ერთი უბნის მოკლე მატიანე
ოდესღაც ამ ფერდობს გვიმრალი რქმეოდა, საბალახოდ გაშვებული ადგილი ყოფილა. სამი მხრით ტყე ერტყა, აღმოსავლეთით, გორაკის თავზე წამომდგარი ეკლესიის ქვემოთ დიდი სოფელი იყო გაშლილი.
ახლა გვიმრალს აბესაძეების უბანს უწოდებენ.
პირველად აქ ლაზარე დასახლებულა. ლაზარეს ხუთი ვაჟი ჰყოლია: იაკო, თედორე, პაპუნა, ალმასხანი და შოშიტა.
ოჯახი ცხოვრობდა ისლით დახურულ ქვიტკირის გრძელ სახლში, სადაც ზამთრობით პირუტყვსაც შემოიხიზნებდნენ ხოლმე.
როცა დრომ მოაწია, უფროსი ბიჭები დაქორწინებულან და თვითეულს, ქალიშვილების გარდა, ვაჟიც შესძენია: იაკოს - იროდიონი, თედორეს - ეზეკია, პაპუნას - ივანე, ალმასხანს - სპირიდონი. ბოლოს უმცროსმა შოშიტამ მოიყვანა ქალი და მომრავლებულ გვარეულობას კიდევ ორი ბიჭი შეეძინა: შალვა და როსტომი.
პაპა ლაზარემ იმდენხანს იცოცხლა რომ შვილები კინაღამ სიბერეში დაეწივნენ, ხოლო შვილიშვილები მოწიფულობაში შევიდნენ. ბევრი გასაჭირის გადამტანი, მოხუცობაში მშვიდად ცხოვრობდა და მშვიდადვე მიიცვალა: წინკართან რომ საჩრდილობელი ბჟოლის ხის ძირში გათლილი ქვა იდო, იქ ჩამომჯდარს სამუდამოდ ჩაეძინა.
მალე ეს დიდი ოჯახიც დაირღვა. ძმები გაიყარნენ და ცალკე გავიდნენ. მამისეული სახლი წესისამებრ, უმცროს შოშიტას დარჩა. უფროსებმა ახალი ოდები აიშენეს, ეზოები შემორაგვეს და თავთავისათვის ვაზი ჩაყარეს... გვიმრალზე, სადაც წინათ ლაზარე ესახლა, ოთხი ახალი კერა გაღვივდა.
ასე იყო და ასე გაჩნდა აბესაძეების უბანი.
წლები გავიდა. ლაზარეს შვილიშვილებმაც იქორწინეს და მათაც ვაჟები შეემატათ: იროდიონს - აბესალომი, ეზეკიას - სანდრო, ივანეს - იასონი. სპირიდონს - დავითი, შალვას - ლასია, როსტომს - გრიგოლი და ლაზარე.
ცისკრიდან სამხრობამდე, დარში თუ ავდარში, მამაკაცები ყანაში და ვენახში მუშაობენ. ხუთი სახლის სახურავიდან კერიის კვამლი ბოლავს, ქალები მინ საქმიანობენ, პატარებს კი სადმე ეზოში თავი მოუყრიათ, კენჭობიათი ერთობიან ან სათამაშო ურიკელას აკოპიტებენ. მზე აცხუნებს, გარემო სიჩუმეში მხოლოდ ჭრიჭინების საგალობელი ისმის, მესერზე მიბმული ხბო თუ დაიბღავლებს ხოლმე, ან ღობეზე შემხტარი მამალი იყივლებს.
გამოცოცხლდება უბანი საღამო ხანს, როცა მამაკაცები ყანიდან დაბრუნდებიან. ეზოებს მათი ხმა აღვიძებს, დედაკაცები ოჯახის პატრონებს თავს დასტრიალებენ და პატარებსაც საზრუნავი უჩნდებათ - ცივი წყლის მოსატანად წყაროსაკენ მიტყაპუნობენ. მიდიან, მიიჩქარიან თამაშით, ყვირილით. თენგულებს ავსებენ და ბატის ჭუკებივით გაბაწრულნი ბრუნდებიან.
დაივახშმებენ, კერიას ცეცხლს ნაცარში გახვევენ და უბანი ისევ სიჩუმეში იძირება. მთვარე ცვარს აყრის მიწას, ორღობეში მუქი ჩრდილი წევს და კალიების ძილისპირული სოფლის სიმშვიღეს უნანავებს.
ამ შვიდ ბარტყს - ჭინკა ბიჭებს, როგორც მათ ეძახდნენ - ბუნებით დაწესებული ბავშვობა ხანმოკლე ჰქონდათ. ბედმა ისე ინება, რომ უდარდელი წლები ერთბაშად მოსწრაფებოდათ. აღარც კენჭობია და ურიკელა, აღარც პანტის საპოვნელად ტყეში ხეტიალი - უცბადვე წარსულად იქცა ყველაფერი.
ჭინკა-ბიჭების მამები, რუხ ფარაჯებში გადაცმულნი, შორეულ ქვეყნებში წაასხეს ვილჰელმთან საომრად. ქმრების ჩოხა-ახალუხი კი დედაკაცებმა სათუთად შეინახეს სკივრში - უკან მოვლენ და რიგზე დახვდებათო. წავიდნენ ოჯახის უფროსები და მაშინ პირველად დადუმდა აბესაძეების უბანი.
სახნისზე მოკიდება, ტვირთის ზიდვა და სხვა სავაჟკაცო მოვალეობა პატარებს დააწვათ კისერზე. შვიდივემ ნაადრევად იგრძნო ცხოვრების სუსხი და იგემა მისი მწარე. მათს ბავშვურ სახეს ის მკაცრი იერი შეერია, მოწიფულ მამაკაცებს რომ აქეთ.
დიდხანს ელოდნენ ქალები თავის პატრონებს, მაგრამ იმათგან ბოლოს მხოლოდ ერთი დაბრუნდა - ყავარჯენზე დაყრდნობილი იროდიონი. ის დღესაც დაბოგინობს და ცოცხალი ფეხის ნაცვლად, თავისი ხელით გამოთლილ მუხის კეტს მიითრევს. მეზობლების მოსიყვარულეა და ყველასთან ხალისიანი შეხვედრა იცის, ოღონდ ერთი უცნაურობა სჭირს: ვენახს სხლავს თუ ცას შეჰყურებს, მინდორშია თუ ღამით კერიას უზის, ხოლოდ ის დღეები უდგას თვალწინ, როცა ბრძოლის ველზე სიკვდილთან დაძმობილებული იყო. თითქოს სხვა არაფერი ენახა ამქვეყნად, არც ახალგაზრდობა ჰქონდა აროდეს, არც რაიშე კეთილად მოსაგონარი.
დრო თურმე კეთილი მკურნალია. ყველას გაუყუჩა და მოუშუშა ტკივილი. პატარები, ოდესღაც ის ჭინკა-ბიჭები დავაჟკაცდნენ, სკივრებიდან ამოალაგეს დიდიხნის წინად გამოტირებული და მივიწყებული მამების ჩოხა-ახალუხი და მალე კიდევაც დაქორწინდნენ.
მაგრამ ის-იყო დასრულდა მაყრიონის ლხინი ყველაზე უმცროს ლაზარეს სახლში. შვიდივე ომში წავიდა. ჰიტლერთან საბრძოლველად.
წავიდნენ და არც ერთი არ დაბრუნებულა.
მაშინ შეორედ დადუმდა უბანი. ეზოებში ჩანდნენ მხოლოდ შავებში მოსილი ახალგაზრდა ქვრივები,
* * * * * * *
რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მოვინახულე სამშობლო კუთხე.
ერთ მზიან დღეს სოფელში სახეტიალოდ გავედი.
ბევრი რამ, რასაც გარშემო ვხედავდი, ჩემს შორეულ წარსულსაც მაგონებდა. აი, ის ძელქვა, რომლის ძირში ბავშვმა ერთხელ წვიმის დროს თავი შევაფარე. სულ ისეთია, როგორც ოდესღაც მინახავს, მაღალი და ტოტებგაშლილი. წლებს ოდნავადაც არ შეუცვლია. აი, ნამეხარი ბებერი ჭადარი, რომლის ტანი ძველადაც ფუღუროდ იყო ქცეული. დრო იყო აქამდისაც წაქცეულიყო, მაგრამ ის ჯიუტად ჩაბღაუჭებოდა მიწიდან ამოკლაკნილ დიდ ფესვებს და ძირში ორიოდე მწვანე მორჩიც მოუსხამს. გზაჯვარედინთან ძველი ტყე გაუკაფავთ, მაგრამ ახალი ამოყრილიყო და მწვანედ ბიბინებდა.
გზას გავუყევი და ამ ადგილს ჩავუარე, სადაც აბესაძეების უბანი იყო. ეზოებში სიჩუმეა, არავინ არ ჩანს, სახურავების თავზე კვამლი ამოდის და მაღლა ეთერში ზანტად მიიწევს. საჩრდილობელი ბჟოლის ხის ქვეშ გათლილი ქვა იდო... სევდიანად გადავავლე თვალი უბანს და გავშორდი.
მივყევი ორღობეს და მალე წყაროს მივუახლოვდი.
შორიახლოდან ჯერ ბავშვების ხმები მომესმა და მერე თვითონ ისინიც დავინახე. ხუთი დაეთვალე. ჯირკუტანა, ტალიკი ბიჭები იყვნენ. ერთმანეთს წყალს ასხურებდნენ, ხარხარებდნენ და გაწკუმპული დახტოდნენ წყაროს ირგვლივ. თამაშობით გული იჯერეს თუ არა, აივსეს თუნგულები, გაიბაწრნენ ბატის ჭუკებივით და წამოტყაპუნდნენ.
რაღაც უნაზესმა მოგონებამ გაიღვიძა ჩემში უეცრად, გადავუდექ მათ გზაზე და ისე ჩუმად, თითქოს მეშინოდა, ვკითხე:
- ვინ ხართ, ვისი ხართ, ბიჭებო?
გაკვირვებით შემომხედეს უცხოს და ერთმა, რომელიც სხვებზე უფრო თამაში იყო, პასუხი არ დამიყოვნა.
- აბესაძეების ვართ, ეგერ, იმ უბნიდან!
კიდევ ერთხელ შემავლეს თვალი და გაიბაწრნენ. დუმილით, როცა მოსახრელთან მივიდნენ, ვეღარ მოვითმინე და ხმა დავაწიე:
- ეჰეი, ჭინკა-ბიჭებო, ეჰეი!
შეჩერდნენ, გაოცებით შემომხედეს, უცბადვე შეტრიალდნენ, აირივნენ და მხიარული კიჟინით მოკურცხლეს.
მოწყურებული, ხარბად დავეწაფე წყაროს და ისევ იმ გზით გამოვბრუნდი. ბროწეულის ყვავილების ცეცხლი მოსდებოდა ორღობეებს, გადამწიფებული ალუჩა მოწითალო მტევნებად ეკიდა ტოტებზე და იქ, სადაც ნაყოფი მიწაზე დაცვენილიყო, მაჭრის მსგავსი ტკბილი სურნელი იდგა. ჩემს ახლო შაშვი ავარდა ბუჩქიდან და ჭახჭახით გადმოიარა. გარშემო ჭრიჭინების დაუცხრომელი საგალობელი ისმოდა. მზე დაღვრილიყო მთელ გარემოზე.
















