მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 15156 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ ახალგაზრდა ქვრივი დედა ეალერსებოდა ყრმას, რომელსაც აბრეშუმივით ხვეულ კუკულებში ნიავისაგან მონაბერი ვაშლის ყვავილის თეთრი ფერფლი ჩაჰფენოდა.

– რა გითხრა ვარდის დედამა, დილილა დედილასა! - ძუძუმწოვარს ჩაესიტყვებოდა აკვანში. ყრმა იცინოდა... 

დედა ეტიტინებოდა,  გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე! შენს სიცილზე ღრუბლები იფანტებიან, შუბლს თუ შეიკრავ - შავად იკუმშებიან! გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე, ღრუბლები გადიკარგებიან.

ჩემი დეიდა მაიკო იყო.

დეიდას დედის სუნი ასდისო! მართალი ყოფილა. არასდროს დამავიწყდება დეიდა მაიკოს ალერსიანი შემოცქერა.

შინგაზრდილი იყო, მაგრამ გონებაგახსნილი, დიდად მეტყველი, მიყვარდა მისი ნაუბრის მოსმენა ზამთრის გრძელ ღამეებში, თითისტარი ბზრიალში, ბევრი რამ ,,საღვთო ჩამრჩა ხსოვნაში იმ ღამეებიდან, ბევრიც ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ...

ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული დეიდა მაიკოს სიტყვები:

– თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ, - არასდროს არ დაღამდები! 

უეცრივ იცოდა გაყუჩება: თითქოს აქაურობას მოსწყდებოდა, სხვა ქვეყანაში გადავიდოდა.

შევეკითხებოდით: სად იყავ?

– ნივქარს მივდევდი, ნიავწანწალას! 

– რადა?

– სათქმელი მქონდა!

– დაეწიე?

– ბოლოს, როგორც იყო!...

– სიტყვა გადაეცი?

– მოვასწარი!

ანდა:

– ჰოი, შენ კი გენაცვალე!

– ვის ეალერსები, დეიდა?

– ჰხედავ, ეზოში ცაცხვი როგორ მწვანედ ხასხასებს!

– მშვენიერო, სასურველო, ტკბილო და საყვარელო! აი, შე კამკამა სხივით გაზრდილო! - იტყოდა და მოეხვეოდა ფანჯარასთან მდგომ წითელ ვარდს და წყალს დააპკურებდა.

– ხატულავ ჩემო ხატულავ! - მიეფერებოდა ხბოს და აკოცებდა მშვენიერ თვალებში.

– აქ სად შემოსულხარ, მოუსვენარო! - დასწვდებოდა ფანჯრის შიგნით დაბორიალებულ ფუტკარს, გააღებდა სარკმელს და გარეთ გააფრენდა. - აგერ, შენი სარბიელი, გაინავარდე!

ჩიტების ენა იცოდა: - ჰხედავ, ის კუდრაჭა ღობეზე რას ეხუმრება ღაბუას? მოლაღურს შესძახებდა: - ჯერ არ მოსულა ჩემი ბიჭი გოგია სკოლიდან!

დეიდა მაიკოს ხმის სიტკბო დღესაც ჩამესმის... საოცარი ალერსები იცოდა:

– ჩემი სიცოცხლის ცისკარო!

– თავს შემოგევლე!

– ჩემო გაშლილო იაო!

– შენი გულის ჭირიმე!

– საყვარელო, სასახელო!

– წამლად დაგაყენე, წამლად დაგედე!

– ჩემო სიყმის მზევ, შენ კი გენაცვალე!

– ჭირი მოგჭამე!

– ჩემო სულო და სიცოცხევ! ჩემო სულისდგმავ!

– შენი მუხლების ჭირიმე!

– ჩემო ცხოვრების ნიავო!

– სანდომელავ, ჩემო ბალის კუნწულავ!

– ჩემო ათასნაირო!

– დედის ოქროს შანდალო!

– ჩემო დამტირებელო, მშვენიერო თვალებო!

– შენამც დამაყრი მიწასა!

– უშენოდ ნუმცა ვარ ცოცხალი!

– იმ ადგილის ჭირიმე, სადაც შენ მომაგონდები! და ვინ მოსთვლის, ან სადღა მახსოვს? რა იქმნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში? 

რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!

რატომ აღარ ესმით ეს ტკბილქართული ჩვენს ბავშვებს, - შვილებსა და შვილიშვილებს?

რატომ დაჰკარგეს ჩვენმა ქალებმა ქართული საალერსო სიტყვები? ნუთუ დაყრუვდნენ, მოკვდნენ, გადაშენდენ ეს სიტყვები? ნუთუ ისე გახევდა ჩვენი გული, რომ ეს თბილი, მდედრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო, რად დაივიწყეს ისინი დღევანდელმა ქართველმა დედებმა? - მე სწორედ მათ საგულისხმოდ ვწერ ამას!

სულ ახალი ქვრივი დარჩა დეიდა მაიკო, სამი უმამო ვაჟიშვილით. მთელი დღე ფუსფუსებდა, ფეხჩაუდგმელი შრომობდა მეთაფლე ფუტკარივით, ათას საოჯახო საქმეში გართული თან ღიღინებდა, იღიმებოდა, ალერსობდა.

– ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზენი? - ეს სხვანაირი დილა, იისფერი ცის ღიმილი, დილის ოქროს ქრიალი, მზეკაბანის ღელვა ყანებზე, ქვეყნის მამშვენებელი ვარდები, ყოველთა მხედი ალვისხეები, აყნოსებული ცაცხვები... ცივწყარო. ბროლოა ნიავი...

– გწყალობდეს ამომავალი მზის შუქი! - მომილოცავდა მზის ამოსვლას, თან დასძენდეა - მზე რომ ვარდივით ამოდის, ხომ გიხარიან? დილის სუნს რომ ჩავისუნთქავთ, ამოსუნთქვა აღარ მინდაო!

თუ გუნებას დილიდანვე სხივი არ შეჰყვა, წააგებ... იმ ერთ სხივზე უნდა ააგო მთელი დღის სიცოცხლე! სვალსა და გულში ოქროს დიელო შეიყენე და გაიხარე! იმ სხივის ენდე. ის სხივი წაიყვანს მთელი დღის შენ საქმიანობას!

ასე მარიგებდა დეიდა მაიკო და თან სარეცხსა ჰფენდა თოკზე, მთელი დღე მოფუსფუსე, სახემწვარი, ნაჯაფარი, გადაქანცული, შუბლზე ოფლმოსხმული, ამაგადარი, მაგრამ მაინც ლამაზი, ნამთევი ვარდივით და მხიარული მერცხლივით.

– ჩიტის ხმა გამოდის, შვილო დაანებე წიგნს თავი! კოკორგახსნილი ყვავილი გეძახის! არ დაჰკარგო ოქროთი მოჭედილი დღე! მზენიავში გაცურდი, ცას აჰხედე, მიწას დაჰხედე! აგერ ჯეჯილი აღაღანდა, ყაყაჩო წამოწითლდა, ატამი სთოვს, ვარდი კვირტში იღვიძებს! გეყოფა ამდენი კითხვა! გადი გარეთ, მზის მადლმა! წიგნს რა სჯობია, მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს! დაინახე ბუნების შეუზომელი სილამაზე! მადლიანობა! განა სულ საქმეს უნდა შეასკდე? - ასე მტუქსავდა, მარიგებდა დეიდა მაიკო, რადგან მე დილით-საღამომდისინ წიგნებში ვიყავი ჩაფლული.

– დილის სხივს აჰყევ, ბიჭო! თორემ ცხოვრება გაგიძნელდება! მზის ჭიატი გწამდეს ყველაზე მეტად და ბედნიერი იქნები! - მიმეორებდა, მინერგავდა თავის რწმენას.

ასეთი იყო დეიდა მაიკო - ნიავისა და ყვავილების მეგობარი, მათი თანამზრახველი.

– აბა, შეხედე, მართლა და სასწაული არ არის ეს აყვავებული, აბრიალებული ხეები? თამარის ოქროს დალალი და ეს გადაფეთქილი ატამი განა ერთი არ არის? მაგრამ დაგლეჯილი პატარა მწყემსი რომ გამოივლიდა, მაშინ მაიკოს აღარ ეცალა ბუნების მშვენიერებისთვის.

– მოიცა, პატარავ, მოიცა, აქ მოდი! - დაუძახებდა და პატარა ხანს უკან შინიდან გამოუტანდა მთელ პურს, ზედ თაფლს წასცხებდა, ისე უთავაზებდა.... და ისევ განაგრძობდა: მზე რას ლაპარაკობს, ვარდივით რომ ამოდის ცათაბროლში, არ იცი? მე ვიცი! მე იმ სხივის სურნელიც კი მომდის! სიყვარულით იტყოდა დეიდა მაიკო.

– ჩიტის თვალით უყურე ქვეყნიერებას, მზეს ელაპარაკე, სანამ ბუდისკენ წავა, ჩანჩქერის შხეფის წინწკლას ესაუბრე,კამკამა ჭავლს, ხასხასა ყანებს,ბროლის ნიავს!

– ნაბლიას ჰკითხე რჩევა, ფერისულას, ენძელას, ატმის ყვავილს და იქნები მდიდარი! დედილა დილილასა, დედილა დილილასა! - თვალებში სიყვარულჩამდგარი ელერსებოდა აივნის სვეტზე ახვეულ გვირილას...

მახსოვს, ერთხელ მეტად ციოდა. თებერვლის ქარი უბერავდა. დეიდა მაიკო აივანზე გამოსულიყო, მარტოდ დაეგულებინა თავი, ეგონა, არავინ ხედავდა.

მაიკომ გახედა ჯერ ისევ თოვლაუღებელ სერბსა და ღელეებს გაღმა, შუბლზე ხელი მიიდო და გასძახა:

– მალე მომიდი, გაზაფხულო, მალე მომიდი, მოგვეწყინა ზამთარი, ხალხს პური გამოელია კიდობანში, მალე მოვიდი! - და ისე შინაურულად ეძახოდა, ემუდარებოდა გაზაფხულს, როგორც თავის ახლობელსა, თვისტომსა და მეგობარს.

და უცებ, მე რომ დამინახა, დაიბნა: დამნაშავესავით მეუბნებოდა:

– რა ვქნა, ბიჭო გოგიავ, უმზეოდ ყოფნა არ შემიძლიან, მომბეზრდა ზამთარი! ახ ნეტავ სულ ყვავოდეს, სულ მზე იდგეს!

– თუ ეს კრიალა ცა, ეს აყვავებული ატმის ხე საჩუქრად და ღვთის წყალობად არ ჩათვალე, არ დატკბი, არ გაიხარე, რაღა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს, დედილასა! 

– რათ გინდა დარდი, გადააგდე, თუ ჩემი ხათრი გაქვს!

დარდი აბერებს! სიცილით იმუშავე, ვერ გაიგებ, დღე ისე გავა! ცხოვრება ტანჯვისკენ კი არ გვეძახის, - სიხარულისკენ! უნდა იმღერო, სიმღერა ნათელს ერთვის!

– ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზე! მაგრამ ვინ იცლის მის საყურებლად? აგერ, გზად მგზავრები მოდიან და აბა, შეამჩნიონ ღობეზე გადასული თეთრი ყვავილი ან იგრძნონ მისი სურნელება? ბედშავები!

მგზავრებს თეთრი ყვავილისთვის არ ეცალათ, თბილისიდან მოდიოდნენ დეიდა მაიკოს ნათესავები, თან ომის ამბავი მოჰქონდათ, იმ დღეს ომი გამოცხადებულიყო! პირველი მსოფლიო ომი!

– უი, დამიდგა თვალი, ვაი ჩვენს დღეს! მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაჰქრება ერთ წამში, ჩალასავით დაიწვება; ხანძრების ენით აღიგვება დედამიწიდან ადამიანის ამადარი შრომა! - მწუხარებით ამბობდა დეიდა მაიკო და მისი სული უკვე ნისლსა და თოფის კვამლში გახვეულიყო...

გაირინდა მაიკო. მისი თვალი აღარას ხედავდა, მის ყურს აღარ ესმოდა ბუნების ტკბილი ხმა, გულს - სიხარული. ახლა... თავისი ეზოც აღარ ესურვილებოდა. სტუმრებთანაც თავი შეიკრძალა, თითქოს ნათესავები კი არა, სულ უცხონი ესტუმრნენო, თუ წინათ ძალუა ჯერანას ალერსით მიესაყვარლებოდა ხოლმე:

– ყელზე დაგეხვევი, მუხლებში გემთხვევი, ძუძუებში შეგივარდებიო! - ახლა კი წასვლისას მშრალად გადაჰკოცნა, ისიც მასპინძლის მოვალეობით.

– ეჰ, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპება! - მუხლებში ხელებს იშენდა მაიკო. 

მოხუცი ბიძა ლაშხია ანუგეშებდა: - რა ვუყოთ, ახალგაზრდობა ომში გამოიჯეკება, გამაგრდება, გაიწურთნება! უომრადაც არ ვარგა სიცოცხლეო!

– არა უშავს რაო! ქვიშანაჭამი ქათამი, - ქვიშანაჭამი ვაჟკაციო! უბირი, დაბდური ლაშხია ერეკლეს დროინდელი კაცის თვალით უყურებდა ომს, როცა ლომდარი ვაჟკაცების ხმლით შეხლა სწყვეტდა ბედს.

მაგრამ მაიკოს არა ეყურებოდა რა... თითქოს მის ეზოში უკვე შემოსულიყო ვიღაც სასტიკი, დამძალავი და მისი ვარდით აყვავებული ეზოც უკვე მოსჩანდა ნატიალევი, ნაოხარი, წალეკილი...

დაღონებული სტუმრები მალე წავიდნენ, თავის სოფელში მიეჩქარებოდათ. ომი იწყებოდა, ყველა თავის ბუდეს ეშურებოდა. ალაყაფის კარებამდის მივაცილეთ.

– სიცოცხლე ძაფზე უგია ქვეყნიერებას! - შეტირებული ხმით წარმოსთქვა მაიკომ, მერე ხელი ჩაგვჭიდა პატარებს და შინისკენ გაექანა ფეხაჩქარებით, თითქოს წვიმას უნდა შეასწროსო:

– სიკვდილის ყეფა ისმის, ავდგეთ, წავიდეთ, სიკვდილს დავემალნეთ!

– რას ამბობ ჩემო რძალო, - ეუბნებოდა დედაბერი ნანუა.

– ცოცხალი კაცი ვერც მზეს დაემალება, ვერც სიკვდილს! რაც ქვეყანას, ის ჩვენ! - გულცივად დასძინა ნანუამ.

– მშვიდობით, ყვავილებო, ჩიტებო, სისხლით მოისვრება მიწის პირი, კვნესით აივსება ცის სიმაღლე! გაჰქრება მზისობა. მწვანოსნობა, გაშავდება სახედველი!

– რად გინდა ცუდგუნებიანი სიტყვა? - დასძინა პაპა ლაშხიამ.

გამტკნარებული დეიდა მაიკო სდუმდა... თითქოს მისი სამყარო უცბად ვიღაცამ დააბნელა, დაანგრია! 

მოღამდა. აიძაგრა ღამის ბალანი. ადრე დავწექით, ჩვენ, ბალღები, შიშისგან მივეყუჟნეთ ერთმანეთს. ტანაძაგრულები. შეშინებულები...

 

* * * * * * *

 

დაიწყო 1914 წლის ომი. ადგა ღორი გაუმაძღრობისა...

– ცას სირცხვილი იჭერს, თორემ თავზე დაგვექცეოდა - ამბობდნენ დროული კაცები. 

სალდათი აკრიფეს...

ყველგან საფლავის კარები გაიღო. 

ღამე ვარსკვლავები ცვიოდა...

– მორჩა, ხმელეთი გადაბრუნდა! დროება შეინძრა! - ზუზუნებდნენ დედაბრები. დიდი თადარიგი გვმართებს, პატარა ხალხი ვართ, საქართველოს მიწა შუბითა და ხმლით არი დახეული! ღმერთო, შეგვიწყალე! - ქუდი მოიხადა მოხუცმა ციციკორემ.

– წმინდაო გიორგი, მტრის ძალთა დამცემელო, შენ უშველე საქართველოს! ღვთიშობელო დედაო, ერთის შემხედვარის გულს ნუ ატკენ! ხორცით - ძვლამდე მოგვათმენინე ტკივილი როგორც შენს შვილს დაუთმენია! - სასოებით შესცქეროდა ხატებს დაჩოქილი დედაჩემი.

ლეშით გამომტყვრალი ყორნები გვეზმანებოდნენ... პატარა ბიჭები მუსრს ავლებდნენ ყვავებს, ყორნებს, ყიჭალებს, ყვანჩალებს, - მაგათ ამოკორტნონ მამაჩემის თვალებიო?

მახსოვს, შარაზე მოღანცალე მთვრალი ჩიტურია, ომში მიმავალი, ეტანებოდა გოგოებს.

– ერთი მაკოცნინეთ, გოგოებო, იქნებ, ვეღარ დავბრუნდე უკან; იქნებ, ყორნებმა გამინაწილონ! ვინ იცის, სად ჩავყარო ძვლები! გოგოებო მადლი ჰქენით, ერთი მაკოცნინეთო!

დამფრთხალი გოგოები აქეთ-იქით გარბოდნენ თუმცა კი ხვდებოდნენ ჩიტურას სიტყვების სიმართლეს. სევდიანი დღეები დაგა სოფელში, კვნესა, ზუზუნი... ზედაც გვალვა მიემატა.

უბნები მიყუჟდა... მთვარიან ღამეში არ ისმოდა გოგო-ბიჭების სიცილი. გოგოები მოწყენით ქსოვდნენ ფარდაგებს და ზედ წითელ-ყვითელ ასოებით ამოჰყავდათ დანიშნულთა სახელები: გვიტიას მოსვლას გაუმარჯოს! ლევანას მტერი დაუმარცხე და სხვა.

მალე გაზეთებში დაიგრიხა ვილჰელმ მეორის ულვაშები, ამაზე ადრე გამოჩნდა გასანთლებული სახე  ჩვენი ხემწიფისა. გაისმა აქამდე არ გაგონილი სიტყვები: შრაპნელი, ცეპელინი, მაკენზნენი, ჰინდერბურგი, კარპატი, სარაყამიში. გაზეთებიდან სისხლი მოჟონავდა. ცაშიც თვითეულ ვარსკვლავს თითქოს ნაღმი ჰქონდა მიცემული და უცბად უნდა აფეთქებულიყო, დალეწილიყო ყოველივე.

– ტყვიის კურატად გავუშვი ჩემი ბიჭი! - ორღობეში გმინავდა ბებია მარიამი.

მეორე თუ მესამე წყებაში მაიკოს ვაჟი ვახტანგიც წაიყვანეს ომში. 

მალე ჩვენი სოფლის ეზოებსა და ორღობეებში გახშირდა წივილი-კივილი, ლეჩაქების შემოგლეჯა, შეტირება,მდუღარების გადმობნევა, შავების ჩაცმა, ატირებული ბალღები, გულჩაკლული მშობლები...

წიქარა თუ შინდა ხარებს ყელზე ჩამობმულ ზანზალაკებსა და ეჟვნებს აჭრიდნენ, რომ არ ეწკრიალნათ და მით მგლოვიარეთა, ჭირისუფალთა გული არ დაეჭრათ მათი შემბმელის დაკარგვის მოგონებით.

მე დილიდან საღამომდის ვერ ავდიოდი წერილების კითხვას პატრონებისათვის და იქვე, საპასუხო წერილების წერას, რადგან წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა. ბრძოლის ველიდან მოსულ წერილებში კი ასეთი სიტყვები ეწერა:

– არ დაიდარდოთ...

– ჩემს სახელზე ჩემს ზურიკოს უყურეთ!

– ყანების დარდი გამოგყვა!

– ვაზი არ გამიტიალოთ!

– ჩემს ცხენს მოუარეთ! თან აიმედებდნენ ცოლ-შვილს: ნუ გეშინიათო: კიდევაც მოგივალთო და კიდევაც გაგახარებთო, ოღონდ ჩვენს მოსვლამდის გასძელითო. 

დაღუპპულთა პესახებ ჩონგურზე ლექსებს გამოსთქვამდნენ; კვნესით აგედნენ სიტყვებს, ყველას გული დარდისაგან ჰქონდა გაცხელებული. ცრემლი ყველში ებჯინებოდათ.

იქ კი-კარპატებში, გალიციის ველებზე, ვარშავასა თუ არზმურში, ერზინჯანში, ბელორუსიის ჭაობებში ჩაღუპულჩა სიკვდილი გულს ჭიინჭრით ადუშებდა; ძმას მხარს მოსტეხავდა, მოკეთის გულს დასჩაგრავდა, მამას წელს მოსწყვეტდა, დედას-შავად ჩამოაბერდა... თვალთაგან ჩამონადენი კურცხალი ჩონგურის სიმებს ალბობდა... ბევრის კუნწულა ცოლ-შვილი ობლად, ოხრად რჩებოდა... სოფლის ხატებს საშვთოებსა და სამპირ კელაპტრებს აღუთქმიდნენ შინდარჩენილები, წარულთა მშვიდობით მოსაყვანად.

"შორ და მშვიდობით წასულნი კი წერილებში ჩიოდნენ თავის სატანჯველს: ამხანაგების დაღუპვას, უწყალო სიკვდილს, სანგრებში ჭუჭყს, წყლის გუბეს, აგურივით "არჟანოი პურს...

– ვინ დაგვიტირებს, ვინ დაგვიჯდება გვერდით, ვინ დაგვაყრის ცრემლებს? ყვავები თავს დაგვტრიალებენ! ხის ჯვერი და ამოსული შამბია ჩვენი ბოლოო! - იწერებოდა ზოგი, უფრო უცოლშვილო, უპატრონო: ღვინით მითხარი, ძმაო, შენდობაო, სიზმრად ვნახე, რომ ვარსკვლავი მოსწყდა მაღლიდან, დაბლა დაენარცო, ვეღარ მოგივალთო, და უმერესად ვეღარ მოდიოდნენ,,სისხლის არყით მთვრალები.

მაიკო დეიდა იყო მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი, თან მოიჭიეისუფლე, მათთან ერთად გულდამდნარი. თვითონაც შიშითა და გულის ხეთქებით ელოდა შვილის წერილს. ბრძოლის ველიდან იმედიანი წერილები მოდიოდა, მაგრამ ქვეყნის ცრემლი უგმირევდა გულს. რამდენი ღამე თეთრად დასთენებია!

და ერთ დღეს, - ხარება და გახარება მიადგა მაიკოს სახლ-კარს ომში დაჭრილი და განკურნებელი ვახტანგი მცირე ხნით ღინ გამოუშვეს ბრძოლის ველიდან.

მთელი უბანი დღესასწაულობდა. მაშინვე პურობა გაიმართა, კიცნისაგან ლოყები გაუცვითეს ნაომარს. მაიკოს გულს ღამე გაუთენდა, დანართვილარი გული მოუთბა. პირს შუქი ამოეფინა, მისი წილი მზე განათდა.

– კიდევ შეგხედაო,  კიდევ მიყურე, თვალი დამიტკბე! - არა ცხრებოდა დეიდა მაიკო და შვილს თავს ევლებოდა. ხან ტიტოდა, ცან ეღიმებოდა.

ვახტანგი გარდასხვავებული მეჩვენა; ღიმილი სულ დაჰკარგოდა, სახეს მკაცრი იერი მისცემოდა. თითქოს ამ წუთს სხვაგან არიო. აბნეულად ლაპარაკობდა:

– ზარბაზნის ალზე ვერასა ვხედავდიო. მშობიარე დედაკაცივით მოჰკიოდა ყუმბარაო, ყუმბარის ხმაზე არაფერი მესმოდაო!

განა იმას მოვიფიქრებდი, რომ პურ-მარილი კიდევ შემრჩებოდა? განა მართლა კიდევ ვზივარ სუფრაზე?

– ქაშს რო ვჭამდით, ვიტყოდით, - ის კაცი ქართველი არ არის, შინ რომ დავრუნდეს და ომში დაღუპულის სადღეგრძელო არ დაილიოსო! - ვიძახოდით, გვეღირსება განა, ჩვენ, ქარველებს, ჩვენს ქვეყანაში მისვლა და ღვინის დალევაო? - მე ვიტყოდი: კიდევ მივალ და კიდევაც დავლევ მეთქი! აპა, თუ არა!

ვახტანგმა ხელთ აიღო კვარტლიანი კათხა და სულ პირველად არდაბრუნებულები ადშეგრძელა, - იმათ გაუმარჯოთ, ჩვენ რომ პატარა პურ-მარილი დაგვინარჩუნესო.

შენაჯგუფარი დედაკაცები ტიროდნენ... ეკითხებოდნენ:

– როგორ გადარჩიო?

– სიკვდილს გამოვექეცი! წმიდა გიორგიმ ცხენებზე შემისვა და გამომაქროლა! მეტი აღარ მახსოვს რაო! - გულმართლად ამბობდა ვახტანდი.

დეიდა მაიკო პირჯვარს იწერს, წმინდა გიორგის და პირიღვთისას ახსენებს თან ღალის ძველას ვიწრო მხრებზე იხურავდა, იწურავდა...

– კიდევ გვიამბე, კიდევ, - ეხვეწებოდნენ ვახტანგს, ისიც სიზმარნანახივით ჰყვებოდა წყნარად:

– ბრძოლის ველი? ნეტავ თქვენ, რომ არ გინდახიათ! თუმცა მზეა, მაგრამ სულ ვნელაში ვართ, - ყუმბარისა და ზარბაზნის ბოლში! ზღვის შესაწონი სისხლი ივრება. რა ცოდვას სჩადიან ეს ხელმწიფეები, დაიქცეს ამათი რჯული!

დედაკაცებს შეაჟრჟოლათ ამ უცნაურ და თამამ სიტყვებზე.

– მაშ, სანდალი ყუმბარამ დაგლიჯა, უცრემლოდ ჩავიდა საფლავში?

– დიდი საძმო საფლავი ამოსჭრეს მინდორზე და ყველა შიგ ჩაყარეს, იმ ადგილას მეომარი! სანდალას ნაგლეჯებიც იქ ჩააყოლეს!

დედაკაცები გლოვობდნენ ჭაბუკი მეზობლის დაღუპვას, ზმუოდნენ, ზუზუნებდნენ, ძუძუებს ოხოკავდნენ, თავში იშენდნენ.

– ასეთი ცეცხლი ჯერ ქვეყნიერებას არ უნახავს! - განაგრძობდნენ დედაკაცები.

– ეს ოხერი წუთისოფელი სულ არაფერი ყოფილა! - წამოიკვნესა ვიღაცამ.

– როდის უნდა დაბრუნდე ომში? - შეეკითხნენ ვახტანგს, როცა ლაპარაკით

გული მოიჯერეს.

– არა არა! ჩემის ცოცხალის თავით არ წავალ! - წამოიძახა შემკრთალმა ვახტანგმა. - ტყეში გავარდები, გინდ აქ გავუგლეჯივარ ნადირს, გინდ ომში ყუმბარას! ჩემი მიწა მაინც დამეყრება გულზე!

– არ გაგიშვებ, გინდ თვითონ ხელმწიფე მოვიდეს შენ წასაყვანად! - გადაეფარა მაიკო, რომლის სახეზე ერთად ისახებოდა დედობრივი სინაზე, სევდა და თრთოლა.

– არ წავა, არ გავგზავნი! - გადაწყვეტით თქვა დეიდამ და ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა მწუხარებით შეძრწუნებულს:

– ეჰ, რამდენია ჩემი შვილისთანა, იქ ტყვიის წინ?! განა ჩემი შვილები არ არიან? 

ეს არის დასაკვნესარი! - დასძინა ბოლოს, - რომ არ წავიდეს ვახტანგი, ქვეყანას ამით არ ეშველება?! 

მეზობლები და თვითონ ვახტანგიც თითქოს პირშეწბილებულნი მისჩერებოდნენ დეიდა მაიკოს, რომელსაც თავს შავი ფიქრები დასწოლოდა და თავნამქრიანი ღამე, შავკუპრი ამინდი... და არსად იყო მოსაფონარი.

ვადა გავიდა, ნაიძულები ვახტანგი ისევ ომში წაიყვანეს. დედა-შვილი ბედს დამორჩილდა. 

რაღა დარჩენოდა დედას გარდა მოლოდინისა და მღელვარებისა? იგი მხოლოდ სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა ცხოვრობდა მუდმივ ურკვეულობაში.

კიდევ ზღვის შენადენის ოდენი სისხლი დაიღვარა, მრავალი დაიღუპა, ტყვემყოფელი ვახტანგი აღარ დაბრუნებულა; სადღაც გადაითესა, ჩაიკარგა უნგრეთსა თუ პოლონეთში. 

დეიდა მაიკო კი ისევ ისე შრომობდა, ფუსფუსებდა საფუტკრეში, ბოსტანში, უძღვებოდა ოჯახს, ისევ გადაქცეული, ნაცვეთი ხელებით, მკერდშეოფლილი, სახეამწვარი, მოჭირნახულე, შრომობდა და... უჩინრად დნებოდა. მზეშუქი აღარ უხაროდა, ყვავილებს აღარ თესავდა სულ შეიკეტა თავის გულში, რაღაც ბასმაში გავლებულ ყვავილიან ლეჩაქს ატარებდა ქვეყნისა და ბუნების დამგლოვიარებისა გამო! 

ხომ ბუნების მეცნიერი იყო, ბუნებისა ყოველივე ესმოდა და ახლაც, როდესაც ცა წამოცრემლავდა, მაიკო დანანებით იტყოდა,- განა არ გესმით, როგორ სტირიან მამები დახოცილ შვილებს?!

ხოლო მთებიდან ჩამოსული ჯანღები რომ დაედებოდა მიწას, დეიდა მაიკო ამოიოხრებდა: -ეგ ნისლი დედებისა და ქვრივ-ობლების ცრემლებმა დააყენესო!

კიდევ გაასურნელა მაისმა ქვეყანა, მაგრამ მაიკოსათვის ეს ქვეყანა მხოლოდ ჭვარტლითა და ბურით იკვამლებოდა. აღარ ჰქონდა ხალისი, მხოლოდ ჩიტთა ფაფობას ნაფოტებზე წასმულ ფაფას უდგამდა ჩიტებს, ესღა იყო მისი ჩიტებთან საუბარი!

ფირუზთვალა ცა ბრწყინავს. ხე შუქით იბურება, ბალახი ბიბინებს, სიო ცეკვავს ლერწმის წვერზე, ვერხვი ვერცხლურად შრიალებს, ცაცხვი სურნელობს, ჩქეფს დავინული ტოტი მდინარისა, ბროლტანა ჩანჩქერი გრიალებს ალმასური მტვერით.

ამდგარა ძალი სიცოცხლის სულისა, სიცოცხლე მღერის! დეიდა მაიკო კი ჩაკეტილა თავის გუნებაში, თითქოს მისთვის უხილავი იყოს სხივნარა სამზეო, ლურჯი ცის ხასხასა მდელო, მოლი, ხევნარი, ხილნარი! თითქოს აღარას ეუბნებოდეს მას სავსე მინდორი, ბურვილი ტყე-გუმბათი, ვაზისყვავილი, გულისმოსალხენი მწვანოსნობა, ფერობა, ფურცლიანობა, დილის ცვარდაცვარული მინდორი, - ხმატკბილობა, ფრთოსანთ ჟრიამული, ბუნების საწადელი ხმა! 

რა უყვეს, სად მიმალეს მისი გუნება? დაქვრივებისას ამდენი არ უგლოვია! ომის ყოველი ამბავი, მეზობლის დაღუპვის ცნობა მის ნაზ გულს სდაღავდა, სჭრიდა, ჰკეპავდა!

დიდხანს ელოდა დიდი მოლოდინით დეიდა მაიკო თავის შვილს, ელოდა და ბოლოს დარდით დანაღვლებული, შავსახადშეყრილი, ვახტანგს თან გადაჰყვა...

მაიკო დეიდა აღარ არი ამ ქვეყანაზე, მაგრამ დღესაც ისევ ჰყვავიან მისი ეზოს ხეები, მისი ღობეზე ოსევ გადმოკიდულა ის თეთრი ყვავილი, და მეგონა, დეიდა მაიკოს ღიმილი ამ ყვავილებშია გადასული და იმ სურნელოვანი სპეტაკი ფურცლებიდან მესაუბრება სიცოცხლის სიყვარულზე.

დეიდა მაიკოს სახლიდან, შარაზე რომ გავივლი, ფეხს აუჩქარებ ხოლმე, იქნებ, დეიდა გამოვიდეს ეზოს კარებიდან; მის ეზოში ნიავი რომ გამომიქროლებს, ასე მგონია, დეიდა მაიკო მეგეგება ჩვეული ალერსით.

ახლა სხვა ცხოვრობს მაიკოს ეზოში, მაგრამ მაიკოსეული ბოსტნის ისევ სიცოცხლით ხარობენ და საამოდ ფშვინვარებენ. სიცოცხლე ერთი წამით არ შეწყვეტილა, არ დამარცხებყლა, ცხოვრება ისვე მიდის თავისი გაწამაწიით.

ისევ ბრწყინავალებს მწყაზრი, ვარდმოფენილი, სინაზისანი, ციაგნი, გამომცინარი დილა; ისევ ხასხასებს დაწმენდილი ფოთოლი. ისევ ელვარებს გაშალაშინებული ტბა, დაცვარული მინდორი - როგორც ბავშვის ტუჩები, დედის რძეშეფრქვეული.

სიცოცხლე უკვდავია, დაუმარცხებელი! განა ტყუილად ამბობდა დეიდა მაიკო:

– არა, სიცოცხლე სიკვდილის ყმა არ იქნება, არასოდეს! დილილა დედილას!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ