რას დამდევს, რა უნდა ჩემგან ამ ჩვენებას მაინც?
- შეჭამესო, გაანადგურეს ჩიტებმა თალარიო, - გამოიტანა ორი ჭიგო შალამ, ერთი გრძელი, მეორე - მოკლე. გამოიტანა ჩაქუჩი და ლურსმანიც. მოკლე ჭიგო გრძელ ჭიგოზე დააკრა, გააკეთა ჯვარი. მიაყუდა ის ჯვარი კედელზე. გამოიტანა ამის შემდეგ მარნიდან პირწამტვრეული, უყურო ხელადა. ჩამოაგო ის ხელადა ჯვარზე - შავი, შავი, პრიალა; გამოიტანა ცარცი, დაახატა იმ შავ ხელადას დიდი, კეთილი თვალები, დიდი, ცოტა მოღუნული ცხვირი, დიდი თითქმის ყურებამდე ატანილი გაცინებული პირი, სულ სავსე დიდ-დიდი თეთრი კბილებით; გამოიტანა მეცხვარული თეთრი ბოხოხი და ფარაჯა. ბოხოხი ხელადას დაახურა, ფარაჯა ჯვარს ჩააცვა, თოკიც შემოუჭირა, ასწია მაღლა, თალარზე მაღლა, და ბოძზე მიამაგრა, ძალიან გულით მიამაგრა, ერთი ოცჯერ მაინც შემოახვია თოკი, არსად გაჰქცეოდა.
ამოიარა თაკომ, მკერდსავსე, ხითხითა მეზობელმა გოგომ. თავის ქნევით გადაიგდო თმა უკან, აიხედა თალარის მაღლა და ჩუმი ხითხითით იკითხა:
- რა ჰქვია?
- შალა, - ღიმილით მიუგო შალამ. თაკომ ახლა შალას შეხედა.
- გგავს.
ეგონა ქიმუნჯს მიიღებდა პასუხად, გაიქცა, მაგრამ ორივე შალა ადგილზე იდგა და იცინოდა.
წავიდა თაკო, - იმანაც დააკრა გრძელ ჯოხს მოკლე ჯოხი, იმანაც გამოიტანა გატეხილი ლიტრა, ჩამოაგო ჯვარზე, სულ წითელი, წითელი, ყირმიზა. ნახშირით დაახატა გრძელი, გადმოშვილდული წარბები, გრძელი, ძირს დახრილი წამწამები, ღიმილით ოდნავ აგრეხილი კოკობი ტუჩები, გამოიტანა ბებიას მოსახვევი, მოახვია, გაუბანტა ქვემოთ ლამაზად, გამოიტანა თეთრად დაწინწკლული ლურჯი წინჩახსნილი კაბა (ის, მგონი, დედის იყო), ჩააცვა ის კაბაც, შემოუჭირა სარტყელი, ასწია იმანაც თალარს მაღლა, ასწია წვალებით, იმანაც ერთი ოცჯერ შემოახვია თოკი, ბოძზე მიამაგრა.
იდგა თაკოს გოგოც, ნიავი უფრიალებდა კაბის კალთებს, ცოტა ზომაზე მეტადაც, და ამის გამო წითლდებოდა, მორცხვად ხრიდა გრძელ წამწამებს.
თაკომაც თაკო დაარქვა გუნებაში თავის გოგოს. მოფრინდნენ ბეღურები, ნახეს - იქით თალარზე შალა დგას ხელებგაშლილი, ყურებამდე სიცილით პირგახსნილი, აქეთ თალარზე - დამორცხვებული თაკო, და ვეღარ მიბედეს ვერც შალიაანთ და ვეღარც თაკოაანთ თალარზე მისვლა. ეღიმებოდათ კმაყოფილ გამვლელ-გამომვლელებს, დიდხანს არ აცილებდნენ თვალს ამ შალას და თაკოს. სულ უნდოდა ნიავისაგან აფრიალებული კალთების გასწორება თაკოს, ვერ ისწორებდა, ცდილობდა, ყველასთვის თვალი მოერიდებინა, არიდებდა კიდეც და ძირს ჰქონდა დახრილი გრძელი წამწამები. შალას არა - შალას უხაროდა... ფარაჯის კალთებს რომ უფრიალებდა ნიავი...
ბოლოს, როგორც იქნა, დაღამდა, ამოვიდა მთვარე, ჩაიარა, ვინც ჩასავლელი იყო. ამოიარა ამომვლელმაც. დაიძინა ყველამ, თვით ბებიებმაც კი. შალა და თაკო კი იდგნენ, ერთი ერთ ეზოში, მეორე - მეორე ეზოში, ერთი - ბედნიერებით გაცინებული, მეორე - დამორცხვებული. გაჩუმდა ხმაჩასაწყვეტი ჭოტიც და მაშინ გაბედა შალამ:
- გოგო!
თაკომ ხმა არ გასცა.
- რა ლამაზი ხარ, გოგო!
თაკომ ხმა არ გასცა, უფრო დაიმორცხვა.
- გადმო რა, ცოტა ხნით ჩვენთანა.
თაკომ სულ არ გასცა ხმა.
- გადმო რა, გოგო.
თაკომ სულ ოდნავ გაატოკა თავი, თითქოს მარტო ნიავი იყო ბრალში.
- გადმო რა, გოგო!
თაკომ უფრო აშკარად გაატოკა თავი.
- შავი ვარ, მაგრამ იცი, რა შავი ვარ, გოგო?!
თაკომ, სიცილი რომ არ წასკდომოდა, კიდევ უფრო გვერდზე შეაბრუნა თავი.
- ვაჰმე, ყარაულად არ ვიდგე, ამ ჩიტებს არ ვიგერიებდე!..
- აბა, სად არიან ჩიტები, ბიჭო!
სახლებში მყოფ შალას და თაკოს კიდევ - ვითომცდა ეძინათ.
- ჩასაქოლო! ჩასაქოლო! - ძილში ამბობდა თაკოს ბებო თაფლო.
















