშნავი ლამაზი იყო და არც გონჯი, უფრო იმ ლამაზებს ეკუთნოდა, რომელიც ძლიერ მოსწონთ გლეხებს, ზორბა, მხარბეჭ-გადაშლილი, ლოყა წითელი და შავთვალა, მარილიანი ქალი.

ბაბოს არ უყვარდა არც ლხინი, არც ცეკეთ-თამაშობა, ლხინში მუდამ განზე იდგა და თითქოს სხვის ლხინსაც კი დასცინოდა.

ბაბოს მხოლოდ სიმღერა უყვარდა და მშვენიერი ბოხი, ღრმა, გრძნობით აღსავსე ხმაცა ჰქონდა, მაგრამ ხალხში თავის დღეში ხმას არ ამოიღებდა; ღიღინებდა მხოლოდ თავის სახლში და ხანდახან ჩემთვისაც, როდესაც გამარტოვებულნი სადმე ველზე ჩაფიქრებულნი ვისხედით და ვტკბებოდით ბუნების მშვენიერებით. მაშინ დაიწყებდა ნელ-ნელა ღიღინს, თითქო მარტო თავის გასართობადო და მერე იმ სიმაღლემდე ავიდოდა, რომ მთელი არემარე ბანს აძლევდა. მეტადრე იმისი „ურმული“, გასაოცარი სიმშვენიერითა და მასთან უაღრესი ტანჯვით სავსე ურმული დღესაც ყურს მიდგას და გულს მიკვნესებს.

 

* * * * * * *

 

გურგენაული, ბაბოს დედა, შესანიშნავი დედაკაცი იყო. ბუნებით კეკლუცი, ზრდილობიანი, მუდამ სუფთად ჩაცმული, გონიერი თვალებითა და ტკბილი გულით თითქოს ყველას უნდა ჰყვარებოდა სოფელში, მაგრამ სიყვარულის მაგიერად ყველა პირს არიდებდა, ტუჩის აწევით გეერდს უქცევდა. მეტადრე გუგულის-ქედელი დედაკაცები აღშფოთების გარეშე არ ახსენებდნენ იმის სახელს.

გურგენაული ამ სოფლის ერთის მებატონის მოურავის ცოლი იყო, ლამაზი დედაკაცი და, რადგანაც მოურავს ბატონი ხშირად ეწვეოდა ხოლმე, სოფელში გურგენაულს სახელი გაუტყდა. მას აქეთ დიდმა ხანმა გაიარა, გურგენაული თხუთმეტი წელიწადია, რაც დაქერივდა, ბატონის წყალობაც დიდი ხანია მოაკლდა, მაგრამ სოფელმა მისი წარსული არ დაივიწყა და სამუდამოდ ზურგი შეაქცია.

ამ შემთხვევამ გურგენაული ნელა-ნელა შესცვალა: ამის მხიარული პირისახე მოიჭმუხნა, მაეი ჟუჟუნა თვალები გამოუღამდა და მუქანი, ეშხით სავსე ტუჩები მაგრა მოეკუმა.

სოფელმა ეს ადამიანი და ამან სოფელი სიკვდილამდე უარჰყვეს.

გურგენაულს დარნა ორი შვილი: კარგა მოზდილი ბიჭი და სამის წლის გოგო ბაბო; საზრდო-საცხოვრებელი იმდენი ჰქონდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო.

გურგენაულის სახლი ქვემო უბანში იყო, სოფლის განაპირას. თვე გავიდოდა რომ მეზობელი გურგენაულს თვალით ვერ დაინახავდა, სოფლის არც ჭირში და არც ლხინში არ იღებდა მონაწილეობას, მარტოდ მარტო თავისთვის ჩუმად შრომობდა და თავის ობლებს ასაზრდოებდა. შვილებიც გურგენაულმა თავისებურად გამარტოებით გამოზარდა; ბავშვებში თამაშობისა და ლაზღანდაროობის ნებას არ აძლევდა. იმისი ნუგეში იყო დაუღალაეი შრომა და ამხანაგი - განუყრელი ჩიბუხი.

მე პატარაობისას ბევრჯერ სხვა გოგო-ბიჭებთან ერთად ჩამიხედნია გურგენაულის ერდოში, შუა ცეცხლთან კერაზე ცალ მკლავ დაბჯენილი გურგენაული დაკვირვებით ცეცხლს შესცქეროდა და დროგამოშვებით ნელ-ნელა გააბოლებდა პატარა ხის ჩიბუხს. მშვენიერი იყო ამისი მოღრუბლული, ფიქრითა და აზრით სავსე პირისახე და რაღაც პატივისცემას იწვეედა. დედის გვერდით შვილები ჩუმად ნაცარში თამაშობდნენ და თითქო ეკრძალებოდათ რითიმე შეეწყეიტათ დედის შავი ფიქრები.

აი დღესაც, განა ამის სახლს ეტყობა, რომ აქ ნიშნობა „გაბედნიერებაა“, როგორც ყოველ დედას ჰგონია, როცა შვილს საკუთარ სახლსა და ბინას უჩენს? ამის კერაზე, ჩვეულებრივ, ორი მუგუზალი ჩუმად იფერფლება, შუა ბოძის რაფაზე, ჩვეულებრიე პატარა კვარის ნაჭერი ბჟუტავს და ჩვეულებრივი სიჩუმე და სიმყუდროვეა. კერასთან ოსიაანთ თინა და გურგენაული მამაკაცებივით ჩიბუხს ეწევიან და ათასში ერთხელ სიტყვას გადაუგდებენ ერთმანეთს. კერის კარგა მოშორებით, თაროსთან ახლოს, პატარა ხალიჩაზე, ძლიერ ახლო ერთმანეთთან, ბაბო და ჯიბო მოკეცილნი სხედან. ჯიბოს სულ ხელი ხელში უჭირავს და ერთმანეთს აღტაცებით უცქერიან; ბაბო ხან მორცხვობით თავს დაბლა ხრის, მაგრამ ხელს-კი ჯიბოს გახურებულ ხელიდან არ ართმევს.

ვინღა იცნობს ეხლა ბაბოს ბაბოს, მუდამ ჟამს მოხრუშულს, გული ჩათხრობილს! ბაბო სულ გამოცვლილია; იმის პირისახეზე სრული ბედნიერებაა გადაშლილი; იმის უსიტყვო ბაგე ფრიად მეტყველია იმისი მოცინარი თეალები გაუთავებელი, - უსაზღვრო სიყვარულის მორევია! ჯიბო ხომ თრთის ბედნიერებით და მზად არის თავისი მძლავრი მკლავები მოხვიოს და გულ-მკერდზე მიიჭყლიტოს თავისი ეშხის ალით აღგზნებული მეზობელი.

რა რიგად შეეფერებიან ერთმანეთს! - რა მამაცი და ლაზათიანია დევის მსგავსი ჯიბო და რა კეკლუცობით სავსეა პირმომღიმარი ბაბო!

- განა ჯიბო ირთავს ბაბოს? ჩუმად წავუტუტუნე ჩემს ამხანაგს.

- არა, გეთაყვანე, მაქსიმესთვის ნიშნავენ. ჯიბო უმცროსია და უფროსზე ადრე ცოლს როგორ შეირთავს!

- მაქსიმესთვის? ეგ შეუძლებელია, შენ უთუოდ სცდები, ჩემო მარო, ვერ ხედავ ბაბოს და ჯიბოს, განა ესენი ერთმანეთის სატრფონი არ არიან?

- დედა არ მომიკედეს, არა ვსტყუი! ორი წელიწადიც არის მაქსიმე ბაბოზეა გადაკიდებული და მხოლოდ მისატანზე ვერ რიგდებოდნენ, ეხლა თურმე დაჰყაბულდა გურგენაული ათ თუმანზე და აი ნიშანიც მოუტანია.

- თვითონ მაქსიმე რატომ არ უზის საცოლეს გვერდით, ჯიბო აქ რა შუაშია?

- ჩვენში ეგრეა, მაკრინეჯან, სანეფო იშვიათად დანიშნავს ქალს! მერე მაქსიმე ხომ საშინელი მორცხვი და სხვანაირი ჟანგიანი კაცია, მოსაკითხზე რომ ნახოს ბაბო, ისიც დიდი ამბავი იქნება იმისაგან. 

- თითქოს გადაკიდებულიაო, ამბობდი, უყვარს და ნახვისა კი ეშინია? ასე ვტუტუნობდით მე და ჩემი ამხანაგები გურგენაულის ბანზე; გურგენაულის სახლში კი მყუდროება და სიყვარული შეურყევლად ბატონობდა.

 

* * * * * * *

 

ოსიაანთ ოჯახი, რომლის რძლადაც ბაბო უნდა გამხდარიყო, ჯიბრაელებად იწერებოდნენ, მაგრამ რადგანაც ნაოსრები იყვნენ, სამუდამოდ შერჩათ ხალხისაგან დარქმეული სახელი „ოსიაანი“.

ამათი ოჯახი შედგებოდა სულ სამი ადამიანისაგან: დედა თინა და ამისი ორი ვაჟკაცი შვილი, მაქსიმე და ჯიბო: თინა თუმცა დია დის ხნის გადმოსახლებული იყო ქართლში, მაგრამ კიდეე კარგად ვერ ლაპარაკობდა ქართულს და ვერ შეჩვეოდა თონეში გამომცხვარი პურის ჭამას. მისი ხაბიზგინა და სიჭა პური გათქმული იყო მთელს სოფელში.

ხასიათით თინა იყო ერთი იმ დედაკაცთაგანი, რომელნიც განრისხებულ ბუნებას თითქო "მღრე ნაკებად“, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაუჩენია. მთელი დღე, მიზეზით თუ უმიზეზოდ, მარტო თუ ხალხში, სულ ბუზღუნობენ, სულ უკმაყოფილონი არიან, სულ სწყევლიან, ჰკრულავენ ყველას, ვინც კი გარს არტყია და სწყევლიან იმასაც კი, რაც მხოლოდ წარმოდგენილი აქეთ და ხელით კი ვერ შეეხებიან. იმათი ბუზღუნი სულს უბნელებს, გონებას არყევს და გულს საწამლავს აწვეთებს. უბედურია ყველა, ვინც კი ამათ მიუახლოედება, ვისაც კი ამათთან რამე დამოკიდებულება აქვს.

ამის უფროსი შვილი მაქსიმე, აღზრდილი დედის კალთის ქვეშ, დედის სრული ნიმუში იყო და გაირჩეოდა დედისგან, როგორც მამაკაცს შეეფერება, მხოლოდ იმითი, რომ სიტყვით კი არ ილანძღებოდა, მაგრამ გულში კი სულ გამწყრალი იყო ქვეყნიერებაზე: ამის პირისახეზე, რომელიც სიმშვენიერესა და სიმამაცეს არ იყო მოკლებული, თავის დღეში ღიმილს ვერავინ დაინახავდა. ამისი თეთრი განიერი, მაგრამ მუდამ შეკრული შუბლი, მთლად დაღარული იყო უდროო ჭმუხნვებით.

ჯიბო კი სულ განსხვავებული იყო თავისი ოჯახისაგან და ბავშეობიდანვე მოშორებული იყო დედის ხასიათის გავლენას: სად არ ყოფილა, ვისთან არ უცხოვრია, რა ჭირსა და ლხინს არ გადაუვლია იმის თავზე, მაგრამ ბუნებით გონიერი ჯიბო არავითარ გავლენას არ დამორჩილებია. იგი მამაცი იყო, ღონიერი, ახოვანი და წარმოსადეგი და აზრიანი სახე ჰქონდა ამ ოცდარვა წლის ჭაბუკს.

იმის უდროოდ დამჯდარი გონება და რაღაც პატივსაცემი დარბაისლური შეხედულობა დიდად ფასობდა სოფელში. იმის სიტყვას დიდი ხმა ჰქონდა სოფლის საზოგადო საქმეებში, მოხუცნი, ეს სოფლის  რჯულმდებელნი, ხშირად დაეკითხებოდნენ ხოლმე ყმაწვილ ჯიბოს.

ეს იყო შუამავალი ბატონსა და გლეხებს შუა სალაპარაკო რომ გახდებოდა რამე, ეს იყო პასუხის მგებელი, თუ ვინიცობაა ჩაფარი, ან პოლიციელი რამე უსამართლობას მიაყენებდა სოფელს. გუგულის ქედს უსამართლოდ ვერავინ შეაწერდა მომეტებულ ბეგარას, ვერავინ აიგდებდა აბუჩად, ჯიბო დარბაისლურად, მაგრამ დაბეჯითებით გამოესარჩლებოდა მართალი მხარის სიმართლეს. ერთის სიტყვით, ჯიბო სოფლის ინტელიგენტი იყო, მაგრამ არ ამაყობდა კი, თავს არ იდებდა არა ყოყლოჩობდა, იმიტომ რომ ჯიბო მეტად კეთილი და მეტად დამჯდარი გონებისა იყო.

ოსიაანთ ოჯახი არა სდუღდა და არ გადმოდიოდა სიმდიდრით, მაგრამ არც ღარიბად ჩაითვლებოდა: ჯიბოს ლურჯი იაბო ება ოდაში და მაქსიმეს ყევარი კარგად მოვლილი ხარ-კამეჩი. ამათი მიწური, მკვიდრად ნაგები დარბაზი, ცარიელი არ იყო, საოჯახო და სამუშაო ავეჯი მრავალი ჰქონდათ და კედლებთან ჩამომწკრივებული იყო დიდრონი დაგლესილი გოდრები, სანოვაგით გატენილები.

მაქსიმე ბეჯითი მუშაა, ხვნა-თესვაში არავის ჩამოურჩება, ცოტაოდენი ხელობაც იცის, მაგ. გუთნის, ურმების და კევრების გათლა, და თითო-ოროლა მანეთს შოულობს ზამთრის დიდ ღამეებში მუშაობით. ჯიბო კი მუშაობას არ ეწყობა. ეს ჭკუისა და გამოცდილების დახმარებით უფრო ადვილად შოულობს ცხოვრების სახსარს: აქ ყიდულობს, იქ ჰყიდის, რკინის გზის სხვადასხვა სადგურებზე აღებ-მიცემობს, სახლში ცხოვრება და მუშაობა იქნება ამასაც შეჰყვარებოდა, მაგრამ ამის ხასიათი ვერ ითვისებს თინას ხასიათს, მაქსიმეს მუდამ შეკრული შუბლი დიდის ხნით აშორებს ხოლმე ოჯახს.

მე ბევრჯერ შემინიშნავს, რომ საღამოობით, ჩემის ბაასის დროს გოგოებთან, ჯიბო მოგვიახლოედებოდა ხოლმე, დაებჯინებოდა თავის განუყრელს ბერკეტს და გულიხმიერად ისმენდა ჩვენს ლაპარაკს. მე მაშინ ხმას ავიმაღლებდი და ჩემს მეტყველებას უნებლიედ ძალა მიეცემოდა ხოლმე, რადგანაც ეგრძნობდი, რომ ეს მოუწვეველი მსმენელი უკეთესად დააფასებდა ჩემს მჭერ-მეტყველებას.

ჯიბო და ბაბო. მთელი ზაფხული, ნიშნობას შემდეგ განუყრელად იზიდავდნენ ჩემს ყურადღებას. ბაბო ითვლებოდა მაქსიმეს საცოლედ და მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯიბოსა და ბაბოს შუა ნამდვილი გრძნობა და ტრფიალი იყო. როგორ უნდა მოთავსებულიყო. ეს ორი გარემოება ერთმანეთმი? ბევრჯერ დავაპირე ბაბოსთან ამის შესახები მოლაპარაკება, მაგრამ გაბედვით-კი ვერ გავბედე; ეგრძნობდი, რომ იმათ შუა რაღაც საიდუმლოება იმალებოდა და ველოდი, თუ რითი გათავდებობა ამრიგად დაწყებული დრამა.

ზაფხულის მოწყალებით გუგულის ქედელები, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, დღე და ღამ წელში გაუშლელად მუშაობდნენ, მეტადრე მთვარიან ღამეებში გათენებამდე მოისმოდა ძნით მძიმედ დატირთული ურმების ჭრიალი და ზედ ძილის გასაფანტავად მეურმის წყნარი ღიღინი. ჩუმი საღამოები შესწყდა. ათასში ერთხელ, კვირაობით, რომელიმე მოკრიალებულ კალოზე თუ შევგროვდებოდით ორიოდ სამიოდე ამხანაგი და მაშინაც მხოლოდ დღიურ ვაისა და ვარამისას თუ ვიტყოდით რამეს, რამდენი გამოუვიდა ურემ ძნას, როგორ უჭირს სიმინდებს ავდარი, ვინ გახდა ავად სოფელში ან ვის შეემატა ახალი ოჯახის წევრიო და სხვა.

მთელს ზაფხულში სულ ორჯერ არ შეეხეედრივარ ბაბოს; ის უწინდელზე მომეტებულად შეიკეტა თავის სახლში და ნელ-ნელა იმზადებდა მზითევს. ჯიბო სოფელში აღარსად სჩანდა, ამბობდნენ, რკინის გზაზე რაღაც სამუშაო აიღო. და იქ გადასახლდაო. მაქსიმე ჩვეულებრივ მუშაობაში იყო, არც თავის გულის წადილის ასრულებამ გაშალა ამისი მუდამ ჟამს შეჭმუხნილი შუბლი.

 

* * * * * * *

 

დადგა გულუხვი და გლეხის სულის მომაბრუნებელი შემოდგომა. აივსო ბეღლები, სიმინდის ძარები და კუნჭულებში მიმალული ქოხოები.

გაიმართა სასოფლო სამღვთოები, წირვები, ქორწილები, როგორც დიდი ხნის დამშეული, ხარბად დაეწაფება გლეხი დროს გატარებას: თუ არსად დაპატიჟებული არ არის, ის გაბედულად მიდის სოფლის დუქანში და იქ ამხანაგებთან ერთად ასხამს ნახევარ თუნგს და უცინის წუთისოფელს. შემოდგომა რომ არ ყოფილიყო, სადღა შესწყდებოდა გლეხის მუშაობა, იმისი ოფლისღვრა და მძიმე ჭაპნის წევა?

გუგულის ქედშიც გაიმართა ქორწილები, ბაბოს და მაქსიმეს ქორწილი საკვირაოდ იყო დანიშნული. გულმა აღარ მომითმინა და საღამო ჟამზე ქვემო უბნისკენ ჩავიარე.

გურგენაულის დერეფანში რამდენიმე მეზობლის გოგო შეყრილიყო და სამზითვო წინდების დართვაში ეხმარებოდნენ. ბაბოც იმათ შუა იჯდა, მაგრამ იმისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. ხან აენთებოდა თონესავით და ხან ისე ჩაქრებოდა, გადაფითრდებოდა, თითქოს სიცოცხლის ძარღვი ჩასწყდაო. მე საქმეს მოვკიდე ხელი და გოგოებს სიმღერა ვთხოვე: ისინი ბევრს იპრანჭნენ და შემდეგ ნელ-ნელა მოყვნენ ღიღინს. ბაბოს თვალებიდან ცრემლებმა იწყო დენა. მე მხარზე ხელი დავადე სიცილით: ბაბო, შენ სტირი ეხლა, როდესაც შენს ქორწილს ასე მოუთმენლად მოველით? ბაბო უცებ გულზე მომეხვია და საშინელი გულსაკლავი ქვითინი დაიწყო, ოჰ, მაკრინეჯან, მე მაშინებს ჩემი ქორწილი! ვიცი, რომ უბედურების მეტს არას შევიტან იმ ოჯახში. მიშველე როგორმე, დედაჩემს უთხარი, წამიყვანოს სადმე, მაქსიმეს ნუღარ მიმათხოვებს.

- ბაბო, რას ამბობ, გონს მოდი, აგერ ექვსი თვეა დანიშნული ხარ, აქამდე რას აკეთებდი? ან არადა ძალად ხომ არავის დაუნიშნიხარ, განა დანიშვნის დღეს ბედნიერი არ იყავ? განა ჩემის თვალით არ ვხედავდი შენს ბედნიერებას!

- ბედნიერი ვიყავ! დიახ, ბედნიერი.. თითქოს თავისთვის წაიტუტუნა ბაბომ და თვალებზე ხელი მიიფარა, რომ უფრო კარგად წარმოედგინა ის მშვენიერი, სანატრელი წამები წარსულის ბედნიერებისა.

ამ შემთხვევის მეორე-მესამე დღეს მოულოდნელად ქალაქში მომიხდა წასვლა და ჩემდა სამწუხაროდ ვეღარ დავესწარი ბაბოს ქორწილს. წამოსვლის დღეს ერთმა გოგომ მიამბო, რომ წუხელის ჯიბომ ბაბოს ისეთი ფეშქაშები მოუტანა, რომ მთელი სოფელი სანახავად მიდისო.

რა გინდა, მაკრინეჯან, ცოტა არ იყოს შურის კილოთი მეუბნებოდა საბედო, რა არ მოუტანია: დაირა, ბუზიკა, მშვენიერი მოდნი შალი, პოლშაპოჩკები, ფერჩატკები, ნაკერი ლეჩაქი, თავსაკრავი და კიდევ ვინ იცის, რა არა!

 

* * * * * * *

 

გავიდა ექვსი თუ შვიდი წელიწადი, მე სამუდამოდ ქალაქში დავსახლდი და გუგულის ქედში გამგზავრების შემთხვევა აღარ მქონია. ეკენისთვის უკანასკნელ რიცხეში თბილისის რკინისგზის სადგურზე ხალხის ტევა აღარ იყო, საათში ერთხელ მიდიოდა მატარებელი მცხეთაში და მაინც ვერ იტევდა სვეტიცხოველში წამსვლელთ. საღამოს შვიდ საათზე დიდის ვაი-ვაგლახითა და წაკვრა-წატანით შევაღწიეთ მე და ჩემმა თანაგზავრმა, კარებამდე გატენილ ეაგონში. როგორც სადგურზე, ისე მთელს მატარებელში საშინელი ხმაურობა, ყიჟინა, სიმღერა, ზურნის წივილი ყურს უჭედავდა ადამიანს.

ხშირი ბინდი იყო, როდესაც მცხეთის სადგურთან ვაგონიდამ გადავსხედით ერთ უშველებელ ფურგუნში ეკლესიაში წასასვლელად. სვეტიცხოელის ფართო გალავანი ხალხით იყო გაჭედილი. აქა-იქ გალავნის კედელთან დაბინავებული იყო შორიდან მოსული გლეხკაცობა და ცდილობდა რაც-კი შეიძლებოდა მყუდროდ მოეთავსებინა თავისი ოჯახი.

შუა გალავანში ლეკური იყო გაჩაღებული, ცოტა მოშორებით არღანს გაუდიოდა თაეისი უსიამოვნო, ძარღვების მომშლელი, ჭყვიტინი; ფაეტონები მოდიოდა და მოდიოდა, მეეტლები კიოდნენ, იგინებოდნენ და ცდილობდნენ გზა გაეგნოთ ამ საშინელ არეულ-დარეულობაში, ნავთის მაშხალების სუნით მოშხამული იყო ჰაერი და ამოდენა ფეხის მტვერთან ერთად სულს უგუბებდა ადამიანს.

- ოჰ, რომ იცოდე, რანაირად თავბრუ მეხვევა ამ ალიაქოთში, ჩემო მეგობარო, მივმართე ერთს ჩემს ნაცნობს ქალს: ნუთუ შესაძლებელია გათენებამდე ადამიანის ძარღვებმა აიტანოს ამ გვარი მოუსეენრობა და ჟივილ-ხივილი?

- რატომ, ღიმილით მომიგო მან: თუ კაცი თითონაც შეერევა ამ მღელვარე მორევში და საერთო გატაცებას მისცემს თავს, მაგრამ მე და შენ ცოტა არ იყოს დავბერდით და მოსვენებას უფრო ვეძებთ. გინდა მყუდრო ალაგი გიშოვნო ღამის გასათევად? მე აქ მონასტერში მამიდა მყავს მონაზვნად და ვთხოვ, ღამე გაგვათევინოს თავის პატარა სენაკში.

ერთი საათის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი გამოჭიმულნი ვისხედით მონასტრის მყუდრო გალავანში და გადავყურებდით მთვარით განათებულ არაგვის არე-მარეს. დღეს მონასტერშია, დღესასწაულის გამო ბლომად იყენენ სტუმრები, მაგრამ როგორც შეეფერებოდა ამის წმინდა კედლებს, სრული წესიერება და მყუდროება იყო დაცული. ხანდახან აქ-იქ თუ მოისმოდა ახალგაზდას სიცოცხლით სავსე ხარხარი და ისიც ნახევარზე შესწყდებოდა ხოლმე, თითქო დაინანა იმისმა პატრონმა, რომ ასე უწესოდ რად დავარღვიე ტაძარის მყუდროებაო.

პატარა, ვიწრო სენაკში, რომლის კარი და ფანჯარა მაგრად იყო მიკეტილი, როგორღაც სული მიგუბდებოდა და ძილი გაურბოდა ჩემს დაღლილ სხეულს. ჯვარობის ზურნის ჭყვირილი ბუზის ბზუილივით მიდგა ყურში და მოსვენებას არ მაძლევდა; ბევრი ტრიალისა და მოუსვენრობის შემდეგ მძიმედ ჩამეძინა და ათასი ზმანებით აივსო ჩემი მოკლე ხნის ძილი. ჯერ ოდნავ არ ერაჟრაჟნა, რომ ფრთხილად ჩავიცვი და რომ არავინ გამეღვიძებინა, ფეხაკრეფით ეზოში გავედი.

მშვენიერი და დიადი რამ იყო. ამ შემოდგომის დილას არაგვისა და მტკვრის შეერთებული არემარე, მეფურად ოქრო-ვერცხლით შემოსილი მთა და ველი! ნაზად და ნარნარით თრთოდა კავკასიის ახლად მეთოვლილი მთების წვეროებზე ამომავალი მზის სხივები. მონასტრის ერთს ალაგას, დადაბლებულს კედელზე ჩამოეჯექი და ხარბად ვძღებოდი ჩემს თვალს წინ გადაშლილი შეუდარებელი სურათით, მორბოდა არაგვი არაგვიანი და თან მოსძახოდა მთანი ტყიანი და მშევნიერი ჰარმონიული ჰანგებით ატკბობდა მსმენელის ყურს. არაგვი განთიადის რაჟრაჟზე ჯერ ისევ შავად მიიკლაკნებოდა და მტკვარი კი აქა-იქ ალაპლაპებული იყო ამომავალის მზის სხივებით.

გარშემო სრული სიჩუმე იყო; მთელი ღამის ნაბახუსევი და ნაცელქი სვეტიცხოვლობის მლოცველი ხალხი დამორჩილებოდა დაქანცულობას და განთიადის ტკბილ ძილს მისცემოდა. მონასტრის გალავანი ხომ შეურყეველი დუმილით იყო მოცული და ამ საზოგადო დუმილში უფრო მკაფიოდ გაუდიოდა არაგვს თავისი ტკბილი დუდუნი.

უკებ სადღაც კარებმა გაირაჭუნა და ეზოში გამოჩნდა მაღალ-მაღალი მთლად თეთრებში გახვეული ყმაწვილი მონოზანი. მხოლოდ ყარყარა წელს შავი, ბრტყელი ტყავის ქამარი უმშვენებდა, ნელა, რაღაც საში ნელის სევდით სავსე შეხედულობით, თავჩაღუნული მივიდა წმ. ნინოს ეკლესიის კარიბჭესთან და მძიმედ დაეშვა მუხლებზე, ზეცას ააპყრო ორივე ხელი და დიდ ხანს მხურვალედ შეჰღაღადებდა ზეციერს მამას.

მე კარგად ვხედავდი იმის სახეს, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა მლოცველის წმინდა, მხურვალე გატაცება. დიდხანს იდგა ყმაწვილი მონოზანი დაჩოქილი და კარგა ხანს გასტანა მისმა ღაღადმა.

ბოლოს წყნარად წამოდგა, კუთხიდან გამოიღო ფიჩხის ცოცხი და ხელი მიჰყო გალავნის გვას, მერე შევიდა მონასტრის ერთ ერთ შენობაში, გამოიტანა დიდი კოკა და გავიდა გალავანს გარეთ; ცოტა ხნის შემდეგ კოკა სავსე შემოიტანა არაგვის ლურჯი წყლით. ამ გვარად ხუთჯერ თუ ექვსჯერ გაიმეორა მძიმე კოკით წყლის ამოზიდვა. მე სულ ერთ ალაგას ვიჯექი და თვალს ვადევნებდი მწირის წყნარ ნაბიჯსა და მის დაღვრემილსა და თითქმის ნათლით შემოსილ პირისახეს.

მე მაკვირვებდა, რომ ყმაწვილი სულ ოცდაოთხი თუ ოცდახუთი წლის ლამაზი არსება ასე მთლად შთანთქმულიყო რელიგიური გატაცებით და ქვეყნიური არაფერი იზიდავდა იმის ყურადღებას. წყლის ზიდვის შემდეგ, კარგა ხნით შეეიდა სენაკში და იქიდან მთლად შავებით შემოსილი გამოვიდა. გძელი შავი ანაფორა მთლად ჰფარავდა იმის კეკლუც ტანს და შავი ლეჩაქ-თავსახვევი უფრო სევდიან შეხედულობას აძლევდა იმის ფერმკრთალ პირი-სახეს.

მწირი პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, ჩვეულებრიე თავჩაღუნული მოდიოდა და, როდესაც მოუახლოვდა კედლის იმ დაბალს მხარეს, სადაც მე ვიჯექ, საშინლად შეკრთა; ეტყობოდა, იმასაც აქედან უნდოდა თვალი გადაევლო არაგვის კიდეებისთვის და, უცნობი რომ ნახა, გასახტებული გაოცებუ;ი) შედგა, სწორედ ამ დროს მიადგა იმის პირისახეს ერთ-ერთი სხივი ამომავალის მზისა და ცხოვლად გაანათა.

- ბაბო, შენ? საშინლად შევკივლე მე და ერთს წამის შემდეგ მეგობრულად გადავეხვიეთ ერთმანეთს. დიახ, ეს თავჩაღუნული, ფერმიხდილი და წმინდანის სახის ქმნილება, იყო ის ჩემი ბაბო, რომელიც ამ შვიდი წლის წინად დავტოვე საღი, გონიერი, ბედნიერი და ახალი ცხოვრების მომლოდინე გუგული ქედში.

პირველის მისალმების შემდეგ, ბაბომ წყნარად, აუჩქარებლიე, აღუშფოთებლად, მაგრამ გულჩათხრობილმა მიამბო მიზეზი თავის მონასტერში შესვლისა: შენა გთხოვე შველა, ჩემო საყვარელო მაკრინე, მითხრა იმან ამოოხვრით, და შენ არ შემისმინე და ჰხედავ სადამდე მიმიყვანა ჩემმა უბედურმა ბედმა, მაგრამ მაინც შენი მადლიერი უნდა ვიყო, რომ მასწავლე ღვთის მოსავობა, გულს ჩამისახე ცეცილიას, ტერეზასა და მრავალი წმ. დედათა სახელი და იმათი მოგონებითა და გმირული ცხოვრების წახედულობით მეც მოვიკრიბე ძალა და შევიძელ დამემშვიდებინაა შფოთებული გული და სული სინანულით ამემაღლებინა, დიახ, მაკრინეჯან, ეხლა მე თითქმის ბედნიერი ვარ, ბედნიერი იმითი, რომ წმინდად ვასრულებ ჩემს მოვალეობას და სულით ვუერთდები მაღალ მაცხოვარს; ყოველ მხურვალე ლოცეას შემდეგ მე სრულიად მოსვენებული და დამშვიდებული ვგრძნოთ ჩემს თავს და ესეც დიდი, ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემისთანა ცოდვილისათვის.

- რა დაგემართა მაგისთანა? მოუთმენლად გავაწყვეტინე საუბარი, ჩქარა მითხარი, თუ ღმერთი გწამს.

- გეტყვი, გეტყვი, მაკრინეჯან, და ნუ-კი დამძრახავ. მე თვითონაც არ ვიცი, როგორ, შევიქენ ბოროტი და რა ეშმაკმა მიმიყვანა იმ შეცდომამდე. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა ჩემი თავის გასამართლებლად, რომ ჩემი გრძნობა იყო ძლიერი და წმინდა, მაგრამ შედეგი-კი, შედეგი თითქმის დედამიწასთან მასწორებს თავისი ულმობელობით. დიახ, ჩემი გრძნობა ძლიერი და წმინდა იყო; მე მიყვარდა ჯიბო, ისე როგორც მეორე ღმერთი, უმეტესად დედისა, უმეტესად სიცოცხლისა, უმეტესად მზის სინათლისა, უმეტესად იმ მომავალი ტკბილი ცხოვრებისა, რომელსაც შენ ისე გატაცებით მიხატავდი ხოლმე შენი ნაამბობით და რა ვიცოდი, თუ ამგვარი სიყვარული, ამგვარი ძლიერი გრძნობა, გმობა იყო ღვთისა და კაცისა. ისიც, ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ჭკვიანი არ მიმხელდა, თუ სად მიგვიყვანდა ჩვენი გრძნობა და გონება-დაუტანებლად მაბედნიერებდა მხოლოდ იმ წამებით, როდესაც მე და ის ხელ-ყელ გადახვეული ვეძლეოდით განუსაზღვრელ ნეტარებას.

მთელი ექვსი თვე, იმ დღიდან, რაც მე მაქსიმეზე დავინიშნე, თითქმის ყოველ საღამოს, როდესაც-კი სოფელი მიიძინებდა, მე და ჯიბო გაღმა რკოიანში ვატარებდით დროს და მხოლოდ განთიადი მოგვაგონებდა ხოლმე შინ დაბრუნებას. მე ბედნიერი, მხიარული შევუდგებოდი ჩემს საქმეს და ის გასწევდა რკინისგზისკენ, სადაც საქმე ჰქონდა აღებული. ჩემს აზრს, ფიქრსა და სიცოცხლეს მაშინ, იმ უბედურ დროს, მხოლოდ ის შეადგენდა, რომ მალე დაღამებულიყო და ჯიბოს ჩავკროდი ძვირფას გულ-მკერდში.

ერთს საღამოს, როდესაც მხიარული და ბედნიერი მივედი დანიშნულ ადგილას, ჯიბო დაღონებული და დაძმარებული დამიხვდა. გაოცებული შევდექი და თვალებში ცრემლები მომერია, რომ ჩვეულებრიე მხურვალედ არ გადამეხვია, და ჩუმად, გულის ვაებით, გვერდით მივუჯექი.

- ბაბო, შენ ამ ექვს თვეში ერთხელაც არ გიფიქრია, რომ ამ შემოდგომაზე მაქსიმეზე ჯვარი უნდა დაიწერო? მწუხარებით სავსე ხმით მითხრა მან და ხელი ხელზე დამადო.

- მაქსიმეზე?! ჰო, როგორ არა... მაგრამ... დღეს მაგაზე რად ლაპარაკობ?

- იმიტომ, ჩემო სიცოცხლევ, რომ ჩვენს ბედნიერებას ბოლო უნდა მოეღოს. დღეს მაქსიმე ჩემთან იყო, ფული მთხოვა და მითხრა, მეტი მოთმინება აღარ შემიძლია, ამ თვის ნახევარში ჯვარი უნდა დავიწეროო.

- მერე შენ რა უპასუხე? გულის კანკალით მივუგე და ხელი ხელზედ მოვუჭირე. ამ კითხვაში იყო მთელი ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი მომავალი.

- ფული მივეცი... სხვა რაღა უნდა მეთქვა... რა მქონდა სათქმელი, ამოოხვრით სთქვა ჯიბომ.

სწრაფად ფეხზე წამოვდექი და შინისაკენ წამოვედი.

ჯიბო პატარა ხანს გარინდებული იჯდა, მერე უცებ წამოხტა, ვეფხვივით მწვდა და თავის მძლავრ მკერდზე მიმიჭყლიტა: ბაბო, ბაბო, მშვიდობით, მშვიდობით ჩემო ძვირფასო, ჩემო მშვენიერო, ჩემო სიცოცხლის სინათლევ, და ტუჩი ტუჩზე მამაწება; მე გულს შემომეყარა და გონებაზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როდესაც შემოდგომის დილის რთვილმა დამაწყებინა ცახცახი.

 

* * * * * * *

 

სწორედ მესამე დღე იყო მას აქეთ, როდესაც თქვენ ჩამოხვედით ჩემთან, გახსოვთ, დერეფანში გოგოები წინდების ქსოვას რომ მშველოდნენ? ის სამი დღე საშინელი დრო იყო ჩემის ცხოვრების; იმ სამი დღეში პირველად დავუფიქრდი ჩემს აწმყოს და კინაღამ ჭკუაზე შეეცდი: ჩემმა მდგომარეობამ შემაძრწუნა, მივხვდი, რომ ეს მდგომარეობა საზიზღარი იყო, მაგრამ როგორ უნდა შემეცვალა, ეს-კი არ ვიცოდი. უსწავლელ, გამოუცდელ თვრამეტი წლის გლეხის გოგოს რა ძალა მქონდა ამ საშინელ მდგომარეობასთან საბრძოლველად?

ერთად-ერთი ჩემი სასოება იყავით შენ და ჯიბო და თქვენ თითქო განგებ ყური მოიყრუეთ და ჩემი დაღუპვის სეირს უყურებდით, მაგრამ არა, შენ ტყუილად გამტყუნებ, მაპატიე, მაკრინეჯან! შენთვის რომ მომემართნა, შენთვინ, რომ შემომეჩივლა ჩემი გულის პასუხი, ჩემი გრძნობის ძალა და ჯიბოსთან კავშირი, დარწმუნებული ვარ, მიშველიდი რამეს, თუმცა შენც ძლიერ ყმაწვილი იყავი მაშინ და გამოუცდელი, მაგრამ ჩემმა ბედმა აქაც მიღალატა და შენ უცებ ქალაქში წასვლა მოგიხდა. ჯიბო-კი არსად სჩანდა იმ უბედური საღამოს შემდეგ, როდესაც ისე უეცრად დაბრმავებული თვალები ამიხილა.

დრო კი მიდიოდა და მიდიოდა: საქორწილო მზადება ჩვენსაც და ოსიანთსაც გათავებული იყო; ჩემი მზითევი შეკრული და დალაგებული კუთხეში ელაგა, ნიშნობის ლავაშები დასტა-დასტად ეწყო კიდობნებში და მე-კი ისევ გამოურკვეველ, ღრმა ფიქრში ვიყავი თუ რა იქნებოდა და რა მომელოდა მომავალში.

შაბათი ღამე იყო, მთელს სოფელს ეძინა, მხოლოდ მე უბედური ვიჯექ ჩვენს კარებზე და ნიდაყეებზე დაბჯენილი შეეცქეროდი თხუთმეტი დღის ბადრს მთვარეს, ვეკითხებოდი ამ ზეციურს მნათობს, ყველა უბედურის ნუგეშს, ჩემს ბედის წერას და თვალთაგან მდუღარების ნაკადული მდიოდა. უცებ ცხენის ფეხის ხმა მოისმა და ორი წამის შემდეგ ჩემს წინ ჩამოხტა ჯიბი. ჯიბომ საშინელი დაღონებული და გაფითრებული სახით და ხმის კანკალით მითხრა: „ქალო, მოდი ხურჯინის ჩამოსხნა მიშეელე, საქორწილო საჩუქრები მოგიტანე."

- საჩუქრები?! მე? რისთვის?.. - რად მინდა, განა ჩემი ქორწილი უნდა მოხდეს?.. ეს სიტყვები ჯერაც არ გამეთეებინა, რომ ჩვენი დარბაზის კარი ჭრიალით გაიღო და დედაჩემი გამოვიდა: ვინა ხმაურობს, რა ამბავია? რიხიანი ხმით იკითხა და წინ წამოდგა.

- მე ეარ, გურგენაულო, წყნარად მიუგო ჯიბომ, პირდაპირ რკინისგზიდან მოვდივარ და ცოტა დამიგვიანდა; ბაბოს საქორწილო ტანისამოსი მოვუტანე და მეშინოდა არ დამგვიანებოდა. ქორწილი ხვალ გაქეთ, მგონია.

- არა, შვილო, ოთხშაბათისთვის ვაპირებთ, - ალერსით მიუგო დედაჩემმა და ცოტა არ იყოს ხარბი ადამიანის სიხარულით გადახედა გატენილს ხურჯინს.

ოთხშაბათ საღამოს ჩეენი დარბაზი ხალხით გაივსო. ჩემი ტოლი გოგოები შურით ათვალიერებდნენ ჯიბოს მოტანილ საჩუქრებს და შემომნატროდნენ ამგვარ იღბალს. მე ენა ჩამივარდა, მთლად გავქვავდი და თითქოს გონებაც დაეკარგე. როგორ მომრთეს, როგორ დამსვეს საპატარძლო ტახტზე, როგორ შეიკრიბა მტერი და მოყვარე, მე ამისი აღარ გამიგია-რა. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როდესაც ზურნის ხმა შემომესმა და კიჟინითა და ჟრიამულით გოგო-ბიჭებმა შემოგვკივლეს: „ნეფე მოდის, ნეფე მოდისო", მაშინ მთლად კანკალმა ამიტანა, თმები მაღლა წამივიდა და ხელ-ფეხი მომაკედავივით დამეჭიმა. სახლში შემოვიდა მაქსიმე მორთული, მხიარული, ბედნიერი და იმის დანახვა მეხივით თავზე დამეცა და გული წამივიდა.

ერთი საათს შემდეგ მე და მაქსიმე ურემში ჩაგვსვეს და წმინდა გიორგის ეკლესიაში ჯერის დასაწერად წაგვიყვანეს.

სხვა რაღა გითხრა, ჩემო მაკრინე, შენც თითონ წარმოიდგენ ჩემს მდგომარეობას. მე მკლავდა მომეტებულად ის, რომ ჯიბო იმ ღამიდან, როდესაც საჩუქრები მომიტანა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. იმისი ვეღარც ავი შევიტყვეთ და ვეღარც კარგი. მე ყველა ჩემი მწუხარება გულში ჩავიმარხე და დავემორჩილე ჩემს ბედისწერას. მხოლოდ ერთში ყოვლად უღონო ვიყავი დამემორჩილებინა ჩემი თავი: ვერ შევძელი მაქსიმესთვის ალერსი დამეწყო და იმის მხურვალე სიყვარულზე პასუხი გამეცა; მე როგორც უსულო გვამი, ისე ვიყავი იმის ხელში და ეს გარემოება მას აშფოთებდა, აღელეებდა, თითქმის ცოფიანობამდე მიჰყავდა. როგორც მოგეხსენება, ისედაც საშინელი ხასიათი ჰქონდა და ახლა ხომ სულ გადაირია, დღე და ღამ სულ ღრინავდა და მზად იყო, კბილით გავეგლიჯე.

დედაც თითქოს მიუხვდა შვილს უბედურების მიზეზს და საშინლად გადამეკიდა, ერთი საათი, ერთი წამი აღარ იყო ჩემთვის მოსვენება, ვიწოდი საშინელ ცეცხლში, ვიყავი საყვედურსა და ლანძღვა-გინებაში. ჩემი სიჩუმე, პასუხის გაუცემლობა უფრო ააფთრებდა დედასაც და შვილსაც და დღითი დღე ჩემი მდგომარეობა წარმოუდგენელი შეიქმნა. ასე გავიდა ექესი თვე. გავხდი, გავყვითლდი, მოძრაობა შემეკრა: მთელი დღეები კერასთან ვიჯექ თავჩაღუნული და ქმარ-დედამთილის რისხვა შეუწყვეტლიე თავზე მადგა.

 

* * * * * * *

 

გაზაფხულის ერთს საღამოს, როდესაც დედამთილი და და ქმარი ბევრი შფოთვის შემდეგ დაცხრნენ და აქეთ-იქით კუნჭულში წამოწვნენ, კარი გაიღო და შემოვიდა ჯიბო. მე საშინლად შევკივლე და კისერზე მოვეხვიე. იმან სიბნელეში ვერ გაარჩია, თუ სახლში სხვაც იყო ვინმე, თუ თავი ვერ შეიმაგრა, არ ვიცი, ეს-კი კარგად ვიგრძენი, რომ ძველებურად, გულის კანკალით მაგრად მიმიკრა მკერდზე, თავისი მშვენიერი შავი თვალები სანთელივით ჩამანათა დიდი ხნის დაბნელებულ გუნებაში და იქიდან გამოიწვია საშინელი, გულის გამგმირავი მდუღარება.

მაქსიმე და დედა გაშტერებული იდგნენ ჩვენს ახლოს. ჯიბომ ნელა-ნელა ხელები ძირს დაუშვა და ცდილობდა ჩემს დამშვიდებას: „სუ, ქალო, სუ, რას სტირი? ვინც გაიგონებს რას იტყვის?“

არც დედას და არც შვილს ერთს წამსაც არ წარმოუდგენიათ, თუ ჩემი მისალმება ჯიბოსთან ცეცხლით აღგზნებული გრძნობა იყო; იმათ ჩემი ტირილი მხოლოდ ჩივილად ჩასთვალეს და, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, თავს იმართლებდნენ ჯიბოსთან, მლანძღავდნენ, აგინებდნენ ჩემს მშობელს, რომელმაც ასეთ მცონრად, ასეთ უსაქმურად და მუნჯ, უგრძნობელ პირუტყვად აღმზარდა.

ამ დღიდან ჯიბო ჩვენთან დასახლდა, მუშაობას ხელი მიჰყო. მე და იმის ერთმანეთობა წმინდა და რძალ-მაზლური იყო გარეგნულად და ნამდვილად-კი ჩემს ჩვეულებრივ ცეცხლს კიდეე უფრო აღგზნებული ალი მიემატა. როგორც მოგეხსენება გლეხ-კაცის ოჯახი, სუყველანი ერთ დარბაზში ვიწექით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი და ჯიბოს მდგომარეობა; ბევრჯერ მზად ვიყავი ქმრის ლოგინიდან წამოვარდნილიყავი და თოკში თავი გამეყო. სასოწარკვეთილებამ მთლად დამიმორჩილა, ჩემი კბილით ხორცს ვიგლეჯდი, მზად ვიყავი წყალს მივცემოდი, გავვარდნილიყავი შარად და ამ წვასა და დაგვას კი ავცდენოდი.

ჯიბოს რა მოსდიოდა, არ ვიცი! მე და ის ხმას არც-კი ვცემდით ერთმანეთს; ეს-კი ნათლად სჩანდა, რომ კაცი მთლად გამოიცვალა, მუდამ დაღვრემილი დადიოდა, გაავდა, დედისა და ძმის ყოველი სიტყვა, ყოველი მოძრაობა ცოფებს ჰგვრიდა და მაინც-კი არსად მიდიოდა.

მაისის გასულს ისე დასუსტდა ის ბრგე, წამოსადეგი კაცი, რომ ფეხზე ვეღარ იდგა, ლოგინად ჩავარდა. ერთს საღამოს იმის ლოგინს წინ ვიჯექი და ბუზებს ვუგერებდი, ჩემი დედამთილი კარებში იჯდა და რაღასაც ბუზღუნებდა. უცებ მაქსიმე შემოვიდა; ის ძალზე შეზარხოშებული იყო და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, მოურიდებლად, უსირცხვილოდ ძმასთან და დედასთან ხვევნა-კოცნა და ალერსი დამიწყო. მე შევკრთი, სისხლი თავში ამივარდა, კედელს გავეკარი და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვცდილობდი, თავიდან მომეშორებინა. ის ჩემ უარზე უფრო გაცოფდა და ალერსის მაგივრად თავ-პირში მუშტით ცემა დამიწყო; ცხვირიდან, ტუჩებიდან სისხლი წამსკდა, მაგრამ მე კიდეე ვიბრძოდი და ახლო არ ვიკარებდი.

„როგორ?“ ღმუოდა ის ცოფიანი მგელივით, შენ ჩემ ალერსს არ კადრულობ, დედაშენივით თავადებს ხარ დაჩვეული! მოიცა მე შენ მოგარჯულებ, შენ სისხლს დავლევ, შე ძაღლის ნაშობო, და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მომიქნია, დამცა ძირს, ორთავე მუხლები გულზე დამაბჯინა და ყელში წამიჭირა; ამ დროს საშინელი ძლიერებით რაღაც დაეშვა მაქსიმეს თავზე და ერთი წამის შემდეგ უსულოდ გადაგორდა ჩემი გვამიდან. მე ფეხზე წამოვხტი და საზარელი სურათი დავინახე: მაქსიმე თვალებდახუჭული, ორად თავგადახეთქილი საშინლად გმინავდა, მის გვერდით იდგა ჯიბო, მკვდარს დამსგავსებული ფერითა და გიჟივით იმ კეტს დაჰყურებდა, რომლითაც თავის ძმას თავი გაუხეთქა.

მე გარედ გამოვვარდი და უგზო-უკვლოდ ტყისკენ დავეშვი; მეორე დღეს მგზავრებს უგონოდ ვეპოვნეთ გზის პირას და დედასთან მივეტანეთ.

ექვსი კვირა ვებრძოდი სიკვდილს და მერე გამოვბრუნდი. რისთვის? დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალი! რად მინდოდა შერცხვენილი სიცოცხლე, ლუკმა-ლუკმად ქცეული გული, გამოშტერებული გონება? პირველი სიტყვები, რომელიც გამობრუნების შემდეგ გავიგონე, დედაჩემის საშინელი საყვედური იყო: ძლივს შემირიგდა სოფელი, ძლივს გავხდი მეზობლის კერის ნახვის ღირსი და შენ, უბედურო, ხელმეორედ კარი გამომიხურე? დაამტკიცე, რომ შენ დედის კვალზე წახვედი და იმის წარსული გააახლე? წყეული იყოს შენი დაბადების დღე, შენი ბედის ვარსკვლავი!

ისიც მალე შევიტყე, რომ მაქსიმე დიდი ტანჯვის შემდეგ გარდაცვლილიყო, ჯიბო ციმბირს გაეგზავნათ, ორი შვილის დამკარგავი თინა ჭკუაზე შემცდარიყო. რაღა პირით გამოვსულიყავ სოფლად, როგორღა უნდა შემეხედა პირში ადამიანებისათვის. ერთ საღამოს ჩუმად, ფეხშიშველი გამოვედი სახლიდან და რკინის-გზის სადგურისკენ გავწიე, მივედი თუ არა, ის ის იყო, მატარებელიც გაჩერდა; საით მიდიოდა, სად წავიდოდი მე თვითონაც არ ვიცოდი; ვიღაც მადლიან მგზავრს ბილეთი ვაყიდინე და ჩავჯექი ვაგონში.

მცხეთიდან ჩემს გვერდით ორი მონოზანი დაჯდა. მე შეუწყვეტლივ ცრემლი მდიოდა, სისუსტისაგან თავბრუ მესმოდა, საშინელი გულის ფრიალი სულს მიგუბებდა; ისინი გაოცებით მიცქეროდნენ და შემდეგ გულ-მხურვალედ გამომკითხეს ჩემი ვინაობა, ჩემი სიმწარის მიზეზი. მე ვუთხარი, რომ უბედური და დიდად ცოდვილი ვარ მეთქი. იმათ შემიბრალეს, შემინდეს, მიმიკედლეს ამ წმინდა ალაგს, მასწავლეს ლოცვა, სინანული, გულის სიწრფელე, მოთმინება და ნუგეში მაპოვნინეს ამ სოფლად მომავალი ცხოვრებისთვის.

ამ დროს სვეტიცხოვლის ზარის ხმა გაისმა. ბაბო შეკრთა, ცისკრის დარეკა დამასწრესო და საჩქაროდ გაბრუნდა მონასტრის სამრეკლოსკენ. ერთი წამის შემდეგ დილის მოკრიალებულ ჰაერში გაისმა მონასტრის პატარა ზარის ნელი წკრიალი  და გააღვიძა მთლად მიძინებული არემარე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ