„რა დიდი ამბავია თავისთავის წინააღმდეგ წახვიდე და ისიც მხოლოდ ერთხელ. განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არ შევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ...
მაგრამ ხელოვანს იმედი არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით, გაცილებით უფრო იოლით და სასიამოვნოთი, იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით, და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა, დაჰკარგა რა სწორი გეზი. შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ. იოლი და სასიამოვნო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ.
ხელოვანი მარტოდმარტოა. და აქ იწყება მისი ტრაგედიაც. დაცარიელებული სულით ბრუნდება დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური ბარათი ხვდება ლექსად დაწერილი:
კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
ეგონათ, რომ ბედი დაფნებს მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდი სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით საუკუნის ნახევარი.
ნდობა გქონდა მეტისმეტი და გზას გაგვიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი. ბოლოს იგი გადაბრუნდა. ურემი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვანის გზა. მაგრამ... რა ახლოა და როგორ შორსაა იგი... ხელოვანი უკვე ჭაღარაშერეული კაცია! ეჰ, საბოლოოდ გადაბრუნდა!”
















