მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 735 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

„კიდე მადლობა ღმერთს, რომ კლდეზე არ გადავარდა, მაშინ აღარც ტყავი გამოდგებოდა და აღარც ხორცი!“ - ამბობდა ახალგაზრდა 25-26 წლის ვაჟკაცი, ბრჭყვიალა სალტებიან თოფგადაგდებული, სასწრაფო და სარტყელყაწიმიანი.

წინ ედო მკვდარი ჯიხვი; ნადირს ნატყვიარიდან სისხლი სდენოდა. ხშირი ბალახი, რა-ზედაც დაგორდა, წითლად იყო სისხლით შეღებილი. მონადირე ამ გადათელილს ბალახს დაჰყვა და ჯიხვი ისე იპოვა; კლდის თავზე რომ ხშირი დეკა არ დაჰხვედროდა, ნანადირევი მართლაც კლდეზე გადავარდებოდა და მონადირეს აღარაფერს არგებდა.

მონადირე, ბედით კმაყოფილი, სიამოვნებით დასცქეროდა ნანადირევს, ხოლო ამ სიამოვნებას სწამლავდა ის ფიქრი, საით წაეღო ნანადირევი, რომ სამშვიდობოს გასულიყო ამ ოღრო-ჩოღრო ადგილიდან.

ჯერ მზე არ ამოსულიყო, ნამი უხვად იყო დამცვრეული ხშირს ყვავილებით მოქარგულს ბალახზე. პირდაპირ უზარმაზარი კლდე აყუდებულიყო. შუაზე საშინელი უფსკრული ჩანჩქერს ისე გაეხმაურებინა, ყურთა სმენა ეხშობოდა ადამიანს.

ამ არემარის ზავთი ხამს, შეუჩვეველს ადამიანს თავზარსა სცემდა. საზარელი ნიავი მოჰქროდა ჯურღმულიდან.

„ნუკრი რაღა იქნა, ნეტავ, ნუკრი?“ - ბუტბუტებდა თავისთვის მონადირე: - „სად გაძვრა? სად წავიდა? ნორჩია, პატარაა, შორს ვერ წავიდოდა, აქვე ახლო-მახლო შამბებში წაძვრებოდა“.

ჯიხვი მონადირემ სწორედ იმ დროს მოკლა, როცა მას პატარა ნუკრი სწოვდა. მონადირე შეტორტმანდა, არ უნდოდა სროლა. მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და დედა-ჯიხვს ტყვიამ სწორედ მაშინ გაუგმირა გული, სწორედ მაშინ წაიქცა, როცა ნუკრს დედის ძუძუ პირში ედო.

მონადირემ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა ნუკრის საძებნელად. რომ მას უცბად მუხლთ მოეკვეთა, ერთ ადგილას გაშეშდა; თვალებზე ხელი მიიფარა, შემდეგ ქუდი მოიხადა და პირჯვრის წერა დაიწყო. გაშტერებული, გაშეშებული შესცქეროდა პირდაპირ კლდესა, ზედ ადნობდა თვალებს. რა ნახა? რა მოელანდა?

„ღმერთო, ამას რას ვხედავ! - ამბობდა გაოცებული მონადირე, - ამ კლდეს შავარდენიც კი არ დაეკარება, უნდა იქ ფრენა იმასაც კი აშინებდეს. მაშ იქ რა უნდა ადამიანის შვილს?!. როგორ მოხდა, საიდან?!. მერე რა ადამიანი? განა ადამიანს როდისმე უნახავ ეგეთი შვენიერი არსება?“

მონადირეს ჯიხვიც დაავიწყდა და ნუკრიც, რა დაინახა ის არაქვეყნიური არსება, ის ტურფა ასული კლდისა. თითქოს ღილებიაო, ლოდებით შეკრული კლდემ გულ-მკერდი გაიხსნა და ამ გულ-მკერდიდან გამოიყოლა ის ტურფა არსება, მონადირე რომ დააკერა ყადაღებით დედამიწას, რათა ეცქირნა ქალისათვის და დამწვარიყო, დადაგულიყო იმის ეშხით. ქალს კლდის გულში გამოშვერილ ორ პატარა ლოდზე ედგა ფეხები. საკვირველი იყო, რა იძგნობდა რომ არ ვარდებოდა? მონადირე ელდამ დალია. ქალის მაგივრად იმას ეშინოდა, შიშით ისა დნებოდა. ის რომ გადმოვარდეს, მონადირეც გადავარდება კლდეზე.

მაგრამ ქალს არაფრის, არავის შიში არ ეტყობა: ისე თავისუფლად დგას კლდის ლოდებზე, თითქოს სადმე ტრიალ-მინდორზე იყოს. ცალი ხელით დოინჯი შემოუყრია და შორს გაიცქირება, ხელით რაღაცას ანიშნებს, ხან ხელს დაუქნევს, თითქოს თავისთან უწოდებდეს, ხანაც იმავე ხელით უარს ეუბნება. მონადირეს კი ვერა ჰხედავს და არც უნდა დაინახოს მაზე მლოცველი, მისი ღვთისთვის მავედრებელი: „ღმერთო, ხატებო, ჩემო სალოცავებო, ძალნო ცისანო და დედამიწისანო, მე მომკალით, მე გამათავეთ, მხოლოდ ნუ მაჩვენებთ მაგ ქალის სიკვდილს! ღმერთო, შენის ძალისა და მადლის ჭირიმე, დაიფარე განსაცდელისაგან!“ სხვანაირად მას ვედრება არ შაეძლო, თორემ, ვინ იცის, ღმერთს როგორ შაეხვეწებოდა… თან ქალს უყვიროდა: „ვაჰმე, ვაჰმე, ქალო, არ გადმოვარდე, ქალო, ქალო! ღმერთო, ღმერთო, დაიფარე!“ - იძახოდა გიჟივით მონადირე. ქალს კი მონადირის ძახილი და გაბთხილება სრულებითაც არ ესმოდა, ის თავის სატრფოს, შორს, მეორე კლდეზე მყოფელს, მონადირისთვის უჩინარს, ელაპარაკებოდა.

მონადირე დნება შიშით, იტანჯება, არ იცის, რა ჰქნას, უნდა დაუძახოს: კლდეშივე შედი, არ ჩამოვარდე, მაგრამ როგორ უთხრას, როცა იმის ცქერით ვერა ძღება მონადირის თვალები?! უნდა უცქიროს, უცქიროს, უცქიროს, უცქიროს. არ უნდა არც სმა, არც ჭამა. ხოლო მისვლა როგორ შესძლოს იმასთან, როცა გასროლილ ტყვიასაც კი შაეშინდება იმ კლდეს მიეხლოს.

ქალი მალე კლდეშივე მიიმალა, მონადირისკე არც კი მოუხედნია. ლოდები კლდისა ერთმანეთს ისე შაეწება, როგორც თავდაპირველად იყვნენ შაწებებულნი. კლდე გამთელდა, ხოლო მონადირეს წელი მოსწყდა: გაქრა, დაიმალა მისი ღმერთი, კლდემ შთანთქა. მონადირე ახლავე აჩუქებს თავის საყვარელ ხირიმ თოფს, თუ ქალს ვინმე ერთხელ კიდევ დაანახვებს.

მონადირემ რამდენიმე დღე იმ ერთ ადგილას დაჰყო, შესჩერებოდა იმ ადგილს, საცა ქალი ნახა. დღე დღესა სცვლიდა, კვირა კვირასა, მაგრამ მონადირემ თვალი ვეღარ მოჰკრა თავის სატრფოს, კლდე აღარ აღებდა კარებს. ხვეწნა-მუდარა, ლოცვა - ყველა ამაო იყო. მონადირეს ჯიხვიც დაავიწყდა, ნუკრიც: ნუკრი გაქრა, ჯიხვის ხორცი და ტყავი დალპა, აღარაფრად ვარგოდა.

საშინელ ტანჯვაში ჩავარდა მონადირე: შეუყვარდა ისეთი არსება, მისი დანახვაც კი განგებამ აღუკრძალა. მონადირე ბევრს ფიქრობდა და ბოლოს იმ აზრს დაადგა, მიემართნა მცოდნე ხალხისათვის და გაეგო, თუ საიდან რა მოევლინა, ვისგან ჩავარდა ამ აუტანელ მდგომარეობაში, ან რა ეშველებოდა. ამიტომ გასწია მან უცხო მხარეს.

 

II

 

- ვინა ხარ შენ? - დაეკითხა მონადირე გზაში შეხეჩებულს მოხუცს.

- მღვდელი ამ სოფლისა, - მიუგო მოძღვარმა.

- შანდობა, მამაო, მაპატიე, ვერ გიცან! - უთხრა მონადირემ.

- გაკურთხოს, შვილო! - მიუგო მან პასუხად.

- ვკვდები მიშველე, მამაო, გავთავდი კაცი, - ამბობდა მისუსტებულის ხმით მონადირე.

- გაზიარებ, შვილო, თუ ქრისტიანი ხარ, - მიუგო მღვდელმა და მოიმარჯვა უბიდან სანაწილე და თანაც დააშტერდა მონადირეს.

- დიახ, უნდა მაზიარო, მაგრამ არა ჩვეულებრივის ზიარებით, არამედ სულიერად. გული ჩემი სწუხს, გონებას ცეცხლი ედება, ღამე დღედა მაქვს გადაქცეული, ჩემს თვალებს ძილი არ ეკარება. სული ყელში მებჯინება, კაცი არ ჩნდება, მანუგეშოს, წყლული განკურნოს ჩემი; გემუდარები, მამაო, დაიხსენ სული ჩემი სატანჯველისაგან.

- რა დაგმართნია, შვილო, მითხარ, გამაგებინე და თუ გეშველება, რატომ, გიშველ, თუ არა და რაღას უნდა დამემდურო, შენ შენთვის, მე ჩემთვის! - უპასუხა მღვდელმა.

მონადირე მოუყვა თავის ამბავს. მღვდელიც გულმოდგინედ უგდებდა ყურსა.

- მერე, შე საცოდავო, მე რა გიშველო? - სთქვა მღვდელმა. - შენ ეშმაკი მოგჩვენებია სიცოცხლის ჩასამწარებლად.

- აბა კიდეც შენ უნდა მასწავლო, მამაო, წამალი, ხელი როგორმე ჩავჭიდო იმ ეშმაკს და მერე რამდენიც უნდა ეწვალოს, გაიწიოს, საითაც უნდა, თუნდა კლდეზე გადამჩეხოს, თუნდ წყალში დამახრჩოს. ნეტავი, ასე მოხდეს, ნეტავი იმის ხელით მეღირსოს სიკვდილი.

- ეგ, შვილო, მე არ ძალმიძს, ევედრე უფალსა, რათა სძლიო შემაწუხებელი შენი, - მიუგო მღვდელმა და გასწია თავის გზაზე.

დარჩა მარტოკა მონადირე. ვედრება უფლისა იმისთვის ახალი ამბავი არ იყო, უმღვდელოდაც ბევრს ეხვეწებოდა და ემუდარებოდა ღმერთს, ეშველა რამ მისთვის; შველა თუმცა არ სჩანდა, მაგრამ მაინც ისევ ღვთის ვედრება მიაჩნდა მას წამლად. რაც ევედრა, ის ცოტა ეგონა, ამიტომ მონადირემ ლოცვა-ვედრება გააათკეცა და განა მარტო ღმერთს ეხვეწებოდა? - ყველა ხატს, ყველა სალოცავს. მონადირე მზად იყო ეშმაკისათვისაც კი სული მიეცა, ოღონდაც თავისი წადილი აესრულებინა, მიზნისთვის მიეღწია.

მღვდელი რომ ორღობეს მოეფარა, მონადირეს თვალთაგან ცრემლი ღაპაღუპით წამოუვიდა. ღამდებოდა. მონადირემ სოფელში დადგომა არ მოიწადინა, გავიდა მინდვრად, შევიდა ტყეში. აირჩია ყუდრო ადგილი, დაიჩოქა, აღაპყრო მაღლა ხელები, იწყო ლოცვა. გულზე მუშტებს ისე მაგრა იცემდა, კაცს ეგონებოდა, დიდრონ ხის მორგვებს აპობენ: დიდრონს ცულს დიდს უროსა სცემენო.

მის თავზე წყვილმა გარეულმა ბატმა გადაიარა, შეყვარებულები იყვნენ. ერთმანეთს ჭირსა ჰპარავდენ, შენიჭირიმეობით ელეპარაკებოდენ. თავზე გადაუარა ორმა ბუმ, მხრები მხრებზე გადაეგდოთ, ეჭვი არაა, შეყვარებულები იყვნენ. რამდენიმე წყვილმა სხვადასხვა ფრინველებმაც გადაუარეს თავზე და ყველა მათგანი ერთი მეორისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. ბოლოს ისეც მოეჩვენა, რომ ხელიხელჩაკიდებულნი ქალ-ვაჟნი ცაში მიფრინავდენ. ამ სურათების ნახვამ უფრო დააღონა იგი.

გათენდა. მონადირემ გადასწყვიტა იქ წასულიყო, საიდანაც პირველად ქალი დაინახა, იქ ელოცნა, იქვე სანთლები აენთო, იქვე საკმელი მოეკმია, - ახლოდან, იქნებ, უფრო შევასმინო ჩემი ღაღადისიო, იქნებ შაესმას ჩემი გოდების ხმა, გული მოულბეს, შემიბრალოსო. მონადირე მღვდელთან წავიდა, იყიდა მისგან აუარებელი სანთელი, აგრეთვე საკმელი და გასწია დანიშნულ ადგილას.

 

III

 

„კვლავ მოვედ შენს სანახავად, ჩემო ხატო, ჩემო სალოცავო, ჩემო ღმერთო!“ - შესძახა მონადირემ და დაემხო პირქვე, „მისმინე, შემიბრალე, ხმა გამეცი, სხვა არაფერი მინდა მე შენი. ნუთუ არა გწამ ღმერთი, არ იცი, რას ჰქვიან სიყვარული?“ - კიოდა მონადირე ამაოდ, მაგრამ მაინც თავისას არ იშლიდა: იდგა დაჩოქილი იმ კლდის პირდაპირ, საცა სატრფო ეგულებოდა, ხოლო ღამ-ღამობით სანთლებს ანთებდა კლდის კინჭუხებზე.

არ აგონდებოდა საბრალოს არც სმა, არც ჭამა. დაჰყო აქ იმდენ ხანს, ვიდრე სანთლები სანთლებად ეყოფოდა და ჯანი სავედრებლად. დარდისაგან ისე გახდა, ფეხზე ვეღარა დგებოდა. მის ახლო-მახლო რომელ ფრინველსაც კი ჰნახავდა, ყველას იმას აბარებდა და ეხვეწებოდა, მისი სიტყვები, მისი მუდარა და ცრემლები დაეფრქვიათ გულ-მკერდზე სწორედ იმ ალაგას, საცა ორი ქვა იყო გამოშვერილი, რაზედაც მის სატრფოს ფეხები ედგა, როცა მონადირემ მას თვალი მოჰკრა და რომელი ქვების პირდაპირ ქალს კლდემ კარები გაუღო და შთანთქა, ჩაიძვრინა უბეში, როგორც ალალისაგან დამთხალი და შეშინებული ჩიტი.

„არწივო, არწივო, დიდებულო ფრინველო, რა მშვენიერი რამა ხარ! ნუთუ არ გახსოვს, რამდენჯერ ნადირობის დროს ახლო შემხვედრიხარ კლდეზე, მუხაზე მჯდომარე და მე შენთვის თოფი არ მისროლია. რამდენჯერ ნანადირევი გჭერია კლანჭებში, მაგრამ არ შაგცილებივარ, - ეგეც მონადირეაო, მითქვამს, როგორც თავისი თავი მიყვარს, ისე შენ; თუ თავის თავს გავიმეტებდი მოსაკლავად, ეგრევ თუ შენ. უნდა თხოვნა ამისრულო, ჩემი თხოვნა უნდა მიიტანო იქ, აგერ კლდეზე რომ ორი ქვაა გამოშვერილი, ეს დაუძახო: „ქალო, ქალო, გამოჩნდი, გამოიხედე გარეთ, შენთვის კვდება საწყალი მონადირე, ერთი სიტყვა აქვს სათქმელი. მოუსმინე, მოიღე მოწყალება!“

- ხომ არ შეგიყვარდა, ბიჭო? - ჩამოჰყაშყაშა მაღლიდან არწივმა. მონადირე გაჩუმდა. სცხვენოდა გულის პასუხი ეღვიარებინა.

- ჰაი, შე ლაჩარო, - ჩამოსძახა არწივმა; - რად გრცხვენიან სიყვარულის გამომჟღავნება? თუ ეგ გრძნობა დანაშაულია, გულიდან ამოიფხვერ და გადააგდე. თუ კარგია და მოგწონ, თქმა და გამომჟღავნებაც უნდა გესახელებოდეს. სთქვი სწორედ, - განუმეორა არწივმა: - სთქვი, ვიცოდე, ვისი ვექილი ვარ: ვაჟკაცისა, მიჯნურისა თუ უბრალო ვიღაცა ადამიანისა, უგულოსი, უტვინოსი.

არწივმა ბევრი უარა კლდეს, საცა მონადირემ ანიშნა, ბევრი იყაშყაშა, აბრალებდა მონადირეს კლდეში შეკეტილს სატრფოს, მაგრამ ამაოდ, პასუხი მაინც და მაინც არ ისმოდა. მოსწყინდა მუდარა და გულნატკენი თავის გზას გაუდგა.

მონადირემ ამგვარივე თხოვნით თვალცრემლიანმა მიჰმართა შავარდენს, ცაზე გადმომავალს:

- შავარდენო, შავარდენო, ლაღო, ლამაზო! შენს თვალებს ენაცვლოს საწყალი მონადირე! აბა, იქნება, შენ რამე გააგონო, აგერ იმ კლდეში, იმ ქვებთან, - უთითებდა მონადირე ქვებზე, სადაც შეაფარა კლდეში თავი მისმა სატრფომ, - დამემალა ჩემი ღმერთი, ჩემი სალოცავი, ცოტახანს მომელანდა, მომხიბლა და გამიქრა თვალთაგან. მოდი და დაუძახე ჩემ მაგივრად: შენი ხმა უფრო გამჭვირი, მწკეპრი და მკვეთრია, გაჰკვეთს, რაც უნდა მაგარი კლდე იყოს და, იქნებ, უწიოს ქალის ყურამდე, შემაბრალე, სთხოვე ჩემ მაგივრად, ერთხელ კიდევ დამენახოსო. ხომ იცი, მე შენთვის არაფერი დამიშავებია და, როგორც მონადირე, ძალიან მიყვარხარო.

შავარდენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მხრები ისე შეათახთახა, თითქოს მხრებით უპასუხებდა: „ჰოო, ჰოო, კარგი, კარგიო!“

შავარდენმაც ბევრი იცოდვილა, ბევრნაირად ეცადა, გაუარ-გამოუარა, გაუქროლ-გამოუქროლა, კლდეს დასწიოდა სულ ტყუილად. ვერაფერს გახდა, ვერავის-რა გააგონა და ვერაფერი პასუხი მიიღო.

თვალებგაშტერებული, ტუჩებმოკუმული, სახეგანაცრებული მონადირე სმენად იყო გადაქცეული, მაგრამ როცა დარწმუნდა, შავარდენი ვერაფერს გახდაო, მუხლი მოეკვეთა და მისი ქვითინი გულის საკლავად ქარის ზუილივით გაისმა კლდე-ღრეთა შორის.

რამდენმა ფრინველმაც კი გადაუარა თავზე მონადირეს, ყველას დააბარა ქალთან თავისი დარდი, მაგრამ ერთმაც ვერაფერი შეასმინა. ამაოდ მონადირის თვალები ადნებოდა ცეცხლისაგან გამხვალ სანთელივით იმ ლოდებს, სადაც სატრფო ეგულებოდა. რამდენიც მონადირე ცდილობდა დაენახა, იმდენად ქალი უფრო იმალებოდა.

აქ ასე ყოფნა მონადირეს აღარ შაეძლო; იმას გულში სხვადასხვა ფიქრი აღეძრა: ხან თავის მოკვლა დააპირა, ხან თოკით ჩასვლას ფიქრობდა, რისთვისაც საჭირო იყო რამდენიმე კაცი, რომელთაც თოკი უნდა დაეჭირათ, მაგრამ კლდე ისე იყო ამართული, არაგზით არ შეიძლებოდა ამ ფიქრის ასრულება. ამიტომ მან გადასწყვიტა შორს წასვლა ამ ქვეყნიდან, გადაკარგვა იმ იმედით, დაევიწყებინა როგორმე სატრფო, ამოეფხვრა სრულიად გონებიდან მისი მტანჯველი მოგონება, დარდისაგან და ნაღვლისაგან თავი დაეღწია. ამ იმედით მონადირემ კლდეს ზურგი აქცია და გასწია სხვა მხარეს, აღარ უნდოდა მიეხედა იმ წყეული კლდისაკენ, მონადირის სატრფო რომ შთანთქა ასე უკვალოდ, უღმერთოდ, მოულოდნელად.

წავიდა მონადირე. მიდის, მიდის სულ ერთ მხარეს, აღარ იხედება უკან. გადაიარა ათასი მთა, გაიარა ზღვები, უცხო ქვეყნები. მიდის ხან გზით, ხან უგზოდ. ამაო იყო ეს ცდა მისთვის: რამდენიც წინ ფეხს გადასდგამდა მონადირე, იმდენად უფრო უცხოველდებოდა როგორც სიყვარული კლდისა, ისე კლდეში მოთავსებული არსებისა. მაგრამ წინ სვლას მაინც არ იშლიდა. საცა დაუღამდებოდა, იქ გაუთენდებოდა დაჩოქილს, ხელაპყრობილს და ცისაკე თვალებმიპყრობილს.

 

IV

 

ერთს უღრან ხევში, უდაბურ ადგილას მონადირე წააწყდა აუარებელ ხალხსა; ეს ხალხი შემორტყმოდა ერთ თეთრწვერა მოხუცებულს. მონადირეს მისვლა არავის გაჰკვირვებია, არცვის კი შეუხედნია იმისთვის, ყველას თავისი თავი აწუხებდა, საკუთარი დარდი ჰქონდა. ყველას თვალი და ყური მიეპყრო მოხუცებულისათვის, ყველა იმისაგან მოელოდა პასუხს. მონადირე გაფაციცებით ყურს უგდებდა და აქვე საკვირველ მოქმედების მაგალითებიც ნახა. მონადირემ დაინახა აშკარად მოხუცის ყოვლადშემძლებელობა: კაცს რადაც უნდოდა, იმად აქცევდა. მონადირე სიხარულით ცას ეწეოდა, ბედი კარზე მისდგომოდა; მისი გულითადი ნატვრა თუ ახლა ასრულდებოდა, თორემ მის ასრულებაზე ფიქრს სამუდამოდ უნდა გამოსთხოვებოდა.

მონადირე ჰხედავდა აშკარად, მის თვალწინ მოხუცის ბრძანებაზე ზოგი ხარად იქცა, სხვა ხედ, ცხენად, ყვავილად.

მონადირეს მოხუცის წინაშე თავი დაეხარა და ცხარე ცრემლითა სტიროდა.

- რა გაქვს სათხოვარი, მონადირევ? - დაეკითხა მოხუცი.

მონადირე დაყოყმანდა, არ იცოდა, რა ეთქვა. თავადაც ვერ მოისაზრა, რად უნდა ექცივა იმ მადლიანს ადამიანს, რომ ადვილად შესძლებოდა მიღრწევა მიზნისა.

- დიდებულო მოხუცო, მაქცივე არწივად, - წარმოსთქვა მონადირემ: - მომეცი მაგარი ნისკარტი, მაგარი, მკვეთრი, სწორედ ფოლადისა და კლანჭებიც მსგავსი, ნისკარტთან შეთანხმებული.

- ასრულდეს თხოვნა შენი! - წარმოსთქვა მოხუცმა და ყავარჯენი სუბუქად, ოდნავად მხარზე დაჰკრა.

მონადირე იმ წამსვე არწივად იქცა, აფრინდა ცაში და მიაშურა იმ კლდეს, საცა თავისი სატრფო ეგულებოდა. ეხლა იმისთვის შუაკაცები, შუამავლები აღარ იყო საჭირო: თავად შეეძლო თავისუფლად მიფრენა იმ ალაგას, სადაც თავისი დამტყვევებელი და გულის მომკვლელი არსება დაინახა; თამამად შაეძლო შეჰხებიყო კლანჭებით და ნისკარტით იმ ადგილას, სადაც იმის სატრფოს ფეხები ედგა, - შაეძლო აღარ მოჰშორებოდა იმ ადგილს, იქ დამდნარიყო, იქ მომკვდარიყო, იქ ეყაშყაშა, ეტირა, ეჩივლნა და დაეძახა სატრფოსთვის - გააღე კარი, ერთხელ კიდევ დამენახვეო. შაეძლო, თუ კარებს არ გაუღებდა, არ გამოჰხედავდა, ყურადღებას არ მიაქცევდა, - შეჰბრძოლებოდა ბრჯღალით და ნისკარტით სალს კლდეს, - გამოეკვეთა კარები და ამგვარად მიეღრწია სატრფომდის.

სწორედ ისეც მოხდა. არწივმა ერთი წლის სავალი ერთ დღეს გაიარა და პირდაპირ კლდესთან მიიჭრა, - იმ შუაგულ გამოშვერილ ლოდებზე, სადაც ერთ დროს ფეხები ედგა მის სატრფოს, - უსვამდა თავის ბასრს ნისკარტს, ჰბღუჯავდა მაგრა, ძალიან მაგრა, თავის ბასრი კლანჭებით იმ ლოდებს; უსვამდა ნისკარტს, თითქოს ჰკოცნიდა ამ ლოდებს. დიაღაც რომ ჰკოცნიდა. ეხლა ცოტად მაინც თავის თავს ბედნიერად ჰგრძნობდა. თუ სატრფოს ვერა ჰხედავდა, იმის საფეხური ხომ თვალწინა ჰქონდა. თუ სატრფოს სუნთქვა არ ესმოდა, ის ჰაერი, რითაც მისი სატრფო ჰსუნთქავდა ამ ლოდებზე დგომის დროს, ხომ აქვე ჰქროდა და მონადირეც ამით სიამოვნობდა, ამით ცოტად გული მოიფხანა, წყლული დაიამა. არწივი რომ ჰკოცნიდა თავის სატრფოს საფეხურებს, თან შეჰყაშყაშებდა კლდესა: „ნუთუ, ლამაზო, ჩემო ანგელოზო, ვერ მიცნობ, ვინა ვარ მე? მაშ დავიჯერო, იმ დროს, როცა მე დაგინახე, დარეტიანებული, თავბრუდასხმული, შენ შემოგტრფოდი, - დამავიწყდა მოკლული ჯიხვი - ჩემი თვალები ცდილობდენ შენ დაელიე, როგორც ვარდის წყალი, - ცდილობდენ, მხოლოდ და მხოლოდ შენა ჰყოფილიყავ მხედველობა ამ თვალებისა, - შენ გადაჰქცეულიყავ ჩემის თვალების მხედველობად და ამ მხედველობით მხოლოდ შენ დაენახვე, სხვა არავინ, სხვა არაფერი, გული ჩემი ამ დროს ცდილობდა შენ ჰქცეულიყავ იმის სიცოცხლედ, შენ ჰყოფილიყავ ფეთქა ჩემის გულისა, - ნუთუ იმ დროს ვერ დამინახე

რა უღმერთობა, რა უსამართლობაა!.. რამდენი ხანია, შენ გეძახი, დამნახვებიყავ, გაგეცა ხმა ჩემთვის; ესევე ვაბარე ქარსა, ფრინველთა, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ვერაფერი შეგასმინე, მე შენ გული ვერ მოგილბე, - არ იქნა, მოწყალე თვალით გადმოგეხედნა ჩემსკე, აღგძროდა გულში ჩემდამო სიბრალული. მე მითხრეს, ვითომ შენ შეიძლება ეშმაკი იყო და ისე ტურფა-ლამაზად მომეჩვენე მხოლოდ იმიტომ, დაგეტანჯე, ჯვარს გეცვი, გეწამებინე, და ეხლაც არ მეჩვენები, რათა შენ მიერ გათვალისწინებული აზრი აისრულო; მითხრეს, მაგრამ არ მჯერა, ან როგორ დავიჯერო? ეშმაკს რომ იმდენი ძალა ჰქონდეს - ეგრე ლამაზ არსებად გადაიქცეს, როგორც შენ მეჩვენე, მაშინ ხომ ანგელოზადაც იქცეოდა…

არა, არ მჯერა, შენთან ეშმაკს რა უნდა, შენ თვით ანგელოზი ხარ, ღვთისაგან მოვლინებული ჩემს სატანჯავად. მხოლოდ არ ვიცი, რა დავუშავე ღმერთს ისეთი, ამ სატანჯველში ჩამაგდო?! მე ბევრსა ვფიქრობ ჩემს ცოდვებზე და ვერ მომიფიქრებია ვერც ერთი ცოდვა ჩემი, ეთანაბრებოდეს სასჯელს. მე მხოლოდ ნადირსა ვხოც და იმის წინათ, ვიდრე შენ დაგინახავდი, ჩემო სიცოცხლევ, მე ჯიხვი მოვკალ, ნუკრის დედა; ეს უკანასკნელი შამბებში დამემალა. იქნებ, ამ ცოდვის გამო ვისჯები? მართლაც და, რაღა იმ დროს მეჩვენე?! მაგრამ რო ორივე უსარგებლო გამოდგა ჩემთვის!.. თუ ეს ცოდვა იყო, რატომ მაშინვე არ შემრისხე, არ შემაჩვენე? შენ თავიც არ მოგიბრუნებია ჩემკე: სხვა მხარეს იცქირებოდი, სხვას ელაპარაკებოდი… სხვას ვიღაცას შესტრფოდი, შეჰხაროდი. შენ გხედავდი, ხოლო შენ სატრფოს ჩემთვის შავი ღრუბელი ჰფარავდა; შენ მიერ ხილული - ჩემთვის უხილავი იყო… ოჰ, ოჰ!..

მაშინ ადამიანის სახე მქონდა და დღეს მე ფრინველი ვარ. დიდმა ვედრებამ ღვთისამ მხოლოდ ამით დამაჯილდოვა: შევიძელ შენს კარებზე მოსვლა; ფეხით მოსვლა რომ არ შემეძლო, დღეს ფრთების წყალობით მოვფრინდი აქ; ამისრულდა გულითადი ნატვრა. იმ ლოდს, რაზედაც ერთ დროს შენი ღვთიური ფეხი იდგა, დღეს იმ ლოდს მე ვაკრივარ, როგორც მატლი და იცოდე, არც წავალ აქედან, მინამ პირში სული მიდგა, არ მოგასვენებ: დაე, ნუ დამენახვები, ნუ შეისმენ ჩემ თხოვნას, აქ, შენ კარებზე, დავდნები; თუ შენს ხმას არ გამაგონებ, ჩემს ხმას ხომ გაგაგონებ? დაგაღონებ, დაგაძმარებ; ვიყო გაუხარებელი, არაფერი უშავს… მაგრამ რად? რისთვის, როცა საიმისოდ საქმე არა ჭირს? როცა შენთვის არაფრად არა ღირს, - სრულიად ადვილია, როგორც მზემ ციდან, ისე შენ კლდიდან გამოაშუქო. შემდეგ წადი და ნუღარ დამენახვები, რამდენიც უნდა გეხვეწო, გემუდარო!..

ან კი რატომ ან შემდეგ არ უნდა დამენახვო, ვითომ რა გეხარჯება, რა გაკლდება?!. არაფერი, სრულებითაც არაფერი!..

ნეტავ ვიცოდე, ამდენს ჩემს საცოდაობას რომა ჰხედავ, არა სტირი? როგორ დავიჯერო, ეგრე ტურფას, შვენიერს, გულიც ლამაზი, შვენიერი არა ჰქონდეს? ლამაზს გულს კი მარტოდმარტო სიბრალული უხდება და ერთადერთი ის ამშვენებს. შენს თვალებს მოუხდება მარგალიტივით ცრემლი ჩემის, შენის მოტრფიალის, შებრალებით გამოწვეული… რა ბედნიერი ვიქნებოდი, ამას რომ მაინც დავინახავდი და მაგ ლამაზს თვალებს როგორ გაალამაზებდა ცრემლი სიბრალულისა!.. მაგრამ რას ვამბობ საცოდავი?.. სად არის შენთან სიბრალული ან სიყვარული?!. არც ერთია შენთან, არც მეორე. ნეტავ ვიცოდე, მანდვე ხარ, თუ წახვედი მანდედან; მე კი აქ ტყუილად ყბებს ვიღალავ. იწამე ღმერთი, ეს მაინც შემატყობინე, შემიბრალე, სწორედ გამაგებინე!“

- აქა ვარ, აქ, მაგრამ არა მაქვს ნება გამოსვლისა, არც ამაზე მეტის თქმისა, რასაც გეუბნები! - მოესმა მონადირეს კლდის სიღრმიდან ხმა ქალისა.

დიდხანს გაშეშებული იდგა იმავე ადგილას, ვერ გამძღარიყო ამ ხმის სიტკბოების სმენით; ეგონა, ქალი კიდევ რასმე იტყოდა, მაგრამ აღარაფერს ამბობდა.

„ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ნეტარებავ, მე მოვალ შენთან, მე!“ - ლუღლუღებდა არწივი-მონადირე. - „ოღონდ მანდ მომიცადე, მანდედამ ნუღარსად წახვალ, გენაცვალე, თავს შემოგევლე!“

სთქვა რა ეს არწივმა, დაუწყო ნისკარტით და კლანჭებით ღრღნა კლდესა. როგორ თავგამოდებით ებრძოდა კლდის ლოდებს, ამტვრევდა, სჩეხდა, მაგრამ ამაოდ. საუბედუროდ, მისგან გამოკვეთილი ხვრელი მეორე დღეს მთელი იყო ისევ. არწივი მაინც გულს არ იტეხდა, იბრძოდა საშინლად, არა ჰზოგავდა სიცოცხლეს, ჯანს. იქ, შორიახლო, ეგულებოდა თავისი სატრფო, ხანდახან გამოეხმაურებოდა, თუმცა ქალი ხმას აღარა სცემდა, პასუხს აღარ აძლევდა. ნისკარტიდან, კლანჭებიდან არწივს სისხლი სდიოდა; მისი სისხლით წითლად შეიღება კლდის გულ-მკერდი.

რამდენიმე წელი გავიდა, არწივი ამ საცოდაობაში იყო: ნისკარტი გასცვეთოდა, კლანჭები დასჩლუნგებოდა. მთელს ტანზე ბუმბულიც კი გაჰხრეშოდა. არწივს არწივობა აღარ ეტყობოდა, კაცს ტირილს მოჰგვრიდა. ხოლო არწივის სისხლი კლდეს ზოლ-ზოლებად ეტყობოდა ხარადან თხემამდე; სისხლი წითლად ბრჭყვიალებდა და ვერც წვიმა, ვერც ყინვა და ვერც თოვლი ვერ აშორებდა, ვერა ჰრეცხდა.

ახლო-მახლო მცხოვრები და იმ კლდის მიდამოებში მფრინავი არწივები ძალიან სწყრებოდენ, უჯავრდებოდენ თავიანთ თანამოძმეს, უგმობდენ ახირებას, უქმ, უნაყოფო შრომას…

- რამ გაგაგიჟა, კაცო, რაზე იკლავ თავს, ხომ ჰხედავ, არაფერი გამოვიდა შენი შრომიდან? როდემდის ეგრე უნდა იტანჯო? მინამ პირში სული მიდგაო, რო იძახი, ეგ ხომ სისულელეა, სიგიჟე. ვინ იცის, რამდენი წელია, რაც შენ მაგ ყოფაში ხარ და ვერაფერს გაჰხდი. როგორ არ მოგწყინდა ქვა-ლოდებზე ნისკარტის ცემა და კლანჭებით ფხაკუნი?!. ჩვენ, არწივებს, გული გვიკვდება, მაგ ყოფაში რომ გხედავთ: ჩვენი ძმა ხარ და იმიტომ, ჩვენს მსგავსს, ჩვენ თანაზიარს ნისკარტს და კლანჭებს ჰღალავ და აცდენ ტყუილად; ის ჩვენი სისხლია, რითაც შენ ამ სალს კლდესა ჰღებავ. როგორ შაგვიძლიან გულგრილად გიცქიროთ? თუ შენი თავი არ გებრალება, ჩვენ მაინც შეგვიბრალე. ვინც არა მგონია, ყარა-ყურა ფრინველებიც კი, ჩვენ დაგვცინიან ჩუმა-ჩუმად: ერთი ნახეთ, ფრინველთა მეფე არწივი რა სისულელესა სჩადისო!

- ფრინველებში დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმაა! - ეუბნებოდენ მონადირე-არწივს ნამდვილი არწივები. მაგრამ უკანასკნელს ქარის სტვენად ესმოდა არწივების საუბარი.

კაკბები და როჭოებიც კი გადაავლებდენ თვალს არწივის ამაო მუშაობას. კლდის თავიდან უყელუქნებდენ[1], ბრალობდენ თავიანთ მოსისხლე მტერსა და თავის ქნევით წაელაპარაკებოდენ: „ნეტავ, ქალო, ეგ ბეჩავი რაზე იკლავს თავსა, რას ებრძვის?“ - იტყოდენ რა ამას, მაშინვე მოჰშორდებოდენ იქაურობას.

არწივი თავისას არ იშლიდა, მანამ ნისკარტი და ბრჯღალი უჭრიდა, ებრძოდა კლდეს და თან თავის სატრფოს ეძახოდა, მაგრამ ქალი ხმას აღარა სცემდა. სამარებრივ სდუმდა კლდე. გაელია ნისკარტი არწივს და სისხლი თქრიალით წამოუვიდა. ბრჯღალები შემოაცვდა, სისხლში მოსვრილი ჰქონდა. არწივს გული წაუვიდა, თავბრუ დაესხა. მოსწყდა და კლდის ძირს დაეცა…

რამდენიმე ხანი უგონოდ ეგდო კლდის ლოდებზე გულაღმა. მკვდარს დაჰმსგავსებიყო: გრილი ნიავი ბუმბულს უჩეჩდა, უნიავებდა. ფრინველებს არწივი მკვდარი ეგონათ, მაგრამ ახლო მისვლას ვერავინა ჰბედავდა, გარდა არწივებისა. მზე, ის იყო, ჩადიოდა, რომ ორი არწივი ჩაეშვა ჯურღმულში და გულწასულ თანამოძმეს მიუსხდენ თავით და ფეხით.

ორივეს თვალზე ცრემლი მოსდგომოდათ და გულმტკივნეულად ჩაელაპარაკებოდენ გაძვალტყავებულ მიჯნურს. როგორც იყო, მოასურიელეს.

- აბა, შე საცოდავო, რითღა უნდა იბრძოლო, სჩიჩქნო კლდე? ნისკარტი შენ აღარა გაქვ და კლანჭები. არც ეხლა დაემორჩილები ბედსა?!. - ეუბნებოდენ არწივები.

- ეხლა დავემორჩილები, რადგან ძალა გამომელია, ჩემს თავს ვეღარ გავამტყუვნებ, მაგრამ რა ვქნა, გული თავისას არ იშლისო, - მიუგო მან: - უნდა სხვა გზას დავადგე, საშუალება უნდა მოვძებნო.

- მოძებნე, ვინ დაგძრახავს, - ოღონდ ისეთი იყოს, იმედს იძლეოდეს - გაჰხდები რასმე ადრე თუ გვიან. ვინ დაგიშლის?! განა ჩვენ შენი სისხლი არ გვიდგა - სისხლი გაუტეხლობის, შეუდრკელობა-მხნეობისა, მაგრამ სისულელეს ვერ ჩავიდენთ. ვაჟკაცობა თუ სისულელესთან არი დაკავშირებული, ჩალად არა ღირს… - სთქვეს კვალად არწივებმა.

- ჰმ, ჰმ! - წარმოსთქვა მონადირე-არწივმა: - თქვენ სისულელედ გეჩვენებათ, ძმებო, ის, რაც მე ჩავიდინე? ოჰ, ოჰ, ნუ დამძრახავთ! სხვაფრივ ვერ მოვიქცეოდი, არ შეიძლებოდა, ან უნდა მოვმკვდარიყავ, ან ეს მექნა, რისაც მოწამე ხართ… მე კვლავ განვაგრძობ სისულელის ჩადენას, არ შაიძლება, უნდა სულელად მოვკვდე, ეს სახელი მე უკვე მოვიხვეჭე ფრინველთა შორის, ამას ვერავინ წამართმევს… ჩემის სიკვდილის შემდეგაც, ვინ იცის, იქნება ესევე მერქვას? მე მივდივარ, მშვიდობით! - წარმოსთქვა მან და თავის სუსტის მხრებით ალახლახდა მაღლა.

არწივებმა გზა დაულოცეს და განშორდენ თავის მრავალტანჯულ თანამოძმეს.

 

V

 

ეხლა მონადირე იდგა იმ საკვირველი მოხუცის წინაშე, რომელმაც იგი არწივად აქცია, - თავდახრით, გასაცოდავებული, თვალთაგან ცრემლ-ჩამომდინარი, საბრალო ბუს დამსგავსებოდა. ტიროდა საკვირველი მოხუცის წინაშე და ძნელად გასაგებს სიტყვებსა ლუღლუღებდა. იმედი ჰქონდა, მოხუცი ერთს თხოვნას კიდევ აუსრულებდა; ამ იმედით გამსჭვალული არწივი ახალის სათხოვარით მიჰმართავდა იმ თავის კეთილისმყოფელს.

- რაღა გიყო, რა გიწამლო, შე საცოდავო? - ეკითხებოდა არწივს მოხუცი: - ხომ აგისრულე თხოვნა, ეხლა სხვას რაღას სთხოულობ?

- დიდად გმადლობ, მეუფეო, ჩემთვის არა გშურს მოწყალება, შემიწყალე უკანასკნელად. ამიერიდან აღარ შეგაწუხებ. მე უკვე გადავწყვიტე ადამიანის სახე დავკარგო საუკუნოდ; მიზნისთვის რომ მიმეღრწია, ქალის გული რომ მომენადირებინა, მაშინ შემეძლო მეთხოვნა, ისევ ადამიანად მაქციეო. დღეს კი, როცა იმედი გადავიწყვიტე, ჩემთვის ადამიანად ყოფნა მხოლოდ სასჯელია. ამიტომ მინდა, მეუფეო, მაქციო მცენარედ, - ხედ, სახელდობრ, ცირცლად. დავენერგო იმ კლდის თავზე; ჩემ ფესვებს ჰქონდეს ისეთი თვისება, ვერაფერი ვერ იჭერდეს, ვერ აბრკოლებდეს მათ ზრდას, ხარებას. გაიზარდოს ჩემი ფესვები, რომ ჩასწვდეს იმ ჩემის სატრფოს სადგურს, შემოერტყას გარშემო, რაც შეიძლება ის ამბავი ადრე მოხდეს. იმ ცირცლის ფესვები მაინც ჰხვდებოდეს ქალის ლამაზს ტანსა, უცქეროდეს იმის ლამაზს თვალებსა, ჰსუნთქავდენ იმის ნასუნთქის ჰაერითა. თუ მუდამდღე არა, ხანდახან მეცა ვგრძნობდე იმასთან ახლო ყოფნას, როგორც დედა იმ ფესვებისა, თუნდა შვილი. ამას გთხოვ, ამას გემუდარები, - წარმოსთქვა მონადირემ.

- საწყალო, საწყალო, იქმნეს ეგრე, როგორც შენ გინდა, წადი, გაფრინდი; მიდი, დაჯე იმ ადგილას, სადაც გინდა, რომ ხედ იდგეო. - უპასუხა მოხუცმა, - და ინატრე - ღმერთო, მაქციე ცირცლად, ამის მეტს ნურაფერს იტყვი, თხოვნა შენი მყის ასრულდებაო.

 

* * * * * * *

 

მონადირის ნატვრა ასრულდა: კლდის თავზე, მის მიერ ამორჩეულ ადგილას, შვენიერი ცირცელი ამოვიდა; ზაფხულობით იმოსებოდა წითლის მტევნებით უხვად; ნაყოფით ისე დაიტვირთებოდა, ტანი ძლივს იძგნობდა. ზამთრობით, როცა მთაში თუ ბარში არავითარი ხის ნაყოფი არ მოიპოვება, მთელი ბუნება თავის სიღატაკესა გლოვობს, - მხოლოდ კლდის თავზე ღაღანებს წითლად ცირცელი. სიმშილისაგან შეწუხებული როჭოებისა და ჩხართვების გუნდი ედება ზედა. შეუდგებათ ენით აუწერელი სიხარული, ჟივილ-ხივილი. ენა ვერ იტყვის, როგორ ალაღებს ფრინვლებს ეს ცირცელი, როგორ უყვართ იგი. თვითეულ მარცვლის ჩაყლაპვაზე ყოველი მათგანი ცირცელს დღეგრძელობას ეუბნება, ღმერთსა სთხოვს იმის დიდხან სიცოცხლეს. არც თავად ცირცელსა სწყინს ფრინველებისა მის ნაყოფით ქეიფი; იმასაც უხარიან, რომ მადლსა სჩადის და უნდა ამ ამბავმა მის სატრფოს ყურამდინაც მიაღწიოს. გაიგოს იმ ულმობელმა, შეუბრალებელმა ასულმა კლდისამ, თუ როგორ ლმობიერი, როგორ მოწყალე და მობრალულია მისი მოტრფიალე, კლდის ქალისაგან უარყოფილი საწყალი მონადირე.

- მიირთვით, იქეიფეთ, თქვენი ჭირიმეთ, კარგი დროება გაატარეთ, მე მოვკვდე, თქვენ იცოცხლეთ სიხარულში, ლხინ-გახარებაში! - მოისმის ხმა ფესვებიდან.

ხოლო რას შვრება თვით ფესვები? - ფესვებმა გზა გაიკვლიეს ქალის სადგურისაკე, კლდე წინააღმდეგობას აღარ უწევს და ისინიც ექსოვებიან ოქროს ძაფივით ლოდების წყებას. აღარ მიუდის იმათ დიდი მანძილი კლდის ასულის სენაკამდე. ქალიც ჰგრძნობს ამას და სდუმს, ისიც გულის ფანცქალით მოელის იმ წუთს, როცა ცირცვლის ფესვები შეაჩენენ ცხვირებს აქეთ-იქიდან და შესძახებენ:

„გამარჯვება შენი, ქალო ლამაზო, ასულო კლდისაო!..“

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ