მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 32 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როცა ორი საცოლშვილოდ აღერებული ვაჟკაცის შემდეგ, დარდისაგან გამოტვინებული და გამოლენჩებული ბეხრეკი მეუღლეც მიწას მიაბარა, ლევანა კიკაბიძეს ამ ქვეყანასთან აღარც საქმით ჰქონდა რაიმე საერთო და აღარც სიტყვით.

ეს ნიგვზის სარეკი ჭოკივით ახმახი და ზონზროხა კაცი გველხოკერასავით დაიგრიხა, დაიკეცა და შავულვაშაშლილი ორი ვაჟისა და სახეჩამომჭკნარი ცოლის სურათებს ქვეშ მუშტად შეკრული წაიქცა.

კესარიას დასაფლავების მეორე დღეს, გაშვებულ უღელ ხარს და ახალხბოიანი ძროხის ბღავილს როცა ყური აღარავინ ათხოვა, მეზობლებმა ძროხას უსიტყვო ოხვრით თავისთან მიუჩინეს ბინა. ხარები იმ საღამოსვე ბრიგადირმა გაირეკა. ჩასუქებული და კესარიას მიერ განებივრებული კატა სადღაც იმ ღამესვე გაქრა. უკანა აივნის თავწამპალ ყურეში, ზედ ქილუქის ძირას მოკალათებული, სიბერით დაუძლურებული უკბილო ნაგაზი - ბათურა - სიკვდილივით უხმოდ ამთქნარებდა და გვიან ღამით აყეფებულ ძაღლებს გაბმული ყმუილით პასუხობდა.

ოთახის შავფარდიანი ფანჯრის საპირისპირო კედელზე, სადაც ორი შვილისა და ცოლის გადმოფერდებული სურათები ეკიდა, ძველისძველ, კიდეშემოცვეთილ ჭილოფზე უძრავად ესვენა ლევანა. გულზე დაფენილი ჟღალი წვერით და გულზევე დაკრეფილი ხელებით, ამ კედლის სიგრძეზე გაწოლილ, ფერგადასულ კაცს სურათებზე მიშტერებული თვალების დახუჭვაღა აკლდა, რომ მკვდრისაგან ვერ გაგერჩიათ.

ეს თბილი მიცვალებული სიკვდილივით უშფოთველად, უმოძრაოდ ხვდებოდა დილას. იმჟამინდელ სიზმრად ნანახს იგონებდა. შვილებთან და ცოლთან გატარებულ დროს იხსენებდა და ჩურჩულით საუბრობდა:

- მასეც არ ვარგა, შვილო, - უსწორებდა დაყვავებით ერთს აქ, თვალს თვალში უყრიდა, - უფროსი ძმაა, კარგი ძმობა, შვილებო, ის კი არაა, რომ... შენ, ქალო, ნუ იცი ბოვშვის გამართლება, - ახლა ცოლზე გადაიტანა მზერა, - მე რავა, ნაკლებად მიყვარს?.. მაგრამ ვერ გავუმართლებ, რაც გასამართლებელი არაა. ვითომდა რაო ახლა, მოესწრო ბარემ? მოესწრები, მოესწრები, აბა, სად ჯანდაბას მიხვალ. არა, ჯერ უფროსს ეკუთვნის. აბა, უფროსი რისი უფროსია. არ მითხრა, არ მითხრა, კესარია, შენ ვერ მასწავლი! რა ვუყოთ მერე, რო უყვარს, სიყვარული რაა, ღვლეჭია? კისერში უჭირებს? უყვარდეს, ბატონო. მე რავა, იმას ვამბობ - არ მინდა-თქვა თუ?.. ამირანის ამბავი შენც იცი, ერთი უთქმელი კაცია, ის არაფერს იტყვის, მარა გუნებაში რომ ეწყინოს... შენ მე მაცალე, მე მამა თუ ვარ, ამხელა ვაჟკაცები თუ დამიზრდია, ისიც ვიცი, როდის რა ჯობია. შენ ახლა ის გირჩევნია, ინდაურებს ხელზე აჭამო, ცომი დააძალე, ნიგოზიც თუ არ გადააყლაპე, ჩემი მტერი არაა, შენ საქორწილო საცივი არ გამოგივიდეს. ჰო, მართლა, კესარია, ღორი მართლა მაკეთაა თუ მოინელა იმ მგლის არჩივმა?.. ჰოდა, თუ მოესწრება, თორემ გოჭი ერთი და ორი კი არ გვეყოფა... შენ, ბიჭო, ამირანა, ის ახალთახალი უღელი რამ გაგატეხია, რას მოდევი კავი ამისთანას? ეგერ, მსხლის ძირში მაქვს კიდევ საუღლე და გაუბურღე თავები, ტაბიკები და აპეურები იმ გატეხილისა გამოდგება. შენ, შვილო, ნოშრევან, აღარ წახვალ სკოლაში? ჰო, მამა, დროზე ქენი... არ დაიგვიანო, თორემ მასწავლებელი რომ დროზე არ მიხვალ, მოსწავლე რაღას იზამს? ხომ გესმის... მოიწი აქეთ, იმ ქალაქელ ქალს ასე უთხარი, მოიცა-თქვა. რავა ფიქრობ, ხომ უყვარხარ? ჰოდა, უთხარი, შენი ძმა მისი ძმაცაა, აგერ, ამ შემოდგომაზე გადავიხდით ერთ ქორწილს და მერე... მოიწი, ბიჭო, ყურში უნდა გითხრა, იმ მუნჯმა არ გაიგონოს. გუშინ შევესწარი, ყანიდან რომ ვბრუნდებოდი. ჰო, რავა იყო? - გაიხსენა ლევანამ გუშინღამინდელი სიზმარი, - ჰო, ბიჭო, დადარაჯებული იყო, ურემს ვუდექი წინიდან და კი ვერაფერი გავიგონე ხეირიანად, მარა... ახლა ვინ იყო, არ იკითხავ? აბა, თუ მიხვდი? არა, არც მაგი, აპა-პა-პა- პა-პა! სულ ვერ მიუახლოვდი... აგერ, ჩვენი ისიდორეს ქალიშვილი... ჰოო, ჰო, სწორედ რომ თალიკო, კარგია, კარგი მოგეცა. იქვე, გზის პირას, ისიდორეს ეზოსთან, ხარურმიანად წავადექი ზედ. წითელი კაბა ეცვა, პირდაპირ ანათებდა, გადამირია ხარები შეჩვენებულმა, ჭიშკრამდე ვერ შევაჩერე ურემი. ჰოდა, რა ვქნათ ახლა, არ ვაქორწილოთ?

ლევანას მთელი დღე ჰქონდა სალაპარაკო შვილებთან, მთელი დღე აჩუმებდა ცოლს.

- ნუ ჩამერევი, შე ქალო, თუ ღმერთი გწამს, კაცი ვარ, ბოშო, ოჯახის უფროსი მქვია და რავა ვქნა! მტერი მე მომკითხავს და მოყვარე. ბიჭები რომ რაიმე ცუდს გადაეყარონ, ან ერთმანეთთან რაიმე უთანხმოება მოუვიდეთ, მერე ვის რა პასუხი მივცე? შენ, შე გაჭირვებულო, დაჯდები და წაიშენ თავში ხელს, ატირდები ან გული გადაგელევა და გადაფიჩინდები. მეც ხომ ასე ვერ ვიზამ, მე ხომ ვერ ვიწივლებ და სახეს ვერ დავიკაწრავ. მე ამთავითვე უნდა მივხედო საქმეს, ამთავითვე უნდა დავიჭირო თადარიგი.

...და იწვა ლევანა გულაღმა, შეჩერებული სამ უტყვ ჩარჩოს, სამი სახის აჩრდილს და იყო ხან ყანისა და ვენახის მოვლის თადარიგში, ხან სარძლოების შერჩევაში, ხან საქორწილო დღეების დადგენაში და შვილების დასაცავად ისევ წამოჩრილ მეუღლის შეგონებაში, რომ ლევანა მამაა, კაცია, ოჯახის თავია და აცალოს, აცალოს კესარიამ და ნიშნი მერე მოუგოს, თუ ბიჭების საქმე ცუდად წაიყვანოს ან კესარია დატოვოს რამეზე გულნატკენი.

ზოგჯერ გაბრაზდებოდა ლევანა, ხმას აუწევდა, უწყრებოდა შვილებს, ნოშრევანს, თორემ ამირანი არ იყო ისეთი ხასიათის, რომ არ დაეჯერებინა ან მამისთვის რაიმე გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა. ნოშრევანი იყო, რომ ზოგჯერ მის წინააღმდეგ წავიდოდა, ნასწავლი კაცი ვარო და...

კაია სწავლა-განათლება, კარგი მოგეცა, მაგრამ ლევანამ არ იცის ოჯახში ნასწავლი კაცი. წიგნი კარგია, ქვეყნის ამბავს გაიგებ, ქვეყნის ავ-კარგს გაეცნობი, მაგრამ ოჯახი...

- ოჯახი სხვაა, შვილო, გამოცდილი ხელი სჭირდება. ოჯახს ჭკუადამჯდარი თავი უნდა წინამძღვრობდეს, თორემ უთავო ოჯახი და უმწყემსური ფარა ერთია. მე მაცალეთ, შვილებო, მე მისმინეთ, მე, რომელსაც ათჯერ გადამბრუნებია ურემი და გზა მერე მიპოვია, ათასჯერ მქცევია მხარი და ერთი საათის სავალი ერთ დღეს მივლია, მისწავლია, გამოცდილება მიმიღია... ახლა მე რაღად მინდა ცოდნა ან გამოცდილება, - თქვენ მოგახმაროთ ღმერთმა. თქვენი ბედნიერებისთვის რომ ვზრუნავ, მატყობთ ხომ? აგერ, დედათქვენს ჰკითხეთ... ასე არაა, კესარია? არ გახსოვს, რა დავიდარაბა გადამხდომია თავს. წისქვილის ქვაც რაღმე მობრუნდა ერთხელ ჩემს თავზე, მოკოდილ დოლაბს რომ მარტო დავუპირე ჩემს ახალგაზრდობაში დაგება და ფეხი საგორავზე დამიცურდა. დამიცურდა და შიგ ქვის ქვეშ მოვყევი. სწორედ რომ თავი დამრჩა გარეთ, თორემ შენც გემახსოვრება, კესარია, ურმით მომიტანეს. ჰოდა, რავა გგონიათ, შვილებო, ახლა თქვენ რომ ეცეთ იმოდენა დოლაბს და მარტომ დაუპიროთ აღება და დაგება, მე დაგანებებთ? ვერ დაგანებებთ, ვერ მოგცემთ ამის ნებას! იმიტომ რომ, მე ვიცი, მე ამიწევია, მე თვითონ საკუთარ მხრებზე გამომიცდია მისი სიმძიმე. თუ ვტყუი, აგერაა დედათქვენი და ჰკითხეთ.

კესარია, იმის შიშით, რომ შვილებს მართლა რაიმე უბედურება არ შემთხვეოდათ და რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდნენ, ლევანას უდასტურებდა და შვილებს უჩიჩინებდა:

- დაუჯერეთ, დედა გენაცვალოთ, დაუჯერეთ!

ლევანა თავს აქნევდა ასეთ დროს, ცოლის კმაყოფილი, და საქორწილო თადარიგს იჭერდა. ეს გაუბედურებული, წაქცეული და დაბეჩავებული კაცი, ამ სამ მიცვალებულს შეჩერებული, ძილშიც და ცხადშიც მუდამ ქორწილზე ოცნებობდა, როგორც ბედნიერების გვირგვინზე. ყველა ამქვეყნიური სიამოვნება მიწისთვის ჰქონდა მიბარებული და უზენაეს ბედნიერებას ეპოტინებოდა. ასე შემოიჭრებოდა ოთახში შუადღე. ასე მიიწურებოდა დღე, როცა უკე შვილიშვილების სახელების შერჩევაზე იტეხდა თავს და კესარიას აჩუმებდა:

- ქალო, მაცალე, ნუ იცი ბიჭების გამართლება.

კარზე მთელი დღის ნაშიმშილები ნაგაზი მოუფხაჭუნებდა. ლევანა ისევ საქმით იყო გართული. შვილიშვილების სახელს არჩევდა. ამირანი მამის ნათქვამს არ გადადიოდა, მაგრამ ნოშრევანი არ იშლიდა თავისას, რაღაც უცხოსა და ჯერ გაუგონარ სახელს იჩემებდა. ეს არ მოსწონდა ლევანას. კესარია შვილის მხარს იჭერდა.

- მისი შვილია, ენაცვალოს დედა, რაც გაუხარდეს, ის დაარქვას.

ლევანა ჯავრობდა.

- მაგის თუ შვილია, მე რა, მე ვინა ვარ? მეტი ვიცი, კესარია, ოჯახის უფროსი მე მქვია. მაგას თუ წიგნი წაუკითხავს, მე რა, ამ ქვეყანას ტყუილად შევაბერდი, არაფერი გამეგება ვითომ?

ძაღლი ისევ მოუფხაჭუნებდა კარს და, როცა ერთ გრძელ და შემზარავ ყმუილს გააბამდა, აკრეფდა ლევანა უსიცოცხლოდ დაყრილ ხელ-ფეხს, გამოძვრებოდა ოთახიდან, ქურდულად ჩაირბენდა კიბეს, ისე რომ არავისთვის შეეხედა, არავისთვის თვალი არ მოეკრა და ქარისაგან გადაბრეცილ და სახურავგაძარცვულ სამზადში შეიკუნტებოდა.

ძალაგამოცლილი, ყურებჩამოყრილი და კუდდაშვებული ნაგაზი ფრთხილად ჩამოითვლიდა ხავსმოდებულ კიბეებს, ეზოში მოდებულ შამბში დაიკარგებოდა და სამზადის კართან მოწყვეტით წაიქცეოდა.

ეზო გაუვალ გლერტას წაელეკა, თივა-ბალახს და ანწლს დაეფარა. ბალახი ყვაოდა სასიმინდის ქვეშ, ოდა-სახლის ლაფაროში და სამზადის აივანზე. ბალახი ბიბინებდა ხავსმოდებული კიბის საფეხურებთან და ალაგესთან, ბალახი გაძვრა ჭიშკრის ლატანებში და გზას გახედა. მხოლოდ ერთადერთი ბილიკი ჩანდა ეზოში, რომელიც ეზოს ბოლოს ვიწრო ჭიშკრიდან მოდიოდა კიბემდე და კიბიდან სამზად სახლამდე.

ამ ბილიკით გამოჩნდებოდნენ დილა-საღამოს ლევანას ახლობლები: რძლები, ძმისშვილები და მობიძაშვილეები, მეზობლები. შემხობილ ჯამებს სამზადში დადგამდნენ, ოთახის ჭუჭრუტანიდან შეხედავდნენ გულაღმა გაშხვართულ ლევანას, „ვაი, შე უბედუროს“ ჩურჩულით შეავლებდნენ თვალს და კიბეს უხმაუროდ ჩამოივლიდნენ, დაადგებოდნენ ბილიკს, გაიხურავდნენ ეზოს ბოლოში გამავალ ვიწრო ჭიშკარს და წავიდოდნენ. ვეღარ უბედავდნენ ლევანას ნუგეშისცემას, შიშობდნენ - ვაითუ, მართლაც აღარ შემობრუნდესო.

„რიღასთვის უნდა შემოვბრუნდე, უკან რაღა დამრჩენია გაცივებული ძვლების მეტი“ - მთელი არსებით იქ იყო გადასახლებული, სადაც მისი ოჯახის ყველა წევრი წავიდა... ახლა ის, ამ ჭილოფზე წაქცეული, იქაურ ცხოვრებას აწყობდა და აწესრიგებდა. კესარიას წასვლა არც გაჰკვირვებია, ეს იყო, რომ მერე ძილად მიეგდო. კესარია უნდა წასულიყო, ამის საჭიროებას კარგად ხედავდა ლევანა, რადგან უცოლშვილო ვაჟკაცებს დედის ხელი კიდევ სჭირდებოდათ. საფლავში ჩაშვებულ ცოლის კუბოსაც ეს მიაძახა:

- შენ იცი, კესარია, ბიჭებს მიმიხედეო.

ეს არც ხალხს გაუოცებია. ლევანას კვერი დაუკრეს, კი მოუვლის, ნუ გედარდება, კესარია არაფერს გაუჭირვებს შენს ვაჟიშვილებსო.

ხალხი კეთილ ნუგეშს არ აკლებდა, მაგრამ ნუგეშიც რომ აღარაფერს შველოდა?!

ჯერ კიდევ მაშინაც ყველაფერი ამაო გამოდგა, როცა რაჭის გზაზე გადავარდნილი მანქანით თავგაჩეხილი ორი მოსწრება ჩამოუტანეს ეზოში. ის იყო, ლევანამ მაჭანკალი გაისტუმრა, ვერ შეუთანხმდა ენაგაკრეფილ შუამავალს. ასე ადვილად ვერ გადაეწყვიტა შვილის ბედი, ეშინოდა, ვინმეს უსიამოს და უგერგილოს არ გადაჰყროდა. ორი შვილი ჰყავდა, ორი სანთელი. ორივე რაღაც გამოუცნობი სიყვარულით უყვარდა. ყველაფერში ფრთხილი და დაკვირვებული იყო, რაც შვილებს ეხებოდა. შვილებზე ფიქრში მთელი ღამეები არ ეძინა და უძილობა არ აწუხებდა, შვილებზე ზრუნვაში მთელი დღეები შრომობდა და დაღლას არ გრძნობდა.

მამაცაა და მამაც, მაგრამ ლევანა სხვანაირი მამა იყო, სულ სხვაგვარად მოსიყვარულე მამა.

და ერთ დღეს კარზე ასე მიაყენეს ორი შვილი, ორი ჩამქრალი სანთელი.

ზეზეურად გახმა ლევანა, ზეზეურად ჩაქრა. წვეთი ცრემლი რაა, მას მერე თვალთაგან არ გადმოვარდნია. დაიჩემა ქორწილი და დარდზე ლოგინად ჩავარდნილ კესარიას არ ასვენებდა: ასე დაწოლილი გიყურებ, მტერ-მოყვარეს როგორ შეხვდებიო. საქმეს ერთიანად შეუშვა ხელი. ყანა, ბოსტანი, ვენახი ბალახად წავიდა. კესარიას უვლიდა ვითომ, ოჯახსაც პატრონობდა, მაგრამ შვილებზე ფიქრობდა და შვილებზე ზრუნავდა.

არაფერმა გაჭრა. არავის რჩევა არ იღო ყურად და არაფრით ირწმუნა, რომ შვილები არ ჰყავდა, რომ ქორწილი არ ჰქონდა გადასახდელი. ყველამ დაასკვნა, რომ ლევანა ჭკუაზე შეცდა, ლევანა შეიშალა და არავის დიდად არ გაჰკვირვებია. რამდენს არ ეცადნენ გარედან ხელის შეწყობას: ეძახდა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე: საციქვლობდნენ, ჭკუას ეკითხებოდნენ, ვალს სთხოვდნენ და ივალებდნენ, ბრიგადირმა მოუვლელი ხარებიც არ გადააბარა სხვას, იმედოვნებდნენ, იქნებ გული მოიბრუნოსო, იქნებ მშრომელ და მუყაით კაცს ქვეყანაზე გული მოუბრუნდესო. მაგრამ ლევანასთვის უკვე სულერთი იყო.

ასე მიდიოდა დღეები, კვირები, თვეები. საღამოობით გამოძვრებოდა სახლიდან, რაღაც გუმანით სამზადში შეძვრებოდა, წყალს, ცივ მჭადს ჩაყლაპავდა, ძაღლს შეჭამანდს და ნარჩენ მჭადს მიუგდებდა და საიქიოდან მობრუნებული კაცივით, რომ არავინ დავაფრთხოო, შევარდებოდა ოთახში, გაუღიმებდა სურათებს, წაიქცეოდა და მიიძინებდა.

ერთ ღამეს ჩვეულებრივ ეძინა ლევანას, ჩვეულებრივ საქმიანობდა ოჯახში, ჩვეულებრივ პატრონობდა ოჯახს, რომ ეზოს ამირანი მოადგა ურმით. ხარები ზრუტუნებდნენ ჭიშკართან და ნალიან ფეხებს აბაკუნებდნენ. ლევანამ გახედა, დააკვირდა, მაგრამ ამირანი არ იყო ურემზე, ხარები კი მოდგომოდნენ ჭიშკარს და შემოსვლას ითხოვდნენ.

- სად გაქრა ეს ბიჭი, - გაუკვირდა ლევანას, - ასე ხარ-ურმის მიტოვება გაგონილა?

- სად იქნება, დედა ენაცვალოს... - დაიწყო კესარიამ.

- ჩუ, ქალო, ნუ იცი... სად ნახე ხარ-ურმის ასე უპატრონოდ გამოშვება.

- დედა ენაცვალოს... - ისევ დაიწყო ცოლმა, მაგრამ ლევანა მიხვდა, რომ ამირანი იქ იყო, ისიდორეს ქალიშვილს ელაპარაკებოდა, ალბათ, მის სახლთან.

ხარმა დაიბღავლა. ძაღლი აყმუვლდა.

წამოდგა ლევანა, კარები გამოაღო და გაიხედა. მთვარიანი ღამე იყო. ზენა ქარი ოდნავ უბერავდა.

- ამოტყდა ეს დასაქცევი, - აღმოხდა ლევანას ისე, როგორც ადრე იცოდა ხოლმე, როცა ზენა ქარი გვიან ღამით დაიწყებდა სისინს.

ჭიშკრის ლატანებში გამძვრალ ბალახს ეპოტინებოდა რქაგაშლილი, ნისლისფერი ხარი; მეორე - შავხალებიანი, რქებწამახული, წითელი ნიკორა ლევანას დიდი ხნის უნახავ შვილივით უცქერდა და ზრუტუნებდა.

ლევანამ კიბე ჩამოირბინა და ჭიშკარს ეცა. გახლართულ ბალახებს ძლივს ჩამოგლიჯა ცალი საურმე კარი და ხარები ეზოში შემოუშვა. ნიკორამ ლევანას ხელზე მოუსვა გრძელი ხაოიანი ენა, შუბლი და თვალი მკლავზე ააფხანა. ნისლა იქვე, ლევანას ფეხთან გლეჯდა მუხლისთავზე აცილებულ გლერტას.

შვილებივით ნაფერები და ნალოლიავები ხარები ლევანას ფეხებთან აკვდებოდნენ ბალახს. ნისლა ხშირად აწევდა თავს, ლევანას მუხლზე და საჯდომზე დაცრეცილ შარვალს უცქეროდა, ალბათ, უკვირდა პირუტყვს, ლევანა მიწის მუშა იყო, მაგრამ ყოველთვის სიკოხტავე და კარგი ჩაცმა უყვარდა. კავსაც კი არასოდეს ურიგოდ ჩაცმული არ გაჰყვებოდა. ნისლა შარვალსა და ხალათზე უსვამდა ენას, ხელებს ულოკავდა და ისევ ბალახს ეტანებოდა. ნიკორა ფეხგადგმულ გლერტას გლეჯდა, ისიც იქვე, ლევანასთან იტეხდა კისერს.

ლევანას გზისკენ ეჭირა თვალი, ამირანს ელოდა. მთვარე მაღლა-მაღლა იწევდა, მალე საშუადღეოზე წამოვიდოდა. ამირანი არ ჩანდა. ამირანის დაბრუნებას არ ადგებოდა საშველი. ბრაზობდა ლევანა, ამ მუნჯს რა აქვს ამდენი სალაპარაკოო, უკვირდა.

ხარები ფშვინავდნენ, გლეჯდნენ ბალახს, იქნევდნენ თავს. ნისლა ისევ ახედავდა პატრონს, ნიკორა ერთხანს წაჰყვებოდა ბალახს, მაგრამ ისევ უკან მობრუნდებოდა და პატრონის ფეხებთან წიწკნიდა უკვე გადაჭმულ გლერტას.

გადაიწია მთვარე, გაუფერულდა, გაიცრიცა. ამირანის გამოჩენას არ დაადგა საშველი.

გაძღა ნიკორა და იქვე, ლევანას ფეხებთან ჩაიმუხლა წინა ფეხზე, უკანა მოიკეცა მუხლქვეშ და ფშვინვით დაწვა. უკვე გამაძღარი ნისლაც პატრონის მკლავს აფხანდა თავს და ხაოიან ენას უსვამდა მარჯვენაზე.

ცისკრის ვარსკვლავმა ამოიხედა. ქარი უმატებდა.

- მალე გათენდება, - ამოილაპარაკა ლევანამ, - ქარი ამოჰყვება მზეს, გაგვალავს ეს არაწმინდა. დღეის იქით კავი არ მოეკიდება საყანეს. სადაა ეს ბიჭი!

ნიკორა მშვიდად ფშვინავდა ლევანას ფეხებთან. დაწვა ნისლაც. ლევანაც ჩაიკეცა იქვე და სმენად იქცა. იქნებ ფეხის ხმა გაიგონოს, იქნებ ეღირსოს ამირანს გამოჩენა.

ჭიშკართან, ხავსმოდებულ, დაყამირებულ ბჟოლაზე ჩიტი აფრთხიალდა, აჟღურტულდა ჯერ გაუბედავად, მერე მეზობლის ეზოდან გაეხმიანა მეორე, გული მოეცა, ხმას აუწია, აჭიკჭიკდა, ახტა, ტოტიდან მაღალ ტოტზე გადაინაცვლა და გააბა...

ლევანა წამოდგა.

ჩიტი ვერ დაასწრებდა ლევანას წამოდგომას, ჭიშკართან მივიდა, გადაიხედა გზაში, თვალი გააყოლა შარას, ამირანი არსად ჩანდა.

- სად ჯანდაბასაა, ეს ოჯახქორი, - ვეღარ დაფარა ბრაზი ლევანამ და ქვეშამადგგამოცლილი ურემი წამოაყენა. აპეურები შელპობოდა ქაცვის ხის ტაბიკებს. სამზადს უკან მოუარა. ქილუქის თავში იცოდა ლევანამ სააპეურე მოკლე ბაწრის გადადება.

კავს სახნისი დაჟანგოდა, ერქვნის სახელური მონჯღრეულიყო, წალდი გამოაძრო კედელში, სასოლე მოკლე ეკლისა და მუხის გადანაჭრები გამოიტანა იატაკქვეშ შემოშენებულ სახაბაკოდან.

ცალი თვალი ისევ გზისკენ ეჭირა. საცაა გამოჩნდება ამირანი. აჩქარდა ლევანა. საუღლე ხე მოათრია, გარწყო შუაზე, ღვლეჭს ჩასაბამი ჩაუთალა, სატაბიკეები ჩაუბურღა...

ისევ არ უშველა ამირანის გამოჩენას. ქარი კი მოძალდა. უსათუოდ გამოგვალავს, დღეის იქით სახნისი არ დაეკარება საყანეს.

- მარა, - ლევანამ შუბლზე მიიდო ხელი, - ვინ იცის, იქნებ იქ მელოდება ამირანი, ყანაში. იცოდა ასე ამირანმა. ხარებს მამას დაუტოვებდა, თვითონ მარტო თოხს გადაიდებდა მხარზე და გასწევდა ნაადრევი ყანის გამოსათოხნად.

თოხი მოიძებნა ლევანამ.

არა, თოხები სამივე იქ ეწყო, სამზადის უკან, ქილუქზე მიყუდებული.

ბარი?

ბარი არ ჩანდა. არცერთი ბარი არ იყო სახლში. სად გაქრა ბარები? ნუთუ ყველა წაიღო ამირანმა?

- ჰმ, წაუღია, - დაასკვნა ბოლოს. - წასულა. - ამოილაპარაკა უკვე საქმიანად და ხარები წამოაგდო ბიის ნედლი წკნელით.

დაფაცურდა. შეაბა სწრაფად, ზედ კავ-უღელი შეაგდო და გასწია, გასწია უკანმოუხედავად, ჭიშკრის მოუხურავად, სიტყვის უთქმელად.

სოფელი იღვიძებდა, როცა ლევანა ყანაში გავიდა. არხში ჩაცვივდნენ ხარები წყლისათვის. ლევანამ უკან დაიწია ღერძისაკენ, რომ სმის დროს ხარებს არ გაჭირვებოდათ ქედზე დაბჯენილი უღელი. მერე ტყის პირს დაუყვა. სახელდახელო ბოგირზე გაუძღვა ხარებს. ნისლას არ უყვარდა ხიდები და მუდამ შუაგულისაკენ მიიწევდა. გადაიარა ღელის პირზე და ტირიფის ქვეშ დააყენა ურემი.

ამირანი არ ჩანდა. სახნავი არ იყო ბევრი დარჩენილი, მაგრამ დღეს მაინც ვერ მოასწრებდა. ამირანმა ზომიერი მუშაობა იცის, ხარს თავის დროზე გამოუშვებს, არ დაღლის პირუტყვს, დღეს კი ქარია, გამოგვალავს სახნავს და ხვალ აღარ მოიხვნება.

ხარები გამოუშვა და ტყისაკენ გასწია წალდით. მუხის სწორი ნაზარდი ტოტები აირჩია, გზადაგზა გააცალა ფოთლები და წვრილი ტოტები. ძირზე ფეხი დაადგა და წვერიდან დაუწყო ღვლეჭა. ძირამდე ჩაუყვა, დაგრიხა, გამონასკვა და უღელზე, კავის მრგვალ უღელზე ჩამოაგო, მერე ხარებს გამოუჭირა აპეურები, კავი მოსდო ღვლეჭს და ამირანის გავლებულ კვალს ჩააყოლა.

გვალავდა მიწას, უჭირდა სახნისს, ხარები შეჩერდებოდნენ, მიაწყდებოდნენ უღელს და უშველებელი ბელტი დაეცემოდა ლევანას ფეხებში.

კვალი გამრუდებოდა ზოგან ამირანს. არ ეამა ლევანას. ეს არ უნდა მოსვლოდა კარგ მეხრეს. ამირანზე ისედაც გულმოსული, აქ კიდევ ამ კვალის გამრუდებამ გააბრაზა ლევანა. ხარებს გადაუჭირა სახრე, კავი აისროლა ხმელმა ბელტმა და ლევანა გაითრია, კარგა ხანს ვერ მოჰკიდა სახნისი, მერე მარჯვედ ჩააფრინდა სახელურს და მიწას ჩაშტერებით ჩააცქერდა.

მიძვრებოდა სახნისი, სწევდა მაღლა, ბურღავდა მიწას, მერე კავის ქუსლი აპობდა ორად ბელტებს და მარჯვნივ და მარცხნივ ყრიდა, ანგრევდა ბელტს ბელტზე და ისევ მიძვრებოდა სახნისი.

სვრელის თავში კავი ჩამოითრია მეხრემ. ზანტად ჩამობრუნდა ნიკორა, იქვე მოუკიდა ლევანამ სახნისი მიწას. ფეხით დააწვა კავის ქუსლს. ურჩობდა გაგვალული მიწა, მაგრამ სახელურზე დახრილი მძიმედ აწვებოდა ლევანა.

ისევ გადაწვა ბელტი ბელტზე. ისევ გაუჭირდათ ნაგვალავი მიწის გარღვევა ხარებს და შეჩერდნენ.

- აჰა, მიდი-ოო! - სახრე გადაუჭირა ლევანამ.

მიხედ-მოიხედა, არავინ ჩანდა. შეეშინდა საკუთარი ხმის, თითქოს რაღაცას მიხვდა, თითქოს რაღაცა გაუკვირდა. ხარები უნდოდა შეეჩერებინა, მაგრამ ნისლა გვერდზე გადაიწია. გადაიწია ნიკორაც და ნახნავში გადავიდა. ლევანამ სახრე შემოჰკრა მარჯვნიდან.

- გარე გამოდი, ოო! - შეუძახა და როცა ისევ გადაწვა ბელტი ბელტზე, დაავიწყდა წეღანდელი შიში თუ გაოცება.

მზე მცხუნვარედ ამოძვრა. შიგ თვალებში ეცა მეხრეს. მარცხენა ხელი აიფარა შუბლზე, რაღაცის ისევ შეეშინდა, ეუცხოვა მზე.

შეჩერდნენ ხარები, ხელი მიაშველა მეხრემ, მოარყია კავი. ჩამპალ ჯირკს წასდგომოდა სახნისი.

- ხი-ოო, ხი-ოო! - ორივე ხელით დასწია ერქვანს. დაიწია ნისლა. ნიკორას საერთოდ უკან დახევა არ უყვარდა. ლევანამ წინიდან მოუარა, სახრე აუქნია, უღელზე უბიძგა უკან, ძლივს ააცილა ჯირკს სახნისი. გამართა კვალი. აზვირთდნენ ბელტები, დაინგრა, დაიფშვნა გვალვისაგან გაჯიუტებული, გაკერპებული საყანე.

ისევ გადაავიწყდა ლევანას წეღანდელი შიში და გაოცება. ისევ გულდაგულ ჩააცივდა სახელურს და თვალი ისევ მიწას ჩააშტერა. მიძვრებოდა სახნისი, ბურღავდა მიწას, ბზარავდა, ხეთქდა ორად, ოთხად, ათად, ოცად და მიძვრებოდა წინ.

ყვავმა გადაიქროლა ლევანას თავზე, უსიამოვნოდ დაიყრანტალა და ტირიფზე დაეშვა, დაზნიქა ტოტი, ააფარფატა ფრთები, შეიკავა თავი და ისევ დაიჩხავლა. შეკრთა ლევანა. ხელი მოიჩრდილა და ტირიფს გახედა. ტირიფის ტოტი წყნარად აქანავებდა შავ ფრთოსანს, შიშმა აიტანა ლევანა, რაღაც გამოუცდელმა და ჯერ განუცდელმა. თვალს არ აშორებდა შავნისკარტას. ეუცხოვა. ყვავი რა ხანია, არ ენახა, ყვავი რა ხანია, არ მოჰგონებია.

ბელტს წამოედო უეცრად. იმარჯვა, გადახტა, ერქვანს დაეყრდნო, მაგრამ ნაგვალავმა მიწამ კავი ამოისროლა და ზედ დაყრდნობილმა მეხრემ წონასწორობა დაკარგა, გადაიწია და ნახნავზე მხარიღლივ წავიდა. ხარები წაქცეულ კავს მიითრევდნენ და კვალის გატანას ჩქარობდნენ.

- ფეხს გადიჭრის სახნისზე... ოო, ნისლა, ნიკორა, ოო! - წამოდგა, ეცა ერქვანს, აიტაცა ხელში და დააწვა. ჯერ ზევით აფხიკა სახნისმა, მერე წვრილი ბელტი ამოყარა და წავიდა ქვევით. გაბერა ნაგვალავი მიწა, გაბზარა, გააპო, გაარღვია და გადაწვა ბელტები.

ყვავმა ჯერ ტოტიდან ტოტზე გადაინაცვლა, ისევ უგუნებოდ დაიყრანტალა და ზანტად, უხალისოდ აიქნია ფრთები.

მზე აიწია. ლევანას ოფლის ნაკადები ჩამოჰყვა შუბლზე, სახეზე მოდებულ გაბურდულ წვერ-ულვაშში გაიფანტა, ისევ წამოვიდა, ისევ და - ლევანამ მარილის გემო და მწვავე ოფლის სუნი იგრძნო. ისევ გასცრა ტანში, ისევ შეაჟრჟოლა, მაგრამ ტუჩი მოიწმინდა ენის წვერით და ტანზე ამდგარი ოფლის სუნი ხარბად შეისუნთქა. შეისუნთქა და შეცბა. ისევ შეუშვა ერქვანს ხელი. ოფლისა და მუშაკაცის სუნი მიძვრებოდა ცხვირში და ტუჩებზე ისევ მოგორავდა მარილიანი წვეთები.

გაჯიუტდა მიწა, შეათამაშა ერქვანი. გაიმრუდა კვალი. ისევ ჩაეჭიდა ლევანა სახელურს, ისევ კვალის გამართვას შეუდგა, მაგრამ ნისლა ჯიუტობდა, არ დგებოდა ხნულში. სახრე შეათამაშა ლევანამ, ამ ხარს ეს ჯერ არ უქნია.

- ში, ში, ო, - შეუძახა კიდევაც, მაგრამ ნისლა ისევ გარეთ იწევდა უხნავისაკენ: ისევ მოუქნია, კავი გადაუფერდა, მაგრამ დარჩა ხარვეზი.

ხარვეზი არ უყვარდა ლევანას. მისი ნამუშევარი ასი კაცის ნამუშევარში გამოირჩეოდა. ლევანამ ახლა ეს ჩაიდო გუნებაში. კავის ჩამობრუნებისას აქეთობას გამოვხნავო.

მარჯვედ მოაბრუნა ხარები, გამოჰყვა უკან, წინ გაიხედა. იმ გამორჩენილ ხარვეზზე გადაიტანა მზერა. უეცრად ბრიგადირს მოჰკრა თვალი, იდგა, შორიდან უცქერდა ლევანას, თქმით კი არაფერს ამბობდა.

ლევანას თავში დაარტყა რაღაცამ, ალბათ, ხელიდან გააგდებდა ერქვანს, მაგრამ აგერ, ხარვეზზე დაადგა ნიკორა და ის იყო, გვერდი ისევ უნდა აექცია მოუხნავად დარჩენილი მიწისათვის, რომ ისევ მოუქნია სახრე, შეუძახა, მაგრამ უკვე გვიან იყო. კავი ისე გასცდა, ლევანამ ვერ მოასწრო სახნისის გადაგდება.

- აქეთობასაც თუ გადამირჩა, მერე მორჩა, მერე ვეღარ მივწვდები - იცოდა ლევანამ, სამკავგანავლებ ნახნავს იქით დარჩენილს თუ შემდეგ ისევ გადაუგდებდა სახნისს, ამით ახალ კვალს გამრუდავდა და ახლა იმის თადარიგში იყო, მალე ჩამოევლო უკან და თვალში ეკლად დარჩენილი ხარვეზი აენგრია.

მზე თავის საბრძანებლის მწვერვალზე ავიდა და ჩრდილში თავშეუფარებელ ლევანას გაურისხდა. ცხელი ქარი ისევ დათარეშობდა და ყოველ კავის მობრუნებაზე უჭირებდა მიწას.

ლევანამ თვალით გაზომა ნახნავი და უხნავს შეუფარდა. მოასწრებდა დღეს? ვინ იცის, საეჭვო იყო.

ლევანამ სახრე აიქნია, ისევ კავს დასწვდა. როგორმე დღეს უნდა მოესწრო. ამაღამ თუ ქარი იქნებოდა, რასაკვირველია, ხვალ ტყუილად დახოცავდა ხარებს და თავს ტყუილად გაიმეტებდა.

გადაწვა ბელტი ბელტზე. გამოჟონა ოფლმა პერანგსა და ხალათში, აუწვა თვალები, ცხვირიდან წამოვიდა ოფლის წვეთები.

მზე თავდაღმართზე იოლად წავიდა. გაუადვილდა გზა და დაცხრა, დაშოშმინდა, დატკბა და სიამოვნების ღიმილით მიგორდა ლურჯ მთებთან. იქ გაწითლდა, დაირცხვინა, აიკალთავა სხივები და მთების მიღმა ჩაცურდა.

დაღლილი ხარები უხნავში წამოსულ ბალახს ეპოტინებოდნენ და კავს ხან აქეთ, ხან იქით ეწეოდნენ, მაგრამ ლევანა ისევ მარჯვედ ხმარობდა სახრეს და მთელი დღის შეუსვენებელი, ხარებს ბოდიშივით ნელა ახსენებდა თავს, კვალს არ ანებებდა გასამრუდებლად, ამაღამ დიდ პატივისცემასაც ჰპირდებოდა.

გვიან შემოგორდა ლევანა კიკაბიძის ეზოში ურემი. დამშეული ხარები ხარბად ეძგერნენ ათოთინებულ ბალახს. ლევანამ ძოვისას ძლივს გაუხსნა აპეური და უღელი გადააძრო. ურემს ქვეშამადგი შეუყენა, მინდორზე დაეშვა, ხარებს შორის ჩაწვა. დაწვა და თითქოს ისევ შეეშინდა, ისევ გააჟრჟოლა, წამოდგომა დააპირა, მიიხედ-მოიხედა, რაღაც ბრჭყვიალებდა. ელავდა მთვარის შუქზე, რაღაც ციმციმებდა, რაღაც თითქოს იცინოდა ლევანას ეზოში.

დააკვირდა. დიდხანს მაინც ვერ მიხვდა, რა იყო ურემზე ასეთი, დიდხანს შიშით, ცახცახით შესცქეროდა ამ სიცილს.

სახნისი ელვარებდა მთვარის შუქზე.

ლევანა გულაღმა დაეცა და ჩაეძინა.

ხარები იქვე გლეჯდნენ ბალახს. დილასაც იქვე, ლევანას გვერდით დაწოლილები შეხვდნენ.

დღის სინათლემ გამოაღვიძა მძინარე, მძიმედ მოისრისა თვალები, წინ გაიხედა: ღია ჭიშკარი, ურემი, ლაპლაპა სახნისი, ხარები. უკან მოტრიალდა და, მოქუფრული ოდა, შავფარდიანი ფანჯრები, სახურავგაცლილი სამზადი და სამზადის წინ, კართან მიწოლილი ბებერი ნაგაზი.

- შვილები?! - იკითხა ლევანამ, - შვილები?! - გაიმეორა უფრო ხმამაღლა.

- შვილებო! სადა ხართ, შვილებო, შვილებოო?! - უკვე მთელ სოფელს ესმის ეს ხმა.

შვილები არ უნახავს წუხელ სიზმარში ლევანას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ