თანდათან უახლოვდებოდი მთებს. გრილი სიოც მომბერდა ფერდოებიდან. ხეები ოდნავ ირხეოდა წელში, როგორც ლამაზი ქალი ცეკვის დროს. თეთრი ნაფლეთი ღრუბლები კი თავზედ ევლებოდა, იხლართებოდა შტოებში და ხვევდა ბურუსში. ციცაბო კლდეებზე ზანტად მიცოცავდა ნისლი და ნაპრალების სიცარიელეს ავსებდა… ბუნების სიკვდილის სურათი სევდას ბადებდა სულში…
ვიდექ და უყურებდი.
ჯერ კიდევ ჩანდა ხის შავი წვეროები, როგორც ყვავები თოვლით დაფენილ ველში… და გამოუცნობი სევდა ეპარებოდა სულს, ისეთივე მწუხარე, - როგორც ნისლით დაფენილ ხეთა დუმილი; ისეთივე ტკბილი, როგორც სიკვდილი.
ნისლი თანდათან ძირს ეშვებოდა… ხეების შავი მწვერვალები სრულიად დამალა…
მთელი მთა ნისლით დაბურულა. მხოლოდ თვალუწვდენი მწვერვალი დაეტოვებია შავ რგოლად, რომელზედაც მარტოდ იდგა ტანწერწეტი ნაძვი.
ვაცქერდებოდი და ვფიქრობდი… იდგა მარტო და ნამტირალი თვალით გადაყურებდა მის ქვეშ მიძინებულ მიდამოს… და მეჩვენებოდა, რომ საბრალო აწ ვერასდროს ვერ იგრძნობს სიხარულს და ბედნიერებას!
რა რიგად მოაგავდა მას იმ წუთში ადამიანის გრძნობა და ოცნება, რომელიც მასავით მარტო სდგას მომაკვდავ კაცობრიობის თავზე და ვერასოდეს ვერ გაუხარია, ვერასოდეს ვერ უგრძვნია ბედნიერება!
















