- არა, ბატონო, - გვეუბნებოდა ამასწინათ ცნობილი საზოგადო მოღვაწე თავადი პეტრე. - მაპატიეთ გულახდილობა და მოგახსენებთ, გულში ნურაფერს ჩამარჩენთ, გულს ნუ მატკენთ, თორემ სადაც მომიხერხდება, რითაც მომიხერხდება, როცა აზრათაც შეიძლება არ გექნეთ, მაშინ ვიყრი ჩემს გულის ჯავრს; ამოვიყრი ჩემს გულის ჯავრს უსათუოდ, თუნდაც რომ ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!
რა ვქნა.. რომ არ მინდოდეს, ასე უნდა ვქნა, რადგან ასე გვჩვევია ძველთაგან. მოგეხსენებათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო; და რომ გვჩვევია - ამისი ათასი მაგალითია: მაგრამ მე ერთს მოგახსენებთ, რომელიც ჩვენს გვარში მომხდარა და რომელიც, როგორც გამიგონია, ვიღაც ფრანგ მოგზაურს თავის მოგზაურობის აღწერაშიც შეუტანია თურმე...
მეფესთან - აღარ მახსოვს. სახელდობრ რომელთან - ერთხელ ყოფილა ჩვენი წინაპარი ბატონიშვილი მანუჩარ. ამავე დროს მეფეს სწვევია მეზობელ სამთავროდან მთავრის ძმა სვიმონი, ჩვენივე ნათესავი. მეფეს მეტად გახარებია ამათი სტუმრობა და მათდა პატივსაცემად უმართია ლხინი ლხინზე, ჭიდაობა, ნადირობა, ჯირითი, ბურთაობა და ათასი სხვა გასართობი.
ნამეტნავად შეჰხარებია მეფე სვიმონ ბატონიშვილს. ეს ბატონიშვილი ცნობილი ყოფილა როგორც ვაჟკაცი, გულადი მეომარი, შეხედულებით თვალსაჩინო და ენამეტყველი. მანუჩარი კი არც შეხედულობით, არც ვაჟკაცობით, არც ენაწყლიანობით არავის ყურადღებას არ იქცევდა, მაგრამ ამაყი და ძლიერ თავმოყვარე ყოფილა.
მეფე თურმე გვერდიდან არ იშორებდა სვიმონს, მუდამ გატაცებით ისმენდა მის გმირულ თავგადასავალს და აღტაცებაში მოდიოდა მისი ნაამბობით. მეფესთან ერთად მუდამ მის ქებაში იყო მთელი სასახლე. ეს ამბავი მანუჩარს ძლიერ სწყენდა გუნებაში, მაგრამ გულწყენობას გულშივე იმარხავდა და არავის ამჩნევინებდა.
ბოლოს მოთმინებამ უღალატა მანუჩარს და ერთხელ, როცა სვიმონ ბატონიშვილი თავისებურად მოუთხრობდა მეფეს იმ ცხარე შეტაკების ამბავს, უკანასკნელ ხანებში სამთავროდან თათრების განდევნის დროს რომ მოუხდა მას, მოუთხრობდა, თუ რა გაჭირვებაში ჩავარდა ერთხელ, მაგრამ როგორ სასწაულებრივ გადაურჩა განსაცდელს, გადაარჩინა ჯარი, თავზარი დასცა მტერსაც და ერთიანად შემუსრა იგი, რის გაგონებაზე მეფე უზომო აღტაცებაში მოვიდა, მანუჩარს გულმა ვეღარ მოუთმინა და უნებურად სახეზე ღიმილმა გადაუთამაშა. ღიმილის დასამალავად მანუჩარმა ულვაშებს ქვეშ ტუჩებზე ორი თითი გადისვა.
სვიმონმა ამას თვალი მოჰკრა. ერთიანად აინთო... შეჩერდა და მანუჩარს სიტყვა ესროლა:
- ღიმილი მოგგვარეთ, ბატონიშვილო, ჩემი მონათხრობით?
- რასა ბრძანებთ, ბატონიშვილო!.. - წამოიძახა მანუჩარმა, - განაგრძეთ!.. ღვთის გულისათვის, განაგრძეთ ამბავი!..
სვიმონი კი მიუბრუნდა მეფეს და სიცილით თქვა:
- რა ვუყოთ, ბატონო! ვისაც ვაჟკაცობისა არა სცხია-რა, სხვისიც ძნელად დაეჯერება, ეპატიება ბატონო! - კვლავ გაიცინა სვიმონმა...
- ტყუილა ნებულობთ, ბატონიშვილო, ტყუილა ნებულობთ! - მიუგო მანუჩარმა მხოლოდ.
- მეტისმეტი ტრაბახა კაცი კია ეს ჩვენი ნათესავი ბატონიშვილი, - წაილაპარაკა მანუჩარმა, ისიც მაშინ, როცა მხოლოდ თავის მხლებლებში მოხვდა. სვიმონის დაცინვა ლახვარივით ჩაესო მას გულში.
სვიმონიც თავის გულს აჰყვა და შემთხვევას არა ჰკარგავდა, გადაკრული სიტყვით მიემართნა მანუჩარისათვის. ყველანი შეწუხდნენ სასახლეში ბატონიშვილებს შორის მომხდარ უსიამოვნების გამო და ყველანი შიშობდნენ, ცუდად არ დაბოლოვებულიყო ამათი შეტაკება.
მეფეც მეტად შეწუხდა და სვიმონს თხოვნით მიმართა:
- სვიმონ, თუ გიყვარდე, აკმარე მანუჩარს, აკმარე, თუ გიყვარდე!
მანუჩარი კი გარინდდა, ისე დაიკავა თავი, თითქოს არაფერი წყენოდეს სვიმონისაგან, და რამდენსამე დღის შემდეგ, ბინისაკენ გამგზავრება რომ დააპირა, მეფეს უღრმესი მადლობა უძღვნა პატივისცემისათვის, სვიმონს სიყვარულობით გამოეთხოვა და ისე წავიდა.
ნამდვილად კი მის გულში ცეცხლი ენთო და, რაც უფრო უახლოვდებოდა თავის სამფლობელოს, საბრძანებელს, უფრო და უფრო ემწვავებოდა სვიმონისაგან ყოველივე განაგონი, სვიმონისაგან მისი ავად ხსენება, სვიმონის დაცინვა; და როცა მან ფეხი შედგა თავის მიდამოში, სადაც ყველაფერი მისი ნების ქვეშ იყო, ყველა მისი მორჩილი იყო, სადაც მის წინ ყველანი თრთოდნენ, სიტყვის შებრუნებას ვერავინ ბედავდა და მის უბრალოდ წარბის შეხრაზე შიშს ეძლეოდნენ და თახთახებდნენ, - აქ უმეტესად ემწვავა სვიმონის დაცინვა და, შურისძიებით შეპყრობილმა, გიჟურად წამოიძახა:
- განანებიებ თავხედო!. თუ კაცი ვყოფილვარ, განანებიებ... განანებიებ!
დღედაღამ მანუჩარი მუდამ იმის ფიქრში იყო, თუ როგორ და რა გზით ამოეყარა თავის გულისჯავრი სვიმონზე.
ერთხელ სასახლეში ვიღამაც ახსენა სვიმონ ბატონიშვილის შვილის სახელი, რომელიც მახლობელ მონასტერში იზრდებოდა ბერებთან.
- მერე, - წამოიძახა მანუჩარმა, - მერე რატომ ერთხელ არავინ გამახსენეთ ეგ ამბავი? დაგვემდუროს ჩვენი ნათესავი, რომ გვერდით გვყოლია მისი შვილი და ერთხელაც კი არ მოგვიკითხავს და არ მოგვინახულებია?.. საყვედურს ამაცდინეთ... ერთი დღე მაინც მომგვარეთ ბავშვი... ვსცე ნათესაური პატივი!..
ბავშვი მოიყვანეს სასახლეში, მანუჩარი დიდი სიხარულით მიეგება მას. დილითვე, ალიონზე, კაცი აფრინა სვიმონთან შვილის ამბის მისატანად და თან საჩუქარიც გაუგზავნა მშვენიერი პატარა კოლოფით.
დიდად გაიხარა სვიმონმა მანუჩარის ძღვნის დანახვით და მოტანილი ამბით.
- ეტყობა, ყველაფერი დავიწყებას მიუცია, - იფიქრა სვიმონმა, - ბარაქალა, მანუჩარ.
ბევრი ეხვეწნენ ყმაწვილ აზნაურს დარჩენილიყო, რათა შესაფერი პატივი ეცათ მისთვის, მაგრამ ვერაფრით ვერ დაიყოლიეს, ვერ დაარჩინეს, - ჯერ დაბარებული ჰქონდა მაშინვე გამობრუნებულიყო და მერე ძლიერ საჭირო საქმეზე სხვაგანაც იგზავნებოდა, მისი სიტყვით.
- აბა, ვნახოთ, ბატონიშვილო, - მიმართა სვიმონმა თავის მეუღლეს, - ვნახოთ, რა საჩუქარი გვიძღვნა ჩვენმა მანუჩარმა!
გახსნეს კოლოფი... მტერსაც არ ენახოს ის, რაც იმათ ნახეს: კოლოფში მათი შვილის მოჭრილი თავი იდვა.
ამის დანახვაზე ატყდა ერთი კივილი, წივილი, ზრიალი, ტირილი და ვაი-ვაგლახი.
მთელი სასახლე შეინძრა.
- ვინ ხართ კაცი?.. ვის ვებრალები?.. ვის ვეცოდები?.. დღეს დამენახვეთ!.. დღეს მიშველეთ! - შესძახა სვიმონმა.
ქვეყანა ადუღდა ბატონიშვილის საცოდაობით. თვალის დახამხამებაზე მოგროვდა უთვალავი ჯარი და გამწარებული სვიმონი გამოემართა მანუჩარისკენ, მიწასთან გაასწორა მისი ავლა-დიდება: ცეცხლს მისცა მანუჩარის სამფლობელო; ვერც იმისმა მაგარმა ციხემ გაუძლო სვიმონს.
- უგვანო!.. მხეცო!.. ჩემზე ჯავრით ჰღელავდი.. უმანკოს, ნორჩ სიცოცხლეს რას ერჩოდი?.. ბოროტო!.. - და გააფთრებული სვიმონი ეძგერა ხმლით მანუჩარს.
- ხომ გაგამწარე!.. სიკვდილამდის გაგამწარე!.. სიცოცხლე აღარ მენანება! - კიდევ მოასწრო მანუჩარმა წამოეძახა სულის ამოსვლამდის...
აი, ბატონებო, ასეთი ამბავი მომხდარა და ვიმეორებ - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, რაც გვჩვევია, იმას ვერ გადაგვაჩვევთ! - სიცილით დაათავა მან და ყველას თვალი შემოგვავლო.
















