მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 227 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ისე გაგიხარია, ლუკაია აწოწილო, მანამდე არაფერი ჭამოს შენმა ცხენის კბილებმა, შენ ვერაფერს გახდე დარიასთან. იქნება რაიმე იმედი გაქვს გულში, იქნებ მაშინ რომ არაფერი გითხრა დარიამ, საწადელს ეწიე, გეგონა...

მანამდე დაწვა და არ ადგა შენი გვერდები.

კაცის შვილს მაინც ჰგავდე, შე უბედურო. შენი სიგრძე მოხიბლავს დარიას თუ ცხენივით ხვიხვინი, ხარივით რომ დააბრიალე თვალები, რავა იყო, გეთბილა დარიას ტანი?

დარიას მისი გაჭირვება არ ეყოფოდა, შე უნამუსო? იმოდენა ტომრის გამოტანაში გშველოდა, შეეცოდე, წელს მოიწყვეტსო. მოგეშველა და რა ღმერთი გაგიწყრა, რაღა მაშინ წამოედე იმ ჯირკს. წინ ტომარა გეფარებოდა და ვერ დაინახე? დილის გათენება არ დაინახა შენმა თვალებმა, რაღა მაინცდამაინც დარიასაკენ გაგიცდა ფეხი, რაღა დარიას მხარეზე წაიქეცი და ქალიც წააქციე?! მამამთილს რომ დაენახა, შე დაკარგულო, მერე რა პასუხს აძლევდი დარიას?! კიდევ კარგი, მამამთილს არ შეეძლო და იწვა, თორემ... ან კი მამამთილს რომ შეძლებოდა, დაროს რა საქმე ჰქონდა შენთან, რა უნდოდა შენს სიახლოვეს.

ახლა გიხარია გუნებაში, ლუკაია ყერყეტა: სარდიონის ქვრივი მუხლზე მეჯდაო, არა?

ლუკაია, შენ რომ სინდისის ნატამალი გაგაჩნდეს, რა გაფიქრებინებს ამას. შენ რომ ვინმე წუნკალი მოგეთრია ცოლად და მერე შავ მიწაში წასულიყავ, სარდიონი იკადრებდა ასეთ უღმერთობას?

მერე, დაფქული რომ მოიტანე და დარია არ დაგნახვებია, არ შეგრცხვა? გხედავდა დარო, გხედავდა, შე გარეწარო, მაგრამ არ გამოგიჩნდა, არ გათვალსეირა. იქნებ გინდოდა, დარია მოგშველებოდა და კიდევ დაგცდენოდა ფეხი?

თვალიც არ მოგიკრავს, ისე ჩამოდე ცალიანი აივანზე და ისე წადი. ურმიდანაც გადმოიხედე, ვითომ ისე რა... მაგრამ მაინც რომ ვერსად შენიშნე დარო და გაწბილდი, ამის შემდეგ ფიქრობ, შე წაწყმედილო, მუხლზე მეჯდა ქვრივიო?

სირცხვილი შენი!

ოთხი წელიწადია შავი თავსაფარი ახურავს დარიას. ოთხი წელიწადია მგლოვიარე მამამთილს თავზე დაჰკანკალებს დარია და, ღმერთო კი მომკალი, ქალს მაღლა არ აუხედია, ცის ფერი დაავიწყდა და, შე მართლა უღმერთო, რამ გაფიქრებინა, რა სინდისმა მოგცა?

ოთხი წელიწადია, დარიას გულს არ გაუხარია, მეტი არ გეღირსა, ლუკაია, ბედი და იღბალი...

იმ დღის მერე არც არაფერი გაუტანებია შენთვის, იმ დღის მერე სხვა მეზობლებს ეხვეწება დარო წისქვილში საფქვავის წაღებას. ზოგჯერ თვითონ დაროც აიგდებს მხარზე და გასწევს. კი, ძლიერ წუხს მამამთილი, ქალი და წისქვილიო?! მაგრამ დღეს ის დრო აღარაა, მამამთილს რომ ახსოვს - ვინ გაუწბილებს, ვის გაუკვირდება. ჩაის საკრეფადაც იქით დადიან ქალები. დაროც ერთ ფუთამდე საფქვავს გაიძღვანიებს, დატოვებს, საღამომდე ჩაის კრეფს, საღამოს გამოივლის, მზამზარეული დახვდება და...

მერე მკრეფავებიც დაემგზავრებიან, ზოგჯერ ურემიც წამოეწევა. ხან ვინ მოეშველება და ხან ვინ წაუკრავს ხელს. ზოგჯერ თვითონ მარტოც უთრევია შუაზე გაწყული ტომარა, გზაზეც შემოღამებია, მაგრამ არაფერი. ყანები რომ დაილევა და სურმუხის გრძელი ტყეები იწყება, ცოტა კი შეშინებულა ქვრივი, მაგრამ რა, აქეთ, ჯერ ერთი, ათასში ერთხელ თუ გაივლის მგზავრი და თუ ვინმეს მართლა გადაჰყრია, არავისგან მოკრძალებული სალმის მეტი არაფერი იცის. ამ ცოტა ხანს კიდევ და, აგერ, ახალ წისქვილს აშენებენ სოფლის შუაში, ეს დალოცვილი ელექტრონი მაინც - სადაც გინდა, იქ მიიყვან.

და ასე ურჩევნია დაროს. ლუკაიას მოსამადლებელი კი არაფერი უნდა. ასე სჯობია, ცოტა გაუჭირდეს კიდეც, ვინემ ერთი ტომარა სიმინდის დაფქვისათვის ლუკაია აწოწილმა კალთაში ნესვივით აგოროს.

მანამდე არაფერი ჭამოს, ლუკაია, შენმა კბილებმა!

ორჯერ გამოიარა აყლაყუდამ მას შემდეგ ურმით და ორჯერვე პირში ჩალაგამოვლებული გაბრუნდა. ვითომ არაფრად ჩაუგდია. ვითომ აქაო და, აგერ, სხვა მეზობლების საფქვავიც მიმაქვსო, ხომ ხედავ, ურემი სავსე მაქვს ტომრებითო, მაგრამ დარომ იცის, ცხენის კბილებს რა კბილის მატლი ღრღნის.

დღესაც გაუთავდა ფქვილი დაროს, დღესაც ამოფერთხა კოდი, მამამთილმა ვერ იქნა და ისე ვერ მოიკეთა, საწისქვილედ გამოდგეს. ვითომ წამოდგა, მაგრამ ეზოში მაინც ძლივს დააბიჯებს, ამ ერთხელ კიდევ დარიას მოუწევს წასვლა, მერე მამამთილი მომაგრდება და...

საცაა ამ დღეებში აწოწილიც ჩამოივლის ხარ‒ურემით, მაგრამ ისევ პირში ჩალაგამოვლებულს გაუშვებს დარო. იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს, რამდენი ფეხი დაუცდება აყლაყუდას, სარდიონის ქვრივი იმდენს ფიანდაზად ვერ გაეგება.

წავა, ახლავე გამოიტანს სიმინდს ნალიიდან. დაფშვნაზე მამამთილსაც მოიშველიებს.

საღამომდე მისვლასაც მოასწრებს და მოსვლასაც. არა, ახლა ვეღარ დატოვებს საფქვავს, იქით აღარაა ახლა ჩაის კრეფა. გვალვები დაიჭირა და შეაჩერა მწვანე ფოთლის ზრდა. ახლა სადაც სარწყავი ადგილები აქვთ, იქით გადაიყვანეს მკრეფავები.

მაგრამ დაფქვასაც მოასწრებს. ჯერ ადრეა, საღამომდე როგორმე დაფქვაც უნდა მოასწროს, თორემ იქ ყოველდღე ვინ ივლის? მერედა, საცაა, ის ცხენიც არ გამოჩნდება და ურემზე არ დაუდებს! დაუდებს, სახლში მიუტანს და ერთს გრძლად ჩაიხვიხვინებს:

- რა მიგარბენინებდა, გოგო, მე ვერ წაგიღებდი თუ...

გოგო?! ვინაა მაგის გოგო! ქალს ქმარი ჰყავდა, ოჯახი აქვს, რა პასუხია ქვრივი ქალისთვის - გოგო. გოგოობა, ბარე ექვსი წელიწადია, დაამთავრა დარომ. ეს იმ ცხენმაც იცის, მაგრამ...

გოგო...

ღმერთო კი მომკალი, ვინაა მაგის გოგო!

დაროს თვალმა არ დაინახოს მაგ კაცის ჭირი, თვარა...

დარომ ორად გაწყული ტომარა მოიდო, შავი თავსაფრით შუბლი დაიფარა და გზას გაუდგა.

ჩქარა ივლის დარო და დაფქვასაც მოასწრებს.

აყლაყუდა, ვერ მოესწრები იმ დღეს...

აგერ, დღე‒დღეზე ახალი ელექტროწისქვილიც აშენდება და ლუკაიას დაუდგება ორივე თვალი.

მზე მიწურული იყო, როცა ქვრივი წისქვილს მიუახლოვდა და თავსაფარი მოიგლიჯა. გაუკვირდა, გზას ხომ არ ავცდიო.

არა, გზას არ ასცდენია დარო. აი, აგერ მდინარის კალაპოტზე გადამჯდარი ძელის წისქვილი, თეთრად შეფიფქული კრამიტის სახურავით, მაგრამ...

ჩამიჩუმი რომ არ ისმის...

კარი ღიაა, მაგრამ მეწისქვილე არა ჩანს.

დარომ ფრთხილად შეაბიჯა ღია კარში - ტომრები ტომრებზეა. ფეხის დასადგმელი ადგილი აღარაა. ეს მეწისქვილე მაინც სადღა გადავარდა!

დარომ საფქვავი ჩამოიღო და წელში გასწორდა. მერე კარებში გავიდა, წყლის საგუბარს გახედა. მეწისქვილე გადასაშვებზე ჩაცუცქულიყო და ჭილოფის ძირებით შეკრულ ბელტს ატენიდა გადასაშვების ჭუჭრუტანებში.

წყალი აკლდა წისქვილს, საფქვავიც ამიტომ დაგროვილიყო.

კარგა ხანს უცადა დარომ მეწისქვილეს.

სახლში მაინც გამიშვას ოჯახქორმა - შეწუხდა დარო.

მეწისქვილესაც არ ეამა ქვრივის გაწბილება.

- ახლა მაინც არ ამევსო ხვიმარა, - სინანულით თქვა და უკვე შეგუბული წყალი ღარში გაუშვა.

დაეშვა წყალი, ეცა ფირფიტებს, დოლაბებიდან ლუკაია აწოწილის ხვიხვინი მოისმა.

დარომ შეშინებულივით მიიხედ‒მოიხედა. მეწისქვილის წისქვილში არავინ ჩანდა.

ლუკაია კი, თითქოს ისევ ხვიხვინებდა აქვე, დაროს გვერდით და ხვიმირის კრიჭიდან იმარცვლებოდა კაკალი.

- სად წამიხვალ, სად წამიხვალ, - ალიკლიკდა სარეკელაც.

კარგა ხანია, წასულია დარო, მისი დარდი ეყოფა, თავი დაანებე, კაცის ჭირო, თორემ დარო თავს არავის დააჩაგვრინებს.

მეწისქვილემ ტომარა ჩამოაგო ალაოს კიდეზე უთავო ლურსმნებს და ფქვილის ჩაყრას შეუდგა.

- ვერ წამიხვალ, ვერ წამიხვალ! - ისევ ახვიხვინდა აყლაყუდა.

აწოწილო, შენს გზას ეწიე, დარო არაა შენი სათამაშო ქალი. ოჯახს მოეკიდე, ტყუილა უძუძგურებ სარდიონის ქვრივს. დაროს ორწელიწად‒ნახევარს მაინც ეძინა ქმრის მკლავზე.

- სად წამიხვალ, ვერ წამიხვალ! - არ იშლის აწოწილი და ხვიხვინებს.

მეწისქვილემ ალაოდან ფქვილი ამოიღო და დაროს მიუბრუნდა:

- თუ მოიცდი, როგორც კი ეს ჩამოიცლება, პირველ რიგში, პირველ რიგში... - ბოდიშობს მოხუცი.

დაროს ახლა მოაგონდა, რომ ღამდებოდა. წამოიჭრა, დასავლეთს გახედა. მზე მალე ვარსკვლავების ამარა დატოვებდა ქვეყანას.

მეწისქვილემ დაროს საფქვავი ჩაცალა ხვიმირაში.

- სად წა‒მიხვალ, სად წა‒მიხვალ, - ლიკლიკებდა სარეკელა და ხვიხვინებდა დოლაბებში ლუკაია.

ვინ იცის, აქამდე დაროს უჭვრეტდი ფარულად და საკუთარ ოჯახს არ მოეკიდე, მოეგე შენს თავს, უბედურო. დარო არაა ბოროტი გულის, რა ვუყოთ, რომ ბედმა უმუხთლა, ამიტომ სხვას რას ერჩის, სხვისი ბედნიერება არ შეშურდება დარიას. შენს გზას ეწიე, ლუკაია, შენი ცხოვრება ეძიე, შე საცოდავო.

მაგრამ დოლაბებს ხმა გაებზარა და სარეკელამაც ღეჭვა დაუწყო სათქმელს.

მეწისქვილე გავიდა საგუბარზე და ღარში განახევრებული წყალი გადაკეტა.

წყალი შეწყდა. სარეკელამაც ენა ჩაიგდო.

- ბიძია! - აღმოხდა დარიას.

ბინდი წვებოდა ირგვლივ. დუმდა სარეკელა და კრიჭაშეკრული ფიქრობდნენ დოლაბები.

შორს ურმის ჭრიალი გაისმა მყუდროებაში.

- საურმე საფქვავი მომაყენა კიდევ ვიღაცამ, - ჩაიბუზღუნა მეწისქვილემ.

ჭრიალი ახლოვდებოდა. დაროს ტანში გააჟრჟოლა.

- ვერ წამიხვალ, ვერ წამიხვალ! - წრიპინებდა გაუსაპნავი ღერძი.

ურემი წისქვილს მოუახლოვდა და გაჩერდა.

კარებში მეწისქვილემ გამოყო თავი და გამარჯობაზე უწინ ამდენი საფქვავი უსაყვედურა მოსულს, - თაგვების საჭმელად მოიტანეო? - იკითხა.

პასუხად გრძელი ხვიხვინი გაისმა.

დაროს ფეხის ფრჩხილებამდე გააჟრჟოლა და თვალებდახუჭული ცალიანს მიეყრდნო.

- მოწვიმს, - ხვიხვინებდა ლუკაია, - მოწვიმს, არ მოწვიმს და მაგის დარდი გაქვს?

დარო ადგილიდან წამოიჭრა. აქ, აქ რომ ლუკაიამ დაინახოს...

ღმერთმა ნუ ქნას... ლუკაია, რატომ ფეხები არ დაგტყდა, რატომ ურემი არ გადაგიბრუნდა, რატომ ხიდი არ ჩაგენგრა. რა ცოდვამ მოგიყვანა, ლუკაია, რა ავმა ქარმა გადმოგაგდო. ეს უნდოდა დაროს, ამიტომ მოიკლა ქალმა თავი და ამიტომ ყურყუტობდა ამდენ ხანს?

არა, უნდა გაიქცეს დარო. ლუკაიამ არ უნდა დაინახოს აქ.

კი, სხვა გზა არაა.

მაგრამ... მეწისქვილე... მეწისქვილე რას იტყვის, ვინ იცის, გუნებაში კიდეც გაუხარდა მოხუცს. მგზავრი ვუშოვე შეგვიანებულ მარტოხელა ქალსო.

არა, არა! რაც უნდა - ის თქვას, რაც უნდა - ის იფიქროს, ლუკაიას ვერ დაემგზავრება დარო, მასთან ვერ გაივლის ამოდენა ყანებს, იმოდენა სურმუხის ტყეებს, ორღობეებს, შუკებს და სახლში ლუკაიასთან ერთად ვერ მიადგება მამამთილს.

არა, გაქცევა ჯობია.

ლუკაიამ ცალიანი შემოიტანა, ბნელში ტომრებზე დაანარცხა და ასანთი გაჰკრა. ღარში წყალი გაუშვა მეწისქვილემ და ახვიხვინდა ლუკაია.

- ახლა მაინც სად წამიხვალ, ახლა მაინც ვერ წამიხვალ!

წამოიწია დარო, მაინც ვერ ადგა ადგილიდან, ზურგი შეაქცია შემოსულს და თავსაფარი ჩამოიფხატა თვალებზე.

ლუკაიამ ჭრაქს მოუკიდა.

- აქ ხარ, გოგო? რა მოგარბენინებდა, მე ვერ წამოგიღებდი თუ?..

დაროს არაფერი უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ შეეშინდა, ასე დაუბრებაც არ ივარგებდა და ძლივს ამოღერღა:

- რა ვიცოდი... რომ მცოდნოდა...

ლუკაიას არც გაუგონია დაროს ხმა წისქვილის ხრიალში. ისევ უკან გაბრუნდა, ისევ შემობრუნდა მეორე ცალიანით. გულზე მიეკრა ამოდენა ტომარა და მოალაჯებდა.

- რას ეძებ, კიმოთე? - ჩაიხვიხვინა შემოსულმა და ტომრიანად მიბრუნ‒მობრუნდა.

- ტომარი, ტომარი იყო აქ ცარიელი, - ფათურობდა მეწისქვილე.

- ტომარი, - გაიმეორა მანაც, - იქნება, სად დაიკარგება, - და ძლივს მოიფიქრა ცალიანის დადება.

„აი ცხენი! ნამდვილი ცხენი!“ - გაიფიქრა დარომ.

პირველი ცალიანი დაედო ლუკაიას დაროს ცარიელ ტომარაზე. ძლივს იპოვეს ბოლოს.

- სად დაგიდევს, შე კაცო?! - იწყინა კიმოთემ.

- ბნელი იყო და... - დაავლო ხელი და ახლა იქით გადაიტანა ლუკაიამ, ტომრები მოზიდა და მუხლი იქვე მოიკეცა.

- გვალვებია, აჰ, - ჩაიხვიხვინა ერთი და თუთუნი შეახვია. დარო თითქოს არც გახსენებია, ვითომ არ მოჰგონებია, რომ აქ იყო, მერე ჭრაქზე მიიტანა მუთაქასავით შეხვეული თამბაქო და გააბოლა. დარიასაკენ ისევ არ მოიხედა.

„აჰ, გლახა ეშმაკი, ვითომ აქაოდა, არც ახსოვს დარია, არც იცის - თუ აქაა. მერე კიმოთეს მიეშველა, ფქვილის ამოღებას შეუდგა.

აჰ, გეჩქარება - მალე ჩამოვიდეს, მალე გავუდგეთ გზას და“...

ხვიმირაში ახალი საფქვავი ჩაცალეს.

ლუკაიამ ტომარას თავი მოუკრა და ხელში აიტაცა. კართან მოიხედა, ვითომ ახლა მოაგონდაო, კიმოთეს გადმოუჭიხვინა:

- გაწვიმდება, აბა არ გაწვიმდება!..

მერე დარიას გადმოხედა:

- არ მოხვალ, გოგო?

„ცხენი!“ - ისევ გაიფიქრა დარომ და ნაცემი ძაღლივით წამოდგა. იქვე გადააწყდა ტომრებს და სავსე ცალიანებს მიეხალა. წამოდგა. ისევ გამოედო, შებარბაცდა და კარებამდე მივიდა.

გარეთ ბნელოდა, კარის ძგიდეს მიეყრდნო და წინ ფეხის წადგმა ვერ გაბედა.

- მოდიხარ?.. აღარ მოდიხარ?.. - ხვიხვინებდა ლუკაია. „ეჩქარება!“

- აგერ ვარ, ჰა... - გაეხმიანა ისევ და ეტყობოდა, ურმიდან ჩამოხტა, რომ დარო ბნელში გავარდა. აქ მაინც არ ახლოს ხელი ამ არაწმინდამ, მეწისქვილის თანდასწრებით.

- აგერ ურემი! - ხელი შეაშველა ლუკაიამ.

- ვხედავ, - ამოიჩურჩულა დარომ. უნდოდა, ეყვირა - ხელი, ხელი მიშვიო, მაგრამ ლუკაიას ხელი არ ეკიდა.

მძიმედ დაიძრნენ. ჩხილაზე ხელჩაკიდებული გამოჰყვა ლუკაია გზაზე დამდგარ ხარ‒ურემს.

ურმის ზეწარზე ჩამომჯდარი დარია ორივე ხელით ჩაეჭიდა ჩხილას და თავი მკლავებში ჩარგო.

ნაურმალ, ოღროჩოღრო გზაზე ინჯღრეოდა ურემი, ხტოდა, ჯაგჯაგებდა, გორახებსა და ხრამულებში მიგორავდა, მიგორავდა და იქვე, ურმის კოფოსთან მოისმოდა ლუკაიას ფშვინვა და ფრუტუნი.

- ცხენი! - ამოიკვნესა დარიამ.

- რა იყო, გოგო, ძალიან დაგანგრია ურემმა? შენც რაღა ღერძთან დაჯდომიხარ, წინ გადაჯექი.

ისევ მიგორავდა ურემი და კოფოსთან მოფრატუნებდა ლუკაია.

წისქვილის ხმა კი მიწყნარდა, მისუსტდა, მიილია.

- ოო‒ჰო! - მოისმა მეურმის ხმა.

ხარებმა სვლას უკლეს. რამდენჯერმე კიდევ გადაგორდა ბორბლები ხმელ გორახებზე და შეჩერდა.

- ვაიმე! - ამოიგმინა უხმოდ ქვრივმა და თავი წამოჰყო.

ურემი ბოგირთან იდგა.

რას აპირებ, ლუკაია, რატომ შეაჩერე ურემი? ხიდია, შე უღმერთო, ყველა გზა აქ იყრის თავს, ვინმე გადაგვეყრება, დარიას ისედაც არ ეყოფა თავლაფდასხმა, რომ ქვეყანაში არ გამოაჭენო? ლუკაია, ხიდზე მაინც გადასულიყავ, ურემი გზიდან სადმე გადაგეყვანა, თუ არადა, ტყემდე მოგეცადა, ტყემდე...

ტყეც შენს ხელშია და ორღობეც! ლუკაია, რა გაუმაძღარი ჩაგიძვრა მაგ ცხენის გვამში? აქ მაინც არა, აქ. ბოგირთან მაინც არა, შე აყლაყუდა, ხელი, ხელი არ ახლო, ლუკაია, ამ ქვეყნის გადასასვლელზე.

ლუკაიამ ხიდზე გაიარა. ერთგან ბოგირი ჩატეხილი იყო. მოძებნა დაზიანებული ადგილი, კარგად დაიმახსოვრა, მერე ისევ ურმისაკენ გამოსწია.

„ლუკაია, ამ ხიდს გადააცილე ურემი და ჯანდაბას შენი თავი...“

ლუკაიამ სარქე დაუგრძელა ხარებს, მერე ფრთხილად მოუთათუნა წკნელი და ნელა დაიძრა ურემი. შეგორდა თვლები ბოგირის მიწაყრილზე. ფრთხილად აუარა გვერდი ჩატეხილს და თამამად გაიყვანა გზაზე. სარქე ისევ ხელნის თავს გადაადო და ხარებს გადაუჭირა.

ხარები სირბილით დაეშვნენ ბოგირის შემაღლებიდან და უკან მოიტოვეს მეხრე.

ლუკაია დინჯად უახლოვდებოდა ურემს. უკვე აღარ ჩქარობდა აწოწილი. დაეწევა, ახლავე დაეწევა. ხარები ისევ ტაატზე გადავიდნენ, წამოეწევა კაცის ჭირი და...

აქ მაინც არა, აქ, ამ შუა გზაში მაინც არა, ტყემდე მაინც მოგეცადა...

თუმცა...

თუმცა გზაც შენს ხელშია, ტყეც და ორღობეც.

ლუკაია აგერ მოფლატუნებს. აგერ, ურმის კოფომდე ათი ნაბიჯიც არაა დარჩენილი. ხარებმაც ლუკაიას გულგასახარად კიდევ უფრო უკლეს ნაბიჯს.

ლუკაია ახლა ურმიდან შვიდ‒რვა ნაბიჯზეა.

რა ვუყოთ, რომ ღამეა, რა ვუყოთ, რომ მთვარე დავახშმებულია. მაინც გზაა, ვინ იცის, რომელი შეგვიანებული მგზავრი გადაგვეყრება, ვინ იცის, რომელი მონადირე ან წისქვილში მიმავალი ტომრიანი წაგასწრებს, ლუკაია?

ლუკაია უკვე სამ‒ოთხ ნაბიჯზეა ურმიდან. აყლაყუდა, გზაშარაა, ნუ გამოაჭენებ ქვეყანაში ქვრივს!

ლუკაიას ორი... ერთი ნაბიჯიღა დარჩა...

ლუკაია ურმის ჩხილას წაეტანა...

ფშვინავს, ფრუტუნებს...

ცხენი!..

დარომ თავი მკლავებში ჩარგო. მას არ შეუძლია, დაინახოს, როგორ შემოადგამს აწოწილი მუხლს კოფოზე, მერე მეორე ფეხს ამოიტანს და შეწყდება მისი მოჩლახუნე ფეხის ხმაც. ურემი უკან მოიკოჩება, ლუკაია მუხლებით გამობობღდება და...

ლუკაია, გზიდან მაინც გადაიყვანე ურემი...

ტყემდე არ მოიცდი, ტყემდე არ დამაგრდები, ლუკაია, მაგრამ...

კარგი, ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას, ოღონდ, გზიდან, გზიდან გადაიყვანე ურემი!

- შენ რა, გოგო, წინ არ გადაჯექი? - დაიხვიხვინა კოფოსთან ლუკაიამ.

- არა... ჰო, ახლავე... ვერა... - ამოიჩურჩულა ქვრივმა და ორივე ხელი მოუჭირა ჩხილას.

უყურე შენ ამ უგვანოს, რავა ეშმაკობა იხმარა, არ გადაჯექიო? ურემი დაგანჯღრევსო და აი, ახლა ამოძვრება, შემოვა ურემზე დაჩოქილი და ხელს წაავლებს, ჰო, წაავლებს ხელს წელზე... წელზე მოხვევს... მეორე ხელს... მეორე ხელს... ღმერთმა ნუ ქნას, მუხლებს ქვეშ ამოუტარებს და... ვითომ წინ უნდა გადაიყვანოს, ვითომ არ დაინჯღრეს დარო, ვითომ დაროზე ზრუნავს, ვითომ დაროს შეწუხებას ერიდება.

ლუკაია, ლუკაია, ნუ მოუჭერ. ზომიერება იცოდე, შე მართლა ცხენო. შენ კამეჩს მოერევი, ლუკაია, ცოდვა‒მადლი იქონიე. ფრთხილად, ფრთხილად, ძვლები არ დაუმტვრიო, გულზე არ მიისრისო ქალი.

ლუკაია, შენ კოცნაც არ გეცოდინება. შენ რა იცი, რას ნიშნავს ნაზი, თბილი ამბორი.

ლუკაია, შენი ცხენის კბილები ხარის ტყავს დახევს, არ გაგიწყრეს შენი გამჩენი და არ დაკბინო ქალი, ქვეყანაში არ მოჯაყო ქვრივი.

არ დაიშლი?..

არ დაიშლი, შე პირუტყვო, მარა, სახე, სახეზე მაინც ნუ, სახე მაინც დაუტოვე დაუდაღავი. ჯანდაბას, ტანზე კიდევ სამოსი ფარავს ადამიანს, გულ‒მკერდს, ბეჭისთავებს, მკლავებს, ყველაფერს ეშველება, მაგრამ სახე?

კოცნა შენ რა იცი, ცხენო, შენ ლოშნა გეცოდინება, ჯანდაბას შენი თავი, ოღონდ კბილები, კბილები არა, მერე შენი კბილები რა კბილში გაერევა, შენს ნაკბენს მთელი სოფელი იცნობს. აი, თუნდაც კისერი. მაღალი, თეთრი კისერი აქვს დაროს. ჯანდაბას, ხვალ შეიხვევს, გაცივებას მოიმიზეზებს, განგებ დაიწყებს ხველას, ოღონდ სახე არა.

ურემი ნელა მიგორავს ოღროჩოღრო გორახებიან გზაზე და იქვე ჩხილაზე ხელჩაკიდებული ლუკაია მობლაყუნობს.

ვითომ არაფერია, აჰ!

ვითომ შეიბრალე ქალი, ამ შუა გზაზე არაფერი აკადრე, არა? ვითომ ტყეში აღარც სინდისი მოგეთხოვება და აღარც ნამუსი, არა? ტყეში ვითომ ვეღარც კაცი დაგინახავს და ვეღარც ღმერთი? ტყეში ჩადენილი ცოდვა ცოდვა არაა, თუ?

აი, ტყეც აღარაა შორს და რაღა გიჭირს, თავისუფალი ხარ ყოველმხრივ. ურემს დააყენებ და მთელი ღამე უნდა ახვეწო დარია: გამიშვი, სახლში გამიშვი და ხვალაც შენი ვარო, არა? ზეგაც შენს ხელთა ვარ, ოღონდ ამაღამ ნუ გადამირევ მამამთილსო? ერთხანს ყურად არ იღებ, ერთხანს არ მოისმენ, მერე არ დაიჯერებ, ისევ არ მოეშვები დაროს და ბოლოს თვითონ ათქმევინებ ფიცით, ხვალ საღამოს წიფლნარის ტყეში დაგიხვდებიო, თვითონ დარიას დაათქმევინებ ადგილს.

მერე, რაღა ქნას დარომ, როგორ უღალატოს ნათქვამს, როგორ გატეხოს სიტყვა ან კი შენ მოეშვები ასე იოლად?

ნუ, ლუკაია, ნუ, ნუ დააგვიანებ, შენ არ იცი მამამთილის ამბავი, შენ არ იცი, რას ნიშნავს სოფლის ყბაში ჩავარდნა. დაუჯერე, ლუკაია. შენ იცი, დაროს ტყუილი არ უყვარს. მოვა, უსათუოდ მოვა. შეღამებისთანავე იქ გაჩნდება, როგორც კი მამამთილი მიწვება და თვალს მილულავს. საქმეს ადრე მოითავებს, ყველაფერს მოასწრებს, ათი დღის საქმეს მოასწრებს, ზეგაც მოვა, მაზეგაც, ოღონდ ახლა ნამეტანს ნუ დააგვიანებ, რა იყო მართლა, შე კაცო, ადამიანი ხარ, რა ვეშაპი ჩაგიჯდა მაგ სხეულში?!

ურემი უკვე სურმუხის დაბურულ ტყეში, მიჯაყჯაყებს და იქვე კოფოსთან მოყერყეტობს ლუკაია. ფშვინავს, ფრუტუნებს, ალბათ, უკეთეს, მოხერხებულ ადგილს უცდის.

აყლაყუდავ, სახეს არ შეეხო კბილით. სახლშიც დროზე გაუშვი ქვრივი. ოჯახი აქვს დაროს, მამამთილი ჰყავს, სინდისი აწუხებს და ნამუსი. შენსავით თავზე ხელაღებული ხომ არ იქნება ქალი. შენ, ლუკაია, კაცი ხარ, ცოლი არ გაწუხებს და შვილი, ვაჟკაცს ვინ რას გაგიწბილებს.

ლუკაია, არ გაგიწყრეს ღმერთი, სადმე არაფერი წამოგცდეს.

ლუკაია...

შენი ხელით არ გამოჭრა ყელი ქვრივს. თქმა კი არა, თავი უფრო შორს უნდა გეჭიროს ამაღამინდელის მერე. ვაჟკაცი ქალის სახელს თვალისჩინივით უნდა უფრთხილდეს, თვალისჩინივით, შე მართლა ცხენო! ამ ტყეში დიდხანს დარჩენაც არ ივარგებს. მერე, ლუკაია, მერე თვითონ ჩამოვა დარო წიფლნარში, ხშირი ბუჩქნარი რომ იწყება, იქ, ერთგან, შუა ბარდებში, პატარა, თავშლის გაშლა ადგილია, შიშველი, უბალახო, ძველი ჩამონაყარი ფოთლების ამარა, იქ ჩაიმალება. შენ, ალბათ, უფრო აქეთ გეგონა მისასვლელში, სადაც უფრო გაშლილი ტყეა და კურკანტელის და მაყვლის ძიგვე ფარავს ორმხრივ. იქ მაღალი ბალახია მუხლამდე. შენ დაროზე ფიქრობ, ლუკაია, მწვანე ბალახი ბუმბულივით რბილი იქნებაო, არა? მართალია, ლუკაია, მართალია, მაგრამ ბალახები უარესია. შე ცხენო, შენ ბალახებს კი არა, ხეს წააქცევ და გათელილი ბალახები... მეორე დღეს იქ ხომ ვინმე გაივლის, ის ადგილი ახლოსაა სოფელთან. იქ ვინმე უსათუოდ გაივლის და გაგვცემს, ლუკაია, გათელილი ბალახები!

არა, არა, ლუკაია, იქ უკეთესია. იქ ხშირი ტყეა, ირგვლივ ბუჩქნარია და არც მაღალი ბალახი არაა. იქ წელიწადში ერთხელ არ გაივლის ვინმე. მართალია, მოშორებითაა, მაგრამ შენ რომ იცი, ისეთი ხვიხვინიც რომ წაგცდეს, ვერავინ გაიგონებს. რაღაცას ხომ იტყვი კიდეც, ასე მუნჯად ხომ ვერ იქნები...

ბორბალი გზის კიდეზე დარჩენილ ხმელ ჯირკზე შედგა და ურემი გადაიფერდა. გადაიფერდა, მერე უცებ დაეხეთქა.

- ლუკაია!.. - აღმოხდა დარიას.

ლუკაია ისევ თუთუნს ახვევდა, ერთხანს ხმა არ გაუცია. მერე ქაღალდი დაანერწყვა, დააწება, პირში გამოიჩარა, ასანთს გაჰკრა და როცა ერთი გრძელი ნაფაზი გამოუშვა, ჩაიხვიხვინა:

- რა იყო, გოგო, ურმის გადაბრუნების შეგეშინდა? აგერ არა ვარ თუ?

- ჰო, შენი... - სიტყვა გაუწყდა ქვრივს, ერთხანს უხმოდ აცმაცუნა ტუჩები და ბოლოს გაბედა:

- შენი იმედი კი მაქვს, ლუკაია!..

ლუკაიამ გრძელი ნაფაზი ისევ გამოუშვა და ჩაიხვიხვინა:

- ჰოდა, ნუ გეშინია!

არა ეშინია, ლუკაია, შენი დაროს, აქ რაა საშიში. იქ კი... იქ, ბოგირთან ეშინოდა, ბოგირთან არ ივარგებდა, ლუკაია. არც ბოგირს გადმოღმა.

ურემი ნელა მიხრიგინობდა ოღროჩოღრო ნაურმალზე, თვლები გადადიოდა ხმელ გორახებზე, ხის ფესვებზე, ვარდებოდა ორწოხებში და მიდიოდა. ლუკაია მოყანყალობდა იქვე, კოფოსთან და უშვებდა მაგარი თამბაქოს ბოლს.

ტყე დაილია...

ლუკაია, ცხენო, ტყე დაილია, რას აპირებ, ლუკაია, ლუკაია, უღმერთო, ორღობეები იწყება, აი, პირველ მოსახლისას სინათლეც კი ჩანს.

ლუკაია, სოფელი დაიწყო!

აყლაყუდავ, რაღა აქამდე მიიყვანე საქმე, კაცმა რომ ვერაფერი გაიგოს, ძაღლი დაინახავს, ხეებზე შებუდრული ქათამი გაიგონებს. რა ჰქენი ეს. ლუკაია, რა ეშმაკმა შეგიკრა ხელები, რა ალქაჯმა ჩაგიგდო ენა. ორღობეში დილამდე დარჩენა ვის გინდა, დაუმალო! შენ რა იცი სიფრთხილე, ან ჩხილას წამოკრავ ხელს, ან ურმის ზეწარზე მოგიხვდება ფეხი. მძინარე სოფელს შენი ლოშნა და ქშენა გააღვიძებს მარტო.

ლუკაია, რა ჰქენი ეს!

აყეფდა ძაღლი.

ურემი ორღობეში დაყრილ ქვებზე ახრიგინდა. ლუკაიას თუთუნი მოეწია, სახრე ბეჭებზე მოედო და ორივე თავში ჩასჭიდებოდა ორივე ხელით.

ცხენო, ლუკაია ცხენო, დასცინი?!. დასცინი დარიას, განგებ აჭიანურებ. ვითომ არ გინდოდა, ძალადობა გამოგსვლოდა და ტყეში ამიტომ არაფერი აკადრე ქალს? ვითომდა რაო, სოფელში შენი თანხმობაც იყოო, თორემ რატომ ხმა არ ამოიღეო. ხმა როგორ უნდა ამოიღოს, როცა ამოდენა გზა, ტყე და ხიდი მარტოდმარტომ იარეთ ამ შუაღამისას? აქ კიდევ არა, შენს სახლში რომ მიიყვანო დარო ამაღამ თავისი ფეხით, ეს დანაშაული მაინც შენს კისერზეა.

ლუკაია, სახლი!..

ლუკაია, დაროს სახლი გამოჩნდა!..

კაცის ჭირო, როგორ გაბედე, ქვრივს რომ მის ჭიშკართან უპირებ შერცხვენას, ამოდენა გზა და ბნელი ღამე შენს ხელთ არ იყო, აქამდე არ მოგეყვანა საქმე?

ურემი ჭიშკართან გაჩერდა.

გაჩერდა ურემი, ლუკაია, აგიხდა განზრახული, ახტები ზედ, დაავლებ ხელს და...

შე უღმერთო, აქ, მის ჭიშკარზე, სადაც ოცდაათ ფეხის ნაბიჯზე მამამთილი წევს, ლუკაია, რატომ ჰქენი ეს.

- არ ჩამოხვალ, გოგო?

ჩამოვა, ჩამოვა, ლუკაია, სხვა რა გზა აქვს. აი, ადგება და ჩამოვა, შენ ვითომ ჩამოსასვლელად მიაშველებ ხელს, მაგრამ მიწაზე ფეხის დადგმას რომ აღარ აცლი? აქვე კოფოზე...

კოფოზე...

ლუკაია, ტყეში და ყანაში რა უშავს, იქ მთელი ღამეც რომ გაათიო, ვინ გაიგებს, აქ კი სხვაა, მალე მაინც გაუშვი ქალი და ხვალ თვითონ მოვა, სადაც შენ ეტყვი, სადაც შენ გინდა.

ლუკაიას ხელი არ შეუშველებია. იგი ტომარას წაეტანა ჩამოსაღებად.

დარო ალაგესთან აიტუზა.

აი, აქ, ამ ალაგემდე იცადა ლუკაიამ. ამ ალაგესთან უნდა აისრულოს ყველაფერი. აქ, ალაგესთან უნდა მიიმწყვდიოს და...

ლუკაია, შე ცხენო, ალაგეს დაბალ სარებზე ფრთხილად გააწვინე ქალი, სარის გადანაჭერ თავებზე ფიცარი მაინც იყოს გადაჭედებული, ფრთხილად, შე ცხენო, ხერხემალი არ გადაუტეხო, გადასასვლელზე არ გადააკლა ქალი.

ლუკაიამ ტომარა წამოიღო ჭიშკრისაკენ. დარო ზურგით აეკრა გადასასვლელს, თვალები დახუჭა, გაშლილი ხელები გულთან დაიჭირა და როცა ლუკაიას ფშვინვა ყურთან ჩაესმა, აცახცახებულმა ამოიკვნესა...

- რას შობი, რას... რას ჩადიხარ, ლუკაია?!.

ლუკაიამ ფქვილიანი ტომარა იქვე, დაროს ფეხებთან დადო, რადგან ქალი ალაგეს ზურგით იყო მიყრდნობილი და ეზოში გადადება არ მოხერხდა.

- ღამე მშვიდობისა, გოგო!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ