მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 591 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როცა ბაბომ წერილი გაუგზავნა თავის ძმად მიჩნეულ გიგო სალაძეს, იგი უკვე თავის გულის პატრონი აღარ იყო.

მოკლე წერილში მხოლოდ ეს ეწერა: "თუ ძმა ხარ ჩემი, და ცოტათი გებრალება შენი ბაბო, ახლავე ჩამოდი. შენი და ბაბო გარაყანიძისა".

თავის დღეში ვერ წარმოიდგენდა ბაბო, თუ ოდესმე მის თავზე იმგვარი ამბავი დატრიალდებოდა, რომ გულში შეეპარებოდა და გაბატონდებოდა ისეთი გრძნობა, რომელიც მის დამონებას მოინდომებდა და რომლის დამჩაგვრელი ძალის გაძლიერებას დღიდანდღე ცხადად ამჩნევდა ყმაწვილი ქალი.

რარიგად მოხდა ეს?

საეჭვო აქ აღარა იყო-რა. მისი გული სხვისთვის სცემდა; წინათ დაწყნარებული, დამშვიდებული, ახლა სხვისთვის ტოკავდა, ღელავდა, შფოთავდა. როცა ეს ღელვა და შფოთვა გაძლიერდა, მეტად მწვავე შეიქნა, ყმაწვილი ქალის გონებაც აღშფოთდა, თითქოს გამოფხიხლდა რაღაც საშიშროების მოახლოების წინაშე.

არავითარი რამ ამგვარი მდგომარეობა ანუ მისი მსგავსი ჯერ არ გამოეცადნა; არასოდეს ასეთი მტანჯავი მოუსვენრობა არ განეცადა თავის სიცოცხლეში.. დღემდე თავისუფალს, უდარდელს, თავის გულწრფელობით ყოველ თავის მოქმედებაში გაბედულს, დღეს დაეკარგა ეს გაბედულებაც, თავისუფლებაც საქციელში და დღეს დამნაშავესავით მორიდებულია ქმართანაც, ნათესავთანაც, მახლობელთანაც და თითქმის ყოველ ადამიანთან, რომელსაც კი თავის მახლობლად ხედავდა.

რარიგად შეიპარა მის გულში ეს საზარელი, ეს უცნაური გრძნობა? როდის? რა იყო ამის მიზეზი? როგორ მოუვიდა ასეთი გაუფრთხილებლობა, რომ ასე ქურდულად, თვისდა უნებერად ესტუმრა ეს უსიამოვნო სტუმარი, რომელიც ასე შეუბრალებლად ეკიდება, ასე მაგრად ხვევს ხელს, უკარგავს ძალას, ართმევს ნებას და მიჰყავს სადღაც, მიაქროლებს სადღაც განსაცდელის ნაპირად? და აი, შემკრთალმა, შეშინებულმა ბაბომ, მოსაზრების ღონეს მოკლებულმა, სხვა ვერა მოიფიქრა-რა თავის გასაჭირში, რომ წერილი მისწერა ძმად მიღებულს, დღეს მოშორებით მყოფ გიგო სალაძეს. მისწერა წერილი და უნდოდა, რაც შეიძლება მალე, მოშველებოდა. მოვა ის ჩემი პატიოსანი მეგობარი კაცი და იმას გამოვუტყდები, გავუმხელ ჩემს უბედურებას, ვეტყვი აღსარებას და ვთხოვ შველას, შემწეობას ამ ულმობელი, დამჩაგვრელი, ჩემზე გაბატონებული გრძნობის ასაშორებლად, მისი ბრჭყალებიდან თავის დასაღწევადო.

მიწერით მისწერა კი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მეტად შეინანა თავისი საქციელი, თავისთავს ამტყუნებდა აჩქარებისათვის. რა ეთქვა? როგორ მოჰყოლოდა, რა სიტყვებით გამოეთქვა თავისი სამწუხარო ამბავი? რა ენით ეამბნა თავისი სირცხვილი, თავისი სიგლახე? - ხომ დავკარგე იმწუთშივე მისი სიყვარული, მისი თანაგრძნობა, მისი ძმური გული? ხომ დავკარგე ამასთანავე ყველასაგან ის პატივისცემა, რა პატივისცემითაც ყოველი ნაცნობი მეგებებოდაო?!

ყმაწვილ ბაბოს მართლაც განსაკუთრებული სახელი ჰქონდა დამსახურებული იმ საზოგადოებაში, რომელმიაც ცხოვრობდა. ყოვლად შეუძლებელი იყო, რომ პირველი გაცნობისთანავე თქვენი გული არ მიეზიდა, არ მოეხიბლა ამ თვალტანადს, ლამაზს, სიცოცხლით სავსე, მკვირცხლ, მხიარული ხასიათის, ენამახვილ, ცქრიალა ყმაწვილ ქალს; შეუძლებელი იყო აღტაცებაში არ მოეყვანეთ მის გულკეთილობასა და გულწრფელობას და ამ პირველ გაცნობისთანავე არ ცდილიყავით მასთან უფრო დაახლოებას, მაგრამ რანაირ დაახლოებას? ამ ქალის წინაშე ყოვლად შეუძლებელი იყო თქვენს გულში გაევლო იმ გრძნობას, იმ სურვილს, რომლის გაღვიძება სასიქადულოდ მიაჩნია მანდილოსანოა უმეტეს ნაწილს.

ყმაწვილ ქალს ბუნებითვე თანდაყოლილი ჰქონდა ის თავმოყვარეობა, რომელიც გამსჯელია ყოველისავე ფიქრისა, თავში გაელვებული აზრისაც კი, არა თუ გამოქვეყნებული საქციელისა; ეს ის თავმოყვარეობაა, რომელიც დედაბოძია პატიოსნებისა სინდისიერებისა, სიკეთისა, საფუძველია თავისთავის იმედისა. ეს თავმოყვარეობა იყო, რომ ბაბოს თავისუფლებას აძლევდა ყოველ მოქმედებაში, ყოველ მის საქციელში, ყოველგან და ყველასთან. ამ თვისების პატრონის წინაშე თქვენც იმასავით შორს იყავით ყოეელსავე გრძნობაზე, ბინძურ აზრზე. იმასავით თქვენც თავისუფალი იყავით ყოველ ამისთანა ზრახვისაგან და თქვენი გული გრძნობდა, თუ რა ადვილად შესაძლებელი ყოფალა პლატონური სიყვარული, სიყვარული სულისა, სათნოებისა, და აღტაცებული გეუბნებოდათ ამ სიყვარულის სიტკბოებასაც.

ის საზოგადოება რომელიც თავს იყრიდა გარაყანიძის ოჯახში, სწორედ ამნაირი პატივისცემით და სიყვარულით იყო გამსჭვალული ბაბოსადმი; ყოველი კაციც და ქალიც ამ ოჯახს ეტანებოდა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ იქ რაღაც სხვანაირი ურთიერთობა იყო დამყარებული თავშეყრილი სახოგადოების წევრთა შორის, რომ იქ განსხვავებული იყო ყოველივე სიტყვაც, მოქმედებაც, ხუმრობაც და ოხუნჯობაც.

იმ საამურ ოჯახში, საცა ისე ხმირი იყო მხიარულება, დაუცხრომელი ხითხითი, გაუთავებელი ოხუნჯობა, მახვილსიტყვათა სროლა, სადაც ყოველივე ისე სასიამოვნოდ იყო მოწყობილი, სრულიად მოულოდნელად, გაუგებრად, ქურდულად, ნაპარევად, თითქოს ჯიბრზე, ფეხი შედგა იმ გრძნობამ, რომელსაც სიყვარულს ეძახიან და რომლის ნამდვილი სახელი კი მხოლოდ ვნებაა.

ეჭვი არ იყო, რომ ბაბოს გული ვლადო ბრელიშვილისთვის ფრთხიალებდა, მისთვის მოუსვენრობდა... იმის დანახვაზე კი არა მარტოოდენ სახელის გაგონებაზე უცნაური, ჯერ გამოუცდელე აღშფოთება შეიპყრობდა ხოლმე ბაბოს. რა ხანია ეს ყმაწვილი კაცი მის ოჯახში დადის, რა ხანია იცნობს? აქამდე ძმასავით უყურებდა, კეთილ მეგობართა შორის სახავდა და ახლა კი... ახლა კი? ნუთუ სიყვარული იყო ეს გრძნობა? რასაკვირველია, არა... იგი მხოლოდ ვნებათა ღელვა იყო, სხვა არაფერი, და ეგ უკლავდა, უთუთქავდა გულს საწყალ ბაბოს. ამიტომაც იყო, რომ ეს გრძნობა სამარცხვინოდაც მიიჩნია... სიყვარული პატიოსანი გრძნობაა, გამბედავია, უშიშარი, ამას კი თავისი გრძნობა ეთაკილება, გამბედაობას, თავისუფლებას უკარგავს, შიშით ავსებს მის არსებას; ეს გრძნობა ჩასჩურჩულებს - ერიდე მაგ ყმაწვილ კაცსაო, აიძულებს, ქურდულად იგემე ის სიამოვნება, რომლის გამოცდაც გინდაო, და თანვე რაღაც საშიშარ ბოლოსაც უქადის, დიდ სიმწარეს ჰპირდება.

ქალი ახლა ერთ შიშშია, ერთ კრთომაშია, რომ არავინ გაუგოს, არავინ მიუხვდეს, არავინ ამოიკითხოს მის თვალებში, რაც მის გულში ჩოჩქოლია, და ამის გამო გამბედაობამიხდილი ვეღარ უსწორებს სხვებს თვალს, არიდებს სახეს, რომ სახეზე არ შემამჩნიოს ვინმემ, რა უბედურებაშიაცა ვარ ჩავარდნილიო,

უიმისოდაც აღშფოთებულმა თავის მდგომარეობით, საწყალმა ქალმა აჩქარებით ახალი საშფოთავი და საწუხებელი გაუჩინა თავის თავს გაგზავნილი წერილით. სადაც იყო, გიგოც, რასაკვირველია, გაჩნდებოდა, და ბაბო მოუსვენრად იჯდა ფანჯარასთან ყოველ დილას და გულის ძგერით ათვალიერებდა ყოველ გამვლელ–გამომვლელ ეტლს. წერილის გაგზავნის მეოთხე დღეს, მატარებლით ჩამოსულმა გიგომ ეტლი გააჩერა გარაყანიძის სახლის კარწინ. ბაბომ ფანჯრიღან დაინახა საშველად მოწვეული ძმობილის დადარდიანებული სახე და უნებურად გაიცინა.

„რა ვუთხრა ახლა?“ გაიფიქრა მან და მომღიმარი სახით შეეგება ამ წარმოსადეგ, ვაჟკაცური შეხედულების ყმაწვილ კაცს, რომელმაც მხურვალედ აკოცა ხელზე და, პირველი მისალმების შემდეგ, დადარდიანებული სახის მეტყველებით მიაცქერდა ქალს ხმაამოუღებლად, თითქოს ეკითხებოდა, რა ამბავია, რას ნიშნავს შენი მონაწერი, ჩემი ასე საჩქაროდ დაბარებაო. მას ეგონა, რაღაც უსიამოვნო ანბავს გავიგონებ ამ ყმაწვილი ქალისგანაო და დაჯავრიანებული სახის გამომეტყველებით მისჩერებოდა, ბაბო კი ამგვარად გიგოს დანახვაზე უნებურმა სიცილმა აიტაცა. გაკვირვებულმა ყმაწვილმა კაცმა ეს სიცილი ჯერ იმის ნიშნად მიიღო, რომ ბაბომ უთუოდ მიხუმრა, როგოოც არა ერთხელ უხუმრიაო, და წაილაპარაკა გულდამშვიდებიო:

- მე კი რაღაც ამბავი მეგონა!

- ხა, ხა, ხა! - გადაიხარხარა ბაბომ და ამ უდარდელმა კისკისმა და სიცილმა სრულიად გაუფანტა გიგოს ყოველივე ეჭვი, რომ ვითომ სამწუხარო და უსიამოენო რამ ამბავი ყოფილიყო ქალის თავს.

- არა გრცხვენიან, გიგო, ამდენხანს რომ დაგვეკარგე?.. ხომ ჩამოგაჩანჩალეთ?! ჰა?.. ხა, ხა, ხა! - გადაიკისკისა ისევ ბაბომ.

- მე სულელმა ეგ რატომ ვერ მოვისაზრე, რომ შენი წერილი მართლა ჩემდა ჩამოსაჩანჩალებლად უნდა ყოფილიყო მოწერილი... მივატოვე მუშაობა, საქმე და გამოვსწიე საჩქაროდ. რა ვიცი, რა არ ვიფიქრე შენი ეშმაკური წერილის გამო!

- რა, რა იფიქრე, რა წარმოიდგინე, მითხარი, თუ ძმა ხარ?

გიგო მოჰყვა და დაწვრილებით უამბო ყოველივე, რაც წარმიდგინა, რაც იფიქრა; ბაბო კი გაფაციცებით ყურს უგდებდა და იცინოდა, რაკი ხედავდა რომ გიგო სრულიად ვერაფერს ვერ მიხვედრილიყო, ღობე-ყორეს მოსდებოდა. დამნაშავე ბავშვივით რომლის დანამაულს ჯერ ვერ მიმხვდარან, და რომელსაც იმედი კი არა აქვს, რომ ბოლოს მაინც ვერ გაუგებენ ჩანადენს, და ამიტომაც ცდილობს ამთავითვე მოულბოს გული თავის გამკიცხველს, მიიმხროს, მოინადიროს, რისთვისაც სხვანაირად ევლება თავს, ექუცქუცება, უცინის, ეალერსება, - ისე ბაბოც, უცნაური შიშით შეპყრობილი, უნებურად იცინოდა, კისკისობდა, გიგო კი ვერ ამჩნევდა იმის სიცილის ნაძალადეობას. პირიქით, გიგო ამ გარემოებამ სრულიად დაამშვიდა, დააწყნარა, გაამხიარულა და მალე ისეთ სასიამოვნო მუსაიფში გაება ბაბოსთან, რომ თითქმის სულ დაავიწყდა მწუხარება.

ამათ მუსაიფში დრომ ისე მალე გაიარა, რომ ვერც კი შენიშნეს, სადილობა როგორ მოახლოებულიყო. ერთი ამბით შემოვიდნენ სახლში სამსახურიდან დაბრუნებული სარდიონ გარაყანიძე და მასთან რამდენიმე ყმაწვილი კაციც. ყველანი დიდი სიხარულით მიეგებნენ გიგოს და წამსვე გაიმართა ერთი ყაყანი, ოხუნჯობა და სიცილ-ხარხარი.

რარიგად რცხვენოდა ყმაწვილ ქალს, გიგოს გვერდით რომ ვლადო ბრელიშვილსაც ხედავდა! ამ ყმაწვილმა კაცმა არც კი იცოდა, რომ ტანჯვის მიზეზად იყო შექმნილი და ამიტომ წინანდებურად თავისუფლად გრძნობდა თავს, თამამად იქცეოდა და გაბედული იყო ყოველ სიტყვა-მოქმედებაში.

დღეს ბაბომაც სძლია თავის შემაწუხებელ გრძნობას და წინანდებური მხიარულებითა და უდარდელობით შეუერთდა შეხალისებულ პატარა საზოგადოებას. დღეს მისთვის ამ საშიშრად შექმნილმა არსებამაც დაჰკარგა თავისი საშიმროება, მის გულს შვება მისცა, ისევ დაუბრუნა წინანდელი თავისუფლება და ამით გამხნევებული, გახარებული, აღტაცებული ბაბო იცინოდა, კისკისებდა ღა თავის ენამახვილობით აღტაცებაში მოჰყავდა ყველანი; მის ოხუნჯობას დასასრული არ ჰქონდა. ახლა ისევ ის წინანდელი ბაბო იყო, ყველასათვის საყვარელი და ყველას დაძმურად მოსიყვარულე.

უცებ თითქოს ვიღამაც იწყინა მისი ასეთი მხიარულებაო, ბაბო შეკრთა და დაღონდა... გამხიარულებული ქალი უეცრად ჩაჩუმდა, გაყუჩდა. შემკრთალი და გულშეხუთული ქურდულად  იმზირებოდა აქეთ-იქით. ყმაწვილმა ქალმა ყველას თვალი გადაავლო, აბა, ხომ არა შემამჩნიეს-რაო.. ყველანი მხიარულ ლაპარაკში იყვნენ გართულნი და, ეტყობოდათ, არავის არ შეუმჩნევია, რომ იგი ნამეტანს ეხუმრებოდა ბრელიშვილს, რომ კარგ გუნებაზე ყოფნით თავდავიწყებადე მისული სხვებზე მეტად იმის მესახებ ოხუნჯობდა.

სარდიონიც მეტად მხიარულად იყო და ერთხელაც არ გადუხედნია თავის ცოლისაკენ, მაგრამ ბაბო მაინც ისევ მწუხარებაში ჩავარდა, მისი გული მაინც სევდით აივსო, მაინც თითქოს დამნამავედ მიაჩნდა თავისი თავი, რაკი ასე ნებდებოდა ამ რაღაც უცნაურად მასზე გაბატონებულ გრძნობას. ქალი ამ წუხილში იყო ახლა წასული და სხვა აღარაფერი ეყურებოდა.

ყველამ შეამჩნია ამ ერთის წუთის წინათ მეტად მხიარულ გუნებაზე მყოფის ასეთი ცვლილება და გაკვირვებით ეკითხებოდნენ ამის მიზეზს.

- არაფერია.. ღმერთმანი, არაფერია! - ჰფიცავდა ბაბო. - გარწმუნებთ, ისევ კარგ გუნებაზე ვარ... საწყენი რა უნდა შემხვდომოდა?!

- კი, მაგრამ ასე ერთბაშად გაყუჩება?

- ბატონო, თავი დაანებეთ! - ჩაერია სარდიონი. - განა არ იცით მაგისი ამბავი, რა უსაქციელოა?!.. რაღას ეკითხებით, თუ ღმერთი გწამთ!

ბაბომ არაფერი თქვა ქმრის სიტყვებზე, ოღონდ ერთი კი გადახედა საყვედურით. სამაგიეროდ, სხვებმა საოხუნჯო საგნად აიღეს სარდიონის ნათქვამი და დაუსრულებელი ხუმრობისათვის მასალა გაიჩინეს. ამის გამო სადილი ისევ ერთი სიცილითა და მხიარულებით გათავდა. თვით ბაბომაც გადაივიწყა ისევ თავისი მწუხარება და ხალისიანი შეუერთდა საზოგადო მხიარულებას.

სტუმრებმა წასვლა-წამოსვლა დაიწყეს.

- გავიაროთ! - გაკვრით უთხრა ბაბომ გიგოს.

- ბატონი ბძანდები! - მიუგო გიგომ.

- უთხარი ვლადოსაც.. თუ სცალიან! - დაატანა ბაბომ და ჯერ კიდევ სიტყვა არ ჰქონდა დათავებული, რომ ისევ გადათქმა მოინდომა, უკან წაღება უნდოდა ნათქვამისა და ამისთვის უცბად ხელი გაიწვდინა, უნდოდა გიგო შეეჩერებინა; მაგრამ გიგო კიდეც მივიდა ვლადოსთან, კიდეც გადასცა ბაბოს სურვილი და უკან დაბრუნებულმა ვლადოსთან ერთად მისი თანხმობა მოახსენა.

- დიდი სიამოვნებით.. თუკი ინებებთ, - თავაზიანად ეუბნებოდა ყმაწვილი კაცი. - დიდი სიამოვნებით!

მაგრამ ბაბოსათვის ახლა ეს თანხმობა სრულიად აღარ იყო სასიამოვნო. ახლა ქალი თავის თავს უჯავრდებოდა, უწყრებოდა ამ საქციელისათვის, თუმცა ეს სრულიად მისდა უნებურად მოხდა თითქმის... რა სისულელე იყო ჩემის მხრივ ამ კაცის აქ დატოვება და სასეირნოდ მოწვევაო... რა წინდაუხედველობაა?! იმის მაგივრად, რომ ვერიდებოდე, უფრო ვუახლოვდები, უფრო თამამად ვეკიდები. განა ეგ იყო საჭირო ჩემთვის ამხანად?! არა, ეგ ჩემდა უნებურად მოხდა... ვიღამაც ძალად მათქმევინა მისი სახელი... ვიღამაც შემაცდინა, ვიღამაც მიბრძანა მაგ სიტყვების თქმა, - ფიქრობდა გულში ბაბო და, რაკი მიხვდა, რომ ეგ სათქმელი არ იყო, რაკი იგრძნო ესა, ნაძალადევი ღიმილით ცდილობდა გადაეთქვა სასეირნოდ წასვლაც, სახლიდან ფეხის გადადგმაც, მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს მაინც ნანობდა ამ უარზე დადგომას და, ყოყმანში მყოფი, სავარძელში ჩაჯდა და ქანაობა დაიწყო, თითქოს ამით უნდოდა დაევიწყა თავისი გულის უცნაური მდგომარეობა.

- თუ მივდივართ, რაღას ზიხარ, შე ქალო? - უთხრა გიგომ, როცა ყველანი წავიდნენ და ოთახში სარდიონი და ბრელიშვილიღა დარჩნენ.

- უკაცრავად ვარ, გიგო... - დაიწყო ღიმილით ბაბომ.

- გადათქვი თუ?..

- რაღაც არ შემიძლია...

- მით უფრო მოსახდენი იქნება ეგ გავლა თქვენთვის... და მერე კიდევ, სარდიონი ნასადილევის ხვრინს რომ ამოუშვებს, უარესად ავად გახდებით... თქვენ ნუ მომიკვდებით, არიდება გჭირიათ! - თქვა ბრელიშვილმა.

ამაზე ყველას გულიანად გაეცინა.

- ბიჭო, ასე უნდა იმასხრო შენი წუთისოფელი, შე უბედურო?.. - უთხრა ვლადოს სიცილით სარდიონმა.

- აბა, შენ რომ "სტოლონაჩალნიკობამ" წარბები შეგიკრა, ყველა მაგას ხომ ვერ ვეღირსებით... „სერიოზნობა“ თქვენი საქმეა და ჩვენ, წვრილფეხობამ, თუ სულ არ ვიცინეთ, ამას სიჭკვიანეში ჩამოგვართმევენ და ვინღა გვაღირსებს წარმატებას... შენს სტოლს გაფიცებ, თქვი, ასე არაა?!

ბაბო და გიგო იცინოდნენ ბრელიშვილის სიტყვებზე; იცინოდა სარდიონიც, რომელმაც სიტყვა გააწყვეტინა და ცოლსა და გიგოს მიმართა:

- თუ მიხვალთ, წადით და ის იქნება, რაღას უყურებთ!... ამას თუ შეაჩერდით... ხომ ხედავთ, მოხსნა ბოხჩას თავი - ხვალამდის ილაქლაქებს ასე!..

- ადექი, ადექი.. წავიდეთ! - უთხრა გიგომ ბაბოს. - ნუ გეზარება!..

- ჩვენი ნებით წავიდეთ, ბატონო, ისევ სჯობია! - და ცალი თვალით სარდიონისკენ ანიშნა ბრელიშვილმა.

ბაბომ ამაზე ერთი გადაიხარხარა, წამოდგა და თავის ოთახისკენ გასწია.

რამდენიმე ხნის შემდეგ სამივე ბაღისკენ მიდიოდნენ. ბრელიშვილმა თავის ცოცხალი ენით მეტად გაამხიარულა ბაბოც და გიგოც. მცენარეებით მდიდარი ბაღი მეტად სასიამოვნო სამყოფი იყო, და ეს უფრო ხალისსა ჰმატებდა მოსეირნეთ; გიგო სიცილით ეკითხებოდა განგებ ბაბოს უცხო მეენარეების სახელებს და რადგანაც ბაბო ხშირად სცდებოდა, ერთ მცენარეს მეორის სახელს უწოდებდა, ბრელიშვილმა უთხრა გიგოს:

- შე დალოცვილო, მაგდენი რომ ესწავლა, ბარბალოს სოფლის „ზაეედენიის? მეტს ვერ გაათავებდა?

- ქ-ისის „ზავედენიაშიც“ ხომ იყო? - სიცილით თქვა გიგომ.

- იყო! იყო, მარა კი არ დააცალეს... მასწავლებლებს, და ნამეტურ" „კლასნი დამებს“,“ შეეშინდათ, გულმოდგინეობაში თავს გაიტეხსო, ცოდვა მოგვედებაო და პირველი კლასიდანვე დაითხოვეს... იმ ოხრებმა, ასე შეუშალეს ხელი და იქიდანაა, რომ ახლა ყველაფერი ეშლება... ვერც მაგ ყვავილების სახელებს იტყვის სწორად - არც შეუძლია, რომ არ შეეშალოს..

ბაბო ამაზე თავშეუკავებლად იცინოდა; იცინოდა გიგოც. ბაბო ისევ წინანდელი გიჟი, ხითხითა, სიცოცხლით სავსე, საყვარელი ბაბო შეიქნა. მისი გული, ყოველ ცუდ გრძნობას დაშორებული, ძმური სიყვარულით იყო აღვსილი ამ ერთი საათის წინათ მისთვის საშიშარი, მოსარიდებელი კაცისადმი.

- მოდით, ნავში ჩავჯდეთ! - წამოიძახა ბაბომ და ტბისაკენ გაიქცა, რომლის ნაპირზე რამდენიმე ნავი იყო დაბმული.

- ბაბო, დაიცადე, ქალო! ნუ მირბიხარ!.. - უძახოდა გიგო, რომელიც გამოეკიდა ქალს. - ამისთანა გადარეული ადამიანი, ნეტავ, თუ იყვეს კიდევ სადმე!..

ყმაწვილმა კაცებმა ახსნეს ნავი, რომელშიაც უკვე ჩამხტარიყო ბაბო და ნიჩაბი ეკავა ხელში.

- მე ნიჩაბზე ვჯდები, გიგო... შენც ნიჩაბი აიღე!..

ნავი წყალში შეაცურეს. ვლადო საჭესთან დაჯდა.

- აბა, გიგო! - წამოიძახა მხიარულად ბაბომ და თვალებზე ჩამოიფხატა თავისი ფართო ქუდი, რომ სხივებისათვის აერიდებინა თვალები და რაც ღონე ჰქონდა, მოუსვა წყალს ნიჩაბი.

- ბრავო, ბრავო! - მიაძახა ვლადომ. - ბრავო, მე და ჩემმა ღმერთმა!.. გიგო, მარჯვედ იყავი, არ გაჯობოს, კაცო!

- ხა, ხა, ხა! - გადიკისკისა ბაბომ. - ხა, ხა, ხა! ვაჯობებ.. მაინც ვაჯობებ!

ნავი წავიდა შურდულივით, მსუბუქად მისრიალებდა წყალში.

- ვაი, ვაი! - იკივლა უეცრად ბაბომ და ეს კივილი მისივე ხმამაღალმა სიცილმა შესცვალა.

- ხა, ხა, ხა! ეგ იყო, რომ უნდა გეჯობნა?! ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა გიგომ და მასთან ბრელიშვილმაც, როცა დაინახეს, რა გაწვალებით ეჭიდებოდა დაღლილი ბაბო ხელიდან გავარდნილ ნიჩაბს, რომელიც ნავს ამოჰკვროდა სიგრძეზე და რომლის წყლიდან ამოღებასაც ცდილობდა.

- გაუმარჯოს მჯობნს, მჯობნს გაუმარჯოს! - დასცინოდნენ ყმაწვილები ბაბოს, რომელსაც თვითონაც ეცინებოდა ამ თავის დამარცხებაზე.

გიგომ ამოიღო წყლიდან ნიჩაბი.

- აბა, ახლა ჯიბრზე ნუღარ იქნება საქმე, ისე ვიმუშაოთ! - ღიმილით უთხრა მან ბაბოს და ნიჩაბი მისცა.

ნავი ისევ გაცურდა, ისევ გაქანებული მისრიალებდა წყალში, როცა ორივე ნიჩაბს დაავლო გიგომ თავისი ღონიერი ხელები.

საღამო ჟამი იყო, როცა სამივენი, ამ სეირნობით მეტად კმაყოფილნი, ნასიამოვნებნი სახლში დაბრუნდნენ. მათმა ხალისიანობამ შინ დარჩენილი სარდიონიც აიყოლია და მეტად კარგ გუნებაზე მყოფნი, საამურად მუსაიფობდნენ. ბაბო სწორედ ბედნიერი იყო ამ საღამოს: ისევ თავისუფალი, უდარდელი ბაბო იყო. ერთხელაც არ უჩენია თავი მის მაწუხებელ, მჩაგრავ, დამაღონებელ გრძნობას, ქალს დაუბრუნდა თითქოს ისევ მისი წინანდელი გამბედაობა. ყმაწვილს, ბრელიშვალს, ისევ თამამად შეჰყურებდა, ისევ გაბედვით უმზერდა, ელაპარაკებოდა, თითქოს მისდამი არასოდეს არავითარი სხვა აზრი, სხვა გრძნობა არ პქონია გულში, გარდა ამხანაგობისა და ძმობისა. ამის მიზეზად, ამ ბედნიერების მომნიჭებლად იგი სახავდა თავის ძვირფას გიგოს, იმ ძვირფას კაცს, რომლის იმედმა არ უმტყუნა, რომლის მხოლოდ ახლო ყოფნამ ასე საკეთილოდ შესცვალა მისი გუნება, რომლის შეხედვამ დაუბრუნა ყოველივე ღირსებანი, გაამხნევა, გააღონიერა და სამარცხვინო მდგომარეობას დააშორა.

ასე ეგონა, რომ ეს არის ახლა გადვურჩი ყოველ განსაცდელსაო. ამშორდა ყოველივე უბედურება და დამცირებაო. და ასე იმედიანაღ რომ შეიქნა, ეს რწმენა რომ დაებადა, ამიტომაც ეს კაცი, უამისოდაც მისთვის საყვარელი, ღრმად პატივსაცემად მიჩნეული, ძმად დასახული, დღეს კიდევ უფრო შეუყვარდა, უფრო ძვირფასი, უფრო კეთილი, პატიოსანი, ძმაზე კიდევ უფრო ძმა გაუხდა.

აღტაცებული ყმაწვილი ქალი უსაზღვროდ ბედნიერი იყო, მადლიერი. ოჰ, რა ბედნიერად მიაჩნდა ამჟამად თავისი თავი! ოჰ, რა კარგი იყო სიცოცხლე მის თვალში!.. რა ნეტარებას გრძნობდა ყოველი მწუხარებისაგან განთავისუფლებული გული! ასე აღტაცებული ფიქრობდა გიგოს შესახებ: "ძვირფასო, ძვირფასო ძმაო!.. შენით ვარ ისევ ბედნიერი!. შენით ვარ ასევ ადაძიანი!"

ამ გატაცებაში რომ იყო, ამ ნეტარებით გარეტიანებული, გაბრუებული დროს მსვლელობას რომ ვერ ამჩნევდა, უეცრად, თითქოს შორიდან მოესმა ვიღაცის ნათქვამი:

- აწი კი დოოა, თქვენც მოგასვენოთ!.. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

ბაბო ამ სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლა... მან ახლად გამოღვიძებულის მსგავსად მიიხედ-მოიხედა, თითქოს რაღაცის გაგებას ცდილობსო და, როცა დაინახა, რომ ბრელიშვილი ზეზე წამომდგარა, ქუდი ხელში უჭირავს და წასვლას აპირებს, ბაბოს გულში რაღაც ჩასწყდა, რაღაც მძიმე ლოდი დააწვა ზედ. მოკუმშა ეგ გული და თითქოს იმის მოწყვეტას ცდილობდა.

"მიდის?!" გაურბინა ქალს თავში. ანგარიშმიუცემლად გაუდოდა ხელი და გაშტერებული თვალი გააყოლა მიმავალ ყმაწვილს, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ ოთახიდან გავიდა... გაჰქრა და თითქოს... თითქოს სამუდამოდ განშორდა...

- ბაბო, გეტყობა ძალიან დაგღალა სეირნობამ და გირჩევ, მოისვენო... აწი დროც არის! - ბუნდოვნად ესმის ქალს ქმრის სიტყვები.

- დაიღლებოდა, აბა რა მოუვიდოდა! რაც მაგან ნავში ამბავი დააწია! - დაატანა გიგომაც.

- დაწევი, დაწევი, თუ ღმერთი გწამს! - არ ეშვებოდა სარდიონი, - ხვალ კარგად იქნები!

მართლაც მოღალული, მოქანცული, დასუსტებული ბაბო, შეწუხებული წავიდა თავის საწოლ ოთახში, მაგრამ არა მოსასვენებლად, დასამშვიდებლად... მისი აღტაცება ამაო იყო?! აბა, მისი იმედი, ახლა კი გავთავისუფლდიო, ფუჭი გამოდგა? მისი გულის ბატონი, შეუბრალებელი ბატონი ისევ ბატონობს, ისევ მბრძანებლობს?! ღმერთო, მაშ ხსნა არ არის, საშველი არსაიდან მომეცემა! გიგოც ტყუილი იმედი ყოფილა! აბა რიღასთვის ჩამოვიყვანე, რად მინდოდა ეგ კაცი? იმიტომ რომ დამენახვებინა ჩემი უსაქციელობა, ჩემი შერცხვენა და უნამუსობა? განა სხვები არა კმარან ამისათვის, რომ მოწმედ ესეც მოვიწვიო?! - ასე ფიქრობდა უიმედობით შეპყრობილი ბაბო და ამ უსაშველობაში, ამ უიმედობაში ეს კაცი, მისი ახლო ყოფნა, დახმარების მაგივრად, უფრო აწუხებდა, სტანჯავდა. ამ გაწამაწიაში მყოფის სურვილი ახლა ის იყო, რომ ეს კაცი განშორებოდა, ამ კაცის თვალი აერიდებინა, იმას არ ეყურებინა მისთვის. ბედნიერება მისთვის ის იქნებოდა, რომ ხვალვე წასულიყო იგი და მის თვალთა მზერა აეცილებინა... ეგონა კი, რომ ისევ მოვიპოვე ჩემი გული, მოვიპოვე კმაყოფილება, სიმშვიდე გულისა და თავისუფლება - და რა მალე კი გაუქრა ყოველივე ეს საწყალს!

ამ ბრძოლით მოღლილი, ღელვისაგან მისუსტებული, მიილუშა, რაღაც ბურუსში გაეხვია, ჩაჩუმდა, ბურანში წავიდა, მაგრამ ამ ტანჯვით ძილმორეულს ძილშიაც გული მოუსვენრად უცემდა, ძალზე ძგერდა და, საშინელ სიზმრებში ჩავარდნილს, ძილშიაც სრული დამშვიდება არ ეღირსა.

მეორე დღეს ბაბო რომ ადგა, სარდიონი უკვე სამსახურში იყო წასული. ბაბოს მოაგონდა წუხანდელი ამბავი და საგონებელში ჩავარდა: ვაი თუ გიგომ შენიშნა ყოველივე, ვაი თუ მიმიხვდა ჩემს ამბავსაო? ამ დარდით შეპყრობილი ქალი ვერ ბედავდა ოთახიდან გასვლას, რცხვენოდა და ეშინოდა კიდეც გიგოს შეხვედრისა. როგორც იყო, გააღო ბოლოს საწოლი ოთახის კარი, გამოვიდა სასადილო ოთახში, იქიდან ზალაში გავიდა და მხოლოდ იქ დაინახა გიგო, რომელიც ტახტზე იჯდა, კედელს მისწოლოდა და რაღაც წიგნს კითხულობდა.

- დიდხანს გეძინა, ბაბო! - მხიარულად შეეგება იგი ფეხზე წამოდგომით. - ჩანს, მართლა ძალიან დაღლილი იყავი! ახლა ხომ კარგადა ხარ?

- კარგადა ვარ! - მიუგო ბაბომ.

ამ კაცის ხალისიანად შეგებებამ, მისი სახის გამომეტყველებამ ქალს გამბედაობა დაუბრუნა, გული დაუმშვიდდა და სიტყვის თქმის ღონე მისცა, მაგრამ მაინც რცხვენოდა, მაინც უხერხულად გრძნობდა თავს, მაინც დამნაშავესავით იყო და ისე შეჰყურებდა, თითქოს გუნებაში ამბობდა: "რომ იცოდე რაც ჩემს გულში ამბავია, ვაი რომ ეგრე ამხანაგურად, ეგრე ძმურად აღარ მომეპყრობი!.."

- ბაბო, წაკითხული გაქვს შენ ეს რომანი? - შეეკითხა გიგო ამ დროს და ანიშნა წიგნი, რომელიც ხელში ეკავა.

- რა არი ეგა?

- ბურჟეს რომანია "სიცრუენი, - "Les mensonges!"

- არა, ჯერ არ წამიკითხავს.

- აბა, მოდი, მე წაგიკითხავ, იმ პირობით, თუ არ დაგეძინება... ვერ წარმოიდგენ, რა მშვენიერებაა!

ბაბო დაეთანხმა, იფიქრა, რომ ის წიგნის კითხვაში იქნება, მე უფრო თავისუფლად ვიქნები, თვალებში მზერას აღარ დამიწყებსო.

გიგოს მოხდენილმა კითხვამ და თვით წიგნის შინაარსმა ინტერესი გაუღვიძა ბაბოს და ქალი სმენად იქცა.

- შენ კი ხელი არ მოგიკიდნია ამისთანა თხზულებისათვის, თუმცა ვიღაცას შემოუტანია აგერ და მაგიდაზე დაუგდია!.. - ღიმილით უთხრა გიგომ, როცა შენიშნა თავის მსმენელს გახალისება.

ბაბომ მხოლოდ გაიღიმა და გიგომ ისევ განაგრძო კითხვა.

ამ დილას არავინ მოსულა სტუმართაგანი და ამიტომაც კითხვისათვის ხელი არავის შეუშლია.

გიგო გატაცებით კითხულობდა და ტახტზე უმოძრაოდ კედელს მიწოლილი ბაბო, ეტყობოდა, ერთიანად შეპყრობილი იყო გაგონილით, ეტყობოდა, რომ ძლიერ მოქმედებდა მის გრძნობა-გონებაზე ყოველივე, რაც ესმოდა. გიგო სიამოვნებით გადახედავდა ხოლმე ბაბოს და, თვითონაც თხზულებით გატაცებული, უფრო გატაცებით კითხულობდა, რაკი ხედაედა, რომ ბაბოც დიდი ყურადღებით უსმენდა.

აღელვებული, წყრომით აღსავსე, უცნაურის, რაღაც უბედურების მომასწავებელის ხმით შეუდგა გიგო იმ ადგილის კითხვას, სადაც ყმაწვილი რენე უკვე დარწმუნდა, რომ სუზანა გარყვნილიაო, და მიდის მასთან განრისხებული, გაცეცხლებული. მცირე ლაპარაკის შემდეგ, თავდავიწყებული წაავლებს ამ მისი სიყვარულის უღირს ქალს თმაში ხელს და შეუბრალებლად ცხვირ-პირს დაახლევინებს ბებერი საყვარლის სურათზე.

გატაცებით კითხულობდა გიგო და იმას კი ვერ ხედავდა, რომ მის წინ მჯდარი ბაბო თვალებგაფართოებული, შეშინებულივით, შემკრთალივით მისჩერებოდა აღელვებული, აწრიალებული, მოუსვენრობით შეპყრობილი. გიგო ვერ ამჩნევდა ამას და, თითქოს ჯიბრზე, უმატებდა კითხვის განგრძობით ტანჯვას.

რას კითხულობდა გიგო ამის შემდეგ, რითი დათავდა ის ამბავი, საწყალ ბაბოს არც კი გაუგონია, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო წაკითხულმა. შიშით დამფრთხალი ქალი მხოლოდ თავის გულში ამბობდა გიგოს შემხედვარე:

"რენე!.. აი, რენე!"

და როცა გიგომ წიგნი მაგიდაზე დასდვა, კითხვა რომ გაათავა და მიმართა ქალს კმაყოფილებით: - ხომ კარგი რომანია? - ბაბომ გონებადაუტანებლივ მიუგო აღელვებისაგან მისუსტებული ხმით:

- კარგი!.. კარგი!

- აი, ქალბატონებო, თქვენი ამბავი! - ღიმილით დაატანა გიგომ, რაზედაც ბაბომ მხოლოდ ძალდატანებით გაიცინა.

- ჰმ, თქვენი ამბავი... თქვენი ამბავი! - თავისთავად გაიმეორა გუნებაში ბაბომ.

ეს კაცი ახლა სწორედ საშიშარი შეიქნა მისთვის, დიახ, საშიშარი.

"რენე... რენე!" უნებლიედ აგონდებოდა ბაბოს, როცა შეხედავდა გიგოს, როცა მოესმოდა მისი ხმა.

ამისთანა კაცს ეტყოდა ახლა ბაბო თავის გასაჭირს? ამას გამოუტყდებოდა ბაბო, რომ ასეთსა და ასეთს ებედურებაში ვარო? რასაკვირველია არა. პირიქით, დამალვას ცდილობდა, მისგან შორს ყოფნას, მის თვალთახედვისაგან დაშორებას. საშიშარი და სარიდალი შეიქნა მისთვის ახლა ყოველი ნაცნობი, ყოველი ამხანაგი, ყოველი მისი წინანდელი პატივისმცემელი, რომელთაც სრული უფლება მიეცემათ თუკი გაიგებენ მის ამბავს, ისე მოეპყრან, როგორც ის შეუბრალებელი რენე სუზანს მოეპყრო მისი უპატიოსნობის გაგებისთანავე. განმარტოებაში მყოფს ამასობაში მისი მაწუხებელი გრძნობა დღე-დღეზე უფრო უძლიერდებოდა, უფრო ეზრდებოდა ეს გრძნობა. თანდათან უფრო იმორჩილებდა ქალს და, მისდა სამწუხაროდ, ტანჯვასთან ერთად რაღაც უცნაურ სიამოვნებასაც აგრძნობინებდა.

თუმცა ყმაწვილი ქალი მედგრად ებრძოდა თავის გრძნობას, მისი გონება უარს ამბობდა მისგან მონიჭებულ სიამოვნებაზე, მაგრამ ყოველივე ამაო შეიქნა. ყოველი წინადადება ფუჭი იყო: მისი გული მაინც ბრელიშვილისათვის სცემდა, მისი გრძნობა მაინც მისკენ მიფრინავდა, ქალის არსება მთლად მისთვის შფოთავდა და ღელავდა, მაინც მისით უხალისდებოდა ეგ გატანჯული სიცოცხლე. იმის მზერით, შეხედვით, ახლოს ყოფნით ეძლეოდა მის ცხოვრებას ფასი, მისით გრძნობდა ბედნიერებას, იგი ანიჭებდა ნეტარებას, და რაც უფრო ნათლად ხედავდა ამას, ამჩნევდა თავის თავს, მით უფრო სასოწარკვეთილებას ეძლეოდა: რცხვენოდა, უპატიოსნოდ მიაჩნდა ამნაირი თავისი მდგომარეობა, ამნაირი გულისთქმა.

უფრო ისა ჰკლავდა, ისა წვავდა და დაგავდა, რომ ყოველ ღონეს ხმარობდა თავის დამღუპველისათვის არ შეეხედნა, გარნა მისი თვალები მაინც მესკენ იმზირებოდნენ, მაინც მასზე უმტერდებოდნენ, იმას ვერა მორდებოდნენ და ამას ადვილად შეეძლო გამოეაშკარავებინა მისი გულის ამბავი. ამ შიშით იგი იძულებული შეიქნა მალვით, ქურდულად დაეკმაყოფილებინა თავისი გულის წადილი, ნამალევად დაეტკბო გრძნობა, დაემშვიდებინა გული, მოეკლა სურვილი თავის მომხიბვლელის ცქერით. მაგრამ საშინელება ის იყო, რომ ზომიერება ეკარგებოდა, მოსაზრებულ გაფრთხილებას ვერ ახორციელებდა და ამნაირად დამონებულს რომ ხედავდა თავის თავს, ასეთ უღონობას რომ ატყობდა, რომ ხედავდა ცხადად, ჩემ ნებაზე ვეღარ ვიქცევი, ჩემს თავს ვეღარ ვიკავებ, ჩემი არსება ვეღარ დამიმორჩილებიაო, უფრო სუსტდებოდა სულით, უფრო უიმედობას ეძლეოდა და თან უფრო ყურმოჭრილი მონა ხდებოდა თავისი გულისთქმისა.

ყოველივე ეს ვაება მეტად ასუსტებდა, მაგრამ ძლეულს, მოღალულს, მოქანცულს წინააღმდეგობითა და ბრძოლით რაღა ექნა, რა გზას დასდგომოდა?!

ბაბო ნამდვილ ავადმყოფს დაემსგავსა. მოწყვეტილი, მჩვრად გადაქცეული იწვა ხოლმე მთელი ღღეებით ჩაცმული თავის ოთახში და მარტოობას არჩევდა. დიდი გამოცღილება და დაკვირვება არ იყო საჭირო, რომ კაცს შეემჩნია მისი უცნაური გამოცვლა. გარაყანიძის ოჯახმი უჩვევი სიჩუმე და სიწყნარე ჩამოვარდა.

წასასვლელად გამზადებულმა გიგომ ამის გამო გადადო წასვლა.

- სარდიონ, ბაბო არ ამხელს, თორემ ძლიერ ავად უნდა იყვეს... საჭიროა დროზე ზომა მიიღო! - უთხრა გიგომ სარდიონს.

- განა მე კი ვერა ვხედავ, ჩემო ძმაო! - მიუგო მწუხარებით სარდიონმა, - განა ვერ ვხედავ, მაგრამ რა ექნა, რა ვუყო? ვეხვეწები, ვემუდარები, მითხარი, რა გტკივა, ექიმს მოვიყვან, გიახავს, რამე საშუალებას აღმოგიჩენს-მეთქი - რომ არაფერს შვრება, რომ არაფერს ნდომულობს?!. ვეღარ ვცნობილობ, ისე გაჯიუტებულია, გაუზნეურებული რა ვქნა, ღმერთმანი, აღარ ვიცი!.. - და შეწუხებულმა კაცმა ღრმად ამოიოხრა და ჩაჩუმდა.

- უსათუოდ უნდა ანახვო ექიმს, უსათუოდ, სარდიონ! - მტკიცედ მიმართა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ გიგომ. - უსათუოდ! მაგას რას ეკითხები, თუ ღმერთი გწამს!

- მაინც ეგრე უნდა ვქნა, მეტი გზა არ არის! - წარმოსთქვა სარდიონმაც.

მოწვეულმა ექიმმა ნერვების აშლას მიაწერა ბაბოს ისეთი მდგომარეობა და ურჩია ქალაქიდან სადმე სოფლად, კარგ წმინდა ჰაერზე წასვლა რამდენიმე ხნით.

როცა სარდიონმა უთხრა წასასვლელად შემზადებულიყო, ბაბო უარზე დადგა. არწმუნებდა ქმარსაც და გიგოსაც, კარგად ვარო, სრულიად ავად არა ვარო, არსად წასვლა არ მესაჭიროება, ეგ მხოლოდ ექიმის სიჩერჩეტეაო.

მთელ საზოგადოებას სალაპარაკოდ გაუხდა ბაბოს ავადმყოფობის ამბავი. ყველა - კაცი და ქალი - მის ამბავს კითხულობდა თანაგრძნობითა და ყოველდღე მრავალი მნახველი მოსდიოდა. ამათი დაღონებული სახის გამომეტყველება, მათი შეწუხება, გადამეტებული თანაგრძნობა და ნუგეში მხოლოდ უფრო აჯავრებდა უიმისოდაც შეწუბებულ ბაბოს, რომელიც ათასწილად უფრო მადლობელი იქნებოდა, რომ მისი მარტოდ, მყუდროდ ყოფნა არ დაერღვიათ, მიეცათ თავისუფლება თავას გულთან ემუსაიფნა, ელაპარაკნა, მისი ცემა-ტოკვისათვას ყური ეგდო. მისი სიამოვნება ახლა ეს მარტოდ ყოფნა იყო დილიდან საღამომდის, როცა ტახტზე წამოწვებოდა რბილ მუთაქებში, ან გაყუჩებული, თავაბურძგნული ქანაობდა სავარძელში ხმაამოუღებლად და ამასობაში მისი მისუსტებული გონება რაღაც ბურუსით იყო გარემოცული და ამ ბურუსში მკრთალად, ბუნდოვნად ეხატებოდა იმისი სახე, ვისიც მოშორება თან სწადდა და თან ეძნელებოდა კიდეც.

სხვებთან ისიც მოდიოდა მის სანახავად, მის კარგად ყოფნის ამბის გასაგებად და თანაგრძნობით ეკითხებოდა, გულუბრყვილოდ, რაკი არა იცოდა რა, თუ როგორ იყო მისგან გატანჯული ადამიანი. გულაძგერებულს, მთრთოლავს, აკანკალებულ ქალს სული ეხუთებოდა, ენა უშრებოდა, სისხლი თავში უვარდებოდა, საფეთქლებშიც სცემდა კვერივით და გაბრუებულს პირის გაღებისა ეშინოდა, ეშინოდა, რომ მისდა უნებურად ენას არ წარმოეთქვა, წამოეტარტარა, რაც ამბავი იყო მის თავს, არ გაეცა პასუხის მაგივრად სხვა, მისი სიკვდილი, მისი შეჩვენება არ გამოეთქვა. ამ გაწამაწიაში, რა მიუგო, რა უთხრა, რა უპასუხა, ან თუ მისცა რამ პასუხი, აღარაფერი იცოდა, აღარაფერი ახსოვდა. მისი სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ განშორებოდა ეს მისი მტანჯავი, მისი მაწამებელი, განშორებოდა და მით შვება მიეცა...

ყმაწვილი, თითქოს მიუხვდა სურვილს, წამოდგა, რაღაც უთხრა, თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. ორი ნაბიჯი ძლივს გადადგა ბაბომ მისდა გასაცილებლად, რომ, ყმაწვილი კაცის გასვლისთანავე, ერთბაშად მიტრიალდა და ტყვიანაკრავივით მძიმედ დავარდა ტახტხე, ჩაემხო მუთაქებში და ბალიშებში; გულამომჯდარი მტირალი ქალი თავს ურტყამდა მუთაქებსა და ტახტს გამწარებით.

შინდაბრუნებულ სარდიონსა და გიგოს ბაბო საწოლში მწოლარე დაუხვდათ.

- სარდიონ, გირჩევ, ნუ აგვიანებ ექიმის რჩევის შესრულებას! უსათუოდ წადით სადმე, სადაც ის კაცი გირჩევთ... ერთი-ორი თვის გულისთვის სამიდღემჩიოდ თავს ნუ იმეტებ... ვერ ხედავ. ქალი აღარაა სრულიად! - გაცხარებით და მწუხარებით ამბობდა გიგო.

- რასაკვირველია, უნდა ავასრულო ექიმის რჩევა. რასაკვირველია! - დაბნევით უპასუხებდა სარდიონი. - მეტი არაფერი მეშველება... აგერ გეითხოე „ოტპუსკს”, ჩემს საქმეებს გადავცემ და წავალ... აბა რა ვქნა!

გარაყანიძის ოჯახის ყოველი ნაცნობი მეტად შეწუხებული იყო ბაბოს ასე უცნაური ყოფით, ყველგან და ყველას აკვირვებდა მისი მდგომარეობა, მისი ასე მოულოდნელად ავად გახდომა. ყველანი მიზეზს კითხულობდნენ, მიზეზს ეძებდნენ - თუ რისგან იყო, რამ ჩააგდო ასეთს ყოფაშიო.

- მაინც რას მიაწერ, რა დაასახელა ნერვების ამშლელ მიზეზად ბესტავაძემ? - ეკითხებოდნენ გიგოს ბულვარში, როცა გარაყანიძიანთ ნაცნობებმა გაიგეს, რომ სარდიონი იმ დღეებში ცოლიანად მიდიოდა N-დან.

- საიდან გაიგოს, რითი მიხვდეს მაგას? - უპასუხებდა გიგო. - განა შეიძლება, რომ დანამდვილებით თქვას, ეს ან ეს გარემოებაა მიზეზიო?!

- მე უკეთესი ექიმი ვყოფილვარ, თუ კაცი ვარ, იმ ბესტავაძეზე, ქალი ბრელიშვილისათვის კვდება და ესენი, ნერვების აშლააო... სისულელე ამაზე მეტი იქნება?!

გიგომ მიიხედა იქით, საიდანაც ეს სიტყები მოესმა. ამისი მთქმელი მაღალი ტანისა, მოკლედ შეკრეჭილ-წვერებიანი, სათვალეებით მოგრძო ცხვირზე, შუახნის კაცი იყო, მოშორებით იდგა რამდენიმე კაცს შორის და ამ სიტყვების თქმასთან ერთად იღრიჭებოდა და გესლიანად იცინოდა. ეგ იყო ცნობილი თავისი დაურიდებელი სიტყვა-პასუხით გრიგოლ გამცემლიძე.

- ღმერთმანი მართალს ვამბობ! - ხითხითით დაათავა მან თავისი სიტყვა.

გიგო თოფის წამალივით აენთო. მზად იყო ჯოხი დაეფშვნა ამ საზიზღარი კაცის ზურგზე, მაგრამ თავსა სძლია და მეტად აღელვებულმა ხმამაღლა წამოიძახა:

- რა საკვირველი თვისება დაჰყვება ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდანვე... თუ ვისმეზე საძაგლობა არა თქვა, თავისი სისაძაგლე ვისმეზე არ გამოიჩინა, უამისოდ სიცოცხლე სიცოცხლედ არ მიაჩნია!..

გამცემლიძე, რასაკვირველია, მიუხვდა გაგონებისთანავე, რომ სალაძის სიტყვა მას შეეხებოდა.

- ჩემზე არის თქვენი წყრომა მომართული, ყმაწვილო? თქვენ ნუ მომიკვდებით, ტყუილად, სულ ტყუილუბრალოდ! - წამოიწია მან გიგოსკენ და დაცინვით უთხრა ეს სიტყვები.

გიგო გაჩუმდა, პასუხი არ მისცა და რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა ყმაწვილებთან ერთად კიდეც მოშორდა იქ მყოფთ. გიგო მოერიდა ამ კაცთან ლაპარაკს, რომ უარესი რამ არ შემთხვეოდა და საზოგადოება არ აელაპარაკებინა გამცემლიძის სიტყვების გამო.

გიგო მეტად გაბრაზებული იყო და გაცხარებით ლაპარაკობდა თავის ამხანაგებთან გამცემლიძეზე:

- რა ჯინი სჭირთ მაგ შეჩვენებულებს ყოველისავე პატიოსანი ადამიანისა, რა შხამი აქვთ მომზადებული ყოველი რიგიანად და კეთილად მიჩნეულისათვის, რომ უსათუოდ უნდა წაბილწონ, ტალახში ამოსვარონ? სულით და გულით მონდომებული არიან ჩამოაცალონ ყოველივე ღირსება, ყოველივე კარგი თვისება, დაუკარგონ პატივისცემა და ამისათვის არავითარ საშუალებას არ ერიდებიან, არაფერ საზიზღრობას არ თაკილობენ.. და უფრო გასაკვირველი ის არის, რომ საზოგადოება არ ერიდება ამგვარ კაცებს, მიღებულიცა ჰყავთ ყველგან და გათამამებულიც.

თუმცა ასე ხსნიდა გამცემლიძის ნათქვამს, მაგრამ გულში კი, უნებურად, ერთხელ-ორჯერ გაურბინა აზრმა: "ვაი თუ ამ საძაგელმა კაცმა მართალი თქვაო".

და თუმცა გიგო მეტად შორს იყო ამნაირი რამ დაეჯერებინა ბაბოს შესახებ, მაგრამ, რაც ხანი მიდიოდა, უფრო ხშირად უკვირდებოდა ამ სიტყვებს. "ვაი თუ ეგ მართალი იყოს? - გაშტერებით იმეორებდა გუნებაში და იმწამსვე ხმამაღლა წამოიძახებდა ხოლმე ამ ეჭვიანობისათვის გაჯავრებული: "არა, არა, ეგ, რასაკვირველია, ტყუილია... ცილისწამებაა მხოლოდ!.. ბაბო ამისთანა ამბავში?! ჰმ, მაშ ქვეყანაზე პატიოსნება აღარ ყოფილა!.. მაშ კაცს კაცისა არაფერი არ უნდა გწამდეს, არაფერი არ უნდა გჯეროდეს!.. რასაკვირველია, ტყუილია, მხოლოდ ცილისწამებაა, სხვა არაფერი!..", ეუბნებოდა თავისთავს გიგო, მაგრამ ამასთანავე, მისდა უნებურად, მისდა წინააღმდეგ, ეს ცილისწამებად მიღებული სიტყვაც ბოლოს მასზე უგავლენოდ არ დარჩენილა; მან მაინც ეჭვის თვალით შეახედვინა ბაბოსათვის, იძულებული გახდა თვალი ედევნებინა მისთვის, დროებით ნდობა დაუკარგა ყმაწვილ ქალისა და ამას ისიც მოჰყვა, რომ ამ კაცს გულიც კი შეუცვალა და წყრომით აუვსო იმ შემთხვევისათვის, თუ ბაბო მართლა უპატიოსნებაში იყო გარეული, თუ იგი მისი პატივისცემისა და სიყვარულის ღირსი არ აღმოჩნდებოდა.

- ოჰ, მაშინ არ ვიცი, რას არ ჩავიდენ! - წყრომით წამოიძახებდა ხოლმე გიგო.

ამ ეჭვსა და წყვეტებაში მყოფს კიდეც დაეკარგა, თუ სრულიად არა, შესამჩნევად მაინც შეუმცირდა ბაბოს სიყვარული და თანაგრძნობა. ახლა იგი უფრო თავისთვის ზრუნავდა. ეშინოდა, თვისი რწმენა ხელიდან არ გამოსცლოდა და არ დარწმუნებულიყო, რომ ყმაწვილივით ვენდობოდი ადამიანთაო, და რომ ასე ადვილად არ დაეკარგა ეს რწმენა, ეს ნდობა ადამიანისა მხოლოდ ვიღაც საძაგლისა და ავი კაცის მიერ ნათქვამი ლიტონი სიტყვის წყალობით. მან გადაწყეიტა ყველაფერი დაწვრილებით, დანამდვილებით გაეგო, ყოველივეში თავად დარწმუნებულიყო.

სწორედ ამ განზრახვით ადევნებდა ახლა გიგო თვალს ბაბოს და ბრელიშვილს, ამისათვის ხმარობდა ათასნაირ ღონისძიებას და სხვადასხეა ხერხს იგონებდა, მაგრამ მან მაინც ვერაფერი გამოარკვია.

ერთ საღამო შინდაბრუნებულ გიგოს მხოლოდ ბაბო დაუხვდა სასტუმრო ოთახში, რომელსაც ოდნავ ანათებდა ჩაწეული ლამპის სინათლე. სიბნელით მოცულ ოთახში ბაბო ტახტზე წამოწოლილიყო. გიგოს დანახვაზე მან წამოიწია და დამძიმებული ხმით ჰკითხა:

- სად ხარ, გიგო, ამდენი ხანი?

გიგომ ცივად უპასუხა, რომ საქმე მქონდაო, და სკამზე ჩამოჯდა ლამპის მახლობლად.

ლაპარაკი რაღაც არ ხერხდებოდა. ბაბო წამოდგა და საქანებელ სავარძელში ქანაობა დაიწყო; გაყუჩებული ჯერ გიგოს მესჩერებოდა, მერე კი თითქოს რაღაცამ გაიტაცაო, გადიგდო სავარძლის სასურგეზე თავი და რაღაც შორს მამზერალივით, გაშტერებული იმზირებოდა ამ ჩამობნელებულ ოთახში.. მისი აზრები, მისი გონება თითქოს რაღაცას ეძებდა, შეიძლება კიდევაც არჩევდა, ხედავდა და სტკბებოდა რიღაცის მზერით.

იქაურობა მყუდროებას მოეცვა... ოთახში სრული დუმილი იყო დამყარებული. ამ დუმილს მხოლოდ ხანდახან თუ დაარღვევდა ქუჩიდან შემოვარდნილი მიმავალ-მომავალი ეტლების რახარუხი.

გიგო ნელი ნაბიჯით ნოხებზე აქეთ-იქით დადიოდა გაჩუმებული.

უეცრად რაღაც ბოროტმა სურვილმა გაურბინა გულში, უცბად მიტრიალდა ბაბოსაკენ, თითქოს რაღაც დავიწყებული სათქმელი გაახსენდა, და მიმართა:

- მართლა, ბრელიშვილი რომ სადღაც გადაჰყავთ თურმე! დღეს მითხრეს ბულვარში.

- აჰ?! გადაჰყავთ?! - უცნაურის ხმით წაილაპარაკა ამ სიტყვების გაგონებაზე წელში გამართულმა ბაბომ, თან მეტი აღელვებისაგან ფეხზედაც წამოდგა, მაგრამ გიგოს მიჩერებულ თვალებს რომ შეხედა, უცბად მოვიდა გონს, გაისწორა კაბა, ვითომ ამისათვის წამოგვდექიო და ისევ ჩაჯდა სავარძელში; ჩაჯდა კი არა, უფრო ჩაიკეცა.

"ჰმ!.. რასაკვირველია! რასაკვირველია, ამათ შორის ერთია რამ ამბავია! - ზიზღით წაილაპარაკა გულში გიგომ. - განა არ ეტყობა?!"

მაშ რა იყო ეს აღშფოთება, თითქმის წამოძახილი, "გადაჰყავთ?" დაიჭირა, დაიჭირა, გაუგო! მაგას აწი ეჭვი აღარ უნდოდა. ამ გამოსაცდელად ნათქვამმა სიტყვამ საბოლოოდ გამოააშკარავა მისთვის ამ ქალბატონის გულის ამბავი!.. ნათლად, ცხადად!

ბაბოც მიხვდა, რომ დაიჭირეს, რომ მახეში გააბეს საცოდავი ჩიტუნია, შესაბრალისი, უღონო ფრინველი; ისეთი შემკრთალებით, ისეთი შეშინებული თვალებით მისჩერებოდა თავის მონადირეს, რომ გამარჯვებულს შერცხვა, შეენანა თავისი საქციელი, თავისი შეუბრალებლობა და თავისი მსხვერპლას საცოდავი შეხედულებით შეწუხებულმა ისეთ კილოზე დაუწყო ლაპარაკი, ისეთი შერჩეული სიტყვებით დაუწყო მუსაიფი, თითქოს ამით უნდოდა დაემშვიდებინა თავზარდაცემული ტყვე, დაეწყნარებინა მისგან შეშინებული გულის ძგერა.

თავბრუდასხმული ბაბო ძლივს იჯდა სავარძელში, სირცხვილისაგან გამშრალი. ცდილობდა გიგოს თვალებში ამოეკითხა თავისი განაჩენი, თავისი სასჯელი. არც კი ესმოდა, რას ლაპარაკობდა მის წინ მდგარი, ამას წინათ კიდევ მისი მოსიყვარულე ადამიანი. მზად იყო იმწამსვე ბოლო მოეღო თავის აწ შერცხვენილ სიცოცხლისათვის, მაგრამ ღონე, ღონე სად იყო? ძალა რომ აღარ აქვს, რა ქნას, რა მოახერხოს?! ღმერთო, რას უნდა ფიქრობდეს ეს კაცი ჩემზე? რას იფიქრებენ ამასთან სხვებიც? ყველა, სულ მთლად ჩემი ნაცნობები, ჩემი მოკეთეობა?! ღმერთო, რა დღეს შექესწარი! ღმერთო, რა ამბავია ეს ჩემს თავს! - ფიქრობს გულში გაშტერებული, სავარძელში უმოძრაოდ მოკუმშული ბაბო და რაღაც ბურანი ეხვევა; თვალთ უბნელდება, გონება ერთმევა და უცნაური, წყნარი და ტკბილი უგრძნობლობა ავსებს მის არსებას.

რა ტკბილ, საამურ ძილში იყო წასული მისი გონება! რა კარგად ჰგრძნობდა თავს ამ უარარაობაში ჩავარდნილი და რა მწუხარებით აივსო მისი არსება, როცა მისი გონება ისევ გამოფხიზლდა, როცა მის ფიქრებს შემოეცალა გარშემოხვეული ბურანი.

მის წინ მოჩვენებასავით იდგა ბრელიშვილი და რაღაცას ეუბნებოდა ღიმილით.

ძარღვებში სისხლი შედგა ერთბაშად ღა იმ წამსვე საშინელი სიჩქარით დატრიალდა მთელ მის სხეულში.

- მადლობა ღმერთს, რომ უკეთ ბრძანდებით თქვენი ეგრე ყოფნა სწორედ ძალიან დაეტყო ჩვენს საზოგადოებას, ქალბატონო ბაბო!

პასუხის მაგიერ ბაბომ გაიღიმა მხოლოდ და გიგოს მიაპყრო თვალები. გიგო კი გაჯავრებით მისჩერებოდა მოლაპარაკე ბრელიშვილს, რომელიც ახლა სძულდა, ეზიზღებოდა იმდენად, რამდენად წინათ უყვარდა. გიგოს ახლა ორივე სძაგდა, მათი მზერა გულს უმღვრევდა, უცნაურად აქეზებდა, რომ მათი საწყენი რამ ეთქვა, მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

ბრელიშვილის ყოველი სიტყვა სხვანაირად მიიღო გიგომ. მას ეგონა, რომ თვალთმაქცობსო, ეს კაცი ატყუებს ქალსაო, თვალებს უხვევს და ამიტომ ელაპარაკება ასე მორიდებით, ვითომ და აქ არაფერია პატივისცემის მეტიო.

{საძაგლები!.. საძაგლები!" ამბობდა გიგო გულში.

ბრელიშვილი მეტად გააკვირვა გიგოს ამრეზილობამ ამ საღამოს; ისეთ ყოფაში ეჩვენა, რომ კითხვაც გაუბედა იმისი, თუ რათა ხარ მაგრე ავგუნებაზედაო, ბაბო კი ერთ სატანჯველმი იყო ჩავარდნილი, კიდევაც უნდოდა ერთხელ კიდევ მაინც დამტკბარიყო ამ კაცის მზერით, ესიამოვნა მისი ყურებით და თან მოწადინებულიც იყო, რომ ეს სურვილი გულიდან ამოეფხვრა, ამოეგლიჯა ძირიანად; მაგრამ მისი ეს ცდა უნაყოფოდ რჩებოდა, მის წინ გიგო იდგა ერთის გულით მადლობელი იყო მისი, მაგრამ მეორეთი ამას ფიქრობდა: რას მომჩერებია ეს შეუბრალებელი კაცი... რას მადევნებს თვალს? რა უნდა ჩემგან? ღმერთო ჩემო, ხომ მიდის, ხომ მშორდება, შეიძლება, სამიდღემჩოდ... შეიძლება საუკუნოდ?.. ეგებ ვერასოდეს აწი ვეღარ დავინახო... თვალიც ვეღარ მოვკრა! რაღად მიშლის მის ყურებას... რაზე მიწყრება, თითქოს მეუბნება, ნუ შესცქერიო! მე თვითონ ვიცი, რომ ეგ სიცუდეა ჩემი, სიგლახე, უპატიოსნობა... მაგრამ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გადავავლებ თვალს და მერე აღარ... აი, ერთხელ კიდევ და მეტს აღარ შევხედავ... აღარ მივაჩერდები. ერთხელ კიდევ, ეს უკანასკნელად და მერე აღარ... აღარ!.."

ასე ებრძვის თავისთავს უბედური ბაბო და მისი გონება მისი აზრი, მისი გამცემი თვალები ბრელიშვილისკენ მირბიან, მასზე ისვენებენ, მისით დატკბობას ეტანებიან. მხნეობადაკარგული ქალი გრძნობის სათამაშოდ შეიქნა და მისდა უნებურად შერჩენილი უღონო მოსაზრება კიდევ მაინც ატყობინებს, რარიგად შეუბრალებლად ითელება ამ მორეული გრძნობათა ღელვისაგან და, აი, ეს ფიქრი, ეს შეგნება ჰკლავდა, ცეცხლს უკიდებდა.

ბრელიშვილი ცოტა ხნის შემდეგ ადგა, გამოეთხოვა ბაბოს, გიგოს და წასვლა დააპირა. მასთან ერთად წასვლა მოინდომეს სხვა სტუმრებმაც, რომელნიც ბრელიშვილთან ერთად მოსულიყვნენ ბაბოს სანახავად.

გამოეთხოვა თუ არა ბრელიშვილს, გიგო ისევ სავარძელში ჩაჯდა წარბებშეკრული, ბაბო კი ადგა, გაედევნა უღონო ნაბიჯით ბრელიშვილს, გაჰყვა წინა ოთახში, იქიდან აივანზე და არ შემობრუნებულა, სანამ მიმავალთ კიბე არ ჩაიარეს და გაუნათებელ ქუჩაში ღამის წყვდიადმა არ მიმალა წასულნი. თუმცა ქალი ვეღარ არჩევდა ბრელიშვილს, ვეღარ ხედავდა სიბნელეში, მაგრამ მისი აზრი და გონება მაინც იმას მიჰყვებოდა უკან. ასე იდგა ბაბო კიბის თავზე რამდენსამე ხანს გამტერებულივით, და ზალაში დაბრუნებულმა გიგოს რომ თვალი მოჰკრა, მხოლოდ მაშინ გამოფხიხლდა და მიხვდა, რა უსაქციელობა ჩაიდინა, რარიგად გაიმტყუნა ამ კაცის წინამე თავისი თავი.

ერთი კი გადახედა სავარძელში ჩამჯდარს წარბებშეკრულ გიგოს და იმწამსვე იგრძნო, იმწამსვე შეატყო, რა წყრომით იყო აღვსილი ამ კაცის გული. ბაბო შიშმა აიტანა.

ქალმა ხმა არ ამოიღო. მივიდა ტახტთან და ზედ ზანტად ჩამოჯდა, სულგანაბული; გიგომ კი გაჯავრებული კილოთი დაიწყო ლაპარაკი: ამათთანა მაწანწალებისაგან არის, რომ ათასნაირი საძაგლობა ხდება, ოჯახები ილანძღებაო, უკმაყოფილება და შფოთი-დავიდარაბაა ცოლ-ქმართა შორისო, რომ სინდისის სუსტი ქალები ათასნაირ სამარცხვინო და შესაჩვენებელ საქციელს ადგანანო და სხვა ამგვარები.

ბაბოსთვის ეს, რასაკვირველია, ნამეტანიც იყო. უმისოდაც დიდ გასაჭირში იყო და ამ სიტყვების გაგონებამ ხომ სულ მიწასთან გაასწორა... გაფაციცებულმა, დამფრთხალმა და აკანკალებულმა, სიტყვა გააწყვეტინა გიგოს და შესაბრალისი ხმით უთხრა:

- გიგო, შენი ჭირიმე... არ გეწყინოს... არ შემიძლია... უნდა მივეგდო!.. უკაცრავად, შენ გენაცვალე! გიგომ გაუწოდა გამოსამშვიდობებლად ხელი და ქალი ტორტმანით”გაეშურა თავისი საწოლი ოთახისაკენ.

ოჰ, რა უშნო და რა შესაბრალისი ეჩვენა ახლა გიგოს ეს ზლაზვნით მიმავალი ქალი. ეს იყო მისი საყვარელი, სათაყვანებელი, სამაგალითო ბაბო?! ამას აღმერთებდა?! რამ მოჰკლა, რამ დააღონა, რამ მოკრუნჩხა ასე საცოდავად? ვნებათაღელვამ, გამრყვნელმა გულის წადილმა, უსინდისობამ, თავმოყვარეობის, ნამდვილი თავმოყვარეობის უქონლობამ, განა?!

და გიგოს სულითა და გულით ეზიზღებოდა ახლა, სძაგდა ეს ვნებამორეული ქალი, ვნების შეხებით გასვრილი, გატალახიანებული. ამასთან სძაგდა მისი უჭკუო ქმარი, რომელიც, მისი აზრით, მონაწილე იყო ცოლის უსაქციელობისა.

- სულელი, ჩერჩეტი.. უგუნური პირუტყვი რომლის ტყავი ქალამნადაც სახმარებელი არაა!.. ნუთუ არ იცის, რაც ამბავია მის თავზე?.. თუ იცის, ხმას რატომ არ იღებს, რატომაა დამუნჯებული, თითქოს სათქმელი არაფერი ჰქონდეს ამ შერცხვენილ ქალთან!.. მაგრამ რა მოეთხოვებათ?! ყველა საძაგლობაშია გახვეული, ყველა გაფუჭებულია, უზნეო, ბრიყვი, გარყვნილი!.. რა მოეთხოვება მაგათ?! მათთან ყოფნით თვითონაც გაირყვნები, გაისვრები... სხვას რას დაგმართებენ! შორს, შორს!.. კისერიც მოუტეხნიათ!

და გიგო მოუსვენრად დადიოდა თავის ოთახში და ის იყო გადაწყვიტა, ახლავე, ამ ღამესვე მიეტოვებინა ეს ოჯახი და თავის ბარგი-ბარხანით ხვალინდელ მატარებლამდის ერთ-ერთ მახლობელ ამხანაგთან გადასულიყო და ეს ღამე იქ გაეთია.

კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა სარდიონი, იგი შეწუხებული უნდა ყოფილიყო.

- გიგო! - თქვა მან ხანმოკლე სიჩუმის. შემდეგ. - გიგო, ბაბო ერთობ ავადაა... რა ვქნა, კაცო?.. გადამეტებული ავადმყოფია.

- ახლა აგეხილა, ჩემო ძმაო, თვალები? რასაკვირველია, ავადაა! - გაჯავრებით მიუგო გიგომ.

– რა ვქნა.. რა ვუყო, ღმერთმანი!. გონება მეკარგება!

- რაც გითხრეს, რაც გირჩიეს და როგორც დაგარიგეს, ისე მოიქეცი!.. რაღა ყოყმანი და ვაი-ვუი გეჭირვება კიდევ! ხომ გითხრეს წადიო... ეგ ქალი აქედან წაიყვანეო...

- ეგ კი... აგერ ხვალ-ზეგ სულ მზად ვიქნები და წავალ... მაგრამ... არ ვიცი, არ ვიცი! - თავის გაქნევით წარმოსთქვა სარდიონმა.

- რა არ იცი?

- ვაი თუ ვერ გადურჩეს ამ ავადმყოფობას... მეტად ცუდადაა მოქცეული, გიგო ჩემო!

- ეგ ღმერთმა იცის... და შენ შენი საქნარი აასრულე!

სარდიონის ყოველი სიტყვა, იმის ხმის გაგონებაც კი გულს უმღვრევდა, ჯავრს ჰგვრიდა გიგოს და ამიტომაც ასე კუშტად და უგუნებოდ ელაპარაკებოდა. სარდიონმაც შეატყო, გუნებაზე არ არისო, ჩაჩუმდა და მზერა დაუწყო შუა ოთახში გამოთრეულ გიგოს გახსნილ ჩემოდანს.

- მიემზადები თუ? - გაუბედავად შეეკითხა გიგოს.

- ჰო!

- ერთად წავიდეთ ბარემაც... გხა ხომ ერთხანაზე საერთო გვექნება.

- მე ამაღამვე უნდა წავიდე!

- ამაღამვე? - მიაშტერა გაკვირვებით თვალები სარდიონმა.

- ამაღამვე... გოცირიძეს შევპირდი, ბესარიონს, მოვალ-თქვა... იქ მიცდიან.

- ჰო, მე მეგონა, თუ ეგ ჩემოდანიც იქ მიგქონდა!..

გიგო მიხეღა თავის განზრახვის უადგილობას, დახურა გაშლილი ჩემოდანი, მისწია კედლისაკენ, ამოიღო საათი, დახედა, წამოავლო ხელი პალტოს და ქუდს და სარდიონს მიმართა:

- ამაღამ ვეღარ მოვალ, ნუღარ მიცდით! - გამოეთხოვა და კარებისაკენ გასწია.

გააღო თუ არა კარი, გიგომ განცვიფრებით წამოიძახა:

- ბაბო?!

სარდიონი მივარდა კარებს, შალწამოხურული ბაბო გაქვავებულივით იდგა კარებს უკან ატუზული.

– რა გინდა აქ, რაზე ამდგარხარ? - შეეკითხა ქალს გაოცებული სარდიონი.

- შენ გეძებდი!.. - ძლიეს წარმოსთქვა ბაბომ ნელი ხმით.

– რა გინდა, რა იყო? - ჰკითხა კვლავ სარდიონმა,

"რა ენდომებოდა, რა უნდა ყოფილიყო? მოსაყურებლად თუ იყო მოსული, უნდოდა გაეგო, ჩემზე ხომ არ ლაპარაკობენო, და, თუ ლაპარაკობენ, რას ლაპარაკობენო" - გაიფიქრა გიგომ და წუთი აღარც კი შეიცადა, წავიდა. ამ კაცს დაეკარგა ყოველივე სიბრალული ამ ქალისადმი.

მივიდა გოცირიძისას, თავის გულითად ამხანაგთან, და ამ დაგვიანებული სტუმრობით გაკვირვებულ მეგობარს გულახდით მოუყვა ყველაფერი, უამბო დაუმალავად და დაწვრილებით ბაბოს ამბავი. გიგომ იცოდა, რა კაცს ელაპარაკებოდა და ამიტომაც შეეძლო თავის გულის საჯეროდ გამოეთქვა ყოველივე თავისი მწუხარება და ნაღველი.

- შენ ერთობ ცხარობ, ჩემო გიგო! და ბევრი რამ გავიწყდება ამასობაში, რისი მახსოვრობა, მხედველობაში მიღება ეგრე აღარ შეგახედვინებდა ამ შემთხვევისათვის!.. - უთხრა ბესარიონმა გიგოს.

გიგო შეჩერდა და მერე უცებ დაატანა:

- რას ვივიწყებ?

- იმას, რომ ბაბოც ისეთივე ქალია, როგორც სხვა, ჩემო გიგო!.. - ღიმილით თქვა ბესარიონმა.

გიგოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ბესარიონმა დაასწრო:

- მეც მათქმევინე, შენ ხომ იმდენი ილაპარაკე!.. ჰო, იმას გეუბნები, შენ გავიწყდება, რომ ეგ ჩვენი ბაბოც ქალია და მერე კიდევ ამასთან ქართველი ქალი...

- ჰოდა მაგიტომ უფრო მერევა ბრაზი! - ვეღარ მოითმინა გიგომ.

- ჩემი აზრით, ჩვენ არა გვაქვს უფლება, არა გვაქეს საფუძველი მკაცრად ვსინჯოთ ყოველი მათი საქციელი, ყოველ მოქმედებაში პასუხისმგებლად გავხადოთ.. რატომ? იმიტომ რომ ისინი ისევ ბუნების შვილნი არიან, მათი აზრი, გონება ისეთი მარტივია ჯერჯერობით, მთლად მათი არსება ისე ცოტაზეა დაშორებული პირვანდელ მდგომარეობას, მათი სულიერი მდგომარეობა, არსება ისეთი მონაა მხოლოდ გრძნობიერებისა, რომ ღმერთმანი, ცოდვაა, თუ უსამართლობა არა, მათდამი სასტიკად მოპყრობა, მათ შეცდომათა მკაცრად განსჯა, განკითხვა. ჩვენზე უფრო განვითარებულ საზოგადოებათ საჩივლელად და გულსაწყვეტად აქვთ თავიანთ ქალების მდგომარეობა, მათი დაქვეითებული, უკანჩამორჩენილი პიროვნება, მათი ფუჭი, უშინაარსო ცხოვრება. მაშ ჩვენ ქალებზე რაღა გვეთქმის, რაღა უნდა ვუკიჟინოთ ამის მცოდნეთა?! რა ადგილი უნდა ჰქონდეს მათზე ჩვენს წყრომას?! რას თხოე, ან რად თხოვ იმას, რისიც აღსრულებისათვის მას ჯერ ღონე არ შეუძენია? რა ქნას თავის გრძნობათა მონამ, მხოლოდ დღიური ცხოვრების ვიწრო ფარგალში მოქცეულმა, უზენაესი იდეებით გონებაგაუბრწყინებელმა, რომლისათვის სრულიად უცნობია და გაუგებარი იმ იდეათა სიტკბოება და სიამოვნება, როცა მისი მდიდარი ბუნება დუღს, ღელავს, არ ასვენებს, ამოძრავებს, სიცოცხლის ნიშანს ითხოვს მისგან; არ სჯერდება ერთფეროვნებას, ერთგვაროვნებას, მიყუჩებას.

რასაკვირველია, ყოველ ამის დასაკმაყოფილებლად რომაა გამზადებული, ეტანება უფრო იმას, რაც ადვილია, რაც მისთვის ხელმისაწვდომია, ეძლევა ვნებათაღელვას, თავის გაუგებრობით ამ დაბალ გრძნობას სიყვარულის სახელს უწოდებს და ამით იმართლებს თავს; იმას კი ვერ მიმხვდარა, თუ რარიგად მიედარება ამ თავის აღელვებაში იმ პირვანდელ დედაკაცებს, რომელნიც ნადირებივით ტყედ დარბოდნენ მამაკაცებთან ერთად და პირეტყვებივით იკმაყოფილებდნე თავის ჟინს.. რა ქნან? ეგებ ხშირად გულის სიღრმეში კიდეც ერცხვინებოდეთ, კიდეც ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთ დამამდაბლებელ, შეურაცხმყოფელ გრძნობათა ღელვას, მაგრამ, მათდა საუბედეროდ, ჯერ გამარჯვება მათთვის შეუძლებელია, მიუწვდომელია!

- მაშ, აბა, ვუყუროთ სეირს მხოლოდ?! - შესძახა გიგომ. - სეირს ვუყუროთ... ხმა არ ამოიღოს კაცმა?

- თქმით თქვი, რაც გნებავს, შე კაცო... მაგას კი არ გეუბნები... მე იმისი თქმა მინდა, რომ წყრომით და გაჯავრებით ადამიანის ბუნება არ შეიცვლება და ნება არა გვაქვს მოვითხოვოთ ისეთი რამ, რაც ერთნაირ განვითარებაზი მყოფ ადამიანს არ შეუთვისებია.

- არა, ბესარიონ, არა... ათიათასჯერ არა! - მოუთმენლობით შესძახა გიგომ თავის მეგობარს. - ათიათასჯერ არა! შენ ცდები, შენა და არა მე! მეტად შემცდარი ხარ მაგ მსჯელობაში!.. რა შუაშია აქ განვითარება, გამოფხიზლებული გონება და ამგვარები?.. აქ ზნეობაა მხოლოდ საჭირო, მხოლოდ ზნეობა!.. ყოველ ადამიანს მართებს იყოს ზნეობიანი და პატიოსანი, ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გარეგნული, არამედ ის თავმოყვარეობა, რომელიც გვაშორებს და გვარიდებს ყოველ სამარცხვინო სააუგებელ და უღირს საქციელ-მოქმედებას. თუ ეს თავმოყვარეობა აქვს კაცს, თუ იგი ღრმად და ღონივრად არის ჩანერგილი ადამიანის ბუნებაში, იგი ყოველ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება; რაგინდ განსაცდელში ჩავარდეს, მძლეველი დარჩება უსათუოდ!.. მე ამნაირ თავმოყვარეობას ვამჩნევდი იმ შეჩვენებულ გომბიოს და ამიტომ მიყვარდა, ამიტომ ვეთაყვანებოდე... ამიტომ მწამდა მისი ქალობა და ხმამაღლა ვიძახდი, რომ ამ თვისებით სწორედ სასიქადულოა ქართველი ქალი-თქო და ახლა კი მოტყუებული ვრჩები, გაცრუებელი ამ ჩემს რწმენაში.

ასე მგონია ახლა, რომ სხვებიც უსათუოდ ამისთანები იქნებიან-მეთქი და გული მიკვდება: მიკვდება გული იმიტომ, რომ კაცის ნდობა მეკარგება, მეცლება ხელიდან ვისი წყალობით, მერე?.. ვისი მიზეზით? შემიძლია აწი ვისიმე რამე კეთილსახიერება დავიჯერო?.. რისთვის ჩაიდინა ოხერმა გს საძაგლობა? რა აკლდა, რას ეძებდა?.. რა უნდა კიდევ: ქმარი მოყვარული, ურიცხვი კეთილისმყოფელი, ყოველი ნაცნობი და მახლობელი მოსიყვარულე და გულითადი პატივისმცემელი, სიყვარული, წმინდა პატიოსანი სიყვარული ყოველგან და ყველასაგან - რაღა გინდა? რაღას პირუტყვობ? ყველას ფეხი ჰკრა და სიბინძურეში ჰყოფს თავს, სიოხრეში!.. ვისთვის, რისთვის, მერე?! კაცო, გადამრევი როგორ არაა ეგ, თუ კაცს სისხლი გიდგია ძარღვებში, კაცის გამაგიჟებელი როგორ არაა ეგ და მიწასთან გასასწორებელი ყოველ ამნაირ მოქმედების ჩამდენი?!.. შეჩვენებული, ოხერი, უწმინდური!.. მე კი ქალი მეგონა, პატიოსანი, ღირსეული!.. ვის ვაღმერთებდი, ვის ვადიდებდი, ღმერთო ჩემო?! - და ცეცხლმოკიდებული გიგო თითქმის დარბოდა ოთახში განცვიფრებული ბესარიონის წინაშე.

- აბა, მართალს გეტყვი ამას, გიგო, რომ შენ ჯერ კიდევ არა გაქვს ნება, თუნდ შენი აზრი მართალიც იყოს, აგრე მოიხსენიო ბაბო! - უთხრა ბესარიონმა,

- რატომ? - შეჩერდა გიგო.

- იმიტომ, რომ შენ ჯერ არც კი იცი, რითი გათავდება ის ბრძოლა, რომელიც ბაბოს თავის გულისთქმასთან აქვს გამართული.. სრულიად დაუმორჩილდა თავის ვნებას, არა აქვს არავითარი ხსნა? გათავდა ბრძოლა ბაბოს დამარცხებით?.. ეგ განა იცი შენა?

ამ სიტყვებმა გიგო გააქვავა; ხმაგაკმენდილი მისჩერებოდა თავის მოსაუბრეს და ისეთრიგად შესცქეროდა, თითქოს ამ სიტყვებმა ფრთები ჩამოაყრევინაო, თითქოს ძალა და ღონე წაართვაო, ბესარიონი კი განაგრძობდა:

- განა მეგიძლაა წმინდანობა მოსთხოვო ქალს, ბაბო იქნება იგი თუ ნინო, ანუ სხვა რომელიმე?.. შეგიძლია მოსთხოვო, რომ მისი არსება სულ განსხვავებული იყოს? ისიც ხომ ქალია, ისიც ხომ ადამიანია, მის ძარღვებშიც ხომ სისხლი სდის, გული უძგერს, – იგი მომლოდინე უნდა იყოს ყოველი ადამიანის თავზე მოსახდენი და შესაძლებელი შემთხვევისა!.. მაგას რატომ იტყვი, რომ ბაბოს გული ვნებათაღელვით არ უნდა ატოკებულიყო? რატომ მისი გული ბრელიშვილისათვის არ უნდა ამგერებულიყო? განა ბაბო ადანიანი არაა, ქალი არაა?

სამარცხვინო დასაწყისი კი არაა, სრულიადაც არა. დამამდაბლებელი მისი ცუდად დაბოლოებაა, ცუდად დმთავრება და ამიტომაც შენც მოვალე ხარ ჯერ უყურო, თვალი ადეევნო, თუ გსურს და გაიგო, ვინ დარჩება ამ ბრძოლაში გამარჯვებული... ვინ იქნება შერცხვენილი და ვინ საქებარი! არა ვარ ამაში მაინც მართალი, გიგო ჩემო? - გაღიმებით შეეკითხა ბესარიონი, რომელიც კარგად ამჩნევდა, რომ გიგო მიხვედრილი იყო თავის აჩქარებას, - ვარ თუ არა მართალი? - განუმეორა ბესარიონმა.

- კი, კი!.. - მიუგო დაწყნარებით გიგომ. - მართალი ხარ სწორედ!..

- მადლობა ღმერთსა! - გაიცინ; ბესარიონმა. - ახლა მაინც დაწყნარდები!

- პარიქით, შენ უფრო მომიმატე და გამიძლიერე მწუხარება!..

- როგორ?

- მე წასვლას ვაპირებდი ხვალ და ახლა უნდა დავრჩე, სანამ გარაყანიძენი არ წავლენ. ჩემთვის ეგ მეტად საინტერესო კი არა, თითქმის სასაცილო ამბავია... ამ ამბის ასე თუ ისე დამთავრებაზედაა, ძმობას გეფიცები, დამოკიდებული ერთ-ერთი ჩემი რწმენა, ჩემი წარმოდგენა, რომლის დაკარგვა, რომლის შერყევაც ჩემთვის სიკვდილის მსგავსი იქნება!

ბესარიონმა გაიღიმა და ამის შემხედვარე გიგომ დაატანა:

- შენ გეცინება, მე კი, ამხანაგობას გეფიცები, მართალს ვამბობ!.. შენ ვერ წარმოიდგენ, რაგვარი ძმური სიყვარულით მიყვარდა ის ქალი და რარიგად მეძნელება ამ გრძნობის დაკარგვა... მით უფრო, რომ მისით პატივს ვცემდი და რწმენა მქონდა საზოგადოდ ყოველი ქალისადმი! კი, კი, მე ავჩქარდი და მალე გადავწყვიტე ის, რაც ჯერ არ უნდა გადამეწყვიტა!.. ისევ უნდა მავიდე იმ საცოდავთან, იმ უბედურთან... თუმცა ვერ წარმოიდგენ, რარიგად მეძნელება მისი დანახეა, მასი შეხედვა!.. ხვალ მაინც ვეღარ მივალ, გული არ მაძლევს ნებას! ზეგ წავალ და ვნახოთ... ვნახოთ, რითი გათავდება ეს გაწამაწია!

ბაბო კი ამავე დროს ერთ ვაებაში იყო ჩავარდნილი. მას თვალწინ ედგა და არ შორდებოდა შემწყრალი და განრისხებული სახე გიგოსი, როცა მან კარებთან მიატოვა ხმაგაუცემლად. მისთვის ცხადი და თვალსაჩინო იყო, რარიგად შეიცვალა მათი ურთიერთობა, მათი მეგობრობა. და ბაბო ცრემლად იღვრებოდა ამაზე. თუ გიგომაც შეიძულა, სხვა რაღას შეიბრალებს, სხვისგან რაღა პატიებას უნდა მოელოდეს?! რისთვის მხვდა წილად ამდენი ტანჯვა, ასეთი წამება? - ფიქრობდა გულში ბაბო. - რა დავაშავე, რა ჯავრი სჭირდა ამ ოხერტიალ გულს ჩემი, რომ ასეთ უბედურებაში გამხვია, ასე მომიშხამა სიცოცხლე?!

მოუთმენლად ელოდა ბაბო დილიდანვე გიგოს დაბრუნებას, მის დანახვას... ეგებ არც ისე მიწყრებოდეს როგორც მეჩვენაო... მაგრამ გიგო არსად იყო და რაც ხანი გადიოდა, მით უფრო გული უწუხდებოდა ყმაწვილ ქალს, უამისოდაც შეწ უხებულ-გამწარებულს.

დასაღამოვდა და გიგო კი მაინც არ ჩანდა.

მაშ მებიძულა... თვალით დასანახავადაც ვეჯავრები... დაეკარგა ჩემი სიყვარული.. ღმერთო ჩემო! - თვალცრემლიანი მოსთქვამდა თავის გულში ბაბო. - რა ვქნა... რა ვქნა?! მიიფარებდა ხელებს თვალებზე, ჩაემხობოდა ბალიმებში და აფრქეევდა მდუღარებას. ამავე დროს კი თვალწინ თითქოს ჯიბრზე ის ეხატებოდა, ვისგანაც ამდენი ტანჯვა-გაწვალება შეემთხვა... ამ სინათლეს აშორებულ თვალებში ბრელიშვილის სახე ელანდებოდა და გამწარებული, მისდა ასარიდებლად, წამოვარდებოდა, ადგილს გამოინაცვლებდა, გაურბოდა და იგი მაინც არ ეშვებოდა, მაინც უკან დასდევდა, მაინც არ შორდებოდა, არ აძლევდა მოსვენებას. ამასობაში ბაბოს გული კი ამ გადამეტებული წამებით, ამ შეუსვენებელი წიწკნა-გლეჯით ძლივსღა ჰფეთქავდა, ძლივსღა სცემდა მოღლილი.

ის ღამე დღეზე უარესი შეიქნა ბაბოსათვის, მის თვალს სრულიად ძილი არ მიპკარებია; ჩუმად, სარდიონის ნამალევად, შფოთავდა და მეტად გადამეტებულ მოუსვენრობაში იყო ჩავარდნილი. გათენდა თუ არა, წამოვარდა და გადადგა სახლიდან სარდიონმა ფეხი თუ არა, ბაბო მიუჯდა სასტუმრო ოთახში ფანჯარას და ქუჩაში დაიწყო ყურება, მერე წამოდგა, შევიდა გიგოს ოთახშე, დაათვალიელა, ჩემოდანი თუ იყო კიდევ თავის ადგილას, გამობრუნდა და ისევ ფანჯარას მიუჯდა.

გულჩათუთქული ამაო ლოდინით, გამწარებული ძვირფასი კაცის სიყვარულის და პატივისცემის დაკარგვით, რომელთანაც ერთად ეკარგებოდა სხვების ამგვარი გრძნობა-შეთვისება, ყმაწვილი ქალი წამოვარდებოდა, დაეცემოდა ტახტზე, ჩააფრინდებოდა კბილებით ხან მუთაქას, ხან ბალიშს და დაიწყებდა გულამოჯდომით ქვითინს... და თვალწინ. კი იქვე ბრელიშეილის სახე... მისი თვალები, ლამაზი წვერ-ულვაში... კიდევ წამოვარდა, ისევ მივარდა ფანჯარას.. ისევ იყურებოდა ცრემლმორეული თვალებით... არავინ... არავინ! ყველას სძაგს, ყველასაგან მიტოვებულია! და ისევ მოთქმა, ისევ გულამომჯდარი ტირილი. უეცრივ თვალი მოჰკრა კედელზე, რომ სხვ ფოტოგრაფიულ სურათებთან დაკიდებულია ბრელიშვილის პორტრეტიც. ჯერ მიაჩერდა, მერე უეცრად ჩამოჰგლიჯა კედლიდან, მიირბინა მაგიდასთან, გამოსწია ყუთი, გადაშალ-გადმოშალა აკანკალებული ხელით ქაღალდეპი და შიგ ჩამალა ეს სურათი...

- რენე!.. რენე! - უნებლიედ ამბობდა მისი ტუჩები და შეძრწუნებულს აგონდებოდა გიგოსაგან წაკითხული ამბავი. თითქმის დაიმედებული, რომ აცილებული ჰქონდა ახლა რომელიმე თავის მეგობარ-მოკეთისაგან იმგვარი ამბავი, როგორც იმ რომანში სუზანას დაუწია რენემ, იგი ისევ მივიდა ფანჯარასთან და ისევ დაიწყო ყურება, იყურა, იყურა... დიდხანს იყურა, და რაკი მოლოდინით მოიღალა, მოთმინება დაეკარგა, სასოწარკვეთილი დავარდა ტახტზე, მერე ისევ წამოდგა, გადარეულივით გაექანა თავის ოთახისაკენ, იგლეჯდა თმას და სულ შემოიხია გულზე კაბა, თან გამწარებით ურტყამდა თავს თავის სატუალეტო მაგიდას, აქვითინებული.

- ბაბო! - მოესმა შორიდან ხმა. - ბაბო!

- ვლადო! - გაურბინა თავში ბაბოს და, რომ გაექრო ეს გაგონება, ეს ხმა, უფრო მეტის გამწარებით დაუშინა თავი მაგიდას.

- ბაბო! არ გესმის? ბაბო, ბაბო! - მოდის ხმა.

- არა... არა!.. - ამბობს ბაბო და ჰგრძნობს, რომ გონება ეკარგება. - არა! - ეუბნება იგი ამ ძახილს. გაფაციცებული ქალი წამოჯდა საწოლზე და აცახცახებული დაკეტილ კარებს მისჩერებია, საიდანაც ხმა ესმოდა.

– ბაბო, გააღე კარი, გეუბნები! არ გესმის?! - მოისმა ისევ ბრძანება და ამან, ამ კილოთი ნათქვამმა, ამ ბრძანებამ სრულიად წაართვა უკანასკნელი მოსაზრება, გონება, წამოაყენა ფეხზე, წამოიყვანა კარებისაკენ, მიიყვანა იქ, ძალად გადაატრიალებინა გასაღები და ათრთოლებულმა, აცახცახებულმა, თვალებჩამობნელებულმა ძლივს გასაგონი ხმით წაილაპარაკა:

- ვლადო!.. - და მოსხლეტილი, გონებაწასული იატაკზე დავარდებოდა, რომ გაღებულ კარებში შემოსწრებულ გიგოს ხელი არ ეტაცნა მისთვის.

- ბაბო... რა გემართება?! ბაბო, რა იყო, ქალო?!.. - ჩასძახა გიგომ, მაგრა ბაბოს აღარაფერი ესმოდა, აღარაფერი ეყურებოდა.

გულწასული ქალი გიგომ იქვე მდგარ სავარძელზე დაასვენა, მივარდა მაგიდას, აიღო წყალი და პირზე შეასხურა.

- ბაბო, გამოიხედე, ქალო!.. ეს მე ვარ, მე, გიგო ვარ!.. რა იყო, რა მოგივიდა?

ბაბომ გამოახილა თვალები... მიაჩერდა გიგოს.: უყურა, უყურა, და გიგოს ტკბილი ლაპარაკი რომ ჩაესმა, ისევ ტირილი მოუგიდა, ისევ ცრემლები წამოსკდა.

- ბაბო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი.. დაწყნარდი, დამშვიდდი!

მაგრამ დამშვიდების მაგიერ იგი უფრო გულამოჯდომით სტიროდა. მერე, თითქოს რაც ძალა შერჩენია, შემოიკრიბაო, ჩაუვარდა ფეხებში გიგოს და ხმამაღლა შესძახა საშინელის ხმით:

- მიშველე, შე უღმერთო... მიშველეთ, თქვე მეუბრალებლებო!.. გიგო, მომაშორე, მომაშორე!.. ამომგლიჯე ეს ოხერი გული!. ღმერთო, ღმერთო!.. რად მიძულებთ... რად გინდათ შემაჩვენოთ?.. რა ექნა, რა ვქნა მე? მომკალით ბარემაც... გამათავეთ... შემიბრალეთ, თქვე უღვთოებო!.. მომკალით... მომკალით მაინც!..

გულაჩვილებული გიგო რას ეუბნებოდა, რას ელაპარაკებოდა თვითონ არ ესმოდა, ცდილობდა ამ საცოდავის დამშვიდებას, მაგრამ აღარც სიტყვა ეხერხებოდა, აღარც მოსახრება ემორჩილებოდა. ამ მდგომარეობაში რომ ნახა, ისევ ხელახლად შეუყვარდა ეს არსება, ისევ ძვირფასი შეიქმნა; ამ მისმა წამებამ აპატივებინა ყოველივე მისი შეცოდება, გამოასყიდვინა ყოველივე დანაშაული, და გიგო დატკბობით, ალერსით შესცქეროდა ღონემიხდილ ყმაწვილ ქალს. მძიმედ მსუნთქავს, თვალებდახუჭულს, გულამომჯდარს, თმ-გაწეწილს, სახეგაცრეცილს.

მესამე დღეს მატარებელი მიაქროლებდა სარდიონსაც, ბაბოსაც და გიგოსაც N-დან. კუთხეში მიმჯდარ ბაბოს აზრი და გონება ისევ, მისდა უნებურად, მიტოვებულ ადგილებში დაფრინავდა და გიგოს ახლოს ყოფნის გამო და აგრეთვე მატარებლის გრიალის მიზეზით მხოლოდ რაოდენადმე იბნეოდა ეს მოგონებანი და გამოხატულებანი. "მისი სახე" მაინც კიდევ არ შორდება, ისევ თვალწინ უდგას. ქალი იგონებს, რა თავდაჭერილი, რა თანაგრძნობით გამოეთხოვა ის ყმაწვილი კაცი სადგერზე და უნატრა, ისეე მალე კარგადმყოფი დაბრუნებულიყოთო.

- იმას არაფრის ეჭვი არა აქვს აღებული, არაფერი იცის!.. ნამდვილად ასეა! - იმედიანად და ნუგეშით ამბობს გულში ბაბო. - და ღმერთმა ნურც გააგებინოს როდისმე! - მისი გული ისე დაცარიელებულივითაა. ისეა თითქოს რაღაც აკლიაო, რაღაც ენატრებაო, მაგრამ აქ გიგო თავისი ხალასიანი სიტყვა-პასუხით, აქ გზაში ნახული ნაცნობების სიხარული მის დანახვაზე, ამათთან ლაპარაკი, მუსაიფი, - ყოველივე ეს ნელ-ნელა აშორებდა წარსულს და მალამოდ ედებოდა, ესალბუნებოდა მის გულს.

რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ გიგო გამოეთხოვა თავის მეგობართ, რადგან თავის სოფელში უნდა წასულიყო და ცოლ-ქმარს პირობა მისცა, რომ, თუ დროს იშოვიდა, უსათუოდ ნახავდა ამ მოკლე ხანში.

მაგრამ მთელმა ერთმა წელიწადმა გაიარა და სალაძეს გარაყანიძეების ნახვისათვის დრო არ შეხვდა. სარდიონისაგან ორჯერ-სამჯერ მოუვიდა წერილი და აქედან იცოდა, რომ ბაბო უკეთ იყო. ახლა უკანასკნელი წერილით კი სარდიონი ატყობინებდა, რომ ბაბო სრულიად გამოკეთდა და ისევ ის ბაბოა, როგორიც გინახავსო. გარაყანიძეები N-ში იყვნენ. ბრელიშვილიც იქ იყო და ამიტომ ამ უკანასკნელი წერილის წაკითხვამ, ამ მოხსენებულ გარემოებასთან, მეტად დააინტერესა სალაძე და გადასწყვიტა უსათუოდ N-ში წასულიყო, ბაბო ენახა და ისიც გაეგო, რაგვარი თვისებისა იყო ამ ქალის კარგად ყოფნა და მისი გულის დამშვიდება, დაწყნარება: გაიმარჯვა, სძლია ბრძოლაში თუ დაუმორჩილდა და სამარცბვინოდ მოურიგდა თავის დამდაბლებას, თავის დაცემას?

ეს აინტერესებდა, ამის გაგება მოუთმენლად ეჩქარებოდა გიგოს და ამიტომ მალე გაექანა N-კენ.

მოულოდნელად გაჩენილი გარაყანიძისას, იგი უკეთეს დროს სწორედ ვერ შეურჩევდა ბაბოს სანახავად, მისი მოსვლის დღეს სარდიონს წვეულება ჰქონდა და დიდი საზოგადოება ყავდა თავშეყრილი.

გიგოს მისვლამ კიდევ უფრო გაამხიარულა კარგ გუნებახე მყოფნი ბაბო და სარდიონი.

რა ნახეს მისმა თვალებმა? ბაბო, ამასწინათ საბრალო ბაბო, დღეს ისევ მართლა სულ წინანდელი ბაბო იყო. წინანდელი ამბისა არა ეტყობოდა-რა. ისევ სიცოცხლით სავსე, ხითხითა, მოკისკისე, ენამახვილი, დარდიმანდი, სიტყვამოსწრებული, ლამახი, კოხტა - ყველასათვის საყვარელი ბაბო!.. მასთან რა უნდოდა სევდასა და მწუხარებას?! ყველასთან ასწრებდა სიტყვის თქმასაც, ხუმრობასაც, ყველას თავს დასტრიალებდა და თვითონ ხალისიანი, სხვებსაც ახალისებდა და ამხიარულებდა.

აქვე იყო, სხვებთან ერთად, ვლადო ბრელიშვილიც, რომლის მხიარულებას ბოლო არ ჰქონდა და რომელიც აცინებდა იქ მყოფთ თავის დაუსრულებელი ოხუნჯობით. ბაბოს ისე ეკავა თავი მასთან, თითქოს მის შესახებ არავითარი მწარე მოგონება არ ჰქონიაო. ბაბო იმასთან სრულიად თამამად იყო, თამამად ელაპარაკებოდა და ეხუმრებოდა.

"რის მიზეზია ეგა?" ეკითხებოდა გუნებაში თავისთავს ყოველივე ამით გაკვირვებული გიგო.

ბაბომ ორჯერ-სამჯერ შეასწრო თვალი გიგოს და შეამჩნია ეს გაკვირვება. ქალმა არაფერი უთხრა, ოღონდ გაუღიმებდა ხოლმე, თითქოს აცნობებდა, - გატყობ, რის გაგებაც გწადიანო. ერთხელ, ბრელიშვილთან ლაპარაკის შემდეგ, ბაბომ გვერდზე გაუარა გიგოს სიცილით.

კარგა გვიან იყო, ნადიმი რომ გათავდა და სტუმრები დაიშალნენ, სარდიონი დაღალული, ოთახში წამოწვა კმაყოფილი; ბედნიერი ბაბოს გული სავსე იყო სიამოვნებით. მოცინარი, მიუახლოვდა გიგოს. მათ მეტი ოთახში არავინ იყო.

- მე დღეს გაკვირვებ, გიგო? - სიცილით მიჰმართა მან სალაძეს.

- ის რაღა იყო, გვერდით ჩამიარე და დამცინე? - ხუმრობით უთხრა გიგომ.

- ის რომ შეგატყევე, მომჩერებოდი! ხა, ხა, ხა! - გაიცინა ბაბომ. - გიკვირს... გიკვირს, ასე რომ მხედავ... არა?

- მართალი გითხრა, მიკვირს! - მიუგო გიგომ.

- და, აი, ახლა, ამ წამში... მე რომ ისევ ბედნიერად ვგრძნობ ჩემს თავს, აქვე მინდა მადლობა შემოგწირო... არა, მადლობა ცოტაა, ძმაო!.. და, როგორც ძმას, გეუბნები... უნდა გითხრა, რომ არავითარი სამარცხვინო დანაშაული არ მიმიძღვის, ამითა ვარ ბედნიერი, ამითა ვარ ცოცხალი... და ეგ შენით, თქვენით, ვისიც სიყვარული მე მუდამ მახსოვდა... თქვენმა სიყვარულის მოგონებამ გადამარჩინა საშინელებას!.. თქვენ მომეცით ძალა, ღონე და, აი, დღეს მე ისევ სულელი, გიჟი, გადარეული, მაგრამ შეურცხვენელი ბაბო ვარ... შენი, საყვარელო ძმაო, შენი მადლობელი ვარ და ვიჟნები კვლავაც, სიკვდილამდე!

ჟრუანტელმა დაუარა ტანში ამის გამგონს გიგოს, მისი გული ამოვარდნას ლამობდა. იგი მხურვალედ დაეწაფა ხელზე მის წინ წამდგარ მშვენიერებას, გააწყვეტინა მას სიტყვა და აღტაცებულმა შესძახა:

– არა, ბაბო... მე, მე გმადლობ, მე, მე!.. ჩვენ ყველანი გმადლობთ!.. შენით იყო ყოველივე. არც მე, არც სხვა აქ არაფერ შუაში ვართ.. მე მწამდა, რწმენა მქონდა აღიარებული, რომ ყოველივე ქალი, თუკი ნამდვილი, ჭეშმარიტი თავმოყვარეობითაა აღჭურვილი, თუ მას ღრმად აქვს ჩანერგილი პატიოსნება, სინდისი, გამარჯვებული იქნებოდა ყოველ მდაბალ, უღირს გრძნობაზე; რომ მის გულს ვერ დაიმონებდა უხეირო, ფუჭი, დროებითი გამართობელი ვნებათაღელვა; რომ პატიოსანი ადამიანი არ გადაალახვინებდა თავისთავს და არ დაჰკარგავდა თავის პირნათლობას წუთიერ გატაცებისათვის!.. ამ ღირსების არსებობა ჩვენს ქალებში სანეტარო რწმენად მქონდა და მაგალითად შენ გხედავდი. ამიტომ უყვარდი ყოველ შენ მცნობს, ამიტომ გცემდა პატივს ყველა და დღეიდან უფრო ძვირფასი ხარ, უფრო სასიქადულო! შენ რომ გიყურებ ახლა, დღეიდან უფრო მიღონიერდება ჩემი რწმენა... ჩემი გული უფრო მეტის იმედით და რწმენით, პატივისცემით ივსება ქალისადმი... შენ მომეცი ამისი მტკიცე საბუთი, მაგალითი! მადლობას მე გწირავ... მე ვარ შენი მადლიერი, შენით დაჯილდოვებული და გაბედნიერებული, ჩემო ძვირფასო ბაბო!..

და ამის მთქმელმა აღტაცებულმა ყმაწვილმა კაცმა ისევ მხურვალედ, ნიშნად მადლობისა, აკოცა ხელზე სიხარულით ცას დაწეულ ბაბოს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ