მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 193 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ჩემს მეუღლეს ჩუტა ასათიანს)

 

რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე, იმდენივე ფერის ყვავილია დედამიწაზე. ისინი მუდამ ერთიმეორეს შესციცინებენ, ვარსკვლავები ციდან იღიმებიან, ყვავილები მიწიდან ესვრიან ცის გუმბათს ფერთა სიმშვენიერეს. სოფელ ხალდეშიც ასეა, ზევით ვარსკვლავებია, ქვემოთ, საბალახოზე - ყვავილები. ამ სოფელში ერთი გლეხი კაცი ცხოვრობდა. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, სახელად სირინო. ცისკრის თვალის გახელის დროს დაიბადა თურმე სირინო და ამიტომ ცისკარივით თეთრი იყო მისი სხეული. ხალდეს ხევებში მუდამ უკუნი დგას. ქვეყნად რომ გაჩნდა, სირინომ პირველად მათკენ გაიხედა და ამიტომ თვალებიც ღამესავით შავი გამოჰყვა. 

ხალდეს გარშემო, მთის კალთებზე, გაუვალი ტყეებია აშოლტილი. ისინი ხშირი ფოთლითა და წიწვით არიან დაბურული. სირინოსაც ტევრივით დალალები დაჰყოლია. გათენების ჟამს, მზე რომ მთის წვერზე შემოჯდება, დედამიწამ ჩაფიქრება იცის. ალბათ, ფიქრობს, ქვეყნისათვის ღამე ჯობია თუ დღის სინათლეო. სირინოც, რადგან ცისკრის გახსნისას დაიბადა, ჭკვიანი ქალიშვილი დადგა. 

იზრდებოდა სირინო. დღითიდღე მშვენდებოდა. როგორც ყოველ სვანს, შრომა მასაც ძალზე უყვარდა. დილით ძროხებს მოწველიდა, ყველს ამოიყვანდა, იატაკს დაგვიდა, საქონელს საბალახოზე გადენიდა, სანადიროდ წასულ მამას სადილ-ვახშამს დაუმზადებდა. მერე დგიმ-სავარცხელზე თავის ხელით ნართავ შალს ქსოვდა საჩოხედ. 

კავკასიონის ყინულოვანი მწვერვალების ახლოს, ყველაზე მაღალ კლდე-ფერდს არწივის ბუდესავით მიჰკვრია ხალდე, არწივიც ბევრი ბუდობს მის პიტალოებზე. გაღმა-გამოღმა, ათასწლოვანი მარად მწვანე ხეები ცამდე აწვდილან. ლამაზი სოფელია ხალდე. ქვემოთ მდინარე ხალდეშურა ეხეთქება ტიტველ კლდეებს, ზემოთ საძოვრები იწყება. იქ მთის ყველა ბალახი ხარობს. ყველაზე მეტად კი სამყურა იყრის ტანს. მისი ღერო და ფოთოლი მზის შუქით და მიწის რძით არის სავსე. ამიტომ არის იქაური ოთხფეხი მსუქანი და გემრიელი. სირინოც სწორედ ამ იალაღებისაკენ მიდენიდა თავის ცხვარ-ძროხას. დილიდან დაღამებამდე უმწყემსოდ დაბალახობდნენ და საღამოს ჭიშკარს მოადგებოდნენ. ჯიქნები კოკებივით ეკიდათ, გავაზე ვეფხვი კბილს ვერ მოიკიდებდა.

ერთ დილით გაღმა საძოვარზე სირინომ სხვისი ნახირი შენიშნა. ნახირს ახალგაზრდა ბიჭი უდგა, ხელში ჭუნირი ეკავა და უკრავდა. წარმტაცად ნაზი ხმები მოდიოდა საძოვრიდან. ასეთი ხმები დღესასწაულის დროსაც არ გაეგონა სირინოს. ბიჭმაც დაინახა და მისკენ წამოვიდა. 

- კარგი დაკვრა გცოდნია, - შესცინა სირინომ.

- ყვავილებმა მასწავლეს ასეთი სიმღერები.

- ყვავილებმა?! - 

- ჰო, ყვავილებმა. მათმა ფერმა და რხევამ, ნიავი რომ დაუბერავს. 

- განა ყვავილები მღერიან? 

- თუ დაუკვირდები და მოუსმენ, ამქვეყნად ყველაფერი მღერის. 

- მე კი არ მესმის, - სინანულით თქვა სირინომ.

- მე მესმის, - მშვიდად მიუგო ბიჭმა. 

- შენ რა გქვია? 

– შერგილი. 

- მე კი სირინოს მეძახიან. ნეტავ რატომ არ მესმის ეს სიმღერები?! 

- მე ბაბუა მყავს, ჯოკია ბაბუა.

- მერე?! 

- მან მითხრა, ამ სიმღერებს მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მზისქვეშეთი ძალიან უყვარსო. ქვეყნის დიდი სიყვარული თუ გაქვს, ყველას სიმღერა გესმის და თვითონაც გემღერებაო.

- მე კი ბაბუა არ მყავს. არც დედა მყავს, არც და-ძმა.

- მაშინ რა გემღერება, ჩემო დაო?!

- არც მემღერება, შერგილ, სიმღერა კი მაინც მიყვარს.

- ნათელი გული გქონია, მაშინ ყვავილებისაც უნდა გაიგონო! 

- არ მესმის, ვაიმე, ნეტავ რატომ არ მესმის?ლ

- ყოველი ფერი თავის სიმღერას ამბობს,

– ეს არ ვიცი, შერგილ, არ ვიცი.

- ჰოდა, უნდა მიხვდე.

- ყვავილები სულიერია?ლ 

- ფერები უდგამენ სამყაროს სულსო, - მითხრა ჯოკია ბაბუამ.

- ვითომ?! 

- ასეა, ფერები თუ აირია, დაირღვა, გაქრა, ქვეყანაც წაიშლება, გაქრება, ერთფერი გახდება.

- უიმე!

- ასეა. ხეს თავის ფერი აქვს, ქვას - თავისი. წყლის ფერი ხომ კლდისას არა ჰგავს, ცის ფერი - მიწისას? ცის სიმღერა სხვა არის, მიწისა კი სხვა. ყვავილებიც ასეა, კაცს იმ სიმღერის ეშხზე მოიყვანენ, რა ფერისაც თვითონ არიან. 

- სიმღერის ეშხზე?

- ჰო, ქვეყნად სიხარულს აფრქვევენ. აი, ხომ ხედავ, მეც ამ ეშხით ვმღერი, - წყნარად თქვა შერგილ-ჭაბუკმა და ჭუნირი ააჟღერა. სიმღერა ხალდეს მთის კალთებზე და მინდვრებზე გაიშალა, ხალდეშურას ნაპირებს მოედო, რძიან ბალახს და აშოლტილ ფიჭვებს მოეფერა. შეაჟრჟოლა ყვავილებს, ათრთოლდნენ ისინი.

- ეს იის სიმღერაა - მისი ფერივით ნაზია. 

სირინოს მართლა მოეჩვენა, თითქოს ხელში მთელი ბღუჯა ია ჰქონდა და მათი სურნელება აბრუებდა კიდეც.

- აბა, გვირილების სიმღერას დაუგდე ყური! 

ჭუნირმა ახლა სულ სხვანაირი ჰანგები მოჰფინა მიდამოს. სირინოს თვალი უნებლიეთ მინდვრისაკენ გაექცა: ბალახებში უეცრად თითქოს თეთრკაბიანი გოგონები გაჩნდნენ. ნელი რხევით ცეკვავდნენ. სწორედ ისე, როგორც გვირილებმა იციან ნიავზე. მერე თანდათან იმძლავრა ქარმა, თეთრი და ყვითელთავსაფრიანმა გოგონებმა ცეკვას უმატეს, უფრო აშრიალდნენ, მთელ მინდორს მოედვნენ.

შეშინებულმა გოგონამ ხელი მოჰკიდა ბიჭს. შერგილმა ათრთოლებული სიმები გააჩერა. ჭუნირიც დადუმდა. მიდამო დაწყნარდა, ადრინდელი სახე დაუბრუნდა. 

დრო გავიდა. სირინო ყოველ დილას და საღამოს ხვდებოდა შერგილს. ჭაბუკმა მასაც გადასდო ყვავილთა ფერების სიყვარული. ისხდნენ და გარინდებული გასცქეროდნენ მიდამოს. საქონელი დაბალახობდა, ხარბად გლეჯდა სამყურას ყვავილებს, გული სტკიოდა შერგილს. 

„ნეტავ რატომ გააჩინა ქვეყნის შემქმნელმა ასე, ფიქრობდა,- ამ ფერთა სილამაზეს ხარ-ძროხა უნდა იწირავდეს?!“

ერთ საღამოს საქონელს სულ მოეტიტვლებინა პატარა, ლამაზი მინდორი. ღერი ბალახი არ დაეტოვებინა. მხოლოდ ყვავილთა ფურცლები ეყარა აქა-იქ საცოდავად. შერგილს თვალი გაუშტერდა, ერთ ადგილას ყვავილთა ფურცლები ისე მოჰფენოდა მიწას, ხარის ვეება თვალს ჰგავდა, ნამდვილ ხარის თვალს. 

შერგილი დაიხარა. ფურცელთა შორის, სწორედ თვალის გუგის ადგილას, შავი კენჭი ელვარებდა. 

„ვინ დააგდო ეს შავი კენჭი ამ ფურცლებში? ალბათ, უნებლიეთ მოხდა ასე. ხარის თვალი კი გამოვიდა. ეტყობა, კენჭებითაც შეიძლება ხატვა. ხალდეშურას ნაპირას ხომ ათასი სხვადასხვა ფერისა და ზომის კენჭია. რასაც მინდა, იმას დავუხატავ სირინოს.“

შერგილი თავქვე დაეშვა მდინარისაკენ. 

ერთ ადგილს წყალს გვერდი ექცია და მომცრო მაღლობი დაეტოვებინა. ნაპირზე კენჭები იყო მისილული: ჭაბუკმა ამ ნაპირს მიაშურა. 

დაიხარა და კენჭების ამორჩევა დაიწყო. შავი და თეთრი, წითელი და ყვითელი, წაბლისფერი და რუხი, აგურისა და წყლის ფერი. ზოგი ცისარტყელასავით მრავალფერად ელვარებდა, ზოგი სულ უფერო იყო, ზოგან თითქოს ორს ერთი ფერი დაჰკრავდა და მაინც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

- ყვავილებსაც კი არ აქვთ ამდენი ფერი - გაოცდა შერგილი.

„იქნებ სირინოს სახე დავხატო? - უცებ მოუვიდა აზრი და გაუხარდა. 

„ეს თვალები იყოს“, - ერთი ზომის ორი შავი კენჭი ამოარჩია და სველ სილაზე დააწყო. „ეს წარბები, წამწამები“. მალე სახის ნაკვთებზე გადავიდა. ეს შედარებით ეძნელა. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. კარგად მოსაღამოვდა, გაბრუებულმა ყველაფერი რომ მოათავა. ნამუშევარს დახედა, შეკრთა - ნამდვილი სირინო უყურებდა! ქალიშვილს ბრიალა, შავი თვალები და გრძელი, შავი ნაწნავები ჰქონდა. 

თავი უხურდა, თვალები ბედნიერებით უბრწყინავდა ბიჭს. კლდის ქიმზე ჩამოჯდა და გარემოს თვალი მოავლო, მერე ისევ რაღაც მოიფიქრა და წამოდგა. იქვე მდგარ თხმელას მკლავის სიმსხო ტოტები მოამტვრია, თავის ნამუშევარს შემოარაგვა. დილამდე ნადირს რომ არ გადაევლო და არ წაეშალა, ზევიდანაც ტოტები გადააფარა და შინისკენ გაუყვა.. 

მზე ჯერ კიდევ არ ამოწვერილიყო, რომ შერგილი სირინოს მამის კოშკს მიადგა. 

სირინო ბაკში იყო, ძროხას წველიდა. 

- ასე ადრე რამ მოგიყვანა, რა ამბავია?!

- ხალდეშურაზე ჩამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო! - წყნარად უთხრა ჭაბუკმა.

სირინომ გაკვირვებით შეხედა მის გაბრწყინებულ სახეს. კარგი, შენ წადი და მეც მალე ჩამოვალ!

მოვიდა თუ არა, შერგილმა თხმელის ტოტები გადასწია. სირინომ გაოცებისაგან ერთ ხანს ხმა ვერ ამოიღო. 

- ეს რა გიქნია, შერგილ?! - აღმოხდა ბოლოს.

- შენ დაგხატე, ფერად-ფერადი კენჭები მოვძებნე და იმით დაგხატე. არ მოგწონს? 

- უიმე, როგორ მგავს, ნამდვილად მე ვარ, ნამდვილად ჩემი თვალებია, ჩემი ნაწნავები. შენი ჭირიმე, მამამ არ ნახოს, ჯადო კაცი ეგონები, შერგილ.

 

* * * * * * *

 

დიდი დავით მეფე გელათის ტაძრის შენებას შეუდგა. სამასი ნაბიჯის დაშორებით ქვის სატეხებით ვეება კლდეებს გლეჯდნენ და ხის მორებზე აცურებდნენ. ქვის მთლელებს მოსვენება არ ჰქონდათ. კალატოზები მიწაყრილზე იდგნენ და ისე მუშაობდნენ. უზარმაზარ, გათლილ ქვებს აიტანდნენ, დაათარაზოებდნენ, გაასწორებდნენ, დაკირავდნენ და ზევით მიიწევდნენ. ტაძარი ყოველდღე მთასავით მაღლდებოდა. გუმბათი დასრულდა და ახლა შიდა სამუშაოები გაჩაღდა.

ტაძარს გარედან მიწა შემოაცალეს. სარკმელებიდან მზის შუქმა შეიხედა. კედლების მოხატვა დაიწყო. ფერწერის ოსტატები ერთმანეთს ფუნჯებით ეპაექრებოდნენ. საკურთხევლის თავზე ამართულ ხარაჩოზე უწვერულვაშო ბიჭი შემდგარიყო და საზომით ხელში გუმბათს აკვირდებოდა. უყურებდნენ და ვერ მიმხვდარიყვნენ, რას აკეთებდა.

მხატვარი არ იყო, ფუნჯი არ ეჭირა. მღებავი რომ ყოფილიყო, საღებავებით ექნებოდა ხელები დასვრილი! მლესავი არ იყო, ხელში ქაფჩა არ უჩანდა. ქვის ოსტატი რომ ყოფილიყო, საჭრისი ეკავებოდა! 

- ხომ არ თამაშობ, ბიძია, მანდ შენ, - ვერ მოითმინა ოკრიბელმა მღებავმა ლუკაია ლომთაძემ. 

ბიჭმა ხმა არ გასცა, მხოლოდ ღიმილით ჩამოხედა. ღიმილი მოეწონა ლუკაიას. თან ეს ბიჭი კიდეც შეეცოდა.

- არ ჩამოვარდე, ხომ იცი, მაგ სიმაღლიდან სული არ დაგყვება ძირს!

არც ახლა ათხოვა ყური ჭაბუკმა. 

უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ტაძარში მეფე შემოსულიყო. ხუროთმოძღვარი ახლდა. ყველამ მოკრძალებით დახარა თავი. ჩოჩქოლმა ჭაბუკიც ჩამოახედა ძირს. მეფე რომ შეიცნო, შეიშმუშნა. 

- მანდ რას აკეთებ, სვანო ჭაბუკო?! - გაიკვირვა მეფემ.

- უამისოდ არ შეიძლება, მეფეო, ზომა უნდა ავიღო, ზუსტი. ზომა.

– ზომა? - ვერ მიხვდა მეფე. 

- კი, მეფეო. ყოველი ფერის კენჭი თავის ადგილას უნდა იყოს. ადამიანის სხეულიც კი სხვადასხვა ფერითაა ნაქსოვი.

- მერე მანდ რას ზომავ, შერგილ ჩემო! 

- აქ, ბატონო, იმას ვითვალისწინებ, რომელი ფერის საროთი რომელ ადგილზე უნდა იქნეს ჩასმული. თუ ეს დაირღვა, ყველაფერი წყალში გადაიყრება.

- დიდად ნიჭიერი ჭაბუკია, - ჩაილაპარაკა ხუროთმოძღვარმა, - უსწავლელი და ასეთი გამჭვალავი გონება პირველად მხვდება ჩემს ცხოვრებაში.

- მასალა თუ მოიტანეს? – ისევ ხმამაღლა იკითხა დავითმა. 

- მაგის მასალა ზღვის კენჭია, მეფევ ბატონო, მთხოვა, გამიშვიო. მე თვითონ შევარჩევ და მოვაგროვებო.

- შენ სად ფიქრობ გაუშვა?

- საბერძნეთში მინდოდა გამეგზავნა. შერგილს დაუჟინია, გონიოს კენჭს მეტი სილამაზე აქვსო. იმასაც ამბობს, ჩვენი ხატი ჩვენი მასალისა სჯობიანო. 

- მართალი უთქვამს - ღმერთი ხომ სხვისია და სხვისი, ხატის მასალა მაინც იყოს ჩვენი.

- როგორ თუ სხვისი?! - გაიოცა ხუროთმოძღვარმა.

- ზიარი ღმერთია. ბერძნების ზიარი ღმერთი. ამან მისცა საშუალება ბერძნებს - საუკუნეების მანძილზე ჩვენი მიწაწყლის მეუფენი ყოფილიყვნენ.

ხუროთმოძღვარს თვალები მოეწკურა, თვითონ ათინაში აღზრდილს, პალესტინაშიც ევლო და ინდოთა ქალაქებშიც. აფრიკის ნაპირები ფეხით მოევლო, ჩინეთის ტაძრების თვალსანახად სიცოცხლე სასწორზე დაედვა. ყველას ღმერთი და სალოცავი იცოდა. დავითისაგან მაინც არ ელოდა ამას. გაჩუმება არჩია. ერთი კი გაიფიქრა: დიდმა მეფეებმა ღმერთები თავიანთ სარდლებად გამოიყენესო. ეჰ, ასე ყოფილა და ასე იქნებაო, დაუმატა გუნებაში და კბილს კბილი დააჭირა დავითი კი ამ დროს მინდორზე გავიდა. აკადემიის საფეხურებს ჩაუყვა. დიდი და მძიმე ხის კარი შეაღო. ოცდაათი ახალგაზრდა ბერი თავჩაქინდრული საქმიანობდა. არსენ მოძღვარი დასავლეთით ამაღლებულ ადგილას რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. არც ერთს მეფის მისვლა არ შეუტყვია. ძალზე გართულნი ჩანდნენ თავიანთი საქმით. 

დავითს თვალებში სინათლე მოემატა. სახეზე სიამოვნება დაეტყო. ბატის ფრთის ყალმები ჩიტის ბარტყებივით წრიპინებდნენ პერგამენტებზე. 

„უკვე შედგომია იოანე ბერი თავის დიდ საქმეს“, - გაიფიქრა მან და დარბაზიდან ისე გამოვიდა, იქ მსხდომთ ისევ არაფერი გაუგიათ. 

ამან კიდევ უფრო გაახარა მეფე-ბატონი. როცა ზემოთ, მინდორზე ამოვიდა, დაინახა, ტაძრის ეზოში ქალიშვილი შემოდიოდა. ეუცხოვა დაუსრულებელ ტაძარში ქალის ყოფნა როცა დაუკვირდა, მისმა სიმშვენიერემ შეატოკა.

- შენ რამ მოგიყვანა, გოგო, აქ? 

ქალიშვილმა კარგა ხანს უყურა მეფეს, ტანსაცმელზე შეამჩნია დიდკაცობა და წყნარად, მოკრძალებით ჩაილაპარაკა:

- ხალდედან ჩამოვედი. აქ ჩვენებურები მუშაობენ, მათი ნახვა მინდოდა.

- ხალდედან?! კარგა მანძილი გამოგივლია. ძმა ხომ არ არის აქ შენი? 

- არა, ძმა არ მყავს. 

- ბიძაშვილია?

- არა, არც ბიძის შვილია. 

- ჰო, მაშ საქმრო ყოფილა.

ქალიშვილს ლოყებზე ალმური მოედო, სიბრაზე დაეტყო.

- ქალის შეურაცხყოფა რა საკადრისია? 

მეფე შეჩქვიფდა.

- უკადრისი რა გითხარი, ქალწულო?! 

- თქვენ ბატონი ბრძანდებით, ხომ? - შეუტია გოგონამ.

- დიდი ბატონია, გოგო! - გაუსწორა ხუროთმოძღვარმა.

- ეტყობა, რომ ბატონია, ტყუილა როდი მითხრა მამამ. ბატონები მოურიდებელნი არიანო. ჩვენ კი ბატონი არ გვყავს და არც გვეყოლება. 

მეფეს თვალებში ასი სანთელი აენთო. 

- მართალი ხარ, შვილო და დაო ჩემო. ჭეშმარიტად, ბატონები მოურიდებელნი ვართ. შენ კი ვისი ხარ ხალდედან?

- გულდედან ქალდანისა ვარ. სირინო მქვია.

- ·ეს კი მეფე-ბატონია, გოგო, - ისევ დაიბუხუნა ხუროთმოძღვარმა.

- მეფე?I - ქალიშვილმა თავი გააქნია, - არა, მეფე ასე არ აჩქარდებოდა. მამამ თქვა, ისეთი ჭკვიანი და ბრძენი დუნიაზე არ დაბადებულაო, შერგილმაც ასე დამაჯერა. 

- აი, ხომ ხედავ, მე კი მაინც პატარა მოკვდავი შეგეფეთე. მაპატიე, შვილო! შერგილი კი იქ არის, ტაძარში. შეიარე და ნახავ. განამუსებ, ჩვენი შეხვედრის ამბავი არავის უთხრა. სირინო გაშტერებული გასცქეროდა მიმავალ მეფეს.

- კი, ის არის,-ჩაილაპარაკა. უცებ ჩიტივით შეფრთქიალდა და დაედევნა. 

- მეფეო! მამამ სიტყვა დამაბარა!

- თქვი, სირინო ჩემო! 

- ცხენი გაგიზარდე ისეთი, თქვენს გარდა სხვა ვერ შეჯდებაო.

- მადლობა მოახსენე, სირინო, მამას, თან ეს საჩუქარი მიართვი! - დავითმა სავსე ქისა მიაწოდა ქალიშვილს. 

- ჰა, ღმერთო მომკალი. მამამ ისიც დამაბარა, სვანმა ვაჭრობა არ იცის, ის ყველაფერს ქვეყნისა და მეფის სიყვარულით აკეთებსო. 

მწარედ გაეღიმა მეფეს.

- აქაც მაჯობე, სირინო! - კარგი, ასე იყოს. როდის აპირებს იმ კვიცის გახედნას გულდედანი?

- ზაფხულის ბოლოს თვითონ ჩამოგიყვანო. 

- მანამ შეიძლება ჩვენ მოგვიხდეს იქეთ ამოსვლა. 

- უკეთეს ამბავს მამას ვერავინ უმახარობლებს! ― გულწრფელად გაუხარდა სირინოს. 

მეფეს მეტად მოეწონა გოგონა, თავისთვის რაღაც გაიფიქრა და ოდნავ თვალის მოჭუტვით ჰკითხა: 

- სირინო, შენ მაინც არ გვითხარი, შერგილთან რისთვის შეწუხებულხარ?ლ 

გოგო ეშმაკობას მიუხვდა და გაწითლდა. 

- ხალდეშურას ნაპირებზე მოგროვილი კენჭი ჩამოვუტანე. 

- რა ჩამოიტანე, გოგო? - ვეღარ მოითმინა ნათქვამით დაეჭვებულმა ხუროთმოძღვარმა. 

სირინოს ფერმა გადაჰკრა. მიხვდა, რომ შერგილის საიდუმლო გასცა და შეწუხებულმა მეფეს შეხედა. დავითიც იმ წუთში მიხვდა მისახვედრს. 

- მეფეს, შვილო, ქართველი კაცი არაფერს დაუმალავს. ისე, თუ მენდობი, საიდუმლოს შენახვაც ვიცი.

ახლა სირინოს მამის ნათქვამიც გაახსენდა, მეფეს არაფერი დაემალება, ყველაფერი გაემხილებაო. 

- შერგილმა რომ გაიგოს, შეიძლება ეწყინოს. საიდუმლოდ გეტყვი, მეფეო, მან ყვავილთა სიმღერები იცის.

ხუროთმოძღვარს თვალები აუბრიალდა. გოგო შეშლილიაო, იფიქრა და მეფეს შეწუხებულმა შეხედა. დავითს თვალი არ დაუხამხამებია, დაკვირვებით უცქერდა სირინოს.

- ყვავილთა სიმღერა ვინ გაიგონა, გოგო?I` 

- ქვეყანაზე არავის გაუგონია, მეფევ! მარტო მას ესმის. ჭუნირზეც გადააქვს. ყვავილთა ფერებით ისეთ რამეებს მოქარგავს, ყველა სულდგმული, ვინც კი შეხედავს, სიმღერის ხასიათზე მოვა. 

დავითს გაეღიმა. ხუროთმოძღვარი ჯერ კიდევ ბურანში იყო. 

- ჭუნირზე უკრავს თუ? - ისევ გაღიმებით შეჰკითხა დავითმა. 

- ის რომ გვირილების სიმღერას დაუკრავს, გეგონება მთელი ხალდეს გვირილები ცეკვავენო. არა, კი არ გეგონება, მართლა დაინახავ! 

- ხა, ხა, ხა, - ვეღარ მოითმინა ხუროთმოძღვარმა. - გრძნეული ბიჭი ყოფილა. 

- კი მაგრამ კენჭი რა შუაშია? - იკითხა მეფემ.

- კენჭები ხომ ფერადია, სხვადასხვა ფერის ყვავილთა ფურცლებს ჰგავს. მასაც ისე დაალაგებს შერგილი, გალობას გათქმევინებს. 

- გესმის, ხუროთმოძღვარო, რას გვეუბნება ჩვენი სირინო? 

ეტყობა, ახლა ხუროთმოძღვარიც მიხვდა მისახვედრს.

-გვიან მივხვდი, მეფეო. ჰე, რა ბედნიერებაა, ბავშვთა ენით სამყაროსთან საუბარი და მათი თვალით ამ ქვეყნის ყურება?! . 

- ხუროთმოძღვარო, ხომ გაგიგონია გლეხკაცის ნათქვამი, ადამიანი ეშმაკის შექმნილიაო.

- გამიგონია, მეფეო.

- ტყუილია, ჭეშმარიტად მცდარი ნათქვამია. კაცის გონება მხოლოდ ღმერთს შეეძლო შეექმნა. ეშმაკს რა ხელი ჰქონდა მასთან. მიხვდი, რა უნდა გითხრა, ხუროთმოღძვარო! 

- ვერ მივხვდი, დიდო მეფეო. 

- ადამიანის გონება სიჭაბუკიდანვე ილტვის ჩაწვდეს ცხოვრების იდუმალებას, და თუ მთლად ვერა, რაღაც ბილიკს მაინც მონახავს მის შესაცნობად. მომწიფდება და სიჭაბუკის ფიქრიც სიდარბაისლეში შედის, ისიც მასავით მწიფდება, ნაყოფიც სრულდება და რთველიც იწყება. 

- უცილოდ ასეა, მეფეო, სიჭაბუკეში მეც მესიზმრებოდა ტაძართა დიდი კედლები და ცადაზიდულ შვიდ სვეტზე ამართული მისი ლაჟვარდოვანი გუმბათები. ახლა, სიჭარმაგეში, თუ მეასედს მაინც შევასხი ხორცი, ბედნიერი კაცი ვიქნები.

დავითს თითქოს არაფერი ესმოდა, გარინდებული მიაბიჯებდა. 

- მე კი სიჭაბუკიდან ჩვენი მამულის აღდგენა მქონდა ფიქრად და დარდად. ასი რომ გავაკეთო, ასჯერ ასი გასაკეთებელი დამრჩება. ბედნიერია ის ბიჭი, რაც უფიქრია, ასრულებს კიდეც. 

უნებლიეთ უკან მოიხედა და ტაძრის კედლებს მიაჩერდა. ხარაჩოებიდან ჩამოსული შერგილი გაბადრული მიჰყვებოდა სირინოს. რომ დაინახა მეფე მისკენ იხედებოდა, სირბილით წამოვიდა. 

- ხალდეშურას კენჭი ჩამომიტანეს ხალდედან. ნახეთ, მეფეო. იქნებ ფერთა ელვარება არ მოგეწონოთ.

მეფემ ხუროთმოძღვარს შეხედა. 

- აკი გონიოს კენჭი მინდაო გაიოცა ხუროთმოძღვარმა. 

- მე, ბატონო, ხალდეშურას ხვინჭკი მინდა გონიოსას შევადარო. თუ საჭირო იქნა, შევურიო კიდეც. მთის გიჟმაჟ წყალს სხვა ზომისა და ფერის კენჭები აქვს, ზღვას კიდევ სხვანაირი, ჩვენ ორივე უნდა გავსინჯოთ. 

- სიმონ გამდელს და თეოდორეს ჰკითხე, შერგილ, ეს საქმე მათ უკეთ იციან.

დავითმა წასვლა დააპირა. 

- მათ გარეშე ბიჯს როგორ გადავდგამო, - თითქოს თავისთვის, მაგრამ მტკიცედ ჩაიღურღულა შერგილმა და მეფეს გაჰყვა.

- მოძღვართ-მოძღვარ იოანეს უბრძანებია, მცხეთის ჯვარიც ნახოს, წრომის ტაძარშიც ავიდეს, ბიზანტიაშიც უნდა გავგზავნოთო. 

- ეს კარგი უთქვამთ. იქ ბევრ რამეს ნახავ და ისწავლი. მაგრამ იცოდე, მათი მსგავსობა არ ქნა. შენ შენებურად უნდა გააკეთო. 

ხუროთმოძღვარმაც შეხედა შერგილს, ეტყობოდა, მის თვალებში უნდოდა ამოეკითხა, გაიგო თუ არა მეფის ნათქვამი ყმაწვილმა. 

- სიმონ გამდელზე და  თეოდორეზე კარგად წერენ ხატებს ბიზანტიაში?! - გულუბრყვილოდ შეეკითხა ხუროთმოძღვარს შერგილი, თან მეფეს კითხვის თვალით შეხედა.

- იმათ რა იციან, შენი თვალით ხედავ! ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი უნდა ნახო. 

ეზოს კარში იოანე მოძღვართ-მოძღვარი გამოჩნდა. თვალი ჰკიდა თუ არა მეფეს, შეჭმუვხნილი შუბლი გაეხსნა. ბიჭი უცებ შეაჩერდა დავითს და გაოცდა. მეფეც ისე იზრდიდა წვერ-ულვაშს, როგორც მოძღვართ-მოძღვარი. 

„მე მაფრთხილებს, სხვასავით არ აკეთო ხატებიო, თვითონ კი გულით უნდა, იოანეს დაემგვანოს. თურმე მეფეებიც კი სხვებს შენატრიან! როგორც ავალ სვანეთში, ბაბუას უნდა ვუთხრაო“, - გაიფიქრა.

იოანეს მოწიწებით მიესალმნენ მეფეც და ხუროთმოძღვარიც. 

- მოძღვართ-მოძღვარო, მცხეთის ჯვრის და წრომის კონქები თუ გინახავს მიკენჭილ-მიხატული?ლ

იოანემ შერგილს გადახედა. 

- ეს არის, მეფეო, ის სვანი ბიჭი, შენ რომ მიქე?

- კი, ეს არის, აუცილებელია ბიზანტიაში მისი გაგზავნა, თუ ჩვენი ტაძრების ნახვაც საკმარისია? 

იოანემ შერგილს თავზე შხვართი თითები დაადო, თავისკენ მიაბრუნა და პირზე სხივები გაუმრავლდა. 

- ამ ბიჭს ეტყობა, რომ გვასახელებს. ბიზანტიაში წასვლა კი ერთი ზამთარი მაინც მოუხდება. წერილს მივუწერ დიდ მოძღვართან, მეც გთხოვდით, მეფეო, რომ იქ ორი ყმაწვილი გაგეშვათ, ეტრატები უნდა გადავაწერინოთ, უამისოდ გაგვიჭირდება. 

შერგილს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ფიქრმა გაჰკრა, მაშინ სვანეთში უნდა ავიდე, ბაბუა ვნახო, გამოვემშვიდობო, ვინ იცის, დამხვდება თუ არა ცოცხალიო.

- ორი ვითომ საკმარისი იქნება, იოანე მოძღვარო? 

- გავსინჯე და ხელწერაში სხვები ჯერჯერობით მოიკოჭლებენ. მომავალში მოვამზადებთ და მეტს გავგზავნით.

შერგილს თვალები გაუბრწყინდა. 

- სირინო ისე ხაზავს, მეფეო, რომ მისი გამოყვანილი ასოები ჩიტის ნისკარტებივით ლამაზებია. 

მეფეს და ხუროთმოძღვარს გაეღიმათ. 

- კი, მეფეო, - არ ცხრებოდა შერგილი, ჩვენმა მოძღვარმა გადააწერინა საგალობლები და თქვა, ქვეყნად ასეთი ხელწერა არ მინახავსო.

- სირინო ვინ არის? - იკითხა იოანემ.

- ჩემი სოფლელია, ხალდედანაა, ჩემზე ორი წლით არის უმცროსი.

- სვანთა მზეთუნახავია, - დაუმატა დავითმა და ღიმილით გადახედა შერგილს. იოანე, ეტყობა, მიხვდა მისახვედრს.

- მერე შენ გინდა, ყმაწვილო, ქალწული ქალი უცხო ქვეყანაში გადავკარგოთ, მშობლები ვითომ თანახმა იქნებიან?!

- მერედა, ასეთი მშვენიერება იქ რომ მოგვტაცონ? უცხო ქვეყანაში ვინ იქნება მისი მცველი?! - ისევ არ შეცვალა კილო მეფემ.

- მე იქ არ ვიქნები, მეფეო?ლ - გაუწითლდა ლოყები შერგილს. - სირინო კი უჩემოდ ფეხსაც არ გადადგამს. 

სწორედ ამ დროს სირინომ კენჭებით სავსე, შაბში გამოყვანილი თხის თეთრი გუდა ქოშინით შემოათრია ჭიშკარში. 

- ქალს ასეთ მძიმე ტვირთს ათრევინებ, ვაჟო? კეთილი ღიმილით შეუტია შერგილს მეფემ.

- სირინო! - დაუძახა შერგილმა. - ხომ გითხარი, ცხენიდან საპალნე უჩემოდ არ ჩამოიღო-მეთქი?

- მინდოდა მეფეს ენახა ხალდეშურას ხვინჭკის ნაირფერობა და სილამაზე.

- აქ მოიტანე! აბა, ერთი მუჭა მოლზე გადმოყარე! - შეელაპარაკა ხუროთმოძღვარი. 

შერგილი გაიქცა და სირინოს მიეშველა. გუდა ხუროთმოძღვრის ფეხებთან დააგდო, ყელი შეხსნა და გასწი-გამოსწია, იქიდან წვრილ-წვრილი ყვავილებივით ნაირფერად ამოანათა კენჭებმა. ყველანი დაკვირვებით დააცქერდნენ. შერგილმა რამდენიმე პეშვი ამოიღო და ახლად ამოწვერილ მოლზე დაყარა. სხვადასხვა ფერის კენჭებმა სიმწვანეში თვალები უფრო დაჭყიტეს. 

- აი, ნამდვილი მშვენიერება, არ მეგონა, ხალდეშურას ნაპირზე ამდენი ფერის კენჭებს თუ იპოვნიდა კაცი! - გაიოცა დავითმა. 

- ეს სირინოს შეურჩევია, ასე შევითქვით, - გაეღიმა შერგილს და მადლობის თვალით გაიხედა ყმაწვილი ქალისაკენ.

- „ქვეყნის-სამზომლო“ ხომ არ გისწავლია, შვილო! გაოცებით შეეკითხა იოანე ქალწულს.

- რა ბრძანეთ, მოძღვართ-მოძღვარო? - ვერ მიხვდა შერგილი და მერე უდარდელად დაუმატა - სირინოს მარტო მამამისი ასწავლიდა ანბანს.

მეფეს გაეღიმა: 

- მოძღვართ-მოძღვარო, სირინო შერგილის თვალებით ზომავს ქვეყანას. მისი მეცნიერება ყველაზე დიდი მეცნიერებაა ამქვეყნად. 

ხუროთმოძღვარი დაკვირვებით ჩასცქეროდა პეშვზე დაყრილ კენჭებს. 

- დიახ, საოცრებაა! თითქოს არც გაეგონოს მეფის სიტყვა, ისე განაგრძო მან. დაუკვირდით, სუნიც კი თავისებური აქვთ. მთის ყვავილის სურნელება რაღაცნაირად შემოუნახავთ. მე მეგონა, ზღვის კენჭს ჰქონდა მარტო სურნელება. იოანემაც პეშვით აიღო კენჭები. 

- წაბლის სურნელება აქვს, - წყნარად თქვა, მერე თვალებთან ახლო მიიტანა და დააჩერდა. - თითქმის სუყველა ბრტყელ-ბრტყელია. მართლაც მისწრებაა მოსახატად. 

- „სოფიას კენჭი“ მაინც დაგვჭირდება. გამჭვირვალეა, მინასავით შუქს ატარებს. ეტყობა, ერთმანეთში უნდა შევურიოთ.

მეფემ არაფერი თქვა, წყნარად გაემართა ჭიშკრისაკენ. როცა უკან მოიხედა, დაინახა, იოანეს და ხუროთმოძღვარს არსენ წინამძღვარი ესაუბრებოდა. 

„ნეტავი იოანე და არსენი თუ კიდევ დაობენ ერთმანეთში, - გაიფიქრა და ფიქრშივე დაუმატა: - ბრძენთა დავა ხალხისთვის სასარგებლოა. მეფეთა დავაა სისხლიანი და კაცთსაძულველი, ხალხთა დოვლათის გამჩანაგებელი, ადამიანთა გონების დამსუსტებელი. თუმცა უმეფოდაც არ შეიძლება. გონიერე უგნურები ჭარბობენ ამ სოფელში ყოველთვის და უმეფოდ ისინი ყველაფერს წალეკავდნენ“.

 

* * * * * * *

 

იმ წელს ზამთარი ადრე მოვიდა. გიორგობის თვეში ხალდეს კალთებზე სამი წყრთა თოვლი იდო. მონადირეები მთაში გაიკრიფნენ სანადიროდ. სირინო შერგილის გამოგზავნილ თბილ შალის ჩაბალახს ყვავილებს აქარგავდა. 

- უფრო რბილი და თხელი ღაზლის ქსოვილი რომ იყოს, დარაია ძაფი უფრო მიეფერებოდა ქსოვილს. ეს კი თბილი იქნება, მაგრამ უხეში ჩანს, - ელაპარკებოდა თავის თავს.

ძროხა და ხარი თივას ახრამუნებდნენ, 

კერაზე ცეცხლი გიზგიზებდა. კოშკის თავზე ყინვის ლოლოები ეკიდა. ძელურში კვამლი ბრუნავდა. 

უცებ ხმაური მოისმა. სირინომ ყურები ცქვიტა. მალე ზღურბლზე ვიღაცამ ფეხი შემოდგა. 

- რომელი ხარ? 

- კარი გააღე, შვილო, მე ვარ! - გოგონა ისე წამოფრინდა, თითქოს ფრთები შესხმოდეს. გათოვლილ გულდედანს კისერზე ხარჯიხვი გადაეწვინა. ნელა მივიდა და ტვირთი რბილად დადო კერიასთან. ვეება ხარჯიხვი იყო. სამ-სამი წყრთა რქები მოჭრილ მუხის ტოტებივით ეყარა მიწაზე. 

- ჩვენს ძროხაზე დიდია - გაიკვირვა სირინომ. დალის თვალი მწყალობს, შვილო. მეორეც მოვკალი, თოვლში ჩავფალი, გოგირდი ვუკმიე, ნადირი რომ დააფრთხოს. დილით უნდა გავბრუნდე. 

- ნეტავი ერთხელ დალი მაჩვენა. ამბობენ, ქალს არ დაენახვება, ეჯავრებაო. შერგილი რომ შეხვედროდა, თუ ეჩვენებოდა ნეტავი?! კარგი ვაჟები უყვარს თურმე. 

- რას ამბობ, გოგო. დალიზე ასეთი ლაპარაკი გამიგონია? რომ გამიჯავრდეს, ხომ დამღუპავს.

- შენ როგორ ფიქრობ, მამა, შერგილს ეჩვენებოდა თუ არა დალი? 

- რას ამოიჩემე, გოგო, ის გადაკარგული ბიჭი!

- გადაკარგული კი არა, მეფის წარგზავნილია. 

- მერე ამდენ ხანს რად არ გაგვიხსენა? შეიძლება იქ დაცოლშვილდა კიდეც.

სირინო ელდანაცემივით წამოვარდა. 

- რას ამბობ, მამა! შერგილს ორი გული არა აქვს, ყველა სვანივით ისიც ერთი გულის პატრონია!

- ჰე, რა ვიცი, შვილო, მაშ ამდენხანს სიტყვა ვერ მოგვაწვდინა?! შენი შეხედვა გულს მიკლავს. ხანდახან დედაშენი მომელანდება, ალბათ, მასაც აწუხებს შენი გულისტკივილი.

- შერგილი მალე ჩამოვა, სულ მალე, დედას კი, თუ კიდევ დაგესიზმროს, უთხარი, სირინო ბედნიერია-თქო. მთელს სვანეთში ვის ჰყავს შერგილისთანა საქმრო!

გარეთ თოვლი აჭრიალდა.

- ვიღაცაა, მამალ - გაფითრდა გოგო. მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ კოშკის ძირიდან ძახილი მოისმა. 

- სირინო, სირინო, ძაძუ ვარ! სტუმრები მოგიყვანე, დიდი მეფის წარმოგზავნილებია! 

- საპატიო სტუმრებია. ღმერთო, შერგილის კარგი ამბავი ათქმევინე მოსულებს! - პირჯვარი გადიწერა ძველმა მონადირემ. 

- გახედე, მამა, მე კი მანამ კაბას გამოვიცვლი, ასე სირცხვილია. 

გულდედანმა კარი გამოაღო. მეზობლის ქალს ორი ნაბადშემოხვეული ვაჟკაცი შემოჰყვა. 

- მშვიდობა ოჯახს! 

- გამარჯობა არ მოშლოდეს ამ კერასI 

- მობრძანდით, მობრძანდით! მეფის _ მოგზავნილები - ღვთის მოგზავნილებია. რისთვის გაგსარჯათ დიდმა მეფემ ასეთ ამინდში?

- მოგიკითხათ მეფეთ-მეფემ, საჩუქარიც მოგიძღვნათ. მათ შორის ერთი შერგილს გამოუგზავნია შორეული ზღვისპირეთიდან.

- ღმერთმა თქვენს მარჯვენას უშველოს. თუ შერგილი ავად არ არის, ჩვენც ბედნიერები ვართ მაშინ, შვილებო!

- კარგად ყოფილა, ეს ზამთარიც და კვირიკობისთვეში მანდ ვიქნებიო, შემოუთვლია. მეფემ თქვენი ქალიშვილისთვის ცალკე გამოგვატანა მოსაკითხი. 

ჭაბუკებმა ხურჯინის თავი ნელ-ნელა გახსნეს. 

- ამ თოვლში რომელი გზით მობრძანებულხართ, ვერ მიმიკვლევია?! - გაკვირვებით იკითხა მასპინძელმა. 

- უშგულით მოვედით. ბანდულებზე შეჩვეულნი, თვითონაც უშგულელები ვართ. ახლა მეფის კარზე ვიყავით.

- კარგი ყმები ყოფილხართ, შვილებო, ღმერთმა და მეფემ გაკურთხოთ! დავით მეფე ხომ კარგად გვყავს? 

- შემოგითვალათ - კვიცის გამოგზავნისთვის მადლობა მომიხსენებიაო. 

- ღმერთმა უშველოს, ჩემი კვიცი რა სახსენებელია, მაგრამ მაინც მესურვილება გავიგონო, ხომ კმაყოფილია დიდი მეფე? 

- ასეთი მძლავრი, მოუღლელი მუხლი დუნიაზე ცხენს არ ექნება დავითს არაბული ცხენების რემა ჰყავს. ვერც ერთმა ფეხი ვერ გაუსწორა შენ ნაჩუქარ კვიცს. 

- მთის ცხენია, შვილო, ძლიერი წვივი აქვს. მერე მე ჯიხვის რძით ვზრდიდი სამეფო კვიცს. ნადირის რძეს კი სხვა ძარღვი აქვს, ცხელია, ცხენს სისხლს უთბობს, უდეგარს და მოუღლელს ხდის. 

სირინო კოშკის კიბიდან ჩამოვიდა და მოსულებს მიესალმა. ვაჟებს თვალებში სინათლე ჩაუდგათ. 

- რად ირჯებოდა მეფე-ბატონი, განა ცოტა აქვს საზრუნავი? თქვენიც დიდი მადლობელი ვართ, რომ შერგილის სიკეთე გვითხარით. 

სტუმრებმა სირინოს მეფის ძღვენი მიაწოდეს. ძვირფასი ბეწვის ჯუბა იყო. 

- უიმე, ამას ვინ ჩაიცვამს?

- ქორწინებამდე ეს იყოს და ქორწინებისთვის სხვა გვევალებოდესო, - ბრძანა დავითმა. 

- შერგილი კვირიკობისთვეში ჩამოვა. მწიფობისთვეში ქორწილი უნდა გადავიხადოთო, ბრძანა მბრძანებელმა, - წყნარად დაუმატა მეორემ. 

- თქვენ პირს შაქარი. ახლა ეს ჯიხვი გავატყაოთ და მწვადები შევწვათ. 

- შერგილის საჩუქარი არ მოგვირთმევია ჯერ.

პირველმა ვაჟმა ლამაზად ნაქსოვი ბოხჩა გახსნა. აბრეშუმის წითელ ქსოვილში რაღაც იყო შეხვეული. თვალებაბრიალებულმა სირინომ მორცხვად ჩამოართვა და გაშალა. შიგ პატარა სახარება აღმოჩნდა. ვერცხლის ყდაზე დავითის სახე იყო მინასავით გამჭვირვალე წვრილი კენჭებით ჩაჭედილი. მეფე საოცრად ცოცხალი თვალებით იყურებოდა. 

- შერგილის ხელია! აღმოხდა სირინოს. 

ფურცელი გადაშალა. ქართული ასოებით იყო ნაწერი.

- გელათშია ნათარგმანები, ყდა კი უცხო ქვეყანაში გაუკეთებია. ბარაქალა, ბიჭო! სამწუხაროა, მეფეს არ უნახავს ეს წიგნი. 

- რატომ არ უნახავს?!

- შეხვეული იყო და როგორ იკადრებდა მის გახსნას.

სირინო ჩაფიქრდა.

- მაშინ, როცა უკან წაბრძანდებით, თქვენ თვითონ წაუღეთ მეფე-მბრძანებელს. ნახოს, გაეხარდება. ახლა კი, მამა, ვახშამს მივხედოთ, შენც დამშეული ხარ და სტუმრებიც.

მან წიგნი ასწია სახატეზე შემოსადებად და უცებ იატაკზე გვირილის ხმელი ფურცლები გადმოცვივდა.

- ხალდეს ყვავილებია. შერგილს შეუნახავს ფურცლებშუა! - გაებადრა სახე სირინოს.

 

* * * * * * *

 

სოდომ-გომორის ქალაქია ბერძენთა ეს ქალაქი. რამდენი ადამიანია, იმდენი ენაა. ვის გაუგონოს სვანმა ბიჭმა! ბერძენი და სპარსელი, ისრაელი და არაბი, პაჭანიკი და ათასი კიდევ სხვა. დიდმა მოძღვართ-მოძღვარმა, სანამ მთვარე ათჯერ დაილეოდა და გაივსებოდა, ორი ღერი ბერძნული ასწავლა, ეს არის და ეს. ამ სიტყვებით პურს თუ იყიდის და წყალს დალევს. არაფერი არ მოსწონს ამ ქალაქში ერთის გარდა; ბაღჩები ვარდებითა და ყვავილებით არის სავსე. ასეთი ვარდები ხალდეს მინდვრებს არც დაესიზმრება. ორი პეშვის ხელაა თითო კოკორი. ახლა სურნელი?! ერთი ვარდის სურნელი მთელი ხალდეს გააბრუებდა! ნეტა ერთი სირინოსთვის გააგზავნინა ეს ყვავილები უჭკნობლად! იქნებ თესლი ჩავიგდო ხელში. იქნებ კი არა, აუცილებლად უნდა ვიშოვნო. დავით მეფეს გაეხარდება. მერე როგორ დაამშვენებს უქიმერიონის ბაღებს!

ცაზე კი ვარსკვლავები თითქმის ისეთივე ჩანდა, როგორც ხალდეში. ოღონდ ესაა, სხივთა ციალი იყო სხვანაირი! თითქოს უფრო მეტად ნაზი და ხავერდოვანი. იქ კი, მის ხალდეში, ვარსკვლავები მნათი და აილამას მწვერვალივით მიუკარებელნი არიან. ეჰ, როდის გავა დავითის დათქმული დრო შერგილმა საკუთარი თვალით ნახა სანახავი. გასაკვირი არც არაფერია! იცის. ხალდელმა ჭაბუკმა, ზღვის კენჭით როგორ მოხატოს ჩაფიქრებული სახე და ნივთი. ამ ქალაქშიც რომ არ წამოსულიყო, ისედაც დაძლევდა განზრახულს. ღმერთო, არ შეგცოდო და სწავლით არც თუ ცოტა ისწავლა. ბევრი რამ ახალი ნახა და შეითვისა. 

დიდი ოსტატები ჰყავთ ბერძნებს. ისეთი თვალი აქვთ, მზის ფერს ათასნაირად დაგიხატავენ და მზეობას კი მაინც ყველგან აგრძნობინებენ მნახველს. მალე გელათშიც ეყოლებათ ასეთი ჭაბუკები. დიდი იოანე და მოძღვარი არსენი კავკასიის მთებს გადადგამენ, თუკი მოინდომეს. ჰოი, იოანე, იოანე! მართალია, დავით მეფეს არც რაინდობა აკლია და არც სიბრძნე, მაგრამ შენი მსგავსი ადამიანები აღამაღლებენ ერის გონებას, მისი სიბრძნის სალაროს შენისთანა შეწირული ადამიანები ამდიდრებენ.

ამ ფიქრში გართული შერგილი ნელი ნაბიჯით მიდიოდა ბოღაზისკენ, იქნებ ხომალდს ქართველი ვინმე ჩამოჰყვესო. იქაური ამბები აწუხებდა ძალუმად. 

უზარმაზარი ბოღაზი ათასი ჯურის ხალხით იყო სავსე. ხომალდებს ნუ იკითხავთ აფრების თვალუწვდენი ტყეები ირხეოდა ზღვაზე. ვაჭრები და მოლები, მღვდლები და ბერები ერთ მანეთში ირეოდნენ. ქუჩები გლახაკებით იყო სავსე. სვანი კაცისათვის მაინც ყველაზე ლამაზი და საოცარი ზღვის ულამაზესი ლურჯი უბე იყო. სანაპიროზე დიდებულთა სასახლეები იყო წამოჭიმული. ბაღებში ათასნაირი ვარდი, ფორთოხალი და მისთვის უცნობი სურნელოვანი მცენარე ჰყვაოდა. 

სვანეთის წყლები და მდინარეები მაინც სხვა არის. ხალდეს ცას შეტოტებული მწვერვალები მთელ დუნიას ურჩევნია.

უცებ ორი უცხო კაცი დალანდა. მათი მიხვრა-მოხვრა, სიარული და სახის ნაკვთები ეცნაურა. ტანსაცმელი კი ნამდვილად ქართული ეცვათ. 

- ქართველები ბრძანდებით? - შორიდანვე შეეკითხა. 

- დიახ, საქართველოდან ვართ. შენ კი ვინა ხარ, ჭაბუკო? ახლა კარგად შენიშნა შერგილმა, ისინი უბრალო აზნაურები არ იყვნენ. ქამარ-ხანჯალი და ხმალი სულ ოქროთი ჰქონდათ მოჭედილი.

- შენ ის სვანი ჭაბუკი ხარ, ალბათ, გელათის ტაძრის გუმბათის მოსახატად რომ გელიან! 

- ვინ მელის?! - შეცბა შერგილი. 

- თვითონ მეფე დავითი. სულ მალე ყველაფერი დასრულდება. შენ კი გუმბათის კედლის აღმოსავლეთ მხარეს გიტოვებენ. ასე უბრძანებია ხუროთმოძღვარს: 

- თქვენ რისთვის გარჯილხართ?! 

- ჩვენ ბერძენთა მეფის კარზე ვართ წარმოგზავნილები მეფეთ-მეფის დავითისაგან. 

- როდის წაბრძანდებით? იქნებ მეც გამოგყვეთ, ჩემიანებთან მგზავრობა გამეხარდება.

- ჯერ არ ვიცით, ჭაბუკო, თანაც მეფის დასტურის გარეშე ვერ წაგიყვანთ. მან დაგვისაგზლა, ინახულეთ და ჩემი ბრძანება უთხარით: ბევრი ისწავლოს, ჩვენს მიწაზე სასახლეების და ტაძრების შენება აწი უნდა დავიწყოთო. 

- ნუთუ მეფეთ-მეფეს ვახსოვარ? - გაწითლდა შერგილი. ახსოვხარ კი არა, გვიბრძანა, მოინახულეთ და ჩემი საჩუქარი გადაეცითო, - უთხრეს და ხელში ოქრო-ვერცხლით სავსე აბრეშუმის ყაითნით ნაქსოვი ქისა ჩაუდეს. - არაფერი მოიკლოსო, დაგვაბარა. 

ჭაბუკი გაოგნებული დასცქეროდა ქისას.

- იცოდე, ხვალ შინ გამოგივლით, არსად წახვიდე. ნაბძანებ ადგილზე უნდა მიგიყვანოთ, - უთხრა პირველმა. 

შერგილი ამის მთქმელს დააკვირდა. მეტად ახალგაზრდა ჩანდა მოსული. შავი, თხელი წვერ-ულვაში მის ნათელ სახეს ვაჟკაცურ იერს აძლევდა. „ვინ უნდა იყოს ნეტავი“, - გაიფიქრა შერგილმა. მერე უცებ მიხვდა, კინაღამ შუბლზე იტკიცა ხელი! კი, ნამდვილად სახლთუხუცესი იდგა მის წინ.

„ესენი დიდ საქმეზე არიან ჩამოსული. მეფე სახლთუხუცესს ადვილად არ გამოუშვებდა“, - გაიფიქრა მან. 

- თქვენს ბრძანებას ვინ გადაუვა, სახლთუხუცესო! - უცებ წამოცდა ეს სიტყვები. 

- მიცანი?! - გაოცდა სახლთუხუცესი. - იცოდე, არსად დაგცდეს! არაა საჭირო, ჩემი აქ ყოფნა სხვებმა იცოდნენ. ხვალ კი გამოგივლით, ბინა ვიცით, პირველად როდი ვართ ამ ქალაქში. აბა, თუ მიხვდები, სად უნდა წაგიყვანოთ?ლ

- აზრი ვერ მიმიწვდენია, სახლთუხუცესო.

- მეორედ არ წამოგცდეს ეს სიტყვა, აკი გაგაფრთხილე!

- ბოდიში, ბატონო, - შეწუხდა შერგილი. 

- ხვალ მეფის სრა-სასახლე და ბაღები უნდა დავათვალიეროთ. დავითს უნდა, საკუთარი თვალით ნახო მათი სიმდიდრე და მხატვრობანი. 

შერგილს სიხარულისაგან ელდა ეცა. 

- ეს ჩემი ფიქრი იყო! - წაილუღლუღა მან. 

- ასეა, ძმაო, დავით მეფემ ყველა მისი ქვეშევრდომის ფიქრი იცის და მის აღსრულებას თვითონ ცდილობს. ამიტომაა დიდი მეფე. 

- ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეს!

- აბა,ჩვენ წავედით. მშვიდობით.

ორი ნაბიჯიც არ გადაედგათ, რომ სახლთუხუცესი ისევ შემობრუნდა. 

- შერგილ - შემოსძახა ჭაბუკს. - ჭუნირი ხომ არ წამოგყოლია? დავით მეფე დაკვრას გიქებს. მისი ხმები სამშობლოს გვახსენებს. 

- კი, ბატონო,. ჭუნირი ჩემი ხმალიც არის და ფარიც.

- მაშ ხვალ ადრე გამოგივლით, წასვლამდე ერთ-ორ სიმღერას მოგვასმენინებ.

- როგორც თქვენ ბრძანებთ, ისე იქნება, ბატონო.

 

* * * * * * *

 

ზღვა წყნარი იყო და ლურჯი. საღამოს გრილი ნიავი ნელა არხევდა ხეების ტოტებს და ზღვაზე გაშლილ აფრებს. დიდი ხომალდები თეთრი ღრუბლებივით მოჩანდნენ შორიდან. 

შერგილის სენაკის წინ სამნი ისხდნენ. ჭუნირის ხმა წყნარად დაირხა ზღვისპირეთში. წყნარადვე დაიგალობა შერგილჭაბუკმა. ნელ-ნელა გაიღო მონასტრის სხვა სენაკთა კარები და თავი გამოყვეს ბერებმა და შეგირდებმა. ერთმა ვერ მოითმინა და ბერძნულად დაიძახა: 

- შერგილი უკრავს. გამოდით, ბიჭებო, გამოდითლ 

- შენ, ჭაბუკო, ეტყობა, თავი გამოგიჩენია კიდეც! - გაეღიმა სახლთუხუცესს.

შერგილმა ხმას თანდათან აუწია. ახალგაზრდა შეგირდები გარს შემოეხვივნენ.

- იცოდე, ტოლივით მელაპარაკე, გინდა, ნათესავად გამთქვი! - ხმადაბლა ჩაულაპარაკა სახლთუხუცესმა.

მოსულებს ერთი ახოვანი, შავთმიანი ყმაწვილი გამოეყო.

- ლილე იმღერე, შერგილ! - შეეხვეწა სვან ჭაბუკს.

- ჩვენი სიმღერებიც ასწავლე, ბიჭო, ამათ? - გაოცდა სახლთუხუცესი. 

- თვითონ ისწავლა. მეტად მოსწონს ჩვენი სიმღერები. ამ ბოლო დროს თვითონაც მეხმარება. ისეთი მოძახილი აქვს, მოგეწონებათ. ათინელი ბერძენია, ოქროს ხელი და გონება აქვს.

- თანამემამულეები არიან?! - იკითხა ისევ ბერძენმა. - დიდი კაცები ჩანან, ის ერთი მაინც ბრძენი იქნება! 

სახლთუხუცესს კინაღამ სიცილი შესკდა. შეგირდმა ის კი არა, მისი მხლებელი ჩათვალა ბრძენ კაცად. თავი შეიკავა, იცოდა, ბერძნულის ცოდნის გამჟღავნება საკუთარი თავის გამჟღავნებას ნიშნავდა. 

შერგილმა ლილე წამოიწყო. სახლთუხუცესმა და მისმა მხლებელმა ვეღარ მოითმინეს და ხმა ააყოლეს. მწყობრი სიმღერა საოცარი სიძლიერით ამაღლდა. უსმენდნენ და ეგონათ, კავკასიონის მთები თანდათან გუგუნით შიშვლდებოდნენ და მაღლდებოდნენ, კალთებს იშმუშნიდნენ, მხრებს იბერტყავდნენ და ყინული და თოვლი ხევებში სცვიოდა, ქვესკნელში მიქშუოდა. თითქოს სამი ქართველი კი არა, ასი მწვერვალი მღეროდა. არა, პრომეთე-ამირანი გუგუნებდა ადამიანთა სიმძლავრეზე, ვაჟკაცობაზე, შეუდრეკელობაზე, ეს ღმერთების სიმღერა კი არა, მათი სიძლიერის დამხობის საგალობელი, ადამიანის ნიჭისა და გონიერების, მისი უტეხი რაინდობის ამაღლებული ჰიმნი იყო, მათი თვალმიუწვდომელი სიმაღლისა და ძლიერების სიმღერა. 

უცებ მონასტრის წინამძღვარი გამოჩნდა. დინჯად მოდიოდა მათკენ. შერგილმა შეხედა და დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. დაბნეულობა ხმაზეც დაეტყო ჭაბუკს, ეტყობა, წინამძღვარმა იგრძნო ეს და ანიშნა, ნუ გეშინია, იმღერეო. 

ერთი კიდევ მძლავრად შეუგალობეს და დაამთავრეს. ხმას არავინ იღებდა. მხოლოდ მომღერლებს დასტყობოდათ სიმღერის ეშხით გამოწვეული სიწითლე. 

- დიდებული სიმღერა გქონიათ, შვილებო, დაილოცა თქვენი კუთხე! 

„სიმღერა შენ ჩვენი მეფე დავითისა უნდა მოისმინო! - გაიფიქრა სახლთუხუცესმა. - რომ დაიბუხუნებს, მისი ხმის სიძლიერე თქვენს მონასტერს ქვის გუმბათს ააგლეჯს“. 

- შერგილ - მიუბრუნდა უცებ ჭაბუკს, - მეფემ მითხრა, ყვავილთა სიმღერა იცისო, ვაჟობას გაფიცებ, მომასმენინე. 

შერგილი შეკრთა. „რა საჭიროა ახლა აქ ყვავილთა სიმღერა? ვაითუ ვერ გამიგონ! სირინო და მეფე სხვაა, ამათ კი, ვინ იცის, დამცინონ კიდეც. უარს მაინც ვერ ვეტყვი მეფის სახლთუხუცესს. მერე სად, ამ უცხო ქვეყანაში განა ქართველი კაცი ქართველს სიმღერის მოსმენის ეშხს გაუმტყუნებს?!“ 

შერგილმა დაიწყო. ჭუნირის სიმებს ჯერ იის ჩურჩული აღმოხდა, ბგერები წყნარად, ნელა დაირხნენ მონასტრის ეზოში. მერე წყნარადვე გადაინაცვლეს ზღვის უბისაკენ, ბაღებისაკენ, სასახლეებისაკენ. წინამძღვარი წინ წადგა, - თითქოს ისედაც ლურჯი ფერები, ზღვას თხელი ნისლივით რომ გადაჰკვროდა, ახლა უფრო გამრავლდა, იისფერი დაედო. თითქოს იის სურნელი გაჩნდა კიდეც მონასტრის ეზოში და გარემოს მოეფინა.

თვითონ შერგილის ფიქრი კი ხალდეს მინდვრებზე დაქროდა. ახლა თვითონ მოუნდა გვირილების სიმღერა - ხალდელი გოგონების ცეკვა. სიმები მწყობრად ირხეოდნენ და ცის გუმბათს აკანკალებდნენ. 

- საოცარია პირდაპირ! დამთავრებისთანავე თქვა წინამძღვარმა. - აქ, ჩვენში, იოანე ქართველის მკრეხელობა უკვირდათ, ჩვენი ეკლესია მის ცოდვებს მისსავე მასწავლებელს იოანე იტალოსს აბრალებდა. ვინც თქვენ სიმღერებს მოისმენს, მიხვდება, საიდან მოდიოდა მისი წარმართული ფიქრები. ბრძენთა-ბრძენია იოანე პეტრიწონელი, მაგრამ ერთარსება ღმერთი მას ჩვენსავით როდი სწამს.

- იოანეს მკრეხელობა ვინ თქვა, წინამძღვარო?! - წამოდგა შერგილი. 

- დაჯექი, ბიჭო! - უბრძანა სახლთუხუცესმა. - შენ რა იცი, შვილო. ამათ თავიანთი პაექრობა და დავა აქვთ. ეს ჩვენი საქმე არ არის! 

- მიწის პირზე ისეთი მტერი ახლა მართლმადიდებელ ეკლესიას არა ჰყავს. გონებით ძლიერია და მით არის საშიში. გავიგე, თქვენს მეფეს იოანე პეტრიწონიდან თავისთან მიუწვევია.

- არ ვიცი, წინამძღვარო, - იუარა შერგილმა, - ჩემსობას იქ იოანე არავის ერქვა.

სახლთუხუცესს ულვაშებში ჩაეცინა. მოეწონა სვანი ჭაბუკის ტყუილი. 

- ჭკვიანი კაცი ყოფილხარ, - ჩუმად ჩაულაპარაკა ქართულად, - ეტყობა, ამ ბერძენს იოანეს სიბრძნე ვერ მოუნელებია. იტალოსი დაღუპეს კიდეც. ახლა იოანეს ებრძვიან, რას უზამენ, შვილო. დავითის კალთის ქვეშ ახლა ვინ გაუბედავს რასმეს. 

უკვე დრო იყო წასვლის. 

შერგილი სენაკში შევიდა თმის დასავარცხნად. შეგირდებმა და ბერებმა თავიანთ სამყოფელს მიაშურეს. მარტო წინამძღვარი არ იძროდა ადგილიდან. 

სახლთუხუცესი და მისი მხლებელი მიხვდნენ, რომ წინამძღვარს რაღაც აწუხებდა. მან ერთხელ კიდევ მოავლო თვალი გარემოს და რაკი შენიშნა, რომ მათ გარდა არავინ იყო, მოულოდნელად ქართულად დაილაპარაკა.

- არ გაიკვირვოთ, მე იოანეს მოწაფე ვარ. ვიცი, იგი დავით მეფის სამსახურშია. მაპატიოს შეცდომანი ჩემი. მე რომ მის კვალს გავყოლოდი, არ შემეძლო, დავიღუპებოდი. იტალოსი ჩვენში სატანაზე უფრო საშიშად არის გამოცხადებული. 

- ქართული იოანემ შეგასწავლათ?ლ - არ დაიბნა მოულოდნელობით სახლთუხუცესი. 

- არა, ჩემით შევისწავლე, ჯერ კიდევ ათონში. მერე პეტრიწონში მოვხვდი გრიგოლ ბაკურიანელის სემინარიაში. იქ შევხვდი დიდ იოანეს. 

- ორიოდე წუთის წინ მეგონა, იოანეს თქვენზე დიდი მტერი არ ჰყავდა. - გაეღიმა სახლთუხუცესს.

- რას იზამ, ადამიანს ხშირად უხდება თავისი ფიქრების მალვა. აქ წეღან ორი ბერი იყო. ვიცი, ისინი მე მითვალთვალებენ. კათალიკოსი ეჭვიანობს ჩემზე.

- წინამძღვარო, შერგილი უნდა წავიყვანოთ ცოტა ხნით. შინაური საქმეები გვაქვს მასთან, - სხვაზე გადაიტანა საუბარი სახლთუხუცესმა

- წაიყვანეთ, ვინ უშლის, თქვენი ქვეყნის შვილია, როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით, - სწორედ ამ დროს შერგილი გაფითრებული გამოვიდა თავისი სენაკიდან და პირდაპირ წინამძღვარს მოაშურა. 

- წინამძღვარო, ჩემი სასთუმლიდან ვიღაც ხელცივს ჩემი სოფლის კენჭით მოჭიქული ნახატი მოუპარავს. იგი სახეა დავით მეფეთა-მეფის. თუ არ დამიბრუნებენ, სისხლი დაიღვრება! ამას ვერავის შევარჩენ! 

წინამძღვარს მუხლი მოეკვეთა. 

- ეს იმ ორი ბერის ხელის საქმეა, სხვების სასთუმლებში ბუჯურობენ, გვამოწმებენ.

- ეტყობა, დავითის სახე იოანეს მიამგვანეს, - წყნარად თქვა სახლთუხუცესმა და წინამძღვარს შეხედა. 

- ნუთუ ისინი ერთმანეთს გვანან?! - კიდვე უფრო აკანკალდა წინამძღვარი. 

- წვერულვაშით კი გვანან. ისე, დავითის ერთი მაჯა იქნება იოანეს ყელ-კისრის სიმსხო. 

- დავღუპულვართ და ეს არის. კათალიკოსი იოანეს იცნობდა, მკრეხელობას დაგვწამებს თქვენცა და ჩვენც.

- ნუ შეწუხდებით, წინამძღვარო, დავით მეფის სიძლიერე ახლა თქვენს კათალიკოსსაც კარგად მოეხსენება. 

მონასტრის ეზოში ბერძენთა მეფის ათი ცხენოსანი შემთჯირითდა. წინ კარისკაცი მოუძღოდა. ჩამოქვეითდნენ და მოკრძალებით წამოვიდნენ სახლთუხუცესისკენ. 

- მეფე გთხოვთ. სასახლეში გელით მეფეთა-მეფის დავითის წარგზავნილებს! 

სახლთუხუცესს ფერმა გადაჰკრა, „ჯაშუშებს დავუსმენივართ, აწი მალვა აღარ ღირს“, - გაიფიქრა და წამოდგა. 

- მონასტრის სტუმრები ვართ, ერთი ჩვენი შეგირდი სწავლობს აქ და მისი წაყვანა გვიბრძანა მეფეთა-მეფემ.

- მეფემ უკვე გაიგო, თქვენს შეგირდს დავითის სახე დაუხატავს. 

- საიდან მოხვდა დიდ მეფესთან ყრმის ნაცოდვილარი?ლ ვითომ გაიკვირვა სახლთუხუცესმა. 

- კათალიკოსს უნახავს და მან უსაჩუქრა.

სახლთუხუცესმა წინამძღვარს გადახედა და ქართულად ჩაილაპარაკა: 

- თუ ჩვენში წამობრძანებას ინებებთ, გამოგივლით. იცოდეთ, მეფეთა-მეფე დავითმა იცის თქვენისთანა ბრძენი ადამიანების ფასი. 

- უკვე მოხუცი ვარ. შორეულ მგზავრობას ვეღარც კი ავიტან. დავით მეფეს კი მოკრძალებით გადაეცით ჩემი კეთილი სურვილები. 

- წინამძღვარო, ნუთუ თქვენ იცნობთ კოლხთა მეფეთა-მეფეს! - გაიოცა მეფის კარისკაცმა.

- ვიცნობ, შვილო, აი, მისი თხოვნით ეს შევაგროვე.

ამის თქმასთან ერთად წინამძღვარი თავისი სენაკისაკენ წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ხბოს ტყავის მომცრო ტომარა გამოათრია და ბალახზე პირი მოხსნა. 

- მეფეს ზღვის კენჭები რად დასჭირდა? - კიდვე უფრო გაიოცა კარისკაცმა.

- ხომ ნახეთ დავითის სახე იმ საღვთო წიგნზე. ის ამ ბიჭმა მოჭედა. დავით მეფე დიდ ტაძარს აშენებს გელათში. იქ უნდა ღვთისმშობლის სახე მიაკენჭოს ტაძრის აღსავლის გუმბათს. წავა თუ არა ეს ბიჭი, მეც ეს თან უნდა გავატანო.

- ამ სიტყვებს არავინ ელოდა. ყველა გაოგნებული იდგა. სახლთუხუცესი კი გუნებაში იღიმებოდა. 

- ბრძენთა-ბრძენია ჩვენი დავითი. ხედავთ, საიდან სად გადმოუწვდენია ხელი?

შერგილი მაინც ვერაფერს მიმხვდარიყო. გაოცებით შეჰყურებდა ყველას, განსაკუთრებით კი წინამძღვარს. - აი, თურმე რატომ მეფერებოდა, დროს არ იშურებდა ჩემი გაწვრთნისათვის! იოანეს ძმობილი ყოფილა. დავით მეფის პატივისმცემელი. ახლა კარგად გაახსენდა, ერთხელ ღამე გააღვიძა წინამძღვარმა და არსენ წინამძღვრის ბარათი იდუმალად გადასცა. ბარათთან ერთად აბრეშუმის მომცრო ქისაში ხუთი ბრტყელი, ფერადი კენჭი იდო. 

- ეს რა არის?! - გაოცდა წინამძღვარი.

- ჩემი სოფლის მდინარის კენჭებია, - აუხსნა მაშინ შერგილმა. გულში კი ფიქრობდა - სირინო ისევ გელათში იწვრთნება ხელსაქმეზე. ეტყობა, ხალდეშურას კენჭები შიკრიკს ბარათთან ერთად ნამალევად გამოატანა.

„ნეტავი ყვავილების სიმღერა თუ ესმის ახლა სირინოს?!"

 

* * * * * * *

 

მრავალმა წელმა განვლო. დავითი კარგა ხანია გელათის მიწაში, უზარმაზარ ლოდქვეშ განისვენებდა. დემეტრეც გარდაიცვალა. არსენ წინამძღვარმა გელათიდან იყალთოში გადაინაცვლა, იქ იმოღვაწევა და კახეთის მიწაზევე მიიძინა. სულმნათი იოანე, მუდამ ადამიანთა სიკეთეს რომ ქადაგებდა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ბედნიერებას ვერ ეღირსა. 

შერგილს და სირინოს უკვე ათი შვილი და ოთხმოცამდე შვილთაშვილი ეხვიათ. სად არ იარა შერგილმა: გელათიდან ისევ საბერძნეთში მოუხდა წასვლა, იქიდან ახალ გაქრისტიანებულ ჩრდილოეთში იმოგზაურა. იქაურ ტაძრებს თავისი ხელი დაატყო, ნახეტიალები და მოღლილი დაბრუნდა სამშობლოში. სირინომ იუარა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, უკვე მოხუცები ისევ ხალდეში დაბრუნდნენ. ბიჭები დააცოლშვილეს, ქალები დაათხოვეს და თვითონაც დაწყნარდნენ. შერგილმა ზედ წყაროს თვალზე კოშკი ააგო, რომ მტრის შემოსევისას უწყლობა არ ეგრძნო შთამომავლობას. ისხდნენ ახლა სვანეთის გრძელ ზამთრის ღამეებში და წარსულს იხსენებდნენ. შერგილს მუხლში იმდენი ღონე კიდევ ჰქონდა, გარედან შეშა შემოეტანა და ჯიხვის ხორცი შამფურზე აეგო. სირინო კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ფეხზე ადგომა უჭირდა. 

- მართლა ლამაზი ქალი იყო ჩვენი ბებია?! - იღიმებოდნენ შვილიშვილები. სირინოს სადღაც მაინც გაკრავდა თვალებში ელვის მსგავსი პატარა ნაპერწკალი. 

- ნუ ხუმრობთ, ცელქებო! ჩემი სილამაზე მხოლოდ ჩემმა შერგილმა იცის. თქვენ კი თქვენ ქმრებსა და სილამაზეს მოუარეთ, ეშმაკისფრთიანებო!

თვითონაც იღიმებოდა, აკვირდებოდა შვილებს და შვილიშვილებს. ხედავდა, ზოგი მას ჰგავდა, ზოგი შერგილს. აი, ბეჩაო! მისი ნაქარგი დროშით სულცხონებულმა დავით მეფეთა-მეფემ სად არ შეულეწა მტერს კარი, სხვა რომ არა, მარტო ის რად ღირდა, რომ მისი ნახელსაქმევი თბილისის ცაზე გადმოკიდეს გამარჯვებულმა ქართველმა მეომრებმა? ახლა ეს ცხვირმოუხოცელი გოგოები დასცინიან სირინოს?! არა, კი არ დასცინიან, ასე ღიმილით იხსენებენ მის სიკეთეს. იციან ცელქებმა, ბებოს გულში რომ უხარია ასეთი საუბარი. აბა, როგორ ჰგონიათ. შერგილმა მოაჯადოვა სირინო ქალი, თავდაპირველად საწყალ მამასაც არ მოეწონა მათი ამბავი, მაგრამ მერე ისიც სულს ლევდა შერგილის გახსენებაზე. ვაჟი არ ჰყავდა და შვილივით შეითვისა სირინოს რჩეული. 

ან კი ვინ იყო შერგილისთანა? რასაკვირველია, არავინ. სოფელი ვერ მიხვდა პირველად შერგილის სიკეთეს. კინაღამ გიჟად მონათლეს. 

ვინ გაიგონა ყვავილთა სიმღერა და ცეკვა-თამაშიო?! უკვირდათ. მარტო მე მივუხვდი შერგილს, მე გავუგე. მე ჩავიხედე მის გულში. სხვანაირად ცოლ-ქმრობა არ შეიძლება. საყვარელ მამაკაცს კარგი ცოლი ყოველთვის მიუხვდება ფიქრს. შერგილს კი თავისი ფიქრი აწვალებდა, სირინოს შემხედვარე გულში ბოღმას იხვევდა. 

„ნეტავი მე დავვარდნილიყავი, ეს ქალი კი არ წაქცეულიყო. ნახევრად მკვდარია და თვალები მაინც ჩემკენ აქვს. მეცოდება, მეცოდება. მთელი ცხოვრება სიხარულით ამივსო. არასდროს ბედი ჩემი არ მიწყევლია, არასდროს დარდი არ შემომპარვია გულში. ახლოს ვუყურებდი, თუ შორს ვიყავი, მაინც მისი თვალების შუქი მინათებდა გზა-კვალს. ცაზე ახედვაც მიხაროდა და ქვეყნის თვალის გადავლებაც. ყველაფერი მისი სიყვარულით იყო. მეფენიც კი არ ყოფილან ჩემზე ბედნიერნი: ღმერთო შენით და, არც არავინ მინახავს ჩვენზე უფრო სიხარულით ავსილი. აბა, ვინ იყო: იოანემ ქვეყანას შესწირა თავი, ბევრი იმოგზაურა და იმოღვაწევა. უკვდავება დაიმსახურა, ბედნიერება კი - ვერა.

არსენსაც ასე მოუვიდა. ბოლოს და ბოლოს მეფეთა-მეფე იყო დიდი დავითი, თითქმის ქვეყნის მპყრობელი გახდა, მერე რა?! ჩემზე ბედნიერი მაინც არ ყოფილა. საოცარია მაინც! ამდენი ომი გავიარეთ, რამდენი ავადმყოფობა შეხვდა ხალხს. ჩემი ახლობელი ავადაც კი არ გამხდარა. სად არ იბრძოლეს ჩემმა შვილებმა, ცოტა სასახელო საქმე როდი აკეთეს სამშობლოსათვის, ტყვია კი არ გაჰკარებიათ. ბედია, მაშ რა არის! ჩემი ოჯახის წევრს ჯერჯერობით მწუხრის ცრემლი არ გადმოვარდნია თვალთაგან! მეტად გასაკვირველია; მაგრამ ასე მოხდა. მწამს, ყველგან სირინო-ქალის სიყვარული გვიფარავდა მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც. მასაც და ჩვენც მისი ნათელი ფიქრის შუქი გვინათებდა გზა-კვალს, მისი ლოცვა მიგვიძღოდა წინ.

მეტად მიყვარდა ეს ქალი, მასაც ვუყვარდი. ერთმანეთი ვაცოცხლეთ და ვაცხოვრეთ. ნეტავი ჩვენი შთამომავალნიც ასევე ივლიდნენ ამ ბედნიერ წუთისოფელში. ახლა კი მეტად დაჩიავდა და მოტყდა საწყალი. ჩემი რომ არ ედარდებოდეს, რამდენი ხნის წასული იქნებოდა ამ ქვეყნიდან. ჩემი ჯავრი ამაგრებს კიდევ; ეშინია, უჩემოდ რა ეშველება, ვინ მოუვლის. ვინ მოეფერებაო. ძალ-ღონემ უმტყუნა, მაგრამ მის თვალებში ისევ ის ცეცხლი ანთია, პირველად რომ აგიზგიზდა. ღმერთო შენით და, მეც ვეღარ ვძლებ უმისოდ. წინათ წლობით ვიყავი გადახვეწილი, ოჯახს და მის სახეს მოშორებული. სადაც კი ვიყავი, მისი შუქი მიმყვებოდა და მაძლებინებდა, ახლა აღარ შემიძლია სირინოს მოშორება, უმისოდ მგონია უფსკრულში, სასიკვდილო წკვარამში ვარ ჩავარდნილი. მას რომ რაიმე დაემართოს, მე, შეიძლება, უცებ არ მოვკვდე მაგრამ ჩემი სიცოცხლის ყველა ნაპერწკალს ცივი ფერფლი გადაეფარება. განგების მადლობელი ვარ, რომ სირინო შემახვედრა ამქვეყნის თანამგზავრად. მეც ბედნიერი ვიყავი და ისიც“.

ეზოში ამ დროს ხმაური გაისმა, უმცროსი შვილიშვილებს სტუმრები მიეწვიათ, კოშკის ძირში სუფრა გაეშალათ, სულ არ დაეძებდნენ, ავად იყო თუ არა მოხუცი სირინო, თავიანთი ფიქრი აწუხებდათ, თავიანთი საზრუნავი გასჩენოდათ. ასე იყო და ასე იქნება. შვენოდათ ჯაჭვის პერანგები, მოკლე ხმლები და მუზარადები. ოდესღაც შერგილიც ასე იყო, მოვა დრო ისინიც მოხუცდებიან. 

 

* * * * * * *

 

ხალდეს მინდვრებზე მზე ყოველთვის აილამას მწვერვალიდან გადმოიხედავს. ამოსცდება თუ არა მის ყინულოვან, ცადაზიდულ წვერს, ერთბაშად დაანათებს მთელ სოფელს. იმ დილასაც ასე იყო, ოდნავ გრილოდა და სირინომ შერგილი მოიხმო. 

მხრებში შემიდექი, შერგილ, კოშკის ძირას სკამლოგინი გამიშალე, მინდა ჩვენ ეზოს და გაღმა მთის კალთებს ვუყურო. შერგილმა ციმციმ ასწია სირინო და დაგებულ სკამლოგინზე მიაწვინა. ხალდეშურა კლდეს ასკდებოდა, ღურღულებდა, გრიალებდა, გარშემო ცასა და მიწას აზანზარებდა. 

- რა პატარაა და რამდენი ძალა აქვს, შერგილ, ჩვენს ხალდეშურას? ყველა მდინარე რომ ასე ძლიერი იყოს, ქვეყანას წალეკავენ. 

- პატარაა, მაგრამ ცეცხლია, მისი ტალღები შევარდნის ფრთაზე უფრო სწრაფია. ხომ გიყვარს, სირინო, ჩვენი ხალდეშურა? 

- გახსოვს, შერგილ, ჩემი სახე რომ მოხატე მის ნაპირზე? მეუბნებოდი, ყვავილთა სიმღერა ვიციო. მე სულელმა დავიჯერე კიდეცლ - გაეღიმა სირინოს. 

- ნამდვილად ვიცოდი. აკი გიმღერე, თვითონ არ მითხარი, იები, გვირილები ცეკვავენ და იმღერიანო?! კარგად მახსოვს, ასე მითხარი. 

- გითხარი და ასეც იყო. ნამდვილად მესმოდა მათი სიმღერა, ნამდვილად ვხედავდი მათ ცეკვას... ჭუნირი მინდა მომასმენინო, დაუკრავ, შერგილ?

- ხელი არ მემორჩილება, ქალო! 

- სცადე, შერგილ, მე მაინც გამიხარდება, ჭუნირი კედელზეა, დაუძახე, მოგიტანონ. 

შერგილი წამოდგა. 

- არა, შენ ნუ წახვალ, ხომ გითხარი, ბავშვებს დაუძახე და ჩამოგიტანენ. მინდა ახლოს იყო, მარტო ნუ დამტოვებ.

შერგილმა რძალს შეუძახა, ჭუნირი მომიტანეო. 

- ნეტავი მეფეთა-მეფე დავითს თუ ესმოდა ყვავილთა სიმღერა? - იკითხა სირინომ.

- არა, არ ესმოდა, სირინო, არც შეიძლებოდა გაეგონა!

- რატომ, შერგილ, ის ბრძენი კაცი იყო, ღვთის ტოლი კაცი იყო. 

- კი, ღვთის ტოლი კაცი იყო. მაინც ვერ გაიგონებდა ყვავილთა სიმღერას. 

- მეფე თუ ვერ გაიგონებდა, მაშინ ჩვენისთანები რას შეისმენენ, შერგილ?! 

- მეფეთა-მეფე დავითს კაცი უნდა მოეკლა, მტერი უნდ ეხოცა.

- მამულის მტერი კაცი არ არის, შერგილ! 

- მე ერთხელ წმიდა გიორგის ვხატავდი, საღებავი დამექცა, ნახატი დამედღაბნა და წავშალე. როცა დავხედე და მისი სახე ადგილზე ვერ ვნახე, ენა დამება, მომეჩვენა, კაცი მოვკალი-მეთქი.

- მერე?

- სწორედ ამ დროს ტაძრის ეზოში მღეროდნენ. როგორც კი სურათი დავდღაბნე - კაცი მოვკალი, უცებ დავყრუვდი, ვეღარაფერი გავიგონე, გონებაზე ბინდი გადამეფარა. კაცს რომ მოკლავ, ყვავილთა სიმღერას კი არა, ადამიანის ეშხს დაკარგავ. გონი აგეშლება. 

- მაშინ მეც მომეჩვენა ყვავილთა სიმღერა. ის კი არა, გვირილების ცეკვაც დავინახე. 

- მაშინ სხვა იყო. 

- დაუკარი, შერგილ, დაუკარი. 

შერგილმა რძალს ჭუნირი ჩამოართვა და თითები ჩამოჰკრა... 

სირინოს უნებლიეთ თვალები დაეხუჭა. მიხვდა შერგილი, ძველებურად ვეღარ აჟღერდა ჭუნირი. სირინოს ენიშნა და თვალები მიტომ დახუჭა. 

- დავით მეფე დიდი მეფე იყო, ის მაინც გაგიგონებდა!

- ხომ ნახე, რამოდენა ლოდის დადება ბრძანა სიკვდილის ჟამს, ისიც დააწერინა, ზედ გადამიარეთო.

- ყვავილების ენას მაინც გაიგებდა. ჩვენ მაშინვე უთქმელად მიგვიხვდა ტრფიალს. 

- ღვთის ტოლი კაცი იყო. დიდი ლოდიც იმიტომ დაიდო, დიდი ცოდვა შემინდეთო. 

ისევ ჩამოკრა შერგილმა, გაიხედა. რძალი ზღურბლზე იდგა და გაოცებული იყურებოდა. 

- სიმები ხომ არ დალამებულა, მამამთილო?ლ 

- არა, ჩემო რძალო. თითები მიკანკალებს, თითები!

შერგილმა ცოლს გადახედა. სირინოს თვალები ფართოდ გაეღო, ოღონდ შიგ ახლა მარტო ერთი უფერო ფერი ედგა, ცეცხლგამოლეული, მიმქრალი, უნაპერწკლო. 

- დაუკარი, შერგილ, გენაცვალე, დაუკარილ - ჩიფჩიფით თქვა. 

- მერე რა? კიდეც რომ დავუკრა, ყვავილთა სიმღერას ვეღარ გავიგონებთ! მაშინ სხვა იყო, სიჭაბუკე იყო, სიყვარული იყო. 

- მე ახლაც მიყვარხარ, შერგილ, - თითქოს მორცხვად ჩაილაპარაკა მოხუცმა ქალმა. 

- მაშინდელი სხვა იყო, სირინო, სხვა. ის გვამღერებდა, ის გვასმენინებდა, ის გვაჟრჟოლებდა ტანში. 

- აბა, ხალდეს ყვავილები არ მღერიან? 

- მღერიან, ქალო, მღერიან. შენც ხომ ნახე, როგორი სიმღერა იციან აქაურმა გვირილებმა. 

- ვნახე, მაშინ ვნახე, ახლა კი... 

- ახლა, სირინო, მზეს გახედე, უკვე ჩასულა დასალიერში. გრილა, შინ შევიდეთ.

 

დასასრული

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ