1
მართლა თუ გაინტერესებთ ჩემი თავგადასავალი პირველად, ალბათ, იმას მკითხავთ, სად დავიბადე, რა საძაგელი ბავშვობა მქონდა, მშობლები რას აკეთებდნენ, და ათასგვარ დავით კოფერფილდისებურ აბლაბუდას. მაგრამ მართალი გითხრათ, სულაც არ მეპიტნავება ამეების გახსენება.
ჯერ ერთი, გულს ამირევს და მეორეც - ჩემი მშობლების პირადი საქმეები რომ ჩამოგითვალოთ, თითო ამბის ხსენებაზე საწყლებს ორ-ორჯერ მაინც ჩაექცევათ ტვინში სისხლი. ძალიან ახლოს მიაქვთ ხოლმე ამისთანა ამბები გულთან, განსაკუთრებით მამაჩემს.
რა მეთქმის, კარგი ხალხია... განა იმას ვამბობ... მაგრამ საშინელი ფხუკიანები არიან. ეგეც არ იყოს, ვის რაში სჭირდება, რომ ავდგე და მთელი ჩემი წყეული ავტობიოგრაფია წვრილად ჩავუკაკლო. მე მხოლოდ ის ფეთიანი ამბავი მინდა გიამბოთ, შობის დღესასწაულებში რომ შეემთხვა.
სწორედ მაშინ იყო, ფეხები რომ კინაღამ გავფშიკე და გამოსაჯანმრთელებლად აქ გამომგზავნეს. ერთი სიტყვით, რაც დ.ბ.-ს ვუამბე, იმაზე მეტს არც თქვენ გეტყვით რამეს. დ.ბ. კი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმაა. ჰოლივუდში ცხოვრობს, არც თუ ისე შორს ამ ბინძური სახლიდან, და თითქმის ერთ შაბათს არ გამოტოვებს, რომ არ მოვიდეს და არ მნახოს.
შინ წასაყვანადაც მან უნდა მომაკითხოს, ალბათ. იმ თვეში. სწორედ ამასწინათ იყიდა "იაგუარი". ერთი მოციცქნილი ინგლისური მანქანაა, საათში ორას მილს გადის. ბარე ოთხი ათასი დოლარი დაუჯდა. იცოცხლე, ფული ჩეჩქივით აქვს ახლა. უწინ ქესატად გახლდათ. შინ რომ იჯდა, მწერალიც მაშინ იყო. იმისთანა პატარ-პატარა მოთხრობებს წერდა, რომ შიშით სული გაგძვრებოდა. იქნებ გაგიგონიათ კიდეც მოთხრობების წიგნი "დამალული ოქროს თევზი".
ამ წიგნში ყველაზე საუკეთესო მოთხრობას სწორედ "დამალული ოქროს თევზი" ჰქვია. ერთი პატარა ბიჭის ამბავია, თურმე არასდიდებით არ აჩვენებდა სხვას თავის ოქროს თევზს, ჩემი ფულით მაქვს ნაყიდიო. მომკლა და გამათავა! ახლა ჰოლივუდშია დ.ბ., ხელიდან წავიდა. ყველაზე უფრო კინოს ვერ ვიტან - ჭირივითა მძულს, ნურც მიხსენებთ.
სწორედ იმ დღიდან მინდა დავიწყო ჩემი ამბავი, როცა პენსიდან წამოვედი. პენსი ეგერსტაუნის მოსამზადებელი სკოლა გახლავთ, პენსილვანიის შტატში. ალბათ, გაგეგონებათ. რეკლამები მაინც გექნებათ ნახული. ბეჭდავენ და ბეჭდავენ ათასობით ჟურნალში რეკლამებს - შემჯდარა ცხენზე ვიღაც გაჯგიმული ბიჭი და მესერზე უნდა გადაახტუნოს. ასე გეგონება, პოლოს თამაშის მეტს არაფერს აკეთებდნენ პენსიში. სკოლაში კი არა და, იმ არემარეზე თვალიც არ მომიკრავს ცხენისთვის. ბიჭის სურათის ქვეშ კი წარწერაა - "ჩვენი სკოლა 1888 წლიდან აყალიბებს მამაცსა და საღად მოაზროვნე ჭაბუკებს". ჭმევაც ამას ჰქვია! ერთი სხვა სკოლებში აყალიბებენ, და მეორე იქ! არც მამაცი მინახავს იქ ვინმე და არც საღად მოაზროვნე. დიდი დიდი ერთი-ორი კაცი და ისინიც, ალბათ უკვე მამაცები მივიდნენ სკოლაში.
ერთი სიტყვით, შაბათი იყო და ფეხბურთს ვეთამაშენოდით საქსონ ჰოლის გუნდს. პენსელებს მუდამ დიდ ამბად მიაჩნდათ ხოლმე საქსონ ჰოლთან თამაში. სეზონის უკანასკნელი მატჩი გახლდათ და პენსის ძველი გუნდის წაგებას თავის მოკვლას და ამოწყვეტას ვამჯობინებდით ყველანი. მახსოვს, ნაშუადღევის სამი საათი იქნებოდა და რაღაც ჯანდაბად თომსენის გორაკზე ვიდექი, ზედ იმ
დაფხავებულ ზამბარასთან, რომელიც განმათავისუფლებელი ომის შემდეგ სულ იქ გდია. იქიდან ხელისგულივით ჩანს მინდორი, იმასაც დიდებულად გაარჩევ, როგორ ასკდება ორი გუნდი ერთმანეთს. ტრიბუნებს ვერა ვხედავდი ხეირიანად, მაგრამ ღრიალი კარგად მესმოდა, ჩვენებს უჭერდნენ მხარს - რადგან მთელი სკოლა იქ იყო, ჩემს გარდა. საქსონ ჰოლის ტრიბუნებიდან კი მისუსტებული კნავილიღა აღწევდა; ასეა ხოლმე - ჩამოსულ გუნდს ხალხი ცოტა ახლავს.
გოგოებს იშვიათად ნახავთ ფეხბურთზე. მხოლოდ უფროსკლასელებს აქვთ გოგოების წამოყვანის უფლება. როგორც გენებოთ ისე ჩამომართვით, მაგრამ საძაგელი სკოლაა. ხანდახან კაცს გინდა ისეთ ადგილზე წავხიდე, რომ გოგოები ნახო, თუნდაც თავისთვის ისხდნენ, ცხვირს იწმენდნენ და სულელურად ჭუკჭუკებდნენ. სელმა თარმეტი - ჩვენი დირექტორის გოგო - სულ იქა გდია, მაგრამ რად გინდა, გული არ მიგივა. თუმცა ცოდი გოგო არ ეთქმის, ერთხელ ეგერსტაუნიდან მოვდივარ და მის გვერდით მოვხვდი ავტობუსში. ლაპარაკი გავუბი. მომეწონა. ჩამოგრძელებული ცხვირი ჰქონდა, ფრჩხილებიც სულ დაკვნეტილი - ლამის სისხლი სდიოდა - ის ოხერი ლიფიც ასე გამოეტენა რაღაცით, რომ აქეთ-იქით უყანყალებდა. მაგრამ მაინც შეგეცოდებოდა კაცს. განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ ტვინს გიხვრეტდა - ასეთი დიდი ვინმეა მამაჩემიო. ალბათ, თვითონვე გრძნობს, რა ხეპრე და ქლესა ვაჟბატონიც ბრძანდება.
თომსენის გორაკზე იმიტომ მოვხვდი და ფეხბურთის თამაშს იმიტომ არ ვესწრებოდი, რომ მოფარიკავე გუნდთან ერთად ახალი დაბრუნებული ვიყავი ნიუ-იორკიდან. რაღაც ჯანდაბად მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი გახლდით. დიდი ვინმე კი ვყოფილვარ! იმ დილით წავედი ნიუ-იორკში, მაკ-ბერნის გუნდს უნდა შევხვედროდით. მაგრამ აღარ შევხვედრილვართ. დაშნა, კოსტუმი და საერთოდ მთელი მორთულობა იმ ოხერ მეტროში დამრჩა. მთლად ჩემი ბრალიც არ ყოფილა. წამდაუწუმ ფეხზე ვდგებოდი და სქემას ვაშტერდებოდი, ჩვენს სადგურს არ გავცდეთ-მეთქი. ერთი სიტყვით, სადილს ვეღარ ჩამოვუსწარით, სამის ნახევარი იყო პენსიში რომ დავბრუნდით. ბიჭებმა ცხვირი ამიბზუეს და გამრიყეს ეზოში. სასაცილო კია, მე და ჩემმა ღმერთმა.
მეორე მიზეზი ფეხბურთზე არდასწრებისა ის იყო, რომ მოხუც სპენსერს - ჩემი ისტორიის მასწავლებელს - უნდა გამოვმშვიდობებოდი. გრიპით იყო ავად და ვიფიქრე, საშობაო არდადეგების დაწყებამდე ვეღარ ვნახავ-მეთქი. წერილი გამომიგზავნა, მანამ შინ წახვიდოდე, უსათუოდ მომინახულეო. იცოდა, რომ აღარ დავბრუნდებოდი.
დამავიწყდა მეთქვა. გამომაპანღურეს. საშობაო არდადეგების შემდეგ სკოლაში აღარაფერი მესაქმებოდა - ოთხ საგანში ჩავიჭერი, არაფერს არ ვაკეთებდი და ათასი ჯანდაბა. რამდენჯერ გამაფრთხილეს - ტვინი გაანძრიე, რამე გააკეთეო. განსაკუთრებით შუა მეოთხედში, როცა დედაჩემი და მამაჩემი მოხუც თარმერს ეახლნენ კონფერენციაზე... მაგრამ ყურშიაც არ შემიშვია მათი ჩიჩინი. ადგნენ და გამომაპანღურეს. პანტა-პუნტით რიცხავენ ბავშვებს. კარგად არის სწავლის საქმე დაყენებული პენსიში. ნამდვილად.
ერთი სიტყვით, დეკემბერი იდგა, ციოდა _ ძაღლი არ გაიგდებოდა კარში. წარმოიდგინეთ, რა სუსხი იქნებოდა იმ იდიოტურ გორაკზე. მე კი ქურთუკის ამარა ვიდექი, არც თათმანები, არც ჯანდაბა და დოზანა. სწორედ ერთი კვირის წინ ამაწაპნა ვიღაცამ ჩემი ოთახიდან აქლემის ბეწვის ქურქი, და ბეწვის თბილი ხელთათმანებიც გააყოლა - ქურქის ჯიბეში მეწყო. ჯიბგირებით არის
გამოტენილი პენსი. მდიდარი ოჯახის შვილებსაც ბევრს შეხვდები, მაგრამ საერთოდ ჯიბგირებითაა სავსე. რაც უფრო ძვირფასიანია სკოა, მით უფრო მეტ ჯიბგირს ნახავ იქ... ღმერთმანი. ერთი სიტყვით, იმ დაფხავებული ზარბაზნიუს გვერდით ვიდექი, მინდორს გადავყურებდი და სიცივისაგან უკანალი მეწოდა. მაგრამ თამაშის ცქერით მაინცდამაინც არ ვიწუხებდი თავს. უფრო იმიტომ ვიდექი, რომ სკოლასთან გამომშვიდობების გრძნობა განმეცადა. რამდენი სკოლა და საცხოვრებელი ადგილი გამომიცვლია, და ერთხელაც არ მომსვლია თავში გამომშვიდობება. ჭირის დღესავით მძულს. ერთხელაც არ დავფიქრებულვარ - ან მწუხარებას ხომ არ განვიცდი ამ განშორებით ან რამე უსიამოვნებას-მეთქი. მაგრამ უნდა განვიცადო კი, რომ ნამდვილად ვშორდები აქაურობას. თუ ამას ვერ განვიცდი, ძაღლის გუნებაზე დადგები.
ბედმა გამიღიმა, უცებ ისეთი რაღაც მომაგონდა, რომ ხელადვე ვიგრძენი - საბოლოოდ ვტოვებ ამ ოხერ სკოლას-მეთქი. გამახსენდა, ერთხელ ოქტომბერში რა თავგადადებით ვთამაშობდით ზედ სკოლის წინ ფეხბურთს მე, რობერტ ტიჩნერი და პოლ ქემბელი. ღმერთივით ბიჭები იყვნენ, განსაკუთრებით ტიჩნერი. უკვე ბნელდებოდა, სადილობის დრო მოახლოვებულიყო, მაგრამ ისე გამწარებით დავდევდით ბურთს, რომ აღარაფერი გვახსოვდა. სულ უფრო და უფრო ჩამობნელდა, ძლივსღა ვარჩევდით ბურთს, მაგრამ თავის დანებება გვენანებოდა. მაინც დაგვანებებინეს. ბიოლოგიის მასწავლებელი რომაა, მისტერ ზამბესი, გამოჰყო სკოლის ფანჯრიდან თავი და, საერთო საცხოვრებელში წადითო, გადმოგვძახა, სადილისთვის მოემზადეთო. ამისთანა რამე თუკი მოიგონე, სკოლის მიტოვებაზე გულს რაღა დაგწყვეტს! მე კი ასე მომდის და რა ვიცი. გამახსენდა თუ არა ეს, ხელადვე მივტრიალდი და სირბილით დავეშვი, სპენსერის სახლისკენ გავუპირდაპირე. სკოლაში არა ცხოვრობდა სპენსერი, ანტონი უეინის ქუჩაზე იდგა.
სულ სირბილით მივადექი იმ ქუჩას და ცოტახნით შევდექი სულის მოსათქმელად. უნდა გამოგიტყდეთ, სუნთქვა ვერა მაქვს კარგი. ანკი საიდან მექნება - თუთუნს თუთუნზე ვწევ ესე იგი, ვწევდი. აქ დამანებებინეს თავი. თანაც, მარტო შარშან მთელი ექვსნახევარი გოჯი მოვიმატე სიმაღლეში. ალბათ, ტუბერკულიოზიც ამიტომ შემეყარა და ამ ოხერ საავადმყოფოში მიკრეს თავი სამკურნალოდ. ისე კი ჯანმრთელი ვარ.
ერთი სიტყვით, ცოტა რომ მოვიბრუნე სული, ისევ გავიქეცი. ქუჩა სულ ყინულივით იყო გალიპული, კინაღამ გავიშხლართე. ნეტა რა მიმარბენინებდა... ალბათ, ასე მეხალისებოდა. ქუჩა რომ გადავჭერი, მომეჩვენა, რაღაცნაირად გავქრი-მეთქი. ფეთიანი დღე იყო, საშინლად ციოდა, არც მზე ჩანდა და არც არაფერი, ქუჩაზე რომ გადახვიდოდი, გეგონებოდა - ვქრები და ეს არისო.
ჰოი, ბიჭო, რა ვრეკე და ვრეკე ზარი, მოხუცი სპენსერის სახლს რომ მივადექი! გათოშილი ვიყავი. ყურები მჩხვლეტდა. თითებიც ვერ გამენძრია. «ჩქარა, ჩქარა, - ვყვიროდი, - გააღეთ ეს ოხერი კარი!» როგორც იქნა, დედაბერმა მისის სპენსერმა გამიღო. არც მოსამსახურე ჰყავდათ და არც არავინ, თვითონვე აღებდნენ ხოლმე კარს. ფული მაინცდამაინც არ გადასდით თავს.
- ჰოლდენ! - მითხრა მისის სპენსერმა, - როგორ გამახარე! შემოდი, ჩემო კარგო! არ გაითოშე?!
მგონი მართლაც გაუხარდა ჩემი ნახვა. ვუყვარდი. მე კი ასე მეჩვენებოდა და რა ვიცი!
იცოცხლე შევვარდი სახლში!
- როგორ გიკითხოთ, მისის სპენსერ? მისტერ სპენსერი როგორ ბრძანდება?
- ქურთუკი აქ მომეცი, ჩემო კარგო! - მითხრა მან. არც კი გაუგონია, მისტერ სპენსერის ამბავი რომ ვკითხე. ცოტას მოიყრუებდა.
ქურთუკი დერეფნის კარადაში დაკიდა. მე თმაზე გადავისვი ხელი. მოკლედ ვიკრეჭ ხოლმე, სავარცხელიც არ მჭIრდება.
- როგორა ბრძანდებით, მისის სპენსერ? - ახლა უფრო ხმამაღლა ვკითხე, იქნებ გაიგონოს-მეთქი.
- კარგად ვარ, ჰოლდენ, - კარადა მიხურა, - შენ როგორღა ხარ?
ისე მკითხა, რომ, შევატყვე, მოხუც სპენსერს უკვე ეამბნა ჩემი გამოპანღურების ამბავი.
კარგად მეთქი, მეც ვუპასუხე.
- მისტერ სპენსერი როგორ ბრძანდება? გრიპმა არ გაუარა?
- გაუარაო! ეჰ, ჰოლდენ, ისე იქცევა, რომ... აღარ ვიცი პირდაპირ. თავის ოთახშია, გენაცვალე, შედი.
2
თავთავისი ოთახი ჰქონდა ორივეს. დაახლოებით სამოცდაათი წლისა იქნებოდნენ. თითქმის მეტიც. მაგრამ მაინც სიტკბოებას ნახულობდნენ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ფეხი სამარეში ედგათ. ვიცი, სიმდაბლეა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ განა იმისთვის ვამბობ.
რა ჩემი ბრალია - სულ თვალწინ მედგა მოხუცი სპენსერი, ხოლო როცა ბევრს ფირობ მასზე, არ შეიძლება არ გაგიკვირდეს - რა ცას გამოეკერება ეს ბერიკაციო! სულ მოკაკული და დამგრეულია. ცარცი რომ დაუვარდება დაფასთან, პირველი მერხიდან უნდა წამოხტეს ვინმე და მიაწოდოს.
ამაზე დიდი საშინელება იქნება?! ისე, კაცმა რომ თქვას, ურიგოდ როდი ცხოვრობს. ერთ კვირა დღეს, მაგალითად - როცა ბიჭები ცხელ შოკოლადზე დაგვპატიჟა, - გამოიტანა და გაცრეცილი ინდური საბანი გვაჩვენა, მისის სპენსერსა და მას ეყიდა ვიღაც ინდიელისაგან იელოუსტონის პარკში.
ხელადვე შეატყობდი, რომ მოხუცი სპენსერი სიხარულით ფეხზე არ იდგა, ეს რა ვიყიდეო. აი, ეს მინდოდა მეთქვა. ზოგჯერ ვინმეზე ფიქრობ, გადამღრძვალი ბერიკაციაო, და თურმე საბნის ყიფვაც კი უდიდეს სიხარულს ანიჭებს.
ოთახის კარები ღია ჰქონდა, მაგრამ მაინც დავაკაკუნე, ხომ იცით - ზრდილობაო, ესაო... კარებიდანვე დავინახე - მე რომ გითხარით, იმ საბანში გახვეულიყო და ტყავის დიდ სავარძელში მიყუჟლიყო. რომ დავაკაკუნე, თავი წამოსწია.
- ვინ არის? - დაიღრიალა მან. - კოლფილდი ხარ? შემოდი, ყმაწვილო.
სულ ღრიალებდა, როცა კლასში არ იყო. პირდაპირ ნერვებზე მოქმედებდა. შევდგი თუ არა ფეხი ოთახში, უცებ ვინანე, რატომ მოვედი-მეთქი. "ატლანტიკ მანთლისა" კითხულობდა, ირგვლივ სულ წამლის შუშები და აბები ეყარა, და სურდოს წვეთების სუნი იდგა. გულს ჩაგწყვეტდა. საერთოდ, ავადმყოფების ნახვაზე მაინცდამაინც არ ვკარგავ ჭკუას. ყველაზე უფრო იმან ამირია გული, რომ მოხუცი სპენსერი რაღაც უბადრუკ, ერთიანად დაძონძილ აბანოს ხალათში გახვეულიყო, დარწმუნებული ვარ, ამავე ხალათში დაიბადა და გაჩენის დღიდან აღარც მოუშორებია.
გული მერევა ხოლმე, ბერიკაცებს პიჟამოსა და აბანოს ხალათებში გახვეულს რომ დავინახავ. ამობზეკილი ბებრული მკერდი გარეთ აქვთ გამოჩრილი. ახლა ფეხები! პლაჟზე რომ გინახავთ ბერიკაცების თეთრი და უბალნო ფეხები!
- გამარჯობათ, სერ, - მივმართე მე, - თქვენი ბარათი მივიღე, - მწერდა, მანამ არდადეგები დაიწყებოდეს, ჩემთან შემოიარე და გამომეშვიდობეო; იცოდა, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი. - წერილი არც გინდოდათ, ისედაც გამოგემშვიდობებოდით.
- აგერ დაჯექი, ყმაწვილო, - მითხრა მოხუცმა სპენსერმა, საწოლზე მიმითითა.
დავჯექი.
- თქვენი გრიპი რასა შვრება? სერ?
- ეჰ, ყმაწვილო, ცოტა უფრო უკეთ რომ ვგრძნობდე თავს, უსათუოდ ექიმს მოვაყვანინებდი, - მითხრა - მოხუცმა სპენსერმა. ტავისივე სიტყვებმა გააცინა. გიჯივით მოჰყვა ხარხარს. მერე წელში გასწორდა და მითხრა: - ტამაშზე რატომ არა ხარ? მე მეგონა, საფინალო თამაში იყო დღეს.
- არის კიდეც. მეც ვიყავი. ოღონდ, ის იყო მოფარიკავეებთან ერთად დავბრუნდი ნიუ-იორკიდან და პირდაპირ იქ წავედი. - ჰოი, ბიჭო, რა ქვასავით ლოგინი ჰქონდა.
უცებ ჯოჯოხეთივით დაიბღვირა. ვიცოდი, რომ ასე იზამდა.
- მაშ გვტოვებ, ჰა?
- დიახ, სერ. როგორც ვატყობ, უნდა წავიდე.
სიტყვა არც კი დამემთავრებინა, რომ თავის კანტურს მოჰყვა. ჩემს დღეში არ შევხვედრილვარ კაცს, ამდენი თავის კანტური შესძლებოდეს. ვერც გაუგებ, რას აუტყდა ეს თავის კანტური _ რამეზე ჩაფიქრდა, თუ სიბერისაგან გამოფშუტურდა და აღარაფერი ესმის.
- რაო, დოქტორ თარმერმა, რა მინდაო? გავიგე, დიდხანს გიმუსაიფიათ.
- მართალი ბრძანდებით. ბევრი ვილაპარაკეთ. მთელი ორი საათი ვეჯექი კაბინეტში.
- მერე რა გითხრა?
- რა ვიცი... მოჰყვა, ცხოვრება თამაშიაო. ამ თამაშში ყოველგვარი წესები უნდა დაიცვაო. მშვენივრად ილაპარაკა. ესე იგი, მწარე არაფერი უთქვამს. სულ ამას ჩამჩიჩინებდა, ცხოვრება თამაშიაო. თქვენც ხომ იცით.
- ცხოვრება მართლაც თამაშია, ყმაწვილო. ისეთი თამაშია, საცა ყველა წესი უნდა დაიცვა.
- ვიცი, სერ, მეც ვიცი, განა არ ვიცი!
კაი თამაში კია, თქვენმა მზემ! იმ მხარეს თუ მოხვდი, საცა მაგარი ბიჭები არიან, არა გიშავს რა, მართლაც თამაშია, რა მეთქმის. მაგრამ მეორე მხარეს თუ მოხვდი და არც ერთი მაგარი მოთამაშე არ გირევიათ! მაშინაც თამაშია?! რაღა თამაში გამოვა!
- უკვე მისწერა შენს მშობლებს დოქტორ თარმერმა? - მკითხა მოხუცმა სპენსერმა.
- ორშაბათს მივწერო.
- შენ თვითონ არ შეატყობინე?
- არა, სერ, არ შემიტყობინებია, ოთხშაბათ საღამოს ხომ უნდა ჩავიდე, და ბარემ მაშინ ვეტყვი.
- მერე როგორ გგონია, რას იტყვიან?
- რა ვიცი... მაგრად გაბრაზდებიან, - მივუგე მე, - რა თქმა უნდა, გაბრაზდებიან. უკვე მეოთხე სკოლა გამოვიცვალე. - თავი გავაქნიე. წარამარა თავის ქნევა ვიცი. - ჰოი, ბიჭო! - ვთქვი მე. ამ «ჰოი, ბიჭოსაც!» წარამარა ვისვრი ხოლმე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ როგორღაც სიტყვები არა მყოფნის, მეორეც - ზოგჯერ ჩემი ასაკისათვის სავსებით შეუფერებლად ვიქცევი. მაშინ თექვსმეტი წლისა ვიყავი, ახლა უკვე ჩვიდმეტისა ვარ, და მაინც ისეთ რამეს გავაკეთებ ზოგჯერ, რომ ცამეტი წლის ბიჭი გეგონებით. სასავცილო კია, რადგან აყლაყუდა ვარ _ მთელი ექვსი ფუტი და ორნახევარი დიუმი; თმაც შეჭაღარავებული მაქვს! კი