მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 184 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ანგიამ ცხენი შეაჩერა.

ჭის თავზე წამოხრილმა ქალმა ამოხედა - ანგიას თვალებს შეეფეთა, აიბნა. ცალი ხელი ღრმად ჩაჭრილ საკინძეზე დაიფარა, ცალითაც აჩქარებით აუშვა ოწინარი.

ანგიამ მაინც დალანდა მისი თეთრი მკერდი, სიწითლემ აჰკრა, უაზროდ უსვამდა ცხენს კისერზე ხელს, ჩამოხტა, ახლა ფაფარს დაუწყო თითებით ვარცხნა.

ქალმა ვედროები აიღო და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. თხელი, დაწინწკლული ჩითის კაბა ეცვა, მხარ-მკლავი შიშველი ჰქონდა, კანჭებიც. ღონივრად მიიზნექავდა განიერ თეძოებს. ანგია შეპარვით ადევნებდა თვალს. მერე, ქალი რომ მესერს მოეფარა, ცხენს სადავე აუკრა, ჭასთან მიაყენა, ოწინარი დასწია, ვედრო აავსო და მაღლიდანვე გადმოაქცია ცემენტით ამოლესილ ნავში.

ცხენი დიდხანს სვამდა - წრუპუნით, ძლიერი ფერდების ბერვით. ანგია გაშტერებული იყო. არ უსტვენდა, როგორც ეს ცხენების დარწყულების დროს იციან ხოლმე.

ცხენმა წყალს თავი დაანება, დაიფრუტუნა და ჭის იქით ამოსულ მწვანე ბალახებს წასწვდა. ანგიამ სადავე კისერზე გადააცვა, სწრაფად შეახტა, შემოაბრუნა და ადგილიდანვე ჭენებით დაძრა.

შარაზე გასულმა კიდევ ამოჰკრა ქუსლები და შეუძახა კიდეც:

- ჰა-ჰაიტ, შე სამგლევ, შენა!

სადალაქოდან ვიღაცამ დაადევნა: - შაგვრიგდი, არსენ!

ვიღაცამ დასჭყივლა: - იიუ, ფეთიანო!..

მაგრამ არ სწყენია. პირიქით - სიყვარულითაც გაეღიმა.

ჭენებითვე შეიჭრა ეზოში და ცხენი კინაღამ ძაღლს არ შეაყენა. ძაღლმა იწყინა, გრძლადჩამოშვებულ ფეხში მიეტანა.

აივანზე უმცროსი ძმა ბიძინა გადმოდგა.

- რას მოაჭენებ მაგ დაღლილ ცხენსა, ჰა?

ანგიამ ახედა. „რა სახე აქვს ამ ღმერთძაღლს“, - გაიფიქრა და თვითონაც სახე შეეცვალა. არაფერი არ უთქვამს, ცხენი ფორანზე გამოაბა, შიგ ჩაყრილი ბალახი აუჩეჩა და კიბეზე ავიდა.

აივანზე სუფრაგადაუფარებელი მაგიდა იდგა. მაგიდაზე ბოსტნიდან ახლახან გადმოტანილი კიტრები, მრგვალი პამიდვრები, მწვანილი და შუა-შუა დატეხილი შოთები ეყარა. სამზარეულოდან ნატო გამოვიდა.

- რა პატარა ბიჭივით მოაჭენებდი ცხენს? - ჰკითხა ღიმილით.

- დიდი ვარ განა?

- რატო ფეხი არ მოგაჭამა ძაღლმა!

- აბა, აბა!

ნატოს ღიმილმა ისევ გაახალისა. ფანჯარაზე მიყუდებული სარკის ნატეხი აიღო, ჩაიხედა, თითებით წვერი მოისინჯა და თქვა:

- დილაზე გავიპარსავ და ნახავ, ოცი წლის ბიჭი გავხდები თუ არა.

მერე სურას წასწვდა და მოიყუდა.

ნატო პამიდორს ჭრიდა, წყლის ლიკლიკი რომ შემოესმა, გამწყრალი მობრუნდა:

- წყალს რომ სვამ, საჭმელი როგორღა უნდა შეჭამო?

ანგიამ ტუჩებზე ხელის ზურგი გაისვა და თვალი ჩაუკრა:

- გლეხკაცმა ყველაფერი უნდა აიტანოს, ჩემო ცოლო!

- აიტან შენ!

- ვერა მითომა?

ნატო მიხვდა, რომ ანგია რაღაც სხვა თვალით უყურებდა. თვითონაც შიშველ მკლავებს და ლამაზ, მაღალ ყელს უფრო მეტად აჩენდა, კეკლუცობდა.

პამიდორი დაჭრა, ხახვი და მწვანილი დააჭრა, ჯამები ჩამოარიგა და ქვაბი გამოიტანა.

- მოდით, რაღას დგახართ, დასხედით!

ბიძინა აივნის ბოლოზე იდგა და წალდით რაღაცას თლიდა. ნატოს სიტყვები თითქოს არც გაეგონოს. თლა კი წამით შეწყვიტა. მაშინ ანგიამ დაუძახა:- მოდი, ბიჭო, რას აკაკუნებ მანდა!

ბიძინამ წალდი და ჩხირი მოაჯირს მიაყუდა, წამოვიდა მძიმედ, წარბებშეკრული და მაგიდასთან დაჯდა. გამხდარ, გარუჯულ ყბებზე მეჩხერი წვერი წამოზრდოდა; წარბების შუა ღრმა ღარი აჩნდა, უგულოდ აიღო კოვზი და ჯამს ჩააცქერდა.

ანგიამაც აიღო კოვზი, მაგრამ პირველივე ლუკმის შემდეგ ისევ ჯამის კიდეზე დადო.

- სიმწარე აკლია, - მიუბრუნდა ნატოს, - წიწაკა არა გვაქვს თუ რაა? მოიტა, მე მაინც ჩავიჭრი მარტო.

- არაფერი არ აკლია, - შეუტია ნატომ, - სულ არ არის საჭირო, რომ გულმუცელი ამოიწვა.

- მოიტა, დედაკაცო, თორემა... - ანგიას გაეღიმა.

- თორემ, რა? - ღიმილითვე შეეკითხა ნატო.

ანგიამ მზერა ბიძინასაკენ გააპარა. ბიძინა თავჩაღუნული ჭამდა. მაშინ ცოლს წარბებით რაღაც ანიშნა, თქმით კი ეს თქვა:

- ავდგები და მე თვითონ მოვიტან.

ნატომ შეუბღვირა და მერე ღიმილით წამოდგა:

- იჯექი, იჯექი, ტყუილად შენ ვერ იპოვნი!

სამზარეულოსკენ მიმავალი, მძლავრად ადგამდა ფოსტლებში წადგმულ, მსხვილ, მზემოკიდებულ ფეხებს.

- აჰა, ამოიწვი ერთი!

ანგიამ წიწაკა გამოართვა, დაგლიჯა, დაგლიჯა, ჯამში ჩაყარა, კოვზი ამოურია, ორიოდე ლუკმა შეჭამა და ახლა არაყი მოითხოვა.

- მოიტა, ამასწინათ რომ დაგვრჩა, ბარემ დავლიოთ და ეგ იქნება.

ნატომ ისევ იუარა.

- მოიტა, მოიტა და...

ანგია რაღაც ისეთ კარგ ხასიათზე იყო, არ შეიძლებოდა უარის თქმა. ნატო წამოდგა და ისევ სამზარეულოსაკენ წავიდა.

- შენ რა, ცუდად ხომ არა ხარ, ბიჭო, - მიუბრუნდა ანგია ბიძინას.

- ცუდად კი არა!..

- აბა რატო ისე უგემურად იღეჭები?

- უნდა წავიდე, ერთი ის მურდალი აბესალომი ვნახო, წამოვა თუ არა ხვალ ტყეში.

- რაღა დროს წასვლაა, ღამდება კიდეც.

- სხვა დროს უფრო ძნელად მოვახელებ შინ.

ნატომ მაგიდაზე ბოთლი და ჭიქა დადგა.

ანგიამ მკლავზე თვალი ააყოლა, ბოთლს საცობი ამოაძრო, ჭიქა გაავსო და ბიძინას დაუდგა:

- დალიე!

- არ მინდა.

- დალიე და, ნუ ინაზები პატარძალივით!

ბიძინამ ჭიქა აიღო.

- გაგვიმარჯოს, სიმწარე გვაშოროს, სიტკბო მოგვცეს.

- გაგვიმარჯოს.

ბიძინამ ჭიქა გამოცალა, დაიჭყანა და საყვედურით შეხედა ანგიას.

- ეხლა არყის დალევა შეიძლება, ამ შუა ზაფხულში?

- არაყი ეხლაა კარგი.

ანგიამ დაისხა და გადაჰკრა. მერე ისევ შეავსო ჭიქა.

- შენც დალიე! - მიაწოდა ნატოს.

- გაგიჟდი?

- დალიე, რა მოხდება?

- გაგიჟდი?

- მაშინ ისევ მე დავლევ, მე მაწყინოს.

ნატომ კოვზი ჯამში ჩააბრუნა და გაკვირვებით შეხედა ქმარს. ანგიამ თვალი ჩაუკრა.

- კიდევ გაგვიმარჯოს! - მოქნევით გამოცალა ჭიქა.

ბიძინა წამოდგა.

- უკვე მიდიხარ?

- წავალ, აბა, რას ვიზამ.

ბიძინამ ქუდი დაიხურა და კიბეს ჩაეფარა. ანგია უყურებდა.

„მდევივით გახდება ეს ღმერთძაღლი ერთ-ორ წელიწადში“, - ჩაილაპარაკა თავისთვის.

მერე ცოლს შეხედა.

ნატოს უჩვეულოდ გახარებული თვალები ჰქონდა. ანგიამ კოვზი მაგიდაზე დადო, ღიმილით წამოდგა, ტუჩები მოიწმინდა, ზურგიდან წამოუარა.

ნატომ თავი გადმოსწია - რას ჩადისო. წამოიწია, მაგრამ წამოდგომა ვერ მოასწრო, ანგია მძიმე მკლავებით დააწვა მხრებზე.

- არავინ დაგვინახოს, რამ გაგაგიჟა!..

ბიძინა კი შარას მიჰყვებოდა - თავდახრილი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. მერე ბილიკზე გადაუხვია, ბექობი აჭრა, ბუჩქნარი რამ გაარღვია, პატარა ველში გავიდა, ბალახებზე ხელი მოაფათურა და გულაღმა დაწვა, გაიჭიმა.

ცა მოწმენდილი იყო, უკვე ვარსკვლავებიც ჩნდებოდნენ. ძირს, სოფლის ბოლოში ვიღაც იძახდა:

- ოლაა... ოლაა... - თუ:

- კოლა!.. კოლაა!..

- რა დაემართა მაგ ბიჭს?

- ზეინაბი უყვარს, - სიცილით მიუგო ნატომ.

- რა იცი შენა?

- მითხრა.

- ი, დახე მაგ აირუმსა. მერე რას ჩამოსტირის ცხვირ-პირი.

- შენ როგორ იყავი, როცა..

- მეე?.. მე ისე ვიცინოდი, მთები ზანზარებდნენ ჩემი სიცილისაგან. ხეებსა ვგლეჯდი და...

ბინდში გაყუჩებულ სოფლის ორღობეებს ქალის კისკისი დაუვლის სითბოსავით.

- არა გჯერა განა?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ