აფრიკის ბუნების თავისებურება მრავალ მოგზაურსა და მეცნიერს აქვს აღწერილი. ამასწინათ ერთი მათგანის წიგნი რომ გადავფურცლე, ჩემი ყურადღება იმ სტრიქონებმა მიიპყრო, სადაც უდაბნოს უცნაურობანია ნაამბობი:
"...როცა გატანჯულ ადამიანთა წინაშე უეცრად გამოჩნდება ოაზისის გამოსახულება, მეგზური თავს აქნევს არ დაუჯეროთო, მან იცის, რომ უახლოეს ოაზისამდე კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრის გზა დარჩა გავარვარებულ მზისქვეშ გასავლელი, ხოლო რასაც ახლა „საკუთარი თვალით" ხედავენ, მირაჟია და სხვა არაფერი... და მაინც, ზოგჯერ ისე მომხდა, რომ გამოცდილი მეგზურიც შემცდარა.
უდაბნოში მიმავალნი რომ საფრთხეს ააშორონ, სწავლულებმა შეაგროვეს ცნობა იმ ადგილების შესახებ, სადაც უფრო ხშირად წარმოიშვებიან მირაჟები. გამოირკვა. როშ საჰარაში ყოველწლიურად ას სამოცი ათასი მირაჟი მოჩანს. ტიმბუქტუში და გარდაში იშველიებენ საქარავნო რუკებს, რომელზედაც აღნიშნულია, თუ სახელდობრ სად „ჩანან“ ოაზისები, ჭები, პალმის წარაფები და მთების გრეხილი. საზუელის და ელ-ჯუფის ოლქებში მოხეტიალე მატყუარა მირაჟის გამოცნობა შედარებით ადვილია, - აქ ის თრთის, ფერს იცვლის და მალე ქრება. ერგ-ერ-რავის უდაბნოში კი მირაჟი მაცდუნებელი და საშიშია. ადამიანის თვალწინ აქ ისე გამოჩნდება ოაზისი, თითქოს იმ ადგილამდე რაღაც ერთი ან ორი კილომეტრი დარჩაო, სინამდვილეში კი შვიდასზე მეტია.
ათას ცხრაას ოთხ წელს ბორ-ულადან ოთხასი კილომეტრის დაშორებით მირაჟმა შეიწირა ქარავანი, რომელსაც უძღოდა გამოცდილი მეგზური ტუარეგი იუსუფი, სამოცი კაცი და ოთხმოცდაათი აქლემი სხვა მიმართულებით გაგიტყუა და ყველა დაიღუპა"...
ეს რომ წავიკითხე, აფრიკაში ეკვალოდ დაკარგული ანდრო არდიშვილი მომაგონდა.
უნებურად გაიფიქრებ: მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ ადამიანი თავიდანვე განისაზღვრავს ხოლმე საკუთარ ბედს და რომ მისი უკანასკნელი დღე სწორედ იმგვარად დასრულდება, როგორც თვითონვე განიმზადა.
ჯერ კიდევ ადრიან ახალგაზრდობაში წაკითხული მოთხრობების ზეგავლენით, ანდრო არდიშვილს რომანტიული წარმოდგენა შეექმნა აფრიკაზე. ეგზოტიკით გატაცებული, ხარბად ეწაფებოდა წიგნებს, სადაც ნაამბობი იყო სავნეში გარეული ცხოველების ნავარდი, მომთაბარე არაბთა ტომების და შავკა ნიანთა ყოფა-ცხოვრება და, ამ ამბებით მოჯადოებულს ბევრჯერ უოცნებია საკუთარი თვალით ენახა ის საკვირველი ქვეყანა, ყველაზე უფრო კი მის ჭაბუკურ ფიქრებს ხიბლავდა თავგადასავალი ისიკუმბასი, ზღაპრული ზანგი გოგონასი, ოცნებით მასთან ერთად ხეტიალობდა უდაბნოში, თუთიყუშები ყივილითი ახმაურებულ ტყეებში და მოშინაურებული ჯიქის თანხლებით სოფლიდან სოფელში დადიოდა.
წლები გავიდა, ყმაწვილობისდროინდელი გატაცება დაუცხრა, ბოლოს კიდევაც მიივიწყა, მაგრამ როცა ინსტიტუტი დაამთავრა და სამხრეთ ალჟირში გეოლოგიურ გამოკვლევების ჩასატარებლად წასვლა შესთავაზეს, ძველმა ჟინმა ისევ იჩინა თავი და უყოყმანოდ დათანხმდა გამგზავრებულიყო უცხოეთში.
- იქნებ იქ შენი ისიკუმბაც ნახო სადმე! - ხუმრობით ეუბნებოდნენ ანდროს მისი სიყრმის მეგობრები, რომლებსაც კარგად ახსოვდათ, ბავშვობის ასაკში როგორ ეტრფოდა ვიღაც მხატვრის ფანტაზიით შექმნილ იმ გულადი ზანგი გოგონას სურათს.
* * * * * * *
პირველი წერილით არდიშვილი იტყობინებოდა, რომ თანამემამულეთა რამდენიმე ოჯახმა, რომლებიც იქ დახვდა, ყოველგვარად შეუწყვეს ხელი, არ ეგრძნო მარტოობა და სამშობლოს სიშორე და რომ კარგად შეეგუა ახალ გარემოს.
მანამდე უცნობთ რომ მალე დაუმეგობრდა, სულაც არ გამკვირვებია. გულღიასა და ხალისიანს მას ხომ ურჯუკი ვინშე და ავგულაც კეთილი თვალით უყურებდა. ვიცოდი, ამ მხრივ არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ ის კი ვერ გავიგე, რატომ შეტრფოდა ფერადკანიანთა მარტივ ცხოერებას? რა იყო ეს, მისთვის ჩვეული უეცარი აფეთქება, თუ სხვა რაღაც, აქამდე გულში ჩამარხული და გაუმხელელი ვნებების გამეღავნება?
"...ჩემი გული, - იწერებოდა ის, სამუდამოდ მოინადირეს ამ საოცარი ქვეყნის მკვიდრებმა, რომლებიც წინათ, თქვენი არ იყოს, მეც ველურებად მიმაჩნდნენ. თურმე როგორ ეცდებოდი! გასულ თვეში მე შემთხვევით ვიმოგზაურე ერთ მოსაზღვრე რესპუბლიკაში და რამდენიმე დღე დავყავი შუაგულ ტყეში ჩაბუდებულ ზანგების სოფელში. აქაური ჭაბუკები ვაჟკაცური გარეგნობით გამოირჩევიან, ხოლო ქალწულები კიდევ უფრო მომხიბლავი არიან. ისინი ჩემი ახალგაზრდობის ოცნებას ისიკუმბას მაგონებენ... ჰო, უბრალო ცხოვრება აქვთ, შენ ალბათ კიდევაც შეიცოდებდი მათ, მე კი ვიტყოდი, რომ ნამდვილად ბედნიერები არიან და რომ ამ ბედნიერებას ანიჭებთ სწორედ ის მარტივი, ყოველგვარი პირობითობისაგან თავისუფალი გარემო. ისინი დაძმობილებული არიან ბუნებასთან და შენარჩუნებული აქვთ მრავალი საკვირველი თვისება, რომლებიც ჩვენ დიდი ხანია დავკარგეთ და ახლა რაღაც ზღაპრად მიგვაჩნია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი შეხარიან სიცოცხლეს და მათი ღმერთები აქვე, დედამიწაზე ბინადრობენ და ადამიანთა შორის ტრიალებენ..."
აქ გამოვტოეებ სტრიქონებს, სადაც ცდილობდა დაემტკიცებინა მარტივი ცხოვრების უპირატესობა და კეთილი გავლენა, გავიხსენებ მხოლოდ ბოლო აბზაცს:
„რამდენიშე თანამშრომელთან ერთად ხვალ საღამოს პირველად მივდივარ სამუშაოდ იმ უბანში, რომელიც შორს მდებარეობს უდაბნოში. წარმოიდგინე, რომ მაცვია გრძელი თეთრი ბურნური, თავი წაკრული მაქვს ჩალმით და არ შეგეხარბოს, ორკუზიან აქლემზე ეზივარ ყეენივით წამოჭიმული, ისეთი წინათგრძნობა მაქვს, აქ არაერთი საიდუმლო გაიშლება ჩემს წინაშე, ცოტა არ იყოს, აფორიაქებული ვარ ამის მოლოდინში. ღმერთმა ქნას, არ მიმტყუნოს ბედმა."
შემდეგი წერილიც თითქოს მხნე იყო, ოღონდ თუ ჩაუკვირდებოდი, ვეღარ იგრძნობდი უწინდელ ხალისიანობას, როგორღაც გაიფიქრებდი, რომ ეს კაცი მოურიდებლად, ძმა-ბიჭურად ექცევა ბედისწერას და გარდუვალის მოსვლას აჩქარებსო:
"...მაფრთხილებ, უდაბნოს ნუ გაუთამამდებიო. ნუ შიშობ, ჩემი მეგზური ტუპრეგ მუჰამედი გამოცდილი და დინჯი კაცია. კუშტი გამომეტყველება აქვს და სიტყვაძვირია, მაგრამ ერთგული და ყოველმხრივად საიმედო. არ გაიკვირვო, მალე იქნებ მეც დუმილის მოყვარული გავხდე. უდაბნო და გრძლად ლაპარაკი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. იქნებ ისიც გაუგებარი იქნეს, თუ ვიტყვი, რომ აქ სულიერად მდიდრდები და სავსებით შენს თავს ეკუთვნი. საკვირველია ისიც, რომ ზოგჯერ, როცა მარტო დარჩები ხოლმე, მარტოობას სულაც არ გრძნობ. მარტოობას უფრო ხშირად განიცდი დიდ ქალაქში, სადაც უამრავი ათასთან გვერდით ცხოვრობ... შენ, ალბათ, გგონია, რომ უდაბნო სიცარიელეს წარმოადგენს. არა, მას თავისი სასიცოცხლო ძალა და სიბრძნე გააჩნია. ყველაზე უფრო კი საჰარას. ის სრულიადაც არ არის ქაოსი, რომელიც თავისი დაღლილობისა და მოწყენილობის წუთებში უყურადღებოდ დატოვა ღმერთმა.
შორეულ დროში, ოდესღაც, მწვანეში ჩაფლულ ამ უკიდეგანო სივრცეზე ჰყვაოდნენ, ნეტარებდნენ და თავმომწონეობდნენ ძლევამოსილი სახელმწიფოები, მათ საიდუმლოს ახლა სილა ფარავს და თუ მახვილი სმენა გაქვს და ყურს დაუგდებ, გაიგონებ, რომ ყრუდ ოხრავს და ბორგავს იქ წარსული... საჰარას უცნაურ თვისებებზე და განსაკუთრებით მირაჟებზე, ამ დღეებში მოგწერ ვრცლად. ეს შეუდარებელი სანახაობაა, ადამიანის მომნუსხველი, მსგავსი სასწაულისა. მირაჟს სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ, იმ სამყაროში, რომელიც გინდა სინამდეილედ იქცეს და შენც სამუდამოდ მას შეუერთდე.
ის, რაც აქამდე ვნახე. მხოლოდ შემზადება იმისათვის, რასაც მომავალში მოველი. სულ იმის მონატრული ვარ, რომ ეს ბედნიერი წუთი მალე დადგეს. ჩემი ოცნებაა უფრო ღრმად შევიჭრა საჰარაში, იქ, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს და სადაც მირაჟიც ბევრად უფრო ფანტასტიურია. დე, ის ტყუილი და ცდუნება იყოს, მაგრამ მაინც ხომ შეუდარებლად უკეთესია სინამღვილეზე!..“
* * * * * * *
კიდევ რამდენიმე ძალიან მოკლე ბარათი მივიღე მისგან და ყველგან, თითქოს ბოდიშობსო, მპირდებოდა შემდეგი წერილი ვრცელი იქნებაო. მაგრამ მრავალი დღე გავიდა ამაო ლოდინში. ეგ კი არა, ჩემ ორ წერილზედაც არ მიპასუხა... მინდოდა როგორმე ამეხსნა და გამემართლებინა მისი უყურადღებობა და ხან ფოსტის ცუდ მუშაობას ვადანაშაულებდი, ხან კიდევ რას, მაგრამ იქნებ მართლა მოუცლელი იყო ან მოგზაურობდა სადმე და, აბა, სად იპოვიდა დროს მაგიდას მისჯდომოდა! თუ აგრეა მაშინ ისეთი განცდებით არის დარეტიანებული, აღარც ახსოვს შორს დატოვებული მახლობლებისა და მეგობრების არსებობა. ოღონდ, თუ მაინც თავი გადადო და ჩვენთვის მოიცალა, მაშინ ნახეთ, რა გვარის აღტაცებას არ მოიწერება ათასგვარი შთაბეჭდილებით დატვირთული ეს ახირებული კაცი!
თუმცა უნდა გავტყდე, - ეს ხოტბა უდაბნოსი და დიდების შარავანდედით შემოსვა მარტო ყოფისა, არ მაჯერებდნენ, რომ მათ გახარებული კაცის ხელი წერდა. პირიქით, მუდამ ეჭვი მქონდა, რომ ეს იყო სევდიანი ოცნება კაცისა, რომელსაც სხვა ცხოვრება ენატრება...
ასე გაგრძელდა მრავალი კვირა. იმედიანად ვიყავი, ანდროს არაფერი უჭირდა. ვინ არ იცის. - გასახარელი ამბავია, რომ ზოზინით მიდის და ძალზე იგვიანებს ხოლმე, თორემ სამწუხარო და საუბედურო ელვის სისწრაფით მიეახლება ადამიანს.
* * * * * * *
აგვისტოს დამდეგს, როგორც იქნა, შევისრულე ერთი ძველი ნატვრა, - დილა ადრიანად ქალაქგარეთ გავედი სახეტიალოდ. ბოლოკით ავიარე თაბორის კალთა, იქიდან უკაცრიელ შარას გავყევი და ბევრგან მინდვრებზედაც ვიარე. გასულ კვირაში ორი დღის ნაწვიმარს ყველგან კეთილი კვალი დაემჩნია. გვალვისაგან შემჭკნარ ბალახს ღონე მისცემოდა, გამართულიყო და ძველი სურნელებაც თითქოს გაცოცხლებულიყო ყვითლად შეტრუსულ მის პატარა ფოთლებზე. ბუჩქებთან ჩრდილოვანში ახლად ამოსული სამყურა ხარობდა, ჯერ ძალიან მწვანე და თოთო ბავშვივით უმანკო. მაღლობიდან შორს ჩანს ხევის სიგრძეზე წითლად ჩაბუდული დედაქალაქი. თაბორზე და იქ, ქვემოთ, ახლა სიჩუმეა, ჩემს გულში კი სიმშვიდე და სიყვარული ყველაფრისადმი, რასაც თვალი გაწვდება. ყოველთვის, როცა აქ ვიმყოფები, საკუთარ თავს სიტყვას ვაძლევ, რომ სულ მალე ისევ მიმოვივლი იქაურობას. დაპირებას კი ვიძლევი, მაგრამ, ცოდვა გატეხილი სჯობს, ეს უბრალო სურვილიც ოცნებად მრჩება.
დაბინდებისას ძალიან დაღლილი, მაგრამ ნამდვილად კარგ გუნებაზე დავბრუნდი შინ. არა, ამგვარი რამ პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წინათაც, როცა ბუნებაში თუნდაც რამდენიმე საათით განვმარტოვებულვარ, უმალვე დაამებულა ხოლმე ყველაფერი გულდასაწყვეტი და ისე მომჩვენებია, რომ არა არის რა სიცოცხლეზე უტკბესი და მადლიანი.
ჩემ ოთახში მაგიდაზე კონვერტი დამხვდა, როგორც კი დავინახე, მენიშნა, რომ ალჟირიდან იყო გამოგზავნილი, ოღონდ მისამართი ანდროს ხელით ნაწერს არ გავდა.
გამიკვირდა და რაღაც უსიამო ეჭვიც დამებადა, როგორღაც უნდობლად გავხსენი კონვერტი. წერილი ანდროს თანამშრომელს გამოეგზავნა. პირველივე სტრიქონიდან გავიგე ის, რისი შიში დიდიხანია მქონდა.
„სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ. თქვენი და ჩემი მეგობარი ანდრო არდიშვილი უდაბნოს მსხვერპლი გახდა. უფრო სწორად რომ ვთქვა, თავისი ჟინის. ალბათ გინდათ იცოდეთ როგორი იყო მისი უკანასკნელი დღე. ამის ერთადერთი მოწმეა მეგზური, ვინც უდაბნოს გზებზე მუდამ ახლდა. შევეცდები ზუსტად გადმოგცეთ მის მიერ ნაამბობი. ტუპრეგისათვის ჩვეული ენის ფერადოვნებასაც უცვლელად დაეტოვებ. აი, რა მომითხრო მან:
- "შუღამისას გამაღვიძა და მიბრძანა. ორი აქლემი შეკაზმეო, ჩემთვის და შენთვისო. სასწრაფო საქმეაო. მეც არ დავაყოვნე. კარგ გუნებაზე იყო და გზაში ხან რას გადმომძახებდა, ხან რას. ისიც მითხრა ერთხელ: დღეს იქნებ ისეთი რამ ვნახოთ, შენც დიდად გაიხარებო. ვიფიქრე, თავის სამუშაოზე მეუბნება მეთქი. ცა მოწმენდილი იყო, გრილოდა, ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი და იმედიანად ვიყავი, რომ სწორად გვეჭირა გეზი ბანაკისაკენ, რომლის ახლო ნავთობის ჭას ბურღავდნენ.
ბევრი გავიარეთ. ინათლა, როცა ქვიშიან ბორცვთან მივაღწიეთ. აქედან მარცხნივ უნდა წავსულიყავით. ეს კარგად იცოდა მან და მაინც მარჯვნივ მოხარა, მეგონა, შეცდა, მაშინვე ხმა დავაწიე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. ეგ კი არა, აქლემს ფეხი ააჩქარებინა და გადმომძახა, - მომყევიო!
მალე მზეც ამოვიდა და უმალვე სიცხე ჩამოწვა. ყოველი წუთით უფრო და უფრო გაუძლისი ხდებოდა ხვატი. შენ იცი, რა დაუნდობელია საჰარას მზე. ზევით ცა იყო მხურვალე, ფეხქვეშ კი სილა. სუნთქვა ჭირდა, ის კი ისევ შოლტავდა პირუტყვს და უდაბნოს სიღრმეში შეჰყავდა... მე მუჰამედი ვარ, აქ გაზრდილი კაცი, არც მხდალი, არც ჯაბანი ვინმე და, დამეჯერება თუ გეტყვი, რომ უდაბნო არავის აპატიებს, როცა მას გაუთამამდებიან. ჩემ თავსაც საფრთხეში ვაგდებდი, მაგრამ ხომ ვერ მივატოვებდი.
„და, აი, უეცრად ჩვენს წინ ოაზისი გაიშალა. ისე ახლო მოჩანდა, თითქოს იქამდე სულ მცირე მანძილი დარჩენილიყო. მრავალი ქარავანი მიტარებია უდაბნოში, რას არ შეესწრებივარ, რა არ მომჩვენებოა, მაგრამ ასეთი მაცდუნებელი არასდროს... მთელი დასალიერი ბალახიანი მწვანე ველით იყო მოხატული. ტყიანი გორაკის ძირში კი, დიდ მინდორზე, სადაც მრგვლად მოწნული ქოხმახები იდგა, გამოსულიყვნენ მამაკაცები, ქალები, ბავშვები, ხორუმში ჩაბმულიყვნენ. დაფდაფებს აგრიალებდნენ და საგალობელს ამბობდნენ, ნადირობიდან დაბრუნებული ახალგაზრდების დაგოვილ ნადირს ჩრდილში ახვავებდნენ და ამას იყო რომ შეხაროდა ხალხი.
ჭაბუკ მონადირეებისათვის გამარჯვების მისალოცად გამოემართა მინდვრის ყვავილებით მორთული რამდენიმე ზანგი გოგო. მათ მიუძღოდათ ყველასაგან უცბადვე გამოსარჩევი ქალიშვილი, რომელსაც გვერდით მორჩილად მიჰყვებოდა ჯიქის მსგავსი რაღაც ნადირი. ქალიშვილის ტანს გადაჰკრავდა ფერი მზისა, რომელიც საცაა უნდა ჩაიძიროს ზღვაში. ის იყო როგორც სიმღერა ჩანჩქერისა, ერთხელ რომ შორეულ მთებში გავიგონე.
- ისიკუმბა! - მთელი ხმით შეჰყვირა ჩემმა უფროსმა, - ისიკუმბა! არ ვიცი, რატომ ეძახდა ასე. ალბათ მის ნაცნობს გავდა.
- არ დაიჯერო, ეგ ყველაფერი მხოლოდ ზმანებაა უდაბნოსი! - გადავძახე და მოვუხმე გამომყოლოდა.
არა, მას აღარ ესმოდა ჩემი. ანთებული თვალებით გაჰყურებდა სივრცეს და ვგრძნობდი, აგერაც გასწევდა წინ. მაშინ მე გადავწყვიტე ძალა მეხმარა და იძულებული გამეხადა დამმორჩილებოდა. დავაჩოქე ჩემი აქლეში გადავხტი მიწაზე. გავიქეცი მისკენ, მაგრამ ვეღარსად დავინახე. აღარც მისი აქლემი ჩანდა. ისიც ვერ გავიგე, საით წასულიყო. ბარხანები ფარავდა მის გზას. ის თითქოს გადნაო უდაბნოში. ვხედავდი მხოლოდ მირაჟს, რომელიც თანდათან შორდებოდა დასალიერს. მინდორი, ქოხები, გორები, ადამიანები და მათთან ერთად ზანგის გოგო თავისი ერთგული ჯიქით, თანდათან ზევით მიიწევდნენ ეთერში. რამდენიმე ხანს კიდევ მიცურავდნენ ცის სიმაღლეში და ბოლოს, ისინიც გაქრნენ.
გულდასმით დაეზვერე იქაურობა. არ მინდოდა იმედი დამკარგოდა, მაგრამ ყოველივე ამაო იყო. მაშინ მე, მუჰამედმა, ვინც გაზარდა და გაჭაღარავა უდაბნომ, მწარედ დავწყევლე მთელი გარემო და გამოვბრუნდი. არა, მას ნუღარ ელოდებით, ის ვეღარ მოვა“.
„აი, თითქმის ყველაფერი, რაც მეგზურმა მიამბო. რა თქმა უნდა, მაინც ვეცადეთ მივშველებოდით ჩვენს კოლეგას, გამოცდილი კაცები გავგზავნეთ მის მოსაძებნად. ყოველივე ამაო იყო, ნაკვალევსაც ვერსად მიაგნეს"...
* * * * * * *
- საბრალო! - ამოვიოხრე ანდროზე დამწუხრებულმა, როცა წერილი ჩავიკითხე.
მაგრამ ეს იქნებ ის სიტყვა არაა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა თქმულიყო. იქნებ უფრო სწორი იქნებოდა უმალვე შევრიგებოდი იმ ამბავს, რომ ამგვარად დაასრულა მან თავისი დღე და წუთისოფელი... დარწმუნებული ვარ, ის ბედნიერი იყო იმ წუთებში და ისე მოკვდა, რომ თვალები გაბრწყინებული ჰქონდა. იქნებ ეს იყო ის მწვერვალი ბედნიერებისა, რომელსაც კი ოდესმე შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა.
















