მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 191 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გულზვიადი მამა ჰყოლია დადაშ გულბანს. ჭაბუკს მშვილდ-ისრით ღმერთთათვის ნიშანდაკრული ხარჯიხვი მოუკლავს. მამა განრისხებულა, ღვთაების შესაწირს კაცის ხელი არ უნდა შეხებოდაო. ორი დღე სდია შვილს მოსაკლავად.

მდინარე ფაზისის მფრინავ ტალღებში ფიჭვის ორი მორი გააწვინა დადაშმა, თვითონ ზედ შედგა და ბარისაკენ გასცურა, კავკასიონის უკანასკნელ კლდეფერდზე გადმოხტა ტივიდან. მაშინ იქ, სადაც ახლა უქემერიონის კალთებია, ძელქვის გაუვალი ტყე ყოფილა. ძელქვები ვაზის მტევნებით იყო დახუნძლული. მათ ფესვებთან ჭაბუკს კარავი მოუღობავს, კერა გაუჩაღებია და ცხოვრება დაუწყია.

ზემოთ, წიფლნარსა და მუხნარში გარეული ღორი იცოდა, ცამდე აშოლტილ მთვლემარე უღრანში კი ირემი და შველი. აბა, სანადირო როგორ დაელეოდა მის გამჭრიახ თვალს და ვეფხვის მოქნეულ ბწკალივით მკლავს. მისი თითებით მოზიდული ისარი ორი დღის სავალზე დაეწეოდა ცაში აფრენილ ფრინველსა და ველზე გაჯირითებულ შველს. ფათერაკისაგან დედის ხელით მკერდზე დაკიდებული დევის კბილის ავგაროზი იცავდა. კეთილს კი თვითონ სცნობდა. მაღალ მწვერვალთა სიახლოვეს დაბადებულს არწივი მიაჩნდა კეთილისმყოფლად. ამიტომ დაბინავებისთანავე ჯერ კიდევ შეუბუმბლავი მართვე დაიჭირა და აღზარდა.

კარვის კუთხეში ძარღვიანი კლდის ქანი შემოიტანა, ზედ ბუდე გაუკეთა და თანამოსახლედ გაიხადა.

ჯერ ბუმბულით შეიმოსა მართვე, მერმე ფრთები გაუმაგრდა. მის ნისკარტს და ბწკალს თანდათან მუხის კანის ფერი მიეცა. ბავშვივით გაიწვრთნა. ვაჟკაცივით დაუმწიფდა გონება. დადაში დილით მშვილდ-ისარს გადაიკიდებდა, მართვეს წინ აიფრენდა და ფაზისის ნაპირს გაუყვებოდა. ცის ტატნობიდან მართვეს ვარსკვლავივით სხივიანი თვალები ყველაფერს ხედავდა. ირემს მოჰკრავდა თუ შველს თვალს, ზევიდან დაიხუვლებდა, გამზრდელს ადგილსამყოფელს ანიშნებდა. ნანადირევს ერთად შეექცეოდნენ. ასე შეეჩვივნენ ერთმანეთს, ასე დამეგობრდნენ. საღამო ჟამს სანადიროდანაც ერთად ბრუნდებოდნენ. არწივი ცის ბილიკით, დადაში ტყის საცალფეხოთი. გზა კი ორივეს ერთი ჰქონდათ - სახლისაკენ მოდიოდნენ. ერთ საღამოს არწივი არ დაბრუნდა. ღამე თეთრად გაათენა დადაშმა, თვალს ძილი არ მიეკარა. გათენებისას ფრთების შრიალი მოესმა. კარვის წინ, ძელქვის ტოტზე წყვილი არწივი შენიშნა. ერთში თავისი მართვე იცნო, მეორე კი ეუცხოვა. მიხვდა დადაშ გულბანი, დაწყვილების დრო დამდგარიყო. ახლად გატყავებული შველი მიუგდო ორივეს. თვითონ კი უცნობმა რამ დარდმა შეიპყრო ვაჟკაცი.

მთელი წელი ბოღმანარევი დადიოდა დადაში, თავი უბრუოდა, წამალი კი ვერ მოენახა, ამ ხნის მანძილზე არწივებმა ბარტყებიც დაჩეკეს.

ერთ დღეს, იქ, სადაც ფაზისის ტალღები უფრო მშვიდი და წყალმრავალი ხდება, ვეება ნავი შენიშნა, ადამიანები ნაპირზე გადმოსულიყვნენ, ნანადირევი მწვანეზე გაეშალათ და შეექცეოდნენ. ჭაბუკმა თვალთვალი დაუწყო მოსულებს. ცოტა ხნის შემდეგ მათ ორი ქალი გამოეყო. ქალებმა ტყისკენ აიღეს გეზი. ერთი ახალგაზრდა იყო, ირემს ჰგავდა, მეორე უფრო ხნიერი და დარბაისელი ჩანდა. ახალგაზრდა დაწინაურდა და სწორედ იმ ძელქვისაკენ წამოვიდა, სადაც დადაში იყო მოფარებული. ვაჟკაცი წამოწვა და თავი მოიმძინარა. ქალწულს შეეშინდა, ალბათ, მკვდარი ეგონა, მუხლი მოიყარა და ვაჟის მკერდზე ყურის დადება დააპირა. დადაშის გულისცემა ერთი დღის სავალზე ისმოდა. ქალს ღიმილი მოერია. ალბათ, გუმანით მიხვდა ვაჟის ეშმაკობას და ტყის ნაპირზე ჩუმი კისკისი გაისმა. ჭაბუკმა თვალი გაახილა.

- თქვენ ვინ ბრძანდებით?! - ჩურჩულით იკითხა ქალწულმა.

დადაში გააკვირვა მისმა რბილმა და ხავერდოვანმა ხმამ. სიტყვა მაინც ვერ დასძრა.

- მუნჯი ხარ? - გაეღიმა ქალს.

- შენმა ხილვამ დამამუნჯა, - როგორც იქნა წაილუღლუღა ჭაბუკმა.

ქალმა არაფერი თქვა, მხოლოდ უკან ორი ნაბიჯი გადადგა და მხლებელ ქალს შეეხმიანა:

- ძიძა-დედუ, შენ უკან დაბრუნდი, მეც მალე გეახლები.

ხნიერი ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა, ქალიშვილი კი უკან გამობრუნდა. იგი ისევ მივიდა დადაშთან, ნელი რხევით მშვილდი აიტაცა და თვალიერება დაუწყო. ლარის მოწევა სცადა. ძნელი აღმოჩნდა. ქალმა ვაჟკაცის გულმკერდზე გადაიტანა თვალი.

- უჰ, რა ღონიერი ყოფილხარ?!

- დათვი მომიკლავ ერთი დარტყმით, - დაიტრაბახა ვაჟმა. ქალმა ეჭვით შეხედა. ვაჟი შეცბა, უხერხულობა იგრძნო თავის ნათქვამის გამო.

დადაშის ბედზე უცებ შრიალი გაისმა და ციდან ჩამოსხლეტილი მისი აღზრდილი ზედ ბეჭის თავზე შემოაფრინდა. ქალს შიში დაეტყო.

- ავი სული ხომ არა ხარ?! - შეკრთა ქალწული.

- ავი რად ვიქნები, ეს ჩემი გაწვრთნილი არწივია! - იამაყა დადაშმა.

- შენი გაწვრთნილი?! - ფერი მოუვიდა ქალს.

- ჰო, ჩემი. ამ უშიშარს თავისი ცოლ-შვილიცა ჰყავს. ამქვეყნად მგონი მარტო მე დავიარები უტოლოდ, - წამოსცდა უნებურად გულის დარდი.

ქალმა შეხედა ჭაბუკს და თვალები დახარა. დადაშის მზერაში ისეთი ელვა-კოცონი შენიშნა, რომ მისმა თვალებმა თვითონაც აათრთოლა და ტანში ტკბილნარევი შიში ჩაუყენა.

- ენა ჩვენი გაქვს და უცხო კი ჩანხარ, - შეეკითხა ვაჟი.

- მე აიეთის მეფის ასული ვარ, - წამოსცდა ქალს.

- მეფის?! - გაიკვირვა ვაჟმა. მე კავკასიონის მწვერვალთა მაღალი კალთების შვილი ვარ. ჩვენ მეფე არასდროს გვყოლია. მამისაგან გამიგონია კი - ბარის მცხოვრებლებს მეფე ჰყავთო.

- ჰოდა მეც მისი ქალი ვარ. მისი ერთადერთი ასული.

- მეფეები გულგოროზნი ყოფილან, ერთმანეთს ეომებიან, დილეგში ამწყვდევენ ადამიანებს.

- მამაჩემი მეომარია, მაგრამ გულკეთილია, - წყენა დაეტყო ქალს ხმაში.

- ნუ გამიჯავრდები, - შეტოკდა ვაჟი. - ეს მამაჩემს უამბნია ჩემთვის. ახლა მე მარტოდმარტო ვარ ამქვეყნად. მამა გავაჯავრე, გამირისხდა. მხოლოდ ეს ზვიადი ფრინველი სუნთქავს ახლა ცოცხალთაგან ჩემს ახლოს.

ქალმა არწივს ჩახედა თვალებში. ვაჟი გააოცა მისმა აღზრდილის თვინიერებამ. იცოდა დადაშმა, ფრინველი მის გარდა ყველა სულდგმულს ერჩოდა. ახლა კი სიკეთე ჩადგომოდა მუდამ ბრაზიან მზერაში.

„ამასაც მოეწონა ეს ასული, ჩემი ბედი თუ იგრძნო მტაცებელმაო“, - გაიფიქრა თავისთვის.

ქალმა ფრთებზე ნაზად დაუსვა ხელი. არწივი გაიტრუნა, არ იუცხოვა.

- კარგი ყოფილა შენი გაზრდილი, - ღიმილით თქვა ქალმა.

- თქვენ მას მოეწონეთ, ჩემსა და თავის ფრთოსან მეცალეს გარდა აქამდე არავის იკარებდა, ახლა მესამე მეგობრად გიგულათ.

- მეც ვუმეგობრებ. სიკვდილამდე ვუმეგობრებ, - წყნარად ჩაიჩურჩულა ასულმა და მორცხვად შეხედა ვაჟს.

დადაშს კვეს-აბედმა გაჰკრა, ტანში ცეცხლი შემოენთო. არწივს ნისკარტზე ხელი წაავლო, მისკენ მიაბრუნა.

- რას იტყვი ახლა? - ხმამაღლა ჰკითხა ზვიად ფრთოსანს.

- გრაგ-ჰე-ჰე! - გაჰყივლა არწივმა ცის ტატნობს.

- გრაგ-ჰე-ჰე! - მოესმა პასუხად ზევიდან და ცოტა ხნის შემდეგ ღრუბლებქვეშ დაშვებული მობოინე დედალი ფრთოსანი შენიშნა ასულმა.

ქალი უნებლიეთ გაიწია ვაჟისაკენ. ვაჟმა ანაზდად მოხვია ხელი.

- წამოხვალ ჩემთან?

ქალი გაიტრუნა, სიტყვა ვერ დასძრა.

- იქ კარგია, მდინარის ტალღები მეხივით ასკდება კლდეებს, ცივი წყაროები მოჩუხჩუხებენ მღვიმეებიდან; ყურძნის მტევნებით დატევრილია ძელქვის ტოტები. იქ კარგია! - სუნთქვა გაუხშირდა დადაშს და თვალები აუნაპერწკლდა.

- ცა უფრო სუფთაა და ვარსკვლავმრავალი, მიწაც უხვია და თბილი. ჩვენი სამყოფელიც კლდეებით არის შემოზღუდელი. უშიშარია და ნეტარდასასვენებელი. წამოხვალ ჩვენთან?! - ჩაუჩურჩულა დაჟინებით ვაჟმა.

- არ ვიცი, მე შენთან მინდა, მაგრამ მამას უნდა შევეკითხოთ. უიმისოდ არ შეიძლება.

- იქ კარგია! - ისევ აფეთქდა ვაჟი. - ზევით არწივთა საბუდარი მწვერვალებია, ქვემოთ გაშლილი ველები, ზემოთ წაბლის ტევრებია, ქვემოთ ძელქვის გაუვალი ტყით დაღრუბლული გარემო. მწვერვალთა კალთებზე ჯიხვები დანავარდობენ, ქვემოთ კი ხარირემი. ხის ტოტებზე უთვალავი ფრთოსანი ბუდობს, ხეთა ფუტუროებიდან თაფლის წყარო მოჟონავს. კარგია-მეთქი, ხომ წამოხვალ, კოლხეთის მეფის ასულო?!

ქალმა თრთოლვა იგრძნო. ვაჟმა უფრო ახლო მიიზიდა იგი.

- იქ კარგია, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი ვნახეთ, - ახლა კვესი და ნაპერწკალი ხმაშიც ჩაუდგა დადაშს, - იქ კარგია, ჩემი სიცოცხლის პირველო ლამაზმარცვალო, არწივები ხომ მოგვეფერენ და ბედი დაგვილოცეს. სალ კლდეზე კოშკს აგიგებ, სასახლეს გავშლი მწვანე მდელოზე, კიბესვეტი მარმარილოსი ექნება, თაღები ვარსკვლავთა გუნდით მოჭედილი, მისი გუმბათი იალბუზს მიებჯინება, კედლებს ცის დასალიერში ამოვუქვიტკირებ. ხომ წამოხვალ, ჩემო დედოფალო?!

ქალმა კოჭებამდე ჩამოშვებული ნაწნავები ხელში აიკრიფა, ჯერ ცაში მობოინე არწივს შეანათა შავი დანამული თვალები, მერე ისევ დადაშის მხარზე ჩამომჯდარ ზვიად ტოლფრთოსანს მოეფერა და თქვა:

- წამოვიდე თქვენთან, ფრინველთა მეფევ?

- გრაგ-ჰე-ჰე!.. - გაჰყივლა ისევ მამალმა დედალს ცის ლურჯ გუმბათში.

- გრაგ-ჰე- ჰე! - ისევ მოისმა საპასუხო ყივილი ზემოდან.

ასულმა გაიღიმა, ვაჟს კისერზე ხელი მოხვია და ისევ წყნარად ჩასჩურჩულა:

- მთვარე რომ თორმეტჯერ დაილევა და გაიბადრება, მელოდე. მამაჩემს ნებართვას ვთხოვ, უიმისოდ არ შემიძლია, მამის სიყვარული ღონეს მისცემს ჩვენს ცოლქმრობას. დამელოდე და მოვალ.

 

 * * * * * * *

 

შვილზე გაბრაზებულმა შერგილ გულბანმა ცოლის გული ვეღარაფრით მოიგო. ქმრის გულზვიადობამ მეტად განარისხა დედა-ძაძუ.

- ღმერთი სულგრძელია, - ამბობდა იგი, - ჩემს შვილს შეცდომას მიუტევებდა, შენ კი ღმერთიც გასწირე, როცა შვილზე მახვილი აღმართე და მეც გული მომიკალი, უფრო გავარვარებულ ქვის კეცზე დავწვები, ვინემ შენს მკლავზე! - თქვა და კოშკში ავიდა, შიგ ჩაიკეტა შვილს დაუწყო ლოდინი. ქერის გამხმარ პურის ყუას წყალში ალბობდა და ისე ცხოვრობდა. ქმრის ნანადირევი არ გაიკარა - მათაც, ალბათ, ისე უმიზნებდა მშვილდ-ისარს, როგორც ჩემს დადაშსო.

თანდათან დადნა ქალი. შერგილ გულბანის ცოლი კი ენით უთქმელი ლამაზი ქალი იყო თურმე. პირველად ჯარობაზე ენახა იგი განთქმულ მონადირეს შერგილს და ნადირობის ქალღმერთი ჰგონებოდა. გორაკზე მდგარი ასულის წამწამები ყორნის გაშლილი ფრთებივით შრიალებდა და მისგან მონაბერი ნიავი ათ ნაბიჯზე ბალახს არხევდა. ტანი ხევში ამოსულ ალვის ხესავით მაღალი და თმა შავი ღრუბელივით სინათლეგაუვალი

ჰქონდა. დიდი ძალა აქვს ნამდვილ მამაკაცზე ქალს. შერგილ გულბანიც ცოლის თვალთა შუქით ინათებდა ცხოვრებას, მისი გუმანის გამომცნობი და შემსრულებელი იყო. ახლა კი, როცა დადაშზე განრისხებულს გული გაუგრილდა, ცოლის დარდმა მასაც ოჯახის უბედურებაზე მოუბრუნა გულ-ღვიძლი.

„შვილიც დავკარგე და ცოლიც დავღუპე, ვაი ჩემს გულმესისხლეობას“, - ფიქრობდა იგი და გალიგვებული თვალებით შესცქეროდა ცოლის სამყოფი კოშკის ცივ კედლებს. დრო კი გადიოდა. მაღლა კოშკში დედის ძუძუ-მკერდი ჭკნებოდა, კოშკის ძირს მამის მხარ-ბეჭი ილეოდა.

ქვეყნად არ არის უფრო ძლიერი რამ, ვიდრე შვილზე დაფიქრებული დედის გუმანი.

მისი გულ-ღვიძლი შორით გრძნობდა შვილის ბედსა თუ უბედობას, შვილის პირისღიმილს თუ თვალზე მომდგარ ცრემლს. და, აი, ერთ გათენების ჟამს, კოშკის წვერს რომ შეჰყურებდა, შერგილ გულბანმა დაინახა, მისი ცოლი ტაატით, მაგრამ პირმომღიმარე ჩამოდიოდა კიბეზე.

- წადი, შე უბედურო შერგილ, ჩვენს შვილს მიეშველე, წუხელ გულმა მითხრა მისი ბედნიერების ამბავი, ეწვიე, ეტყობა, მამის ხელი ესაჭიროება, სახლიკაცებიც გაიყოლიე, ვინძლო გამოადგეთ. ვგონებ, სასახლის აშენება განუზრახავს. ხუროები აარჩიე, ჩემი თმის ფთილებიც თან წაიღე და ციხე-ქალაქის ბალავერს დაუტანეთ. შთამომავლობას დედის თბილი სიყვარული თან დაჰყვება, ძუძუკეთილი ქალნი დაიბადებიან, სამართლიანი ვაჟკაცნი დაიზრდებიან.

სიტყვა არ უთქვამს შერგილს, ცოლის ბრძანება ღვთიურ ძახილად მიუჩნევია და მზის ამოსვლისას გზას გასდგომია.

მხოლოდ, როცა მდინარის პირას ჩასულა უფროსი გულბანი, მაშინ შეუნიშნავს ზემოთ მობორიალე ორი არწივი.

მამასაც მიმხვედრი გუმანი აქვს. ამიტომ მასაც გეზი იქით აუღია, საითაც არწივები ფრთის შრიალით მიუძღვებოდნენ სახლიკაცებს.

 

 * * * * * * *

 

თვითონ აიეთის მეფე ამოსულიყო ამალით. ორი ათასი ხურო და ხის ოსტატი ამოეყვანა თან, შერგილ გულბანის სახლიკაცებს ისინიც დაემატნენ და ციხე-ქალაქის კედლებმა დღითიდღე ცისკენ აიწიეს.

გალავნის ოთხსავე კედელში ბალავერს დედის თმის ფთილები ჩაატანეს. ვაჟის და ქალის მამებმა თითო ულვაშის ღერიც თან ჩააყოლეს, მემკვიდრეები და თაობები პირიანი და ვაჟკაცური ყოფაქცევის უნდა დამდგარიყვნენ.

თქმულება იმასაც ამბობს, აიეთის მეფეს ვეფხვის სამი ბოკვერი მოეყვანოს თითქოს. ხუროები მათი ნერწყვით ზელდნენ კირს და საშენ ქვასაც მათ ალოკინებდნენ - ვეფხვური ძალა და ბწკალი რომ დაჰყოლოდა ციხესა და შიგ გაზრდილ შთამომავლობას.

როდესაც თაღის შეკვრაზე მიდგა საქმე, არწივთა გუნდი მოიხმო დადაშმა. თითოს თითო ფრთის ნაპტკენი დააძრო და გუმბათის კალთებს ჩაატანა. ჰაეროვანი და მძლავრი დარჩება, დასაზრდელებიც არწივების საბუდარს თავისად იგულებენ.

აშენდა კლდეზე ციხე-ქალაქი. წყაროები იდუმალი გზით შემოიყვანეს, ბილიკები და გზები მოხრეშეს. აღმოსავლეთის მხრიდან ფაზისის ტალღები ასკდებოდა მის კალთა-ფესვს, დასავლეთით კი ქვესკნელს ჩათხრილი გაზაფხულით გაგიჟებული პატარა მდინარე უვლიდა ირგვლივ. ამ მდინარის პირას ბაღები გააშენეს, ბოსტნები გამართეს. ხეებზე სხვადასხვა ჯიშის ყურძენმტევნები გაამრავლეს და შეატოტეს.

როდესაც მთვარე თორმეტჯერ დაილია და ისევ გაივსო, მაყრიონიც მიუახლოვდა ადგილსამყოფელს.

საპატარძლო და მისი ამალა დარახტული ცხენებით შემოფრინდნენ გალავანში, ცხრა სამთავროს ულამაზესი ქალწულნი თან ახლდა აიეთის ასულს. მათი მშვენიერება თვალს სტაცებდა დადაშ გულბანის დევგმირ სახლიკაცებს. ქალები გააკვირვა მთის ვაჟთა სილამაზემ და ახოვანებამ.

მეფემ თქვა:

- მარტო დადაშის და ჩემი ქალწულის ქორწინება როდი მიბრძანებია. სამი დღის ვადა მომიცია გალავანში შემოსულ ქალ-ვაჟთათვის, ერთმანეთს თვალი დაადგან და გაეცნონ, ურთიერთის ფიქრი და აზრი გამოხსნან და შეუღლებისათვის მოემზადონ. სამი დღის შემდეგ მათი ქორწილი და ახალ ციხე-ქალაქში დასახლება დამიკანონებია. მზითევს თვით ვიკისრებ, ოჯახთა მოწყობილობაც სამეფო საგანძურიდან გაიცემა. მამაკაცები ჩემს მხედრებად ჩამირიცხავს, უფროს მთავრად შერგილ გულბანი დამინიშნავს!

სხვანაირი ფერი აქვს კოლხეთის ცას. ფართოდ გადაშლილ კამკამა ლურჯ გუმბათს მუდამ მზე ანათებს და თაფლის ღვენთებიც პეშვი-პეშვ სცვივა სხივთა ღვედებად. ცაში შეტყორცნილი მისი მწვერვალები მუდამ თეთრი ყინულებითაა დაფარული, კალთებზე კი დაულეველი გაზაფხული დაშრიალებს და ყოველთვის ლორთქო სიმწვანეს ბადებს.

ფერდობები და ველები გაუვალი ტყით, უთვალავი ხეხილით და ათასგვარი ყვავილებით არის სავსე. მინდვრებზე პურის ყანა და ბაღ-ბოსტნები გადაშლილან, ვერცხლისფერი წყაროები ყოველ ფეხის გადადგმაზე გადმოქუხან და ქვემოთ, ბარისაკენ გზებს წკრიალით მიიკვლევენ. ათი ათასი ფრინველით ავსებულა ტყე-მინდორი.

სამი დღე-ღამე ხარობდნენ და ერთმანეთს ეცნობოდნენ ქალ-ვაჟნი. მეოთხე დღეს ხალდეს საზაფხულო მინდვრებიდან ჩამორეკილი სამასი სული ხარი წამოაქციეს და დაატყავეს, ორი ამდენი წვრილფეხიც დაკლეს და ზეიმი გააჩაღეს.

ქალებს, ტკბილნაყოფიერების ნიშანი, წაბლის რტო ეკავათ ხელში.

ვაჟებს ლომთავიანი ვერცხლის სატევრები შემოერტყათ სამოსზე - სიმდიდრის, სიბრძნის და ვაჟკაცობის დამამტკიცებელი.

შვიდი დღე-ღამე იქორწინეს და მერვე დღეს ძაძუ-დედა მოადგა ახალ ციხე-ქალაქს, შერგილ გულბანის მეუღლეს შვილის სიდედრი აიას სამეფოს დიდი დედოფალი გამოეგება.

- ყოველ დედას ერთი ფიქრი აქვს, - თქვა დედოფალმა, - შვილი ბედნიერი დარჩეს წუთისოფელში, დავლოცოთ შვილები, ჩემო დაო.

- დედის გულწრფელი ბაგით დამილოცია ორივენი, - წყნარად თქვა ძაძუმ, - დამილოცია ჩვენი ხალხის ბედის გასახარებლად, დამილოცია ჩვენი მიწის ასაყვავებლად, დამილოცია შთამომავლობის ბედნიერი გზის გასაკვლევად!

მუხლი მოურთხამს ძაძუ-დედას დიდი დედოფლის წინაშე. დედოფალი შეჩქვიფებულა, მძახლისათვის დაჩოქება არ დაუნებებია, მკერდზე მოხვევია და დარბაისლურად უთქვამს:

- ამქვეყნად ჩემო ძაძუ, მხოლოდ დედები არიან თანასწორნი. მარტო მათ აქვთ ერთი უტყუარი ფიქრი: შვილებს ჯანი და ბედნიერება არ მოაკლდეს. ჩვენც ხომ დედები ვართ, მძახალო ჩემო, მიმიღეთ თქვენს დად, თქვენს სისხლად და ხორცად. დე, ორივემ ერთად ვიფიქროთ მათთვის.

მერმე დამსხდარან, საუბარი გაუბამთ, როგორც ეს დედებს სჩვევიათ ხოლმე ბედნიერ წუთებში. თავიანთი შვილების სიყმაწვილე გაუხსენებიათ, მათი ჩვევები და ანცობანი მოჰგონებიათ, აქა-იქ ქმრების ავ-კარგიც გამოურევიათ და ერთმანეთი ახლოს გაუცვნიათ.

მეფის ბრძანებით ყოველ ახლად დაქორწინებულთათვის სახლ-კარი აუშენებიათ, წყვილი ხარი და საჯდომი ცხენი უბოძებიათ, დიდ ცხოვრება-სიცოცხლისათვის საძირკველი ჩაუდგამთ. ვიდრე ქალაქი აშენდებოდა, აიას მთის კალთები და ველ-მინდვრები ორხელ დაითოვა და ამწვანდა. მესამე გაზაფხულზე ციხე-გალავანს ქონგურები ამოუქვიტკირეს, კოშკისთავს გუშაგები განაწესეს.

ვეფხვსა და ლომს თათი აქვს მძლავრი და ღონიერი, მაშინდელ კოლხეთს ახალი ციხე-სიმაგრე მიუჩნევია ქვეყნის ფესვსიმაგრედ და როცა აიას მეფეს შვილიშვილი შეეძინა, სამეფო ზეიმი ამ ციხე-ქალაქს გადაუხდიათ.

თქმულება ამბობს: დადაშ გულბანის ჩვილ მემკვიდრეს უჩვეულო ღონის მკლავი გამოყოლია. ერთი წლის ბავშვი, თუკი რასმე ხელს წაავლებდა, ვერავინ გამოგლეჯდა ხელიდან.

ჯერ კიდევ ყრმა ბიჭს წაბლის ხის აკვნის რიკული მოუფშვნია თითებშუა.

- ვეფხვის თათი ჰქონია! - გაჰკვირვებია მეფე-პაპას.

- ქვის თათი დაჰყვა ჩემს შვილიშვილს! - უთქვამს შერგილ გულბანს.

- ეს ციხე-გალავანიც ხომ სალ ქვებზე დგას. ალბათ, მისი ფესვი თუ ასაზრდოებს ჩვილის ძარღვებს! - დაუდასტურებია დიდ დედოფალს.

- სახელიც ქვათათი დაენათლოს! - უთქვამს ძაძუ-ბებოს.

- ამ ციხე-ქალაქსაც ქვათათისი დაერქვას! - უბრძანებია მეფეს.

ამის შემდეგ ხმიადი გაუტეხიათ, ბიჭისათვის ყურძნის წვენით ჩვილი ტუჩები მოუბანიათ, მთელ სამეფოში მალემსრბოლნი დაუფრენიათ:

- შვილიშვილი მეყოლა, ერთადერთი მემკვიდრე ჩემი ის არის და სახელადაც ქვათათი დამინათლავს. ახალ ციხე-ქალაქისათვის ქვათათისი დამირქმევია, და უწყოდეთ, ამიერიდან ჩემი საბრძანებელიც ეს არისო.

მალემსრბოლნი ჯერ კიდევ, არ იყვნენ წასულნი, რომ სამხრეთიდან და ზღვისპირეთიდან ავი მაცნე მოსულა. მომხდურთა უთვალავი ლაშქარი შემოსეოდა ქვეყანას.

მტერთან შერკინება მეფეს ახალ ციხე-სიმაგრეში განუზრახავს. ლაშქარი სამად გაუყვია: მარჯვენა ფრთის მეთაურად დაუნიშნავს შერგილ გულბანი, მარცხნივ - დადაში, ხოლო მკერდ-მკერდ თვითონ მეფე მიუძღოდა მკაფავთ. მტერი კი მოძალებულა და მოძალებულა. ისართა ტყორცნისაგან წრიახ კლდის ფერდებს ნაპერწკლები ბღუჯა-ბღუჯა სცვიოდა. მეციხოვნენი ამ ნაპერწკლებზე გაზინთულ ჩვრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახანძრე საბუდრებად უკან ესროდნენ მომხდურთ. დახოცილი მეომრებისაგან ადიდებულ მდინარეზე ხიდი გაკეთებულა, შეგუბებულა და ორ ვიწროშუა გარემო ზღვასავით დაუფარავს.

ამ ხიდით უსარგებლიათ ციხე-გალავანში მყოფთ. ღამით, მტრის ნამალევად ჯარი მდინარის მარცხენა ნაპირზე გადაუსხამთ, ზურგით მოუვლიათ, მწვანე ტყით შემოსილი გორაკები დაუკავებიათ და იქიდან გაურეკიათ თავდამსხმელები. მტერს ერთხელ კიდევ გაუბრძოლებია, ძალები შემოუკრიბავს და ციხე-ქალაქს ისევ შემორტყმია მრისხანე ტალღად. სწორედ ამ დროს ჩრდილოეთიდან ჰერეთელებს ჩამოუსწრიათ და მტრის ურდოები ისე უწყალოდ უკაფავთ, მთხრობელად მხოლოდ სარდალი და მისი ამალა გადარჩენილა.

თქმულება იმასაც ამბობს, დამარცხებულსა და შერცხვენილ თავდამსხმელთა სარდალს გაქცევის წინ ახალ ციხე-ქალაქისაკენ ცხენი მიუბრუნებია და უთქვამს, მთელი ქვეყნები გამარჯვებით მომივლია, ათასი ციხე-ქალაქი დამინგრევია, აქ კი ამდენი ჯარი ამომიხოცეს, ვაი რომ არც ციხე-ქალაქის სახელი ვიცი და არც მისი პატრონისა!

მაშინ თვით მეფეს, ქვათათა ბიჭი ხელში აუყვანია და შეუძახია:

- ამ ციხე-სიმაგრის ბატონი აი, ეს ვაჟკაცია, მისი სახელი ქვათათი გახლავთ, ციხე-ქალაქსაც ქვათათისი ჰქვია!

გამარჯვებულ მეციხოვნეებს კი ზევიდან ვეფხვის თათები და არწივის ფრთანაპტკენები გადმოუყრიათ - ნახეთ, ასეთი ვაჟები ჰყავს ამ ციხე-ქალაქს. ვეფხვის თათების და არწივის გაფრენის ძალ-ღონის პატრონი არიანო. შერცხვენილ სარდალს თავი ჩაუქინდრავს, ცხენი შეუბრუნებია და უკან წასულა. მის ამალაში ერთი ჭკვიანი კაცი ყოფილა, სარდალს პირდაპირ შეხედა თურმე და ასე უთხრა:

- ციხე-გალავანი ვეფხვის ნერწყვით უშენებიათ, მკლავშიაც ვეფხვის და არწივთა ძალ-ღონე ჩაუთესიათ. აბა, ვინ მოსპობს მათ ნაშიერთ, ან ვინ დასძლევს მათ ქვეყანას!

ნირგატეხილი სარდალი ტანმოთენთილი და ბეჭებმოხრილი სპარსეთის საზღვრამდე ჩიფჩიფებდა:

- ქვათათისი... ქვათათისი... ბიჭი ქვათათა... ქვათათისი...

ასე მთავრდება ეს თქმულება ჩემს ქუთაისზე, მაგრამ თქმულებებს განა დასასრული აქვს?!

ახლა, როცა რიონის ტალღებით აბრუნებულ გენერატორებს ცეცხლის ნაპერწკლებით გადაუჭედავთ მისი თაღები, როცა მისი ვაჟკაცების ხელით შექმნილი მძლავრი მანქანები ჩვენი ქვეყნის მაღაროებსა თუ ველ-მინდვრებზე დოვლათსა და სახალხო სიუხვეს ქმნიან, ამ თქმულებას მეტი ძალა და ღონე ახლავს.

ჭეშმარიტად, ქვათათიანი ვაჟკაცები აკეთებენ ამ დიდ საქმეებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ