მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 457 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(სურათი ფშავლების ცხოვრებისა)

I

 

სამის წლის მათიას დედამ მეტი სახელი წიწმატა დაარქვა და მას შემდეგ ეს ახალი სახელწოდება მათიასი მთელმა ოჯახმა პირზე დაიკერა: ძმებმა, დებმა, ბიძებმა, ძალუებმა და სხვებმა. გარეშე მეზობლებიც, რასაკვირველია, ამ სახელით იხსენიებდენ მათიას: „ოჰ, წიწმატას გაუმარჯოს!.. სადა გყავ, წიწმატავ, მამა? დედაშენი სადღა არი? ოჰ, რა ბიჭია, რა ბიჭია წიწმატა და!“ რაო, რა მიზეზი იყო, რომ მათიას წიწმატა დაარქვეს? მაშ, რაღა დავარქო, წიწმატივით მამწარებსო, - ამბობდა მზექალა.

მართლაც და ჟინიანს წიწმატაზე აღარც „სსუუ“ სჭრიდა და აღარც „ბუუუ“.

უდგას, მაგალითად, წიწმატას წინ დოთ სავსე ჯამი. მოაქვს დედას კეცში გამომცხვარი დიდრონი მჭადის ყუა, რადგან წიწმატას ხასიათი იცის, იცოტავებსო.

„ჩოტაა, კიდევ მინდა“; - მაინც ცოტაობს წიწმატა; უსიამოვნოდ იჩმუჩნება მხრებში და ხმელ უსახლო ტყავის კალთებს აფხაკურებს დაბლა კერაზე, ფინთად იღმიჭება.

- ჭამე, შვილო, ჯერ ეგა და მერე კიდევ მოგიტან. - ეუბნება დედა.

- ეხლა მინდა, ეხლა - წყრება წიწმატა და, თუ არ ასრულდა მისი ბრძანება, ისეთ აურზაურს ასტეხავს, რომ სახლში აღარავის ედგომილებოდეს. რა ქნას საწყალმა დედამ, ის დააჩუმოს, თუ ოჯახის საქმე აკეთოს?!

- აჰა, გასკდი, გატყვრი! - ეუბნება მზექალა: - ჯერ ნუ შაგიჭამია სულა, - თან ხელში აჩეჩებს კიდევ სხვა მჭადის ნატეხს, - მაშინ ჰნახავ შენს სეირსა. ქვით ქვაზე გაგინაყ მა თავნიერასა.

წიწმატა ბღუჯავს მჭადის ნატეხებს და ფაცაფუცით ილაგებს კალთაში. გვერდით უზის დიდი, ჭრელი კატა, წიწმატას ძმობილი, თვალებს ჰკულავს, ვითომ ვერაფერს ვხედავო, თუმცა კი ყველაფერს კარგად ჰხედავს და უცდის მარჯვე დროს - თავის მეგობარ წიწმატას ხელიდან ლუკმა წაჰგლიჯოს.

- ეშ კოვჯი არ მინდა, დიდი კოვჯი მინდა! - ამბობს წიწმატა და ისვრის კოვზს დაბლა.

- აჰა, ესეც შენი დიდი კოვზი! - ეუბნება დედა და აჩეჩებს ხელში დიდ კოვზს. - დო კი არ დაჰღვარო, ბალღო, თორო მე ვიცი შენი!

- ალა! - უპასუხებს წიწმატა და თან ალაგებს ლუკმას ლუკმაზე, არ დასდევს იმას, რომ ნახევარი დო ეღვრება დიდის კოვზის წყალობით და გულისპირი თეთრად აქვს გადათხუპნული. თვითეულის ლუკმის აღებაზე კატა თვალებს აყოლებს მეგობარს და უცდის მარჯვე დროს, ერთი ლუკმა მაინც დაჰვარდეს ხელიდან, რადგან ძმობილის ხასიათი კარგად იცის, თავის ნებით არაფერს მისთავაზებს.

 

II

 

წიწმატა განა მარტო პურსა და კოვზზე ჩხუბობდა? არა, თითქმის ყველაფერზე, რაც არ მოსწონდა, ჭკვაში არ უჯდებოდა: ეჯავრებოდა, რომ იტყვიან, ესიკვდილებოდა, მაგალითად, პირის დაბანა, ფეხთ ჩაცმა, ერჩივნა ბევრით ფეხშიშველას თოვლში და ტლაპოში სირბილი, რის გამოც ბევრი სილა მოჰხვედრია ყბაში, ბევრი სამდურავი, დარიგება, წყევლა-კრულვა გაუგონია წიწმატას ყურბს, მაგრამ ამაოდ. არ შაეძლო საბრალო მზექალას კარებს გასცილებოდა. დაედევნებოდა უკან ტირილით: „სად მიხვალ, დედავ?! დამიჩადე, ქალო, ვაჰმე, ვაჰმე!“ - ყვიროდა წიწმატა.

აშინებდენ სხვადასხვა რამეებით: დიდი ვირთაგვაა ბოსელში, რქიანი, ეშვებიანი, იქიდან ყურს უგდებს შენს ტირილს, თუ არ დასჩუმდები, მოვა და შაგჭამსო; ეს ღადუნიო (გარეული კატა) ჩამოგაფხაჭნის მთელ სახეს და სხვ… ყველა ამ საფთხობელას წიწმატამ ყური შეაჩვია. ერთხელაც არ გამართლებულა შინაურების მუქარა, ბევრჯელ იტირა, იღრიალა, მაინც უვნებლად გადაჰრჩა ერთსაც და მეორესაც, იმას არც ღადუნი დაჰხედვებია და არც ვირთაგვა… ამან გააგულადა წიწმატა.

 

III

 

მაგრამ სხვა ჯურის მტერი სულ სხვა მხრიდან მოევლინა, აღმოჩნდა იქ, საიდანაც არ მოელოდა, ვერ იფიქრებდა.

ერთხელ შაბათ საღამოს ძმას ბერიძეს და რძალს მზექალას ეწვია სტუმრად თინა, მზექალას მული, მაღალ-მაღალი, ომახიანი, ეშხიანი, ყოჩაღი მოლაპარაკე დედაკაცი. მოვიდა ეს დედაკაცი და ახალი საშიშროება თან სწორედ იმან მოიყოლა…

თინას ყელზე ვერცხლის შიბი ედვა, მთელს გულ-მკერდს უფარავდა. ერთმანერთზე ვერცხლის ჯაჭვით გადაბმული ვერცხლის ფულები - აბაზიან-უზალთუნიანები ერთი მეორეზე იყო აკინძული. შიგა და შიგ პატარა ვერცხლის ჯვრები ჰქონდა დატანებული; ამ ჯვრების ტოტებზედაც ყუნწით ჰქონდა დაკიდებული ვერცხლისავე ფულები. ტანთ ქათიბი ეცვა შავ ლასტიკ-გადაკრული.

- ჯალაფნო, ოჯახიშვილებო, შავ-გიორგაანო! ვინა ხართ შინა?!. - დაიძახა თინამ, როცა დერეფანი გაიარა და დარბაზის კარებს მიუახლოვდა. ძაღლმა ბროლიამ იცნო სტუმარი, ლაქუცით, კუდის ქნევით მიუძღოდა წინა.

მულს კარებში მოეგება მზექალა.

- ყველანიც შინა ვართ, ვისაცა გვკითხულობ, - უთხრა რძალმა თინას და თან მხურვალედ გადაკოცნა საყვარელი მული. მოიკითხეს ერთმანეთი.

- ენაცვალოს მამიდა, რამსიდიდო კაცი გამხდარა! - წარმოსთქვა თინამ, დაინახა რა მზექალას გვერდზე წიწმატა, რომელსაც ცალი ხელი დედის ფაფანაკის კალთაზე ჩაეჭიდა, ხოლო მეორე პირში ჩაედო. - რა მშვენიერი ვაჟკაცი დამდგარა! - მოჰხვია ხელები და დაუწყო კოცნა ძმისწულს. - ეს რაღა დაგიდვავთ, ქალო, თავზე ამ ბალღისადა? შამირცხვა თქვენი ოჯახიშვილობა! - უსაყვედურა რძალს თინამ, როცა წიწმატას თავზე დაინახა თეთრი, გაკრეჭილი ცხვრის ტყავის ქუდი, სკუფიის მსგავსად შეკერილი. - ფიქრი არ არის, თავის მამიდამ მოუტანა კარგი ქუდი. თუ თავადაც კარგი ბიჭი იქნებაო, - ანუგეშა მამიდამ წიწმატა. მართლაც თინამ, როცა შინ შევიდენ, გუდიდან ამოართო შავი ნაბდის ქუდი, გუმბათის გარეთაპირზე ჯვარედინად სირმამოკერებული და თავის ხელით დაჰხურა თავზე. ქუდთან ერთად გუდაში იყო ბლომად თხილ-კაკალი, პანტის ჩირი და წიწმატასთვის საკუთრად დაქსოვილი მატყლის ჭრელი წინდები.

- უცოცხლოს შენი თავი და შენი ქმარ-შვილი! მშვიდობაში, მშვიდობაში! აი როგორი კარგი მამიდა გყავ და შენ კი ყროლი, მტირალა ხარ, - წარმოსთქვა მზექალამ, როცა თინამ ძმისწულს თავზე ქუდი დაჰხურა და მისი ძველი ჩაჩი კი მიაგდო უბრალო ჩვარივით იქვე კუთხეში.

- დედილამა, შენმა დღეგრძელობამა, თუ კაი ბიჭი იქნები, დამჯეროზი[1], ცხვრებს და ხბუებს კარგა მაული, არ იტირებ, ყელიანს წუღებსაც მოგიტან, - აიმედებდა მამიდა წიწმატას და თანაც მისძღვნა თხილ-კაკალი ჩირში არეული, ქადის კვერი; ყველა ამას წიწმატა ხარბადა ჰბღუჯავდა და ილაგებდა მადლობის გადაუხდელად, ხმის ამოუღებლად. გუდაც, საცა ერთი ხონა თხილი ეყარა, ძალით წაჰგლიჯა მამიდას და თავისთან მიითრია. მამიდა, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ცდილობდა რაც შეიძლებოდა მომეტებულად გაეხარებინა თავისი ძმისწული.

- დამჯეროზი, დამჯეროზი რას არა! მაგისაგან გაკვირვებულია მთელი ქვეყანა, - სთქვა მზექალამ: - ეგეც არამია მაგაზე, რაც ტანთ აცვია; უნდა ეგეც გაჰხადოს კაცმა და ტიტველა გაუშვას, იმის ღირსია.

- რას ამბობ, ქალო?!. იქნება მართლა? რა მიზეზს აძლევთ ჩემს ძმისწულს, ენაცვალოს მამიდა ვაჟკაცობაში! - და თანაც ხელი გადაუსო თინამ ძმისწულს თავზე.

- მართლა, მაშ ტყუილად?! - განაგრძობდა მზექალა. - ტანთ ეგ არ მაცმევინებს და ფეხთა, პირს ეგ არ დაიბანს, არი და მსუნაგია: თუნდ არა ჰშიოდეს, ძალად იხახებს, იტენს პირს საჭმლითა. თუ ორივე ყბა არ გამოიტენა, ცალის ყბით ვერა სჭამა; ყველაფერი ბევრი მინდაო და საიდან მოვუტანო ის ბევრი? არა და მაგის შიშით კარებს ვეღარ გავცილებივარ, საქმეზე ვეღარ წავსულვარ: ისეთს ღრიალს ასტეხს, მთელს ქვეყანას ფეხზე დააყენებს; დამედევნება: „ვაჰმე, დედავ, ვაჰმე, დედაო! აღარ მოხვალო, აღარაო!“ ვეფიცები - იჯე შინ, ეხლავ დავბრუნდებიო, და არა სჯერა.

ამ ლაპარაკის დროს წიწმატა ჩირით პირს იტენდა და თანაც ზარნაშოსავით თვალებს ატორღიალებდა.

- უჰ, უჰ, ვაჰმე, ეგ ვერ კაი საქმე! - წარმოსთქვა თინამ. - ბერდიხა არცადა ყოფილა აქა? ხევსური ბერდიხა, ქალო, ბალღებს რო ჰკრეფს?

- ჰო, ჰო, გაგონილი მაქვ, - შეუმოწმა მზექალამ, რაკი მიუხვდა, რა განზრახვითაც გაიხსენა ბერდიხას ამბავი.

- შენს მტერს, თუ ის აქ საითმე ჩამოჩერჩეტდა. ხუმრობა საქმე არ არი, ბალღი არ წააყვანინოთ, გააფრთხილეთ, არ იტიროს, თორო, თუ ტირილში მოასწრო, არ გაუშვებს, უეჭველად წაიყვანს, იმასთან ძალი არ გამოდგება და ხვეწნა-მუდარითაც კაცი ვერაფერს გახდება, ჩაჰსომს გუდაში, მოაკრავს პირსა, წამოიკიდებს ზურგზე და ჰერი ბიჭო!

წიწმატა გულმოდგინედ უგდებდა ყურს მამიდას და, რა თქმა უნდა, ეს ახალი ამბავი არ ესიამოვნა.

- უიმე, უიმე! - სთქვა მზექალამ: - აბა, ბიჭო, რო გეუბნები, ნუ იტირებო, ხო გესმის, რას ამბობს შენი მამიდა? აღარ იტირო, აღარ იტირო, დედაშვილობას, თორო, თუ ბერდიხა წაგიყვანს, მეც თავს მოვიკლავ და დედა აღარ გეყოლება. განა არა, მეზობლებიც ამბობდენ: ერთი რამ ხევსური დადის დიდი, აყლაყუდა, ხან ვის სახლის კედელთან აიტუზება, ხან ვისთანაო, ის დამეხილი, ის იქნება: ბალღის ტირილი საითმე გავიგონოვო.

- ახლა უნდა ჰნახო, ქალო, - განაგრძობდა თინა, - რამსიდიდო ბარდღლიანი ხბოს გუდა ჰკიდია! როგორც კი ბალღის ტირილს გაიგონებს, მაშინვე იქ დაიბადება, უკრძალავად შევა სახში, დაავლებს ბალღს ხელსა და უკრავს თავს გუდაში იმავ წამსა. ახლა როგორ უხარიან მაშინა!.. მემრე უნდა იცოდე, რა საელდოა: - თავადაც ბარდღლიანი, გუდაც ბარდღლიანი, ქუდიც ბარდღლიან-ბანჯგვლიანი, ტანზე ჯიხვის ტყავი მჭვარტლიანი, ხელში შუბი გძელტარიანი, ფეხები ჯღანიანი, წვერ-ულვაში ჯაგრიანი, ტანი - აბჯარ-აბგრიანი, წელი - ყაწიმის ქამრიანი, თითბრით მორთულ ხმალიანი, პირისახე - როგორც ცა ავდრიანი. როცა ბალღის წასაყვანად მივა, ერთი ამას დაიძახებს (აჯავრებს): „ვინ ხართ? სად ხართ? ვინ ტირის მაგაჩი? დაიცათ, დამაცადეთ, აქ მე ვორ ბალღების მოსწავლეი!“ (ვითომ მასწავლებელიო). - ერთს ამას იტყვის და მერე თავად იცის, მთელი ქვეყანა რო თავზე დაეცას, ბალღს ხელიდან ვეღარავინ გააგდებინებს.

- უიმე! და-და-და-დაიი! ჩემი მტერი ჩავარდეს იმის ხელში! - და თან ღრმად ამოიოხრა, თუმცა გული-გულში ძალიან გაუხარდა, რადგან მამიდამ თავის ძმისწულს ძალიან მოხერხებული საფრთხობელა დაუყენა, ვინაიდგან წიწმატას საზოგადოდ ხევსურებისა ეშინოდა მას შემდეგ, რაც იმ ორი თვის წინათ, ხატში სალოცავად რომ მიდიოდენ, გზაზე ხევსურების ჩხუბი ნახა თავის თვალით. იმათ ხმლების პრიალს რა დაავიწყებდა?..

- დიდი საკვირველია - სთქვა კვალად თინამ, - თუ ის ამაღამ აქ არ მოეხეტა. ჭალაზე ერთად შემოვიარეთ. უკან მომეწია, ორი თუ სამი ბალღიც ეჯდა გუდაში. შამბრალდენ საწყლები: გუდაში გოჭებივით ჭუჭყუნებდენ, ეტირნებოდათ, მაგრამ, აბა როგორ იტირებდენ ბერდიხაის შიშითა: - „ბალღებო, ხმა წაჰკარითო, თორო მე ვიცი თქვენიო!“ - უშტიალებდა. მე ვკითხე: - ჩემო ბერდიხავ, არ თუ გებრალებიან ე ბალღები, რადა სდგები მაგათ ცოდვაშიო? კიდეც შევეხვეწე: - მოდი, ეგ ხელობა გაუშვი და სხვა რამ ხელობა დაიჭირეო. ბალღებზე ჰოო, ახია, მაგრამ საწყალმა დედ-მამამ რაღა ქნას, თავის შვილი გველსაც კი უყვარსო. „რას ამბობ, ხო არ შეიშალეო?“ ისეთი შამამიტივა, შიშით კინაღამ გავქრი - ღმერთი არ გაუწყრეს და მეც გუდაში არ მიკრას თავიო, ქალო, ვიფიქრე; იმას რა გაუჭირდება ან რა გაუკვირდება? და აი რა მითხრა ბოლოსა: „შენს ძმას ბერიძესთანაც მინდარის შემოვლაი, უნდა ვნახო, როგორ-რა ბალღ გაეზდება, ი წიწმატას რო ეძახიანო. თუ კვლავ მტირალ არაა, ხო რა კაი, თუ არა და, მე გითხრა შენ, იმასაც ის დაემართების, რაც დამიმართებავ სხვისად. შამახედნე ე გუდას, მამიავ, ე გუდაჩი ამოვაყოფიებ თავრიელასაო“. ბაიაანთანამდე ერთად შამოვიარეთ; სახს რო დაუსასწორდით, მაშინ შადგა ერთბაშად, დაუგდო ყური, ბაიაანთით ბალღის ტირილის ხმა გაიგონა, ძალიან გაუხარდა: - „ოჰო, დაილოც, ღმერთო, რო სანადირო არ დამელევისო!“ - სთქვა და გასწია; არ გაუშვებდა ბაიაანთ ბალღსაც, გუდაში ჩასვამდა. დავმეხე იმის თავ-ლაშნი, დევივით ხელნი, გაფშლეკილნი წვერნი, ჭია-ცეცხლსავით (ციცინათელა) თვალნი.

ბერდიხას მოვლინებამ დიდი ძალა გამოიჩინა და დიდად ჩააფიქრა წიწმატა. მართლაც რომ ბერდიხას ჩაუვარდეს ხელში, მაშინ ხომ დედას აღარავინ აჩვენებს თვალითა?! ოჰ, რა უბედურება იქნება! ვინ იცის, ბერდიხა რაღა სატანჯელში ჩააგდებს? ეს მწარე ფიქრები მიმოჰქროდა ბავშვის გაუფურჩნავ გულ-გონებაში.

- აი დალახტოს წმინდამ გიორგიმა!.. ვიცნობ, ვიცნობ, მინახავ მე ის ძაღლი, - შეამოწმა მზექალამ: - ამ ზაფხულ ლაშარს რო მივდიოდით, ზარის ჭალას გაჰხდიყო ხევსურებს. ის იქნებოდა, ორი-სამი კაცი დაეჭრა, კიდევაც ხმალს იტრიალებდა და თანაც იმუქრებოდა.

- ის იქნებოდა, შენი ჭირიმე! ავ-ბერდიხას ეძახიან, - დაუდასტურა რძალს მულმა: - ამაღამ აქ მოუსვლელი არ დადგება და განა ვერ იცნობ?

- ნეტავი კი არ მოვიდეს! - სთქვა კვალად მზექალამ.

- მობრძანდეს, რას წაიღებს? - უპასუხა თინამ: - თუ კი არ ვიტირებთ, რას ჩამოგვრჩება?

- ჰოო, თუ არ იტირებს შენი ძმისწული, დიაღაც, მაშინ რას დაგვაკლებს, მაგრამ ვინ არი ამის თავდები? ვიცით, რო არ იტირებს? მაშინ რაღა ვქნათ, რო წიწმატამ ღრიალი დაიწყოს თავისებურად და ამ დროს იმ ძაღმაც მოასწროს, საქმე მაშინ არი და! - სთქვა მზექალამ.

- არ ვიტირებთ, არა, ტყუილად იმედი აქვ ბერდიხასა, განა, შვილო?! - მიუბრუნდა და შაეკითხა თინა თავის ძმისწულს. წიწმატამ ხმა არ გასცა, მხოლოდ ამოიოხრა და დედას დაუწყო ჩურჩულით ლაპარაკი.

- რაო? რა გინდა? - დაეკითხა შვილს დედა.

- „მეჯინება“ - სთქვა წიწმატამ მიკნავებულის ხმით და თანაც ამ თქმას ერთი ღრმა ოხვრაც ამოაყოლა. ქალებმა ერთმანეთს გადაჰხედეს და ჩუმად ჩაიცინეს.

- გეძინება? ძალიან კარგი და პატიოსანი. ადრევე იტყოდი, შე კაი კაცო, დაგიგებ ლოგინს და დაიძინე. ნეტავი მუდამაც ეგრე სჩადიოდე.

მზექალამ იქვე ტახტზე გაუშალა შუაზე მოკეცილი თეთრი ნაბადი, მუთაქის მსგავსად მოკუნჭულ ფლასზე გაჭუჭყიანებული ჩითის საპირიანი ბალიში დაუდო და მიაწვინა წიწმატა. საბნის მაგივრად ჭრელი ფარდაგი დაჰხურა. წიწმატამ, რა თქმა უნდა, მამიდას მოტანილი საჩუქრები ლოგინში ჩაიყოლა და გვერდით შემოიწყო. ჩვეულებრივ, დედასაც მიჰპატიჟა დასაძინებლად.

- აი, ქალო, ეს ბიჭი რას ამბობს, არ მოგდის? - სთქვა მზექალამ.

- რასა? ვერ გავიგონე, ვერა, - მიუგო თინამ.

- მოდი და შენც გვერდით მომიწექიო, - განუმეორა მზექალამ.

- ვაჰმე, ეგ აღარა სთქვას, საცაა ბერდიხა მოვა, იმას ძალიან ეჯავრება, თუ ბალღი თავისთავად არ იძინებს. განა მარტო ტირილისათვის მიუდის ბერდიხას ბალღები? არა. ის სხვადასხვა საქმესაც ძეულობს, დაიძინე, შვილო, დაიძინე! ჩვენ საძილედ არა გვცალიან, ბერდიხა რო მოვა, ფხიზლად უნდა დავუხვდეთ, კარგად გავუმასპინძლდეთ, გული მოვულბოთ, მოვიმადლიეროთ.

წიწმატას ბარემ ეწადა თავისებურად გაჟინიანებულიყო, მაგრამ რა გაეწყობოდა, დრო და გარემოება საბრალოს ხელს არ უწყობდა. სიწყნარე და ძილი არჩია, ეზარებოდა ბერდიხას თვალით დანახვა. უნდოდა ისე მისულიყო და წასულიყო, ვერც კი გაეგო, წიწმატა მართლა არსებობდა სადმე თუ არა. ბერდიხას სიკვდილსაც კი ნატრობდა. ნეტავი იმის მამა თოფს ესროდეს იმ წყეულ-შეჩვენებულს ბერდიხას. რად უშლის დედასთან ყოფნას, თუ ის კაი ადამიანია? ნუთუ დედასთან ყოფნა განუშორებლად დანაშაულია?! თუკი დედა უყვარს, რა ქნას, მაშ, საწყალმა წიწმატამ, რომ არ გაეტიროს, უკან არ გამოუდგეს, როცა დედასთან ყოფნით ვერა ძღება? ნეტავი მოერეოდეს მაინც, რომ კაი-კაი ჯოხები უთუთქოს და ისე გაისტუმროს.

ალბად დედა და მამიდაც ჰღალატობენ წიწმატას, თორო, თუ მოინდომებდენ, კარებზედაც არ გაატარებდენ! აააჰ, ნეტავი მოერეოდეს, რომ კარგად სცემოს ბერდიხასა და, რაც გუდაში ბალღები ჰყავ დამწყვდეული, ისინიც გაანთავისუფლოს! მამიდა არ სტყუის: ერთხელ ხომ თავის თვალითაცა ნახა ის ბოროტი ადამიანი, ხატში რომ იყვნენ სალოცავად. არ იყო კაი კაცი, ხმალ-ხანჯარს ატრიალებდა და რამდენსამე კაცს სისხლი დაადინა თავპირიდან, დაკეჭნა. ცხოვლად აგონდება ბერდიხას მიერ სამუქაროდ წარმოთქმული სიტყვები: „ერთს არ გაგიტევთ ცოცხალს, მე ბერდიხას მეძახიანო!“

წიწმატა ამ ფიქრებში იყო გართული, რომ ჩაეძინა. პატარამ ორივე თავის პატარა ხელები გულზე დაიწყო. მძინარე რომ გენახათ, მის ფიქრს ძილის დროს ასე აჰხსნიდით: „ეჰ, შენს ხელთა ვარ, ღმერთო, უძლური ვარ, არ შემიძლიან თავისთავის დაცვა, შენ იცი და შენმა სამართალმა, როგორც მომივლი და მიპატრონებო“!

დაეძინა წიწმატას და აი რა სიზმარი ნახა: ჰხედავს სიზმარში, რომ დედა ლოგინიდან სადღაც გაჰპარვია; ჩვეულებრივად გაიფიქრა - აღარ მოვა, ეგ არი - წავიდა, სამუდამოდ დამანება თავიო; წამოხტა თავგადაგლეჯილი და გაიქცა, გარბის, უნდა დედა იპოვნოს, სად მიდის, უნდა იმასთან ერთად იაროს. დიდება შენს სახელს, უფალო, რომ წადილი აუსრულე: დედა დაინახა წყალგაღმა თავქვე მიდიოდა, ზურგზე გუდა ეკიდა, უეჭველია, წისქვილში მიდის, საფქვავი მიაქვს.

- დედავ, დედაო! დაიცადე, სად მიხვალ, სადა, ქალო?! - უძახის გამოღმიდამ, დედა ყურს არ უგდებს, მიდის თავგადაგლეჯილი, მიეშურება, როგორ გულცივობს? ნუთუ გული აიყარა თავის საყვარელ შვილზე? „ვაჰმე, ვაჰმე, რაღა ვქნა, რაღა მეშველება?!“ - იძახის შვილი და გარბის, არ ერიდება არც ქვას, არც ხეს, არც წყალსა, იქცევა, მაგრამ ისევა დგება ფეხზე და მიიწევს დედისკე, რომ დაეწიოს. მიაღწია ხიდის ყურამდე, ის-ის არი უნდა შედგეს და, აი, უბედურება: მუხლთ ეკვეთება, ხმა ჩაუწყდა. ხიდის ყურიდან გამოჩნდა საშინელი ადამიანი, ბანჯგვლიანის ქუდით, ხელში შუბით, ზურგზე გუდით და მიაშურა. ოჰ რა დროს გამოჩნდა ის ფეხმოსატეხი და! ის იყო, უნდა მოსწეოდა დედას, იმასთან ერთად იქნებოდა და, დახეთ, რა დროს გამოტყვრა უბედურება?!

- სა მიხვალ, სა, ვოჟაო?! დედას მე მოგცემ შენ, რაღაც წიწმატაი ხარ, ჭკვას მე გასჭავლებ. მინდოდი და შაგხვდი კიდეც, ღვთისა ძალითა! - შემოუძახა იმ საზარელმა ადამიანმა. „ნუ შემჭამ, ჩემო ბირდიხავ, დედა მინდა!.. შენი კვნესამე, ჩემო ბერდიხავ, აგერ დედა მიდის, აღარ მომივა, მინდა იმასთან ვიყო, აღარ ვიტირებ, აღარ!“ - ლუღლუღებდა წიწმატა. ბერდიხა კი, საშინელი ბერდიხა თავისას არ იშლიდა, ბალღის ხვეწნამ გული ვერ მოულბო.

მოხსნა გუდას პირი და წავიდა წიწმატასკენ, წიწმატა გულაღმა გადაგორებული ხელებს ჰფარჩხავს, ფეხებს იქნევს. ტირის, თან ეხვეწება ბერდიხას: „ნუ… ნუ… ნუ… ჩემო ბერდიხავ! ვაჰმე, ვაჰმე! აბა, რაღა ვქნა?! მიშველე, დედავ, სადა ხარ, დედავ, სადა?!“ - ყვირის საცოდავი წიწმატა, ხოლო ბერდიხას შავი, გრძელი ბანჯგვლიანი ხელები უახლოვდება ბავშვს შესაპყრობად, ის არი - უნდა დაბღუჯოს პატარა არსება… სიზმარი გათავდა…

წიწმატა ელდანაკრავივით წამოიჭრა ზეზე. დაიყვირა საშინლად. პირველი მისი სიტყვა იყო - დედა!

თავზარდაცემული ქალებიც წამოცვივდნენ ფეხზე და შემოეხვივნენ წიწმატას საწოლს.

- ღმერთო და ფშავის ხევის სალოცავებო! დასწერეთ ჯვარი, აშორეთ ყოველი მავნე! - ამბობდა მამიდა თინა.

- ნუ გეშინიან, აქა ვარ, შენი ჭირიმე, აქა, - მიუალერსა დედამ.

- რა გინდა, თავს შემოგევლე, წერა მოგხადე, აქ აღარ არი, წავიდა, გაიქცა ის დამეხილი ბერდიხა. - ანუგეშა მამიდამ.

კატამაც კი იგრძნო ეს უსიამოვნო ამბავი, ისიც თავის აფშეკილის კუდით ჩაერია კრებაში, უვლიდა გარს თავის მეგობარს და თან გაფხორილს კუდს უსვამდა პირისახეზე, თითქოს ცდილობდა მოეყვანა ბავშვი გონს და ენუგეშებინა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ