მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 166 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სამშაბათს, დღისით ტელეფონის ნომრები ავკრიფე. მეგობარს ვურეკავდი დაწესებულებაში. მოულოდნელად კი ბავშვი შემეხმიანა. ისეთი ხმა შემაგება, მენიშნა, რომ ძალიან გაუხარდა ზარის გაგონება. ალბათ ნაცნობი ვინმე ვეგონე და იმიტომ. მაგრამ უცხო რომ აღმოვჩნდი, მაშინვე მოწყენა დაეტყო. ტელეფონის ყურმილის ჩამოკიდება რომ დავაპირე, მომესმა:

- ძია, ბოდიშს ვიხდი, რომელი საათია?

- სამს ათი წუთი აკლია.

- მეტი არა? მაშ ჯერ...

ისე თქვა, ამოოხვრას უფრო გავდა.

- რა იყო, აგრე რამ დაგაღონა? - აღარ შემეძლო არ შევკითხოდი.

- არა, არაფერი, - ახლაც დაღონებულად მიპასუხა და წუთიერი ყოყმანის შემდეგ დაუმატა: - მაშ დედიკო კიდევ სამ საათს ვერ მოვა..

- შორს არის წასული?

- ჰო, სამსახურში...

- შენ რაო, მარტო ხარ? ხომ არ გეშინია?

- არა, რისი შიში უნდა მქონდეს. ისე მშვიდად თქვა. შეჩვეული ვარ.

სიმართლეს გავდა.

- აი აგრე! - შევაქე და მაინც გავამხნევე. ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილხარ!

- ვაჟკაცი?! - მხიარულად გაიკვირვა. - მე გოგო ვარ!

- მერე რა, არ არიან ვაჟკაცი გოგონები? დარწმუნებული ვარ, შენს ტოლ ბიჭებს კუდით ქვას ასროლინებ!

მგონი ესიამოვნა. იცინის და მეკითხება:

- საიდან გაიგე, რომ აგეთი ვარ!

- მე ყველაფერი ვიცი! - დავიკვეხნე.

- ყველაფერი? მაშ ჩემი სახელიც გეცოდინება... აბა, მითხარი თუ იცი!

- შენი მშობლები დიდხანს იყვნენ რჩევა-რჩევაში რა დაერქმიათ: ნანა, თამრიკო, რუსუდანი, ირინე თუ ნათელა. მერე ეს სახელები სუფთა ქაღალდზე ჩამოსწერეს, თვალები დახუჭეს და რომელსაც თითი დაადეს, ის დაგანათლეს.

- სულ ტყუილია ყველაფერი! არც ერთი, არც ერთი! - გულიანად კისკისობს. - მე თვითონ გეტყვი, მაიკოს მეძახიან!

- ეგ ხომ, მეც ვიცი, ოღონდ განზრახ არ გითხარი, - თავი მინდა ვიმართლო.

- მე მეორე სახელიც მქვია, - თავმომწონე კილოთი მეუბნება. - მამიდა და ბაბუ დახატულას მეძახიან.

- ისე მეუბნები, თითქოს არ მცოდნოდეს, იხტიბარს არ ვიტეხ და რაც მთავარია, ბავშვი ისე გემრიელად ტიტინებს, არ მინდა მოვცილდე. ისიც გაგებული მაქვს, მალე ოთხი წელი შეგისრულდება.

- კიდევ შეცდი! - გახარებულია მაიკო, - ოთხის კი არა, ექვსი წლის ვარ!

- ექვსისაო?! - განზრახ გავიკვირვე, უიმე, რა მოხუცი ყოფილხარ!

- როგორ თუ მოხუცი?! - შეცბა მაიკო.

- როგორ და, დაჩაჩანაკებული, ბებრუხანა ბებია!

მაიკო იცინის და, აგერ როდის, დადინჯებულად ამბობს:

- არა, ჯერ ბებია არ ვარ, შვილი კი მყავს. მზექალა...

- მშვენიერია შენი მზექალა, მომხიბლავი გოგონაა! - გაბედულად ვეუბნები. - ძალიან უხდება ნარინჯისფერი კულულები. არ სცივა, ზამთარში და ზაფხულში სულ ვარდისფერი კაბა რომ აცვია?

- არ სცივა! - პასუხს თამამად მაძლევს პატარა დედა.

- ეგ კარგია, მისგან შესანიშნავი სპორტსმენი დადგება. ოღონდ ის არ მომწონს, რომ ბევრი ძილი უყვარს. როგორც კი ზურგზე დააწვენ, მაშინვე თვალებს ხუჭავს.

- ჰო, აგრე იცის, მაგრამ... - თითქოს ნაწყენია მაიკო, რომ მის მზექალას რაღაც ნაკლი გამოვუძებნე.

- აი გუშინაც ეძინა, ქუჩაში რომ მიგყავდა.

- ეჰეი! ეჰეი! ისევ ტყუილი! - აღტაცებული გასძახის მაიკო. გუშინ მზექალა ავად მყავდა და მთელი დღე სიცხეს ვუზომავდი!

- რა ვიცი, შენ კი ძალიან გგავდა ის გოგონა. შენი დაიკო ხომ არ იყო.

- ჩემ მშობლებს მე ერთი ვყავარ, - სერიოზული ტონით ამბობს მაიკო. - დედიკომ მითხრა, მეტი იმიტომ არ მყავს, რომ ამ ერთ ოთახში ჩვენც ვერ დავტეულვართო. მე კი ძალია მინდა ერთი დაიკო და ერთი ძმა მყავდეს. მაშინ აღარ მოვიწყენდი.

ექვსი წლის გოგონა და მოწყენა! ამის გაგონებაზე, ცოტა არ იყოს შევკრთი.

- აბა, რა დროს შენი მოწყენაა, რატომ ამხანაგებს არ მოიყვან? გაერთობი მათთან და...

- როგორ შემოვიდეს ამხანაგი, კარები ხომ დაკეტილია!

- როგორ და, უბრალოდ! გაუღებ და შემოვა!

- გასაღები მე არ მაქვს. დედიკოს ეშინია, რომ ქუჩაში გავალ და მანქანა დამეჯახება. ჩვენი კარის გასაღებს მეზობელთან სტოვებს. თეთრთმიანი ქალი რომ არის, აი მასთან. შუადღისას ის ყოველთვის შემოდის ჩემთან, მასაუზმებს და წავა. გასაღები თან მიაქვს. ამისათვის ჩემი მამა ფულს აძლევს.

- ალბათ ძალიან ცელქი ხარ და იმიტომ არ გენდობა. ეზოში ვერ დაეტევი?

- ეზოშიო?! სადა აქვს ჩვენ სახლს ეზო! ორივე მხრით ქუჩაა.

- მაშ მთელ დღეს ოთახში ატარებ?

- აბა რა ვქნა? ჩემი მამა მეტყვის ხოლმე, პატარა პატიმარი ხარ, შეეჩვიე მარტოობასო.

ბავშვის ამგვარი მორჩილება და ბედთან შერიგება უკვე საშინელებად მეჩვენებოდა, ვნანობდი, რომ საუბარი გავაბი, მაგრამ ამის ძალა აღარ მყოფნიდა, რომ ტელეფონი გამომეთიშა. ვუსმენდი გოგონას გულუბრყვილო ლაპარაკს და ანგარიშმიუცემლად ვამბობდი დროდადრო:

- ვერ გამიგია, მარტო როგორ გტოვებენ!

რამდენიმეჯერ ვთქვი და უეცრად მაიკოს უდარდელი სიცილი გავიგონე:

- მაშ რა ქნან. ოი, რომ იცოდე რა სასაცილო არიან დედიკო და ჩემი მამა დილით, როცა სამსახურში მიდიან! ფუსფუსებენ, ხან რას ეძებენ ხან რას, ეძებენ და ვერ ნახულობენ სათვალეს, მამიკოს სათვალეს. ის კი აგერ დევს მაგიდაზე... ოხ, რა სასაცილო არიან! გადაყლაპავენ ლუკმას, რაღაცას მეტყვიან და, ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნება: აბა შენ იცი ჭკვიანად იყავი! მეტყვის და გარბის. ო, რა სასაცილო არიან!

- და შემდეგ მარტო რჩები?!

- მერე რა! უსაქმოდ არც მე ვარ. მზექალას თავს ვუვარცხნი, და თუ მომბეზრდა, სარკეს მივუჯდები და ჩემს თავს ველაპარაკები.

- რაზე ესაუბრები, რა გაქვს შენს თავთან სალაპარაკო?! - ვეკითხები გაოცებული.

- ეხ, ბევრი რამ... - მოწიფული ადამიანივით ამბობს მაიკო - ათას რამეზე! რაც ენაზე მომადგება... აი, თუნდაც ძია აჩიკოზე. ის ყოველ შაბათს საღამოს დადის ჩვენთან და მამაჩემს ჭადრაკს ეთამაშება. ჭადრაკი ორივეს ძალიან უყვარს. გვიანობამდე ზიან, თამბაქოს ეწევიან და თამაშობენ. ხანდახან ოთახი ისე გაივსება ბოლით, რომ აღარც თვითონ სჩანან. მე და დედიკო დროს სამზარეულოში ვზივართ. დედა ყოველთვის სწუხს, იქ სულს როგორ ითქვამენო.

- მაიკო, გოგონა, სულ ეგაა შენი გართობა?

- არა, რატომ... კვირაობით, თუ დროა, დედას ქალაქში დავყავარ. თოჯინებიც ბევრჯერ მინახავს. აი, მოლაპარაკე თოჯინები. მერე კიდევ მეგობრებიც მყვანან. ძალიან ხშირად ტელეფონით ველაპარაკებით ერთმანეთს, ხანდახან კიდევაც ვმღერით.

- გიყვარს ტელეფონით ლაპარაკი?

- ძალიან!

- მაშ მე ხშირად დაგირეკავ ამიერიდან. ვისაუბროთ, კიდევაც ვიმღეროთ ხოლმე. აბა, მითხარი შენი ტელეფონის ნომერი!

მაიკო დინჯად, საქმიანი კილოთი მეუბნება ნომერს და მაიძულებს გავიმეორო. ამოწმებს, სწორად ჩავიწერე, თუ არა.

დავპირდი, მაგრამ მეორე, ღღეს ვერ დავურეკე. ვერც მესამე დღეს, ქალაქიდან წასვლა მომიხდა მთელი კვირით და მხოლოდ მეორე სამშაბათს მოვიკითხე.

- ალო! მესმის! - მაშინვე ვიცანი მისი წკრიალა ხმა.

არ ვიცი რატომ, ჭაღარა კაცმა უხერხულობა ვიგრძენი ბავშვის წინაშე. ასე მეგონა, რაღაც დანაშაული მიმიძღოდა, რომ აქამდე მისი ამბავი არ ვიცოდი. გულზე მომეშვა მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მხიარული ხმით შემომძახა:

- სად დაიკარგე ძია? მე კი ამ საღამოს მივდივარ! სოფელში ბებოსთან მივდივარ მატარებლით! იქ მთელი თვე დავრჩები!

- მარტო მიდიხარ?

ასე ალბათ იმიტომ ვკითხე, რომ შე- ჩვეული ვიყავი ფიქრს ბავშვის მარტოობაზე.

- არა, დედასთან ერთად, მთელი თვე!

გულწრფელად გამეხარდა. ოღონდ, უნდა გამოვტყდე, სადღაც გულის სიღრმეში მაინც სინანულმა გამკრა, რომ მაიკო შორს მიდიოდა.

რატომღაც მომინდა რჩევა მიმეცა როგორ გაეტარებინა ის ერთი თვე და რა ენახა სოფლად. მაიკომ ორიოდე წუთი მოთმინებით მისმინა და უეცრად მითხრა:

- ძია, იცი რა... შენს წინაშე ბოდიშს ვიხდი, ლაპარაკის დრო არ მაქვს... დედიკოს ვეხმარები. ჩვენ ახლა ბევრი საქმე გვაქვს. სოფლიდან რომ დავბრუნდები, მაშინ დამირეკე. შევთანხმდით?

- შევთანხმდით! - გამეცინა გულიანად.

გუშინ გაემგზავრა მაიკო. მარტო ვარ ჩემ ოთახში და მაიკოს სიხარული მაგონდება. ახლა ის ბებიას სოფელშია. გუშინ საღამოს ჩაიყვანა მატარებელმა. სადგურიდან ავტობუსით ავიდნენ. ბნელში გავლილი გზა არც თუ მიმზიდველი იყო და ძალიან დაიქანცა სოფელში რომ მიიყვანეს. ბებოს ძალიან გაუხარდა და სულ იხუტებდა. იმდენჯერ ჩაიხუტა, რომ ბოლოს მაიკოს მის მკერდზე მიხუტებულს ჩაეძინა. ისე ღრმად ჩაეძინა, არ გაუგია როგორ გახადეს, როგორ დააწვინეს... თვალი რომ გაახილა, ფანჯარაში მზე იხედებოდა. მზე ისეთი ნათელი და მხიარული იყო, აქამდე ჯერ არ უნახავს. ქალაქში ის სხვანაირია, აქ თითქოს უფრო ხალისიანია და ახალგაზრდა.

დედა და ბებო ერთხანს არ ჩანდნენ. როგორც კი შემოვიდნენ, ჩააცვეს და ეზოში გასვლის ნება დართეს. დედა შიშობდა, ბავშვი შეუჩვეველია სოფლის ჰაერს და ვაი თუ დაგრილოსო. თბილად ჩააცვეს და კარი გაუღეს. დინჯად, ფრთხილად გავიდა მაიკო ეზოში. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მოკრძალებულად, თითქოს შიშნარევადაც, გაკვირვებით მიმოიხედა, გაიარა მოლზე და უეცრად ზოგი რამ ისეთი დაინახა, რაც დასურათებულ ზღაპრის წიგნში ეხატა. ყვავილიდან ყვავილზე ფუტკარი დაფრინავდა, მერე იმავე ყვავილზე ჭრელფრთიანი პეპელა ჯდებოდა და თავის მოხატულ ფრთებს ხან დაკეცავდა, ხან გაშლიდა. ეზო მწვანე ბალახით იყო დაფარული და ასევე მწვანე იყო გორაკის ფერდობი, რომელიც ეზოს ბოლოში იწყებოდა. გორაკის ზევით კი ცა, უკიდეგანო ლურჯი სივრცე. ცა ქალაქსაც დასცქერის, მაგრამ იქ სხვანაირია, თითქოს ფერმკრთალი და ჭუჭყიანიც.

იგრძნო, რომ თბილად იყო ჩაცმული. წამიერად შეყოყმანდა, გაიძრო ჟაკეტი, პერანგზე ღილები შეიხსნა. პირველად იგრძნო, როგორ შეეხო ხორცს მზის სხივი. თბილი ყოფილიყო და თითქოს საამოდ ჩხვლეტდა კიდევაც. მზე იყო ყველგან და ყველაფერზე - მინდორზე, გორაკზე, დათამაშებდა ხის ტოტებზე.

უეცრად მამლის ყივილი მოესმა. სულ ახლოს, წყაროსთან ყორეზე შეფრინდა, დაიგრძელა კისერი და ისევ იყივლა. საოცარი იყო, მაგრამ ისე მოეჩვენა, რომ ეს ყივილი თითქოს მზის ხმა იყო. უეცრად მაიკომ მოიგლიჯა თავიდან ქუდი, გაიქცა, გადასერა ეზო. მერე უფრო შორს, იქით, სადაც ფერდობი იწყებოდა, საიდანაც ცის ლურჯი სივრცე იწყებოდა, იქ, საიდანაც მზე დაჰყიოდა სოფელს...

ღმერთო ჩემო, სად იყო ამ პატარა არსებაში ამდენი ძალა, ამდენი სიხარული, ასე დიდი სიყვარული ჯერ უნახავი მზისა და მიწისა!

წარმოვიდგინე ეს ყოველივე და გულში სითბო ჩადგა. გახარებული ვიყავი მაიკოს ამ სიხარულით. უფრო კი იმით, რომ ბავშვს ჯერ არ დაჰკარგოდა ბავშვობა.

წარმოვიდგინე და გამეღიმა: აგრე რამ ამამჩატა-მეთქი!

არა, ამით საყვედური არ მითქვამს ჩემი თავისთვის. ეგ კი არა, გადავწყვიტე: როცა ერთი თვის შემდეგ მაიკო ქალაქში დაბრუნდება, მივალ მასთან და, რა თქმა უნდა, საჩუქარს მივუტან. ოღონდ რა საჩუქარს? ჰე, გამიჩნდა ახლა საზრუნავი! საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, რომ გამოადგეს ბავშვს, რომელმაც გაიგო და იგემა თავისუფლება და ნამდვილი სიხარული. რა მივუტანო? ბურთი? არა, ბურთი არ ივარგებს. ბურთი სად უნდა გაისროლოს პატარამ? ჰო, ვერსად, ვერც ოთახში, ვერც ეზოში. იმიტომ, რომ ეზო ქალაქის სახლს არ გააჩნია. სახტუნაო? კარგია, მაგრამ სად? ამრიგად, ამ ორ ხალისიან სათამაშოზე ხელი უნდა ამეღო.

მაშ რა? ისევ თოჯინა, მკვდარი დედოფალა და ტელეფონი? არ ვიცი სხვა რა გამოვნახო... რაც იქნება, იქნეს, წავალ, ბატონო ჩემო, საბავშვო უნივერმაღაზიაში, შევათვალიერებ ყველაფერს, თუ რომელიმე მადლიან გამომგონებელს ისეთი სათამაშო გაუკეთებია, რომელიც ქალაქელ ბავშვს სამსახურს გაუწევს, ვიყიდი და საჩუქრად წავიღებ.

არა, არ ვჩქარობ მაიკოს ჩამოსვლას, რაც მეტხანს დარჩება სოფელში, მით უკეთესი მისთვის. მაშინ ის სავსებით დაიბრუნებს ბავშვობას!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ