მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1516 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დჰანი ჩუბარაში საღამოთი, ვახშამს რომ მორჩნენ, მოხუცმა ბერებმა ყალიონი გააბოლეს და ხელი მიჰყვეს კრიალოსნის მარცვლას.

შემობაკუნდა ერთიციცქნა, ტიტლიკანა ბავშვი, ცალ ხელში ნარგიზის ყვავილების კონა ეჭირა, მეორეში კი - თამბაქოს ხმელი ფურცლების კეცა.
მან დააპირა დაეჩოქა და თაყვანი ეცა გობინდისათვის, მაგრამ მსუქანი იყო, გადასძლია გადახოტრილმა თავმა. ჯერ წინ გადაკოტრიალდა, მერე კი განზე. ბავშვს ფეხები მაღლა აეშვირა და ქლოშინებდა. ამასობაში თამბაქოს ბღუჯა ერთ მხარეს გაიბნა, ყვავილები კი მეორე მხარეს.
გობინდმა გაიცინა, ხელახლა წამოაყენა ფეხზე, თამბაქო ჩამოართვა და ყვავილები დაულოცა.
- მამამ მოგართვათ, - თქვა ბავშვმა. - ციებამ შეუტია და ვერ მოვა, ილოცებთ მისთვის, მოძღვარო?
- რა თქმა უნდა, პატარავ, ოღონდ იცოდე, არ ვარგა შემოდგომით ასე დედიშობილა ტანტალი, მიწაზე თრთვილი ფენია და ჰაერში ღამეული თოში ტრიალებს.
- ტანსაცმელი არა მაქვს, - თქვა ბავშვმა, - მთელი დღე წივას ვეზიდებოდი ბაზარში, ძალიან ცხელოდა და მაგრადაც დავიღალე. - მას ოდნავ გააჟრჟოლა, რადგან მართლაც ცივი საღამო იდგა.
ბერიკაცმა ხელი გამოიწოდა ფართო, გრძელი ჭრელი საბნიდან და ბავშვს თავისაკენ მოუხმო. მანაც არ დააყოვნა, იღლიის ქვეშ შეუძვრა და იქ მოკალათდა.
       გობინდმა ხელახლა გააწყო თითბრის ფართო ბუნიკებით მოპირკეთებული ტყავის ნარგილე. როცა ჩუბარაში მივედი, შევნიშნე საბნიდან გამოჩრილი გადაპარსული თავი, კოსროზე დატოვებული თმით, ელავდა გიშერივით შავი თვალები - გეგონებოდათ ციყვი იყურება თავისი ბუდიდანო. იგი წვერს უჩეჩავდა გობინდს და ბერიც იღიმებოდა.
მინდოდა ალერსიანი სიტყვა მეთქვა, მაგრამ დროულად გამახსენდა, ბავშვი რომ ავად გამხდარიყო - ჩემზე იტყოდნენ, გათვალაო. და მტერს და ავს, რაც მე მელოდა.
- აბა, წყნარად, ცეროდენავ, - ვუთხარი მე, როცა ბავშვმა ადგომა მოინდომა და გაქცევა, - სად არის შენი ასპიდის დაფა? ანდა მასწავლებელმა რად დართო ნება ამ ეშმაკის ფეხს, ქუჩაში გამოსულიყო, იქ ხომ პოლიციის ჭაჭანებაც არაა, ვინღა დაგვიცავს ჩვენ, უსუსურებს. ახლა გადაჰყვები მაგ ფრანს და სადღაც ეზოში გადაიჩეხები, არა?
- არა, საჰიბ, არა, - თქვა ბავშვმა, გობინდის წვერებში ჩამალა სახე და მოუსვენრად აწრიალდა.
- სკოლაში არდადეგები იყო და ზეიმი მოაწყვეს. ყოველთვის ფრანებს როდი ვუშვებ. მე კერლიკეტსაც ვთამაშობ, ვისზე ნაკლები ვარ?
კრიკეტი ნაციონალური თამაშია. კრიკეტს თამაშობს ყველა, დაწყებული პანჯაბის ტრიალ მინდორზე გამართული სკოლის შიშველ-ტიტველი მოწაფეებიდან, კარად რომ ნავთის ბიდონი უდგიათ, დამთავრებული უნივერსიტეტის ბაკალავრებით, რომელთაც ჩემპიონობის სარტყელისათვის დაუდგამთ თვალი.
- ნუთუ შენ კრიკეტს თამაშობ, თავად ჩოგანის ნახევარიც ვერ იქნები სიმაღლით, ჩოგანი კი არადა, ღამურას ოდენაც ვერ იქნები.
ბავშვმა დასტურის ნიშნად დააქნია თავი, - დიახ, ვთამაშობ, მე ვიცი ყველაფერი, და მან დამახინჯებულად წამოსთქვა ის სიტყვები, კრიკეტის თამაშისას რომ გაიძახიან.
- ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ლოცვა არ უნდა დაივიწყო, - თქვა გობინდმა, რომელიც მაინცდამაინც დიდ პატივს არა სცემდა კრიკეტსა და დასავლეთიდან შემოსულ სიახლეებს.
- არც მავიწყდება, - წაიდუდუნა ბავშვმა.
- პატივი მიაგე აგრეთვე მასწავლებელს; ღვთის კაცსაც წვერში არ უნდა სწვდე, ონავარო შენა, - მოეფერა გობინდი.
ბავშვმა კვლავ ჩამალა სახე ფართო, გრძელ, თეთრ წვერში, ასლუკუნდა, გობინდმა კი დაუყვავა და დაჰპირდა ისეთ სანუკვარს რამეს, რითაც მსოფლიოს ყველა ბავშვს აჩუმებენ - ზღაპრის მოყოლა აღუთქვა. - სულაც არა მსურს დაგაშინო, შემხედე აბა თვალებში, რა მეტყობა სიბრაზის? არე, არე, არე! მეც ვიტირო? მაშინ ჩვენი ცრემლები დიდ ტბას დააყენებს და ორთავე დავიხრჩობით, მერე კი მამაშენს ვეღარაფერი უშველის, აღარც შენ ეყოლები და ვინღა აუჩეჩავს წვერს. იყუჩე, იყუჩე, მე მოგიყვები ღმერთების ამბავს. ზღაპარი ბევრი იცი?
- ძალიან ბევრი, მამაო!
- აი, ისეთ ამბავს მოგითხრობ, ჯერ რომ არ გქონდეს გაგონილი. დიდი ხნის წინათ, როცა ადამიანები და ღმერთები ერთად იარებოდნენ, ისევე, როგორც ახლა - ოღონდ ესაა, რწმენა დავკარგეთ და თვალზეც ბინდი გადაგვეკრა - ღმერთებს შორის უდიადესი შივა და მისი ცოლი პარბატი ტაძრის ბაღში სეირნობდნენ.
- რომელი ტაძრის? ნანდგაონის უბანში რომ დგას, იქა? - ჩაეძია ბავშვი.
- არა, უფრო შორს, ვგონებ, ტრიმბაკსა ანდა ჰუდრკარში, სადაც შენც მოგიწევს მომლოცველად წასვლა, როცა ასაკში შეხვალ. ჰოდა, იმ ბაღში უნაბის ხის ძირას იჯდა მათხოვარი, რომელიც ოთხი ათეული წელი თაყვანს სცემდა შივას. იგი ცხოვრობდა ღვთისნიერ ადამიანთა მოწყალებით და დღითა და ღამით მისცემოდა თავის ფიქრებს.
- ო, მოძღვარო, ის კაცი შენ ხომ არ იყავი? - თქვა ბავშვმა და თვალები გაუფართოვდა.
- არა, მე ვთქვი, რომ ეს მოხდა დიდი ხნის წინათ, თანაც მათხოვარი ცოლიანი იყო.
- იგი შესვეს ცხენზე, თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგეს და უთხრეს, მთელი ღამე თვალი არ მოხუჭოო, არა? მეც ასე მომექცნენ, როცა ცოლი შემრთეს, - თქვა ბიჭმა, რომელიც დააქორწინეს ამ რამდენიმე თვის წინ.
- შენ რას აკეთებდი? - შევეკითხე მე.
- ვტიროდი, სხვები მტუქსავდნენ; მერე ავიღე და სილა გავარტყი გოგონას; მერე ორთავენი ავტირდით.
- მათხოვარი ასე არ გარჯილა, - თქვა გობინდმა. - ის ხომ წმინდანი იყო, თანაც უპოვარი. იგი დედიშობილა იჯდა ტაძრის კიბეებზე, სადაც ხალხი ადი-ჩადიოდა. ასეთ ყოფაში იხილა იგი პარბატიმ და შივას შესჩივლა... რას იტყვის ხალხი იმ ღმერთებზე, რომლებიც ასე აგდებულად ექცევიან მორწმუნეთ. ეგ გაღმელი კაცი ორმოცი წელი გვცემდა თაყვანს და ახლა მის წინ მხოლოდ რამდენიმე ხორბლის მარცვალი და გატეხილი კაური ყრია. ეს ხომ ბევრ ადამიანს აუცრუებს გულს. შივამ მიუგო, მე მივხედავო მაგ საქმეს. და მან შეიძახა მისი ძის, სპილოსთავიანი განეშის სამყოფელო ტაძარში - შვილო! ტაძრის ბჭესთან ერთი მათხოვარია, არაფრის მქონე. შეგიძლია რითიმე დაეხმარო? ძილისაგან გამოერკვა ბნელში შეყუდრული სპილოსთავიანი განეში. ასე მიუგო: რაკი აგრე გსურს, სამ დღეში იგი გახდება ლაქჰი რუპიას მფლობელი. მერე კი შივა და პარბატი წავიდნენ. მაგრამ ნარგიზის ბუჩქებში იმალებოდა ერთი მევახშე.
ბავშვმა დახედა ხელში ჩამუჭულ ყვავილებს.
- დიახ, ყვითელ ნარგიზებს შორის და მას ჩაესმა ღმერთის ნაუბარი. ხარბი კაცი იყო, ბოროტი გულისა, და თვითონ უნდოდა ხელში მოეგდო ის ფული. მივიდა მათხოვართან და ჩაეძია: რამდენს გაძლევენ დღეში ღვთისმოსავნი? მათხოვარმა მიუგო: - ვერ გეტყვი, ზოგჯერ მცირეოდენ ბრინჯს, ხან ცოტა ბოსტნეულს, ხან კი რამდენიმე კაურის. ასეც ხდება, მანგოს ხის დამჟავებული ნაყოფიც მრგებია და ხმელი თევზიც.
- ეგა მქონდეს ახლა, - თქვა ბავშვმა და ტუჩები მოილოკა.
- მაშინ მევახშემ უთხრა: დიდი ხანია გაკვირდები, სანატრელია შენი მოთმენის უნარი. გულით შეგიყვარე. მოდი, მე მოგცემ ხუთ რუპიას ყველაფერ იმის საზღაურად, რასაც შენ შემდგომ სამ დღეში შეაგროვებ. ოღონდ ხელი უნდა მოაწერო ერთ პირობაზე. მათხოვარმა იფიქრა: ეგ რა უგუნურებაა. მე ხუთ რუპიას ხომ ორ თვეშიაც კი ვერ შევაგროვებო და საღამოს ყველაფერი უამბო თავის ცოლს. - მევახშისაგან სად გაგონილა ასეთი გარიგება? მგელი ფარაში ყოველთვის მსუქან ცხვარს ირჩევს. ჩვენი ბედი ღმერთების ხელშია. სამი დღითაც კი არაფერს დაჰპირდე, - ჩააგონა ცოლმა. დაბრუნდა მათხოვარი და უარი განუცხადა მევახშეს. ეს ავგული კაცი კი აღარ მოეშვა, სულ უფრო და უფრო მეტ თანხას სთავაზობდა, ჯერ ორმოცდაათ, მერე ას რუპიას - იმ სამი დღის მონაგარის საზღაურად. და რადგან არ უწყოდა, თუ როდის გაიღებდნენ ღმერთები წყალობას, ათასობით რუპიაც კი არ დაიშურა. ბოლოს ნახევარ ლაქჰის ოდენ რუპიამდე ავიდა. მაშინ მათხოვარმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ხელი მოაწერა თამასუქს. ფული ვერცხლით გადაუხადეს. დიდმა თეთრმა ხარებმა ურმით მოზიდეს ეს ფული. ოღონდ ეს იყო, ამ ფულის გარდა მათხოვარმა ღმერთებისაგან ვერაფერი მიიღო და მევახშესაც გული გადაელია ლოდინისაგან. ამიტომაც მესამე დღეს, შუადღის ჟამს მევახშე შეიპარა ტაძარში, რათა მალულად ყური დაეგდო ღმერთების თათბირისათვის, შეეტყო, თუ რა გზით უნდა მიეღო მათხოვარს ნობათი. როცა ის ლოცულობდა, ქვები დაშორიშორდა, გაჩნდა ნაპრალი, მერე პირი შეკრა და მევახშის ქუსლი მოიყოლა შიგ. ამ დროს მოესმა სვეტებშუა მომავალი ღმერთების ფეხის ხმა. მოესმა, როგორ მოუხმო შივამ თავის ძეს, განეშს: შვილო, რა იქნა ის ლაქჰი რუპია, მათხოვარს რომ შეჰპირდი? როგორც ჩანდა, განეშმა გაიღვიძა, რადგან მევახშემ გაიგო მისი ხორთუმის ყრუ შრიალი. - მამავ, ნახევარი იმ ფულისა გადახდილია, მეორე ნახევრის მოვალე კი აქა მყავს ქუსლით დაჭერილი, - ასე მიუგო განეშმა შივას.
ბავშვი სიცილისაგან ჩაბჟირდა.
- და მევახშემ გადაუხადა მათხოვარს? - იკითხა მან.
- რა თქმა უნდა, ვინც ღმერთებს ქუსლით ჰყავთ დაჭერილი, მათ ყველაფერი ბოლომდე უნდა ზღონ. იმ საღამოსვე მიადგა მათხოვარს ვერცხლით დატვირთული დიდი ურემი, ასე შეასრულა განეშმა თავისი სიტყვა.
- ნატუ, ო, ნატუ!
საღამოს ბინდბუნდში ეზოს ჭიშკართან მომდგარი ქალი ეძახდა ბავშვს.
ბავშვი მოუსვენრად აწრიალდა.
- ეს დედაჩემია, - თქვა მან.
- წადი, პატარავ, - უთხრა გობინდმა. - მოიცა ერთ წამს.
მან ჩამოახია დიდი კალთა თავის დაკემსილ, ტანზე მოსხმულ საბანს, ბავშვს მოახურა და ისიც გარეთ გატანტალდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ