მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 141 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მზით გათანგული პლაჟის მარცხენა მხარეს, მაშველ სადგურთან ახლოს, თხელ წყალში იწვა ჩია ტანის მელოტი კაცი. იგი უფრო მოხუცი ჩანდა, ვიდრე ხნოვანი. იწვა გულაღმა, თავქვე შემოწყობილი ხელების თითები ერთმანეთში გადაეხლართა და ბეჭებზე ოდნავ წამოწეული, დაჟინებით გასცქეროდა ზღვას.

საღამო ხანი იყო. სანაპიროზე ნელი ზღვაური ქროდა. ჩამავალი მზის გასწვრივ, წყალზე უსასრულოდ გაჭიმულიყო ლაპლაპა ზოლი. მობანავეთა ჟრიამულში ზოგჯერ სუსტი ტალღების თანაბარი ტლაშუნის ხმაც მოისმოდა.

მოხუცი ყურადღებას არ აქცევდა, რა ხდებოდა ირგვლივ. არც ის ორი ახალგაზრდა შეუმჩნევია, ახლახან რომ მოვიდნენ და მის ახლოს იხდიდნენ. ბიჭებმა კი მაშინვე შენიშნეს იგი:

- შეხედე, გოგი, - თქვა ერთმა და ხელი მოხუცისაკენ გაიშვირა, - ისევ აქ არის.

- ვხედავ... უცნაური ბერიკაცია, უსიცოცხლო, - უპასუხა მეორემ, - რაღაც მეჯავრება ასეთი ხალხი.

ირგვლივ ყველა სცნობს მოხუცს. ეს ორი თვეა საბანაოდ მუდამდღე დადის. გასახდელი ადგილი რიყის ბრტყელ ქვასთან აქვს ამორჩეული. არც არავინ ეზიარება. თუ ზოგჯერ ვინმე „ახალი“ გამოჩნდება, დაუშლიან.

- უკაცრავად, მოხუცის ადგილია, საცაა მოვა.

მალე გამოჩნდება მოხუციც. მოდის ნელი, გამოზომილი ნაბიჯით, თან ისე ირწევა, თითქოს ფეხქვეშ მყარ ნიადაგს ვერ გრძნობს და წაქცევის ეშინიაო. მოვა უხმოდ; უბრალო გამარჯობასაც არ იტყვის. ქვაზე დადებს მაზუთის ლაქებით აჭრელებულ ძველისძველ ქუდს, საფეთქლებთან და კეფის გასწვრივ შერჩენილ ფერფლისფერ თმაზე ხელს გადაისვამს და ჩაჯდება.

იგი ყოველთვის დამჯდარი იხდის, როგორც ყველა მოხუცი: გაიხდის ტილოს ჯიბეებიან ბლუზას, მეზღვაურის ზოლებიან მაისურს და ლურჯსათავეშემოკერებულ ხვანჯრიან შარვალს. სატინის შავი ტრუსი ერთ ადგილას თეთრი ძაფით აქვს გაქარდული. მოხუცი ყოველთვის ცდილობს დაიმალოს განაკერი.

ტანსაცმელს ლამაზად დაკეცავს და ქვაზე გადაჰფენს. მერე მთელი დღე ნაპირა წყალში წევს, სუსტ ტალღებზე. ან არა და წვრილ კენჭებზე წამოწოლილი მზეს ეფიცხება. ნაცრისფერი ჩოღერა კბილები აქვს. წინა ორ კბილს შორის მუდამ პაპიროსი აქვს გაჩრილი. პაპიროსს ბოლომდე ისე ჩასწვავს, ერთხელაც არ გამოიღებს პირიდან. მერე თავს წააკვნეტს და ენის წვერით გადაისვრის.

საღამოს, როცა ანთებული მზე ჰორიზონტის ლურჯი ზოლის გადაღმა ჩაინავლება, მოხუცი აუჩქარებლად ჩაიცვამს, ზღვას კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს და მიდის.

ნავთსადგურთან ჩასვლისას არ შეიძლება ვინმე არ მიესალმოს. ესენი მისი მეგობრები არიან, ძველი მეზღვაურები და მეთევზეები.

- გამარჯობა შენი, ზღვის ლომო!

- გაგიმარჯოს, - პასუხობს ოდნავ შემკრთალი, მერე თანდათან ებადრება სახე, - ეს შენა ხარ, გალა სოსე?

- ჰო, მე ვარ... შენ რა, ისევ ავადმყოფობ?

- აბა, კაცო, - გულდაწყვეტით ამბობს მოხუცი, - ძაან დამიგდო ამ ბოლო დროს. უსაშველო ყოფილა მაინც ეს წნევა... თანაც გული...

- არაფერია, არაფერი, მაგას არჩენენ ახლა, - ამხნევებს მეგობარი და მხარზე ხელს უთათუნებს, - ზღვას კი მაინც არ ეშვები, ჰა?

- გული არ მითმენს, თორემ აბა რაღაა, თუ კაცი ხარ, - მოხუცი ნაღვლიანად გახედავს ზღვას და მერე თვალებს დაბლა ხრის, - ექიმებმა - არ გაბედო, ნაპირს არ მოცილდეო... გლახაკივით ვაგდივარ წყალში.

- რას იზამ, სანამ მორჩებოდე... - ამბობს სოსე, მერე თვალებს ეშმაკურად ჭუტავს და ტონს იცვლის, - არ გადავკრათ თითო-თითო?

- ეჰ, ექიმები მაგასაც მიშლიან, მარა ჯანდაბას, ოღონდ თითო-თითო.

აი, ასეთი კაცია ჩვენი მოხუცი. პლაჟზე ვერავის შეეთვისა და მუდამ განმარტოებულია. ახლაც მარტოა. ისევ ისე გულაღმა წევს და ამოჩემებულ წერტილს გასცქერის. კბილებს შუა გაჩრილ პაპიროსს აბოლებს, ფერფლს კი ვერ ამჩნევს, რომელიც საცაა მოსწყდება სანახევროდ ჩაწურულ პაპიროსს და მკერდზე დააცვივა.

მის პირდაპირ რომ ორი ბიჭი ბანაობს, რაღაც არ მოსწონს. განსაკუთრებით ის, მაღალი, გოგის რომ ეძახიან. ეტყობა ძალზე თავხედია. წეღან ისე ახლოს გადაიდგაფუნა წყალში, კინაღამ ფეხი დააბიჯა. მაშინ განგებ არ შეიმჩნია მოხუცმა ეს. ახლა რაღა უნდა ნეტავი, ღიმილით რომ იცქირება და მეგობარს ეჩურჩულება?

მოხუცმა თვალი აარიდა ბიჭს, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩაესმა ყურში მისი ხმა:

- რა ბალღივით ჭყუმპალაობ, მოხუცო, მოდი ცურვას გასწავლი.

- ამ სიტყვებმა ისე შეაკრთო, თითქოს უბეში ნაპერწკალი ჩავარდნოდეს. ხელისგულზე წამოიწია და ჩამოფოცხილი ჭაღარა წარბებქვეშიდან ნაღვლიანი მზერა ესროლა ბიჭს.

- შენ... შენ მე რაზე დამცინი, შვილო... შენხელობას... - სიტყვა გაუწყდა. ალბათ ძალზე სასაცილო ვჩანვარ და ეს ბიჭი რაა, გულში ყველანი დამცინიანო. გული ეტკინა.

ნაპირზეც გაიგონეს მათი ლაპარაკი. ერთმა ღიპიანმა, ბანქოს რომ თამაშობდა, თავისებურად დატუქსა ბიჭი:

- თავი დაანებე, ბიძიკო, საწყალ ბერიკაცს. ვერ ხედავ, მიწაზე ძლივსღა დაბობღავს.

„საწყალი ბერიკაცი“, „მიწაზე ძლივსღა დაბობღავს“. ამ სიტყვებმა გული გადაუტრიალა მოხუცს. გაფითრდა. სიბრაზისაგან ცრემლი მოაწვა თვალებზე. ეს რომ არავის შეემჩნია, ყბების ნერვიული მოძრაობით პაპიროსი რამდენჯერმე ზედიზედ მოქაჩა და სახეზე ირისისფერი სქელი კვამლი აისაფრა.

ეს ორი თვეა მოხუცი ზღვაზე დადის და არავის დაუნახავს, ოდესმე წელამდე წყალს გასცილებოდეს. ყველა ფიქრობდა, მას ზღვის უფრო ეშინია, ვიდრე გასროლილი ტყვიისო, მაგრამ აი, მოულოდნელად მოხუცმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წყალში და ლამაზი მხარულით ბიჭთან მისცურა.

- ოო, ცურვაც გცოდნია? აქამდე სად იყავი?

მოხუცმა არაფერი უპასუხა. იგი თვალებში ჩასცქეროდა ბიჭს. კაცს შეზარავდა მისი დანახვა: ლურჯი თვალები ჩამუქებოდა, ტუჩის კუთხეებში წვრილი ნაოჭები ეყარა. მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა წვერი ვერცხლის ძაფებივით უბრწყინავდა ჩამავალ მზეზე.

- არ ვიცი... ჰო, არ ვიცი.. მასწავლი? წამოხვალ?

ლაპარაკისას კისრის ძარღვები ებერებოდა. გამოშვერილ ღაწვისთავებთან კიდევ უფრო უღრმავდებოდა ორმოები.

ბიჭმა ვერ გაუძლო მოხუცის თვალებს და სახე აარიდა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. დამცინავად გაიღიმა და ჩაილაპარაკა:

- ჰმ, მეჯიბრები, მოხუცო, კარგი, წავიდეთ.

ერთი წუთის შემდეგ ისინი შეწყობილი მხარულით მისცურავდნენ შუაგული ზღვისკენ. ნაპირიდან ჯერ კიდევ ესმოდათ ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები:

- ჩვენს მოხუცს არ უყურებთ!

- ძველი მეზღვაური იქნება.

- საინტერესო შეჯიბრი კია, ისე.

დიდხანს იცურეს ასე უსიტყვოდ. დროდადრო მოხუცი უკან მოიხედავდა და იმის მიხედვით, თუ როგორ იწეოდა ნაპირი თანდათან მაღლა, იგი ხვდებოდა, უკვე კარგა შორს გასულიყვნენ ზღვაში. მოღუშულ წარბებზე ეტყობოდა, ჯერ კიდევ არ გაევლო მისთვის სიბრაზეს.

დიდხანს იცურეს.

რაც უფრო წინ მიიწევდნენ, წყალი მით უფრო ანკარა და თბილი ხდებოდა, ტალღები - სუსტი. ზოგჯერ ონავარი თევზები ამოხტებოდნენ ზედაპირზე, ჰაერში შეტრიალდებოდნენ და თეთრ გულს აკიაფებდნენ. მზეზე თვალის მომჭრელად გაიბრჭყვიალებდა მათი ზურმუხტისფერი ქერცლი.

მოხუცი ოდნავ წინ მიდიოდა. მისი მოძრაობა მსუბუქი და თანაბარი იყო, თითქოს ჯერ ორიოდე მეტრიც არ გაეცუროს; ბიჭი კი დაღლას გრძნობდა უკვე: ხელ-ფეხი თანდათან დაუმძიმდა. კისრის ქვემოთ ხერხემალიც სტკიოდა.

ნაპირს გახედა. მანძილი ეშორა და გულში თავზარდამცემი შიში იგრძნო, ისეთი, ნებისყოფას ერთბაშად რომ ადუნებს ხოლმე.

- ვის გადავეკიდე, დამახრჩობს ეს ოხერი, - ჩაილაპარაკა თავისთვის და შიშისაგან დამრგვალებული თვალებით შეხედა მოხუცს, - ჯანდაბას იქით მაგასთან ჯიბრი, ქაჯია ვიღაცაა.

ნაპირისაკენ პირი იბრუნა და გაბრაზებული ხმით დაიძახა:

- ეეი, მოხუცო, სადღა მიდიხარ, აღარ დავბრუნდეთ?!

მოხუცმაც იბრუნა პირი. სახეზე სიამაყის ღიმილმა გადმოხეთქა, - მოგტეხე თუ არა ეშმაკის კერძო, - გაიფიქრა. ასეა, უჭკუოს და ბრიყვს დარიგება მოუხდება, თავხედს - შერცხვენა.

ღიმილი ჩამოირეცხა და ბიჭს უპასუხა:

- როგორც გინდოდეს შვილო, რავარც შენ იტყვი.

ერთხანს წყალში გულაღმა იწვნენ და ისვენებდნენ. მოხუცმა შეატყო დაღლა და გააფრთხილა:

- წყალში გული არ უნდა გაიტეხო, შვილო. ნაპირის სიშორემ არ შეგაშინოს. ცოტა გასცურე, მერე დაისვენე და ისევ წადი. ერთბაშად კი ნუ მიეძალები. შიშმა თუ ერთხელ დაგჯაბნა, მერე ჰაიდა, წასულია საქმე.

ნელი მხარულით მიცურავდნენ ნაპირისაკენ. მოხუცი ხშირად თვალს მოავლებდა ირგვლივ. სახეზე ეტყობოდა ბუნების სასიამოვნო განცდა. გაღმა გორაკები ოქროსფრად ჩააყვითლა მზემ. წყალი თანდათან იღებდა მეწამულ ფერს. თოლიები სულ ახლოს დაფრინავდნენ ზღვასთან. ზოგჯერ წყალში თავს ჩაჰყოფდნენ და ლიფსიტებს იტაცებდნენ.

- ჩემი სიტყვები ასე რად გეწყინა, მოხუცო? - ჰკითხა ბიჭმა.

- ეე... საწყენია, შვილო, აბა რა არის. ჩემი დღე და მოსწრება ზღვაზე გამიტარებია: შენ კი - ცურვას გასწავლიო... ის კი არა და აი, ერთ ამბავს გეტყვი. სწორედ შენოდენა ვიყავი მაშინ. ღელვაში მოვხვდით. კაი მეგობრები ვიყავით, მარა ერთმანეთს ტოლს არ ვუდებდით. ჰოდა, ბოლომდე ვეღარ გამიძლო. მე გავიყვანე. იმის მერე გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდა. ვითომდა შენ როგორ მაჯობეო. ასეა. ზღვის კაცი უფრო სხვანაირია. სხვანაირი ხასიათი აქვს... მასხარად აგდება გეწყინება კაცს, აბა რა იქნება, - მოხუცის ხმაში შემარიგებელი კილო ისმოდა, - კიდევ კარგი, ერთი ვაჟკაცის ოდენა კვლავ შემიძლია.

ლაპარაკი უცებ მოკვეთა. ინანა: უკანასკნელი სიტყვები რადა ვთქვი, ბიჭს ეწყინებაო. ბიჭს კი არ გაუგია მისი ნათქვამი. იგი მხრის ათიოდე მოსმით წინ იყო და თანდათან შორდებოდა მოხუცს.

მოხუცმა სცადა წამოსწეოდა, მაგრამ ვერ შეძლო. კუნთები დაეღალა და სუნთქვა გაუხშირდა.

- დაგელოდო თუ წავიდე, მოხუცო? - დაუძახა ბიჭმა.

- შენ წადი, შვილო, დაღლილი ხარ და გეჩქარება, - უპასუხა მან, - მე უკან მოგყვები ნელა-ნელა, რა მაჩქარებს; კარგი წყალია.

ნაპირამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა ედოთ. მოხუცი აუჩქარებლად მისცურავდა. მისი ვარაუდით მზის ჩასვლამდე უნდა გასულიყო.

არა, ექიმებს ნაღდად არაფერი დაეჯერება, - ფიქრობდა იგი. - ნაპირს არ მოსცილდეო. ზღვის კაცს ექიმები რას გაუგებენ. დღეიდან მაგათ არც დავუჯერებ. მიწის შვილს რომ მიწას მოსწყვეტ, უარესია... ის ბიჭი კი მაინც არაა ცუდი. რა ვუყოთ, ახალგაზრდაა და ყოყოჩობს.

მოხუცი წყალში შეტრიალდა და გულაღმურზე გადავიდა. ნიჩაბივით უსვამდა ორივე ხელებს. უსასრულო ცას თვალგაშტერებით შესცქეროდა.

მოწმენდილია და წყალი კი მაინც იმღვრევა. გაავდარდება - ჩაილაპარაკა მან. უცებ მარცხენა ხელში საშინელი დაჭიმულობა იგრძნო, დასასვენებლად წყლიდან ამოსწია. ამ დროს თავზე ტალღა გადაევლო. ერთი-ორჯერ მაინც გადასცდა წყალი. ხველა აუტყდა. სახე ჩაეტეტკვა. ერთხანს სუნთქვაც შეკრული ჰქონდა.

- დასწყევლის ღმერთი, უწინ რამდენიც უნდა მესვა, კახურივით შემერგებოდა. ახლა კინაღამ გულ-ღვიძლიც ამომაყოლა.

როგორც იქნა დამშვიდდა. ტკივილიც თითქოს მიყუჩდაო, მაგრამ დროებით, მალე ისევ განუახლდა. ხელის ხმარება შეუძლებელი გახდა.

- ძარღვი გამენასკვა, ოხერი, - ჩაილაპარაკა მოხუცმა. - არა უშავს, მე ვიცი მაგის წამალი.

გაშეშებულ ხელს მაჯის ზემოთ კბილებით დასწვდა და მომჭკნარი ხორცი გაკვნიტა. მარილიან წყალში მოშავო სისხლი დაიბოლქვა, შვება იგრძნო, თავისუფლად აამოძრავა ხელი.

- მე რა მიჭირს, ნეტავი ბიჭს არ დაუვლიდეს კრუნჩხვა, დაიღალა და თან გამოუცდელია. წეღან მინდოდა მესწავლებინა, მაგრამ დამავიწყდა. კარგია, იქ ვიყო ახლა.

ნიჩბების ხმაური შემოესმა. თავი მიიბრუნა. ორადგილიანი სპორტული ნავი წამოსწეოდა.

- თუ გინდა, ჩაჯექი, ბაბუ, გაგიყვან! - შესთავაზა შავტუხა ბიჭმა.

- არა, მე ჩემითაც გავალ, შვილო. შენ აი, თუ სიკეთეს იზამ, წინ ბიჭი მიდის და იმას მიჰხედე; იქნება უჭირს და დაეხმარე.

მენავემ რაღაც ჩაილაპარაკა და თავისი გზა განაგრძო. მოხუცმა მწყრალი თვალები გააყოლა. მერე ტანის ოსტატური რხევით წყლიდან წელამდე ამოიწია და, ეგებ ბიჭი დავინახოო, ნაპირისაკენ გახედა წყალს.

- არა უშავს, ყოჩაღი ბიჭია, საცაა გავა, - ჩაილაპარაკა და მეტი ხალისით მიეძალა ტალღებს.

ბიჭს ნაპირამდე მართლა აღარაფერი დარჩენოდა, მაგრამ საშინელ დაღლილობას გრძნობდა და შიშისაგან გული უსკდებოდა.

საკმარისია დაღლილ სხეულში რომელიმე ნაწილი მოიშალოს და წახვალ სიღრმისაკენ, - ფიქრობდა იგი, - ეხუმრები ზღვას! ხმელეთზე ჰო, - თუ გული წაუვა კაცს, წამოწვება და ნახევარ საათში მობრუნდება. აქ კი, ზღვაზე, სადაც მოგისწრებს კრუნჩხვა, იქვეა შენი სამარეც. არა, მაინც რა ძალად გავიბი ხიფათში თავი. რას მივყვებოდი ამ სიშორეზე. მისთვის სულერთია, გააღწევს თუ არა ნაპირს. მე კი... მე ჰმ...

შეშინებულმა კიდევ უფრო მოუსვა და ღმერთს მადლს სწირავდა, რადგან სხეულში ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე იყო.

მოხუცი კი მისცურავდა ნელა, აუჩქარებლად. კარგა მანძილიც მოთოკა. მარცხენა ხელში ტკივილები განუახლდა, მაგრამ არაფრად აგდებდა. ჩქარა ტკივილები მოედო მარჯვენა ხელსაც. ფეხები ისე დაუმძიმდა, თითქოს ტყვიისაგან ყოფილიყო ჩამოსხმული. ყურები უწიოდა. ეგონა ირგვლივ ათასი ჭრიჭინობელა გალობსო.

- ალბათ ჩქარა გამივლის, - გაიფიქრა მან, - ეს ზღვამ დამახამა, დიდი ხანია წყალს მოვცილდი.

მტანჯველმა ტკივილებმა ახლა მთელი სხეული გაუკავა. ჰორიზონტალური მდგომარეობა დაკარგა და ნელ-ნელა მიიწევდა სიღრმისაკენ.

- ასე იცის დალოცვილმა ზღვამ, - ფიქრობდა მოხუცი, - თუ ერთხელ ჩაგითრია, მერე ძნელია წყალზე გასწორდე... მაგრამ არა უშავს, მე მოვახერხებ ამას. აი, ტკივილები დამიყუჩდება... მანამდი კი წყალი არ უნდა გადამცდეს.

გაიარა რამდენიმე წუთმა. ტკივილები უფრო და უფრო ძლიერდებოდა. სუნთქვა შეკრული ჰქონდა და გული ისე მაგრად უცემდა, ეგონა საცაა მკერდს გადმოხეთქავსო. თავში კი ზედიზედ სკდებოდნენ ცისფერი ნაღმები.

დიახ ცისფერი, ასე ეჩვენებოდა მოხუცს.

მის ზევით უკვე პირი შეიკრა წყალმა, ამ ადგილას ჰაერის ბუშტულები ბუყბუყებდნენ ახლა.

უცებ მას მოეჩვენა, თითქოს ვიღაცა უჩინარი ხელებით დასწვდა, თითქოს ზევითაც ეწევიან. ზედიზედ ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. ინსტინქტით ჩაებღაუჭა ნავის კიჩოს და ერთ წუთში უკვე შიგ იჯდა.

ვიწრო და გამხმარ ბარძაყებზე სველი ტრუსი შემოტმასნოდა. ლურჯად შეღებილ ნავის კედელზე კვალდაუმჩნევლად მიწურწურებდა წყალი. ორი კუნთმაგარი მენავე უსიტყვოდ შესცქეროდა. მოხუცი ზღვის ჯანსაღმა ჰაერმა გამოაცოცხლა. ტკივილებსაც ნაკლებად გრძნობდა. ნაჭრილობევი მარცხენა ზურგს უკან გაიტანა და მენავეები თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.

„ამათ უნდათ მაშველი ნავით გამიყვანონ და საქვეყნოდ თავი მომჭრა“, - გაიფიქრა შეშფოთებულმა, - ჰმ, მაშველი ნავით გამიყვანონ მე, ვისაც ზღვის ლომს მეძახდნენ. არა, ყოვლად შეუძლებელია ეს!“

ისეთი სახე მიიღო, თითქოს აქ არაფერი მომხდარიყო და მენავეებს ჰკითხა:

- ერთი ეს მითხარით, ბიჭი გავიდა?

- რომელი ბიჭი? - ერთად იკითხა ორივემ.

- რომელი და აი ის, ქერათმიანი, მე რომ გამეჯიბრა.

- კი, გავიდა.

- თავისით გავიდა?

- ჰო, თავისით გავიდა.

- იხრჩობოდი, ბაბუ, გადაგარჩინეთ, - უთხრა მეორე მენავემ. მოხუცს დამცინავად გაეღიმა, მაგრამ მის თვალებში მაინც გამოჩნდა დიდი სულიერი ტანჯვის ნასახი.

- ვინ? მე?.. მე ვიხრჩობოდი? და თქვენ გადამარჩინეთ, არა? ახა, ხა! - მერე უცბად დაეუფლა სიბრაზე, - ლაწირაკებო! აბა წყლითაც ვიქნები გაბერილი, ა?

მენავეებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს. მოხუცი კი განაგრძობდა.

- არ გამიკვირდა, რა სამასხრო მე მნახეს-მეთქი. მართლაც რომ გამჭირვებოდა, გვერდს ამივლიდით ალბათ, ახლა კი იმასაც არ მანებებთ, ჩემს გემოზე ვიბანავო... მე რომ ვიყო თქვენი უფროსი...

- წყალქვეშ იმდენ ხანს იყავი, ბაბუ, და... - შეაწყვეტინა შეცბუნებულმა მენავემ, - ვიფიქრეთ რაღაცა დაემართაო. რა ვიცოდით თუ...

- ეს რაა, შვილებო, - მოლბა მოხუცი, - თქვენ აი, ახალგაზრდობას უნდა გენახეთ. იხვივით ვყვინთავდი, მაშინ მართლაც ბარე ორი მოტყუებულა. თქვენ რა... განა გამტყუნებთ.

მოხუცმა ესა თქვა და თავის ოდნავი დაკვრით დატუქსა ბიჭები, მერე ნავის კიჩოზე აიწია და წყალში გადახტა. ისე სწრაფად, ტანის ისეთი მსუბუქი და სხარტი მოძრაობით, რომ თუ მენავეებს მის ნათქვამში ოდნავი ეჭვი მაინც შეჰქონდათ, ამ ნახტომის შემდეგ საჭოჭმანო აღარაფერი დარჩენოდათ. მხოლოდ მოხუცმა იცოდა ამ ნახტომის ფასი. იგი მთელი თავის ძალისა და ნების უკანასკნელ დაძაბვად დაუჯდა.

მენავეებმა ნელი ბიძგით გააცურეს ნავი ნაპირის გასწვრივ. მოხუცი კი კვლავ შეეჭიდა ტალღებს.

ზღვას შეეხო ვეებერთელა მზის ქვემო კიდური. თითქოს მზის ჩასვლას უდარაჯებდნენო, სამხრეთ დასავლეთიდან ტყვიისფერი ღრუბლები ამოიწვერნენ. თანდათან აიმღვრა და ჩაშავდა წყალი, მოზრდილი ტალღები გამალებით ურტყამდნენ ნაპირს. ქაოსურ ხმაურში წვრილი კენჭების იდუმალი ჩხრიალის ხმა მოისმოდა.

მოხუცი აჩქარებული ცურვით უახლოვდებოდა ნაპირს. მის გარდა წყალში უკვე აღარავინ ჩანდა. ზღვის მოულოდნელმა აბობოქრებამ დააფრთხო ყველა: ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ ნაპირთან და სიამოვნებით უცქერდნენ ღელვას.

მოხუცს ახლა თანაბრად სტკიოდა თავი, გული, კუნთები, თვალები და სხეულის ყველა ნაწილი. თუმცა იგი მხოლოდ ერთ, საერთო არაადამიანურ ტკივილს გრძნობდა, რომელიც თანაბრად მოდიოდა მთელი სხეულიდან და ერთმანეთში იხლართებოდა. მოხუცის მთელი არსება მხოლოდ ერთი ფიქრით, ერთი აზრით იყო გამსჭვალული: წინ, ნაპირისაკენ, წინ! ამ სიტყვებს თავისებური მუსიკით იმეორებდა მისი სხეულის ყველა ნაწილი. გულიც, მკერდიდან ამოვარდნას რომ ლამობდა, მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა.

- წინ, წინ, წინ...

ნაპირზე შეკრებილი ხალხი უცქეროდა შეუპოვარ მოხუცს, მარტოდმარტო რომ შესჭიდებოდა ფაფარაყრილ ზღვას. მათ არ იცოდნენ მისი გაჭირვება და იცინოდნენ, როდესაც მოხუცს დიდი ტალღა დაეჯახებოდა და ერთხანს წყალში გაუჩინარდებოდა. მათ ეგონათ, ის განგებ აკეთებდა ამას, რომ თავისი ძალა და ოსტატობა ეჩვენებინა. ამ საღამოს შემდეგ ყველამ სასწაულმოქმედად ჩათვალა მოხუცი. ახლა ერთობოდნენ და ზოგჯერ საოხუნჯო სიტყვებსაც გასძახოდნენ.

მოხუცს კი არაფერი ესმოდა. მხოლოდ ინსტინქტით მიიწევდა ნაპირისაკენ. ნებისყოფამ უდიდესი ძალით დამუხტა მისი სხეული. ახლა რომც მოენდომებინა, ვეღარ შეაჩერებდა ნაპირისაკენ ლტოლვას. ხომ არის ზოგჯერ მიცვალებულს ჯერ კიდევ უტოკავს რომელიღაც ნერვი. ასევე იყო მოხუცის თავსაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი ნერვებიც ძალუმად ფეთქავდა.

იგი უკვე ვეღარ ხედავდა ნაპირს. მის თვალწინ დიდი ყვითელი წრეები მისდევდა ერთმანეთს, ისე როგორც წრიული ტალღები. ეჩვენებოდა, თითქოს თავი ცისფერი ნისლით ჰქონდა გავსებული.

- გავსულვარ, - ჩაილაპარაკა მოხუცმა, როცა ქვიშიან ნაპირს ტალღებთან ერთად თავით მიეხალა. ხელებით ჩაბღუჯა წვრილი კენჭები და გაიღიმა. ეს ღიმილი იმდენად ძლიერი იყო, მის სახეზე ერთი წუთით ტანჯვის ნიშანწყალიც გააქრო. სცადა წამოწევა, მაგრამ ვერ შეძლო. კიდევ წამოიწია და... ჩაიკეცა.

მისცვივდნენ.

ის ღიპიანი, წეღან რომ ბიჭი დატუქსა, ექიმი აღმოჩნდა, ხელში მოხუცის მაჯა ეჭირა და სულგანაბული ჩასცქეროდა ნაწამებ სახეში. თვალები ჩასისხლოდა მოხუცს. გამხდარ, ჩავარდნილ ლოყებზე სიჭრელე გადაჰკრავდა. ცხვირის ნესტოებზე ლილისფერი წვრილი ძარღვები აჩნდა. არაადამიანური ტანჯვისაგან სახე მოღრეცოდა.

ექიმმა მაჯაზე ხელი შეუშვა, მედიკამენტების ყუთში ხელი ააფათურა და თავი საეჭვოდ გაიქნია.

...გამართლდა მოხუცის ნათქვამი.

ის იყო წყალში კანკალით ჩაიმალა მზის უკანასკნელი ნამცეცი და ცაზედაც დაიტალღა საავდრო ღრუბლები. პლაჟზე აქა-იქ დაეცა წვიმის მსხვილი წვეთები. ბრაზიანად აღმუვლდა ჩაკუპრული ზღვა; აღმოსავლეთის გორაკებზე კი მგლოვიარესავით ჩამოწვა ღამე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ