ქალაქიდან სტეფანწმინდაში მივდიოდით. ჩვენი ფორდი საკმაოდ შეხნიერებული და მრავლის მნახველი გახლდათ. ასეთი მანქანით მგზავრობას ახლა არავინ ისურვებს, არც იკადრებს. ის რომ ქუჩაში გაატარო, ყველა დამცინავი ღიმილით გაგაყოლებს თვალს.
ხუთნი ვიყავით, მანქანის პატრონი ვახტანგი, მისი მეუღლე ნინო, მე და ჩემი სიყრმის მეგობარი ელენე, ხოლო ქალიშვილს, რომელსაც პირველად ვხედავდი, თამარს ეძახდნენ.
ქალის სილამაზე რომ უჩვენონ, მომთხრობნი ხშირად სხვადასხვა შედარებას იშველიებენ: გაიხსენებენ ბუდეშურ თვალებს, ბროლის კბილებს, მერცხლის ფრთის მაგვარ წარბებს, სახის ვარდისფერობას და ვინ იცის, კიდევ რას. ყველა ეს მეტაფორა, რი თქმა უნდა, არაფრის მთქმელი ბუტაფორიაა მხოლოდ. ჩემი თანამგზავრი მასდილოსნები არ ყოფილან მოკლებული აღმოსავლეთში დიდად საქებური ამ სამკაულებს, მაგრამ მთავარი მათი მომხიბვლელობა უფრო ის იყო, რომ ახალგაზრდები, ჭკვიანები და ხალისით სავსენი იყვნენ.
ჩვენი ვარაუდი, რომ სტეფანწმინდის მზის ჩასვლამდე მივაღწევდით, ვარაუდად დარჩა. ჯერ იმ ბენზინიანი კალიას სისწრაფე თქვი, მერე ოღრო-ჩოღროები გზატკეცილზე და ბოლოს, მანქანების უკურნებელი სენი - საბურავები, რიგრიგობით რომ იჩუტებოდნენ.
ფორდი ღია იყო და მზე გვაცხუნებდა, ანანურს რომ გავცილდით, ჩრდილიანს თავი შევაფარეთ და შევისვენეთ. ჩვენი ქალები წინდახედული დიასახლისებიც აღმოჩნდნენ, - სამივეს საუზმე წამოელო, მოლზე გაზეთები დაფინეს, სანოვაგე გადმოალაგეს და სერობას შევუდექით. დედაკაცი, თუ მას მირონი სცხია, არაგვის პირზე, ხელუბლებელი ბუნების ამ შუაგულში კი არა, უდაბნოსაც ედემად მოგაჩვენებს და უცბადვე ინტიმსა და გულითადობას დაამყარებს. ახლაც ასე იყო რამდენიმე წუთი და სხვა რაიმე არა მინატრია რა, ოღონდ კი მათთან აქ ყოფნა დაუსრულებელი ყოფილიყო.
სხვაზე უფრო მაინც თამარი გამომერჩეოდა. იქნებ ეს ჩემი მოკრძალებული ხასიათის მიზეზია, თავს შებოჭილად ვგრძნობდი მის წინაშე. ერთი-ორჯერ სულ უბრალო რაღაც მკითხა, ერთი-ორჯერ თითქოს შეფარვით შემომხედა და, ესეც საკმარისი იყო, მოვეხიბლე, რატომ ასე უეცრად? აბა რა ვიცი, რატომ! იმ დალოცვილს, გამოხედვაც რომ უჩვეულო ჰქონდა! ის რომ გარემოს თვალს მიმოავლებდა, ასე მეგონა, უალერსებდა ცას, ტყიან გორაკებს და დაუდევარ არაგვსაც ამშვიდებდა. ისიც მეჩვენებოდა, თითქოს კიდევაც ფრთხილობდა, არ გაენელებინა თავისი მომხიბვლელობის ფარული ძალა. ამით კი უფრო მეტად მიზიდავდა და მინდოდა მეყვირა მისთვის: „რა გააჭირვე საქმე, დალახვროს ეშმაკმა, რას დამალულხარ მაგ უჩინმაჩინში, გამოაჩინე მთელი შენი ჯადო, ძალა და სილამაზე",
- ვაგვიანებთ, დავიძრათ! - წამოგვშალა ვახტანგმა.
მლეთიდან აღმართი დაიწყო და ჩვენმა ოჩანმა ფორდმა ოხვრა-ხვნეშას უმატა. სხვა მისმა სენმაც იჩინა თავი, წამდაუწუმ დულდა წყალი მოტორში, მაგრამ ამ გასაჭირსაც ადეილად ვძლევდით, - ხშირად გვხვდებოდა ნაკადულები.
ასე ზოზინით მივიწევდით წინ და უდარდელნი, არც ვამჩნევდით, დაბლობს მწუხრი როგორ ეფინებოდა, მალე მაღლობებზედაც ჩაქრა მზის შუქი, დაბინდდა და მთებიც მიიმალნენ. ჯვრის უღელტეხილს რომ ვუახლოვდებოდით, საჭირო გახდა ფარების ჩართვა. ბნელში ვეღარაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ ღამის სიღრმეში აყუდებული შავი სილუეტები მომაგონებდნენ ხოლმე, რომ ირგვლივ კლდეები იყო.
ჩემმა თანამგზავრებმა, აქამდე ხალისიანებმა, მოიწყინეს და დადუმდნენ. იქნებ გზა მობეზრდათ ან იქნებ იმავე მიზეზის გამო, რამაც მეც დამადუმა. გონებით აუხსნელმა, ახირებულმა რაღაც მოლოდინმა გამაყუჩა და შემიპყრო, - თითქოს ვიღაც უნდა მოვიდესო, ვიღაც უცნაური უნდა ვნახოო...
თვალი შეეჩვია წყვდიადს, თუ სხვა რამ იყო, შენიშნა, რომ გატყდა ღამე და მოელანდე შვიდ ძმად შერქმეული შვიდი მთა, მათი ძირი ჯერ ისევ ბნელში იყო დაფარული, ოდნავ ვარჩევდი მხოლოდ ზედა ტანს და ისე მეჩვენებოდა, თითქოს შვიდივე მაღლა ეთერში ბოინობდა.
ამ საოცარი სანახაობით გართული ვიყავი, როცა უეცრად ცაში აიჭრა თეთრი სხივების მთელი კონა, წაშალა ვარსკვლავები და, მალე ერთი მწვერვალის ზურგიდან მთვარემაც ამოიხედა. გაბრწყინებული, ზვიადი, ნელინელ ამაღლდა და შეჩერდა სადღაც იქ, დიდ სიმაღლეში. ამ წუთიდან აღარაფერი გავდა მზის სინათლეზე ნანახს, გაღვიძებულიყო სხვა სიცოცხლე, ის იდუმალი და იქნებ ნამდვილი, როგორიც მხოლოდ მთვარიანში იწყება.
მანქანის მოძრაობას აღარ ვგრძნობდი. ისიც მავიწყდებოდა, რომ ჩემ გვერდით სხვებიც ისხდნენ, მოურიდებლად ეტრიალებდი და თვალებს ვაცეცებდი, დაუნახავი არაფერი დამრჩენოდა.
აღმართში მინდორი დაგვხვდა და იმასაც მთვარის შუქი ეფინა. იქვე გზა გადაგვისერა ნაკადულმა. მისი ვიწრო კალაპოტი მოვერცხლილ ბილიკად მიიკლაკნებოდა და წყალი თეთრად თრთოდა პატარა ჭორომებზე. საით ეჭირა გზა? საით მიიჩქაროდა?
- რა ღამეა - მომესმა თამარის ჩუმი ამოძახილი,
მანქანაში ყოფნის თავი აღარ მქონდა, გადავხტი და მინდორზე გავიჭერი, მივრბოდი, ნაკადულის დინებას მივყვებოდი და ვიღაცას ხმამაღლა ვეძახდი. იქნებ იმ შორეულმა წინაპარმა გაიღვიძა ჩემში, ვისაც მთვარე ღეთაებად მიაჩნდა და მისი ხმით იყო რომ შევძახოდი ახლა...
მინდვრის ბოლოში ფრიალოს წავადექი აქ თავდებოდა კალაპოტიც და ნაკადული, ზევიდან გადაღვრილი, ვერცხლის სვეტად დაკიდებულიყო უფსკრულის სიცარიელეში. იქ, ქვევით, კაიშაურის ველი იყო გაშლილი, განათებული სივრცე ბზინავდა, ლაღანებდა და თითქოს შისი გუგუნიც, მისი ცოცხალი ხმაც გავიგონე... იქნებ ეს ცხენოსანი მოხევეები იყვნენ, თემის დღეობაში სალხინოდ მიეშურებოდნენ, ან, იქნებ პატარძალს მიაცილებდნენ და მიიმღეროდნენ. მაგრამ განა მარტო მაყრიონი, მთელი გარემო გალობდა იმ ხმაზე, უთვალავ საუკუნეების მანძილზე რომ ესმოდა ქაურობას.
ჩემსკენ თამარი მორბოდა.
რა ამბავია თქვენს თავზე?! - შეშფოთებული მომვარდა, - აქ უფსკრულია, გაეცალეთ!
ფრთხილად გადადგა ნაბიჯი, გადაიხედა, თითქოს სიღრმეს ამოწმებსო, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, აღარც გარყეულა. იდგა და გადაჰყურებდა მთვარით დაფერილ კაიშაურს.
- ღმერთო ჩემო, ეს ალბათ სიზმარია - აგერ როდის წასჩურჩულა.
ამ წუთიდან ჩვენ ერთი ჯადოთი ვიყავით შეკრული, ერთი გული გვიცემდა. მინდოდა მადლობა მეთქვა, რომ მოვიდა და ჩემო ბედნიერება გაიზიარა. ამ წუთში მე ისიც მჯეროდა, რომ ოცნებით მუდამ ველოდებოდი მას. მინდოდა ესეც მეთქვა და ამის ნაცვლად, ავტირდი უეცრად. იტყვით, რომ ვამეტებ? უბრალო სანტიმენტალობაა და სხვა არაფერი? ვისაც დიდი ბედნიერება არ განუცდია, ცხადია, ასე იტყვის, ვისაც დიდი ბედნიერება არ ღირსებია, მე ის მსაჯულად ნუ დამიდგება.
მანქანიდან გეეძახდნენ და ხელს გვიქნევდნენ.
- შევხვდეთ ხვალ ერთმანეთს. დილით, ჰო, ხიდთან... - ესღა შევძელი მეთქვა.
ნინო და ვახტანგი ცბიერი ღიმილით შეგვეგებნენ. ელენემ ჭკუის დამრიგებლური რაღაც მითხრა, აქედან მხოლოდ ბოლო მახსოვს:
- შენ რომ გიჟი ხარ, ეს ჩემთვის ძველი ამბავია, ოღონდ თამარი რამ გადარია, ვერ გამიგია. რაც იყო, იყო, - ახლა ამის დრო არა, ხვალ გაგჯორავთ ორივეს!
ისევ აძუნძულდა ჩვენი მანქანა. სადღაც ბუ გაჰკიოდა. ჩვენ წინ ლაპლაპებებდა ცაში აფრენილი მყინვარწვერი. შორიდან ყრუდ ისმოდა თერგის ბუხუნი.
მაინც სიჩუმე იყო. სიჩუმე, მთვარით დაფერილი გარემო და თამარი.
* * * * * * *
რა მოხდა მეორე დღეს? იქნებ არ ღირდეს გასახსენებლად. ღამე ცუდად მეძინა. სულ თვალწინ მედგა მთვარიანში გავლილი გზა და ეს მოგონებები მაფორიაქებდა. მაინც დროზე ავდექი დილით და მივედი იქ, სადაც თამარი უნდა მოსულიყო. თერგის ნაპირზე მოვიკალათე და, მოლოდინში დროის გასათრევად, ბრტყელ კენჭებს ვაგროვებდი.
უღონო მზიანი იყო. მყინვარის კალთებზე ახლად აშლილი ნისლი დაღოღავდა. ხიდიდან ბაკუნი მომესმა. დაუნაგრებული ლაფშა ახალგაზრდა მოხევე ქალს მიჰყავდა, მეორე ცხენზე კი მამაკაცი იჯდა, რომელსაც ცალ მხარზე ყისინი მოეგდო, ეტყობოდა, რომ კოხტაობდა. გამარჯვებაო, გადმომძახა და რაღაც გაიხუმრა, ქალმა ხმიანად გაიცინა, ხელი დამიქნია და ცხენი სიონისკენ მიმავალ შარაზე დააყენა.
თამარი იგვიანებდა. იქნებ არც აპირებდა მოსვლას. ნეტავი მართლაც ასე ყოფილიყო, მერე მადლობასაც ვეტყოდი. მოთენთილი ვიყავი, უგუნებოდაც, საზაფხულო თეთრი ხალათი მეცვა და უცაბედად რომ დავხედე, დამტვერიანებული მეჩვენა. ამან კიდევ უფრო ჩამიშხამა გუნება.
ის იყო წასვლას ვაპირებდი, თამარი გამოჩნდა. ჩუმად ჩამოჯდა ჩემს გვერდით. გაუბედავად, თითქოს დარცხვენილადაც შემომხედა ერთხელ, მეტი აღარ. ჩემი დაგროვილი კენჭები კალთაში ჩაიყარა და ხელი დარია.
არა, ეს ის თამარი აღარ იყო, ვინც წუხელ მთვარიანში ისევ უცნობი და შორეული.
ვისხედითი მდინარის პირას და ვდუმდით. სხვა ადგილზე რატომ გიჟდება თერგი, ეს მისი საქმეა, იქ კი არც რბოდა, არც ღრიალებდა და არც რომელიმე კლდეს ბანი უთქვამს მისთვის, ტალახით დამძიმებული, დუნედ მიედინებოდა და გული მწყდებოდა ასე მოთვინიერებულს რომ ვუყურებდი.
არ ვიცოდი, თურმე ზოგჯერ დაზანტება სცოდნია დროს. ახლა ისე გულისგამწვალებლად მიჩანჩალებდა, ისე გრძელი და დაუსრულებელი იყო ყოველი წეთი, რომ ვეღარ გავუძელი და ჩავიდუდუნე:
- ჩვენი მეგობრები, ალბათ, გველოდებიან...
- ჰო, გელოდებიან... - მაშინვე ადგა თამარი და გზას დავადექით. მენიშნა, რომ იმასაც გულზე მოეშვა.
ყველაფერი ეს დიდი ხნის წინანდელი ამბავია და მაინც აქამდე შემრჩა ოცნებაც და სევდაც კაიშაურის ღამეზე და მთვარით განათებულ იმ თამარზე.
არა, ბევრიც, რომ ვძებნო, ვეღარსად ენახო, კაიშაურის თამარიო.
* * * * * * *
ამ პატარა ამბავის პირველ ვარიანტს სხვანაირი დასაწყისი ჰქონდა. მოკლედ გავიხსენებ შინაარსს:
...ჩემი ძველი ნაცნობი ნოდარ მა... აძე იმ საღამოს მესტუმრა, როცა რადიომ მთვარეზე დაფრენის ცნობა გადმოსცა. შემოვიდა თუ არა, კარებიდანვე მომახალა ეკლესიასტეში თქმული „რომელმან შეიძინა მეცნიერება. შეიძინა ლმობა“. ეიცოდი, პარადოქსების მოყვარული ობროდი კაცი იყო და კიდევ ბევრ რაიმე უცნაურს მეტყოდა. ასეც მოხდა. ის გულწრფელად ნაღვლობდა, რომ ადამიანმა ფეხი დადგა მთვარეზე, სხვა პლანეტაზე რომ ასულიყო, თუნდაც ვენერაზე ან მარსზე, კიდევაც გავიხარებდიო, მთვარე კი ძალიან დამენანაო. უთვალავ საუკუნეთა მანძილზე ის ჩვენი კეთილი მეგობარი იყო და ფარულ ოცნებებს ვანდობდით, ხოლო შორეულ წარსულში ღვთაებადაც მიგვაჩნდა, ჰო, თავს ვიტყუებდით. მაგრამ ეს ტყუილი, ხომ, ჩვენივე სასიკეთოდ იყო გამოგონილი... დღეს ადამიანმა დაიმორჩილა მთვარე და რას მიაღწია ამით? მხოლოდ იმას, რომ საბოლოოდ გაანიავა ერთი ნათელი რომანტიკა, რომელიც უხსოვარ დროიდან თან დამყვებოდა და აკეთილშობილებდა ჩვენს ცხოვრებას.
დიდია ადამიანის გონების ძალა, მაგრამ, საკითხავია, ოდესმე შეძლებს ფარდა ახადოს სამყაროს ყველა საიდუმლოს? განა მე მხოლოდ მატერიალურის ნაწილაკი ვარ და არაფერი მაერთებს მარადიულ სიცოცხლესთან? ბოლოსდაბოლოს, განა საჭიროა ყველაფერი ვიცოდეთ? მოდი და ამის შემდეგ ნუ დაინანებ, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორეთ ჩვენი კეთილი მეზობელი, ჩამოვიშორეთ და დავკარგეთ კი არა, ამიერიდან. მისი შიშიც მაქეს...
სხვა ბევრი ამაზე ახირებულიც თქვა კიდევ და მერე ისიც მიამბო, თუ როგორ განიცადა ერთხელ თავის ახალგაზრდობაში მთვარის ძალა.
აი აქ თავდებოდა პირველი ვარიანტის შესავალი ნაწილი, მაგრამ როცა ხელნაწერი გადავიკითხე, ამგვარი დასაწყისი სრულიად ზედმეტად ჩავთვალე, მაშინვე წავშალე და დაეტოვე მხოლოდ იმ ობროდი კაცის ჭაბუკობისდროინდელი ერთი დღე-ღამის მოგონება.
შე მგონია. მართებულად მოვიქეც, რა თქმა უნდა, ასე სჯობდა.
















