მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1035 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კურთხეული ხარ მაღალო ღმერთო!

კურთხეულია შენგან შექმნილი ცა და ხმელეთი.

კურთხეულია შენგან შექმნილი დედა-შვილობის მადლი და სიყვარული, რომელიც აანთე კაცში.

აი ახლა, სწორედ სიყვარულის სიმი მეწევა ჩემი წარსულისაკენ და თვალნათლივ ვხედავ მზითა და მთვარით განათებულ გუდამაყრის ხეობას. დავრბივარ აყვავებულ მთის ფერდობზე, დავდევ პეპლებს, ვეპარები მაღალი იფნის ხეზე შემომჯდარ გუგულს, რომელიც ეს-ეს არის მოფრენილა უცხო ქვეყნიდან და მთელი ხმით გასძახის არე-მარეს:

- გუგუ! გუგუ! გუგუ!

მე მინდა მივეპარო იმ ხეს და სანამ გუგული ქვეყანას გასძახის, სამჯერ შემოვურბინო ძახილით ხის გარშემო:

- გუგულო, ღალა მოგპარე! გუგულო, ღალა მოგპარე! გუგულო, ღალა მოგპარე!

აი, თუ ამას მოვახერხებ, მაშინ ვიქნები ბიჭი. აივსება გუგულის ღალით და დოვლათით ჩვენი ღარიბი სახლი. ერბოც ბევრი გვექნება, ყველიც, ხორბლით ხომ გაივსება ერთ დღეში ჩვენი უზარმაზარი საპურე გოდრები და რაც მთავარია, დედა-ჩემის თვალებში აელვარებულ ღვთიურ შუქს დავინახავ.

- შენ გენაცვალოს შენი დედა, შენა, როგორ მოახერხე გუგულისათვის ღალის მოპარვა, ჩემო ყოჩაღო ბიჭო?! - გულში მიხუტებს დედაჩემი და თან დოვლათით ავსილ სახლ-კარს ათვალიერებს.

მეც მიხარია, მიხარია, რომ დედაჩემი გავახარე, მაგრამ ოცნებიდან ისევ გუგულის ძახილს გამოვყავარ და ახლა იქით გავრბივარ, საიდანაც ისევ ამაყად გასძახის გუდამაყარს გუგული:

- გუგუ! გუგუ! გუგუ!

ჰა, ჰა, სადაცაა უნდა მივეპარო იმ ხეს, სულ სამჯერ შემორბენა მჭირდება ხის გარშემო, მაგრამ გუგული ის ჩიტი არ არის, ჩემნაირებს ეგრე ადვილად მოაპარვინოს ღალა, მივალ თუ არა ხესთან, აფრინდება და მთის მეორე მხარეს გადაფრინდება. შემოსკუპდება რომელიმე მაღალი ხის კენწეროზე და იქედან გამომაჯავრებს:

- გუგუ! გუგუ! გუგუ!

ერთხელ ეტყობა შევეცოდე და მიმიშვა იმ ხის ძირში, რომლის კენწეროზეც იყო წამოსკუპებული.

ამიჩქროლდა გული.

ამიკანკალდა მუხლები.

ჩამივარდა ენა

და ვერც ხეს შემოვურბინე, სამჯერ ვინ იტყვის, ერთხელაც ვერ ვთქვი: გუგულო ღალა მოგპარე - მეთქი და სხვა რო ვეღარაფერი შევძელი, ჩავიჩოქე ხის ძირში, წამსკდა ცრემლები, ვეღარაფერს ვეღარა ვხედავ ჩემს გარშემო, აღარაფერი აღარ მესმის, აღარც გუგულის ხმა და აღარც მწყემსების სალამურისა. თვალებში ცრემლი ნისლივით მაქვს ჩამდგარი და ეს მიშლის სამყაროს სანახაობას.

უცებ ნიბლია ჩიტის ჭიკჭიკი ჩამესმა ყურში.

ერთხელ!

მეორედ!

ჩამეღვარა გულში და იქ ვიღაცამ სიხარულით წაიჩურჩულა:

- მოფრენილა! ესეც მოფრენილა!

ამ სიხარულის შეგრძნებამ თვალებში ჩაწოლილი ნისლი გადამიწმინდა, დავინახე ის პატარა გულყვითელა ჩიტი, რომელიც იქვე ახლოს ნაირფერად ამოჭიატებულ მთის ყვავილებში, ისეთ დავლურს უვლიდა, ახლა ვფიქრობ, ღმერთს მადლობას უხდიდა შინ მშვიდობით დაბრუნებისათვის.

ამასობაში გუგული სხვა მთაზე გადაფრენილიყო და გამომძახოდა:

- გუგუ! გუგუ! გუგუ!

- გუგულო, რამდენი წლისა ვარ? - გავძახე გუგულს. გუგულმა ყველას წლოვანება იცოდა გუდამაყარში და ნაწყენმა იმით, რომ წეღან ღალა ვერ მოვპარე, შურისძიება მოვინდომე: აბა თუ მართლა ყველაფრისმცოდნე, ყველაზე დიდი სიმდიდრის მქონე და მაგარი ბიჭია, მიპასუხოს რამდენი წლისა ვარ.

- გუგუ! გუგუ! გუგუ! გუგუ! გუგუ! გუ! - ბოლოში ხმა ჩაუწყდა.

- ეეე!!! მართლა ხუთისა ვარ და კიდევ თვეების. შემოდგომაზე სკოლაში წაყვანას მიპირებენ.

ღმერთო, როგორ არ მინდა სკოლაში წასვლა. მერე სხვებივით ჩანთას მომკიდებენ და ვინღა მარბენინებს ამ მთებზე. სადღა მექნება გუგულის დევნის დრო. არა და იქნებ, კიდევ როდისმე მივეპარო ხის კენწეროზე მჯდომარეს. ეს მთის ყვავილებში მოფრთხიალე ჩიტები ხომ ნამდვილი ღვთის მარგალიტები არიან. ამას იმ დროს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ჩემი პატარა გული გრძნობდა იდუმალად. ყურს ვუგდებდი იმათ ჟღურტულს და სოფლიდან დედაჩემის ძახილი მესმოდა.

- გოდერძი! გოდერძი შვილოო! მოდი ნუ დამღალე ყვირილით, ჭამე პური და მერე, ასემც გიქნია, ცხრა მთა გადაგივლია.

რა პური, რის პური, მთის ფერდობზე საჭმელს რა გამოლევს: ჩადუნა, კენკეშა, კიტრანა, მჟაუნა, ტიტა, ჭერთხალა, დიყი, დუცი, შუპყა, ხოზო, ალაგ-ალაგ მიწის თხილი და თუნდაც ახლადგამოშლილი წიფლის ფოთოლი, რომელსაც ზედ თაფლივით თხელი სიტკბო აქვს გადასმული და თუ გშია, ჭამე.

დალიე მერე კლდის შვერილებში მორაკრაკე ცივი წყარო, გაიგრილე გული და გაედევნე გუგულს.

სდიე, თორემ მალე სკოლაში წაგიყვანენ.

და აკი წამიყვანეს კიდევაც.

მთებსშორის ერთი ჩაჭედილი მინდორია. მინდორი ერთ მხარეს, შავ არაგვს ჩაუთხრია, დანარჩენ ნაწილზე დგას რამოდენიმე შენობა, ზემოთ ანრიმზე ფუძის ანგელოსის ეკლესია, კოლმეურნეობის კანტორა, კლუბ-სამკითხველო, ორსართულიანი სკოლა, რომლის ეზოს გადაღმაც გაურკვეველი მიმართულებით ხელგაშვერილი ლენინის ძეგლი დგას. ადრე ეს ძეგლი სტალინისა ყოფილა, მერე სტალინი რომ გადააგდეს, ძეგლი მკერდთან გადაუხერხიათ და ზედ ლენინი დაუდგამთ. შემდეგში ხშირად გადავდიოდით ძეგლთან და რაკი სავარჯიშო ტურნიკი არ გვქონდა ზედ ვეკიდებოდით რიგ-რიგობით. ერთხელ რამდენიმე ბიჭი ერთად ჩამოვეკიდეთ ლენინს იმ გაშვერილ ხელზე, გადახერხილმა და გადაბმულმა ადგილმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, სტალინზე დამყნილი ლენინის ზედა ნაწილი გადმოვარდა და თოვლში ჩაგვმარხა "მოტურნიკე" ფიზკულტურელები. გამოგვივარდა სკოლის დირექტორი, გვირტყა და გვირტყა თოვლში ჩაჭედილებს წიხლები:

- მამათქვენი ხო არა გგონიათ ხელზე რო ეკიდებით, წადით და მამათქვენს ჩამოეკიდეთ თუ "ტურნიკაობა" გინდათ.

- ბიძაჩვენი ხო არის პატივცემულო, როგორც ბიძას ისე დავეკიდეთ, - თავი მოისაწყლა უფრო ჩემს ქვემოთ თოვლში ჩაფლულმა თანაკლასელმა.

- ეხლავე ადექით, თორემ მე გაჩვენებთ, როგორ უნდა ბიძაზე დაკიდება! - უფრო გამწარდა დირექტორი.

ვცდილობთ, მაგრამ ვერ ვდგებით, ძალიან მძიმედ გვაწევს ზემოდან ლენინის ბიუსტი.

- ადექით!

- ვერ ვდგებით მასწ!

- ადექით მე თქვენ გელაპარაკებით!

- ისე არ აუდგათ მაგათ გვერდები, სანამ მაგათზე წამოწოლილ ლენინს არ ავაყენებთ, ეგენი ვერ ადგნენ, - მოიფიქრა ფიზკულტურის მასწავლებელმა და ხუთმა კაცმა ძლივს ააყენა ლენინი.

ეს ამბავი მოგვიანებით მოხდა, მაშინ უკვე მეოთხე კლასში ვიყავი და ჩემი დამღუპველი სიყვარულიც გადავიწყებული მქონდა.

სიყვარულის ცეცხლი კი პირველ კლასში წამეკიდა, გულიდან მომედო და ისეთ დღეში ჩამაგდო, ისე გამომაცალა ღონე, აქამდე თუ მთიდან-მთაზე შეუსვენებლივ დავდევდი გუგულს, ახლა ბებიაჩემს რომ ეთხოვა: არიქა, შვილო, საბუდარში ქათამმა კვერცხი დადო, მოიტანე, კატამ არ შეგვიჭამოსო, ძლივს მივლასლასებდი ქათმის საბუდრამდე.

შემილოცეს.

ნახშირი გადამაყლაპეს.

შავტარიანი დანა დამიდეს ბალიშის ქვეშ.

არაფერმა არ გაჭრა.

- რა დაგემართა ბალღო?! - მეკითხებოდა დედაჩემი და ისე ჰქონდა თვალებში ცრემლის ნისლი მოწოლილი, როგორც მე დამემართა მაშინ, გუგულს რომ ვერ წავართვი ღალა. შემეშინდა, ვაი, დედაჩემმაც ვერაფერი ვერ დაინახოს-მეთქი და შევძახე:

- დედა, მე ვარ, მე ვარ! (ვითომ იმ გულყვითელა ჩიტის როლი შევასრულე, მე რომ ჩამჭიკჭიკა და ხელახლა დამანახა ქვეყანა).

- შენ კი ხარ შვილო, მაგრამ ეგრე რატომ ხარ?

- იმიტომ, რომ არ უნდა მიგეყვანეთ სკოლაში.

- ყველა დადის სკოლაში და აბა, ეგრე ვინ გამხდარა. რომ არ მიგვეყვანე, არ შეიძლებოდა, წესია, კანონია ეგეთი.

- რომ გამოვიქეცი რატომღა მიმიყვანეთ უკან.

- აბა, უსწავლელი ხო არ დაგარჩენ შვილო - ამოიოხრა დედაჩემმა და დადუმდა.

მე მართლა რამდენჯერმე გამოვიქეცი სკოლიდან. პირველად პირველი გაკვეთილის მერე.

გუგულების და გულყვითელა ჩიტების მადევარს გამიჭირდა თითქმის მთელი საათით მერხზე ჯდომა. თანაც ხელები უკან დაგვაწყობინეს. თან ლაპარაკი არ შეიძლება, ფანჯარაში გახედვა არ შეიძლება.

უცებ წამოვხტი, ჩანთა არც გამხსენებია, გავვარდი გარეთ, გადავხტი ეზოს ყორეზე და სირბილით ავუყევი ჩემ საყვარელ მთას. იმდენი ვირბინე, სანამ მთის წვერზე არ დავიგულე თავი.

ვყვიროდი, და ვეღარ ვჩერდებოდი. ხმა რომ ჩამეხლიჩა მერეღა მივხვდი, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე თურმე გუგულივით ვყვიროდი:

- გუგუ! გუგუ! გუგუ! - ნეტავ რას ნიშნავს ეს ძახილი.

თავისუფლებას?

! ! ! ! !

მერე კიდევ რამდენჯერმე დამაბრუნეს სკოლაში და რამდენჯერმე ისევ შევძელი გაქცევა.

და ერთხელაც, როცა კლასიდან გასაქცევად გამოვვარდი, ელდანაკრავივით შევდექი ერთ ადგილზე - ჩვენი სკოლის ეზოში, მოლზე, არაამქვეყნიური არსება მოდიოდა. მოვიდა, ჩემს წინ გაჩერდა და მკითხა:

- კიდევ გარბიხარ?

მე ხმა ვერ ამოვიღე.

- აღარასოდეს აღარ გაიქცე, კარგი? - შუბლზე მაკოცა, სკოლის კიბეები აიარა და იმ კლასში შევიდა, სადაც მერვე კლასი იყო.

მე გაშეშებული ვიდექი.

ვერ მივხვდი, რა მემართებოდა. მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობდი, რომ გულში რაღაც ნაპერწკალმა გამკრა, ნელ-ნელა აენთო, გულ-ღვიძლში დამიარა. რაღაც დიდი სიხარული შემოიჭრა ჩემს არსებაში და ამ სიხარულმა გამაოგნა. იმდენად გამაოგნა, რომ მთისწვერიდან გუგულს თვითონ რომ დაეძახნა, ამოდი, ხეს სამჯერ შემოურბინე და იყვირე:

- გუგულო, ღალა მოგპარე!

- გუგულო, ღალა მოგპარე!

- გუგულო, ღალა მოგპარე!

ნუ გეშინია, მე არ გავფრინდები ხის კენწეროდანო.

ვერა, უკვე ვეღარ შევძლებდი ამას.

სკოლაში ყველაზე ადრე მე მივდიოდი, რომ სკოლის ეზოში შემოსული იმ საოცარი მერვეკლასელი გოგოსთვის შემეხედა. ისიც ჩამივლიდა, გაიღიმებდა და მეტყოდა:

- აი, ხომ ხედავ, რა კარგი ბიჭი გახდი, აღარ გარბიხარ სკოლიდან და მოსვლითაც ყველაზე ადრე მოდიხარ.

მე ეს გულს მიხარებდა, მაგრამ რაღაცა მადნობდა, ღონეს მაცლიდა.

დედაჩემი მასწავლებელს ეხვეწებოდა:

- თქვენი ჭირიმეთ, თანდათან დამელია ეს ბალღი, თუ შეიძლება ბევრ წიგნებს ნუ მისცემთ სატარებლად, თორემ სოფლისაკენ მომავალ აღმართზე, ისედაც ლასლასით მოდის და გული მიკვდება ზურგზე ამხელა ჩანთა რომ ჰკიდია.

როგორც იქნა, გამომტეხეს დიდმა ბიჭებმა.

- რა გჭირს, აღარ იტყვი?

- მომწონს.

- შენ გვერდით რომ გოგო ზის, ისა?

- არა.

- შენს უკან რომ ზის?

- არც ის.

- აბა მაშ რომელი?

- ჩემს კლასში არ სწავლობს.

- მეორეშია?

- არა, მერვეში.

- მერვეში? - ისეთი სიცილი ატეხეს ბიჭებმა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა.

- მოიცა, მოიცა, აბა გვითხარი, რა ჰქვია?

- სალომე.

- მერე? მაგიტო დაილიე ბებიაჩემის ნაწუწნ კანფეტივით?

- ბიჭო, უყვარს და რა ქნას?! - გამომექომაგა ჩემი სოფლელი ბიჭი.

- რა ქნას და უთხრას.

- ეტყვი?

- ვერა - ამოვიოხრე მე.

- მაშინ წერილი მისწერე.

- ბიჭო, ჯერ მარტო აი თითი და ათი თითი იცის, რა უნდა მისწეროს? - ისევ გამომექომაგა ჩემი თანასოფლელი ბიჭი.

- მაშინ მე დავუწერ, - ითავა ჩემი გადარჩენა იმ ბიჭმა და მეორე დღეს მართლა მომიტანა კონვერტში ჩადებული წერილი. კონვერტი, რა თქმა უნდა, საგულდაგულოდ იყო დაწებებული და გარედან ეწერა:

"მერვეკლასელ სალომეს

პირველკლასელი გოდერძისაგან".

- ამ წერილს იმ გზაზე დააგდებ, საიდანაც სალომე შემოდის - გამაფრთხილა ჩემმა მშველელმა (სკოლის ეზოს ორი მხრიდან ჰქონდა შემოსასვლელი, რადგან სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენ სკოლაში მოწაფეები. სალომეს გზა სხვა მხარეს იყო, ჩემი გზა მეორე მხარეს) - აიღებს სალომე ამ წერილს, გახსნის და მიხვდება, რომ გიყვარს, ამას არაფერი წინ არ დაუდგება. გეყვარებათ ორივეს ერთმანეთი და მაგას რა აჯობებს.

- მალე რომ წავა აქედან? - ვკითხე დაღონებულმა.

- სად წავა?

- დაამთავრებს რვა კლასს და წავა.

- ჰოო, - დაფიქრდა ის, - წავა, მაგრამ შეიძლება არც წავიდეს.

- როგორ?

- რომ გაიგებს ეგრე მაგრად გიყვარს, როგორც მაგ წერილში დაგიწერე, რა წაიყვანს უშენოდ აქედან. მიიღებს და მიიღებს ორიანებს, ჩარჩება და ჩარჩება მერვე კლასში სანამ შენ არ წამოეწევი, დაამთავრეთ მერე ერთად და მშვიდობის ქორწილამდე გზა გქონიათ! - ისე ლამაზად დამიხატა ჩემმა უსტართუხუცესმა ჩემი და სალომეს მომავალი, გახარებულმა ისეთ ადგილას დავდე სალომეს გასავლელ გზაზე ჩემი უსტარი, ამოვეფარე იქვე მდგარ არყის ხეს და ველი.

მეჩვენება, რომ არასოდეს არ ჰქონია არაგვს ასეთი ხმა. მოდის, ერთმანეთს ახლის ლოდებს და მეჩვენება, რომ ის ლოდები არაგვის ტალღებში კი არ ეხლებიან ერთიმეორეს, ჩემ გულში, ჩემ სულში ეხლებიან და მგონია, სადაცაა გამოინგრევა გულის ფიცარი.

სხვა მხრივ სიწყნარეა, გაკვეთილია დაწყებული და ამ დროს ჩიტიც ვერ გადაიფრენს სკოლის ეზოში.

და აი, გაიღო სამასწავლებლოს კარი, გამოვიდა იქიდან ქიმიის მასწავლებელი, რომელსაც ჩახტარას ეძახდნენ, ჩამოიარა ხის კიბე, წამოვიდა იმ გზით, სადაც სალომეს უნდა გამოევლო ჩემი აზრით, წერილთან შედგა, აიღო, გახსნა, წაიკითხა და უცებ იკივლა:

- ვაი! ვაი! ვაი და უი! - მარჯვენა ხელით წერილი ჰაერში ასწია და სამასწავლებლოსაკენ გაიქცა წივილითა და კოჭლობით.

მე შიშისაგან ისე გავფითრდი, არყის ხესამოფარებული იმავე ხის გაფითრებულ ყლორტს დავემსგავსე.

ათ წუთში ისეთი გუგუნი ატყდა სამასწავლებლოში, როგორც ფუტკრის სკაში, როცა იქ ყველაზე საგანგაშო რამ ხდება.

გამოცვივდნენ, შევარდნენ ჩემ კლასში, იქიდან სკოლის კუთხე კუნჭულებშიც დამიწყეს ძებნა, მაგრამ როგორც ჩანს, ისე ვგავდი არყის ხის ძირზე ამოსულ პატარა, მზისგან გადაცრეცილ ყლორტს, ვერ შემამჩნიეს.

იმ დროს სკოლებსშორის შეჯიბრი იმართებოდა სანიმუშო და წესიერი მოსწავლეების აღზრდაში, განათლების განყოფილებიდანაც ამოდიოდნენ შესამოწმებლად, გარდამავალი დროშებითაც აჯილდოვებდნენ იმ სკოლებს, სადაც მოსწავლეები მარტო "დიახ პატივცემულო მასწავლებელოს" ამბობდნენ და ხედავ ჩემმა სიყვარულმა რა ქნა, რა ტრაგედია დაატრიალა, სახელიც შეულახა სკოლას და დროშაც დააკარგვინა.

მერე არ იკითხავთ, რა ეწერა იმ წერილში?

როცა ჩახტარა ყველას გასაგონად კითხულობდა, ყურები მეწვოდა. ასეთი სიტყვები ჩემ ცხოვრებაში ჯერ არ მქონდა გაგონილი. დღემდე ვიცოდი, როგორ გალობდა გუგული, როგორ ჩხაოდა ჩხიკვი, როგორ ყრანტალებდა ყვავი, როგორ ჭიკჭიკებდა გულყვითელა ჩიტი, მაგრამ თუ ადამიანს ასეთი ბილწი სიტყვების თქმა შეეძლო, ვერ წარმომედგინა და ვეღარ გავუძელი სირცხვილის სიმწარეს, მოვიკრიბე ღონე, გადავევლე სკოლის ეზოს ყორეს და ისევ სირბილით ავუყევი ჩემს ერთადერთ გადამრჩენელ მთას.

იმ ღამეს, რა თქმა უნდა, სახლში არ მივსულვარ. რა თქმა უნდა, მესმოდა დედაჩემის განწირული ძახილი. რა თქმა უნდა, მაკრთობდა ჭოტის ჩხავილი...

დილით კი, ღვიის ბუჩქში ჩაძინებულს რომელიღაც ჩიტმა ჩამომჭიკჭიკა და რაღაც ისევ გამითბა გულში.

მერე, როცა დრომ ყველაფერს უწამლა და ვინ იცის მერამდენედ, სკოლაში დამაბრუნეს, ისევ ეზოში შემომეფეთა სალომე, მე ისევ გავქვავდი, ის მოვიდა, თავი ამაწევინა, მაკოცა და მითხრა:

- არასოდეს აღარ გაიქცე სკოლიდან, მე ვიცი, ვინც დაგიწერა ის წერილი. ის ვერასოდეს ვერ ეღირსება იმ სიყვარულს, რისი ღირსიც არ არის. შენ კი თვითონ გიპოვის შენი სიყვარული.

სალომემ კიბე აირბინა და კლასში შევიდა.

თითქოს მასთან ერთად აიარა კიბეზე ჩემმა პირველმა სიყვარულმა და სალომესთან ერთად მიიხურა კარი.

ამის მერე მეც ისე დავამთავრე ჩოხის რვაწლიანი სკოლა გოგოებს თვალებში არ ვუყურებდი, ვშიშობდი, ვაი თუ კიდევ ვინმე შემყვარებოდა, გოგოებს ხომ რაღაც ისეთი სხივი აქვთ თვალებში, ერთი თუ გულში შემოგიფრინდა, იქ რაღაცა ისეთს აანთებს, მთელ სხეულში ცეცხლს წაგიკიდებს, აგაბრიალებს...

თუმცა, კაცი თუ დაიწვება სიყვარულის ცეცხლმა დაწვას, თუნდა უიღბლო იყოს და თუნდა იღბლიანი.

ან ვინ მოიგონა უიღბლო სიყვარული?

სიყვარული სიყვარულია.

იგი რაღაცით გუგულის ძახილსაც ჰგავს გაზაფხულის დადგომის ჟამს. და როცა კი ამ ხმას გავიგონებ, აღარ ვეუბნები, გუგულო, ღალა მოგპარე-მეთქი. ყველაზე დიდი ღალა, სიყვარული ყოფილა ამ ქვეყანაზე. მე ჩემი სამყოფი ღალა გუგულმა უკვე გამომიგზავნა და ახლა სხვებისთვის ვთხოვ:

- გუგულო, ყველას გაუგზავნე შენი ღალა!

- გუგუ! გუგუ! გუგუ! - მპასუხობს გუგული.

ეს რას ნიშნავს?

ეს ჩემი და გუგულის ენაზე იმას ნიშნავს, რომ - კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელსაც უხვად გააჩნია ყველასათვის სიყვარული.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ