ლადო ასათიანის საიუბილეო დღეებში, პოეტის მშობლიურ სოფელში, ბარდნალაში გადაწყდა პოეტის ძეგლი ქუთაისში, მწერალთა კავშირის ეზოში დაგვედგა.
ჩემს მოსაზრებას ბარდნალაშივე მხარი დაუჭირა ქუთაისის მაშინდელმა საკრებულოს თავჯდომარემ დავით ბენიძემ. ამის შესახებ ქალაქში ჩამოსვლისთანავე ბატონ თემურ შაშიაშვილს ვამცვნეთ, წინადადება მოგვიწონა და შესაბამის სამსახურებს დაავალა საქმეს შესდგომოდნენ.
ხელშკრულება გაფორმდა, დაიწყო სამზადისი, მოზიდეს საამშენებლო მასალა. გრანიტის ფილებით მოაპირკეთეს კვარცხლბეკი.
ერთ დილით გამომეცხადა ბჟოლების ბირჟის წარმომადგენელი ბონდო ასათიანი და მეკითხება:
- ალექსანდროვიჩ, რას შვრებით, ვის აბეტონებთ?!
- ლეჩხუმლებმა ვერ მოიფიქრეთ და ისევ მე უნდა დავუდგა ძეგლი ჩემს საყვარელ პოეტს, - ვუპასუხე.
- ძვირი ჯდება?!
- ასე, ოციათასამდე.
- მე რომ უმუშევარი ვარ, ხომ იცი.
- კი, ბატონო...
- ცოლშვილი რომ უმუშევარს ვერ მგუობს, ესეც გეცოდინება.
- ამაზეც დავეთანხმე.
- ნუ მოიტან ძეგლს, გეხვეწები, ყოველ დილით, ცხრას რომ ათი წუთი დააკლდება, გამოვცხადდები, შევდგები მაგ კვარცხლბეკზე, ორასი მანეთი მომეცი თვის ბოლოს, დავჯერდები, - მითხრა სერიოზულად.
- სანამ გინდა მაგ ყოფაში გაძლო, ახლა გაზაფხულია, ზამთარში?...
- ჩავიცმევ თბილად, დავიხურავ ქუდს, ვიქნები სუფთა ჰაერზე, გვიან წავალ სახლში, დასაძინებლად.
- შეღამებულში გუბერნატორმა იცის ამ ქუჩით ჩამოვლა, რომ ვერ გნახავს, რა ვუთხრა?!
- სახლში მიდის მუზა რომ შეაწუხებს-თქო, აუხსენი. სანამ ოციათას ლარს დავიყვანდე ყუყზე, გავუჭირვებ თავს, მერე, მოიპარეს-თქო თქვი, რავა არ დაგიჯერებენ? ყველაფერს იპარავენ ამ ქალაქში და რაღა მაგი გაუკვირდებათ.
ჩვენს საუბარში ძეგლიც მოიტანეს სატვირთო მანქანით.
- აუ! დამტოვეს უმუშევარი ამ შობელძაღლებმა, - შეიცხადა ბონდომ, მანქანის ძარაზე პოეტის გაშოტილ ძეგლს მწყრალად დახედა, - ორ ასათიანს, ვითომ აიტანს ბჟოლების ბირჟა?! - ჩაილაპარაკა და წავიდა.