მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2648 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჩამოდგა პირველი სექტემბერი. ჩემი მეშვიდე სასკოლო სექტემბერი. დიდი აღფრთოვანებით არასოდეს ვეგებებოდი იმ თვის კალანდებს, მაგრამ, გინდოდა თუ არ გინდოდა, მორალურად და მატერიალურად მომზადება იყო საჭირო, მე კი მაინცდამაინც იმ დილით გამაგზავნეს ნავთზე ჟანგიანი ბიდონით. ტანში მაჟრჟოლებდა თანაც, თავი მიბრუოდა, თითქოს პირიც მქონდა გამომშრალი. ფეხები ნუ გწყდება, ყველაფერი ნუ გეზარებაო, მითხრეს.

დაუყევი თავდაღმართს, მივუახლოვდი ქალთა სკოლის შენობას და შევჩერდი. სწორედ ამ სკოლაში ასწავლიდა ფიზკულტურას თმაშეკრეჭილი ქალი, მამაკაცურად რომ დადიოდა დემონსტრაციების დროს.

ფანჯრებში თეთრფორმიანი გოგნები იყვნენ გადმომდგარნი. ალბათ შესვენება იყო. სადღაც ნაცნობ სახესაც მოვკარი თითქოს თვალი. შეიძლება მეშვიდე პირველს დილიდანვე დაეწყო სწავლა, შეუძლებელი რა იყო.

...არა ნავთის ამ ჟანგიანი ჭურჭლით და ქუსლებმოქცეული ფეხსაცმელებით ამ შენობის წინ ვერ გავიარ, მთლად უნავთოდ რომ დავრჩეთ მთელი წელიწადი. როგორ შეიძლება ამ ფეხსაცმელებით სკოლაში მისვლა და ქალთა სკოლის წინ სიარული და საერთოდ - გავლა. თავის აგდებაა და მეტი არაფერი. შენ თავს თუ არა, სხვას მაინც უნდა სცე პატივი; თანაც ავად უნდა ვიყო, თავი მიბრუის, გულსაც მეზიდება.

- არ იყო ნავთი! - ვამბობ და ხმაურით ვდგამ ბიდონს კუთხეში.

- არ იყო?

- არა.

- ხელცარიელი მოდი მერე, ბალახვნისკენ ვერ გაუხვიე!

- ვერა და ამ ფეხსაცმელებით დღეს სკოლაშიც არ წავალ... თან ავადა ვარ...

- ხედავ, რა მოიგონა?! - ბრაზობს დედა. - ავად ვარო, როდის მერე გახდა ავად, შეიძლება პირველ სექტემბერს, პირველ დღეს ბავშვი სკოლაში არ წავიდეს?.. აქამდე სად იყავი, ახლა საიდან მოგიტანოთ ფეხსაცმელები? რატომ არ შეიძლება ამ ფეხსაცმელებით სკოლაში სიარული? ასე არ დადიოდი სულ? დღეს რა დაგემართა, რა ბზიკმა გიკბინა, ადრე მაინც გეთქვა, ავად ვარო, რას ლაპარაკობს!

არადა მართლაც ავად ვარ. თან ვიგონებ და თანაც ავად ვარ. რა ხდება, ვერ გავიგე. უნდა დავწვე. რაც უნდათ ის უქნიათ. ძალით ხომ ვერ გამაგდებენ.

- რატომ არ წავიდა სკოლაში? - კითხულობს სამსახურიდან დაბრუნებული მამა. მისი ხმა მეორე ოთახიდან მესმის. დედა რაღაცას ეუბნება!

- ავად არა, ის! - ამბობს მამა.

დედა ჩურჩულებს. მამა ბრაზობს მაინც. დედაც უწევს ხმას:

- გაიზარდა, ის აღარ არის, რაც შარშან იყო. უკვე დიდია. მეშვიდე კლასშია, ხომ არ გავიწყდება... თავმოყვარეობა აწუხებს.

თანაც ავად ვარ, ვუმატებ გუნებაში და თვალები ცრემლებით მევსება. დედა აღარ ლაპარაკობს. მამაც დუმს. ეტყობა საჭმელს ჭამს.

- ეს ბავშვი მართლა ავად არის! - ამბობს დედა დაძინების წინ.

ახლაც არ დაიჯერებთ ჩემს გლახად ყოფნას? მიხარია მე. მთელი ღამე ვბორგავ გაოფლილი ვიღვიძებ, ვკვნესი დედა ოფლს მიმშრალებს, სასთუმალს მისწორებს რა დაგემართაო, მეკითხებიან.

- ფილტვების ანთება მაქვს. - ვამბობ ძილბურანში, სიხცეში და ოფლში გათანგული.

იცინიან მშობლები. რა იცი შენ რა გაქვსო. უბრალოდ გაცივდი. დაუჯერებელი რომ ხარ, იმის ბრალია, ხვალვე გაგივლისო.

- არ გამივლის, ფილტვების ანთება მაქვს.

სიცხეს მიზომავენ. დედა თერმომეტრს დაჩერებია.

- ორმოცია... - მესმის ჩურჩული.

- აბა რა გეგონათ, ფეხსაცმელები რომ არ მიყიდეთ!..

შუადღემდე მოვიდა ცნობილი ბავშვთა ექიმი შიოლა საყვარელიძე. მაღალი, სქელი, სერიოზული, უხეში გამომეტყველების კაცი.

- რა დაგემართა? - ცივად მეკითხება იგი. სკამზე ჯდება და რატომღაც ოთახს ათვალიერებს.

- ფილტვების ანთება მაქვსო, დაიჟინა... - ნაძალადევად იცინის მამაჩემი, ელოდება, როდის ეტყვის შიოლა საყვარელიძე, სისულელეა, არაფერი მაგდაგვარიო.

- აბა ვნახოთ რა გაქვს... - იღიმება შიოლა, უცბად ეხსნება მოქუფრული სახე. ფონეიდოსკოპს იმარჯვებს და ისევ ოთახის კედლებს მიჩერებია. რას აკვირდება, გაუგებარია. დიდხანს, გულდასმით მსინჯავს და მათვალიერებს, ზურგზე უზარმაზარ თითებს მიკაკუნებს; ისევ ექუფრება სახე. დუმს, ფიქრობს, ხელახლა მსინჯავს: ფონეიდოსკოპს კეცავს, ახვევს, ინახავს.

- ფილტვების ორმხრივი, მწვავე ანთებაა! - ამბობს იგი.

- მერე რა მოხდა, არაფერი არ არის მაგი... - ისე ამბობს ფერდაკარგული მამა, თითქოს ორმხრივი რომ არის და თანაც მწვავე, გაცილებით უკეთესია.

მზის ჩასვლამდე მოქვთ სულფიდინის ფხვნილები და შინდისფერი, ბზიალა, უცხოური ფეხსაცმელები. გემოს ვერ ვიტყვი, მაგრამ სულფიდინზე გაცილებით უკეთესი სუნი ასდის ახალთახალ ფეხსაცმელებს. წამლებით სავსე სკამთან ვაწყობ, ვოხრავ, აღარც ფეხსაცმლის ყურება მიხარია, აღარც ჩემი ავადმყოფობა მომწონს. როგორც ჩანს, მართლაც ავად ვარ.

- ...მთავარია ეს ორი-სამი დღე, კრიზისი უნდა გადაიტანოს როგორმე... - მესმის ვიღაცის ჩურჩეული ჩაბნელებულ ოთახში. მინდა თუ არა, ყოველგვარი ფაჩუნი წვდება ჩემს გამახვილებულ სმენას.

თენდება, ღამდება, შუაღამეა, რა დროა, რა დღეა ნეტავი? რატომ არ წვება ეს ხალხი? რა უნდათ, რას წუხან, რას მაშინებენ?!

მეორე ოთახში ჩემი და-ძმა ჩხუბობს. არ ძინავთ. ეს იგი არ დაწოლილან. ახალი დაღამებული ყოფილა, შეიძლება გათენდა კიდეც და სინათლეს ვერ ვხედავ.

ღამურები დაფრინავენ. შეუძლებელია. ღამურები ოთახში არ ფრენენ. ყოველ შემთხვევაში, ჩევნს სახლში ღამურა არასოდეს დამინახავს, თანაც ფანჯრებიც დახურულია. ოთახშიც აღარავინაა. ვიღაცას გაუხდელად ძინავს ტახტზე. ვინ არი ნეტავი? ეკლესიის სამრეკლოს ზარები რეკავს. შეიძლება მაღვიძარა საათია და ნემსის გაკეთების დროა.

...შუაღამეა, ეტყობა. ზარის შორეული ხმა ისმის კვლავ. ამ ზაფხულს ზარები აღარც კი ეკიდა მოწამეთას ეკლესიის სამრეკლოზე. შეიძლება ეკიდა, შეიძლება - არა.

... ბავშვები ჩურჩულობენ. ამხანაგებია. ძველი სკოლელები, სანახავად მოსულან. ღამით რატომ გამოუშვეს? ხმადაბლა ლაპარაკობენ. ეშინით, არ გამეღვიძს. რა იციან, რომ არ მძინავს და ყველაფერი მესმის.

...ლურჯი ფრინველი აკეთებს ირაოს გორაზე, ფრთებშეურხევლად მილივლივებს ჰაერში, ეშვება თავდაღმა, ოდანვ შეატოკებს ფრთებს და ისევ მზეში აიჭრება; ერთ ალაგას შეშდება, ბრუნდება და მოდის პირდაპირ ჩემკენ. ხასხასა ბალახიან გორაზე კი მისი ჩრდილი დაფარფატებს.

მე და ჩემი ამხანაგი ვზივართ ცარიალ ოთახში. გეგელიძეს ღინღლი ატყვია ყვრიმალებზე. ჩემზე ბევრად უფროსი და სერიოზული ჩანს. ჩვენ ხომ ერთ კლასში ვსწავლობდით. რატომ არის ჩემზე ბევრად უფროსი, ბევრად ჭკვიანი და დინჯი. მოკვდა და ალბათ იმიტომ. ბავშვები ხომ სიკვდილის შემდეგ სწრაფად იზრდებიან, დინჯდებიან და ჭკვიანდებიან.

საკუთარმა ძმამ მოკლა იგი. საჭმელს უჭამდა, აწვალებდა, გაკვეთილების დამზადებას არ აცლიდა, სცემდა კიდეც. როგორ ერეოდა უფროს ძმას? ღონიერი სუსტს და ავადმყოფს მოერეოდა, აბა რას უზამდა. თანაც საჭმელს უჭამდა. გეგელიძეს კვება აკლდა თუ არა, ბარე ორი ვერ გალახავდა ჩვენს სკოლაში.

...იმიტომ კი არ მიჭამდა ჩემი ძმა საჭმელს, რომ არ ვუყვარდიო, მითხრა გეგელიძემ, ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჭამა უნდოდაო, ჩვენ ორში ერთ-ერთს უნდა გვეცოცხლა, მეტის საშუალება არ იყო იმ დროსო.

...დაორთქლილი ფანჯრის მინიდან ოთახში გამოკეტილი გეგელიძე ჩანს, გადაშავებული, ღირკილოებიანი, ახლად ქამარშეხსნილი, ბეჟი ხალათი აცვია. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას და ვერ მხედავს.

ბუნდოვანი შუშის იქიქთ, ნისლის ფარდის მიღმა შეუმჩნევლად ბრუნავს სცენა დეკორაციებით. მეტეხი უნდა აფეთქდეს და ძალიან მეშინია. ერთ წამში ხდება ყველაფერიო, მითხრა თითქოს ვიღაცამ, მოლოდინია ძნელი და აუტანელი, თორემ წამიდან წამში, სინათლიდან სიბნელეში, სიბნელიდან სინათლეში გადასვლა იოლიაო.

შუადღეა, მზით და სინათლით არის გავსებული ოთახი.

- არაფერია, იძინოს, ყველაფერმა გაიარა. ერთი ორი კვირა იწვეს მაინც... - ამბობს შიოლა საყვარელიძე.

- არასოდეს ავად არ ყოფილა! - უმტკიცებს მამა.

ღია ფანჯარასთან სხედან.

მე არ მძინავს. ახალ ფეხსაცმელებს დავყურებ კისერმოღრეცილი, რამდენი დღე გამიცდა, ნეტავი, სკოლაში. სისულელეა საწოლში ყოფნა. თუმცა რატომ. ერთი მხრივ, კარგიც კია, ფეხსაცმელები შეგენახება.

ავად რომ არ გავმხდარიყავი, ახლა სულ გადაღლეტილი მექნებოდა კაუჩუკის ბურთისაგან ფეხსაცმლის წვერები; ქუსლიც მოექცეოდა და მოეღრიცებოდა აქამდე.

იარე მერე ქუსლმოქცეული და წვერგადატყაული. ფეხზეც კი ვერ გაიხდი ბურთის თამაშის დროს. სხვის იმედზე ვერ დატოვებ ჩანთებთან ერთად. ვიღაც აგაცანცლის თვალდახელშუა. რატომ უნდა მოგპარონ ახალი ფეხსაცმელები, რომლებიც ჯერ ფეხზე არ გცმია. ორი კვირა კიდევ უნდა იწვესო. ორი კვირაც შემენახება, ძალიან კარგი!

- ...ესე იგი, სახლის ის ნაწილი ავტოქარხანამ მოამთავრა? - მერამდენედ კითხულობს შიოლა საყვარელიძე.

- კი ბატონო, ორი წელი იქნებიან კიდევ... მე მგონი, ადრეც წავლენ.

- წავლენ ვითომ?

- აუცილებლად... - პასუხობს შეფიქრიანებული მამა.

- და... - ამბობს მრავლისმნიშვნელოვნად შიოლა. - გაყიდვას ხომ არ აპირებთ?

- რისას?

- სახლის. როცა დაცლიან, იმ ნაწილისას.

- აჰ, არა. - ცივად უარობს მამა.

- ისე ვამბობ, რომ რამე იყოს, ადგილია კარგი, თქვენ ადგილს ახლა ადგილი არ ჯობია და რატომ გაყიდით... ესეც რომ არ იყოს, საცოლე ბიჭი გეზრდებათ აგერ... - ჩემკენ იხედება და იღიმება შიოლა. როგორ შვენის ღიმილი ამ ადამიანს. - აბა ჩაიდევი სიცხის საზომი!

...თანაც მალე დაზამრთდება. სიცივეში ბურთს ვინღა თამაშობს. სულ არ ვითამაშებ, ბოლოს და ბოლოს. ძველ ფეხსაცმელებს ჩავიცვამ და ისე გავალ მოედანზე. ქალთა სკოლის წინ ცარიელი ბიდონით არ ჩავივილი.

შიოლა სიცხის საზომს ფერთხავს უყურადღებოდ.

- ერთი ორი კვირა იწვეს მაინც... - იბარებს და მიდის. დიდის ამბით, მადლობებით და ბოდიშებით მიაცილებენ. ერთი ორი კვირა იწვესო. ერთი კვირა უნდა ვიწვე თუ ორი, ვეღარ გავიგე. ისე ორი ჯობია, ფეხსაცმელები აღარ დამეხევა.

ორი კვირის შემდეგ ახალი ფეხსაცმელებით ჩავიარ ქალთა სკოლის წინ. შენ ისა თქვი, ფეხზე თუ აღარ ჩამეტია. თუმცა ჩამეტევა, ძალიან დამიწვრილდა ფეხები.

საწყალი გეგელიძე, ახლა საჭმელიც იშოვნება, სულფიდინიც, ფეხსაცმელებიც, რომელსაც ახალუხლად შეინახავ თუ ბურთს არ ითამაშებ და ფეხზეც არ ჩაიცმევ.

ერთი ორი წელი რომ ეცოცხლა გეგელიძეს, იქნება რამე შველოდა. ახლა ქვეყნის საჭმელია, მე თუ ძალად მაჭმევდნენ და მატენიდნენ, გეგელიძესაც ძალად შეაჭმევდნენ და ჩაატენიდნენ პირში. ორი წელი რომ ეცოცხლა. შემდეგ ორი წელი, კიდევ ორი წელი, კიდევ, კიდევ და ასე ნათხოვარი წლებით გაასრულებდა რამდენიმე მოქმედებას.

ახლა რამხელა მზეა და რა სათამაშო ამინდია. სად არის ნეტავი ამჟამად ჩემი სკოლის ამხანაგი გეგელიძე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ